დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 15.10.2014
საქმის ნომერი
58აგ.-2014
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
15.10.2014

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №58აგ-14 15 ოქტომბერი, 2014 წელი

უ-ე პ.- 58აგ-14 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),მაია ოშხარელი, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ პ. უ-ის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 24 აპრილის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 15 თებერვლის განაჩენით (საპროცესო შეთანხმება) პ. უ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 50-ე მუხლის საფუძველზე დანიშნული სასჯელიდან 2 წლის მოხდა განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთის სახით სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო 2 წელი სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით; 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 50-ე მუხლის საფუძველზე დანიშნული სასჯელიდან 5 წლის მოხდა განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთის სახით სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო 2 წელი სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით; 273-ე მუხლით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე დანიშნული სასჯელები შეიკრიბა მთლიანად და საბოლოოდ მას დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის ზომად განესაზღვრა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის საფუძველზე 7 წლის მოხდა განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთის სახით სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - 5 წელი სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 6 წლის გამოსაცდელი ვადით. პ. უ-ეს სასჯელის მოხდა დაეწყო 2010 წლის 7 დეკემბრიდან.

მასვე 5 წლით ჩამოერთვა ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებები.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 10 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ პ. უ-ის მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონი, კერძოდ:

- მსჯავრდებული პ. უ-ე გათავისუფლდა საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით დანიშნული სასჯელისაგან;

- მსჯავრდებულ პ. უ-ეს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებითა და 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელები შეუმცირდა პროპორციულად ერთი მეოთხედით და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის ზომად განესაზღვრა 8 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის თანახმად, სასჯელის ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 5 წლისა და 3 თვის ვადით - უნდა მოიხადოს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით, სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 3 წელი და 9 თვე. დანარჩენ ნაწილში განაჩენი დარჩა უცვლელად.

3. აღნიშნული განჩინება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 19 მარტის განჩინებით დარჩა უცვლელად.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 19 ივლისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 15 თებერვლის განაჩენში, ასევე თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 6 და 10 თებერვლის განჩინებებში შევიდა შემდეგი ცვლილება: მსჯავრდებულ პ. უ-ის ქმედება საქართველოს სსკ–ის 260–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 260–ე მუხლის პირველ ნაწილზე. სხვა ნაწილში განაჩენი და განჩინებები დარჩა უცვლელად.

5. აღნიშნული განაჩენი პ. უ-ის მიმართ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 23 დეკემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.

6. მსჯავრდებულმა პ. უ-ემ ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შესახებ შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და მიუთითა, რომ უკანონოდ დაედო მსჯავრი; მტკიცებულებები, რომლებიც საფუძვლად დაედო მის განაჩენს, არის ყალბი; დაკავებისას მის მიმართ განხორციელდა ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლა - უმოწყალოდ სცემეს პოლიციის თანამშრომლებმა, აიძულებდნენ ეღიარებინა ქურდობის ჩადენა, რომელიც არ ჩაუდენია; არაღიარების გამო ,,ჩაუდეს“ ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი“; დაემუქრნენ შვილის დაპატიმრებით; იგი ზემოაღნიშნული გარემოებების გამო იძულებული გახდა დათანხმებოდა საპროცესო შეთანხმებას; მითითებულ გარემოებებს ადასტურებს შუამდგომლობაზე დართული დოკუმენტები.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 24 აპრილის განჩინებით პ. უ-ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე დაუშვებლად იქნა ცნობილი.

8. მსჯავრდებული პ. უ-ე საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 24 აპრილის განჩინების გაუქმებასა და საქმის დაბრუნებას ახალი გამოძიების მიზნით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლში მითითებულია ის საფუძვლები, თუ რა შემთხვევაშია შესაძლებელი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვა, კერძოდ:

განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ:

ა) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ ყალბია მტკიცებულება, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;

ბ) არსებობს გარემოება, რომელიც მოწმობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის დამდგენი სასამართლოს უკანონო შემადგენლობას ან იმ მტკიცებულების დაუშვებლობას, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;

გ) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ მოსამართლემ, პროკურორმა, გამომძიებელმა, ნაფიცმა მსაჯულმა ან ნაფიცი მსაჯულის მიმართ სხვა პირმა ამ საქმესთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული;

დ) არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი;

ე) არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება), რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის ან მისი ოქმების დარღვევა ამ საქმესთან დაკავშირებით, და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება;

ვ) ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო;

ზ) წარმოდგენილია ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და თავისთავად, თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო, აგრეთვე ამტკიცებს გამართლებულის ბრალეულობას ან დანაშაულის იმ პირის მიერ ჩადენას, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვეტილი იყო;

თ) არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინება, რომელმაც უკანონოდ ცნო ის ფარული საგამოძიებო მოქმედება, რომლის შედეგად მოპოვებული მტკიცებულება საფუძვლად დაედო განაჩენს.

3. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმის გარემოებები საქმეში არსებული მასალების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე სამართლებრივად სწორად შეაფასა, ხოლო კასატორის მიერ საჩივარში მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს საპროცესო კანონით გათვალისწინებულ ისეთ გარემოებებს, რომლებიც შეიძლება გახდეს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვის საფუძველი.

4. ამასთან, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კასატორის მიერ საჩივარში მითითებული გარემოებები - მტკიცებულებების სიყალბისა და პროცესის მწარმოებელი პირების მიერ დანაშაულის შესაძლო ჩადენის თაობაზე, სსსკ-ის 310-ე მუხლის ,,ა“, ,,გ“ ქვეპუნეტების თანახმად, უნდა დასტურდებოდეს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით, რაც მოცემულ შემთხვევაში წარმოდგენილი არ ყოფილა. ამ და საჩივარში მოყვანილ სხვა გარემოებებზე მხოლოდ მსჯავრდებულის მითითება ვერ შეფასდება ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის კანონით გათვალისწინებულ საფუძვლად.

5. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება პ. უ-ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე კანონიერი და დასაბუთებულია, რომლის გაუქმების ან შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ პ. უ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 24 აპრილის განჩინება მსჯავრდებულ პ. უ-ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ დარჩეს უცვლელად.

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: მ. ოშხარელი

გ. შავლიაშვილი