დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 17.01.2014
საქმის ნომერი
406აგ.-2013
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
17.01.2014

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №406აგ-13 17 იანვარი, 2014 წელი

პ-ე ბ.- 406აგ-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)

ზაზა მეიშვილი, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ბ. პ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 26 ივნისის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2011 წლის 18 ოქტომბრის განაჩენით ბ. პ-ე, ნასამართლევი, დაუსწრებლად ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 24 მაისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 6 დეკემბრის განაჩენით (სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“, ,,გ“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტები) ბ. პ-ისათვის დანიშნული პირობითი მსჯავრი და ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა.

აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 19 ივლისის განაჩენით დარჩა უცვლელად. ბ. პ-ეს სასჯელის მოხდის ვადა აეთვალა დაკავების დღიდან - 2012 წლის 11 მაისიდან.

თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2013 წლის 6 თებერვლის განჩინებით „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე ბ. პ-ეს ერთი მეოთხედით შეუმცირდა დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ მოსახდელად დარჩა 6 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2012 წლის 11 მაისიდან.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 22 აპრილის განჩინებით ბ. პ-ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე დაუშვებლად იქნა ცნობილი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 24 ივნისის განჩინებით ბ. პ-ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე დაუშვებლად იქნა ცნობილი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 26 ივნისის განაჩენით დაკმაყოფილდა ბ. პ-ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შესახებ, კერძოდ:

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2011 წლის 18 ოქტომბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით დანიშნულ და ამნისტიით შემცირებულ სასჯელს - 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთას - დაემატა (ნაწილობრივ) ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 6 დეკემბრის განაჩენით სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“, ,,გ“ და მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით დანიშნული და ამნისტიით შემცირებული სასჯელიდან - 3 წლით თავისუფლების აღკვეთიდან ნაწილი - 3 თვით თავისუფლების აღკვეთა და ბ. პ-ეს საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2012 წლის 11 მაისიდან.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 15 ოქტომბრის განჩინებით თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 22 აპრილის განჩინება დარჩა უცვლელად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 16 იანვრის განჩინებით თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 24 ივნისის განჩინება დარჩა უცვლელად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 26 ივნისის განაჩენის თაობაზე ბ. პ-ემ საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას და ითხოვა საბოლოო სასჯელის განსაზღვრა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით. ამასთან, მიუთითა, რომ 2004 წლის განაჩენით დანიშნული სასჯელი აქვს მოხდილი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, განაჩენთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ ან მთლიანად ემატება წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი, ან ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქავს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს.

მოცემულ შემთხვევაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 26 ივნისის განაჩენით ბ. პ-ეს განაჩენთა ერთობლიობით სასჯელი განესაზღვრა ნაწილობრივი შეკრების პრინციპით, რის შედეგადაც მნიშვნელოვნად შეუმცირდა სასჯელის ზომა, რაც შესაბამისობაშია სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის მოთხოვნებთან.

საკასაციო პალატა ითვალისწინებს მსჯავრდებულის პიროვნულ მახასიათებლებს, მის წარსულ ცხოვრებას, ჩადენილი ქმედებების სიმძიმესა და საზოგადოებრივ საშიშროებას, ასევე იმ გარემოებას, რომ მან ახალი დანაშაული ჩაიდინა პირობითი მსჯავრის გამოსაცდელ ვადაში, რის შედეგადაც პალატა მიიჩნევს, რომ ბ. პ-ისათვის სასჯელის კიდევ უფრო შემცირება მით უფრო - სრულად შთანთქმის პრინციპის საფუძველზე, აშკარად ლმობიერი იქნება.

რაც შეეხება კასატორის აპელირებას ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2004 წლის განაჩენით (ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 6 დეკემბრის განაჩენი) დანიშნული სასჯელის სრულად მოხდის თაობაზე, საკასაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 30 ნოემბრის დადგენილებას, რომლის თანახმადაც, ,,არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით მსჯავრდებულ ბ. პ-ის მიმართ გამოცხადდა ძებნა. ამდენად, ამავე კანონის მე-18 მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბ. პ-ის საპრობაციო ვადის ათვლა შეჩერდა. შესაბამისად, კასატორის მითითება ამ გარემოებაზე უსაფუძვლოა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით, 314-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ ბ. პ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 26 ივნისის განაჩენი ბ. პ-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.

განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: ზ. მეიშვილი

გ. შავლიაშვილი

საქმე №406აგ-13 16 იანვარი, 2014 წელი

პ-ე ბ.- 406აგ-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),ზაზა მეიშვილი, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ბ. პ-ის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 24 ივნისის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2011 წლის 18 ოქტომბრის განაჩენით ბ. პ-ე დაუსწრებლად ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 24 მაისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 6 დეკემბრის განაჩენით (სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“, ,,გ“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტები) ბ. პ-ისათვის დანიშნული პირობითი მსჯავრი და ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა.

აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 19 ივლისის განაჩენით დარჩა უცვლელად. ბ. პ-ეს სასჯელის მოხდის ვადა აეთვალა დაკავების დღიდან - 2012 წლის 11 მაისიდან.

თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2013 წლის 6 თებერვლის განჩინებით „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე ბ. პ-ეს ერთი მეოთხედით შეუმცირდა დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ მოსახდელად დარჩა 6 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2012 წლის 11 მაისიდან.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 22 აპრილის განჩინებით ბ. პ-ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე დაუშვებლად იქნა ცნობილი.

აღნიშნული განჩინება საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 15 ოქტომბრის განჩინებით დარჩა უცვლელად.

მსჯავრდებულმა ბ. პ-ემ შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვისა და გაუქმების თაობაზე შემდეგი მოტივებით: მას ჩვენება მიცემული აქვს ზეწოლის შედეგად; საქმეში არსებული მოწმეთა ჩვენებები არის ყალბი, შესაბამისად, უკანონოდ დაედო მსჯავრი. ამასთან, უთითებს, რომ 2004 წლის განაჩენით გათვალისწინებული ნასამართლობა გაქარწყლებული ჰქონდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელი - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც ნაწილი ასევე მოხდილი აქვს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 24 ივნისის განჩინებით მსჯავრდებულ ბ. პ-ის შუამდგომლობა დაუშვებლად იქნა ცნობილი.

მსჯავრდებული ბ. პ-ე საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 24 ივნისის განჩინების გაუქმებას და შუამდგომლობის განხილვას იმავე მოტივებით, რაზეც მითითებული ჰქონდა სააპელაციო სასამართლოში წარდგენილ შუამდგომლობაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლში მითითებულია ის საფუძვლები, თუ რა შემთხვევაშია შესაძლებელი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვა, კერძოდ:

განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ:

ა) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ ყალბია მტკიცებულება, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;

ბ) არსებობს გარემოება, რომელიც მოწმობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის დამდგენი სასამართლოს უკანონო შემადგენლობას ან იმ მტკიცებულების დაუშვებლობას, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;

გ) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ მოსამართლემ, პროკურორმა, გამომძიებელმა, ნაფიცმა მსაჯულმა ან ნაფიცი მსაჯულის მიმართ სხვა პირმა ამ საქმესთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული;

დ) არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი;

ე) არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება), რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის ან მისი ოქმების დარღვევა ამ საქმესთან დაკავშირებით, და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება;

ვ) ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო;

ზ) წარმოდგენილია ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და თავისთავად, თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო, აგრეთვე ამტკიცებს გამართლებულის ბრალეულობას ან დანაშაულის იმ პირის მიერ ჩადენას, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვეტილი იყო.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული მასალების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმის გარემოებებს, ხოლო კასატორის მიერ საჩივარში მითითებული გარემოება არ წარმოადგენს საპროცესო კანონით გათვალისწინებულ ისეთ გარემოებას, რომელიც შეიძლება გახდეს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვის საფუძველი.

რაც შეეხება კასატორის აპელირებას ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2004 წლის განაჩენით (ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 6 დეკემბრის განაჩენი) დანიშნული სასჯელის სრულად მოხდის თაობაზე, საკასაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 30 ნოემბრის დადგენილებას, რომლის თანახმადაც, ,,არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით მსჯავრდებულ ბ. პ-ის მიმართ გამოცხადდა ძებნა. ამდენად, ამავე კანონის მე-18 მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბ. პ-ის საპრობაციო ვადის ათვლა შეჩერდა. შესაბამისად, კასატორის მითითება ამ გარემოებაზე უსაფუძვლოა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მსჯავრდებულ ბ. პ-ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე კანონიერი და დასაბუთებულია, რომლის გაუქმების ან შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ ბ. პ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 24 ივნისის განჩინება მსჯავრდებულ ბ. პ-ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: ზ. მეიშვილი

გ. შავლიაშვილი