გაუქმდა და დაუბრუნდა სასამართლოს
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
ას-281-603-05 9 იანვარი, 2006 წ. ქ.თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),ნ. კვანტალიანი (მომხსენებელი),მ. სულხანიშვილი
დავის საგანი: _ სამკვიდროს მიღების ვადის გაგრძელება, მემკვიდრედ ცნობა, სამკვიდრო მოწმობის, ნოტარიუსის დადგენილებისა და ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილობა, სამკვიდროში ქონებიდან კუთვნილი წილის მიკუთვნება.
აღწერილობითი ნაწილი:
მ. ბ-შვილმა სარჩელი აღძრა სასამართლოში ე. შ-შვილის, მ. ო-შვილისა და სიღნაღის სანოტარო ბიუროს ნოტარიუს თ. ხ-შვილის მიმართ და მოითხოვა მის მიერ სამკვიდროს მიღების დადგენილი ვადის გაშვების საპატიოდ ცნობა და აღდგენა, ვ.ბ-შვილის დანაშთი ქონების 1/2-ის მემკვიდრედ ცნობა, ნოტარიუს თ.ხ-შვილის მიერ 2004წ. 20 იანვარს ე.შ-შვილის სახელზე გაცემული სამკვიდრო მოწმობის, მოსარჩელის სახელზე სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე უარის თქმის შესახებ ამავე ნოტარიუსის დადგენილების, წნორში, ... მდებარე არასაცხოვრებელი ფართში განლაგებული სავაჭრო ობიექტის 2004წ. 1 აპრილს ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილობა და აღნიშნული სავაჭრო ფართის 1/2-ის მოსარჩელისათვის მიკუთვნება, სადავო საცხოვრებელი სახლის გაყიდვით მიღებული თანხის 1/2-ის _ 2000 აშშ დოლარის ანაზღაურება, სამკვიდროში შემავალი ორი ავტომობილიდან, «ვაზ-2106 ¹...» და «ვაზ 2107 ¹...», კუთვნილი წილის მიკუთვნება შემდეგი საფუძვლებით: მ. ბ-შვილის მამა ი. ბ-შვილი გარდაიცვალა 2003წ. 3 ივლისს. მოსარჩელე თავის დასთან _ ე. შ-შვილთან ერთად ფაქტობრივად დაეუფლა მამის სამკვიდრო ქონებას. მხარეებმა მოძრავი ნივთები გაინაწილეს, ხოლო საცხოვრებელი სახლი შეთანხმებისამებრ უნდა გაეყიდათ და ფული გაეყოთ. აღნიშნულის შესახებ ცნობილი იყო სიღნაღის სანოტარო ბიუროს ნოტარიუს თ. ხ-შვილისათვის. მ.ბ-შვილმა, ავადმყოფობის გამო, კანონით განსაზღვრულ ვადაში ნოტარიუსისათვის მიმართვა ვერ შეძლო. მოპასუხემ კი ისარგებლა მისი მდგომარეობით, უკანონოდ გაიფორმა მემკვიდრეობა, დაეუფლა მოძრავ ნივთებს, 4000 აშშ დოლარად გასხვისებული სადავო სახლის ღირებულების კუთვნილი წილი მოსარჩელეს არ გადაუხადა, სამკვიდროში შემავალი სავაჭრო ობიექტი კი ფორმალურად გაასხვისა მოპასუხე მ. ო-შვილზე.
