დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
Nბს-290(კ-22) 5 მაისი, 2023 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა რ. ზ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 31 იანვრის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2018 წლის 2 მარტს რ. ზ-იმა სამოქალაქო სარჩელით მიმართა თელავის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხე თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა თვითმმართველი თემის თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2017 წლის 3 ნოემბრის N140 ბრძანებისა და თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2018 წლის 25 იანვრის N17 ბრძანების ბათილად ცნობა; თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოსათვის რ. ზ-ის აღდგენის დავალება, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის ...ის თანამდებობაზე; თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოსათვის, რ. ზ-ის სასარგებლოდ, იძულებითი განაცდურის ანაზღაურების დაკისრება, 2017 წლის ნოემბრიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე, მისი ყოველთვიური ხელფასის - 760 (შვიდას სამოცი) ლარის გათვალისწინებით.
თელავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 23 აგვისტოს გადაწყვეტილებით რ. ზ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი თვითმმართველი თემის თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2017 წლის 3 ნოემბრის N140 ბრძანება; ბათილად იქნა ცნობილი თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2018 წლის 25 იანვრის N17 ბრძანება; რ. ზ-ი აღდგენილ იქნა თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის ...ად; თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რ. ზ-ის სასარგებლოდ დაეკისრა იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, 2017 წლის ნოემბრიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე (ხელფასის შესაბამისი - 760 ლარი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გადასახადების ჩათვლით - დარიცხული) ოდენობით.
თელავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 23 აგვისტოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხე თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 26 მარტის განჩინებით, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სააპელაციო საჩივარი, თელავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 23 აგვისტოს გადაწყვეტილებაზე, საქმის მასალებთან ერთად, განსჯადობით განსახილველად გადაეცა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 27 ივნისის განჩინებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სააპელაციო საჩივარი; გაუქმდა თელავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 23 აგვისტოს გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა თელავის რაიონულ სასამართლოს. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ პირველი ინსტანციით საქმე განხილული იყო სამოქალაქო წესით, ხოლო მეორე ინსტანციით განსჯად სასამართლოდ დადგინდა ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა. ამდენად, თელავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 23 აგვისტოს გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის ადმინისტრაციული წესით ხელახლა განსახილველად თელავის რაიონული სასამართლოსათვის დაბრუნების მიზანს წამოადგენდა მოდავე მხარეთა მიერ საკუთარი უფლებებისა და ინტერესების მაქსიმალურად დაცვა, მართლმსაჯულების ეფექტურად განხორციელება და სასამართლოთა კომპეტენციის თანმიმდევრულობის უზრუნველსაყოფა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 27 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა რ. ზ-იმა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 30 ნოემბრის განჩინებით დაუშვებლად იქნა მიჩნეული რ. ზ-ის საკასაციო საჩივარი; უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 27 ივნისის განჩინება. საკასაციო სასამართლომ მიუთითა, რომ განსჯადობის საკითხის გადაწყვეტისას, ადმინისტრაციული საქმეების განსჯადობის მთავარ ფაქტორს, გარდა იმ ფაქტისა, რომ ერთ-ერთი მხარე უნდა იყოს ადმინისტრაციული ორგანო, ასევე წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს ქმედების საჯარო-სამართლებრივი მიზანი. განსჯადობის საკითხის გადაწყვეტისას უპირატესობა ენიჭება სადავო სამართალურთიერთობის ბუნებას და არა მხოლოდ სუბიექტურ შემადგენლობას. დავის საჯარო-სამართლებრივი ხასიათის დასადგენად, საკმარისი არ არის ის, რომ დავის ერთ-ერთი მხარე საჯარო სამართლის სუბიექტია, ვინაიდან შესაძლებელია საჯარო სამართლის სუბიექტი მხარედ გამოვიდეს კერძო-სამართლებრივ ურთიერთობებშიც. საკასაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ განსახილველ შემთხვევაში, ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან გამომდინარე, დასაქმებულის სამსახურებრივ უფლებამოსილებას განეკუთვნებოდა საჯარო-სამართლებრივი ფუნქციების განხორციელება. ამდენად, სახეზეა დავის ადმინისტრაციულსამართლებრივად მიჩნევის წინაპირობები, რამდენადაც სადავო სამართალურთიერთობა გამომდინარეობს ადმინისტრაციული (საჯარო) სამართლის კანონმდებლობიდან, ხოლო დასაქმებულის - რ. ზ-ის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებას ჰქონდა საჯარო-სამართლებრივი მიზანი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 27 ივნისის განჩინების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, თელავის რაიონულმა სასამართლომ ადმინისტრაციული წესით განიხილა რ. ზ-ის სარჩელი, მოპასუხე თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიმართ (დავის საგანი: თვითმმართველი თემის თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2017 წლის 3 ნოემბრის N140 ბრძანების ბათილად ცნობა; თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2018 წლის 25 იანვრის N17 ბრძანების ბათილად ცნობა; მოპასუხისათვის რ. ზ-ის აღდგენის დავალება, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის ...ის თანამდებობაზე; თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოსათვის, რ. ზ-ის სასარგებლოდ, იძულებითი განაცდურის ანაზღაურების დაკისრება, 2017 წლის ნოემბრიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე, მისი ყოველთვიური ხელფასის - 760 (შვიდას სამოცი) ლარის გათვალისწინებით).
თელავის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა რ. ზ-ის სარჩელი. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 31 იანვრის განჩინებით რ. ზ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თელავის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ საჯარო სამსახურის მიზანია უზრუნველყოს კარიერულ წინსვლაზე, დამსახურებაზე, კეთილსინდისიერებაზე, პოლიტიკურ ნეიტრალიტეტზე, მიუკერძოებლობასა და ანგარიშვალდებულებაზე დაფუძნებული, სტაბილური, საქართველოს ერთიანი საჯარო სამსახურის ჩამოყალიბებისა და ფუნქციონირების სამართლებრივი საფუძვლების შექმნა. საჯარო მოსამსახურე წარმოადგენს საჯარო მმართველობაში დასაქმებულ პირს, რაც გულისხმობს, რომ იგი არის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტი, აღჭურვილი და გარანტირებული მოცემული სამართლის ინსტიტუტებით, უფლებამოსილებებითა და სტანდარტებით ისევე, როგორც, დატვირთული ამ სამართლით დადგენილი საჯარო ვალდებულებების აღსრულებით.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს კონსტიტუციითა და სხვა საერთაშორისო სამართლებრივი აქტებით გარანტირებული შრომის უფლება მოიაზრებს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა ვალდებულებას, სათანადო, კანონიერი საფუძვლების გარეშე, არ დაუშვან დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა, რაც საჯარო სამსახურში პირის შრომის უფლებას არამართლზომიერად შეზღუდავს. ამასთან, შრომის გარანტირებული უფლება არ არის აბსოლუტური და აღნიშნული უფლებით დაცული სფერო შესაძლებელია დაექვემდებაროს შეზღუდვას კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ლეგიტიმური მიზნითა და თანაზომიერების პრინციპის დაცვით. შრომის უფლების დაცვა არ გულისხმობს დამსაქმებლის აბსოლუტურ შეზღუდვას, კანონით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობის შემთხვევაშიც ვერ შეწყვიტოს შრომითი ურთიერთობა დასაქმებულთან. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ უნდა იმსჯელოს, განხორციელდა თუ არა რ. ზ-ითან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით.
სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ სადავო ურთიერთობის წარმოშობის დროისთვის მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ზ“ პუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულად ითვლებოდა პირი, რომელიც სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირს ხელს უწყობდა მისი უფლებამოსილებების განხორციელებაში, დარგობრივი/სექტორული რჩევების მიცემით, ინტელექტუალურ-ტექნიკური დახმარების გაწევით ან/და ორგანიზაციულ მენეჯერული ფუნქციების შესრულებით და რომელსაც არ უკავია ამ კანონით მოხელისა და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირისათვის გათვალისწინებული თანამდებობები. ამავე კანონის 78-ე მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციული ხელშეკრულებით საჯარო სამსახურში მიიღებიან: ა) სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის თანაშემწე; ბ) სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის მრჩეველი; გ) სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის უშუალო აპარატის/სამდივნოს/ბიუროს თანამშრომელი. აღნიშნულ მუხლში განხორციელებულმა საკანონმდებლო ცვლილებებმა მეტად გააფართოვა ადმინისტრაციული ხელშეკრულების საფუძველზე დასაქმებულ პირთა წრე და დამატებით შექმნა ადმინისტრაციული ხელშეკრულებით მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელსა და მუნიციპალიტეტში (გარდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისა) შემავალ ადმინისტრაციულ ერთეულში დასაქმებული სხვა პირის საჯარო სამსახურში მიღების შესაძლებლობა.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 28-ე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე აირჩევა მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრთაგან. მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის წევრებს შესაბამისი კომისიის თავმჯდომარის წარდგინებით, მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციათა წარმომადგენლობისა და იმ მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრთა რაოდენობის პროპორციულად, რომლებიც გაერთიანებული არ არიან არცერთ ფრაქციაში, ამტკიცებს მუნიციპალიტეტის საკრებულო. მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის წევრი შეიძლება იყოს მხოლოდ მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი. მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიაში სამუშაოდ, დროებით ან კომისიის უფლებამოსილების ვადით შეიძლება სხვა პირთა მოწვევაც. ამასთან, სადავო პერიოდში მოქმედი „თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის“ 32-ე მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად, კონკრეტული საკითხების დასამუშავებლად, საკრებულოს ბიუროს მიერ განსაზღვრული კვოტების ფარგლებში, კომისიის თავმჯდომარის წინადადებით, საკრებულოს თავმჯდომარე არა უმეტეს 6 თვის ვადით, შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე კომისიაში სამუშაოდ იწვევს ექსპერტ-კონსულტანტებს.
სააპელაციო პალატამ საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნია, რომ რ. ზ-ისა და თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შორის გარკვეული პერიოდულობით ფორმდებოდა შრომითი ხელშეკრულებები, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის შესაბამისი ბრძანებების საფუძველზე. ქრონოლოგიურად ყველაზე ბოლოს, მხარეთა შორის თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2017 წლის 29 სექტემბრის N113 ბრძანების საფუძველზე დადებული ხელშეკრულებით რ. ზ-ი თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიაში მიწვეულ იქნა ...ად, 2017 წლის პირველი ოქტომბრიდან 2017 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება, იმასთან დაკავშირებით, რომ სადავო ურთიერთობა ექცევა არა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, არამედ შრომის კოდექსის რეგულირების სფეროში. სააპელაციო პალატის განმარტებით, აღნიშნული საფუძვლით აპელანტმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 27 ივნისის განჩინებაზე წარადგინა საკასაციო საჩივარი, რომელიც საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 30 ნოემბრის განჩინებით მიჩნეულ იქნა დაუშვებლად.
სააპელაციო პალატამ დამატებით განმარტა, რომ რ. ზ-ის ...ად მიწვევის თაობაზე თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების გამოცემა „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, შრომის კოდექსისა და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, ამასთან, საჯარო სამსახურსა და ფიზიკურ პირს შორის დადებულ ხელშეკრულებაზე „შრომითი ხელშეკრულების“ მითითება, ვერ მოაქცევს სადავო ურთიერთობას შრომის კოდექსის რეგულირების სფეროში. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, რ. ზ-ისათვის დაკისრებული ფუნქცია-მოვალეობებისა და დაკავებული თანამდებობის გათვალისწინებით, იგი უდავოდ წარმოადგენდა ადმინისტრაციული ხელშეკრულების საფუძველზე დასაქმებულ საჯარო მოსამსახურეს, რომელზეც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად, ვრცელდებოდა ამ კანონის მოქმედება, ამავე კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 82-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ხელშეკრულება წყდება: ა) ამ კანონის 107-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“-„ე“ და „თ“-„კ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობისას; ბ) ადმინისტრაციული ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლისას; გ) ხელშეკრულების მხარეთა წერილობითი შეთანხმებით; დ) შესაბამისი სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის უფლებამოსილების შეწყვეტისას. მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, ხელშეკრულების შეწყვეტის ერთ-ერთი საფუძველი იყო მისი მოქმედების ვადის გასვლა. ამდენად, მხარეთა შორის გაფორმებული არ ყოფილა უვადო ხელშეკრულება, ვინაიდან მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით, მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიაში სამუშაოდ კანონმდებლობა ითვალისწინებს მხოლოდ დროებით ან კომისიის უფლებამოსილების ვადით სხვა პირთა მიწვევის შესაძლებლობას. კერძოდ, საკრებულოს თავმჯდომარე, არა უმეტეს 6 თვის ვადით, შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, კომისიაში სამუშაოდ იწვევს ექსპერტ-კონსულტანტებს. ამასთან, უდავოა, რომ 2017 წლის 29 სექტემბრის ხელშეკრულების მოქმედების ვადა ცალსახად შემოსაზღვრული იყო დროის გარკვეული პერიოდით, თავად მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე (ხელშეკრულება ძალაში იყო 2017 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით). ამდენად, მხარეთა შორის არსებული შრომითი ურთიერთობა იყო დროებითი და საკრებულოს უფლებამოსილების ვადაში ხელშეკრულების რამდენჯერმე დადება მხარეთათვის ვერ წარმოშობდა ამგვარი ურთიერთობის უვადოდ გაგრძელების ვალდებულებას.
