შეიცვალა სასჯელი

სისხლის სამართლის 06.03.2014
საქმის ნომერი
797აგ.-2013
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
06.03.2014

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№797აგ-13 6 მარტი, 2014 წელი

ქ-ი ზ.- 797აგ-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)

ზაზა მეიშვილი, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ზ. ქ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 10 ივლისის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 30 აპრილის განაჩენით ზ. ქ-ი, ნასამართლობის არმქონე, ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:

საქართველოს სსკ–ის 177–ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) და ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა;

სსკ–ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „დ“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) და ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით – 8 წლით თავისუფლების აღკვეთა;

სსკ–ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა;

სსკ–ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა;

სსკ–ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;

სსკ–ის 118-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;

სსკ–ის 59-ე მუხლის შესაბამისად, ზ. ქ-ს საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 20 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2007 წლის 7 იანვრიდან.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 18 ივლისის განაჩენით გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 30 აპრილის განაჩენი შეიცვალა, კერძოდ:

ზ. ქ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: სსკ–ის 177–ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა;

სსკ–ის 179–ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებით - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა;

სსკ–ის 143–ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა;

სსკ–ის 236–ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა;

სსკ–ის 236–ე მუხლის მე-2 ნაწილით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;

სსკ–ის 118–ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;

სსკ–ის 59-ე მუხლის შესაბამისად, ზ. ქ-ს საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 20 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2007 წლის 7 იანვრიდან.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 24 დეკემბრის განჩინებით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 18 ივლისის განაჩენში შევიდა ცვლილება:

ზ. ქ-ი ამნისტიის საფუძველზე გათავისუფლდა სსკ–ის 118–ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელის - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთის მოხდისაგან. ზ. ქ-ს საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 18 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 10 ივლისის განაჩენით ზ. ქ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:

საქართველოს სსკ–ის 363–ე მუხლის მე–2 ნაწილით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა;

სსკ–ის 179–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა;

ზ. ქ-ს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელად განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2007 წლის 7 იანვრიდან.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 7 დეკემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 10 ივლისის განაჩენი შეიცვალა, კერძოდ:

ზ. ქ-ის ქმედება სსკ–ის 179–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) გადაკვალიფიცირდა სსკ–ის 179–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე.

ზ. ქ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:

სსკ-ის 179–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) და სსკ–ის 179–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2006 წლის 28 აპრილის კანონი) – 8 წლით თავისუფლების აღკვეთა;

სსკ–ის 363–ე მუხლის მე–2 ნაწილით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ 2007 წლის 29 ნოემბრის საქართველოს კანონის მე–2 მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, გაუნახევრდა და განესაზღვრა 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;

სსკ–ის 59–ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასჯელთა შეკრების პრინციპით, ზ. ქ-ს საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 8 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2007 წლის 7 იანვრიდან.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 24 ოქტომბრის განაჩენით ზ. ქ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ–ის 3782–ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელად განესაზღვრა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2007 წლის 14 აგვისტოდან.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 20 იანვრის დადგენილებით ზ. ქ-ს განაჩენთა ერთობლიობით, მოსახდელად განესაზღვრა 22 წლით, 11 თვითა და 28 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2009 წლის 20 იანვრიდან.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 18 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებული ზ. ქ-ი გათავისუფლდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 18 ივლისის განაჩენით სსკ–ის 177–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებითა და სსკ–ის 236–ე მუხლის 1-ლი, მე–2 ნაწილებით დანიშნული სასჯელებისაგან.

ზ. ქ-ს ამავე განაჩენით სსკ–ის 179–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებითა და სსკ–ის 143–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“, „ზ“, „თ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელები შეუმცირდა ერთი მეოთხედით და განესაზღვრა:

სსკ–ის 179–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებით - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა;

სსკ–ის 143–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“, „ზ“, „თ“ ქვეპუნქტებით - 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა;

ზ. ქ-ს დანაშაულთა ერთობლიობით განესაზღვრა 9 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა.

ზ. ქ-ი გათავისუფლდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 7 დეკემბრის განაჩენით სსკ–ის 363–ე მუხლის მე–2 ნაწილით დანიშნული სასჯელისაგან;

ზ. ქ-ს ამავე განაჩენით სსკ–ის 179–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) და სსკ–ის 179–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2006 წლის 28 აპრილის კანონი) დანიშნული სასჯელი შეუმცირდა ერთი მეოთხედით და განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა;

ზ. ქ-ს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 24 ოქტომბრის განაჩენით სსკ–ის 3782–ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელი შეუმცირდა ერთი მეოთხედით და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლით, 1 თვითა და 15 დღით (მოხდილი აქვს).

