დატოვებულია უცვლელად

სამოქალაქო 16.09.2005
საქმის ნომერი
ას-409-756-05
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
16.09.2005

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

ას-409-756-05 16 სექტემბერი, 2005წ. ქ.

თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა საკასაციო პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),ლ. ლაზარაშვილი,რ. ნადირიანი

დავის საგანი: ბინის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა.

აღწერილობითი ნაწილი:

2004წ. 4 მაისს თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართეს გ. ა-ას წარმომადგენლებმა ზ. ჯ-ამ და შ. რ-მა მოპასუხეების _ ნ. კ-ისა და მ. თ-ის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა 2004წ. 10 მარტს მოპასუხეთა შორის დადებული ბინის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა შემდეგი საფუძვლებით: 1979 წლიდან 2000 წლამდე მოსარჩელე რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა მოპასუხე ნ. კ-თან. ერთად ცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი. ამავე პერიოდში მათ სახელმწიფოსაგან მფლობელობაში მიიღეს თბილისში, ...... ქ.¹12-ში მდებარე ბინა ¹161. 1994 წელს განხორციელდა აღნიშნული ბინის პრივატიზაცია საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1992წ. 1 თებერვლის ¹107 დადგენილების შესაბამისად და აღირიცხა ნ. კ-ის სახელზე. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2000წ. 15 სექტემბრის გადაწყვეტილებით გაუქმდა ნ. კ-ისა და გ. ა-ას ქორწინების რეგისტრაციის შესახებ სააქტო ჩანაწერი. ნ. კ-მა გამოცვალა ბინის შესასვლელი კარის საკეტი და გ. ა-ას აღნიშნულ ბინაში ცხოვრების საშუალება აღარ ეძლეოდა. ამის გამო გ. ა-ამ 2003წ. 25 აგვისტოს სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს ზემოაღნიშნულ ბინაში საცხოვრებელი ფართის გამოყოფის მოთხოვნით. მოპასუხის მიერ შესაგებლის წარმოდგენის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ მისი თანხმობის გარეშე აღნიშნული ბინა ნ. კ-ს ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე გაუსხვისებია თავისი ძმის ცოლზე _ მ. თ-ზე. მოსარჩელის მოსაზრებით, სკ-ის 1159-ე-1160-ე მუხლების შესაბამისად, სარჩელი საფუძვლიანი იყო და ექვემდებარებოდა დაკმაყოფილებას.

თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004წ. 20 ივლისის განჩინებით საქმეში დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე მესამე პირად ჩაბმულ იქნა ნოტარიუსი თ. ვ-ე.

მოპასუხე ნ. კ-მა სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ 1994წ. პრივატიზების ხელშეკრულების საფუძველზე ბინა ირიცხებოდა მის სახელზე, შვილების სწავლის საფასურის გადასახდელად მან აიღო ვალები, რაც ცნობილი იყო მოპასუხისათვის, რომელმაც თვითონვე შესთავაზა მას ბინის გაყიდვა და ვალების გადახდა.

სარჩელი არ ცნო მოპასუხე მ. თ-მაც, რომელმაც განმარტა, რომ ბინა შეიძინა ნ. კ-ისაგან და არის ბინის მესაკუთრე. მისთვის ცნობილი იყო, რომ ნ. კ-ი განქორწინდა მეუღლესთან, რომელიც ცხოვრობდა თავის მშობლებთან რ-ნში და არ ერეოდა შვილების ცხოვრებაში. მან არ იცოდა, რომ გ. ა-ა ედავებოდა ნ. კ-ს. ნ. კ-ს ჰქონდა ვალები შვილების სწავლასთან დაკავშირებით და გ. ა-ამ თვითონვე შესთავაზა ბინის გაყიდვა.

თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004წ. 3 აგვისტოს გადაწყვეტილებით გ. ა-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა ხანდაზმულობის გამო. რაიონულმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე 1979 წლიდან 2000 წლამდე რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა მოპასუხე ნ. კ-თან. ერთად ცხოვრების პერიოდში მათ სახელმწიფოსაგან მფლობელობაში მიიღეს თბილისში, ...... მდებარე ბინა ¹161, სადაც ჩაწერილები იყვნენ შვილებთან ერთად. 1994 წელს განხორციელდა ბინის პრივატიზაცია და იგი აღირიცხა ნ. კ-ის სახელზე, სადაც შესაბამისად დარეგისტრირდნენ გ. ა-ა და ბავშვები. აღნიშნულ ბინა წარმოადგენდა მათ საერთო საკუთრებას. საქმეში არსებული წერილიდან, რომელიც გ. ა-ას მიწერილი ჰქონდა ნ. კ-ისადმი, ირკვეოდა, რომ გ. ა-ამ მას თანხმობა განუცხადა სადავო ბინის გაყიდვაზე ვალების გასტუმრების მიზნით, რაც ასევე დაადასტურეს სასამართლო სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენლებმაც. რაიონული სასამართლოს მოსაზრებით, ვერ იქნებოდა გაზიარებული მოსარჩელის მითითება იმის თაობაზე, რომ ნ. კ-ს უფლება არ ჰქონდა, გაესხვისებინა ბინა გ. ა-ას თანხმობის გარეშე, ვინაიდან პრივატიზების ხელშეკრულების გაფორმების დროს მოსაჩელემ გამოხატა თავისი ნება და თანხმობა მისცა ნ. კ-ს, თავისი კუთვნილი წილი საკუთრების უფლებით აღრიცხულიყო მის სახელზე. მოსარჩელეს უფლება ჰქონდა, მონაწილეობა მიეღო პრივატიზაციაში და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული ყოფილიყო როგორც მესაკუთრე, მაგრამ მას არ უსარგებლია ამ უფლებით.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელე გ. ა-ას წარმომადგენლებმა ზ. ჯ-ამ და შ. რ-მა, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება, სარჩელში მითითებული საფუძვლებით. აპელანტი ასევე მიუთითებდა, რომ რაიონულმა სასამართლომ სარჩელი არ დაკმაყოფილა ხანდაზმულობის მოტივით, მაშინ, როდესაც არ დაუსაბუთებია, თუ რატომ იყო მოთხოვნა ხანდაზმული, საიდან დაიწყო ხანდაზმულობის ვადის დენა და როდის დამთავრდა იგი. ამასთან, სარჩელი ვერ იქნებოდა ხანდაზმული, ვინაიდან იგი ითხოვდა 2004 წელს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილობას, სკ-ის 129-ე მუხლის თანახმად კი უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა შეადგენდა ექვს წელს. აპელანტი ასევე მიუთითებდა, რომ რაიონულმა სასამართლომ არასწორად მიიჩნია გ. ა-ას მიერ ხუთი წლის წინ ნ. კ-ისადმი მიწერილი წერილი უძრავი ქონების გასხვისებაზე თანხმობად, ვინაიდან ბინის გასხვისებისათვის საჭირო იყო თანამესაკუთრის ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა, რის მაგივრობასაც აღნიშნული წერილი ვერ გასწევდა.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 25 თებერვლის გადაწყვეტილებით გ. ა-ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა _ გაუქმდა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004წ. 3 აგვისტოს გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; გ. ა-ას სარჩელი დაკმაყოფილდა _ ბათილად იქნა ცნობილი ნ. კ-სა და მ. თანანაშვილს შორის დადებული 2004წ. ბინის ნასყიდობის ხელშეკრულება. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სადავო ბინა შეძენილი იყო მეუღლეთა თანაცხოვრების პერიოდში და სკ-ის 1158-ე მუხლის თანახმად წარმოადგენდა მეუღლეთა თანასაკუთრებას. სააპელაციო სასამართლომ ასევე დადგენილად ჩათვალა, რომ ბინა ნ. კ-ის მიერ გასხვისდა დავის პერიოდში, ანუ მას შემდეგ, რაც გ. ა-ამ მოითხოვა თანასაკუთრებიდან თავისი წილი. სკ-ის 1160-ე მუხლის თანახმად, ერთ-ერთი მეუღლის მიერ ქონების განკარგვასთან დაკავშირებით დადებული გარიგება ბათილი იყო, თუ ქონების განმკარგავ მეუღლეს არ ჰქონდა ამის უფლებამოსილება და დამტკიცებული იქნებოდა, რომ მან იცოდა ან უნდა სცოდნოდა, რომ მას ასეთი უფლება არ გააჩნდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, გარიგება მიჩნეული უნდა ყოფილიყო ბათილად, ვინაიდან მოწინააღმდეგე მხარემ იცოდა, რომ გ. ა-ა დაობდა ბინის წილზე და გაასხვისა ბინა რძალზე, რომელმაც ასევე იცოდა ან უნდა სცოდნოდა, რომ კ-ს არ ჰქონდა ეს უფლება. სკ-ის 185-ე მუხლის თანახმად, განსხვისებელი მხოლოდ მაშინ ითვლებოდა მესაკუთრეს, როდესაც ასეთად იყო რეგისტრირებული საჯარო რეესტრში, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა შემძენმა იცოდა ან უნდა სცოდნოდა, რომ გამსხვისებელი არ იყო მესაკუთრე. სააპელაციო სასამართლომ ასევე არ გაიზიარა რაიონული სასამართლოს მოსაზრება, რომ გ. ა-ამ ბინის პრივატიზაციისას განაცხადა თანხმობა ბინის მეუღლის სახელზე აღრიცხვის შესახებ და ახალი თანხმობა მისგან აღარ იყო საჭირო. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, ბინის პრივატიზაციისას გაცემული თანხმობები ვერ ჩაითვლებოდა უძრავ ნივთზე უფლების მოტოვებად.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ნ. კ-მა და მ. თ-მა, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. კასატორების მითითებით, მოცემულ შემთხვევაში ბინის ნასყიდობისას დაცული იყო სამოქალაქო კოდექის 183-ე მუხლის მოთხოვნა, რომლის თანახმად, უძრავ ნივთზე საკუთრების შეძენისათვის აუცილებელია სანოტარო წესით დამოწმებული საბუთი და შემძენის რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. გ. ა-ა იყო არა თანამესაკუთრე, არამედ თანასაკუთრების უფლების მქონე. მას თავისი უფლება უნდა დაერეგისტრირებინა საჯარო რეესტრში. აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა სკ-ის 1158-ე მუხლი და არ გამოიყენა 183-ე მუხლი. ასევე არასწორი იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ იმაზე მითითება, რომ მ. თ-მა იცოდა ან უნდა სცოდნოდა, რომ ბინის მესაკუთრე არ იყო ნ. კ-ი. სკ-ის 185-ე მუხლის შესაბამისად, დაცული იყო შემძენის ინტერესები, რომელიც ამ შემთხვევაში ყველაზე მეტად ზარალდებოდა. მ. თ-მა იცოდა, რომ გ. ა-ა და ნ. კ-ი იყვნენ განქორწინებული, მან, აგრეთვე, იცოდა, რომ თავად გ. ა-ას სურვილი იყო, ბინის გაყიდვით გაესტუმრებინა ვალები. ის გარემოება კი, რომ გ. ა-ას სარჩელი ჰქონდა შეტანილი აღნიშნულ ბინასთან დაკავშირებით, მისთვის ცნობილი არ ყოფილა. კასატორთა მოსაზრებით, ნასყიდობის ხელშეკრულება დადებული იყო კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით. სანოტარო მოქმედების შესრულების წესის ინსტრუქციის მე-40 მუხლის თანახმად, თუ გარიგების საგანი იყო პრივატიზებული ბინა და იგი პრივატიზაციის შემდეგ პირველად უნდა გასხვისებულიყო, ნოტარიუსი ვალდებული იყო, გამოეთხოვა მხოლოდ იმ პირთა თანხმობები, რომელთა თანხმობა არ გამოთხოვილა ბინის პრივატიზაციის დროს. ამდენად, მ. თ-ი იყო კეთილსინდისიერი შემძენი და არ არსებობდა ნასყიდობის ხელშეკრულების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრების საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. კ-ისა და მ. თ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 25 თებერვლის გადაწყვეტილება, შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ სადავო ბინა შეძენილია მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში და წარმოადგენს მათ თანასაკუთრებას. ასევე დადგენილია, რომ აღნიშნული ბინა გ. ა-ას მიერ აღნიშნული ბინიდან წილის სასამართლო წესით მოთხოვნის შემდეგ ნ. კ-მა გაასხვისა თავის რძალზე, კასატორ მ. თ-ზე. კასატორები სადავოდ არ ხდიან ქორწინების პერიოდში ბინის შეძენას, მაგრამ ისინი სადავოდ მიიჩნევენ სააპელაციო სასამართლოს დასკვნას იმის თაობაზე, რომ გ. ა-ა წარმოადგენდა ბინის თანამესაკუთრეს, ვინაიდან გ. ა-ას არ დაურეგისტრირებია საჯარო რეესტრში თავისი საკუთრების უფლება. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორების აღნიშნულ მოსაზრებას. სკ-ის 1158-ე მუხლის თანახმად, მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება წარმოადგენს მათ საერთო ქონებას (თანასაკუთრებას), თუ მათ შორის საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი. ის გარემოება, რომ გ. ა-ას თავისი თანასაკუთრების უფლება არ აღურიცხავს საჯარო რეესტრში, მას არ ართმევდა უფლებას საერთო ქონებაზე და არ უკრძალავდა, შემდგომში, თუნდაც განქორწინების შემდეგ, მოეთხოვა აღნიშნული უფლების რეგისტრაცია. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში ბინის გამსხვისებელი _ ნ. კ-ი არ იყო ბინის ერთადერთი მესაკუთრე, ხოლო სკ-ის 1160-ე მუხლის თანახმად, ერთ-ერთი მეუღლის მიერ ქონების განკარგვასთან დაკავშირებით დადებული გარიგება შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი მეორე მეუღლის მოთხოვნით, თუ ამ ქონების განმკარგავ მეუღლეს არ ჰქონდა ამის უფლებამოსილება და დამტკიცებული იქნება, რომ მან იცოდა ან უნდა სცოდნოდა, რომ მას ასეთი უფლება არ ჰქონდა.

