დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-634(კ-25) 18 სექტემბერი, 2025 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) – საქართველოს გენერალური პროკურატურა
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ა.მ-ი
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 24 თებერვლის განჩინება
დავის საგანი – მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2023 წლის 19 ოქტომბერს ა.მ-იმა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს გენერალური პროკურატურის მიმართ.
სარჩელის თანახმად, პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით, ა.მ-ის ბრალი წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-137 მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტითა და 111-151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით. მოსარჩელეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 15.07.2022წ. განაჩენით, ა.მ-ი უდანაშაულოდ იქნა ცნობილი და გამართლდა სისხლის სამართლის კოდექსის 111-137-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტითა და 111-151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდების ყველა ეპიზოდში. ამავე განაჩენით, მხარეს განემარტა საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლის შესაბამისად ზიანის ანაზღაურების თაობაზე. ზემოაღნიშნული განაჩენი უცვლელად დარჩა ზედა ინსტანციის სასამართლოთა მიერ. მოსარჩელე უკანონოდ იმყოფებოდა პატიმრობაში 2021 წლის 20 ოქტომბრიდან 2022 წლის 15 ივლისამდე პერიოდი, ჯამში რვა თვე და ოცდახუთი დღე. უკანონო პატიმრობაში ყოფნის პერიოდში მოსარჩელეს შეზღუდული ჰქონდა საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული ძირითადი უფლებები, უკანონო პატიმრობით მას შეელახა პატივი და ღირსება. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ იგი დაპატიმრებამდე მუშაობდა მშენებლობებზე, საიდანაც ყოველთვიურად იღებდა შემოსავალს 2000-დან 3000 ლარამდე, რითაც უზრუნველყოფდა ოჯახს. ამდენად, მოსარჩელემ მოითხოვა საქართველოს გენერალური პროკურატურისთვის მის სასარგებლოდ მორალური და მატერიალური ზიანის სახით 30 000-30 000 ლარის დაკისრება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილებით ა.მ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; საქართველოს გენერალურ პროკურატურას ა.მ-ის სასარგებლოდ დაეკისრა მორალური ზიანის ანაზღაურება 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილება სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ა.მ-იმა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებულ ნაწილში სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 24 თებერვლის განჩინებით ა.მ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; საქართველოს გენერალური პროკურატურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლის მე-2 ნაწილზე, 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილზე და განმარტა, რომ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის საკმარისია, სახეზე იყოს პირის მარეაბილიტირებელი გარემოება მიუხედავად ზიანის მიმყენებლის ბრალისა. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ანაზღაურებას ექვემდებარება არა მხოლოდ დამდგარი ზიანი, არამედ მიუღებელი შემოსავალიც. მიუღებელი შემოსავალი წარმოადგენს სავარაუდო შემოსავალს, მისი დადგენისათვის გათვალისწინებული უნდა იქნეს, თუ რამდენად მოსალოდნელი იყო მისი მიღება. ზიანის ანაზღაურების ერთ-ერთი აუცილებელი ნიშანი კი ისაა, რომ ზიანი უნდა იყოს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგი.
საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მხედველობაში მიღებით, კერძოდ, ა.მ-ის მიმართ წარდგენილი ბრალდების სიმძიმის, განცდილი სტრესის, შიშის და უარყოფითი ემოციებისა და საქმის კონკრეტული გარემოებების შეფასების შედეგად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა მორალური ზიანის ოდენობა 5 000 ლარით, რამდენადაც აღნიშნული თანხის ოდენობა მიყენებული არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების მიზნების პროპორციული იყო და იგი ექცეოდა გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების კრიტერიუმებში. მოსარჩელის მეორე სასარჩელო მოთხოვნასთან, კერძოდ მატერიალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე, სააპელაციო პალატამ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის შესაბამისადაც, ზიანის მიმყენებელი ვალდებულია აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. ამასთან, სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ დელიქტური პასუხისმგებლობის აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს ზიანის მიყენების ფაქტი და მიზეზობრივი კავშირის არსებობა ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლის მიხედვით, ანაზღაურდება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს წარმოადგენს. პირი მხოლოდ მაშინ აგებს პასუხს მიყენებული ზიანისთვის, როცა მისი ქმედება ადეკვატურ კავშირშია დამდგარ შედეგთან.
სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა საქმეში დაცულ ბრალდებულის დაკავებისა და გამოკითხვის ოქმებზე, რომლებშიც მითითებულია, რომ ა.მ-ი არის უმუშევარი. აღნიშნულის საწინააღმდეგო მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არ არის. პალატამ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს განმარტება მასზედ, რომ მოსარჩელე მხარის მიერ ვერ იქნა წარდგენილი სათანადო მტკიცებულებები, რომელიც დაადასტურებდა მიუღებელი შემოსავლის არსებობას და ამგვარად მატერიალური ზიანის მიყენების ფაქტს. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მატერიალური ზიანის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის აუცილებელია, მიზეზ-შედეგობრივი კავშირის არსებობის დადასტურება უკანონო ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ იყო.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 24 თებერვლის განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი - საქართველოს საქართველოს გენერალური პროკურატურა მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე მუხლსა და 208-ე მუხლის პირველ ნაწილზე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე და 1005-ე მუხლებზე და მიიჩნევს, რომ არ არსებობს საქართველოს გენერალური პროკურატურის მიმართ მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურების დაკისრების კანონისმიერი წინაპირობების ერთობლიობა ზიანის, მართლსაწინააღმდეგო ქმედებისა და მიზეზობრივი კავშირის სახით. შესაბამისად, კასატორის მოსაზრებით, სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია. კასატორი ეროვნული სასამართლოების პრაქტიკაზე დაყრდნობით, გადაჭარბებულად მიიჩნევს მოცემულ საქმეზე მოპასუხისთვის დაკისრებული მორალური ზიანის ოდენობას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 23 ივნისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს გენერალური პროკურატურის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს გენერალური პროკურატურის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება, ასევე, არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში სადავო საკითხს წარმოადგენდა მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხისთვის მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურების დაკისრების წინაპირობების არსებობა, ასეთი წინაპირობების არსებობის დადასტურების შემთხვევაში კი - ასანაზღაურებელი თანხის ოდენობები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახამად, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში. განსახილველ შემთხვევაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 24 თებერვლის განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ, შესაბამისად, საკასაციო პალატა შეაფასებს ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მიერ სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების საფუძვლიანობას, კერძოდ, მორალური ზიანის დაკისრების წინაპირობების არსებობასა და ამ ნაწილში მოპასუხისთვის დაკისრებული თანხის ოდენობის პროპორციულობას.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 22 ოქტომბრის №10/ა-169-21 განჩინებით ბრალდებულ ა.მ-ის აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 15 ივლისის №1/10-22 განაჩენით, ბრალდებული ა.მ-ი ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-137-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (2021 წლის აგვისტოს თვის და 2021 წლის 19 ოქტომბრის ეპიზოდები) და 111-151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2021 წლის აგვისტოს თვის და 2021 წლის 19 ოქტომბრის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში; მის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდა და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა პატიმრობიდან სასამართლო სხდომის დარბაზიდან. ა.მ-ის ასევე განემარტა მიყენებული ზიანის ანაზღაურების უფლების თაობაზე. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 14 დეკემბრის განაჩენით, მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ.მ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელი დარჩა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 15 ივლისის განაჩენი. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 5 მაისის №134აპ-23 განჩინებით, მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორის საკასაციო საჩივარი არ იქნა დაშვებული განსახილველად.
საკასაციო სასამართლოს მითითებით, სახელმწიფო ორგანოთა და მოსამსახურეთა მიერ უკანონოდ მიყენებული ზიანის სახელმწიფო სახსრებიდან ანაზღაურება აღიარებული და გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციის 18.4 მუხლით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო, ხოლო ამავე კოდექსის 207-ე მუხლით განისაზღვრა კერძო სამართალში დადგენილი პასუხისმგებლობის ფორმების, პრინციპებისა და საფუძვლების გავრცელება სახელმწიფოს პასუხისმგებლობის შემთხვევებზეც, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომლებიც ამავე კოდექსით არის დადგენილი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 92-ე მუხლის თანახმად, პირს უფლება აქვს, სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით მოითხოვოს და მიიღოს უკანონოდ ჩატარებული საპროცესო მოქმედებისა და უკანონო გადაწყვეტილების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სახელმწიფო მოსამსახურე განზრახი ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს თავის სამსახურებრივ მოვალეობას სხვა პირთა მიმართ, მაშინ სახელმწიფო ან ის ორგანო, რომელშიც მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი. განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობის დროს მოსამსახურე სახელმწიფოსთან ერთად სოლიდარულად აგებს პასუხს; ხოლო აღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, რეაბილიტირებული პირისათვის უკანონო მსჯავრდების, სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემის, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის ან გაუსვლელობის ხელწერილის უკანონოდ გამოყენების, პატიმრობის ან გამასწორებელი სამუშაოების სახით ადმინისტრაციული სახდელის არასწორად დაკისრების შედეგად მიყენებული ზიანი ანაზღაურდება სახელმწიფოს მიერ მოკვლევის, წინასწარი გამოძიების, პროკურატურის ორგანოებისა და სასამართლოს თანამდებობის პირთა ბრალის მიუხედავად. განზრახი ან უხეში გაუფრთხილებლობისას ეს პირები სახელმწიფოსთან ერთად სოლიდარულად აგებენ პასუხს. ამასთან, ამავე კოდექსის 413-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევაში, გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით.
საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების შეფასებას მასზედ, რომ პირის მარეაბილიტირებელ გარემოებად უპირობოდ უნდა იქნეს მიჩნეული მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა, ვინაიდან პირი, რომლის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი არ დადასტურდა და რომლის მიმართაც გამოტანილია სასამართლოს გამამართლებელი განაჩენი, გამამართლებელი განაჩენის არსიდან და ბუნებიდან გამომდინარე - სასამართლოს ეს აქტი ეხება სწორედ პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლებას, გამამართლებელი განაჩენი ადგენს პირის უდანაშაულობას, რაც იწვევს მისი უფლებების აღდგენას ანუ მის რეაბილიტაციას. მართალია, სისხლისსამართლებრივი დევნა და ბრალდებულის მიმართ გამოყენებული იძულების ღონისძიებები ემსახურება სახელმწიფოს ლეგიტიმურ მიზანს - საზოგადოების, მისი კონკრეტული წევრის უსაფრთხოების დაცვას, ამასთან, საქართველოს გენერალური პროკურატურა წინასწარ ვერ განსაზღვრავს კონკრეტული საქმის შედეგს, ვინაიდან მტკიცებულებათა შეფასება გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის საკმარისობის კუთხით წარმოადგენს სასამართლოს კომპეტენციას, თუმცა, მიუხედავად ამისა, ინდივიდს, რომლის მიმართაც დადგა მარეაბილიტირებელი გარემოება, უნდა მიეცეს შესაბამისი კომპენსაცია სახელმწიფოს მხრიდან მის უფლებებში გაუმართლებელი ან/და გადაჭარბებული ჩარევისთვის.
