დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
ას-741-1010-05 16 თებერვალი, 2006 წ.
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე)
თეიმურაზ თოდრია (მომხსენებელი), როზა ნადირიანი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - ვ. ჯ-ძე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარეები - ნ. გ-ძე, კ., ე., ქ.
ი.იანები, ლ. ს.ია, მ. ჯ-ძე, მ. ბ-ძე (მოპასუხეები)
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 15 თებერვლის განჩინება
დავის საგანი - ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა და სხვისი უკანონო მფლობელობიდან ქონების გამოთხოვა
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ვ. ჯ-ძემ სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხეების- ნ. გ-ძის, კ., ე. და ქ. ი.იანების, ლ. ს.იას, მ. ჯ-ძისა და მ. ბ-ძის მიმართ. მოსარჩელემ განმარტა, რომ 1982 წლის 27 ნოემბერს რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა მოპასუხე მ. ჯ-ძესთან. 1985 წელს შეეძინა ქალიშვილი ქ.ი, ხოლო 1988 წელს – ვაჟიშვილი ი.. მოსარჩელემ და მისმა მეუღლემ მ. ჯ-ძემ, სამეთვალყურეო საბჭოს ¹7 სხდომის ოქმის საფუძველზე, 1997 წელს შეიძინეს სს «...» არასაცხოვრებელი ფართი, მდებარე ქ.თბილისში, ... ¹49 ბ-ში, რაშიც გადაიხადეს 4000 ლარი. აღნიშნული ფართობი მათ მიერ გადააკეთეს საცხოვრებელ ბინად. პირადი პრობლემების გამო მოსარჩელე ვ.ჯ-ძე საცხოვრებლად გადავიდა ... ¹31-ში. სადავო ბინაში დარჩა მოპასუხე მ. ჯ-ძე ვაჟიშვილთან ერთად.
მოსარჩელის განმარტებით, 2001 წელს მ. ჯ-ძემ გააფორმა იპოთეკის ხელშეკრულება ინგა სულხანიშვილთან და ფული მისცა კ. ი.იანს, რათა მას დაემთავრებინა ქობულეთის ბინის მშენებლობა; ვინაიდან სესხი იყო მოკლევადიანი და მაღალი პროცენტით, მ.ჯ-ძემ და კ.ი.იანმა გადაწყვიტეს, რომ სესხი გამოეტანათ გაერთიანებული ქართული ბანკიდან. ბანკის მოთხოვნის საფუძველზე, ვინაიდან სესხი ესაჭიროებოდა კ.ი.იანს, ბინა რომლის ჩადებასაც აპირებდნენ სესხის უზრუნველსაყოფად უნდა ყოფილიყო კ.ი.იანის სახელზე. ამ მიზნით, 2001 წლის 24 ოქტომბერს, ნოტარიუს მ. ბ-ძესთან მ.ჯ-ძემ და კ.ი.იანმა გააფორმეს ნასყიდობის ხელშეკრულება სადავო ბინის გასხვისების თაობაზე. მოსარჩელე მიუთითებს, რომ იმის გამო, რომ ხელშეკრულება დადებული იყო მთელი რიგი დარღვევებით, კერძოდ, გაპარული იყო უზუსტობები ნასყიდობის ხელშეკრულებასა და საჯარო რეესტრის ამონაწერს შორის, ბანკმა არ ჩათვალა საჭიროდ სესხის გაცემა. მოსარჩელისათვის 2003 წლის ზაფხულში ცნობილი გახდა, რომ კ.ი.იანის გარდაცვალების შემდეგ, მის ნათესავებს სახლიდან გამოუგდიათ მ. ჯ-ძე, ვინაიდან თვლიან, რომ ბინა მათი საკუთრებაა. მოსარჩელეს მიაჩნია, რომ სადავო ბინა მდებარე ქ.თბილისში, ... ¹49 ბ, წარმოადგენს თანასაკუთრებას; კ.ი.იანი ვერ ჩაითვლება კეთილსინდისიერ შემძენად, ვინაიდან ხელშეკრულების დადების მომენტისათვის მისთვის ცნობილი იყო, რომ მ.ჯ-ძე იყო მისი მეუღლე.
ვ. ჯ-ძემ სარჩელით მოითხოვა, ბათილად იქნეს ცნობილი 2001 წლის 24 ოქტომბრის ნასყიდობის ხელშეკრულება, ვინაიდან მ.ჯ-ძეს არ ჰქონდა ქონების გასხვისების უფლება. ამასთან, მოსარჩელემ მოითხოვა ნ. გ-ძის გამოსახლება სადავო ბინიდან.