მოპასუხე ე. შ-შვილმა სარჩელი არ ცნო და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი დასაბუთებით: ე.შ-შვილმა სამკვიდრო მიიღო კანონის მოთხოვნათა დაცვით. მოსარჩელეს სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი დაუფლებით მიღების დამადასტურებელი მტკიცებულება არ წარმოუდგენია. მ.ბ-შვილმა დაადასტურა, რომ იცოდა სადავო სახლის გაყიდვის შესახებ. ამდენად, მისთვის ცნობილი იყო ე.შ-შვილის მიერ უძრავი ქონების თავის სახელზე გადაფორმების თაობაზე, რადგან აღნიშნულის გარეშე მოპასუხე სახლს ვერ გაასხვისებდა. მხარეებს შორის არსებობდა შეთანხმება უძრავი ქონების გასხვისების შესახებ და სადავო საცხოვრებელი სახლი მოპასუხემ გაასხვისა 3000 ლარად, ხოლო სავაჭრო ობიექტი _ 1800 ლარად. ამ თანხით ე.შ-შვილმა დაფარა მის მიერ გაღებული, მამის დასაფლავების ხარჯები. მოსარჩელემ სამკვიდროს მიღების ექვსთვიანი ვადა არასაპატიო მიზეზით გაუშვა და ამ ვადის აღდგენის საფუძველი არ არსებობს. ამასთან, თავდაპირველ სარჩელში მოსარჩელეს სამკვიდროს მიღების ვადის აღდგენა არ მოუთხოვია და ეს მოთხოვნა მან დააყენა მხოლოდ სასამართლოს მთავარ სხდომაზე. მ.ბ-შვილმა სასარჩელო მოთხოვნა კი არ დააზუსტა, არამედ გაზარდა, რაზეც მოპასუხის თანხმობა არ ყოფილა.
მოპასუხე მ. ო-შვილმა სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ იგი იყო სადავო უძრავი ქონების კეთილსინდისიერი მყიდველი, რადგან ნასყიდობის ხელშეკრულების დადებისას უძრავი ქონების მესაკუთრედ ირიცხებოდა ე.შ-შვილი, აღნიშნულში ეჭვის შეტანის საფუძველი მას არ გააჩნდა, ამდენად, სადავო გარიგების ბათილად ცნობის საფუძველი არ არსებობს.
მოპასუხე სიღნაღის სანოტარო ბიუროს ნოტარიუსმა თ. ხ-შვილმა სარჩელი არ ცნო. მისი განმარტებით, ე. შ-შვილმა სამკვიდრო მიიღო კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით. მოსარჩელეს სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე უარი ეთქვა, რადგან სამკვიდრო მოწმობა მთლიან სამკვიდროზე გაცემული იყო ე. შ-შვილზე.
სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2004წ. 17 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა _ მ. ბ-შვილს სამკვიდროს მიღების ვადა გაუგრძელდა. ე. შ-შვილს მის სასარგებლოდ დაეკისრა გაყიდული საცხოვრებელი ბინის ღირებულების ნახევრის _ 1500 ლარის გადახდა. არ დაკმაყოფილდა მ.ბ-შვილის მოთხოვნები სიღნაღის რაიონის ნოტარიუსის 2004წ. 30 იანვარს ე.შ-შვილის სახელზე გაცემული სამკვიდრო მოწმობის, სანოტარო მოქმედების შესრულებაზე უარის თქმის თაობაზე 2004წ. 19 მარტის დადგენილების, ასევე, არასაცხოვრებელი ფართის 2004წ. 1 აპრილის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის, მ.ბ-შვილისათვის ქ.წნორში, ... მდებარე არასაცხოვრებელი ფართის 1/2-ისა და ავტომანქანებიდან _ «ვაზ-2106 ¹...» და «ვაზ 2107 ¹...» მოსარჩელის წილის მიკუთვნების შესახებ.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება მ.ბ-შვილმა და ე.შ-შვილმა გაასაჩივრეს სააპელაციო წესით.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 17 დეკემბრის გადაწყვეტილებით გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა, მ.ბ-შვილის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ავტომანქანა «ვაზ2106»-ის მემკვიდრედ და მესაკუთრედ ე.