ზ. ქ-ს განაჩენთა ერთობლიობით მოსახდელად განესაზღვრა 11 წლით, 8 თვითა და 4 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2009 წლის 20 იანვრიდან.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 10 ივლისის განაჩენით არ დაკმაყოფილდა ზ. ქ-ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვის შესახებ. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 20 იანვრის დადგენილება და ამავე სასამართლოს 2013 წლის 18 თებერვლის განჩინება დარჩა უცვლელად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 10 ივლისის განაჩენის თაობაზე მსჯავრდებულმა ზ. ქ-მა საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას და ითხოვა სსკ-ის 59-ე მუხლში შესული ცვლილებების შესაბამისად, სასჯელის შემსუბუქება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, ამ მუხლის მე-2 ან მე-3 ნაწილით განსაზღვრული წესით დაინიშნება სასჯელი, თუ განაჩენის გამოტანის შემდეგ დადგინდა, რომ მსჯავრდებულს ბრალი მიუძღვის სხვა დანაშაულშიც, რომელიც მან პირველ საქმეზე განაჩენის გამოტანამდე ჩაიდინა. ამ შემთხვევაში, საბოლოო სასჯელში ჩაითვლება სასჯელი, რომელიც პირველი განაჩენით მოხდილია მთლიანად ან ნაწილობრივ. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას, უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ანდა ამ დანაშაულთათვის განსაზღვრული სასჯელები ნაწილობრივ ან მთლიანად შეიკრიბება.

მოცემულ შემთხვევაში ზ. ქ-ს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 7 დეკემბრის განაჩენით (თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 10 ივლისის განაჩენი) საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2006 წლის 28 აპრილის კანონი) გათვალისწინებული დანაშაული ჩადენილი აქვს 2006 წელს, ანუ თბილისის სააპელაციო სასამართლოს (გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 30 აპრილის განაჩენი) მიერ სსკ–ის 179–ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებითა და სსკ–ის 143–ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებულ დანაშაულებზე 2007 წლის 18 ივლისის განაჩენის გამოტანამდე, შესაბამისად, მასზე ვრცელდება სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის მოქმედება.

საქართველოს სსკ-ის მე-17 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად: ,,დანაშაულის რეციდივი ნიშნავს წინათ განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენას“. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, დანაშაულის რეციდივის დადგენისას მხედველობაში არ მიიღება ნასამართლობა, რომელიც მოხსნილი ან გაქარწყლებულია ამ კოდექსის 79-ე მუხლით გათვალისწინებული წესით.

საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ ზ. ქ-ი გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 30 აპრილის განაჩენისა და ნასამართლობის თაობაზე შს სამინისტროს ცნობების თანახმად, გასამართლებულია 1987 წელს სიმფეროპოლის სამხედრო ტრიბუნალის მიერ რფ-ს სსკ-ის 89-ე მუხლის მე-3 ნაწილით და განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ამავე კოდექსის 461-ე შესაბამისად, გადაუვადდა 2 წლით. აღნიშნული განაჩენის თანახმად, ზ. ქ-ს ამ განაჩენით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენის დროს ნასამართლობა გაქარწყლებული აქვს. ამასთან, ნასამართლობის ცნობების თანახმად, იგი სხვა დანაშაულისათვის ნასამართლევი არ არის. ამდენად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 7 დეკემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2006 წლის 28 აპრილის კანონი), ასევე თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 18 ივლისის განაჩენით სსკ–ის 179–ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებითა და სსკ–ის 143–ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებულ დანაშაულებთან მიმართებით სახეზე არ გვაქვს დანაშაულის რეციდივი.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დანაშაულთა ერთობლიობის დროს უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ხოლო თანაბარი სასჯელების დანიშვნისას - ერთი სასჯელი შთანთქავს მეორეს.

ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ზ. ქ-ს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელი უნდა დაენიშნოს სასჯელთა შთანთქმის წესით, კერძოდ:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 18 ივლისის განაჩენით სსკ–ის 179–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებით დანიშნულმა და ამნისტიით შემცირებულმა სასჯელმა - 6 წლით თავისუფლების აღკვეთამ - უნდა შთანთქას: ამავე განაჩენით სსკ–ის 143–ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) დანიშნული და ამნისტიით შემცირებული სასჯელი - 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 7 დეკემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2006 წლის 28 აპრილის კანონი) დანიშნული და ამნისტიით შემცირებული სასჯელი - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რის შედეგადაც ზ. ქ-ს დანაშაულთა ერთობლიობით საბოლოო სასჯელად უნდა განესაზღვროს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა უნდა დაეწყოს 2007 წლის 7 იანვრიდან.

გასაჩივრებული განაჩენი სხვა ნაწილში უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით, 314-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ ზ. ქ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 10 ივლისის განაჩენი შეიცვალოს მსჯავრდებულის სასიკეთოდ:

ზ. ქ-ის მიმართ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 18 ივლისის განაჩენით სსკ–ის 179–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებით დანიშნულმა და ამნისტიით შემცირებულმა სასჯელმა - 6 წლით თავისუფლების აღკვეთამ - შთანთქას: ამავე განაჩენით სსკ–ის 143–ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ზ“, „თ“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) დანიშნული და ამნისტიით შემცირებული სასჯელი - 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 7 დეკემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2006 წლის 28 აპრილის კანონი) დანიშნული და ამნისტიით შემცირებული სასჯელი - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა და ზ. ქ-ს დანაშაულთა ერთობლიობით საბოლოო სასჯელად განესაზღვროს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყოს 2007 წლის 7 იანვრიდან.

ზ. ქ-ს დანიშნული სასჯელი ჩაეთვალოს მოხდილად და დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან.

განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: ზ. მეიშვილი

გ. შავლიაშვილი