დაუშვებლად იქნა ცნობილი

ადმინისტრაციული 10.06.2024
საქმის ნომერი
ბს-680(კ-22)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
10.06.2024

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

Nბს-680(კ-22) 10 ივნისი, 2024 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა შპს ,,კ...ს“ (მოსარჩელე) საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილებაზე (მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი „საქპატენტი“, მესამე პირი - შპს „მ...“).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2019 წლის 12 ივნისს შპს ,,კ...მ“ სარჩელით მიმართა მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე სსიპ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი „საქპატენტის“ მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა სსიპ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი „საქპატენტის“ სააპელაციო პალატის კოლეგიის 2019 წლის 18 თებერვლის N164-3/2018 გადაწყვეტილებისა და სააპელაციო პალატის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის 2019 წლის 22 აპრილის N301/12 ბრძანების ბათილად ცნობა; ასევე, მოპასუხისთვის შპს „კ...ს“ სააპელაციო საჩივართან დაკავშირებით, ახალი გადაწყვეტილების მიღების დავალება.

მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 13 ივნისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა შპს ,,მ...“.

მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 18 სექტემბრის გადაწყვეტილებით, შპს ,,კ...ს“ სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი მოპასუხის სსიპ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის საქპატენტის სააპელაციო პალატის კოლეგიის 2019 წლის 18 თებერვლის 164-3/2018 გადაწყვეტილება და თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის 2019 წლის 22 აპრილის 301/12 ბრძანება და დაევალა მოპასუხეს შპს ,,კ...ს“ სააპელაციო საჩივართან დაკავშირებით ახალი გადაწყვეტილების მიღება. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხე მხარემ და მესამე პირმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილებით, სსიპ ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი „საქპატენტის“ და შპს „მ...ს“ სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა; გაუქმდა მოცემულ საქმეზე მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 18 სექტემბრის გადაწყვეტილება და მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება; შპს „კ...ს“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ სსიპ ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - „საქპატენტის“ 2019 წლის 18 თებერვლის №164-3/2018 გადაწყვეტილების თანახმად, საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრ - „საქპატენტთან“ არსებულმა სააპელაციო პალატის კოლეგიამ განიხილა შპს „კ...ს“ №164-3/18 სააპელაციო საჩივარი. სააპელაციო საჩივრის ავტორი ითხოვდა „სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის შესახებ“ სსიპ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - „საქპატენტის“ სასაქონლო ნიშნების, გეოგრაფიული აღნიშვნებისა და დიზაინების დეპარტამენტის უფროსის 2018 წლის 15 აგვისტოს №5167/03 ბრძანების ბათილად ცნობას, რომლითაც მიღებულ იქნა დადებითი გადაწყვეტილება შპს „მ...ს“ სახელზე, სასაქონლო ნიშნის „კ...“ (საიდ. N95215/3) რეგისტრაციის თაობაზე, მე-3 კლასის საქონლის სრული განცხადებული ჩამონათვალის მიმართ. სსიპ ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - „საქპატენტის“ 2019 წლის 18 თებერვლის №164-3/2018 გადაწყვეტილებით, შპს ,,კ...ს“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. სსიპ ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - „საქპატენტის“ სააპელაციო პალატის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის 2019 წლის 22 აპრილის №301/12 ბრძანებით კი, დამტკიცდა სააპელაციო საჩივრის განხილვის შედეგად მიღებული №164-3/2018 გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა „სასაქონლო ნიშანზე განაცხადის წარდგენისა და რეგისტრაციასთან დაკავშირებული პროცედურების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – „საქპატენტის“ თავმჯდომარის 2014 წლის 19 აგვისტოს №05 ბრძანების მე-15 მუხლზე, გაიზიარა აპელანტების პოზიცია და აღნიშნა, რომ შპს ,,მ...ს“ სადავო ნიშანი შედგება ქართული ასოებით ჩაწერილი სიტყვიერი ელემენტისაგან - „კ...“ და სტილიზებული გამოსახულებითი ელემენტისაგან. ნიშნის სიტყვიერი ელემენტი წარმოადგენს არაგანმასხვავებელუნარიან და აღწერილობით აღნიშვნას მე-3 კლასის საქონლის ჩამონათვალის მიმართ, ვინაიდან იგი მიუთითებს საქონლის თვისებასა და დანიშნულებაზე. შესაბამისად, აღნიშნული სიტყვიერი ელემენტები ნიშნების შედარებისას მხედველობაში არ უნდა ყოფილიყო მიღებული. აღნიშნულს ასევე ადასტურებს ის გარემოება, რომ შპს „კ...ს“ ნიშანს - „კ..., ..., ...“ (რეგ. N...) არსობრივი ექსპერტიზის ეტაპზე უარი ეთქვა რეგისტრაციაზე მე-3 კლასის საქონლის ჩამონათვალის მიმართ, იმ საფუძვლით, რომ ნიშანი არაგანმასხვავებელუნარიანი და აღწერილობითია. გადაწყვეტილება არ იქნა გასაჩივრებული შპს „კ...ს“ მიერ. აღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო ნიშნის დაცვისუნარიანი გამოსახულებითი ელემენტი და რეგისტრირებული სიტყვიერი ელემენტი - „კ...“ არაგანმასხვავებელუნარიანია. შესაბამისად, ვინაიდან „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის ერთ-ერთი აუცილებელი პირობა (ნიშნების მსგავსება) სახეზე არ არის, არ არსებობს ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უარის თქმის საფუძველი.

ამასთან, სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა აპელანტის პოზიცია იმის თაობაზე, რომ კომბინირებული სასაქონლო ნიშანი (საიდ. N95215/3) არ წარმოადგენს აღწერილობით და არაგანმასხვავებელუნარიან სასაქონლო ნიშანს მე-3 კლასის საქონლის ჩამონათვალის მიმართ. იმისათვის, რომ ნიშანი ჩაითვალოს აღწერილობითად და არაგანმასხვავებელუნარიანად, აუცილებელია, რომ იგი შედგებოდეს მხოლოდ აღწერილობითი ელემენტებისაგან, რასაც მოცემულ შემთხვევაში არ აქვს ადგილი. ნიშნის სიტყვიერი ელემენტი „კ...“ არაგანმასხვავებელუნარიანი და აღწერილობითია მე-3 კლასის განცხადებული ჩამონათვალისთვის, ვინაიდან იგი მიუთითებს საქონლის თვისებასა და დანიშნულებაზე, თუმცა, იგი დაცულია მთლიანობაში ფერად გამოსახულებით ელემენტთან ერთად. სადავო ნიშანში შემავალ სიტყვიერ ელემენტზე - „კ...“ არ ვრცელდება დამოუკიდებელი სამართლებრივი დაცვა.

სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ მსგავსების არარსებობიდან გამომდინარე, ადმინისტრაციულმა ორგანომ სრულიად მართებულად აღარ იმსჯელა რეგისტრირებული ნიშნის საქონლის/მომსახურების და სადავო ნიშნის საქონლის მსგავსებაზე, თუმცა მნიშვნელოვნად მიიჩნია აღენიშნა, რომ შპს „მ...ს“ მიერ წარმოებული საქონელი მიეკუთვნება ნიცის კლასიფიკატორის მიხედვით მე-3 კლასს: ბზინვარების მიმნიჭებელი პრეპარატები (სარეცხისათვის); ბრწყინვალების მიმნიჭებელი პრეპარატები [საპრიალებელი]; გაკრიალების პრეპარატები; გამახალისებელი ქიმიური პრეპარატები (ფერების) [სარეცხი საშუალება]; გამწმენდი ზეთები; გამწმენდი პრეპარატები; გამწმენდი სოდა; გამწმენდი ცარცი; გამწმენდი ხსნარები; განცხიმვის საშუალებები, სამრეწველო დანიშნულების გარდა; გაოფლიანების საწინააღმდეგო საპონი; გაოფლიანების საწინააღმდეგო ტუალეტის საშუალებები; გასაპრიალებელი პრეპარატები; გელები (კბილების გასათეთრებელი); დამარბილებლები რეცხვისათვის (ქსოვილის); თეთრეულისათვის სურნელის მიმნიჭებელი არომატული ნივთიერებები (საშე]; ლილა (თეთრეულის); მადეზინფიცირებელი საპნები; მათეთრებელი კრემები (სახის კანის); მათეთრებელი მარილები; მათეთრებელი პრეპარატები [სარეცხი საშუალება]; მათეთრებელი სოდა; ჟანგის მოსაცილებელი პრეპარატები; საპნები; სარეცხი საშუალებები (დეტერგენტები], სამრეწველო და სამედიცინო დანიშნულების გარდა; საშე [თეთრეულისათვის სურნელის მიმნიჭებელი არომატული ნივთიერებები]; ჩასადენი მილების გამწმენდი პრეპარატები; ჩასალბობი პრეპარატები (სარეცხის). შპს „კ...ს“ კომბინირებული სასაქონლო ნიშანი „კ..., ..., ...“ (რეგ. N...) კი რეგისტრირებულია მე-5, მე-16, 21-ე და 35-ე კლასის საქონლისა და მომსახურების შემდეგი ჩამონათვალის მიმართ: 05 - ფარმაცევტული და ვეტერინარული პრეპარატები; სანიტარული პრეპარატები სამედიცინო მიზნებისათვის; დიეტური ნივთიერებები სამედიცინო მიზნებისათვის, ბავშვთა კვება; სალბუნები, გადასახვევი საშუალებები; კბილის დასაბჟენი საშუალებები, კბილის ტვიფრის დასამზადებელი საშუალებები; დეზინფექტანტები; მავნე ცხოველების გასანადგურებელი საშუალებები; ფუნგიციდები, ჰერბიციდები. 16 - ქაღალდი, მუყაო და მათი ნაკეთობა, რომელიც არ მიეკუთვნება სხვა კლასებს; ნაბეჭდი პროდუქცია; მასალები საამკინძაო სამუშაოებისათვის; ფოტოსურათები; საწერ-ქაღალდის საქონელი; საკანცელარიო და საყოფაცხოვრებო დანიშნულების მწებავი ნივთიერებები; მხატვართა საკუთნო; ფუნჯები; საბეჭდი მანქანები და ოფისის საკუთნო (ავეჯის გარდა); სასწავლო მასალა და თვალსაჩინოება (ხელსაწყოების გარდა); პლასტმასის შესაფუთი მასალა (რომელიც არ მიეკუთვნება სხვა კლასებს); შრიფტი; ტიპოგრაფიული კლიშე. 21 - საოჯახო და სამზარეულო ჭურჭელი და ჭურჭლეული (კეთილშობილი ლითონებისაგან დამზადებულის ან დაფარულის გარდა); სავარცხლები და ღრუბლები; ჯაგრისები (ფუნჯების გარდა); მასალები ჯაგრისის ნაკეთობისათვის; სამარჯვები წმენდისა და დასუფთავებისათვის; ლითონის ნეჭა; დაუმუშავებელი ან ნახევრად დამუშავებული მინა (სამშენებლო მინის გარდა); მინის, ფაიფურისა და ქაშანურის ნაკეთობა, რომელიც არ მიეკუთვნება სხვა კლასებს. 35 - რეკლამა, მართვა საქმიან სფეროში; ადმინისტრირება საქმიან სფეროში; საოფისე სამსახური.

სააპელაციო პალატის განმარტებით, ყოველივე ზემოაღნიშნული ცხადყოფს, რომ სადავო სასაქონლო ნიშნების მომსახურების სასაქონლო კლასებს შორის არ არსებობს დამთხვევა. ამასთან, სადავო შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ საქმეში წარმოდგენილი არ არის რაიმე სახის მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მომხმარებელთა მიერ მათი აღქმისა და აღრევადობის თვალსაზრისით რაიმე აღრევას.

სააპელაციო სასამართლომ აქვე მიუთითა, რომ „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის თანახმად, „სასაქონლო ნიშნის გამოყენებად ითვლება საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული ისეთი ქმედებები, როგორიცაა მისი აღბეჭდვა იმ საქონელზე, რომლის მიმართაც ის რეგისტრირებულია, ასევე ამ საქონლის შეფუთვაზე, გამოფენასა და ბაზრობაზე წარმოდგენილ ექსპონატებზე, აბრაზე, ოფიციალურ ბლანკზე, ეტიკეტზე, რეკლამაში, ბეჭდვით გამოცემაში, აგრეთვე სასაქონლო ნიშნის სხვაგვარი გამოყენება მფლობელის, ლიცენზიატის ან მესამე პირის მიერ მფლობელისაგან მინიჭებული უფლების საფუძველზე. სასაქონლო ნიშნის გამოყენებად ითვლება რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნის ნაცვლად, მისგან უმნიშვნელოდ განსხვავებული ნიშნის გამოყენებაც“, ხოლო ნიცის კლასიფიკატორის 35-ე კლასის მომსახურება გულისხმობს სხვადასხვა სახის სარეკლამო მომსახურებებს, რომლებსაც ახორციელებს სარეკლამო კომპანიები მესამე პირებისათვის. შესაბამისად, სასაქონლო ნიშნის „კ..., ..., ...“ (რეგ. N...) რეგისტრაცია 35-ე კლასის მომსახურების ჩამონათვალისთვის, მათ შორის „რეკლამირებისათვის“, არ გულისხმობს ნიშნის რადიოეთერით რეკლამირების შესაძლებლობას ან აღნიშნულ ქმედებაზე განსაკუთრებული უფლებების მოპოვებას, არამედ იგი კომპანიას ანიჭებს განსაკუთრებულ უფლებას მესამე პირებს აუკრძალოს სასაქონლო ნიშნის „კ..., ..., ...“ (რეგ. N...) იდენტური ან მსგავსი სასაქონლო ნიშნის გამოყენება „სარეკლამო მომსახურებისათვის“ (მაგ. სხვა სარეკლამო კომპანიას აუკრძალოს მისი მომსახურების მოსანიშნად - „კ...ს“ გამოყენება). აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ ვერ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტება იმის თაობაზე, რომ რადიოეთერით რეკლამის დროს შესაძლებელია ვერ მოხერხდეს სადავო სასაქონლო ნიშნების განსხვავება.

