დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ ას-1051-1282-05 16 თებერვალი, 2006 წ.‚ ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),რ. ნადირიანი (მომხსენებელი),თ. თოდრია
დავის საგანი: საცხოვრებელი ფართიდან გამოსახლება (ძირითად სარჩელში); ფართის საკუთრებაში გადაცემა (შეგებებულ სარჩელში).
აღწერილობითი ნაწილი:
2004წ. 19 აგვისტოს ნ. ბ-ძემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე ნ. ქ-იას მიმართ საცხოვრებელი ფართიდან გამოსახლების თაობაზე. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 1987 წლიდან არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა სოფ. ... მცხოვრებ თ. კ-ძესთან, რომელმაც საცხოვრებლად მიიყვანა თავის საცხოვრებელ სახლში. შესაბამისად გახდა მისი ოჯახისა და კომლის წევრი, მასთან ერთად ეწეოდა საერთო მეურნეობას. 2004წ. მარტში თ. კ-ძე გარდაიცვალა. მოსარჩელემ მიუთითა, რომ მეუღლის გარდაცვალების შემდეგ კომლის საერთო ქონება, კერძოდ, 0,50ჰა მიწის ნაკვეთი, საცხოვრებელი სახლი, რომელის შედგება 69კვ.მ საცხოვრებელი და 10კვ.მ დამხმარე ფართისაგან, წარმოადგენს მის საკუთრებას, რადგან იგი არის კომლის უკანასკნელი წევრი.
ნ.ბ-ძის განმარტებით, 2004წ. 25 ივნისს მოპასუხე, რომელიც არის მისი გარდაცვლილი მაზლის _ უ.კ-ძის მეუღლე, თვითნებურად შეიჭრა მის ეზოში არსებულ დამხმარე ფართში, რომელსაც საცხოვრებელ ბინად იყენებდა მისი მეუღლე და ნებაყოფლობით არ ათავისუფლებს დაკავებულ ფართს. ვინაიდან მოპასუხეს მისი გარდაცვლილი მეუღლის კომლში არასდროს არ უცხოვრია, კომლის მეურნეობის შექმნაში მონაწილეობა არ მიუღია და ცხოვრობდა ქ.ზუგდიდში, სკ-ის 170-ე და 172-ე მუხლების შესაბამისად, მოსარჩელემ მოითხოვა ნ.ქ-იას სადავო ფართიდან გამოსახლება.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და შეგებებული სარჩელით მიმართა სასამართლოს, მოითხოვა საცხოვრებელ სახლზე მესაკუთრედ ცნობა და ნ.ბ-ძის კომლის წევრად ჩაწერის თაობაზე სოფ. ... საკრებულოს 2003წ. 30 იანვრის გადაწყვეტილების გაუქმება. ნ.ქ-იამ აღნიშნა, რომ სადავო საცხოვრებელ სახლში ცხოვრობდა მეუღლესა და დედამთილთან, მეუღლესთან ერთად თავისი ხარჯებით სახლს ჩაუტარა კაპიტალური რემონტი, შეიძინა სხვადასხვა საოჯახო ნივთები.
შეგებებული სარჩელის ავტორის განმარტებით, მეუღლის გარდაცვალების შემდეგ შვილი სასწავლებლად წაიყვანა მშობლებთან ქ.ზუგდიდში, მაგარამ ხშირად ჩამოდიოდა და უვლიდა თავის კუთვნილ სახლს.
სასამართლოს მთავარ სხდომაზე ნ.ქ-იამ შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა და მოითხოვა საცხოვრებელ სახლზე მესაკუთრედ ცნობა.
ნ.ბ-ძემ შეგებებულ სარჩელს მხარი არ დაუჭირა და მოითხოვა მასზე უარის თქმა.
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2005წ. 12 იანვრის გადაწყვეტილებით ნ.ბ-ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ხოლო ნ.ქ-იას შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: ნ. ქ-ია ცნობილ იქნა ზესტაფონის რაიონის სოფელ კვალითში მდებარე 1989წ. 15 ივნისს ზესტაფონის ტექინვენტარიზაციის ბიუროს მიერ გაცემულ ტექნიკურ პასპორტში მითითებულ ¹5 საცხოვრებელი სახლის მფლობელად სარგებლობის უფლებით.
აღნიშნული გადაწყვეტილება საააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ.ბ-ძემ და მოითხოვა მისი გაუქმება.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 25 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა აპელანტის გამოუცხადებლობის გამო.
აღნიშნული დაუსწრებელი გადაწყვეტილება გაასაჩივრა ნ.ბ-ძის წარმომადგენელმა რ.ლ-ძემ და მოითხოვა მისი გაუქმება, რაც ამავე სასამართლოს 6 ივნისის განჩინებით დაკმაყოფილდა და საქმის წარმოება განახლდა.
სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდა ნ.ბ-ძის წარმომადგენელი რ.ლ-ძე, ხოლო ნ.ბ-ძემ იშუამდგომლა საქმის განხილვის გადადების თაობაზე, რასაც მხარი არ დაუჭირა ნ.ქ-იას წარმომადგენელმა. აპელანტმა ისე დატოვა დარბაზი, რომ არ დაელოდა სასამართლოს გადაწყვეტილებას, თუმცა იგი გაფრთხილებულ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 21 ივნისის მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ნ.ბ-ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ.ბ-ძემ და მოთხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:
კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, სსკ-ის 387-ე მუხლი, რადგან, იგი გამოცხადდა სასამართლო სხდომაზე და იშუმდგომლა საქმის გადადების თაობაზე. ნ.ბ-ძე თვლის, რომ სასამართლოს უნდა დაეკმაყოფილებინა მისი მოთხოვნა, რადგან სსკ-ის 93-ე და 94-ე მუხლების შესაბამისად, კასატორს შეეძლო, ეწარმოებინა თავისი საქმე წარმომადგენლის ან ადვოკატის მეშვეობით. კასატორს მიაჩნია, რომ ადვოკატის გარეშე იგი ვერ დაიცავდა თავის უფლებებს.
საკასაციო საჩივრის ავტორი თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს არ უნდა გამოეყენებინა სსკ-ის 232-ე მუხლი, რადგან მას საქმის განხილვაში მონაწილეობის მიღებაზე უარი არ განუცხდებია, მან მოითხოვა საქმის განხილვის გადადება.
კასატორს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანით, დაარღვია მხარეთა თანასწორობის პრინციპი და ნ.ბ-ძის კონსტიტუციური უფლებები.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო საჩივრის ავტორმა მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის არსებითი განხილვისათვის.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ ნ. ბ-ძის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლომ საქმის მასალებზე დაყრდნობით დადასტურებულად მიიჩნია, რომ კასატორი _ ნ. ბ-ძე და მისი წარმომადგენელი – რ. ლ-ძე სააპელაციო სასამართლოს 2005წ. 21 ივნისის სასამართლო სხდომის თაობაზე გაფრთხილებული იყვნენ კანონით დადგენილი წესით; სსკ-ის 241-ე მუხლის მიხედვით დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები ან, თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო, თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის პრეტენზიას, რომ სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, სსკ-ის 387-ე მუხლი, რადგან იგი გამოცხადდა სასამართლო სხდომაზე და იშუამდგომლა საქმის გადადების თაობაზე, ვინაიდან მისი ადვოკატი ავად იყო და იგი მის გარეშე ვერ დაიცავდა თავის უფლებებს. მაგრამ მხარის მიერ რაიმე მტკიცებულება წარმომადგენლის გამოუცხადებლობის მიზეზების შესახებ სასამართლოსათვის არ წარუდგენია არც მას და არც მის წარმომადგენელს. სსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს ის გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოცემულ შემთხვევაში კასატორს სააპელაციო სასამართლოში საჩივრის განხილვისას არ წარუდგენია რაიმე დამადასტურებელი მტკიცებულება, რითაც იგი დაადასტურებდა მის მიერ მითითებულ გარემოებას.
საკასაციო საჩივრის ავტორი ასევე თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს არ უნდა გამოეყენებინა სსკ-ის 232-ე მუხლი, რადგან მას საქმის განხილვაში მონაწილეობის მიღებაზე უარი არ განუცხადებია, მან მოითხოვა საქმის განხილვის გადადება. ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 21 ივნისის სასამართლოს სხდომის ოქმიდან დასტურდება საწინააღმდეგო, კერძოდ, ნ. ბ-ძემ მართლაც მოითხოვა საქმის განხილვის გადადება სხვა დროისათვის, მაგრამ მიუხედავად მოსამართლის გაფრთხილებისა, რომ საქმის განხილვაში მონაწილეობის მიუღებლობა ან სხდომის მიტოვება სასამართლოს ნებართვის გარეშე იგივეა, რაც მხარის გამოუცხადებლობა და გამოტანილი იქნება მის წინააღმდეგ დაუსწრებელი გადაწყვეტილება, მის მიერ უგულებელყოფილ იქნა და პროტესტის ნიშნად მაინც დატოვა სხდომის დარბაზი. კასატორს კი, სსკ-ის 291-ე მუხლის თანახმად, სხდომის ოქმის მიმართ შენიშვნა არ ჰქონია.
სსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. განსახილველ შემთხვევაში კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიმართ ასეთი პრეტენზია არ წამოუყენებია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო პალატამ სწორად მიიჩნია სსკ-ის 232-ე მუხლის თანახმად, სხდომის მიტოვება მხარის გამოუცხადებლობად და, შესაბამისად, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის სამართლებრივ საფუძვლად.
სსკ-ის 410-ე მუხლის „ბ“ პუნქტის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.
განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისას კანონი არ დაურღვევია, რის გამოც არ არსებობს მისი გაუქმებისა და საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-ე მუხლით, 408-ე მუხლის მესამე ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ნ. ბ-ძის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 21 ივნისის მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება დატოვებულ იქნეს უცვლ-დ;
ნ. ბ-ძეს დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის მთაწმინდა-კრწანისის არასაგადასახადო შემოსულობების ¹200122900 (საქართველოს ეროვნული ბანკის კოდი _ 220101107, საბიუჯეტო შემოსავლების სახაზინო კოდი _ 300033114, დანიშნულება _ სახელმწიფო ბაჟი საქართველოს უზენაეს სასამართლოში განსახილველ საქმეებზე) ანგარიშზე 30 ლარის ჩარიცხვა;
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება