დაუშვებლად იქნა ცნობილი

ადმინისტრაციული 01.02.2024
საქმის ნომერი
ბს-821(კ-23)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
01.02.2024

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№ბს-821(კ-23) 1 თებერვალი, 2024 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, თამარ ოქროპირიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 8 მაისის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - ე. ჯ-ე).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ე. ჯ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ.

მოსარჩელემ მოითხოვა, დაევალოს მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ზიანის სახით, მოსარჩელე ე. ჯ-ის სასარგებლოდ, მიუღებელი სახელმწიფო კომპენსაციის ანაზღაურება, 2016 წლის 1 ნოემბრიდან 2022 წლის 1 მარტამდე, ყოველთვიურად 240 ლარის ოდენობით, ჯამში 15 360 ლარი.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილებით ე. ჯ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. დაევალა მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ზიანის სახით, მოსარჩელე ე. ჯ-ის სასარგებლოდ, მიუღებელი სახელმწიფო კომპენსაციის ანაზღაურება, 2016 წლის 1 ნოემბრიდან 2022 წლის 1 მარტამდე, ყოველთვიურად 240 ლარის ოდენობით, ჯამში 15 360 ლარი.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 8 მაისის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილება.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 8 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.

კასატორი აღნიშნავს, რომ ... პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის 2017 წლის 15 ნოემბრის №1099550 წერილით ე. ჯ-ეს განემარტა, რომ პირად საქმეში არსებული საბუთებისა და წარმოდგენილი შრომის წიგნაკის დამოწმებული ასლის მიხედვით, 1985 წლის 22 აპრილიდან 1987 წლის 9 მაისამდე, 1993 წლის 25 მარტიდან 1996 წლის 14 იანვრამდე, 1997 წლის 20 იანვრიდან 1998 წლის 4 აპრილამდე, 2007 წლის 20 აგვისტოდან 2016 წლის 20 ოქტომბრამდე შეიარაღებული ძალების რიგებში მისი ნამსახურობა შეადგენდა 15 წელს, 2 თვესა და 20 დღეს, ხოლო 1984 წლის 31 დეკემბრიდან 1985 წლის 22 აპრილამდე, 1987 წლის 3 ივნისიდან 5 სექტემბრამდე და 1990 წლის 10 ოქტომბრიდან 1993 წლის 15 თებერვლამდე შრომის სტაჟი შეადგენდა 2 წელს, 10 თვეს და 28 დღეს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საერთო შრომის სტაჟი შეადგენდა 20-ზე ნაკლებ კალენდარულ წელს. მოსარჩელეს ასევე განემარტა, რომ 1987 წლის 1 სექტემბრიდან 1990 წლის 29 აპრილამდე ტექნიკუმში სწავლის პერიოდი (2 წელი, 7 თვე და 28 დღე) ვერ ჩაეთვლებოდა შრომის სტაჟში, შესაბამისად, მისი მოთხოვნა წელთა ნამსახურობის დაანგარიშების შესახებ, არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელის მიერ გასაჩივრდა სასამართლოში. სასამართლოს მიერ ე. ჯ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალა აქტის გამოცემა, რომლითაც მოსარჩელის ნამსახურობა აღემატება 20 კალენდარულ წელს.

სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრის 2022 წლის 21 თებერვლის №205994 წერილით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ...ს რაიონულ განყოფილებაში გადაიგზავნა სამინისტროს მიერ მოძიებული დოკუმენტაცია მოსარჩელის შესახებ.

კასატორის მოსაზრებით, არც დღევანდელი და არც სადავო პერიოდისათვის არსებული მოცემულობით, არ არსებობდა საკანონმდებლო საფუძველი, რომელიც საშუალებას მისცემდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ტექნიკუმში სწავლის პერიოდი მიეჩნია შრომის სტაჟად. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მოქმედებდა იმპერატიული დანაწესების საფუძველზე, არსებული მოცემულობა კი ჩამოყალიბდა სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, რომელსაც საშუალება მიეცა კანონი განემარტა თავისი შეხედულებისამებრ, რაც ხაზს უსვამს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს არაბრალეულობის ფაქტს და გამორიცხავს მისი მხრიდან ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 31 ივლისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში.

საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ... პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის 2017 წლის 15 ნოემბრის №MOD 1 17 01099550 წერილით, ე. ჯ-ეს 2016 წლის 8 ივლისის №626426 განცხადების პასუხად ეცნობა, რომ პირად საქმეში არსებული საბუთებისა და წარდგენილი შრომის წიგნაკის დამოწმებული ასლის მიხედვით, 1985 წლის 22 აპრილიდან 1987 წლის 9 მაისამდე, 1993 წლის 25 მარტიდან 1996 წლის 14 იანვრამდე, 1997 წლის 20 იანვრიდან 1998 წლის 4 აპრილამდე, 2007 წლის 20 აგვისტოდან 2016 წლის 20 ოქტომბრამდე შეიარაღებული ძალების რიგებში მისი ნამსახურობა შეადგენდა 15 კალენდარულ წელს, 2 თვესა და 20 დღეს, ხოლო 1984 წლის 31 დეკემბრიდან 1985 წლის 22 აპრილამდე, 1987 წლის 3 ივნისიდან 5 სექტემბრამდე და 1990 წლის 10 ოქტომბრიდან 1993 წლის 15 თებერვლამდე შრომის სტაჟი შეადგენდა 2 წელს, 10 თვეს და 28 დღეს, რის გამოც, საერთო შრომის სტაჟი შეადგენდა 20-ზე ნაკლებ კალენდარულ წელს. ამავე გადაწყვეტილებით მხარეს განემარტა, რომ 1987 წლის 1 სექტემბრიდან 1990 წლის 29 აპრილამდე ტექნიკუმში სწავლის პერიოდი (2 წელი, 7 თვე და 28 დღე) ვერ ჩაეთვლებოდა შრომის სტაჟში. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვერ დაკმაყოფილდებოდა ე. ჯ-ის მოთხოვნა წელთა ნამსახურობის დაანგარიშების შესახებ სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის საკითხთან დაკავშირებით (ს.ფ. 86-87); ბ) საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2016 წლის 13 ოქტომბრის №MOD 9 16 00006471 ბრძანებით ემელიანე ნოდარის ძე ჯავახაძე დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა და საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან რეზერვში დათხოვნილ იქნა 2016 წლის 20 ოქტომბრიდან (ს.ფ 91); გ) ე. ჯ-ის მიერ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ... პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის 2017 წლის 15 ნოემბრის №MOD 1 17 01099550 წერილი გასაჩივრდა სასამართლოში. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 14 ივნისის №3/8345-17 გადაწყვეტილებით ე. ჯ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ... პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის 2017 წლის 15 ნოემბრის №MOD 1 17 01099550 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და მოპასუხეს დაევალა მოსარჩელის განცხადების განხილვა და ახალი აქტის გამოცემა, რომლითაც ე. ჯ-ის ნამსახურობა აღემატებოდა 20 კალენდარულ წელს. აღნიშნული გადაწყვეტილებით მიჩნეულ იქნა, რომ ე. ჯ-ის 1987 წლის 1 სექტემბრიდან 1990 წლის 29 აპრილამდე ტექნიკუმში სწავლის პერიოდი (2 წელი, 7 თვე და 28 დღე) ითვლებოდა საერთო შრომის სტაჟში (ს.ფ 15-26); დ) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 4 დეკემბრის №3ბ/450-19 განჩინებითა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 16 ნოემბრის №ბს-644(კ-20) განჩინებით უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 14 ივნისის №3/8345-17 გადაწყვეტილება (ს.ფ 27-44); ე) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრის 2022 წლის 21 თებერვლის წერილით ე. ჯ-ისთვის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით დოკუმენტები გადაიგზავნა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ...ს რაიონულ განყოფილებაში და მოსარჩელეს დაენიშნა სახელმწიფო კომპენსაცია 2022 წლის 1 მარტიდან, 240 ლარის ოდენობით ცვლილებამდე (ს.ფ. 46, 92); ვ) ე. ჯ-ემ 2022 წლის 28 მარტს №1057 განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ...ს რაიონულ განყოფილებას და გასული პერიოდის სახელმწიფო გასაცემლის ანაზღაურება მოითხოვა. აღნიშნული წერილის პასუხად, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ...ს რაიონული განყოფილების 2022 წლის 18 მარტის №04-06-12/966 წერილით ე. ჯ-ეს განემარტა, რომ გასული პერიოდის სახელმწიფო გასაცემლის ანაზღაურებასთან დაკავშირებით მისი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, ვინაიდან „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 თავის 27-ე მუხლის შესაბამისად, სახელმწიფო კომპენსაცია/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდია ინიშნება განცხადებისა და საჭირო დოკუმენტების წარდგენის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან (დანიშვნის საფუძვლის წარმოშობის შემთხვევაში) (ს.ფ 46).