სააპელაციო პალატის მითითებით, განსახილველ შემთხვევაში ასევე სახეზე არ არის სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციაზე უარის თქმის „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი, ვინაიდან შპს „კ...ს“ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი იმისათვის, რომ სასაქონლო ნიშანს „კ..., ..., ...“ (რეგ. N...) დაუდგინდეს კარგი რეპუტაცია რეგისტრირებული საქონლისა და მომსახურების მიმართ. ასევე, მოსარჩელის მიერ საქმეში არ არის წარმოდგენილი არანაირი მტკიცებულება იმის დასადასტურებლად, რომ სადავო კომბინირებული ნიშანი წარმოადგენს საქონლისთვის დამახასიათებელ საყოველთაოდ დამკვიდრებულ ტერმინს ან სიმბოლოს.

სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის მიერ 1999 წელს დამტკიცებული რეკომენდაციების (,,ერთიანი რეკომენდაციები საყოველთაოდ ცნობილი სასაქონლო ნიშნების დაცვის შესახებ“) 2.2 მუხლი, სასაქონლო ნიშნის საყოველთაოდ ცნობილად აღიარების შემდეგ კრიტერიუმებზე მიუთითებს: 1. ნიშნის ცნობილობის ხარისხი ან აღიარება საზოგადოების შესაბამის სექტორში; 2. ნიშნის გამოყენების ხანგრძლივობა, გავრცელება და გეოგრაფიული არე; 3. საზოგადოებისათვის ნიშნის გაცნობის ხელშემწყობი ღონისძიებები, მათ შორის რეკლამისა და გამოქვეყნების და ამ ნიშნით მონიშნული საქონლისა და/ან მომსახურებების ბაზრობებსა და გამოფენებზე წარდგენის ხანგრძლივობა, გავრცელება და გეოგრაფიული არეალი; 4. ნიშნის ნებისმიერი რეგისტრაციის ხანგრძლივობა ან/და სარეგისტრაციოდ წარდგენილი ნებისმიერი განაცხადის გეოგრაფიულ არეზე გავრცელება, რომელიც მიუთითებს ნიშნის გამოყენებას ან აღიარებას; 5. ნიშანზე უფლებების წარმატებით განხორციელებული ქმედება, რომლის შედეგადაც ნიშანი აღიარებულ იქნა საყოველთაოდ ცნობილად კომპეტენტური ორგანოების მიერ; 6. ღირებულება, რომელიც ასოცირდება სასაქონლო ნიშანთან.

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საყოველთაოდ ცნობილად შეიძლება მიჩნეულ იქნეს მხოლოდ ის სასაქონლო ნიშანი, რომელიც ქვეყანაში ძალიან გავრცელებულია და მის შესახებ მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობაა ინფორმირებული. ამასთანავე, საყოველთაობის არსიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ სასაქონლო ნიშანი ცნობილი იყოს არა მხოლოდ იმ პირთათვის, რომელთაც უშუალო შეხება ჰქონიათ სასაქონლო ნიშანთან, არამედ ჩვეულებრივ საზოგადოების სხვა წევრებისთვისაც. განსახილველ შემთხვევაში ამგვარი გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები საქმეში მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი არ არის. ყოველივე ზემოაღნიშნული კი სააპელაციო პალატის მოსაზრებით, ადასტურებს წარმოდგენილი სარჩელის უსაფუძვლობას, რაც გამორიცხავს მისი დაკმაყოფილების შესაძლებლობას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს ,,კ...მ“.

კასატორი აღნიშნავს, რომ შპს ,,კ...ს“ სასაქონლო ნიშანი „კ..., ..., ...“ დარეგისტრირდა 2017 წლის 17 თებერვალს, მისი შემადგენლობა არის მხოლოდ სიტყვა ,,კ...“ და დაცულია შემდეგ კლასებში: 05, 16, 21, 35, რაც შპს ,,კ...ს“ ,,სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის საფუძველზე ანიჭებს განსაკუთრებული უფლებების დაცვის უფლებამოსილებას. ამასთან, შპს ,,კ...“, რომელიც რეგისტრირებულია 2014 წლის 25 აგვისტოს, მის საფირმო სახელწოდებაში იყენებს იმავე/იდენტურ სიტყვას, რაც გამოყენებულია სასაქონლო ნიშანში, ,,სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, სასაქონლო ნიშანი ექვემდებარება ბათილობას, თუ სასაქონლო ნიშანი შეიცავს საფირმო სახელწოდებას, რომელზედაც უფლებები წარმოშობილია სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციაზე განაცხადის შეტანამდე, რის შედეგადაც ჩნდება აღრევის შესაძლებლობა.

კასატორი არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მითითებას იმის თაობაზე, რომ სადავო სასაქონლო ნიშნების მომსახურების სასაქონლო კლასებს შორის არ არსებობს დამთხვევა და აღნიშნავს, რომ 03 კლასი აერთიანებს ვრცელ ჩამონათვალს და მათ შორისაა ,,განცხიმვის საშუალებები“, ,,წმენდის პრეპარატები“ და სხვა; 05 კლასი აერთიანებს ვრცელ ჩამონათვალს და მათ შორისაა ,,დეზინფექტანტები“, ,,სანიტარული პრეპარატები“, ხოლო 21-ე კლასი აერთიანებს ვრცელ ჩამონათვალს და მათ შორისაა ,,სამარჯვები წმენდისა და დასუფთავებისთვის“. გარდა ამისა, კასატორის მითითებით, შპს ,,კ...ს“ აქვს მეორე სასაქონლო ნიშანიც, რომელიც დარეგისტრირდა 2020 წლის 3 ივნისს, მის შემადგენლობაში არის სიტყვა ,,კ...“, გამოსახულებასთან ერთად და დაცულია შემდეგ კლასში - 03. ამასთან, სასაქონლო ნიშნის საყოველთაოდ ცნობასა და კარგი რეპუტაციის საკითხთან დაკავშირებით, კასატორი აღნიშნავს, რომ მოცემული დავის ფარგლებში გადამწყვეტი არ არის ის გარემოება, სასაქონლო ნიშანი საყოველთაოდ ცნობილად აღიარებული იყო თუ არა, ხოლო საყოველთაოდ ცნობილად აღიარების წინაპირობები იყო თუ არა, ეს აუცილებლად უნდა განეხილა ,,საქპატენტს“. კასატორის განმარტებით, ფაქტია, რომ სადავო სასაქონლო ნიშანზე გამოყენებულია შპს ,,კ...ს“ სასაქონლო ნიშნის (რომელიც მხოლოდ სიტყვიერი ნაწილის ,,კ...“-სგან შედგება და აქვს განსაკუთრებული დაცვა) იდენტური სიტყვა ,,კ...“ და მითითება იმაზე, რომ შპს ,,მ...ს“ სასაქონლო ნიშანში სიტყვა ,,კ...“ არ წარმოადგენს დაცულ ნაწილს, ამ სიტყვას მისი სასაქონლო ნიშნიდან არ აქრობს.

