დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 27.01.2014
საქმის ნომერი
1336აგ.-2013
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
27.01.2014

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№1336აგ-13 27 იანვარი, 2014 წელი

თ-ი დ 1336აგ-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მაია ოშხარელი (თავმჯდომარე)

პაატა სილაგაძე, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ დ. თ-ს საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 21 ივნისის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 31 მარტის განაჩენით დ. თ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 19,177–ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ–ის 50–ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, 4 წელი განესაზღვრა რეალურად მოსახდელი, ხოლო 2 წელი - ჩაეთვალა პირობით, 3 წლის გამოსაცდელი ვადით. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2011 წლის 22 თებერვლიდან.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 4 თებერვლის განჩინებით დ. თ-ს მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი და ერთი მეოთხედით პროპორციულად შეუმცირდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 31 მარტის განაჩენით დანიშნული რეალური სასჯელი, პირობითი მსჯავრი და გამოსაცდელი ვადა და მოსახდელად განესაზღვრა 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 3 წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 1 წელი და 6 თვე ჩაეთვალა პირობით, 2 წლისა და 3 თვის გამოსაცდელი ვადით. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2011 წლის 22 თებერვლიდან. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 31 მარტის განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.

2013 წლის 29 მაისს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოდან შევიდა მსჯავრდებულ დ. თ-ს შუამდგომლობა მის მიმართ გამოტანილი განაჩენის ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადასინჯვის შესახებ. მსჯავრდებული აღნიშნავდა, რომ სასამართლოს გაეთვალისწინებინა მისი ოჯახური მდგომარეობა, მისი წარსული, ასევე ის, რომ ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, მოსახდელად დარჩენილი აქვს 9 თვე და ითხოვა სასჯელის შემსუბუქება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 21 ივნისის განჩინებით მსჯავრდებულ დ. თ-ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე დაუშვებლად იქნა ცნობილი.

მსჯავრდებული დ. თ-ი საკასაციო საჩივრით ითხოვს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვასა და სასჯელის შემსუბუქებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაულთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრ სასჯელს.

საქმის მასალებით ირკვევა, რომ მსჯავრდებული დ. თ-ი სასჯელს იხდის საქართველოს სსკ-ის მხოლოდ ერთი - 19,177–ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით, რის გამოც დანაშაულთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნის შესახებ კანონში შეტანილი ცვლილება, მოცემულ შემთხვევაში, არ წარმოადგენს ახლად გამოვლენილ გარემოებას.

აღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების გადასინჯვის საფუძველი, რის გამოც გასაჩივრებული განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ დ. თ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 21 ივნისის განჩინება მსჯავრდებულ დ. თ-ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ დარჩეს უცვლელად.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ოშხარელი

მოსამართლეები: გ. შავლიაშვილი

პ. სილაგაძე