საკასაციო პალატა მიუთითებს „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის მიხედვით, სახელმწიფო კომპენსაცია ენიშნებათ ამ კანონის პირველ მუხლში ჩამოთვლილ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებსაც სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის დღეს აქვთ წელთა ნამსახურობის 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი, აგრეთვე იმ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც იძულებით იყვნენ დათხოვნილი 1956 წელს ქართული სამხედრო შენაერთის (დივიზიის) დაშლის დროს და აქვთ შეიარაღებულ ძალებში წელთა ნამსახურობის 10 და 10-ზე მეტი კალენდარული წელი და შრომის საერთო სტაჟი 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი; აგრეთვე საქართველოს შეიარაღებული ძალების იმ მოსამსახურეებს, რომლებიც შევიდნენ სამხედრო სამსახურში 1991-დან 1995 წლამდე და დათხოვნილი იქნენ ზღვრული ასაკის გამო, აქვთ შეიარაღებულ ძალებში წელთა ნამსახურობის 10 კალენდარული წელი მაინც და შრომის საერთო სტაჟი 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი.

„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” საქართველოს კანონის 26-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის თაობაზე განცხადება ყველა საჭირო დოკუმენტთან ერთად წარედგინება კომპეტენტურ ორგანოს. ამავე კანონის 27-ე მუხლის მიხედვით, (1) კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის თაობაზე განცხადებას კომპეტენტური ორგანო განიხილავს განცხადებისა და ყველა საჭირო დოკუმენტის წარდგენიდან არა უგვიანეს 15 დღისა; (2) კომპეტენტური ორგანოს მიერ კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში კომპენსაცია/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდია ინიშნება განცხადებისა და საჭირო დოკუმენტების წარდგენის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, თუ განცხადება და საჭირო დოკუმენტები წარდგენილია კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის საფუძვლის წარმოშობის თვეში ან ამ საფუძვლის წარმოშობის შემდეგ ნებისმიერ დროს და ისინი აკმაყოფილებენ ამ კანონით გათვალისწინებულ კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მიღების პირობებს, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის №46/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტისა და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესის“ მე-15 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, კომპენსაციას შესაბამისი განცხადების საფუძველზე ნიშნავს სააგენტო. განაცხადს თან უნდა ერთოდეს შესაბამისი უწყების წარდგინება, რომელიც მზადდება კანონით გათვალისწინებული პირობების დაკმაყოფილების საფუძველზე და თან ერთვის ყველა საჭირო დოკუმენტი.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციით აღიარებულია სახელმწიფო ორგანოებისა და მოსამსახურეთაგან უკანონოდ მიყენებული ზიანის ანაზღაურების უფლება, კერძოდ, კონსტიტუციის 18.4 მუხლის მიხედვით, ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსაგან ან მოსამსახურისაგან უკანონოდ მიყენებული ზიანის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან. ანალოგიური შინაარსის დათქმას ითვალისწინებდა საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტი. საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული უფლების რეალიზაციას ემსახურება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის XIV თავი (207-209 მუხლები), რომელიც უშუალოდ აწესრიგებს ადმინისტრაციული ორგანოს პასუხისმგებლობის საკითხს, კერძოდ, 208-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან ამ ორგანოს სხვა სახელმწიფო მოსამსახურის ან საჯარო მოსამსახურის (გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული საჯარო მოსამსახურისა) მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს, რომ ზიანის ანაზღაურებისთვის უნდა არსებობდეს შესაბამისი წინაპირობები. კერძოდ, პირის მართლსაწინააღმდეგო მოქმედება (უმოქმედობა), დამდგარი ზიანი, მიზეზშედეგობრივი კავშირის არსებობა ქმედებასა და შედეგს შორის და ზიანის მიმყენებლის ბრალეულობა.