კასატორი საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 22 თებერვლის Nას-401-384-2016 და 2021 წლის 5 ნოემბრის Nას-382-2021 გადაწყვეტილებებზე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4, მე-17 მუხლებსა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე, 103-ე, 105-ე, 106-ე მუხლებზე მითითებით აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღებისას უგულებელყო უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტი და საქმის გარემოებების გამოკვლევის, შესწავლისა და გადამოწმების გარეშე, სააპელაციო საჩივრის ტექსტები გადაიტანა მის გადაწყვეტილებაში.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 16 ივნისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული შპს ,,კ...ს“ საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საქმის მასალების შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს ,,კ...ს“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2015 წლის 30 დეკემბერს შპს ,,ტ...მა“ (ამჟამად, შპს ,,კ...“) სსიპ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრ „საქპატენტში“ წარადგინა განაცხადი სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის თაობაზე, რომელიც დაკმაყოფილდა და 2017 წლის 17 თებერვალს დარეგისტრირდა სასაქონლო ნიშანი „კ..., ..., ...“ (რეგისტრაციის N...), ფერი მითითებული არ არის. აღნიშნული სასაქონლო ნიშანი დარეგისტრირდა 05, 16, 21, 35 კლასების საქონლისა და მომსახურების მიმართ.

ასევე დადგენილია, რომ 2017 წლის 28 ნოემბერს შპს ,,მ...მა“ სსიპ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრ „საქპატენტში“ წარადგინა განაცხადი სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის თაობაზე, რომელიც დაკმაყოფილდა და 2019 წლის 17 ივნისს დარეგისტრირდა კომბინირებული სასაქონლო ნიშანი (რეგისტრაციის N..., განაცხადის საიდენტიფიკაციო N95215/3), რომელიც შედგება ქართული ასოებით ჩაწერილი სიტყვიერი ელემენტისგან „კ...“ და სტილიზებული გამოსახულებითი ელემენტისგან, ფერი: ლურჯი, ღია ცისფერი, ყვითელი, წითელი. აღნიშნული სასაქონლო ნიშანი დარეგისტრირდა 03 კლასის საქონლისა და მომსახურების მიმართ.

ამასთან, 2018 წლის 14 თებერვალს შპს ,,კ...მ“ სსიპ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრ „საქპატენტში“ წარადგინა განაცხადი 03 კლასის საქონლისა და მომსახურების მიმართ სასაქონლო ნიშნის - „კ..., ..., ...“ (განაცხადის საიდენტიფიკაციო N...), ფერი - შავ-თეთრი, რეგისტრაციის თაობაზე. სასაქონლო ნიშნების, გეოგრაფიული აღნიშვნებისა და დიზაინის დეპარტამენტის არსობრივი ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ექსპერტიზამ მიიჩნია, რომ განცხადებულ ნიშანს გააჩნია აღწერილობითი დატვირთვა იმ საქონლის მიმართ, რომლისთვისაც მოითხოვება მისი რეგისტრაცია, კონკრეტულად კი მე-3 კლასის საქონლის განცხადებული ჩამონათვალის მიმართ, ვინაიდან მიუთითებს მე-3 კლასის საქონლის მაღალ ხარისხზე, თვისებებსა და სხვა მახასიათებლებზე. ასევე, განცხადებული ნიშნის - „კ..., ..., ...“ (განაცხადის საიდენტიფიკაციო N...) არსებული სახით ფორმულირებისას, უგულებელყოფილია სასაქონლო ნიშნის ძირითადი ფუნქცია და შესაბამისად მომხმარებელს არ შესწევს უნარი განასხვავოს ერთი საწარმოს საქონელი მეორე საწარმოს საქონლისგან. ამდენად, მითითებული ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, სსიპ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის „საქპატენტის“ 2018 წლის 10 ოქტომბრის ბრძანებით, სასაქონლო ნიშანს (განაცხადის საიდენტიფიკაციო N...) უარი ეთქვა რეგისტრაციაზე, საქონლისა და მომსახურების განცხადებული ჩამონათვალის მიმართ.

დადგენილია, რომ შპს ,,კ...მ“ სსიპ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრ „საქპატენტში“ წარადგინა N164-3/18 სააპელაციო საჩივარი, რომლითაც ,,სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის ,,გ“, ,,დ“, ,,ვ“, ,,თ“ ქვეპუნქტებისა და მე-5 მუხლის ,,გ“ და ,,ზ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, „სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის შესახებ“ სსიპ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის „საქპატენტის“ სასაქონლო ნიშნების, გეოგრაფიული აღნიშვნებისა და დიზაინების დეპარტამენტის უფროსის 2018 წლის 15 აგვისტოს N5167/03 ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვა. თავის მხრივ, აღნიშნული ბრძანების თანახმად, მიღებულ იქნა დადებითი გადაწყვეტილება შპს „მ...ს“ სახელზე, სასაქონლო ნიშნის (საიდ. N95215/3) რეგისტრაციის თაობაზე, მე-3 კლასის საქონლის სრული განცხადებული ჩამონათვალის მიმართ.

სსიპ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის „საქპატენტის“ სააპელაციო პალატის კოლეგიის 2019 წლის 18 თებერვლის N164-3/2018 გადაწყვეტილებით, შპს ,,კ...ს“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. სსიპ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის „საქპატენტის“ სააპელაციო პალატის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის 2019 წლის 22 აპრილის N301/12 ბრძანებით კი, დამტკიცდა სააპელაციო საჩივრის განხილვის შედეგად მიღებული N164-3/2018 გადაწყვეტილება.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველო 1991 წლიდან მიუერთდა 20.03.1883წ. სამრეწველო საკუთრების დაცვის პარიზის კონვენციას, რომლის 6bis მუხლის თანახმად, კავშირის ქვეყნები იღებენ ვალდებულებას ex officio, თუ ეს ნებადართულია მათი კანონმდებლობით, ან დაინტერესებული მხარის მოთხოვნით უარი თქვან რეგისტრაციაზე ან გააუქმონ იგი და აკრძალონ სასაქონლო ნიშნის გამოყენება, რომელიც შეადგენს სხვა ნიშნის რეპროდუქციას, იმიტაციას ან თარგმანს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ამ ნიშანთან აღრევა, თუ ეს ნიშანი უკვე მიჩნეულია ამ კონვენციის სარგებლობით უფლებამოსილი პირის საყოველთაოდ ცნობილ ნიშნად იმ ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოს მიერ, რომელმაც მოახდინა რეგისტრაცია ან სადაც მოხდა გამოყენება და როგორც საყოველთაოდ ცნობილი ნიშანი გამოიყენება იდენტური ან მსგავსი საქონლისათვის.

