შეიცვალა სასჯელი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №934აგ-13 6 მარტი, 2014 წელი
მ-ე რ., 934აგ-13 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ რ. მ-ის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 23 ივლისის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 7 აპრილის განაჩენით რ. მ-ე, –ნასამართლევი, – ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 237-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – 4 წლით, 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით – 5 წლით, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით – 3 წლით, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით (2 ეპიზოდი) – 4-4 წლით, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, 180-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – 2000 ლარი ჯარიმა, ხოლო 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (4 ეპიზოდი) – 3000 ლარი ჯარიმა თითოეული ეპიზოდისათვის; დანაშაულთა ერთობლიობით რ. მ-ეს საბოლოოდ განესაზღვრა 24 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა – 14000 ლარი. მსჯავრდებულს სასჯელის მოხდა დაეწყო 2008 წლის 12 ივლისიდან.
აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 15 ივლისის განაჩენით შეიცვალა: რ. მ-ეს განაჩენიდან ამოერიცხა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მსჯავრი დანიშნულ სასჯელებთან ერთად; განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად და რ. მ-ეს საბოლოოდ განესაზღვრა 20 წლით თავისუფლების აღკვეთა და 12000 ლარი ჯარიმა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 5 თებერვლის განჩინებით საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 10 მაისის განჩინებით „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე რ. მ-ეს გაუნახევრდა საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 237-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელები; მასვე ერთი მეოთხედით შეუმცირდა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით (2 ეპიზოდი), 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელები და საბოლოოდ განესაზღვრა 12 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა. განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.
2013 წლის 3 ივნისს მსჯავრდებულმა რ. მ-ემ შუამდგომლობით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო მის მიმართ გამოტანილი განაჩენის გადასინჯვის შესახებ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლში 2013 წლის 17 აპრილს შესული ცვლილების გათვალისწინებით..
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 23 ივლისის განაჩენით მსჯავრდებულის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა: საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით დანიშნულ და ამნისტიის საფუძველზე შემცირებულ სასჯელს – 3 წლით თავისუფლების აღკვეთას – დაემატა სსკ-ის 237-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული და ასევე ამნისტიის აქტის საფუძველზე შემცირებული სასჯელიდან – 1 წელი, 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით დანიშნული სასჯელიდან – 1 წელი და 3 თვე, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელიდან – 1 წელი და 2 თვე, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელიდან – 2 წელი და რ. მ-ეს საბოლოოდ განესაზღვრა 8 წლითა და 5 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2008 წლის 12 ივლისიდან. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 15 ივლისის განაჩენი და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 10 მაისის განჩინება სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
მსჯავრდებული რ. მ-ე საკასაციო საჩივრით ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 23 ივლისის განაჩენის გაუქმებას და სასჯელის განსაზღვრას საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლში 2013 წლის 17 აპრილს შესული ცვლილების გათვალისწინებით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას, უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ან სასჯელები იკრიბება ნაწილობრივ ან მთლიანად.
მოცემულ შემთხვევაში, რ. მ-ის მიმართ დანიშნული სასჯელები შეიკრიბა ნაწილობრივ, რის შედეგადაც მსჯავრდებულს მნიშვნელოვნად შეუმცირდა სასჯელის ზომა.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ რ. მ-ის პიროვნებისა და მის მიერ ჩადენილი ქმედებების სიმძიმის გათვალისწინებით, დანიშნული სასჯელი არ არის მეტისმეტად მკაცრი და არ არის მიზანშეწონილი სასჯელთა შთანთქმის წესის გამოყენება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 314-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ რ. მ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 23 ივლისის განაჩენი რ. მ-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.
განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: მ. ოშხარელი
პ. სილაგაძე