მოპასუხეებმა კ. და ე. ი.იანებმა სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ მოსარჩელეს სადავო ბინასთან დაკავშირებით არავითარი უფლება არ ჰქონია; რეალურად, სადავო ბინა ეკუთვნოდა აწ გარდაცვლილ კ. ი.იანს; მ. ჯ-ძე თავისი ხელწერილით ადასტურებს, რომ მან ბინა შეიძინა კ.ი.იანის თხოვნით; მ. ჯ-ძე და კ. ი.იანი ცხოვრობდნენ ერთად, თუმცა კ.ი.იანს ჰყავდა კანონისმიერი მეუღლე ლ. ს.ია, რომელთანაც იგი გარდაცვალებამდე რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა.
ქ.თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილებით ვ. ჯ-ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
რაიონულმა სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა შემდეგი საფუძვლით: დადგენილად ცნო ფაქტობრივი გარემოება, რომ ვლ.ჯ-ძე და მ.ჯ-ძე 1982 წლის 27 ნოემბრიდან იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში. 1997 წლის სექტემბერს დადებული უძრავი ქონების ხელშეკრულების თანახმად, სს «...» გენერალურმა დირექტორმა გ.გოცირიძემ გაყიდა, ხოლო მ.ჯ-ძემ იყიდა მთელი არასაცხოვრებელი სს «...» კუთვნილი ბავშვთა საჭყუმპალაოს ლიტერ «ბ» ფართიდან 85/717 წილი, მდებარე ქ.თბილისში,. ... ¹49 ბ-ში, რომელშიც ამ უკანასკნელმა გადაიხადა 4000 ლარი. დადგენილად ცნო ისიც, რომ 2001 წლის 24 ოქტომბრის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებით მ.ჯ-ძემ მის სახელზე საკუთრების უფლებით რიცხული ბინა მიჰყიდა კ. ი.იანს. რაიონულმა სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ სადავო ბინა გაყიდული იქნა სამოქალაქო კოდექსის ნორმებით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევით, რადგან მიიჩნია, სადავო ბინა გასხვისდა, როგორც სამოქალაქო კედექსის, ასევე «ნოტარიუსის მიერ სანოტარო მოქმედებების შესრულების წესების შესახებ» ინსტრუქციის მოთხოვნათა დაცვით.
რაიონული სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ვ. ჯ-ძემ.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 15 თებერვლის განჩინებით ვ. ჯ-ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა ქ.თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ განჩინება გამოიტანა შემდეგი საფუძვლით: დადგენილად ცნო, რომ სადავო ბინა გასხვისდა კანონის სრული დაცვით, კერძოდ, მიიჩნია, რომ კ.ი.იანსა და ვლ.ჯ-ძეს შორის ნასყიდობის ხელშეკრულება დაიდო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ნასყიდობის ხელშეკრულება მოჩვენებით არის დადებული და ამიტომ იგი ბათილად უნდა იქნეს ცნობილი, რადგან ჩათვალა, რომ სადავო გარიგებას იურიდიული შედეგი მოჰყვა. სადავო ბინა სანოტარო ხელშეკრულების საფუძველზე გადაეცა კ.ი.იანს და იგი აღირიცხა მის მესაკუთრედ. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სწორია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ვ. ჯ-ძემ, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ სათანადოდ არ შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები, კერძოდ, კასატორი მიუთითებს, რომ 1997 წლის 3 სექტემბერს მეუღლესთან ერთად, სს «...» შეიძინა ფართი, რომლის თანამესაკუთრეა. სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლის თანახმად, თანასაკუთრებაში მყოფ ქონებაზე კი მეუღლეებს აქვთ თანაბარი უფლებები და განკარგვაც ხორციელდება მეუღლეთა შეთანხმებით. კასატორის მოსაზრებით, კ. ი.იანი არ წარმოადგენდა კეთილსინდისიერ შემძენს, რადგან მისთვის ცნობილი იყო, რომ ჯ-ძეს ჰყავდა კანონიერი მეუღლე. კასატორი მიუთითებს ასევე, რომ მხარეთა შორის დაიდო მოჩვენებითი გარიგება, რომელიც მიზნად ისახავდა ბანკიდან სესხის გამოტანას. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1159-ე და 1160-ე მუხლები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.
საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ არ არის წარმოდგენილი დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. კონკრეტულ შემთხვევაში დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს, რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება და ამის შედეგად არასწორად სამართლებრივ-მატერიალური ნორმის გამოყენება ან განმარტება.
სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ მ. ჯ-ძე და ვ. ჯ-ძე რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ 1982 წლიდან.
2001 წლის 24 ოქტომბერს ბინაზე, მდებარე თბილისში, ... ¹49-ში დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება მ. ჯ-ძესა და კ. ი.იანს შორის.
