დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 24.01.2014
საქმის ნომერი
673აგ.-2013
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
24.01.2014

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№673აგ -13 24 იანვარი, 2014 წელი

მ-ე ვ.- 673აგ-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)

მაია ოშხარელი, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ვ. მ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 24 ივნისის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 14 იანვრის განაჩენით ვ. მ-ე, ნასამართლევი (საგარეჯოს რაიონული სასამართლოს 2003 წლის 12 მარტის განაჩენით მსჯავრი დაედო საქართველოს სსკ-ის 184-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და მე-2 ნაწილის ,,გ ქვეპუნქტით, რისთვისაც მიესაჯა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლაც დაეწყო 2002 წლის 24 მარტიდან), - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით - 12 წლით, ხოლო სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.

სსკ-ის 59-ე მუხლის 1-ლი ნაწილით ვ. მ-ეს სასჯელად განესაზღვრა 17 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლაც დაეწყო 2009 წლის 27 ოქტომბრიდან.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 31 იანვრის განჩინებით „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე ვ. მ-ეს ¼-ით შეუმცირდა სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი - 5 წელი და განესაზღვრა 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა; მასვე ¼-ით შეუმცირდა სსკ-ის 109-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი - 12 წელი და განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის 1-ლი ნაწილით ვ. მ-ეს საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 12 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლაც დაეწყო 2009 წლის 27 ოქტომბრიდან.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 10 სექტემბრის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

2013 წლის 20 მაისს მსჯავრდებულმა ვ. მ-ემ შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და 2013 წლის 17აპრილს სსკ-ის 59-ე მუხლში შესული ცვლილებების თანახმად, ითხოვა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 24 ივნისის განაჩენით მსჯავრდებულ ვ. მ-ის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 31 იანვრის განჩინება დარჩა უცვლელად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენის თაობაზე ვ. მ-ემ საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. კასატორმა ითხოვა განაჩენის გაუქმება და სსკ-ის მე-17 მუხლის მე-4 ნაწილისა და იმავე კოდექსის 79-ე მუხლის საფუძველზე სასჯელის განსაზღვრა შთანთქმის პრინციპით - სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სსკ-ის მე-17 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად: ,,დანაშაულის რეციდივი ნიშნავს წინათ განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენას“.

იმის გათვალისწინებით, რომ ვ. მ-ე ნასამართლევია განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 14 იანვრის განაჩენით დადგენილ დანაშაულებთან მიმართებით სახეზე გვაქვს დანაშაულის რეციდივი.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას, უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ანდა ამ დანაშაულთათვის განსაზღვრული სასჯელები ნაწილობრივ ან მთლიანად შეიკრიბება.

საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას და მიაჩნია, რომ ვ. მ-ის მიმართ დანაშაულთა ერთობლიობით, მთლიანი შეკრების პრინციპით, დანიშნული სასჯელი სამართლიანია, შეესაბამება მის პიროვნებასა და ჩადენილი ქმედებების სიმძიმეს. შესაბამისად, მიზანშეუწონელია სასჯელთა შთანთქმის ან ნაწილობრივი შეკრების წესის გამოყენება. ამასთან, პალატა არ იზიარებს კასატორის მოთხოვნას განაჩენის გაუქმებისა და შთანთქმის პრინციპის გამოყენებით სასჯელის განსაზღვრის თაობაზე, რადგან საქმის მასალებით ცნობილია, რომ 2010 წლის 14 იანვრის განაჩენით ბრალად შერაცხული ქმედებები მსჯავრდებულს ჩადენილი აქვს ნასამართლობის პერიოდში, სრულწლოვანების ასაკში.

აღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 307-ე, 314-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ ვ. მ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 24 ივნისის განაჩენი ვ. მ-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.

განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: მ. ოშხარელი

გ. შავლიაშვილი