სააპელაციო პალატამ უსაფუძვლოდ მიიჩნია აპელანტის მითითება, იმასთან დაკავშირებით, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 125-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე, რ. ზ-ი მიჩნეული უნდა ყოფილიყო უვადო შრომით ურთიერთობაში მყოფ პროფესიულ საჯარო მოხელედ. შესაბამისად, გამოირიცხებოდა მასთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა, ვადის გასვლის საფუძვლით. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, პროფესიული საჯარო მოხელე არის პირი, რომელიც უვადოდ ინიშნება მოხელისათვის განკუთვნილ საჯარო სამსახურის საშტატო თანამდებობაზე, სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკის, მუნიციპალიტეტის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ, რომელიც ახორციელებს საჯაროსამართლებრივ უფლებამოსილებებს, როგორც თავის ძირითად პროფესიულ საქმიანობას, რაც უზრუნველყოფს მის მიერ საჯარო ინტერესების დაცვას, და რომელიც ამის სანაცვლოდ იღებს შესაბამის ანაზღაურებას და სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიებს. ამავე კანონის 125-ე მუხლით განისაზღვრა ამ კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით განსახორციელებელი ღონისძიებები. კერძოდ, ამ მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, 2017 წლის პირველ ივლისამდე ამ კანონის მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულმა საჯარო დაწესებულებებმა უნდა უზრუნველყონ აღნიშნულ საჯარო დაწესებულებებში არსებული თანამდებობების ამ კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად იერარქიულ რანგებში განაწილება, აგრეთვე საჯარო დაწესებულებებში დასაქმებულ პირთა პროფესიულ საჯარო მოხელეებად გარდაქმნა ან შესაბამისი ფუნქციებისა და უფლება-მოვალეობების მქონე პირებთან შრომითი ხელშეკრულების ან ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება. საქმის მასალებით დადგენილია, რომ აღნიშნული მუხლის საფუძველზე, საჯარო დაწესებულებებში დასაქმებულ პირთა პროფესიულ საჯარო მოხელეებად გარდაქმნას მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან ადგილი არ ჰქონია. უფრო მეტიც, ხსენებული საკანონმდებლო რეგულაციის არსებობის პირობებში წარმოიშვა მხარეთა შორის სახელშეკრულებო ურთიერთობა, რის თაობაზეც მოსარჩელეს რაიმე სახის სამართლებრივი პრეტენზია კანონით დადგენილი წესით არ განუცხადებია. თავის მხრივ, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს საშტატო/ორგანიზაციული მოწყობა არ წარმოადგენს განსახილველი დავის ფარგლებში შეფასების საგანს. ამდენად, მოსარჩელესა და თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შორის შრომითი ურთიერთობა არსებობდა ადმინისტრაციული ხელშეკრულების საფუძველზე, რომელიც შეწყდა ხელშეკრულების ვადის გასვლის გამო, კანონით დადგენილი წესით.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სადავო თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2017 წლის 3 ნოემბრის N140 ბრძანებაზე და 2018 წლის 25 იანვრის N17 ბრძანებაზე, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2017 წლის 3 ნოემბრის N140 ბრძანება. სააპელაციო პალატის განმარტებით, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2017 წლის 3 ნოემბრის N140 ბრძანებით არ შეწყვეტილა მოსარჩელესთან შრომითსამართლებრივი ურთიერთობა, რის გამო, არ დგინდება აღნიშნული აქტით მისთვის ზიანის მიყენების ფაქტი. პირიქით, სადავო ბრძანება ითვალისწინებდა რ. ზ-ისთვის კომპენსაციისა და გამოუყენებელი ანაზღაურებადი შვებულების ანაზღაურებას. ამასთან, 2017 წლის 3 ნოემბრის N140 ბრძანება ისედაც ბათილად იყო ცნობილი თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2018 წლის 25 იანვრის N17 ბრძანებით. რაც შეეხება თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2018 წლის 25 იანვრის N17 ბრძანების კანონშესაბამისობას - აღნიშნული აქტი გამოცემულია საქმის გარემოებების სრულად გამოკვლევით, მოსარჩელის მონაწილეობით ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების საფუძველზე, რის შედეგადაც, დადგინდა, რომ მოსარჩელისთვის კომპენსაციისა და გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურების შესახებ ბრძანება კანონსაწინააღმდეგო იყო. კომპენსაციისა და გამოუყენებელი შვებულების დღეების ანაზღაურებას კანონმდებლობა ითვალისწინებს იმ შემთხვევაში, თუ ადგილი აქვს შრომითი ურთიერთობის ვადამდე შეწყვეტას. მოცემულ შემთხვევაში, ასეთ ვითარებას ადგილი არ ჰქონია. რ. ზ-ითან შრომითი ურთიერთობა შეწყდა ხელშეკრულების ვადის გასვლის გამო. შესაბამისად, არ არსებობდა მისთვის კომპენსაციისა და გამოუყენებელი შვებულების დღეების ანაზღაურების საფუძველი.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობს გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის თაობაზე წარდგენილი სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილების საფუძველი. ამასთანავე, მხარეთა შორის შრომითსამართლებრივი ურთიერთობის შეწყვეტის კანონშესაბამისად მიიჩნევის პირობებში, ასევე არ არსებობს რ. ზ-ის თანამდებობაზე აღდგენისა და მისთვის იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურების საფუძველი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 31 იანვრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა რ. ზ-იმა.
კასატორის მოსაზრებით, განსახილველი საქმე გადაწყვიტა არაგანსჯადმა სასამართლომ. სააპელაციო პალატამ შეფასება მისცა მხოლოდ 2017 წლის 29 სექტემბერს გაფორმებულ ერთთვიან ხელშეკრულებას და მხედველობის მიღმა დატოვა შრომითი ხელშეკრულებების საფუძველზე, ადმინისტრაციულ ორგანოსთან რ. ზ-ის ათწლიანი შრომითი ურთიერთობა. ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირის დეფინიციაში არ თავსდება რ. ზ-ის პოზიცია თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოში.
კასატორი თვლის, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 30 ნოემბრის Nბს-1068(კ-19) განჩინება, რომელსაც სრულად დაეყრდნო სააპელაციო პალატა გასაჩივრებული განჩინებით, ეწინააღმდეგება საკასაციო სასამართლოს დიდი პალატის მიერ მიღებულ განჩინებებს, მანამდე არსებულ პრაქტიკას, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონს და შრომის კოდექსს. ამასთანავე, საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ დასაქმებულს დაკისრებული ჰქონდა საჯარო-სამართლებრივი ფუნქციების განხორციელება. გასაჩივრებულ განჩინებაში განვითარებული მსჯელობა ეწინააღმდეგება როგორც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ზ“, „თ“, „ი“ ქვეპუნქტებს, ისე საქმეში არსებულ შრომით ხელშეკრულებებს და საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებებს, საიდანაც დგინდება, რომ შრომითი ხელშეკრულების დადების ერთ-ერთი კანონისმიერი საფუძველი იყო შრომის კოდექსის მე-6 მუხლი.
