დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-663(კ-25) 18 სექტემბერი, 2025 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) – მ. ჭ-ე
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია
მესამე პირი (ასკ 16.2) – დ. გ-ი
მესამე პირები (ასკ 16.1) – ს. კ-ი, ლ. კ-ე, შ. მ-ე, პ. მ-ი, მ. რ-ე, თ. ქ-ე, ლ. ჭ-ე
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 16 აპრილის განჩინება
დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2023 წლის 28 დეკემბერს მ. ჭ-ემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მიმართ.
მოსარჩელემ მოითხოვა:
1. სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს 2023 წლის 15 დეკემბრის სხდომის ოქმის ნაწილობრივ ბათილად ცნობა, კერძოდ, გადაწყვეტილების, რომელიც შეეხება მე-4 საკითხს სრულად - საბჭოს წევრების კანდიდატების რეგისტრაციას და მ. ჭ-ეისათვის აღმასრულებელი საბჭოს წევრობის მსურველ კანდიდატად რეგისტრაციაზე უარის თქმას;
2. სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციისათვის, გარემოებათა სრულყოფილად გამოკვლევის შემდეგ, სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრად ნომინირების შესახებ მ. ჭ-ეის მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე ახალი გადაწყვეტილების გამოცემის დავალება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 26 მარტის საოქმო განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა დ. გ-ი.
ამავე განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირებად ჩაბმულ იქნენ ს. კ-ი, ლ. კ-ე, შ. მ-ე, პ. მ-ი, მ. რ-ე, თ. ქ-ე და ლ. ჭ-ე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილებით მ. ჭ-ეის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2023 წლის 8 დეკემბერს მ. ჭ-ემ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით ნომინირების შესახებ განცხადებით მიმართა სსიპ ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელ საბჭოს. განცხადებას ერთვოდა ავტობიოგრაფია (CV), პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი და ადვოკატის მოწმობის ასლი.
გაგზავნილ შეტყობინებაში მ. ჭ-ე მიუთითებდა: „გაცნობებთ, რომ „ხელისუფლების“ მხრიდან განხორციელებული ფიზიკური და ფსიქოლოგიური (პროვოკაციები, კრიმინალური, გარჩევები, ფიზიკური თავდასხმა, დოკუმენტაციის გაყალბება, მოსყიდვა, მუქარა და სხვა მრავალი) ზეწოლის გამო, ვარ მსჯავრდებული იმ დანაშაულისათვის (ჩემს წინააღმდეგ განხორციელებული 7 სუბიექტის მიერ), რომლის შესახებაც თავად ვაცნობე „ძალოვნებს“ და ვარ რეგისტრირებული „მოვალეთა რეესტრში“ გაყალბებული დოკუმენტაციით (საბანკო ამონაწერები და სხვა). აღნიშნული დანაშაულები განხორციელდა „ხელისუფლების სისტემური“ კრიმინალური მოტივაციით (მოსამართლეების დასანიშნად და სხვა), განხორციელდა არაერთი თანამდებობის პირის (მათ შორის, კონსტიტუციური თანამდებობის პირის) მიერ, მათ შორის, არაერთი ადვოკატის ჩართულობით. აღნიშნულის შესახებ ინფორმირებულია ბატონი დ. ა-ი. გთხოვთ, მიიღოთ ჩემი განცხადება ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრად მ. ჭ-ეის ნომინირების თაობაზე, მიიჩნიოთ ყველა კრიტერიუმი დაკმაყოფილებულად, ვინაიდან „თავისუფალი პროფესიის“ ადვოკატებმა არ უნდა გაითვალისწინონ „თავსმოხვეული“, ყალბი, ფალსიფიცირებული და ასოციაციის სისტემურ კონტროლს დამქვემდებარებელი აკრძალვები (უკანონო მსჯავრდება, უკანონოდ ვალდებულებების დადება და სხვა). ამ დროისათვის არასასურველი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ვერ ვახერხებ ფიზიკურად განცხადების მოწოდებას. განმეორებით გთხოვთ, დაარეგისტრიროთ ჩემი განცხადება ნომინირების შესახებ, მიიჩნიოთ იგი პირობათა დამაკმაყოფილებლად და მაცნობოთ (ასევე, დამიდასტურეთ კორესპონდენციის მიღება) აღნიშნულის თაობაზე“.
სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს 2023 წლის 15 დეკემბრის №366 სხდომის ოქმიდან ამონაწერით, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ განხილულ იქნა სსიპ ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრობის მსურველი კანდიდატების რეგისტრაციის საკითხი.
ოქმის თანახმად, 2023 წლის 5 დეკემბრიდან 2023 წლის 12 დეკემბრის ჩათვლით ასოციაციას მიმართა აღმასრულებელი საბჭოს წევრობის მსურველმა 9 (ცხრა) კანდიდატმა. ყველა მათგანს წარდგენილი ჰქონდა საჭირო საბუთები და ინფორმაცია. ასოციაციის წევრებს მიეწოდათ ინფორმაცია, რომ აღმასრულებელი საბჭოს წევრობის მსურველ ერთ კანდიდატს - მ. ჭ-ეს, შეჩერებული აქვს უფლებამოსილება აღმასრულებელი საბჭოს 2021 წლის 16 ივლისის გადაწყვეტილებით, პირადი განცხადების საფუძველზე და იგი არ არის ადვოკატთა ასოციაციის მოქმედი წევრი; წევრებს მიეწოდათ ინფორმაცია, რომ 8 (რვა) კანდიდატი (ს. კ-ი, ლ. კ-ე, შ. მ-ე, პ. მ-ი, მ. რ-ე, თ. ქ-ე, ლ. ჭ-ე) აკმაყოფილებს კანონმდებლობისა და წესდების მოთხოვნებს.
საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სხდომაზე ღია კენჭისყრის შედეგად, ერთხმად მიღებულ იქნა შემდეგი გადაწყვეტილება: ა. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წესდების 131 მუხლის 131.3 პუნქტის თანახმად, სხდომაზე წარდგენილი აღმასრულებელი საბჭოს წევრობის მსურველი განმცხადებლები: დ. გ-ი, ს. კ-ი, ლ. კ-ე, შ. მ-ე, პ. მ-ი, მ. რ-ე, თ. ქ-ე და ლ. ჭ-ე, დარეგისტრირდნენ კანდიდატებად (განისაზღვრა მათი შეყვანა საარჩევნო ბიულეტენში); ბ. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წესდების 131 მუხლის 131.3 პუნქტისა და „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სხდომაზე წარდგენილი აღმასრულებელი საბჭოს წევრობის მსურველს - მ. ჭ-ეს, უარი ეთქვა კანდიდატად რეგისტრაციაზე.
სასამართლომ ყურადღება გაამახვილა სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს 2021 წლის 16 ივლისის №301 სხდომის ოქმიდან ამონაწერზე, რომლის თანახმად, განხილულია ადვოკატთა ასოციაციის წევრობის შეჩერების შესახებ განცხადებები (მათ შორის, მ. ჭ-ეის განცხადება). ოქმის თანახმად, სხდომაზე ღია კენჭისყრის შედეგად, ერთხმად მიღებულია შემდეგი გადაწყვეტილება - „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის 212 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დაკმაყოფილდა განმცხადებლების, მათ შორის, მ. ჭ-ეის მოთხოვნა ასოციაციის წევრობის შეჩერების შესახებ.
საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხის მიერ კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით გადამოწმდა სსიპ ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრობის მსურველი კანდიდატების მიერ წარდგენილი ინფორმაციის სავალდებულო მოთხოვნებთან შესაბამისობა, რის შედეგადაც მოსარჩელის მიმართ გამოვლინდა „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოება. კერძოდ, ადვოკატი არ შეიძლება არჩეულ იქნეს აღმასრულებელი საბჭოს, ეთიკის კომისიის ან სარევიზიო კომისიის წევრად, თუ უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში შეჩერებული ჰქონდა ასოციაციის წევრობა.
საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე დაყრდნობით, სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველი საკითხის გადაწყვეტა სრულ შესაბამისობაში იყო კანონმდებლობის მოთხოვნებთან. სასამართლომ განმარტა, რომ „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლი იმპერატიული ხასიათის ნორმაა და არ ტოვებს თავისუფალი შეფასების სივრცეს ადმინისტრაციული ორგანოსათვის. იმ პირობებში კი, როდესაც სადავო არ იყო გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღების ფაქტობრივი საფუძველი, გამოირიცხებოდა სსიპ ადვოკატთა ასოციაციის მხრიდან ალტერნატიული გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა.
ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველ ნაწილზე, 102-ე მუხლის პირველ და მე-3 ნაწილებზე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილზე მითითებით, სასამართლომ დაასკვნა, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ ვერ წარმოადგინა იმგვარი ფაქტების დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომლებსაც შეიძლება გავლენა მოეხდინა დავის გადაწყვეტაზე. მოსარჩელის მიერ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით გაგზავნილ შეტყობინებასა და სასამართლოში საქმის განხილვის დროს მითითებული გარემოებები კი არ ცვლიდა სამართლებრივ მდგომარეობას და ვერ გამოიწვევდა სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. ჭ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 16 აპრილის განჩინებით მ. ჭ-ეის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის დანაწესი იმპერატიული ხასიათისაა და ადმინისტრაციულ ორგანოს არ აძლევს აღნიშნული ნორმისაგან გადახვევის უფლებამოსილებას. სსიპ ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭო, იმ პირობებში, როდესაც კანონმდებლობა იმპერატიულად კრძალავს აღმასრულებელი საბჭოს წევრად ასოციაციის წევრობაშეჩერებული ადვოკატის არჩევას, არ იყო უფლებამოსილი, კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ დაერეგისტრირებინა მ. ჭ-ე აღმასრულებელი საბჭოს წევრობის მსურველ კანდიდატად.
პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ წესდება სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაციის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირად განსაზღვრავს მხოლოდ ამავე ასოციაციის თავმჯდომარეს (მოცემულ შემთხვევაში - დ. ა-ის), დელეგირებით უფლებამოსილების გადაცემის შესაძლებლობის გარეშე.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ადვოკატთა ასოციაციის წესდებით ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარისათვის სასამართლოში წარმომადგენლობის უფლებამოსილების მინიჭება ცალსახად არ გულისხმობდა მის პირადად მონაწილეობას სასამართლოში საქმის წარმოების პროცესში და აღნიშნული ნორმა არ უნდა განიმარტოს სიტყვა-სიტყვითი მნიშვნელობით.
პალატამ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 93-ე მუხლსა და 96-ე მუხლზე დაყრდნობით, მიიჩნია, რომ ადვოკატთა ასოაციაციის თავმდჯომარის მიერ ასოაციაციის წარმომადგენლობის უფლებამოსილების სხვა პირისათვის მინიჭება სრულ შესაბამისობაში იყო კანონმდებლობის მოთხოვნებთან.
სააპელაციო პალატამ, ასევე, არ გაიზიარა მოსარჩელის მითითება მასზე, რომ საქალაქო სასამართლოს მხრიდან არ განხორციელებულა სათანადო რეაგირება მოსამართლის აცილების თაობაზე მის შუამდგომლობებთან დაკავშირებით. საქმის მასალებით დადგენილი იყო, რომ საქმის განხილველმა სასამართლომ კანონით დადგენილი წესით იმსჯელა მოსამართლის აცილების თაობაზე მოსარჩელის შუამდგომლობებზე და კანონიერად მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობდა მოსამართლის აცილების საფუძვლები, რაც გაიზიარა სააპელაციო პალატამაც.
აპელანტი, ასევე, სადავოდ ხდიდა იმ გარემოებას, რომ საქალაქო სასამართლოს მხრიდან ადგილი არ ჰქონია მესამე პირების კანონით დადგენილი წესით ინფორმირებას. აღნიშნულის საპირისპიროდ, სააპელაციო სასამართლომ, საქმის მასალებზე დაყრდნობით, აღნიშნა, რომ მესამე პირებს, სსსკ-ის 70-78-ე მუხლების შესაბამისად, ეცნობათ სასამართლო სხდომების თარიღები, ასევე, მათ ჩაბარდათ საქმის მასალების ასლები. ამდენად, აპელანტის მითითება აღნიშნული მოტივით გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძვლის არსებობის თაობაზე არ იქნა გაზიარებული.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 16 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. ჭ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორი სააპელაციო სასამართლოში საქმის განმხილველ თითოეულ მოსამართლესთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ არსებობდა მათი აცილების საფუძველი. კერძოდ, მოსამართლე გ. დ-ას ნაწილში, აცილების საფუძვლებს წარმოადგენდა სათანადო კომპეტენციის და ადმინისტრაციული დავის სასამართლო საქმეების განხილვის პრაქტიკული გამოცდილების არქონა. აღნიშნულის დასადასტურებლად, კასატორის მიერ წარდგენილ იქნა მოსამართლის ავტობიოგრაფიის ამონაბეჭდი, რომლიდანაც დგინდება, რომ მოსამართლე დ-ას არასდროს უმუშავია ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით.
