დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№1346აგ-13 21 იანვარი, 2014 წელი
კ-ი რ 1346აგ-13 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მაია ოშხარელი, (თავმჯდომარე),გიორგი შავლიაშვილი, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ რ. კ-ა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ. გ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 1 აგვისტოს განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 9 ოქტომბრის განაჩენით რ. კ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 138-ე მუხლის მეხუთე ნაწილის საფუძველზე _ თავისუფლების აღკვეთა 15 წლის ვადით; საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა» და იმავე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა» და ,,გ» ქვეპუნქტების საფუძველზე _ თავისუფლების აღკვეთა 5 წლისა და 9 თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 88-ე მუხლის მეოთხე ნაწილის საფუძველზე შეუმცირდა ერთი მეოთხედით და ბრალდების ამ ნაწილში სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლის, 3 თვისა და 23 დღის ვადით; საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა» და იმავე მუხლის მესამე ნაწილის ,,გ» ქვეპუნქტების საფუძველზე _ თავისუფლების აღკვეთა 4 წლისა და 6 თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 88-ე მუხლის საფუძველზე შეუმცირდა ერთი მეოთხედით და ბრალდების ამ ნაწილში სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლის, 4 თვისა და 15 დღის ვადით. აღნიშნული სასჯელები საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე შეიკრიბა და რ. კ-ს საბოლოო სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 22 წლის, 8 თვისა და 8 დღის ვადით. იმავე განაჩენით დაკმაყოფილდა დაზარალებულ ც. მ-ს სამოქალაქო სარჩელი და მსჯავრდებულ რ. კ-ს ციალა მენაღარიშვილის სასარგებლოდ დაეკისრა 300 ლარის გადახდა, ხოლო შ. ქ-ს სამოქალაქო სარჩელის მიმართ წარმოება შეწყდა, მოსარჩელის მიერ სარჩელზე უარის თქმის გამო.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 16 თებერვლის განაჩენით ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 9 ოქტომბრის განაჩენში შეტანილ იქნა ცვლილება, კერძოდ, მსჯავრდებულ რ. კ-ს ამოერიცხა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა” და იმავე კოდექსის 178-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა» ქვეპუნქტების სფუძველზე შერაცხული ბრალდება, როგორც ზედმეტად წარდგენილი. განაჩენი სხვა ნაწილში მსჯავრდებულ რ. კ-ს მიმართ დარჩა უცვლელად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 24 ივნისის განჩინებით საკასაციო საჩივარი არ იქნა დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.
გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 21 თებერვლის განაჩენით რ. კ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 378-ე მუხლის მე-5 ნაწილით და მიესაჯა 11 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს მთლიანად დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 19 წელი, 9 თვე, 13 დღე და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, მას სასჯელად შეეფარდა 30 წლით, 9 თვითა და 13 დღით თავისუფლების აღკვეთა.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 27 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ რ. კ-ს მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ:
მსჯავრდებულ რ. კ-ს საქართველოს სსკ-ის 378-ე მუხლის მეხუთე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 21თებერვლის განაჩენით დანიშნული სასჯელი - 11 წლით თავისუფლების აღკვეთა - შეუმცირდა ¼-ით და განესაზღვრა 8 წელი და 3 თვე; მასვე გაუნახევრდა საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი - 4 წელი, 3 თვე და 23 დღე და განესაზღვრა 2 წლით, 1 თვითა და 26 დღით თავისუფლების აღკვეთა; მასვე გაუნახევრდა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 3 წლის, 4 თვისა და 15 დღის ვადით და განესაზღვრა 1 წლით, 8 თვითა და 7 დღით თავისუფლების აღკვეთა; მასვე ¼-ით შეუმცირდა საქართველოს სსკ-ის 138-ე მუხლის მე-5 ნაწილით დანიშნული სასჯელი - 15 წელი და განესაზღვრა 11 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა. საბოლოოდ რ. კ-ს მოსახდელად განესაზღვრა 23 წლით, 4 თვითა და 3 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2008 წლის 26 მარტიდან. განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.
აღნიშნული განჩინება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 12 აპრილის განჩინებით დარჩა უცვლელად.
2013 წლის 17 ივნისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულმა რ. კ-ა, რომელმაც „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ 2013 წლის 17 აპრილის საქართველოს კანონის თანახმად, ამავე კოდექსის 59–ე მუხლში განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, ითხოვა განაჩენის გადასინჯვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 1 აგვისტოს განაჩენით რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 27 თებერვლის განჩინებასა და გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 21 თებერვლის განაჩენში შევიდა ცვლილება, კერძოდ:
საქართველოს სსკ–ის 138–ე მუხლის მეხუთე ნაწილით დანიშნულმა სასჯელმა (ამნისტიის გათვალისწინებით) - 11 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთამ შთანთქა: სსკ–ის 177–ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი (ამნისტიის გათვალისწინებით) - 1 წელი, 8 თვე და 7 დღე, სსკ–ის 178–ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი (ამნისტიის გათვალისწინებით) - 2 წელი, 1 თვე და 26 დღე და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 16 თებერვლის განაჩენით მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 11 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა.
გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 21 თებერვლის განაჩენით საქართველოს სსკ–ის 378–ე მუხლის მეხუთე ნაწილით დანიშნულ სასჯელს (ამნისტიის გათვალისწინებით) - 8 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთას დაემატა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 16 თებერვლის განაჩენით დანიშნული, მოუხდელი, ამნისტირებული სასჯელიდან (2011 წლის 21 თებერვლის მდგომარეობით) - 8 წლი, 4 თვითა და 5 დღით თავისუფლების აღკვეთიდან ნაწილი – 7 წელი და 9 თვე და საბოლოოდ რ. კ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 16 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2008 წლის 26 მარტიდან. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 27 თებერვლის განჩინება და გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 21 თებერვლის განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.
მსჯავრდებული რ. კ-ი და მისი ინტერესების დამცველი, ადვოკატი თ. გ-ე საკასაციო საჩივრით ითხოვენ შთანთქმის პრინციპის გამოყენებით სასჯელის შემსუბუქებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ხოლო თანაბარი სასჯელების დანიშვნისას, ერთი სასჯელი შთანთქავს მეორეს; ხოლო ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნისას, სასამართლო ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ ან მთლიანად მიუმატებს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს, ან ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქავს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს.
მოცემულ შემთხვევაში, რ. კ-ს მიმართ საბოლოო სასჯელის დანიშვნისას, გამოყენებულ იქნა სასჯელთა შთანთქმისა და ნაწილობრივი შეკრების წესი, რის შედეგადაც მსჯავრდებულს მნიშვნელოვნად შეუმცირდა სასჯელის ზომა.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ რ. კ-ს პიროვნებისა და მის მიერ ჩადენილი ქმედებების სიმძიმის გათვალისწინებით, არ არის მიზანშეწონილი სასჯელთა შთანთქმის წესის გამოყენება და სხვაგვარად სასჯელის ზომის კიდევ უფრო შემცირება, რის გამოც გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 314-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ რ. კ-ა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ. გ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 1 აგვისტოს განაჩენი დარჩეს უცვლელად.
განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ოშხარელი
მოსამართლეები: პ. სილაგაძე
გ. შავლიაშვილი