შ-შვილის აღრიცხვის ნაწილში სამკვიდრო მოწმობა გაუქმდა და მ.ბ-შვილი ცნობილ იქნა აღნიშნული ავტომანქანის 1/2-ის მემკვიდრედ და მესაკუთრედ. ე. შ-შვილს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ი. ბ-შვილის სამკვიდრო ქონების, ქ.წნორში, ... მდებარე, საცხოვრებელი ბინის რეალიზაციის შედეგად მიღებული 3000 ლარის ნახევრის _ 1500 ლარის გადახდა. მასვე დაეკისრა მ. ბ-შვილის სასარგებლოდ ი. ბ-შვილის სახელზე რიცხული არასაცხოვრებელი ფართის _ მაღაზიის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხის ნახევრის _ 900 ლარისა და ავტომანქანა «ვაზ2107»-ის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხის ნახევრის _ 1000 ლარის გადახდა. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: მამკვიდრებელი ი. ბ-შვილი გარდაიცვალა 2003წ. 3 ივლისს. მას დარჩა ორი კანონისმიერი მემკვიდრე _ მ. ბ-შვილი და ე. შ-შვილი, რომელთაც სამკვიდროს გახსნისთანავე ურთიერთშეთანხმებით გაინაწილეს სამკვიდრო საოჯახო ნივთები და ავეჯი. სკ-ის 1421-ე მუხლის მესამე ნაწილის საფუძველზე სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სამკვიდროს ფაქტობრივი დაუფლებით ე. შ-შვილმა და მ. ბ-შვილმა ერთდროულად მიიღეს მთლიანად სამკვიდრო. ქ.წნორში ... მდებარე სამკვიდრო სახლი ე. შ-შვილმა 2004წ. 5 თებერვლის ნასყიდობის ხელშეკრულებით 3000 ლარად გაასხვისა დ. გ-შვილზე, რის შემდეგ სახლი საჯარო რეესტრში აღირიცხა მყიდველის სახელზე. მანვე სამკვიდრო სავაჭრო ობიექტის _ მაღაზიის 1/2 2004წ. 1 აპრილს 1800 ლარად მიჰყიდა მ. ო-შვილს. ე. შ-შვილმა დაადასტურა ის გარემოება, რომ მან სამკვიდრო მასაში არსებული მამის დანაშთი ავტომანქანა „ვაზ 2107“ 2000 ლარად გაასხვისა. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სკ-ის 979-ე და 985-ე მუხლებით და მ.ბ-შვილის მოთხოვნა სამკვიდრო ქონებიდან კუთვნილი წილის _ 1/2-ის ფულადი კომპენაციის სახით მიღების შესახებ საფუძვლიანად მიიჩნია, რადგან გასხვისებული სამკვიდრო ქონების ნატურით გაყოფა მემკვიდრეებს შორის შეუძლებელი იყო. სააპელაციო სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ ავტომანქანა „ვაზ 2106“ არ გასხვისებულა და ჯერ კიდევ ირიცხება მამკვიდრებელ ი. ბ-შვილის სახელზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, ე.შ-შვილის სახელზე გაცემული სამკვიდრო მოწმობა ზემოხსენებული ავტომანქანის მემკვიდრედ და მესაკუთრედ მოპასუხის აღრიცხვის ნაწილში სასამართლომ უკანონოდ მიიჩნია. სააპელაციო სასამართლომ სსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილზე მითითებით დაასკვნა, რომ მ.ბ-შვილმა კანონით დადგენილი წესით ვერ დაადასტურა, რომ ე.შ-შვილმა სამკვიდრო სახლი გაყიდა 4000 აშშ დოლარად, ხოლო სავაჭრო ობიექტი გაასხვისა 1800 ლარზე მაღალ ფასში. სასამართლოს მითითებით, მ.ბ-შვილმა სადავო უძრავი ქონების მოპასუხის მიერ მითითებულზე მეტ ფასში გასხვისების ან ამ ქონების რეალური საბაზრო ღირებულების დამადასტურებელი წერილობითი მტკიცებულება ვერ წარადგინა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მ. ბ-შვილმა გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და მისი წილის საჩივარში მითითებული თანხების მიხედვით განსაზღვრა შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო სასამართლომ მ.