ამდენად, საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება საქართველოს გენერალური პროკურატურის მოსაზრებას ზიანის ანაზღაურების ვალდებულების არარსებობის შესახებ. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ რეაბილიტირებული პირის სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურების ვალდებულება წარმოიშობა თანამდებობის პირის ბრალის მიუხედავად, როგორც ეს ერთმნიშვნელოვნადაა გათვალისწინებული სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილის დისპოზიციით. პირის რეაბილიტაციის უმთავრეს იურიდიულ საფუძველს გამამართლებელი განაჩენი წარმოადგენს, რომელიც მის არაბრალეულობას და უდანაშაულობას ადასტურებს.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მორალური ზიანის ანაზღაურების ვალდებულება დაკავშირებულია არაქონებრივი უფლებების დარღვევასთან, ხოლო ქონებრივი უფლებების უკანონო შეზღუდვა იწვევს მატერიალური ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას. რაც შეეხება მიყენებული ზიანის ოდენობას, სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ უკანონო ბრალდების/პატიმრობის ან მსჯავრდების საქმეებთან მიმართებაში სასამართლოს მიერ არამატერიალური ზიანის თანხის ოდენობის განსაზღვრა ხორციელდება თითოეულ საქმეში ინდივიდუალურად, საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით. კერძოდ, მორალური ზიანის ოდენობის განსაზღვრისას მნიშვნელოვანია დამდგარი ზიანის სიმძიმე, შელახული უფლების მნიშვნელობა, დაზარალებულის სუბიექტური დამოკიდებულება მორალური ზიანის მიმართ, განცდების ინტენსივობა, საპატიმრო დაწესებულებაში პირის ყოფნის ხანგრძლივობა და სხვა. საკასაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ მორალური ზიანის ანაზღაურების შემთხვევაში არ ხდება ხელყოფილი უფლების რესტიტუცია, რადგან მიყენებულ ზიანს ფულადი ეკვივალენტი არ გააჩნია. კომპენსაციის მიზანია მორალური ზიანით გამოწვეული ტკივილების, ნეგატიური განცდების შემსუბუქება, დადებითი ემოციების გამოწვევა, რომელიც ეხმარება დაზარალებულს სულიერი გაწონასწორების მიღწევაში, სოციალურ ურთიერთობებში ჩართვაში, რაც მორალური (არაქონებრივი) ზიანის ანაზღაურების სატისფაქციურ ფუნქციას შეადგენს (სუსგ №ბს-972-936(3კ-08), 08.04.2009წ.)
ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს განსახილველ შემთხვევაში საქართველოს გენერალური პროკურატურისათვის ა.მ-ის სასარგებლოდ მორალური ზიანის სახით 5 000 ლარის დაკისრებას, არ იზიარებს კასატორის - საქართველოს გენერალური პროკურატურის პრეტენზიებს მოცემულ შემთხვევაში მორალური ზიანის ოდენობის სასამართლო პრაქტიკასთან შეუსაბამობის თაობაზე და აღნიშნავს, რომ უკანონო ბრალდების/პატიმრობის ან მსჯავრდების საქმეებთან მიმართებაში სასამართლოს მიერ არამატერიალური (მორალური) ზიანის თანხის ოდენობის განსაზღვრა ხორციელდება თითოეულ საქმეში ინდივიდუალურად, საქმის ფაქტობრივი გარემოებების, მორალური ზიანის მიმართ დაზარალებულის სუბიექტური დამოკიდებულების, ობიექტური გარემოებების (დაზარალებულის საოჯახო, ყოფითი, მატერიალური, ჯანმრთელობის მდგომარეობა, ასაკი და ა.შ.) და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით (Patsuria v. Georgia; Nikolaishvili v. Georgia; Jashi v. Georgia). განსახილველ შემთხვევაში მორალური ზიანის ოდენობის განსაზღვრის კუთხით საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის საპატიმრო დაწესებულებაში ყოფნის 8 თვიანი პერიოდის, წაყენებული ბრალდების ხასიათის, ასევე უკანონო ბრალდებასთან დაკავშირებული განცდების გათვალისწინებით, მორალური ზიანის სახით მოპასუხისთვის დაკისრებული 5 000 ლარი ექცევა არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების მიზნებისთვის დადგენილ გონივრულ და სამართლიან ფარგლებში.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების მოტივების უარმყოფელ სამართლებრივად დასაბუთებულ არგუმენტაციას. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო საჩივარი არ შეიცავს სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების თუ მათი სამართლებრივი შეფასების უსწორობის სათანადო დასაბუთებას, წარმოდგენილი არ არის დასაბუთებული და დასაშვები პრეტენზიები (შედავება) მასზედ, რომ მოსარჩელის სასარგებლოდ დაკისრებული მორალური ზიანის ოდენობა არაპროპორციულია მოსარჩელის უფლებების დარღვევასთან მიმართებით, შესაბამისად არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს გენერალური პროკურატურის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 24 თებერვლის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
ბ. სტურუა