დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
ას-1302-1424-04 ას-1302-1424-04 28 იანვარი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),რ. ნადირიანი,თ. კობახიძე
აღწერილობითი ნაწილი:
ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2001წ. 11 დეკემბრის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა ლ. ს-ის სარჩელი შპს „ნ.“ მიმართ სამუშაოზე აღდგენისა და განაცდურის ანაზღაურების შესახებ. გადაწყვეტილება ლ. ს-მა გაასაჩივრა სააპელაციო წესით. თბილისის საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის 2002წ. 26 აპრილის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, შეიცვალა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და ს-ს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო. სააპელაციო პალატის აღნიშნული გადაწყვეტილება ლ. ს-მა გაასაჩივრა საკასაციო წესით. საქართველოს უზენაესი სასამართლოს საკასაციო პალატის 2002წ. 29 ივლისის განჩინებით არ დაკმაყოფილდა საკასაციო საჩივარი და უცვლელად დარჩა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება.
მოცემულ საქმეზე მიღებული სასამართლოს გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში.
ლ. ს-მა სააპელაციო საჩივრით მიმართა თბილისის საოლქო სასამართლოს და მოითხოვა ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2001წ. 11 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმება, მისი სამუშაოზე აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება.
ლ. ს-მა ასევე განცხადებით მიმართა თბილისის საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატას ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო თბილისის საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის 2002წ. 26 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით.
თბილისის საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის 2004წ. 11 ოქტომბრის განჩინებით ლ. ს-ის სააპელაციო საჩივარი ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2001წ. 11 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე დატოვებულ იქნა განუხილველად დაუშვებლობის გამო.
პალატამ განმარტა, რომ სსკ-ის 364-ე მუხლის თანახმად, რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეებმა და დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის უფლების მქონე მესამე პირებმა შეიძლება კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრონ თბილისის საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატაში.
პალატამ მიუთითა, რომ 2002წ. 26 აპრილის გადაწყვეტილებით გაუქმებულია ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2001წ. 11 დეკემბრის გადაწყვეტილება და, შესაბამისად, არარსებული გადაწყვეტილების გასაჩივრება დაუშვებელია და სსკ-ის 374-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.
სააპელაციო სასამართლოს მითითებულ განჩინებაზე ლ.ს-მა შეიტანა კერძო საჩივარი, მოითხოვა განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განხილვა.
კერძო საჩივრის ავტორმა მიუთითა, რომ ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2001წ. 11 დეკემბრის გადაწყვეტილება არ გაუქმებულა, არამედ შეიცვალა მის საწინააღმდეგოდ და არ ეთანხმება სასამართლოს მოსაზრებას, რომ სასამართლოს ეს გადაწყვეტილება არ არსებობს და საქმის წარმოების განახლება დაუშვებელია.
რაც შეეხება ლ.ს-ის განცხადებას ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ სააპელაციო პალატის 2002წ. 26 აპრილის გადაწყვეტილებაზე, სააპელაციო სასამართლომ 2004წ. 11 ოქტომბრის განჩინებით განცხადება დატოვა განუხილველად.
სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ განცხადება დაუშვებელია, რადგან განმცხადებელმა არ შეავსო თბილისის საოლქო სასამართლოს 2004წ. 27 აგვისტოს განჩინებით დადგენილი ხარვეზი სრულად. არ მიუთითა იმ გარემოებებზე, რომლებიც მოწმობენ, რომ დაცულია განცხადების შეტანის ვადა და ამ გარემოებების დამადასტურებელ მტკიცებულებებზე, კერძოდ, თუ როდის შეიტყო ახლად აღმოჩენილ გარემოებების არსებობა: დირექტორის 1999წ. 29 დეკემბრის ¹101 ბრძანების სიყალბეზე, შპს „ნ.“ 28 სექტემბრის ¹24 ბრძანებისა და გათავისუფლების შესახებ გაფრთხილების ხელწერილის სიყალბის, შტატების შემცირების არარსებობისა და დირექტორის მიერ 1999წ. ბრძანებაში ფინანსების მითითების არაკანონიერების შესახებ.
სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ ხარვეზი არ იქნა შევსებული სრულად და, საპროცესო კოდექსის 427-ე, 429-ე მუხლების საფუძველზე, განცხადება მიიჩნია დაუშვებლად და დატოვა განუხილველი.
სააპელაციო სასამართლოს აღნიშნულ განჩინებაზეც ლ.ს-მა შეიტანა კერძო საჩივარი, მოითხოვა განჩინების გაუქმება და განცხადების დასაშვებად ცნობა.
კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ შპს „ნ.“ გენერალური დირექტორი რწმუნების გარეშე მოქმედებს შპს „ნ.“ სახელით და წარმოადგენს მის ინტერესებს სხვა იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან ურთიერთობაში, ასევე, გამოსცემს ბრძანებებსა და განკარგულებებს, მაშინ, როცა სამეწარმეო რეესტრში გენერალურ დირექტორად რეგისტრირებულია გ.ს-ე. აღნიშნულიდან გამომდინარე, მისი განთავისუფლების ბრძანება ¹101-ის საფუძველი შპს „ნ.“ 1999წ. 28 სექტემბრის ¹24 ბრძანება და განთავისუფლების შესახებ გაფრთხილების ხელწერილი ყალბია, რადგან მასზე ხელი არ აქვს მოწერილი გ.ს-ეს, როგორც გენერალურ დირექტორს.
ლ.ს-ი ასევე მიუთითებს, რომ აღნიშნული გარემოებები მისთვის ცნობილი გახდა 2004წ. 9 ივნისიდან მას შემდეგ, რაც მაისში ვაკე-საბურთალოს სასამართლოდან მისი პირადი ¹116/9 2004წ. 27 მაისის განცხადებისა და საქართველოს სტატისტიკის დეპარტამენტიდან 2004წ. 4 ივნისს წარმოდგენილ შპს „ნ.“ რეგისტრაციის ნომრისა და თარიღის საფუძველზე, გადაეცა შპს „ნ.“ წესდების ქსეროასლი და ამონაწერი რეესტრიდან. კერძო საჩივრის ავტორის აზრით, ზემოთ აღნიშნული გარემოებები განცხადებაში მითითებულ სხვა მტკიცებულებებთან ერთად წარმოადგენს მოცემულ საქმეზე ახლად აღმოჩენილ გარემოებებს და ასევე ადასტურებს, რომ განცხადება შეტანილია კანონით დადგენილ ვადაში.
თბილისის საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის 2004წ. 15 ნოემბრის განჩინებით ლ. ს-ის კერძო საჩივარი ამავე სასამართლოს 2004წ. 11 ოქტომბრის განჩინებებზე მიჩნეულ იქნა დაუსაბუთებლად და, საპროცესო კოდექსის 417-ე მუხლის შესაბამისად, განსახილველად გადაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, კერძო საჩივრის მოტივები და მივიდა დასკვნამდე, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ის 364-ე მუხლის თანახმად, რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეებმა და დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის უფლების მქონე მესამე პირებმა შეიძლება კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრონ საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატაში.
მოცემულ შემთხვევაში კერძო საჩივრის ავტორი ასაჩივრებს ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2001წ. 11 დეკემბრის გადაწყვეტილებას, რომელიც თბილისის სააპელაციო პალატის 2002წ. 26 აპრილის გადაწყვეტილებით გაუქმებულია და ეს გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში. ამდენად, ლ.ს-ი ასაჩივრებს სასამართლოს იმ გადაწყვეტილებას, რომლის გასაჩივრებაც საპროცესო კანონმდებლობით დაუშვებელია.
აღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად მიიჩნია რაიონული სასამართლოს 2001წ. 11 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე შეტანილი ლ.ს-ის კერძო საჩივარი დაუშვებლად და დატოვა განუხილველი.
რაც შეეხება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების განუხილველად დატოვებას, საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს, რომ განცხადება დაუშვებელია, რადგან განმცხადებელმა არ შეავსო თბილისის საოლქო სასამართლოს 2004წ. 27 აგვისტოს განჩინებით დადგენილი ხარვეზი სრულად, არ მიუთითა იმ გარემოებებზე, რომლებიც მოწმობენ, რომ დაცულია განცხადების შეტანის ვადა და ამ გარემოებების დამადასტურებელ მტკიცებულებებზე, კერძოდ, თუ როდის შეიტყო ახლად აღმოჩენილ გარემოებების არსებობა დირექტორის 1999წ. 29 დეკემბრის ¹101 ბრძანების სიყალბეზე, შპს „ნ.“ 28 სექტემბრის ¹24 ბრძანებისა და გათავისუფლების შესახებ გაფრთხილების ხელწერილის სიყალბის, შტატების შემცირების არარსებობისა და დირექტორის მიერ 1999წ. ბრძანებაში ფინანსების მითითების არაკანონიერების შესახებ.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 374-ე, 408-ე, 419-ე, 420-ე, 426-ე, 427-ე, 430-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ლ. ს-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
მოცემულ საქმეზე უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2004წ. 11 ოქტომბრის განჩინებები.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.