კასატორის საკასაციო საჩივარი ემყარება მოსაზრებებს იმის შესახებ, რომ მისმა მეუღლემ (მ. ჯ-ძემ) იცოდა, რომ მისი ნებართვის გარეშე სადავო ქონების გასხვისება დაუშვებული იყო. ამასთან ერთად, კასატორი აღნიშნავს, რომ მ. ჯ-ძისათვის, აგრეთვე ცნობილი იყო თავისი უფლებამოსილების შეზღუდვის შესახებ, რაც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე და 1160-ე მუხლების თანახმად გარიგების ბათილად ცნობის საფუძველია.
საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად განმარტა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლი, კერძოდ, აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება წარმოადგენს მათ საერთო ქონებას (თანასაკუთრებას), თუ მათ შორის საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი. ამავე კანონის 1159-ე მუხლით გათვალისწინებულია მეუღლეთა თანასაკუთრებაში არსებული ქონებაზე ურთიერთშეთანხმებით მართვის უფლება.
უპირველეს ყოვლისა, გასათვალისწინებელია, რომ აღნიშნული ნორმებით რეგულირდება მეუღლეთა შორის კანონით დადგენილი ქონებრივი უფლებები და ვალდებულებები ანუ მეუღლეთა შორის წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობები.
სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ მ. ჯ-ძე და ვ. ჯ-ძე რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ 1982 წლიდან და სადავო ბინა წარმოადგენდა მეუღლეთა საერთო საკუთრებას.
კასატორი არ უთითებს იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებსაც შეეძლო გამოეწვია სამართლებრივ-მატერიალური ნორმის არასწორი გამოყენება ან განმარტება. კასატორი საკასაციო საჩივარში უთითებს ახსნა-განმარტებებზე და აღნიშნავს: «კ. ი.იანისათვის ცნობილი იყო, რომ მ. ჯ-ძე არ წარმოადგენდა ამ ქონების ერთპიროვნულ მესაკუთრეს, რომ საჯარო რეესტრის ჩანაწერები უზუსტო იყო და მაინც დადო გარიგება, რომელიც სამართლებრივი თვალსაზრისით წარმოადგენდა მოჩვენებით გარიგებას, ვინაიდან მიზნად ისახავდა კ. ი.იანის მიერ ბანკიდან სესხის გამოტანას და არა ბინის რეალურ შეძენას.»
საკასაციო პალატა თვლის, რომ კონკრეტულ შემთხვევაში აღნიშნული ახსნა-განმარტებები არ შეიძლება, მივიჩნიოდ იმ იურიდიულ ფაქტებად, რასაც ითვალისწინებენ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1160-ე და 56-ე მუხლები.
საკასაციო პალატა თვლის, რომ მ. ჯ-ძის მიერ მეუღლეთა თანასაკუთრებაში არსებული ბინის განსხვისების შესახებ გარიგების ბათილად ცნობას საფუძვლად არ შეიძლება, დაედოს მისი მეუღლის თანხმობის არარსებობა.
სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ საკუთრების უფლება სადავო ბინაზე საჯარო რეესტრში რეგისტრირებული იყო მ. ჯ-ძის სახელზე საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლის თანახმად. გასათვალისწინებელია, რომ აღნიშნული სანივთო-სამართლებრივი ნორმა იმპერატიულად განსაზღვრავს უძრავი ნივთის შეძენის სამართლებრივ საფუძვლებს. აღნიშნული ნორმა წარმოადგენს სპეციალურ ნორმას, რომლის თანახმად უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია სანოტარო წესით დამოწმებული საბუთი და შემძენის რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. კონკრეტულ შემთხვევაში საჯარო რეესტრი ასრულებს გარანტიის ფუნქციას, რომლითაც დაცულია საკუთრების ანუ აბსტრაქტული (სანივთო) უფლება და ამ შემთხვევაში აღნიშნული ფუნქცია გვევლინება არა მარტო მესაკუთრის (მ. ჯ-ძის) უფლების გარანტად, არამედ უძრავი ნივთის შემძენის (კ. ი.იანი) უფლების გარანტად. აღნიშნული დანაწესი იცავს შემძენის ინტერესებს, რადგან გამსხვისებელი ითვლება მესაკუთრედ, თუ იგი ასეთად არის რეგისტრირებული საჯარო რეესტრში, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა შემძენმა იცოდა, რომ გამსხვისებელი არ იყო მესაკუთრე (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 185-ე მუხლი). კასატორი არ უთითებს იმ მტკიცებულებებზე, რომლითაც დასტურდება ფაქტი იმის შესახებ, რომ სადავო ქონების მესაკუთრედ არ უნდა ყოფილიყო რეგისტრირებული მ. ჯ-ძე და ამდენად, იგი არ წარმოადგენს აღნიშნული ქონების მესაკუთრეს. კასატორი ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სადავო ქონება წარმოადგენდა მეუღლეთა თანასაკუთრებას და მისი განკარგვა უნდა განხორციელებულიყო ურთიერთშეთანხმებით.