კასატორი მიუთითებს, რომ სადავო პერიოდში მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ზ“, „თ“ პუნქტების თანახმად, ადმინისტრაციული ხელშეკრულება შეიძლება გაფორმდეს მხოლოდ იმ პირთან, რომელიც სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირს ხელს უწყობს მისი უფლებამოსილებების განხორციელებაში. სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის დეფინიციაში კანონი არ მოიაზრებს საკრებულოს თავმჯდომარეს. შესაბამისად, კანონი გამორიცხავდა რ. ზ-ითან ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებას. ამასთანავე, შრომითი ხელშეკრულების შინაარსი ფაქტობრივად მოიცავს შრომის კოდექსის დებულებებს. მაგალითად, შრომითი ხელშეკრულებების თანახმად, დასაქმებულს შეუძლია ისარგებლოს ანაზღაურებადი შვებულებით, 24 სამუშაო დღის ოდენობით და ანაზღაურების გარეშე შვებულებით, არანაკლებ 15 სამუშაო დღისა (შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის დროს მოქმედი შრომის კოდექსის 21-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილები). ხელშეკრულება ასევე შეიცავს შრომის კოდექსის დებულებებს, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძვლებისა და მხარეთა შორის შრომითი დავების გადაწყვეტის შესახებ. ამდენად, შეუძლებელია ითქვას, რომ სახეზეა ადმინისტრაციული ხელშეკრულება ან/და დასაქმებულის სამსახურებრივ უფლებამოსილებებს განეკუთვნებოდა საჯარო-სამართლებრივი ფუნქციების განხორციელება. რ. ზ-ი ეწეოდა საექსპერტო მომსახურებას საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიისათვის. იგი არ გამოსცემდა აქტებს, არ ეწეოდა მმართველობით საქმიანობას. თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გამოსცემდა ბრძანებას, რ. ზ-ისათვის შრომითი ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე და აღნიშნული ბრძანების გამოცემის შემდეგ, მხარეთა შორის ფორმდებოდა შრომითი ხელშეკრულება. ანალოგიური პროცედურა, სამი მოწვევის საკრებულოს შემთხვევაში გრძელდებოდა 10 წლის განმავლობაში. კასატორი საგულისხმოდ მიიჩნევს, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს საქმის განხილვის არც ერთ ეტაპზე არ მიუთითებია, მხარეთა შორის ადმინისტრაციული ხელშეკრულების არსებობის თაობაზე. მისი პოზიცია, დავის ადმინისტრაციულ კატეგორიად მიჩნევის თაობაზე, ეყრდნობოდა მხოლოდ ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 28-ე მუხლის მეორე ნაწილს.
კასატორი აღნიშნავს, რომ შრომის კოდექსის მე-6 მუხლი ადგენს შემთხვევებს, როდესაც გამართლებულია ვადიანი ხელშეკრულების გაფორმება. დამსაქმებელს შეუძლია ობიექტური გარემოებების არსებობისას გააფორმოს ვადიანი შრომითი ხელშეკრულება ან მიუთითოს კონკრეტული მოცულობის შესასრულებელ სამუშაოზე. მოცემულ შემთხვევაში, შრომით ხელშეკრულებებში კონკრეტული მოცულობის შესასრულებელ სამუშაოზე მითითებას ადგილი არ ჰქონია. ამასთანავე, რ. ზ-ისა და საკრებულოს შორის არსებულ შრომით ურთიერთობას არ შეიძლება ეწოდოს „დროებითი“, რამდენადაც საუბარია ათწლიან შრომით ურთიერთობაზე. შრომითი ხელშეკრულების მოქმედების ვადა დაკავშირებული არ ყოფილა საკრებულოს უფლებამოსილებაზე. რ. ზ-ითან შრომითი ურთიერთობა მანამდე შეწყდა, ვიდრე იმავე საკრებულოს გააჩნდა უფლებამოსილება. გასათვალისწინებელია, რომ ათწლიანი შრომითი ურთიერთობის მანძილზე, რ. ზ-ის საქმიანობა ხასიათდებოდა მხოლოდ დადებითად, მისი კომისიის საქმიანობა კი - წარმატებულად. კასატორის მიმართ არასდროს გამოყენებულა დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა. სასამართლომ შეფასება მისცა მხოლოდ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტამდე არსებულ ერთთვიან შრომით ხელშეკრულებას, რაც არ პასუხობს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონისა და შრომის კოდექსის მოთხოვნებს.
კასატორის განმარტებით, ხელშეკრულების ვადის გასვლის საფუძვლით შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა შესაძლებელი იყო სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ პუნქტით. ამავე საფუძვლით შრომითი ურთერთობის შეწყვეტას არ იცნობს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი. სწორედ ამიტომ, სასამართლომ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის კანონიერება შეამოწმა შრომის კოდექსის დებულებებზე დაყრდნობით (ვადის გასვლა), ხოლო სამსახურში მიღება დაუკავშირა ადმინისტრაციულ კანონმდებლობას.
კასატორი მიუთითებს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა განიხილა საქმე, რომელიც შეეხებოდა გამგებლის მოადგილისათვის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლის გავრცელებას სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელებზე (ახალი გამგებლის/მერის არჩევით ავტომატურად უწყდებოდათ უფლებამოსილება სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელებსაც). 2017 წლის 17 ოქტომბრის N3/5/626 გადაწყვეტილებით ხაზგასმულია პროფესიონალი კადრების მნიშვნელობა, სახელმწიფო ინსტიტუტის ეფექტური ფუნციონირების მიზნის მისაღწევად. ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის რელევანტური ნორმების ანალიზის საფუძველზე, სასამართლომ დაადგინა, რომ სადავო ნორმა იწვევდა სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის უფლებამოსილების ავტომატურად შეწყვეტას ახალი გამგებლის/მერის არჩევისას და უფლებამოსილების ავტომატური შეწყვეტისას. ამასთან, არსებული საკანონმდებლო რეგულაცია მნიშვნელობას არ ანიჭებდა კონკრეტული პირის პროფესიონალიზმს, მის გამოცდილებას. საკონსტიტუციო სასამართლომ ჩათვალა, რომ სადავო ნორმა იყო გამოუსადეგარი საშუალება ადგილობრივი თვითმმართველობის ეფექტური ფუნქციონირების მიზნისათვის და წარმოადგენდა საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის მეორე პუნქტის საწინააღმდეგო რეგულაციას. ყოველი არჩევნების შემდგომ გამგეობის/მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელების ახალი კადრებით ჩანაცვლების რეალური შესაძლებლობა, არ წარმოადგენდა დემოკრატიული სახელმწიფოს და, ზოგადად, კონსტიტუციის მოთხოვნას პროფესიული კადრების თვითნებური ჩანაცვლებადობა საერთოდ ვერ გამოდგებოდა ლეგიტიმურ მიზნად, რომლის მისაღწევადაც შესაძლებელი იყო, გამართლებულიყო საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლით დაცული უფლების შეზღუდვა.
