დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№1281აგ-13 18 მარტი, 2014 წელი
ს-ი ს.- 1281აგ-13 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),მაია ოშხარელი, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ს. ს-ის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 29 აპრილის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 15 მარტის განაჩენით ს. ს-ი, ნასამართლევი (თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 13 მაისის განაჩენით მსჯავრი დაედო საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტითა და იმავე მუხლის მე-3 ნაწილით, რისთვისაც მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლაც დაეწყო 2009 წლის 26 იანვრიდან. მასვე დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა - 3000 ლარი), _ ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ მ. ქ-ის ეპიზოდი) - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა _ 5.000 ლარი; სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ გ. ფ-ის ეპიზოდი) _ 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა _ 5.000 ლარი.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის 11-ლი ნაწილის გამოყენებით, ნაწილობრივი შეკრების წესით, სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ მ. ქ-ის ეპიზოდი) დანიშნულ სასჯელს _ 7 წელს _ დაემატა 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ გ. ფ-ის ეპიზოდი) დანიშნული სასჯელის ნაწილი _ 3 წელი, 6 თვე და დანაშაულთა ერთობლიობით ს. ს-ს სასჯელად განესაზღვრა 10 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა _ 10.000 ლარი.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 13 მაისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი _ 1 წელი, 10 თვე, 11 დღე, ასევე დამატებითი სასჯელის სახით დანიშნული ჯარიმა _ 3.000 ლარი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ს. ს-ს სასჯელად განესაზღვრა 12 წლით, 4 თვითა და 11 დღით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დამატებით სასჯელად ჯარიმა _ 13.000 ლარი.
იგი სასჯელს იხდის 2012 წლის 15 მარტიდან.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 24 მაისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 15 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 12 ივლისის განჩინებით ს. ს-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 24 მაისის განაჩენზე არ იქნა დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 10 მაისის განჩინებით ,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-11 მუხლის საფუძველზე ს. ს-ი გათავისუფლდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 15 მარტის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ გ. ფ-ის ეპიზოდი) დანიშნული სასჯელის შემდგომი მოხდისაგან;
მასვე ერთი მეოთხედით შეუმცირდა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ მ. ქ-ის ეპიზოდი) დანიშნული სასჯელი - 7 წელი და განესაზღვრა 5 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა.
ს. ს-ი გათავისუფლდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 13 მაისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტითა და იმავე მუხლის მე-3 ნაწილით დანიშნული სასჯელისაგან.
ს. ს-ს საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 5 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლაც დაეწყო 2012 წლის 15 მარტიდან.
განაჩენი სხვა ნაწილში, მათ შორის ჯარიმის ნაწილში, დარჩა უცვლელად.
2013 წლის 18 აპრილს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულმა ს. ს-მა, რომელმაც ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 15 მარტის განაჩენის გადასინჯვა იმ საფუძვლით, რომ მის მიმართ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილით წარდგენილი ბრალდება არასწორია, ვინაიდან გაურკვეველია, თუ რა ოდენობის ზიანი მიაყენა მან დაზარალებულებს, რადგან თანხის ნაწილი უკვე გადახდილი აქვს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 29 აპრილის განჩინებით მსჯავრდებულ ს. ს-ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 15 მარტის განაჩენის გადასინჯვის თაობაზე არ იქნა დაშვებული თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინების თაობაზე ს. ს-მა საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. კასატორმა აღნიშნა, რომ მას თაღლითობა არ ჩაუდენია, საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულებები მის მიერ გადახდილი თანხის შესახებ, გასარკვევია დაზარალებულებისათვის ვითომდა ასანაზღაურებელი ზიანის ოდენობა, რომლის თაობაზე სასამართლოსაც არ უმსჯელია. ამდენად, ს. ს-მა ითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის საფუძველზე ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის ხელახლა გადასინჯვა სამართლიანი გადაწყვეტილების მიღების მიზნით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310–ე მუხლში ჩამოთვლილია ის ახლად გამოვლენილი გარემოებები, რომლებიც განაჩენის გადასინჯვის საფუძველს წარმოადგენს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310–ე მუხლის შესაბამისად განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ:
ა) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ ყალბია მტკიცებულება, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;
ბ) არსებობს გარემოება, რომელიც მოწმობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის დამდგენი სასამართლოს უკანონო შემადგენლობას ან იმ მტკიცებულების დაუშვებლობას, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;
გ) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ მოსამართლემ, პროკურორმა, გამომძიებელმა, ნაფიცმა მსაჯულმა ან ნაფიცი მსაჯულის მიმართ სხვა პირმა ამ საქმესთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული;
დ) არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი;
ვ) ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო;
ზ) წარდგენილია ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და თავისთავად თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავგრი დაედო, აგრეთვე ამტკიცებს გამართლებულის ბრალეულობას ან დანაშაულის იმ პირის მიერ ჩადენას, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვეტილი იყო.
საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის მოთხოვნას ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის ხელახლა გადასინჯვის თაობაზე, რადგან იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის მოთხოვნებს და მიიჩნევს, რომ ვინაიდან არ გამოვლენილა რაიმე ახალი გარემოება, რაც არსებითად შეცვლიდა ან ეჭვქვეშ დააყენებდა ს. ს-ის მიმართ განაჩენით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ასევე კასატორის მიერ საჩივარში მითითებული გარემოება არ წარმოადგენს საპროცესო კანონით გათვალისწინებულ ისეთ გარემოებას, რომელიც შეიძლება გახდეს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვის საფუძველი, გასაჩივრებული განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლით, 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ ს. ს-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 29 აპრილის განჩინება მსჯავრდებულ ს. ს-ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ დარჩეს ძალაში.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: მ. ოშხარელი
გ. შავლიაშვილი