დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№981აგ-13 16 იანვარი, 2014 წელი
კ-ე ა 981აგ-13 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მაია ოშხარელი (თავმჯდომარე)
პაატა სილაგაძე, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ა. კ-ს საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 25 ივლისის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 22 ივლისის განაჩენით ა. კ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 177–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ და მე–3 ნაწილის „ა“, „ბ“, „დ“ ქვეპუნქტებით და სსკ–ის 55–ე მუხლის საფუძველზე სასჯელის ზომად განესაზღვრა 2 წლით, 9 თვითა და 13 დღით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის მე–2 ნაწილის საფუძველზე დანიშნულ სასჯელს დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 15 ივლისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 4 წელი, 8 თვე და 17 დღე და საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. ა. კ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2010 წლის 10 ივნისიდან.
მასვე საქართველოს სსკ–ის 42–ე მუხლის მე–5 ნაწილის საფუძველზე დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა – 5000 ლარი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 18 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ ა. კ-ს მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ:
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე–16 მუხლის საფუძველზე მსჯავრდებულ ა. კ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა საქართველოს სსკ-ის 25,177–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ და მე–3 ნაწილის „ა“, „ბ“, „დ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელები და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 22 ივლისის განაჩენით დანიშნული სასჯელიდან საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა 5 წლით, 6 თვითა და 19 დღით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2010 წლის 10 ივნისიდან.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულმა ა. კ-მ, რომელმაც ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2013 წლის 17 აპრილის კანონის საფუძველზე, ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 18 თებერვლის განჩინების გადასინჯვა და სასჯელის განსაზღვრა საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლით სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით დადგენილი წესით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 25 ივლისის განაჩენით მსჯავრდებულ ა. კ-ს შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 22 ივლისის განაჩენი და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 18 თებერვლის განჩინება დარჩა უცვლელად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 25 ივლისის განაჩენის თაობაზე მსჯავრდებულმა ა. კ-მ საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. მსჯავრდებულმა საჩივრით ითხოვა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გასაჩივრებული განაჩენის გადასინჯვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნისას, სასამართლო ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ ან მთლიანად მიუმატებს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს, ან ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქავს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ა. კ-ს პიროვნებისა და მის მიერ ჩადენილი ქმედებების სიმძიმის გათვალისწინებით, არ არის მიზანშეწონილი სასჯელთა შთანთქმის ან ნაწილობრივი შეკრების წესის გამოყენება, რის გამოც გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 314-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ა. კ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 25 ივლისის განაჩენი დარჩეს უცვლელად.
განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ოშხარელი
მოსამართლეები: პ. სილაგაძე
გ. შავლიაშვილი