კასატორის მოსაზრებით, ზემოაღნიშნული საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, გამგებლის/რწმუნებულის მსგავსად, რ. ზ-ითან ათწლიანი შრომითი ურთიერთობა შეწყდა ყოველგვარი დასაბუთების გარეშე. უფლების ბოროტად გამოყენებით, დამსაქმებელმა ხელშეკრულების ვადის გასვლაზე მითითებით გაამართლა საკუთარი გადაწყვეტილება. საყურადღებოა, რომ შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირები, კვლავ მუშაობენ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოში. ამგვარი საექსპერტო მომსახურებით კვლავ სარგებლობენ კომისიები, თუმცა ამ შემთხვევაში, ერთთვიანი ხელშეკრულების ვადის გასვლა გახდა საკმარისი საფუძველი, იმისათვის, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს და სასამართლოს ყურადღების მიღმა დაეტოვებინათ 10 წლის განმავლობაში სხვადასხვა ვადიანი შრომითი ხელშეკრულების არსებობა, ერთსა და იმავე პოზიციაზე.
კასატორი მიუთითებს, რომ მოსარჩელესთან გაფორმებული იყო შრომითი ხელშეკრულება, რომელიც შეწყდა ხელშეკრულების ვადის გასვლის გამო. (სადავო პერიოდში მოქმედი შრომის კოდექსის 37-ე მუხლი პირველი ნაწილის „ბ“ პუნქტი). სამსახურიდან გათავისუფლების ასეთ საფუძველს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი არ ითვალისწინებს. შესაბამისად, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის კანონიერება უნდა შემოწმდეს შრომის კოდექსის შესაბამისად. აღნიშნული კოდექსის მე-6 მუხლის თანახმად, თუ შრომითი ხელშეკრულება დადებულია 30 თვეზე მეტი ვადით, ან თუ შრომითი ურთიერთობა გრძელდება ვადიანი შრომითი ხელშეკრულებების ორჯერ ან მეტჯერ მიმდევრობით დადების შედეგად და მისი ხანგრძლივობა აღემატება 30 თვეს, ჩაითვლება, რომ დადებულია უვადო შრომითი ხელშეკრულება. ვადიანი შრომითი ხელშეკრულებები მიმდევრობით დადებულად ჩაითვლება, თუ არსებული შრომითი ხელშეკრულება გაგრძელდა მისი ვადის გასვლისთანავე ან მომდევნო ვადიანი შრომითი ხელშეკრულება დაიდო პირველი ხელშეკრულების ვადის გასვლიდან 60 დღის განმავლობაში. მოცემულ შემთხვევაში, რ. ზ-ი თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ერთსა და იმავე პოზიციაზე უწყვეტად მუშაობდა 10 წლის განმავლობაში. ამდენად, ზემოაღნიშნული მუხლიდან გამომდინარე, ხელშეკრულების ვადის გასვლის მოტივით შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა უკანონოა. 10 წლის განმავლობაში ვადიანი შრომითი ხელშეკრულებების გაფორმება გამართლებული არ ყოფილა შრომის კოდექსის მე-6 მუხლიდან გამომდინარე. ვადიანი შრომითი ხელშეკრულებების დადება იყო უკანონო, რადგან შრომით ურთიერთობას ჰქონდა უვადო ხასიათი. ხელშეკრულებაში არ ყოფილა გაწერილი კონკრეტული სამუშაო, ან ობიექტური გარემოებები, რომელიც გაამართლებდა ვადიანი შრომითი ხელშეკრულების დადებას. ამასთან, დღეს მოქმედი რედაქციით, როგორც შრომის კოდექსი, ისე „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი ითვალისწინებს სამსახურში აღდგენის შესაძლებლობას, როდესაც სახეზეა სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლება, ასევე გარანტირებულია იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.
კასატორი არ იზიარებს მოპასუხე მხარის მოსაზრებას, იმასთან დაკავშირებით, რომ რ. ზ-ითან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას დამსაქმებელი მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში. კასატორის განმარტებით, დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს, რათა დაინტერესებული პირისათვის ცნობილი გახდეს, რა გარემოებებზე დაყრდნობით მიიღო ადმინისტრაციულმა ორგანომ გადაწყვეტილება დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, ადმინისტრაციულმა ორგანომ ჯერ გამოსცა აქტი შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის თაობაზე, ხოლო შემდგომში - ბათილად ცნო თავისივე გამოცემული აქტი. დამსაქმებელს არ დაუსაბუთებია შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძვლები. (შესაძლოა, იმის გამო, რომ შრომის კოდექსი არ ითვალისწინებს დასაბუთების ვალდებულებას, ვადის გასვლის გამო, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტასთან დაკავშირებით). შედეგად, შრომითი ურთიერთობა შეწყდა ფაქტობრივად. დასაქმებულთან აღარ გაფორმდა შრომითი ხელშეკრულება. „ხელშეკრულების ვადის გასვლის“ საფუძვლით ხელშეკრულების შეწყვეტა იყო უკანონო, რადგან რ. ზ-ისა და თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შორის არსებობდა უვადო შრომითი ურთიერთობა, შრომის კოდექსის მე-6 მუხლის შესაბამისად.
კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს არ განუხორციელებია „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 125-ე მუხლით გათვალისწინებული პროცედურა (დაწესებულებაში დასაქმებულ პირთა პროფესიულ საჯარო მოხელედ გარდაქმნას ადგილი არ ჰქონია), თუმცა შესაბამის საკითხზე მოპასუხე მხარეს მტკიცებულება არ წარმოუდგენია და არც სასამართლოს ინიციატივით ყოფილა გამოთხოვილი შესაბამისი მასალები. ქვედა ინსტანციის სასამართლოებში საქმის განხილვისას რ. ზ-იმა მიუთითა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 125-ე მუხლზე, რომელიც გულისხმობს გასატარებელ ღონისძიებებს, საჯარო სამსახურში დასაქმებულ პირთა კონკრეტული სამართლებრივი სტატუსის განსაზღვრის მიზნით. აღნიშნულ პროცესში, საჯარო დაწესებულებაში დასაქმებული პირის სამართლებრივი სტატუსის განსასაზღვრად, მისი ფუნქციები და უფლება-მოვალეობების შინაარსობრივი ასპექტები იყო მნიშვნელოვანი ელემენტი. ამდენად, სწორი სამართლებრივი ფორმით უნდა გაგრძელებულიყო შრომითი ურთიერთობა რ. ზ-ითან (შტატით გათვალისწინებულ პოზიციაზე გადაყვანით ან მასთან უვადო შრომითი ხელშეკრულების გაფორმებით).
კასატორი შუამდგომლობს საქმის განსახილველად გადაცემას საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდ პალატისათვის. კასატორის მოსაზრებით, საკასაციო სასამართლოს 2020 წლის 30 ნოემბრის Nბს-1068(კ-19) განჩინება და სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება, დავის ადმინისტრაციულ კატეგორიად მიჩნევის ნაწილში, ეწინააღმდეგება საკასაციო სასამართლოს დიდი პალატის 2002 წლის 21 ოქტომბრის N3გ-ად-23გ-02, 2003 წლის 6 ნოემბრის N3გ/ად-15-გ-03 და 2007 წლის 10 ივლისის Nბს-132-123(კ-07) განჩინებებს. აღნიშნულ საქმეებში დიდი პალატა განმარტავს, რომ ამა თუ იმ დავის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი კატეგორიის დავად მიჩნევისათვის, არსებითი და გადამწყვეტია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მეორე მუხლის პირველ ნაწილში მითითებული ნორმატიული ელემენტი - დავის გამომდინარეობა ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან. სასამართლომ დამატებით მიუთითა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ბრძანების სამართლებრივ საფუძველზე - შრომის კანონთა კოდექსზე და დადგენილად მიიჩნია, რომ შესაბამისი ბრძანება გამოცემული იყო კერძო სამართლის კანონმდებლობის საფუძველზე. ამდენად, მისი კანონიერება უნდა შემოწმებულიყო სამოქალაქო სამართალწარმოების ფარგლებში.