საკასაციო პალატა მიუთითებს ,,სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველ პუნქტზე (სადავო სამართალურთიერთობის დროს მოქმედი რედაქცია), რომლის თანახმად, სასაქონლო ნიშანი არის სიმბოლო ან სიმბოლოთა ერთობლიობა, რომელიც გამოისახება გრაფიკულად და განასხვავებს ერთი საწარმოს საქონელს ან/და მომსახურებას მეორე საწარმოს საქონლისა ან/და მომსახურებისაგან (შემდგომში – საქონელი). ამავე კანონის მე-4 მუხლის (სადავო სამართალურთიერთობის დროს მოქმედი რედაქცია) პირველი პუნქტის ,,გ“, ,,დ“, ,,ვ“ და ,,თ“ ქვეპუნქტების თანახმად, სასაქონლო ნიშნად არ რეგისტრირდება სიმბოლო ან სიმბოლოთა ერთობლიობა, რომელიც: გ) არაგანმასხვავებელუნარიანია შესაბამისი საქონლის მიმართ; დ) აღწერილობითია იმ საქონლის მიმართ, რომლისთვისაც მოითხოვება მისი რეგისტრაცია, შედგება საქონლის მხოლოდ სახეობის, ხარისხის, რაოდენობის, თვისების, ღირებულების, დანიშნულების, გეოგრაფიული წარმოშობის, გასაღების ადგილის, დროის ან საქონლის სხვა მახასიათებლებისაგან ანდა მიჩნეულია ასეთად; ვ) წარმოადგენს სამოქალაქო ბრუნვაში იმ საქონლისათვის დამახასიათებელ საყოველთაოდ დამკვიდრებულ ტერმინს ან სიმბოლოს, რომლის რეგისტრაციაც მოითხოვება; თ) შესაძლებელს ხდის, მცდარი წარმოდგენა შეუქმნას მომხმარებელს საქონლის თვისების, ხარისხის, გეოგრაფიული წარმოშობის ან საქონლის სხვა მახასიათებლების შესახებ. ამასთან, მითითებული კანონის მე-5 მუხლის ,,გ“ და ,,ზ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, სასაქონლო ნიშანი არ რეგისტრირდება, თუ იგი: გ) მესამე პირის სახელზე რეგისტრირებული, უფრო ადრინდელი პრიორიტეტის მქონე სასაქონლო ნიშნის მსგავსია, ხოლო საქონელი – იდენტური ან იმდენად მსგავსი, რომ ჩნდება ამ სასაქონლო ნიშნების აღრევის, მათ შორის, ასოცირების შედეგად აღრევის შესაძლებლობა; ზ) მესამე პირის სახელზე რეგისტრირებული, უფრო ადრინდელი პრიორიტეტის მქონე ისეთი სასაქონლო ნიშნის იდენტური ან მსგავსია, რომელსაც საქართველოში აქვს კარგი რეპუტაცია, და ამ სასაქონლო ნიშნის გამოყენება განმცხადებელს დაუმსახურებლად უქმნის ხელსაყრელ პირობებს ან ზიანს აყენებს დაცული სასაქონლო ნიშნის რეპუტაციას. ეს წესი გამოიყენება იმ შემთხვევაშიც, როდესაც საქონლის ჩამონათვალი სხვადასხვაა.

საკასაციო პალატა ასევე მიუთითებს სსიპ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – ,,საქპატენტის“ თავმჯდომარის 2014 წლის 19 აგვისტოს N05 ბრძანებით დამტკიცებულ ,,ინსტრუქციაზე სასაქონლო ნიშანზე განაცხადის წარდგენისა და რეგისტრაციასთან დაკავშირებული პროცედურების შესახებ“, რომლის მე-15 მუხლის (სადავო სამართალურთიერთობის დროს მოქმედი რედაქცია) მე-3 პუნქტის თანახმად, არსობრივი ექსპერტიზის ეტაპზე ექსპერტი ამოწმებს, არსებობს თუ არა წარდგენილი სიმბოლოს რეგისტრაციაზე უარის თქმის კანონის მე-4 და მე-5 მუხლებში მოცემული საფუძვლები. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, იმის დასადგენად არსებობს თუ არა რეგისტრაციაზე უარის თქმის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ,,ი“ ქვეპუნქტით და მე-5 მუხლის ,,ა“, ,,ბ“, ,,გ“, ,,ე“, ,,ვ“ და ,,ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლები, წარდგენილი სიმბოლო უნდა შედარდეს პარიზის კონვენციის 6ter მუხლით დაცულ სიმბოლოებს, საქართველოში დაცულ გეოგრაფიულ აღნიშვნებს ან ადგილწარმოშობის დასახელებებს, საქართველოში დაცულ დიზაინს, ეროვნული ან საერთაშორისო რეგისტრაციით საქართველოში დაცულ სასაქონლო ნიშნებს და საქპატენტში სარეგისტრაციოდ წარდგენილ სიმბოლოებს. აღნიშნული მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად კი, ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შედარების დროს, სიმბოლოების მსგავსების დადგენის ძირითადი კრიტერიუმი შეიძლება იყოს სიმბოლოების სმენითი (ფონეტიკა, მუსიკალური ჟღერადობა), მხედველობითი (გრაფიკა, ფერთა შეხამება), აზრობრივი (სემანტიკა, არსი) მსგავსება. სიმბოლოების შედარებისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება საერთო შთაბეჭდილებას.

განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის მითითებას იმის თაობაზე, რომ შპს ,,მ...ს“ სადავო სასაქონლო ნიშანი შედგება ქართული ასოებით ჩაწერილი სიტყვიერი ელემენტისაგან - „კ...“ და სტილიზებული გამოსახულებითი ელემენტისაგან. ნიშნის სიტყვიერი ელემენტი წარმოადგენს არაგანმასხვავებელუნარიან და აღწერილობით აღნიშვნას მე-3 კლასის საქონლის ჩამონათვალის მიმართ, ვინაიდან იგი მიუთითებს საქონლის თვისებასა და დანიშნულებაზე. შესაბამისად, აღნიშნული სიტყვიერი ელემენტი შპს ,,კ...ს“ და შპს ,,მ...ს“ ნიშნების შედარებისას მხედველობაში არ უნდა იქნეს მიღებული. აღნიშნულს ასევე ადასტურებს ის გარემოებაც, რომ შპს „კ...ს“ სასაქონლო ნიშანს - „კ..., ..., ...“ (განაცხადის საიდენტიფიკაციო N...) არსობრივი ექსპერტიზის ეტაპზე უარი ეთქვა რეგისტრაციაზე მე-3 კლასის საქონლის ჩამონათვალის მიმართ, იმ საფუძვლით, რომ ნიშანი არაგანმასხვავებელუნარიანი და აღწერილობითია. გადაწყვეტილება არ იქნა გასაჩივრებული შპს „კ...ს“ მიერ. შესაბამისად, კომპანია დაეთანხმა აღნიშნულ გადაწყვეტილებას.

ამდენად, შპს ,,კ...ს“ რეგისტრირებული სასაქონლო ნიშანი „კ..., ..., ...“ (რეგისტრაციის N...) არაგანმასხვავებელუნარიანი და აღწერილობითია მე-3 კლასის საქონლის ჩამონათვალის მიმართ, შპს ,,მ...ს“ რეგისტრირებული სასაქონლო ნიშანი (რეგისტრაციის N..., განაცხადის საიდენტიფიკაციო N95215/3) კი, რომელიც შედგება ქართული ასოებით ჩაწერილი სიტყვიერი ელემენტისგან „კ...“ და სტილიზებული გამოსახულებითი ელემენტისგან, ფერი: ლურჯი, ღია ცისფერი, ყვითელი, წითელი, კომბინირებული სასაქონლო ნიშანია და არ წარმოადგენს აღწერილობით და არაგანმასხვავებელუნარიან სასაქონლო ნიშანს მე-3 კლასის საქონლის ჩამონათვალის მიმართ. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ იმისათვის, რომ ნიშანი ჩაითვალოს აღწერილობითად და არაგანმასხვავებელუნარიანად, აუცილებელია, რომ იგი შედგებოდეს მხოლოდ აღწერილობითი ელემენტებისაგან, რასაც მოცემულ შემთხვევაში არ აქვს ადგილი. მართალია ნიშნის სიტყვიერი ელემენტი „კ...“ არაგანმასხვავებელუნარიანი და აღწერილობითია მე-3 კლასის საქონლის ჩამონათვალისთვის, ვინაიდან იგი მიუთითებს საქონლის თვისებასა და დანიშნულებაზე, თუმცა განსახილველ შემთხვევაში იგი მთლიანობაში დაცულია ფერად გამოსახულებით ელემენტთან ერთად. სადავო ნიშანში შემავალ სიტყვიერ ელემენტზე - „კ...“ კი არ ვრცელდება დამოუკიდებელი სამართლებრივი დაცვა.

მითითებული გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, შპს ,,მ...ს“ რეგისტრირებული სასაქონლო ნიშანი (რეგისტრაციის N..., განაცხადის საიდენტიფიკაციო N95215/3) არ არის არაგანმასხვავებელუნარიანი შესაბამისი საქონლის მიმართ; არ არის აღწერილობითი იმ საქონლის მიმართ, რომლისთვისაც მოითხოვება მისი რეგისტრაცია, არ შედგება საქონლის მხოლოდ სახეობის, ხარისხის, რაოდენობის, თვისების, ღირებულების, დანიშნულების, გეოგრაფიული წარმოშობის, გასაღების ადგილის, დროის ან საქონლის სხვა მახასიათებლებისაგან ანდა არ არის მიჩნეული ასეთად; არ წარმოადგენს სამოქალაქო ბრუნვაში იმ საქონლისათვის დამახასიათებელ საყოველთაოდ დამკვიდრებულ ტერმინს ან სიმბოლოს, რომლის რეგისტრაციაც მოითხოვება; არ ხდის შესაძლებელს, მცდარი წარმოდგენა შეუქმნას მომხმარებელს საქონლის თვისების, ხარისხის, გეოგრაფიული წარმოშობის ან საქონლის სხვა მახასიათებლების შესახებ. შესაბამისად, არ არსებობს სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციაზე უარის თქმის ,,სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ,,გ“, ,,დ“, ,,ვ“, ,,თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლები.

ამასთან, შპს ,,კ...სა“ (რეგისტრაციის N...) და შპს ,,მ...ს“ (რეგისტრაციის N..., განაცხადის საიდენტიფიკაციო N95215/3) რეგისტრირებულ სასაქონლო ნიშნებს შორის არ არსებობს მსგავსება, აღნიშნული სასაქონლო ნიშნები არ არის რეგისტრირებული იდენტური ან იმდენად მსგავსი საქონლის მიმართ, რომ გაჩნდეს ამ სასაქონლო ნიშნების აღრევის, მათ შორის, ასოცირების შედეგად აღრევის შესაძლებლობა. მეტიც, მითითებული სასაქონლო ნიშნები რეგისტრირებულნი არიან სხვადასხვა კლასის საქონლის მიმართ, კერძოდ, შპს ,,კ...ს“ სასაქონლო ნიშანი „კ..., ..., ...“ (რეგისტრაციის N...) რეგისტრირებულია 05, 16, 21, 35 კლასების საქონლისა და მომსახურების მიმართ, რომელიც მოიცავს: 05 - ფარმაცევტული და ვეტერინარული პრეპარატები; სანიტარული პრეპარატები სამედიცინო მიზნებისათვის; დიეტური ნივთიერებები სამედიცინო მიზნებისათვის, ბავშვთა კვება; სალბუნები, გადასახვევი საშუალებები; კბილის დასაბჟენი საშუალებები, კბილის ტვიფრის დასამზადებელი საშუალებები; დეზინფექტანტები; მავნე ცხოველების გასანადგურებელი საშუალებები; ფუნგიციდები, ჰერბიციდები; 16 - ქაღალდი, მუყაო და მათი ნაკეთობა, რომელიც არ მიეკუთვნება სხვა კლასებს; ნაბეჭდი პროდუქცია; მასალები საამკინძაო სამუშაოებისათვის; ფოტოსურათები; საწერ-ქაღალდის საქონელი; საკანცელარიო და საყოფაცხოვრებო დანიშნულების მწებავი ნივთიერებები; მხატვართა საკუთნო; ფუნჯები; საბეჭდი მანქანები და ოფისის საკუთნო (ავეჯის გარდა); სასწავლო მასალა და თვალსაჩინოება (ხელსაწყოების გარდა); პლასტმასის შესაფუთი მასალა (რომელიც არ მიეკუთვნება სხვა კლასებს); შრიფტი; ტიპოგრაფიული კლიშე; 21 - საოჯახო და სამზარეულო ჭურჭელი და ჭურჭლეული (კეთილშობილი ლითონებისაგან დამზადებულის ან დაფარულის გარდა); სავარცხლები და ღრუბლები; ჯაგრისები (ფუნჯების გარდა); მასალები ჯაგრისის ნაკეთობისათვის; სამარჯვები წმენდისა და დასუფთავებისათვის; ლითონის ნეჭა; დაუმუშავებელი ან ნახევრადდამუშავებული მინა (სამშენებლო მინის გარდა); მინის, ფაიფურისა და ქაშანურის ნაკეთობა, რომელიც არ მიეკუთვნება სხვა კლასებს; 35 - რეკლამა; მართვა საქმიან სფეროში; ადმინისტრირება საქმიან სფეროში; საოფისე სამსახური. შპს ,,მ...ს“ სასაქონლო ნიშანი (რეგისტრაციის N..., განაცხადის საიდენტიფიკაციო N95215/3) კი რეგისტრირებულია 03 კლასის საქონლისა და მომსახურების მიმართ, რომელიც მოიცავს: ბზინვარების მიმნიჭებელი პრეპარატები (სარეცხისათვის); ბრწყინვალების მიმნიჭებელი პრეპარატები [საპრიალებელი]; გაკრიალების პრეპარატები; გამახალისებელი ქიმიური პრეპარატები (ფერების) [სარეცხი საშუალება]; გამწმენდი ზეთები; გამწმენდი პრეპარატები; გამწმენდი სოდა; გამწმენდი ცარცი; გამწმენდი ხსნარები; განცხიმვის საშუალებები, სამრეწველო დანიშნულების გარდა; გაოფლიანების საწინააღმდეგო საპონი; გაოფლიანების საწინააღმდეგო ტუალეტის საშუალებები; გასაპრიალებელი პრეპარატები; გელები (კბილების გასათეთრებელი); დამარბილებლები რეცხვისათვის (ქსოვილის); თეთრეულისათვის სურნელის მიმნიჭებელი არომატული ნივთიერებები [საშე]; ლილა (თეთრეულის); მადეზინფიცირებელი საპნები; მათეთრებელი კრემები (სახის კანის); მათეთრებელი მარილები; მათეთრებელი პრეპარატები [სარეცხი საშუალება]; მათეთრებელი სოდა; ჟანგის მოსაცილებელი პრეპარატები; საპნები; სარეცხი საშუალებები [დეტერგენტები], სამრეწველო და სამედიცინო დანიშნულების გარდა; საშე [თეთრეულისათვის სურნელის მიმნიჭებელი არომატული ნივთიერებები]; ჩასადენი მილების გამწმენდი პრეპარატები; ჩასალბობი პრეპარატები (სარეცხის).

