დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№998აგ-13 4 მარტი, 2014 წელი
კ-ე კ.- 998აგ-13 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)
ზაზა მეიშვილი, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ კ. კ-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 11 ივლისის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2003 წლის 19 სექტემბრის განაჩენით კ. კ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:
საქართველოს სსკ–ის 388-ე მუხლის მე-4 ნაწილით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა;
სსკ–ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, „გ“, მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა;
კ. კ-ეს სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით სასჯელად განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 12 დეკემბრის განაჩენით კ. კ-ე, - ნასამართლევი, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:
საქართველოს სსკ–ის 179–ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით - 11 წლით თავისუფლების აღკვეთა და დამატებით სასჯელად ჯარიმა - 4500 ლარის ოდენობით;
სსკ–ის 177–ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა და დამატებით სასჯელად ჯარიმა - 3500 ლარის ოდენობით;
კ. კ-ეს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელად განესაზღვრა 16 წლით თავისუფლების აღკვეთა და დამატებით სასჯელად ჯარიმა - 8000 ლარის ოდენობით, რასაც დაემატა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2003 წლის 19 სექტემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ კ. კ-ეს განაჩენთა ერთობლიობით სასჯელად განესაზღვრა 20 წლით თავისუფლების აღკვეთა და დამატებით სასჯელად ჯარიმა - 8000 ლარის ოდენობით.
კ. კ-ეს სასჯელის ვადა აეთვალა 2007 წლის 13 აპრილიდან.
აღნიშნული განაჩენი შეიცვალა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 20 თებერვლის განაჩენით, კერძოდ:
კ. კ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:
საქართველოს სსკ–ის 179–ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით - 11 წლით თავისუფლების აღკვეთა;
სსკ–ის 177–ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა და დამატებით სასჯელად ჯარიმა - 3500 ლარის ოდენობით;
კ. კ-ეს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელად განესაზღვრა 16 წლით თავისუფლების აღკვეთა და დამატებით სასჯელად ჯარიმა - 3500 ლარის ოდენობით, რასაც დაემატა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2003 წლის 19 სექტემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ კ. კ-ეს განაჩენთა ერთობლიობით სასჯელად განესაზღვრა 20 წლით თავისუფლების აღკვეთა და დამატებით სასჯელად ჯარიმა - 3500 ლარის ოდენობით.
კ. კ-ეს სასჯელის ვადა აეთვალა 2007 წლის 13 აპრილიდან.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2008 წლის 8 ოქტომბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი არ იქნა დაშვებული განსახილველად.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 6 თებერვლის განჩინებით კ. კ-ის მიმართ გავრცელდა ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონი, კერძოდ:
კ. კ-ეს ერთი მეოთხედით შეუმცირდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 20 თებერვლის განაჩენით საქართველოს სსკ–ის 179–ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტითა და სსკ–ის 177–ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ასევე ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2003 წლის 19 სექტემბრის განაჩენით სსკ–ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, „გ“, მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელები და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა - 15 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2007 წლის 13 აპრილიდან. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 11 ივლისის განაჩენით დაკმაყოფილდა კ. კ-ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა საფუძველზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების შეცვლის შესახებ, კერძოდ:
სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, კ. კ-ისათვის ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 20 თებერვლის განაჩენით საქართველოს სსკ–ის 179–ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით დანიშნულ და ამნისტიით შემცირებულ სასჯელს - 8 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთას - დაემატა სსკ–ის 177–ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული და ამნისტიით შემცირებული სასჯელიდან ნაწილი - 1 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, შესაბამისად, განესაზღვრა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, დაემატა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2003 წლის 19 სექტემბრის განაჩენით სსკ–ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, „გ“, მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით დანიშნული და ამნისტიით შემცირებული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 3 წლით თავისუფლების აღკვეთიდან ნაწილი - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა და კ. კ-ეს განაჩენთა ერთობლიობით საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2007 წლის 13 აპრილიდან.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 20 თებერვლის განაჩენი და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 6 თებერვლის განჩინება სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
მსჯავრდებულმა კ. კ-ემ საკასაციო საჩივრით ითხოვა სსკ-ის 59-ე მუხლში შესული ცვლილებების შესაბამისად, საბოლოო სასჯელის განსაზღვრა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსკ-ის მე-17 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად: ,,დანაშაულის რეციდივი ნიშნავს წინათ განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენას“.
იმის გათვალისწინებით, რომ კ. კ-ე გასამართლებულია განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 20 თებერვლის განაჩენით საქართველოს სსკ–ის 179–ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტითა და სსკ–ის 177–ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულებთან მიმართებით სახეზე გვაქვს დანაშაულის რეციდივი.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას, უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ანდა ამ დანაშაულთათვის განსაზღვრული სასჯელები ნაწილობრივ ან მთლიანად შეიკრიბება. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, განაჩენთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ ან მთლიანად ემატება წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი, ან ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქავს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს.
მოცემულ შემთხვევაში კ. კ-ეს დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით სასჯელი დაენიშნა ნაწილობრივი შეკრების პრინციპის გამოყენებით, რის შედეგადაც მნიშვნელოვნად შეუმცირდა სასჯელის ზომა.
საკასაციო პალატა ითვალისწინებს მსჯავრდებულის პიროვნულ მახასიათებლებს, მის წარსულ ცხოვრებას, ჩადენილი ქმედებების სიმძიმეს, რაოდენობასა და საზოგადოებრივ საშიშროებას, ასევე იმ გარემოებას, რომ ახალი დანაშაულები ჩადენილი აქვს პირობითი მსჯავრის გამოსაცდელ ვადაში, რის შედეგადაც მიიჩნევს, რომ კ. კ-ძისათვის სასჯელის კიდევ უფრო შემცირება, მით უფრო - შთანთქმის პრინციპის საფუძველზე, აშკარად ლმობიერი იქნება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით, 314-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ კ. კ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 11 ივლისის განაჩენი კ. კ-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.
განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: ზ. მეიშვილი
გ. შავლიაშვილი