კასატორის მოსაზრებით, საკასაციო სასამართლოს 2020 წლის 30 ნოემბრის Nბს-1068 (კ-19) განჩინება და სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 21 სექტემბრის Nბს-893-885(გ-16) განჩინებას განსჯადობის შესახებ. აღნიშნული განჩინების მიხედვით, მხოლოდ ის ფაქტი, რომ ორგანო ახორციელებს საჯარო საქმიანობას, ერთმნიშვნელოვნად არ ადგენს განსჯადობის წესს, ვინაიდან მოცემული დავა უკავშირდება არა ორგანოს საქმიანობას, არამედ მის კონკრეტულ მუშაკთან შრომით ურთიერთობას. დავის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობა ენიჭება არა სასაზღვრო პოლიციის ფუნქციებს, არამედ შრომითი ურთიერთობის შინაარსს. საკასაციო პალატის მოსაზრებით, შესაბამისი პირის მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორციელება, მისი ქმედებები უშუალოდ არ არის მიმართული ორგანოს საჯარო-სამართლებრივი ფუნქციების შესრულებისაკენ. ამდენად, მასთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულება ვერ მიიჩნევა ადმინისტრაციულ ხელშეკრულებად. ადმინისტრაციული ხელშეკრულებით ხდება საჯარო-სამართლებრივი ურთიერთობების მოწესრიგება. საკასაციო სასამართლო ასევე შეეხო ბრძანების გამოცემის გზით შრომითი ურთიერთობის შეწყვეტას და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირის ცნებას. სასამართლოს დასკვნით, სადავო ბრძანება არ უნდა მიჩნეულიყო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად, რამდენადაც იგი გამოცემული არ იყო ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ფორმალური რეკვიზიტების ქონა და დასახელება, სათანადო შინაარსობრივი დატვირთვის გარეშე, დოკუმენტს ვერ აქცევდა ადმინისტრაციულ აქტად. გარდა აღნიშნულისა, კასატორის განმარტებით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 19 ოქტომბრის Nბს-289(გ-21) განჩინებით, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ბრძანების სამართლებრივ საფუძვლად შრომის კოდექსის მუხლების მითითების გამო, საკასაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ საქმე განსახილველად უნდა დაქვემდებარებოდა სამოქალაქო საქმეთა პალატას.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კასატორი თვლის, რომ გასაჩივრებული განჩინება ეწინააღმდეგება ზემოაღნიშნულ პრაქტიკას, ასევე „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ვ“ პუნქტს, მე-6 მუხლის პირველ და მე-3 ნაწილებს, 84-ე მუხლს, 119-ე მუხლის პირველ ნაწილს. ამდენად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, საქმე განსახილველად უნდა გადაეცეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდ პალატას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 23 მარტის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული რ. ზ-ის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქმის მასალების შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ რ. ზ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო პალატა საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნევს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
თვითმმართველი თემის თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2014 წლის 12 აგვისტოს N11 ბრძანებით, "ადგილობრივი თვითმართველობის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 28-ე მუხლის მეორე პუნქტის, "შრომის კოდექსისა" და ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად, რ. ზ-ი მიწვეულ იქნა თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიაში ...ად. აღნიშნული ბრძანების საფუძველზე, რ. ზ-ის შრომითი ხელშეკრულება გაუფორმდა ... წლის ...დან ... წლის ...მდე.
ზემოაღნიშნული ვადიანი შრომითი ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებების საფუძველზე, 2017 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით, რ. ზ-ისა და თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შორის უწყვეტად ფორმდებოდა ახალი ხელშეკრულებები, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიაში მისი ...ად მიწვევის თაობაზე (2014 წლის 30 დეკემბრის N43 ბრძანება და შრომითი ხელშეკრულება; 2015 წლის 30 ივნისის N54 ბრძანება და შრომითი ხელშეკრულება; 2015 წლის 31 დეკემბრის N119 ბრძანება და შრომითი ხელშეკრულება; 2016 წლის 31 მარტის N42 ბრძანება და შრომითი ხელშეკრულება; 2016 წლის 30 ივნისის N102 ბრძანება და შრომითი ხელშეკრულება; 2016 წლის 30 სექტემბრის N142 ბრძანება და შრომითი ხელშეკრულება; 2016 წლის 30 დეკემბრის N176 ბრძანება და შრომითი ხელშეკრულება; 2017 წლის 30 ივნისის N71 ბრძანება და შრომითი ხელშეკრულება; 2017 წლის 29 სექტემბრის N113 ბრძანება და შრომითი ხელშეკრულება).
თვითმმართველი თემის თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2017 წლის 3 ნოემბრის N140 ბრძანებით დადგინდა, რომ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტასთან დაკავშირებით, რ. ზ-ის სახელზე გასაცემი იყო კომპენსაცია ორი თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით და გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურება 9 სამუშაო დღის ოდენობით.
ზემოაღნიშნული N140 ბრძანების აღსრულებამდე, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2018 წლის 4 იანვრის N01 ბრძანების საფუძველზე, დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება, მითითებული აქტის გამოცემის სამართლებრივი საფუძვლების შემოწმების მიზნით.
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2018 წლის 25 იანვრის N17 ბრძანებით ბათილად იქნა ცნობილი თვითმმართველი თემის თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2017 წლის 3 ნოემბრის N140 ბრძანება რ. ზ-ისათვის კომპენსაციის მიცემისა და დარჩენილი გამოუყენებელი ანაზღაურებადი შვებულების ანაზღაურების შესახებ.