კასატორის მოსაზრებით, მოსამართლის კომპეტენციის არარსებობა დადასტურდა მის მიერ დაშვებული არაერთი პროცედურული ხარვეზით. კერძოდ, მან მხარეებს არ გააცნო მათი უფლება-მოვალეობები სხდომის დარბაზში წესრიგის დარღვევასთან დაკავშირებით, არ იქნა შესწავლილი პროცესზე წარმოსადგენი მესამე პირების ინფორმირების შესაბამისი დოკუმენტები, გამოტოვებულ იქნა პროცესის შეკითხვების ეტაპი და სხვა. ამასთან, მისთვის ცნობილი არ იყო საქმის განმხილველი სასამართლოს შემადგენლობა.
კასატორი, ასევე, აღნიშნავს, რომ საპროცესო ღონისძიებებთან დაკავშირებით მიღებულ დოკუმენტებზე მითითებული თარიღები არ ასახავდა რეალურად მათი მიღების დროს, კერძოდ, მასზე დაფიქსირებული იყო ადრეული თარიღები.
კასატორის მითითებით, საქმეში წარდგენილი დოკუმენტებით თვალსაჩინოა მის წინააღმდეგ ორგანიზებულ ფიზიკურ თავდასხმაში (სხვადასხვა ფორმით უკანონო ჩართულობა) იმ სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენელთა ჩართულობის ხარისხი და მასშტაბი, რომელთა კოლეგებს მოცემულ საქმეზე უნდა აღესრულებინათ მართლმსაჯულება. შესაბამისად, კასატორისათვის ცხადია, რომ ინტერესთა კონფლიქტის გათვალისწინებით, ამ შემადგენლობისაგან მას ვერ ექნებოდა ობიექტური მართლმსაჯულების მიღების მოლოდინი, თავისივე კოლეგების (სავარაუდო დანაშაულში მხილებული) ინტერესთა ლეგიტიმური „შეზღუდვის“ გარდაუვალობის გამო.
კასატორი, ასევე, აღნიშნავს, რომ მოსამართლე ი. თ-ამ აღიარა მის წინააღმდეგ ორგანიზებული თავდასხმის „ინტერპრეტაციის ლეგიტიმაციაში“ მისი უშუალო ჩართულობა. ამასთან, მოსამართლე თ-ამ გაიხსენა მის მიმართ ადმინისტრაციული საქმის განხილვა 2017 წელს, თუმცა ვერ გაიხსენა ცალკეული დეტალები და საქმის განხილვის შედეგი. კასატორი ყურადღებას ამახვილებს მითითებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის დეტალებზე.
კასატორი მოსამართლე ი. თ-ას განიხილავს საქმეში უშუალოდ ჩართულ და მონაწილე პირად. მისი განმარტებით, აღნიშნული დასკვნის საფუძველს აძლევს „სამართალდარღვევის“ საქმესა და წინამდებარე საქმეში ერთი და იმავე სუბიექტების ჩართულობის ხარისხი და მოტივაციის იდენტურობა.
ამასთან, კასატორი აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული განჩინება მეტწილად დაუსაბუთებელია, ხოლო ცალკეულ შემთხვევებში, დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ შეუძლებელია მსჯელობის განვითარებაც კი.
საქმეში მესამე პირების ჩართვასა და მათ სათანადო წესით ინფორმირებულობასთან დაკავშირებით, კასატორი თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა უსაფუძვლოა, რამდენადაც ცალკეულ შემთხვევებში, გზავნილებს იბარებდა მოპასუხე ორგანიზაციის პასუხისმგებელი პირი და არა უშუალოდ მესამე პირები.