აღსანიშნავია, რომ მეუღლეთა ქონებრივი ურთიერთობებს შეფარდებითი ხასიათი გააჩნია და წარმოიშობა მეუღლეებს შორის. ამრიგად, მეუღლის მიერ კანონით დადგენილი მეუღლეთა ქონებრივი უფლებებისა და მოვალეობების დარღვევის შემთხვევაში, დარღვეული უფლების მფლობელ მეუღლეს შეუძლია, მოითხოვოს თავისი უფლების დაცვა და მეუღლისაგან კანონით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მ. ჯ-ძის მიერ მის სახელზე რეგისტრირებული ქონების გასხვისებით, თუ მან დაარღვია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1159-ე მუხლის მოთხოვნა, არ უნდა მოახდინოს გავლენა შემძენის ინტერესებზე. ამასთან ერთად გასათვალისწინებელია, რომ საკასაციო საჩივრით და საქმეში არსებული მასალებით არ დასტურდება, რომ მ. ჯ-ძე არ იყო მესაკუთრე, რომლის შესახებ იცოდა კ. ი.იანმა და აღნიშნული მტკიცებულება არ შეაფასა ან არასათანადოდ შეაფასა სააპელაციო სასამართლომ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. ამრიგად, უძრავი ნივთის შემძენისათვის მესაკუთრედ ითვლება მხოლოდ ის პირი, რომლის უფლება რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში. ამდენად, საჯარო რეესტრში რეგისტრაციით პირი იძენს საკუთრებას უძრავ ნივთზე (183-ე მუხლი).
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1160-ე მუხლის თანახმად, იმ ქონების განკარგვა, რომელიც მეუღლეთა თანასაკუთრებაში შედის, ხორციელდება მეუღლეთა შეთანხმებით, იმისდა მიუხედავად, თუ რომელი მეუღლე განკარგავს ამ ქონებას. გასათვალისწინებელია, რომ მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილ სადავო ქონებაზე საკუთრების უფლება შეიძინა მ. ჯ-ძემ, რაზედაც მეუღლეს პრეტენზია არ გამოუთქვამს. ხოლო, კონკრეტულ შემთხვევაში უძრავი ნივთის განკარგვის უფლება აქვს მხოლოდ მესაკუთრეს ან მესაკუთრისაგან უფლებამოსილ პირს. კასატორი ვერ უთითებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1160-ე მუხლის დარღვევის ფაქტებზე. ამდენად, ივარაუდება მეუღლეთა შეთანხმება სადავო ქონების განკარგვის შესახებ.
საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სადაო გარიგება მოჩვენებითია და, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის თანახმად, არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი. ახსნა-განმარტება, რომ სადავო გარიგების დადება მიზნად ისახავდა კ. ი.იანის მიერ ბანკიდან სესხის გამოტანას და არა ბინის შეძენას, კონკრეტულ შემთხვევაში არ შეიძლება, მივიჩნიოდ იურიდიულ ფაქტად, რასაც ითვალისწინებს აღნიშნული ნორმა. საქმეში არსებული მასალების გათვალისწინებით კასატორი ვერ უთითებს მტკიცებულებებზე, რომლებიც დაადასტურებდნენ ზემოაღნიშნულ გარემოებებს. ამრიგად, საკასაციო პალატა თვლის, რომ სწორია სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება იმის შესახებ, რომ საქმის მასალებით^არ დგინდება, რომ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულება სესხის გამოსატანად იქნა დადებული. კერძოდ, საქმეში არსებული მასალებით არ დასტურდება ისეთი მტკიცებულებების არსებობა, რომლითაც კასატორი სააპელაციო სასამართლოში ცდილობდა დაედასტურებინა ფაქტი იმის შესახებ, რომ სადავო ხელშეკრულებით მხარეებს არ სურდათ იმ შედეგის დადგომა, რაც პირდაპირ ამ გარიგებიდან გამომდინარეობს (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის პირველი ნაწილი). ასევე არ არის მითითება იმაზე, რომ სადავო გარიგებით მხარეებს სურდათ დაეფარათ სხვა გარიგება, რომელიც ფაქტობრივად იყო დადებული მხარეთა შორის. ამ დროს გამოიყენება დაფარული გარიგების მიმართ მოქმედი წესები. (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის მე-2 ნაწილი).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკსაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ვ. ჯ-ძის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
უცლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 15 თებერვლის განჩინება.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.