საკასაციო სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს კასატორების მითითებას იმის თაობაზე, რომ მ. თ-ი წარმოადგენს სადავო ბინის კეთილსინდისიერ შემძენს, რის გამოც სკ-ის 185-ე მუხლის თანახმად დაცული უნდა იყოს მისი უფლებები. სკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კეთილსინდისიერად არ ჩაითვლება შემძენი, თუ მან იცოდა ან უნდა სცოდნოდა, რომ გამსხვისებელი არ იყო მესაკუთრე; კეთილსინდისიერების ფაქტი უნდა არსებობდეს ნივთის გადაცემამდე. დადგენილია, რომ მ. თ-ი არის მოპასუხე ნ. კ-ის ძმის ცოლი და ბუნებრივია, საქმის კურსში უნდა ყოფილიყო, რომ ბინა შეძენილი იყო მეუღლეთა თანაცხოვრების დროს. მიუხედავად ამისა, მან ნ. კ-თან დადო ბინის ნასყიდობის ხელშეკრულება გ. ა-ას თანხმობის გარეშე. ამდენად, მ. თ-ი ვერ ჩაითვლება კეთილსინდისიერად იმ ფაქტის მიმართ, რომ გამსხვისებელი არ იყო ნივთის ერთადერთი მესაკუთრე.