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელემ 2016 წლის 8 ივლისს მიმართა კომპეტენტურ ორგანოს (ს.ფ 86) სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის საკითხთან დაკავშირებით წელთა ნამსახურობის დაანგარიშების მიზნით, რის პასუხადაც ადმინისტრაციულმა ორგანომ მიიჩნია, რომ ე. ჯ-ის ნამსახურობა არ შეადგენდა 20 წელს. საკასაციო პალატა კიდევ ერთხელ ამახვილებს ყურადღებას კანონიერ ძალაში შესულ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 14 ივნისის №3/8345-17 გადაწყვეტილებაზე, რომლის საფუძველზეც ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ... პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის 2017 წლის 15 ნოემბრის №MOD 1 17 01099550 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და მოპასუხეს დაევალა მოსარჩელის განცხადების განხილვა და ახალი აქტის გამოცემა, რომლითაც ე. ჯ-ის ნამსახურობა აღემატებოდა 20 კალენდარულ წელს. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელეს უსაფუძვლოდ ეთქვა უარი მის მიმართ 1987 წლის 1 სექტემბრიდან 1990 წლის 29 აპრილამდე სწავლის პერიოდის საერთო წელთა ნამსახურობაში ჩათვლაზე, რაც საერთო ჯამში შეადგენდა 20 კალენდარულ წელზე მეტს. მიუხედავად აღნიშნულისა, მოსარჩელეს სახელმწიფო კომპენსაცია დაენიშნა 2022 წლის 1 მარტიდან. ცალსახაა, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ კანონშესაბამისად მოქმედების შემთხვევაში, ე. ჯ-ეს კომპენსაცია დაენიშნებოდა არა 2022 წლის 1 მარტიდან, არამედ დანიშნული ექნებოდა სადავო პერიოდში (2016 წლის 1 ნოემბერი - 2022 წლის 1 მარტი). შესაბამისად, სწორედ ორგანოს უკანონო, ბრალეულმა ქმედებამ დააბრკოლა კომპენსაციის დროული დანიშვნა, რითაც წარმოშვა ზიანი. ის, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო არ ეთანხმება სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და მათ სამართლებრივ შეფასებას, არ ქმნის მოპასუხის ზიანის ანაზღაურების ვალდებულებისაგან გათავისუფლების საფუძველს. მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა მიზეზშედეგობრივი კავშირი მოსარჩელის მიერ განცდილ მატერიალურ ზიანსა და მოპასუხის მიერ განხორციელებულ ქმედებას შორის. ამდენად, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოთა მიერ მოპასუხე მხარეს მართებულად დაევალა ზიანის სახით, მიუღებელი სახელმწიფო კომპენსაციის ანაზღაურება 2016 წლის 1 ნოემბრიდან, 2022 წლის 1 მარტამდე 15 360 ლარის ოდენობით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 8 მაისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: გ. მაკარიძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

თ. ოქროპირიძე