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კასატორის მიერ იმ გარემოებებზე მითითება, რომ 03 კლასი აერთიანებს ვრცელ ჩამონათვალს და მათ შორისაა ,,განცხიმვის საშუალებები“, ,,წმენდის პრეპარატები“ და სხვა; 05 კლასი აერთიანებს ვრცელ ჩამონათვალს და მათ შორისაა ,,დეზინფექტანტები“, ,,სანიტარული პრეპარატები“, ხოლო 21-ე კლასი აერთიანებს ვრცელ ჩამონათვალს და მათ შორისაა ,,სამარჯვები წმენდისა და დასუფთავებისთვის“, მითითებულ კლასებს შორის დამთხვევას არ ადასტურებს. კლასები ამგვარი მოცემულობით დაყოფილია ნიცის კლასიფიკატორის მიხედვით, შესაბამისად, მხოლოდ ის გარემოება, რომ მითითებულ კლასებში განაწილებულია ჰიგიენასთან და დასუფთავებასთან დაკავშირებული საშუალებები, მათ აღრევას ან დამთხვევას ვერ გამოიწვევს, ვინაიდან თავად საქონელი და მომსახურება სხვადასხვაა. ამასთან, რაც შეეხება კასატორის მითითებას იმ გარემოებაზე, რომ შპს ,,კ...ს“ აქვს მეორე სასაქონლო ნიშანიც, რომელიც დარეგისტრირდა 2020 წლის 3 ივნისს, მის შემადგენლობაში არის სიტყვა ,,კ...“, გამოსახულებასთან ერთად და დაცულია შემდეგ კლასში - 03, აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მითითებული ნიშანი რეგისტრირებულია შპს ,,მ...ს“ სასაქონლო ნიშნის (რეგისტრაციის N..., განაცხადის საიდენტიფიკაციო N95215/3) რეგისტრაციის შემდგომ, შესაბამისად, მას მოცემული დავის გადაწყვეტისთვის არსებითი მნიშვნელობა არ გააჩნია.

საკასაციო სასამართლო აქვე მიუთითებს ,,სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლზე (სადავო სამართალურთიერთობის დროს მოქმედი რედაქცია), რომლის თანახმად, სასაქონლო ნიშნის გამოყენებად ითვლება საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული ისეთი ქმედებები, როგორიცაა მისი აღბეჭდვა იმ საქონელზე, რომლის მიმართაც ის რეგისტრირებულია, ასევე ამ საქონლის შეფუთვაზე, გამოფენასა და ბაზრობაზე წარმოდგენილ ექსპონატებზე, აბრაზე, ოფიციალურ ბლანკზე, ეტიკეტზე, რეკლამაში, ბეჭდვით გამოცემაში, აგრეთვე სასაქონლო ნიშნის სხვაგვარი გამოყენება მფლობელის, ლიცენზიატის ან მესამე პირის მიერ მფლობელისაგან მინიჭებული უფლების საფუძველზე. სასაქონლო ნიშნის გამოყენებად ითვლება რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნის ნაცვლად მისგან უმნიშვნელოდ განსხვავებული ნიშნის გამოყენებაც. ამასთან, ნიცის კლასიფიკატორის 35-ე კლასის მომსახურება მოიცავს რეკლამას, მართვას საქმიან სფეროში, ადმინისტრირებას საქმიან სფეროში და საოფისე სამსახურს. ამდენად, აღნიშნული გულისხმობს სხვადასხვა სახის სარეკლამო მომსახურებებს, რომლებსაც ახორციელებს სარეკლამო კომპანიები მესამე პირებისათვის. შესაბამისად, სასაქონლო ნიშნის „კ..., ..., ...“ (რეგისტრაციის N...) რეგისტრაცია 35-ე კლასის მომსახურების ჩამონათვალისთვის, მათ შორის რეკლამირებისათვის, არ გულისხმობს ნიშნის რადიოეთერით რეკლამირების შესაძლებლობას ან აღნიშნულ ქმედებაზე განსაკუთრებული უფლებების მოპოვებას, არამედ იგი კომპანიას ანიჭებს განსაკუთრებულ უფლებას მესამე პირებს აუკრძალოს სასაქონლო ნიშნის „კ..., ..., ...“ (რეგისტრაციის N...) იდენტური ან მსგავსი სასაქონლო ნიშნის გამოყენება სარეკლამო მომსახურებისათვის (მაგ. სხვა სარეკლამო კომპანიას აუკრძალოს მისი მომსახურების მოსანიშნად - „კ...ს“ გამოყენება).