სკ-ის 185-ე მუხლის თანახმად, შემძენის ინტერესებიდან გამომდინარე, გამსხვისებელი ითვლება მესაკუთრედ, თუ იგი ასეთად რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა შემძენმა იცოდა, რომ გამსხვისებელი არ იყო მესაკუთრე. ამდენად, მოცემული მუხლით საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ გამსხვისებელს მესაკუთრედ აღიარება ემსახურება მხოლოდ კეთილსინდისიერი შემძენის ინტერესების დაცვას, ხოლო როდესაც შემძენმა იცის ან უნდა იცოდეს, რომ გამსხვისებელი არ არის ნივთის ერთადერთი მესაკუთრე, იგი ვერ ისარგებლებს ამ მუხლით მინიჭებული დაცვის უფლებით.

მოცემულ შემთხვევაში ასევე ვერ იმოქმედებს საჯარო რეესტრის ჩანაწერების უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, რაც სკ-ის 312-ე მუხლშია მოცემული. აღნიშნული მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, რეესტრის ჩანაწერები მხოლოდ იმ შემთხვევაში ითვლება სწორად, თუ ამ ჩანაწერის საწინააღმდეგოდ შეტანილი არ არის საჩივარი ან შემძენმა არ იცის, რომ ჩანაწერი უზუსტოა. საქმეზე დადგენილია, რომ სადავო ნასყიდობის ხელშეკრულების დადებამდე მოსარჩელე გ. ა-ას შეტანილი ჰქონდა სარჩელი ბინის თანასაკუთრებიდან წილის გამოყოფის თაობაზე, ასევე, შემძენმა მ. თ-მა, როგორც მოსარჩელის ოჯახის ნათესავმა, იცოდა მეუღლეთა ქორწინების პერიოდში სადავო ბინის შეძენისა და ამდენად, ჩანაწერის უზუსტობის თაობაზე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს საფუძველს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისათვის. სსკ-ის 410-ე მუხლის საფუძველზე არ არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ. კ-ისა და მ. თ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 25 თებერვლის გადაწყვეტილება;

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.