კასატორი, ასევე, სადავოდ ხდის საქმის განხილვას სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლის გარეშე, რამდენადაც მოპასუხის უფლებამოსილების განმსაზღვრელი ნორმები გამორიცხავს და არ ითვალისწინებს მესამე პირებთან წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელებას, ამავე ასოციაციის თავმჯდომარის გარდა/გარეშე.
კასატორი აღნიშნავს, რომ საადვოკატო უფლებამოსილების შეჩერების თაობაზე მ. ჭ-ეის განცხადება არ ასახავდა თავისუფალი ნების გამოვლენას, წარმოადგენდა იძულებით ნაბიჯს და ემსახურებოდა განხორციელებული ზეწოლისგან თავდაცვის პრევენციულ ღონისძიებას. აღნიშნულს ადასტურებს საადვოკატო საქმიანობის შეჩერების მოთხოვნის თაობაზე მ. ჭ-ეის 2021 წლის 12 ივლისის განცხადების მე-2 აბზაცი, სადაც იგი აღნიშნავს, რომ „სამომავლოდ სათანადო პირობების დადგომის გათვალისწინებით და წერილობითი განცხადების წარმოდგენით, მივიღებ გადაწყვეტილებას საქმიანობის უფლებამოსილების აღდგენასთან დაკავშირებით“.
ამასთან, კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო პალატამ ყურადღება არ გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ უფლებამოსილ პირს „საორგანიზაციო ჯგუფის“ წარმომადგენელმა არ მიაწოდა ნომინაციის მოთხოვნის თაობაზე მ. ჭ-ეის განცხადების შინაარსი, განხორციელებული ზეწოლისა და შეზღუდული საადვოკატო საქმიანობის ფაქტების თაობაზე.
კასატორის მითითებით, მასზე კონკრეტული ზეწოლის ფაქტების შესახებ ინფორმაცია უფლებამოსილ საბჭოს არ მიაწოდა ასევე ასოციაციის თავმჯდომარემ, რომელიც, თავის მხრივ, აღნიშნულის თაობაზე ინფორმირებული იყო მ. ჭ-ესთან უშუალო შეხვედრის შემდეგ.
კასატორი თვლის, რომ „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის დანაწესი ვერ იქნება „იმპერატიული ხასიათის“, თუ ობიექტური მოცემულობის გათვალისწინებით, არ შეესაბამება ამავე კანონის მიზნებს და წინააღმდეგობაშია „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის პირველ და მე-2 მუხლებთან, რომელიც ითვალისწინებს ადვოკატის პროფესიულ თავისუფლებასთან დაკავშირებულ დათქმებს. კანდიდატ მ. ჭ-ეის საადვოკატო საქმიანობის შეზღუდვის ფაქტების საქმეში არსებობა არსებითად გამორიცხავს „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის პირველი პუნქტის როგორც იმპერატიულ ბუნებას, ასევე, არსებულ მდგომარეობაში მისი გამოყენების მართლზომიერებას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 3 ივლისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული მ. ჭ-ეის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. ჭ-ეის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება, ასევე, არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს (1) სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს 2023 წლის 15 დეკემბრის სხდომის ოქმის ნაწილობრივ კანონიერება და (2) მოპასუხისათვის, გარემოებათა სრულყოფილად გამოკვლევის შემდეგ, სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრად ნომინირების შესახებ მ. ჭ-ეის მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე ახალი გადაწყვეტილების გამოცემის დავალება.
საკასაციო პალატა, უპირველესად, მიზანშეწონილად თვლის, ყურადღება გაამახვილოს კასატორის მიერ საკასაციო საჩივარში წარმოდგენილ იმ არგუმენტაციაზე, რომელიც სააპელაციო სასამართლოში საქმის განმხილველი სასამართლო შემადგენლობის თითოეული წევრის აცილების საფუძვლების არსებობის მტკიცებას შეეხება.