ბ-შვილი ავტომანქანა „ვაზ 2106-ის“ მხოლოდ 1/2-ის მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნო და არ გაითვალისწინა ე.შ-შვილის განმარტება, რომ ავტომანქანა დაზიანებული და დაშლილია. აღნიშნულის საფუძველზე სადავო ნივთი მთლიანად მოსარჩელეს უნდა მიკუთვნებოდა. სააპელაციო სასამართლომ არასწორად გაიზიარა მოწინააღმდეგე მხარის მიერ მითითებული თანხა მაღაზიის ღირებულებად. ფაქტობრივად მ.ო-შვილს ე.შ-შვილისაგან აღნიშნული ობიექტი არ შეუძენია, რადგან მაღაზიის ფლობას კვლავ მოპასუხე განაგრძობს. მისივე ხელშეშლის გამო კასატორმა ვერ შეძლო ობიექტის რეალურად შეფასება. სააპელაციო სასამართლომ, კასატორის მოთხოვნის მიუხედავად, მ.ო-შვილი საქმეში მესამე პირად არ ჩართო, ეს უკანასკნელი სასამართლო სხდომას არ დასწრებია და განმარტება სასამართლოსათვის არ მიუცია. სააპელაციო სასამართლომ რაიმე წერილობითი მტკიცებულების არსებობის გარეშე უკანონოდ გაიზიარა ე.შ-შვილის განმარტება იმის შესახებ, რომ ავტომანქანა «ვაზ2107» მან 2000 ლარად გაასხვისა. 2005წ. 3 ივლისს მ.ბ-შვილმა შეიტყო, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ ე.შ-შვილმა ხსენებული ავტომანქანა გადააფორმა სხვა პირზე, მანქანა რამდენჯერმე გასხვისდა და საბოლოოდ იგი 3300 აშშ დოლარად შეიძინა ვინმე ვ.ტოროსიანმა. სააპელაციო სასამართლომ დაუსაბუთებლად უთხრა უარი მ.ბ-შვილის შუამდგომლობას საცხოვრებელი სახლის ნასყიდობის ხელშეკრულებაზე ე.შ-შვილის მიერ მყიდველი დ.გ-შვილის ხელმოწერის გაყალბებასთან დაკავშირებით კალიგრაფიული ექსპარტიზის დანიშვნის შესახებ, ასევე, ამ პიროვნების სხდომაზე მოწვევისა და განმარტების ჩამორთმევის თაობაზე. სააპელაციო სასამართლომ არასწორად არ გაიზიარა მ.ბ-შვილის მითითება, რომ სადავო სახლის რეალური ღირებულება შეადგენს 4000 აშშ დოლარს, მაღაზიის ფასია 4000 აშშ დოლარი, ავტომანქანა «ვაზ2016-ის» ღირებულებაა 1200 აშშ დოლარი, ხოლო ავტომანქანა «ვაზ2017» გაიყიდა 3300 აშშ დოლარად. ამასთან, კასატორმა მიუთითა, რომ, ე.შ-შვილის მიერ ყალბი დოკუმენტების დამზადებისა და გამოყენების გამო, სიღნაღის რაიონის შინაგან საქმეთა განყოფილებაში აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება, რის საფუძველზეც, სსკ-ის 279-ე მუხლის «დ» ქვეპუნქტის თანახმად, მ.ბ-შვილმა მოითხოვა საქმის წარმოების შეჩერება.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ის 394-ე მუხლის «ე» ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმაოდ დასაბუთებული, ან დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას სრულყოფილად არ გამოიკვლია და არ შეაფასა საქმის გარემოებები, კერძოდ:
სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ აწ გარდაცვლილ ი. ბ-შვილის კანონისმიერმა მემკვიდრეებმა _ მ. ბ-შვილმა და ე. შ-შვილმა ფაქტობრივი დაუფლებით მიიღეს სამკვიდრო. ქ.წნორში, ... მდებარე სამკვიდრო სახლი ე. შ-შვილმა 2004წ. 5 თებერვლის ნასყიდობის ხელშეკრულებით 3000 ლარად გაასხვისა დ. გ-შვილზე. მანვე სამკვიდრო სავაჭრო ობიექტი _ მაღაზია, 2004წ. 1 აპრილს, 1800 ლარად მიჰყიდა მ. ო-შვილს, ხოლო ავტომანქანა „ვაზ 2107“ გაასხვისა 2000 ლარად. სააპელაციო სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ ავტომანქანა „ვაზ 2106“ არ გასხვისებულა და ჯერ კიდევ ირიცხება მამკვიდრებელ ი. ბ-შვილის სახელზე.
სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება სადავო ქონების მაღალ ფასებში გაყიდვის თაობაზე იმ არგუმენტით, რომ მ.ბ-შვილმა სადავო უძრავი ქონების მოპასუხის მიერ მითითებულზე მეტ ფასში გასხვისების ან ამ ქონების რეალური საბაზრო ღირებულების დამადასტურებელი წერილობითი მტკიცებულება ვერ წარადგინა.
აღნიშნულის საწინააღმდეგოდ მ.ბ-შვილმა სააპელაციო საჩივარში მიუთითა სადავო ბინის მყიდველის დ.გ-შვილის განმარტებაზე, რომელიც საქმეს თან ერთვის. ამასთან, სააპელაციო საჩივარში მ.ბ-შვილი კონკრეტულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით მიუთითებდა მ.ო-შვილის მიერ სადავო ნივთის არაკეთილსინდისიერად შეძენის თაობაზე. სასამართლოს დასახელებული მტკიცებულებებისათვის არანაირი შეფასება არ მიუცია, რითაც დაარღვია სსკ-ის 377-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით.
დავის გადაწყვეტისას სასამართლოს უნდა გამოყენებინა სკ-ის 1336-ე მუხლი, რომლის თანახმად, მემკვიდრეობის დროს გარდაცვლილის შვილები თანასწორი წილის უფლებით მემკვიდრეებად ითვლებიან. ამასთან, ამავე კოდექსის 1452-ე მუხლის მიხედვით, სამკვიდროს გაყოფა ხდება სამკვიდროს მიმღები მემკვიდრეების შეთანხმებით იმ წილის კვალობაზე, რაც თითოეულ მათგანს კანონით ან ანდერძით ერგებათ.
სასამართლომ შეფასების გარეშე დატოვა ის გარემოებაც, რომ მოპასუხე ე. შ-შვილის მიერ დარღვეულია სკ-ის 1467-ე მუხლის მოთხოვნა, რომლის მიხედვით, თითოეული თანამემკვიდრე მოვალეა, უზრუნველყოს სხვა თანამემკვიდრეთა მიერ შესაბამისი წილის მიღება.
საკასაციო სასამართლო, თანახმად სსკ-ის 412-ე მუხლის პირველი ნაწილისა, მოკლებულია შესაძლებლობას, იმსჯელოს ზემოხსენებულ გარემოებებზე, ვინაიდან სამკვიდრო ქონების ღირებულებასთან დაკავშირებით მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა და ფაქტობრივი გარემოებების დადგენაა საჭირო. აღნიშნული საოლქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველია.
საქმის ხელახლა განმხილველმა სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებები სრულად და ობიექტურად უნდა გამოკვლიოს და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცეს მას.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს მ.ბ-შვილის მოთხოვნას სსკ-ის 279-ე მუხლის «დ» ქვეპუნქტის შესაბამისად, საქმის წარმოების შეჩერების თაობაზე, იმ მოტივით, რომ, ე.შ-შვილის მიერ ყალბი დოკუმენტების დამზადებისა და გამოყენების გამო, სიღნაღის რაიონის შინაგან საქმეთა განყოფილებაში აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება. აღნიშნული ნორმით სასამართლო ვალდებულია, შეაჩეროს საქმის წარმოება, თუ საქმის განხილვა შეუძლებელია სხვა საქმის გადაწყვეტამდე, რომელიც განხილულ უნდა იქნეს სამოქალაქო, სისხლის სამართლის ან ადმინისტრაციული წესით. კასატორის განცხადება საქმის წარმოების შეჩერებასთან დაკავშირებით უსაფუძვლო, ვინაიდან არ არის დასაბუთებული ის გარემოებები, რომლებიც შეუძლებელს გახდის საქმის განხილვას.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მ. ბ-შვილი საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 17 დეკემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილვლად დაუბრუნდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს.
მ. ბ-შვილის მოთხოვნა საქმის წარმოების შეჩერების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.