მითითებული გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციაზე უარის თქმის ,,სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის ,,გ“ პუნქტით გათვალისწინებული საფუძველი. ამასთან, სახეზე არ არის ამავე მუხლის ,,ზ“ პუნქტით გათვალისწინებული საფუძველიც, ვინაიდან სასაქონლო ნიშანი არ არის მესამე პირის სახელზე რეგისტრირებული, უფრო ადრინდელი პრიორიტეტის მქონე ისეთი სასაქონლო ნიშნის იდენტური ან მსგავსი, რომელსაც საქართველოში აქვს კარგი რეპუტაცია, და ამ სასაქონლო ნიშნის გამოყენება განმცხადებელს დაუმსახურებლად არ უქმნის ხელსაყრელ პირობებს ან ზიანს არ აყენებს დაცული სასაქონლო ნიშნის რეპუტაციას. ამასთან, საქმეში არ არის წარმოდგენილი იმის დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომ შპს ,,კ...ს“ სასაქონლო ნიშანი „კ..., ..., ...“ (რეგისტრაციის N...) წარმოადგენს საქონლისთვის დამახასიათებელ საყოველთაოდ დამკვიდრებულ ტერმინს ან სიმბოლოს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის მიერ 1999 წელს დამტკიცებული რეკომენდაციების (,,ერთიანი რეკომენდაციები საყოველთაოდ ცნობილი სასაქონლო ნიშნების დაცვის შესახებ“) 2.2 მუხლი სასაქონლო ნიშნის საყოველთაოდ ცნობილად აღიარების შემდეგ კრიტერიუმებზე მიუთითებს: 1. ნიშნის ცნობილობის ხარისხი ან აღიარება საზოგადოების შესაბამის სექტორში; 2. ნიშნის გამოყენების ხანგრძლივობა, გავრცელება და გეოგრაფიული არე; 3. საზოგადოებისათვის ნიშნის გაცნობის ხელშემწყობი ღონისძიებები, მათ შორის რეკლამისა და გამოქვეყნების და ამ ნიშნით მონიშნული საქონლისა და/ან მომსახურებების ბაზრობებსა და გამოფენებზე წარდგენის ხანგრძლივობა, გავრცელება და გეოგრაფიული არეალი; 4. ნიშნის ნებისმიერი რეგისტრაციის ხანგრძლივობა ან/და სარეგისტრაციოდ წარდგენილი ნებისმიერი განაცხადის გეოგრაფიულ არეზე გავრცელება, რომელიც მიუთითებს ნიშნის გამოყენებას ან აღიარებას; 5. ნიშანზე უფლებების წარმატებით განხორციელებული ქმედება, რომლის შედეგადაც ნიშანი აღიარებულ იქნა საყოველთაოდ ცნობილად კომპეტენტური ორგანოების მიერ; 6. ღირებულება, რომელიც ასოცირდება სასაქონლო ნიშანთან.

ამდენად, საყოველთაოდ ცნობილად შეიძლება მიჩნეულ იქნეს მხოლოდ ის სასაქონლო ნიშანი, რომელიც ქვეყანაში ძალიან გავრცელებულია და მის შესახებ მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობაა ინფორმირებული. ამასთან, საყოველთაობის არსიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ სასაქონლო ნიშანი ცნობილი იყოს არა მხოლოდ იმ პირთათვის, რომელთაც უშუალო შეხება ჰქონიათ სასაქონლო ნიშანთან, არამედ ჩვეულებრივ საზოგადოების სხვა წევრებისთვისაც. მოცემულ შემთხვევაში კი, ამგვარი გარემოებები საქმეში წარმოდგენილი მასალებით არ დასტურდება. გარდა ამისა, კასატორი საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ მოცემული დავის ფარგლებში გადამწყვეტი არ არის ის გარემოება, სასაქონლო ნიშანი საყოველთაოდ ცნობილად აღიარებული იყო თუ არა, ხოლო საყოველთაოდ ცნობილად აღიარების წინაპირობები იყო თუ არა, ეს აუცილებლად უნდა განეხილა ,,საქპატენტს“. აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სსიპ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის „საქპატენტის“ სააპელაციო პალატის კოლეგიის მიერ განხილული იქნა შპს ,,კ...ს“ N164-3/18 სააპელაციო საჩივარი, რომლითაც იგი ასაჩივრებდა შპს „მ...ს“ სახელზე, მე-3 კლასის საქონლის სრული განცხადებული ჩამონათვალის მიმართ რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნის (საიდ. N95215/3) რეგისტრაციის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებას და სააპელაციო პალატის კოლეგიის მიერ განსახილველ საკითხს არ წარმოადგენდა შპს ,,კ...ს“ სასაქონლო ნიშნის საყოველთაოდ ცნობილად აღიარება.

ამასთან, კასატორის მიერ სადავო სასაქონლო ნიშანში შპს ,,კ...ს“ საფირმო სახელწოდების გამოყენებასთან დაკავშირებით საკასაციო პალატა მიუთითებს ,,სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციას ბათილად ცნობს სასამართლო მესამე პირის მოთხოვნით, თუ სასაქონლო ნიშანი შეიცავს საფირმო სახელწოდებას, რომელზედაც უფლებები წარმოშობილია სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციაზე განაცხადის შეტანამდე, რის შედეგადაც ჩნდება აღრევის შესაძლებლობა. მოცემულ შემთხვევაში კი, 2014 წლის 25 აგვისტოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში დარეგისტრირდა შპს ,,ტ...“ (ს/კ ...), რომელმაც აღნიშნული რეესტრიდან 2018 წლის 29 იანვარს მომზადებული ამონაწერის თანახმად, შეიცვალა საფირმო სახელწოდება და გახდა შპს ,,კ...“ (ს/კ ...). ამდენად, შპს ,,კ...“ ამგვარი საფირმო სახელწოდებით რეგისტრირებულია მას შემდეგ, რაც შპს ,,მ...მა“ 2017 წლის 28 ნოემბერს სსიპ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრ „საქპატენტში“ წარადგინა განაცხადი სადავო სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის თაობაზე. შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს ,,სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტის გამოყენების საფუძველი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, შპს ,,კ...ს“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად მიჩნევის პირობებში, შპს ,,კ...ს“ (ს/კ ...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივართან დაკავშირებით შპს ,,ს...ს“ (ს/კ ...) მიერ 2022 წლის 20 აპრილს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს ,,კ...ს“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილება;

3. შპს ,,კ...ს“ (ს/კ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივართან დაკავშირებით შპს ,,ს...ს“ (ს/კ ...) მიერ 2022 წლის 20 აპრილს N1650445990 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე

გენადი მაკარიძე