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 2 თებერვლის N8/01 წერილით რ. ზ-ის ეცნობა, რომ იგი საკრებულოში დასაქმებული იყო ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 28-ე მუხლის მეორე პუნქტის საფუძველზე, საკრებულოს უფლებამოსილების ვადის ფარგლებში. ამასთან, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და რ. ზ-ის შორის გაფორმებული ხელშეკრულების ვადა ამოიწურა 2017 წლის 31 ოქტომბერს, ხოლო თვითმმართველი თემის თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილება შეუწყდა 2017 წლის 14 ნოემბრიდან. რ. ზ-ის შრომითი ურთიერთობა ჰქონდა მუნიციპალიტეტთან, რომელმაც განიცადა ლიკვიდაცია. ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი იყო ხელშეკრულების ვადის გასვლა და არა სხვა რაიმე გარემოება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს კონსტიტუციით დაცულია შრომის თავისუფლება, რაც მოიცავს არა მხოლოდ სამუშაოს არჩევისა და განხორციელების, არამედ შენარჩუნების უფლებასაც. შრომითი უფლებების დაცვის მიზნით, არაერთი საერთაშორისო აქტით განისაზღვრა სახელმწიფოების მხრიდან შესაბამისი ქმედითი მექანიზმების შექმნის ვალდებულება (ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, საერთაშორისო პაქტი „ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ“, ევროპის სოციალური ქარტია). ამასთანავე, საქართველოს კონსტიტუციით და საერთაშორისო სამართლებრივი აქტებით გარანტირებული შრომის უფლება არ არის აბსოლუტური და აღნიშნული უფლებით დაცული სფერო შესაძლებელია დაექვემდებაროს შეზღუდვას კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ლეგიტიმური მიზნითა და თანაზომიერების პრინციპის დაცვით. შრომის უფლების დაცვა არ გულისხმობს დამსაქმებლის აბსოლუტურ შეზღუდვას, კანონით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობის შემთხვევაშიც ვერ შეწყვიტოს შრომითი ურთიერთობა დასაქმებულთან.
საკასაციო პალატა საყურადღებოდ მიიჩნევს, რომ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის ...ად მიწვევასთან დაკავშირებით, მოსარჩელესთან გაფორმებული ხელშეკრულებების (მათ შორის, 2017 წლის პირველი ოქტომბრიდან 2017 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით - ბოლოს გაფორმებული ხელშეკრულების) ძირითად სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 28-ე მუხლი.
ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მუნიციპალიტეტის საკრებულოში საკითხების წინასწარი მომზადების, გადაწყვეტილებათა შესრულებისათვის ხელის შეწყობის, გამგეობის/მერიის, მისი სტრუქტურული ერთეულებისა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების კონტროლის მიზნით, იქმნებოდა კომისიები, რომელთა რაოდენობა არ უნდა ყოფილიყო 5-ზე მეტი. ამავე მუხლის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის მეორე ნაწილის თანახმად, მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე აირჩეოდა მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრთაგან. მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის წევრებს შესაბამისი კომისიის თავმჯდომარის წარდგინებით, მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციათა წარმომადგენლობისა და იმ მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრთა რაოდენობის პროპორციულად, რომლებიც გაერთიანებულნი არ არიან არცერთ ფრაქციაში, ამტკიცებდა მუნიციპალიტეტის საკრებულო. მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით, მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიაში სამუშაოდ, დროებით ან კომისიის უფლებამოსილების ვადით შეიძლებოდა სხვა პირთა მიწვევაც. ამასთანავე, სადავო პერიოდში მოქმედი „თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის“ 32-ე მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად, კონკრეტული საკითხების დასამუშავებლად, საკრებულოს ბიუროს მიერ განსაზღვრული კვოტების ფარგლებში, კომისიის თავმჯდომარის წინადადებით, საკრებულოს თავმჯდომარე არა უმეტეს 6 თვის ვადით, შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე კომისიაში სამუშაოდ იწვევს ექსპერტ-კონსულტანტებს.
ამდენად, ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე, მოსარჩელესა და საკრებულოს შორის ვერ გაფორმდებოდა უვადო ხელშეკრულება. მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიაში სამუშაოდ კანონმდებლობა ითვალისწინებდა მხოლოდ დროებით ან კომისიის უფლებამოსილების ვადით სხვა პირთა მიწვევის შესაძლებლობას. საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელესა და საკრებულოს შორის გაფორმებული ხელშეკრულებების მოქმედების ვადა შეზღუდული იყო დროის გარკვეული პერიოდით, თავად მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ სწორად განმარტა, რომ მხარეთა შორის არსებული ურთიერთობა იყო დროებითი ხასიათის და საკრებულოს უფლებამოსილების ვადაში ხელშეკრულების რამდენჯერმე დადება მხარეთათვის ვერ წარმოშობდა ამგვარი ურთიერთობის უვადოდ გაგრძელების ვალდებულებას.
საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას, იმასთან დაკავშირებით, რომ სადავო სამართალურთიერთობა არ ექვემდებარება საჯარო კანონმდებლობით რეგულირებას.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოცემული სამართალურთიერთობის ფარგლებში, კასატორის ზემოაღნიშნულ არგუმენტთან მიმართებაში, საკასაციო პალატამ უკვე გააკეთა შესაბამისი განმარტება. კერძოდ, უდავოა, რომ რ. ზ-იმა შესაბამისი არგუმენტებით საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 27 ივნისის განჩინება, რომლითაც თელავის თელავის რაიონულ სასამართლოს საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა, მისი ადმინისტრაციული წესით განხილვის მიზნით (აღნიშნული განჩინების მიღებას წინ უძღვოდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 26 მარტის განჩინების მიღება, რომლითაც რ. ზ-ის საქმე განსჯადობით განსახილველად გადაეცა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას). საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 30 ნოემბრის განჩინებით დაუშვებლად იქნა მიჩნეული რ. ზ-ის საკასაციო საჩივარი და უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 27 ივნისის განჩინება. საკასაციო სასამართლომ დადასტურებულად ჩათვალა, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის სამსახურებრივ უფლებამოსილებას განეკუთვნებოდა საჯარო-სამართლებრივი ფუნქციების განხორციელება. სახეზეა დავის ადმინისტრაციულსამართლებრივად მიჩნევის წინაპირობები, რამდენადაც სადავო სამართალურთიერთობა გამომდინარეობს ადმინისტრაციული (საჯარო) სამართლის კანონმდებლობიდან, ხოლო დასაქმებულის - რ. ზ-ის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებას ჰქონდა საჯარო-სამართლებრივი მიზანი (სუს 2020 წლის 30 ნოემბრის Nბს-1068(კ-19) განჩინება). ამდენად, მოცემულ სამრთალურთიერთობასთან მიმართებაში, კანონიერ ძალაში არსებული სასამართლო დოკუმენტით დადასტურებულად არის მიჩნეული, რომ რ. ზ-ისათვის დაკისრებული ფუნქცია-მოვალეობების გათვალისწინებით, იგი რეალურად წარმოადგენდა საჯარო კანონმდებლობის საფუძველზე დასაქმებულ მოსამსახურეს. სწორედ აღნიშნული წინაპირობების არსებობის გათვალისწინებით განიხილა თელავის რაიონულმა სასამართლომ ადმინისტრაციული წესით რ. ზ-ის სარჩელი, მოპასუხე თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიმართ (დავის საგანი: თვითმმართველი თემის თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2017 წლის 3 ნოემბრის N140 ბრძანების ბათილად ცნობა; თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2018 წლის 25 იანვრის N17 ბრძანების ბათილად ცნობა; მოპასუხისათვის რ. ზ-ის აღდგენის დავალება, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის ...ის თანამდებობაზე; თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოსათვის, რ. ზ-ის სასარგებლოდ, იძულებითი განაცდურის ანაზღაურების დაკისრება, 2017 წლის ნოემბრიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე, მისი ყოველთვიური ხელფასის - 760 (შვიდას სამოცი) ლარის გათვალისწინებით).
რაც შეეხება კასატორის მხრიდან იმ გარემოებაზე მითითებას, რომ სააპელაციო პალატამ შეფასება მისცა მხოლოდ 2017 წლის 29 სექტემბერს საკრებულოსა და მას შორის გაფორმებულ ერთთვიან ხელშეკრულებას - საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სწორედ მოსარჩელესთან გაფორმებული ბოლო ხელშეკრულების შინაარსის ანალიზით უნდა დადგენილიყო, დასრულებულია თუ არა რეალურად მხარეთა შორის სახელშეკრულებო ურთიერთობა. ამასთანავე, საფუძველს მოკლებულია კასატორის მითითება იმ გარემოებაზე, რომ სასამართლოს მხედველობაში უნდა მიეღო რ. ზ-ისა და საკრებულოს შორის ათწლიანი შრომითი ურთიერთობა, როგორც მხარეებს შორის უვადო შრომითი ურთიერთობის არსებობის დადასტურება. როგორც აღინიშნა, რ. ზ-ითან გაფორმებული ყველა ხელშეკრულების შემთხვევაში, მათი გაფორმების მთავარ სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენდა სპეციალური საჯარო-სამართლებრივი ნორმა - ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 28-ე მუხლი, რაც გამორიცხავდა სასამართლოს მხრიდან სადავო სამართალურთიერთობის შეფასებას შრომის კოდექსით გათვალისწინებული ნორმების ფარგლებში. სასამართლომ მოსარჩელესთან გაფორმებული ხელშეკრულების შეწყვეტა დაუკავშირა ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 28-ე მუხლით გათვალისწინებულ სპეციალურ დანაწესს და არა შრომის კოდექსით განსაზღვრული შეწყვეტის რომელიმე საფუძვლის არსებობას. საგულისხმოა, რომ განსახილველ საქმეზე დავის საგანს არ წარმოადგენს უშუალოდ მოსარჩელესთან გაფორმებული რომელიმე ხელშეკრულების კანონიერების შეფასება. მოსარჩელე სადავოდ ხდის თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2017 წლის 3 ნოემბრის N140 ბრძანებას, რომელიც შეეხება არა მოსარჩელესთან შრომითსამართლებრივი ურთიერთობის შეწყვეტას, არამედ რ. ზ-ისათვის კომპენსაციისა და გამოუყენებელი ანაზღაურებადი შვებულების ანაზღაურებას. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ერთი მხრივ, არ დგინდება აღნიშნული აქტით მოსარჩელისათვის ზიანის მიყენების ფაქტი, ხოლო მეორე მხრივ, საყურადღებოა, რომ 2017 წლის 3 ნოემბრის N140 ბრძანება ბათილად არის ცნობილი თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2018 წლის 25 იანვრის N17 ბრძანებით, რომელიც ასევე სადავოა განსახილველ საქმეზე. საქმის მასალებით არ დგინდება აღნიშნული აქტის გამოცემა საქმესთან დაკავშირებული გარემოებების გამოკვლევის გარეშე. ბრძანება გამოცემულია მოსარჩელის მონაწილეობით ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების საფუძველზე, რის შედეგადაც, დადგინდა, რომ რ. ზ-ისათვის კომპენსაციისა და გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურების შესახებ ბრძანება კანონსაწინააღმდეგოა. სააპელაციო პალატამ სწორად აღნიშნა, რომ კომპენსაციისა და გამოუყენებელი შვებულების დღეების ანაზღაურებას კანონმდებლობა ითვალისწინებს იმ შემთხვევაში, თუ ადგილი აქვს შრომითი ურთიერთობის ვადამდე შეწყვეტას. მოცემულ შემთხვევაში, ასეთ ვითარებას ადგილი არ ჰქონია. რ. ზ-ითან შრომითი ურთიერთობა შეწყდა ხელშეკრულების ვადის გასვლის გამო. შესაბამისად, არ არსებობდა მისთვის კომპენსაციისა და გამოუყენებელი შვებულების დღეების ანაზღაურების საფუძველი.
საკასაციო სასამართლო ასევე იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას, იმასთან დაკავშირებით, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება მოსარჩელესთან მიმართებაში 2017 წლის პირველი ივლისიდან ამოქმედებული „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 125-ე მუხლით გათვალისწინებული პროცედურის განხორციელება, რაც შეიძლებოდა გამხდარიყო მისი უვადო შრომით ურთიერთობაში მყოფ პროფესიულ საჯარო მოხელედ მიჩნევის საფუძველი. კერძოდ, არ დასტურდება, რომ მითითებული მუხლის საფუძველზე, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან ადგილი ჰქონდა საჯარო დაწესებულებებში დასაქმებულ პირთა პროფესიულ საჯარო მოხელეებად გარდაქმნას. საგულისხმოა, აღნიშნული საკანონმდებლო რეგულაციის არსებობის პირობებში წარმოიშვა მხარეთა შორის სახელშეკრულებო ურთიერთობა, რის თაობაზეც მოსარჩელეს პრეტენზია არ განუცხადებია. ამასთანავე, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს საშტატო/ორგანიზაციული მოწყობა არ წარმოადგენს განსახილველი დავის ფარგლებში შეფასების საგანს. მოსარჩელესა და თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შორის შრომითი ურთიერთობა არსებობდა ხელშეკრულების საფუძველზე, რომელიც შეწყდა ხელშეკრულების ვადის გასვლის გამო, კანონით დადგენილი წესით.
რაც შეეხება კასატორის შუამდგომლობას, საქმის დიდი პალატისათვის გადაცემის თაობაზე:
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3911 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქმის საკასაციო წესით განმხილველ სასამართლოს შეუძლია მოტივირებული განჩინებით საქმე განსახილველად გადასცეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდ პალატას, თუ: ა) საქმე თავისი შინაარსით წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას; ბ) საკასაციო პალატა არ იზიარებს სხვა საკასაციო პალატის მიერ ადრე ჩამოყალიბებულ სამართლებრივ შეფასებას (ნორმის განმარტებას); გ) საკასაციო პალატა არ იზიარებს დიდი პალატის მიერ ადრე ჩამოყალიბებულ სამართლებრივ შეფასებას (ნორმის განმარტებას).
ზემოაღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ დიდი პალატისათვის საქმის განსახილველად გადაცემის საჭიროებას საკასაციო პალატა წყვეტს არა მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, არამედ საკუთარი შეხედულებით. საქმის დიდი პალატისათვის გადაცემის მიზანშეწონილობის საკითხის განხილვა, შესაბამისი საქმის განმხილველი საკასაციო სასამართლოს განსაკუთრებულ უფლებამოსილებას განეკუთვნება. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს საქმის საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატისათვის გადაცემის შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილების პროცესუალური საფუძველი, მითუფრო იმ პირობებში, როდესაც საკასაციო საჩივარი არ იქნა მიჩნეული დასაშვებად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. აღნიშნულის გათვალისწინებით, რ. ზ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. რ. ზ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 31 იანვრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე
გენადი მაკარიძე