საკასაციო პალატა მიუთითებს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებაზე, რომლის თანახმად, ყოველი ადამიანი, მისი სამოქალაქო ხასიათის უფლებებისა და მოვალეობების, ან მისთვის წარდგენილი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას, აღჭურვილია გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნოდ განხილვის უფლებით კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ როგორც სამართლიანი სასამართლოს უფლებასთან მიმართებით ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სასამართლო პრაქტიკა ადასტურებს, მიუკერძოებლობა გულისხმობს წინასწარი შეხედულების ან სუბიექტურობის არარსებობას და მისი არსებობა ან არარსებობა სხვადასხვა გზებით შეიძლება შემოწმდეს. კერძოდ, კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის მიზნებისათვის მიუკერძოებლობის არსებობა უნდა დადგინდეს სუბიექტური ტესტის მიხედვით, სადაც მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს კონკრეტული მოსამართლის შინაგან რწმენასა და ქცევას, ანუ, ჰქონდა თუ არა მოსამართლეს პირადი წინასწარგანწყობა ან მიკერძოება მოცემულ საქმეში; ასევე, ობიექტური ტესტის მიხედვით - ანუ იმის გამორკვევით, უზრუნველყოფდა თუ არა თავად სასამართლო და, სხვა ასპექტებთან ერთად, მისი შემადგენლობა საკმარის გარანტიებს იმისათვის, რათა გამორიცხულიყო ყოველგვარი ლეგიტიმური ეჭვი მის მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით (იხ. კიპრიანუ კვიპროსის წინააღმდეგ (Kyprianou v. Cyprus) [დიდი პალატა], no 73797/01, § 118), 2005-XIII; მიკალეფი მალტის წინააღმდეგ (Micallef v. Malta) [დიდი პალატა], no. 17056/06, § 93, 2009; მორისი საფრანგეთის წინააღმდეგ (Morice v. France) [დიდი პალატა], no. 29369/10, § 73, 2015; ილნშეჰერი გერმანიის წინააღმდეგ (Ilnseher v. Germany) [დიდი პალატა], nos. 10211/12 and 27505/14, § 287, 4 დეკემბერი, 2018წ.).
რაც შეეხება სუბიექტურობის ტესტს, პრინციპი, რომ სასამართლოს პირადი წინასწარგანწყობისა და მიკერძოებისაგან თავისუფლება პრეზუმირებულია, დადგენილია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი ხნის განმავლობაში დამკვიდრებული სასამართლო პრაქტიკით (იხ. კიპრიანუ (Kyprianou), § 119; მიკალეფი (Micallef), § 94; და მორისი (Morice), § 74). საწინააღმდეგო გარემოების დაუდასტურებლობის პირობებში, მოსამართლის პირადი მიუკერძოებლობა პრეზუმირებულად უნდა იქნეს მიჩნეული (იხ. ჰაუსშილდტი დანიის წინააღმდეგ (Hauschildt v. Denmark), 24 მაისი, 1989, § 47, სერია A no. 154). რაც შეეხება პრეზუმფციის გაბათილებისათვის საჭირო მტკიცებულების ტიპს, მაგალითად, სასამართლო ეცადა დაედგინა, გამოავლინა თუ არა მოსამართლემ მტრული დამოკიდებულება ან არაკეთილგანწყობა პირადი დაინტერესების გამო (დე კუბერი ბელგიის წინააღმდეგ (იხ. De Cubber v. Belgium), 26 ოქტომბერი, 1984, § 25, სერია A no. 86, ასევე, მორისი (Morice), § 74).
იმ საქმეთა დიდ უმრავლესობაში, რომლებშიც წარმოიშვა მიუკერძოებლობის საკითხები, სასამართლომ აქცენტი გააკეთა ობიექტურ ტესტზე (იხ. მიკალეფი (Micallef), § 95). თუმცა, სუბიექტურ და ობიექტურ ტესტებს შორის არ არსებობს წყალგამყოფი ზღვარი, რამდენადაც მოსამართლის ქცევამ შესაძლოა გამოიწვიოს არა მხოლოდ ობიექტური ეჭვები მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით გარე დამკვირვებლის თვალში (ობიექტური ტესტი), არამედ შეიძლება ასევე შეეხოს მისი შინაგანი რწმენის საკითხებსაც (სუბიექტური ტესტი) (იხ. კიპრიანუ (Kyprianou), § 119). შესაბამისად, ზოგიერთ შემთხვევაში, როდესაც შესაძლოა რთული იყოს მოსამართლის სუბიექტური მიუკერძოებლობის პრეზუმფციის გამაბათილებელი მტკიცებულების წარდგენა, ობიექტური მიუკერძოებლობის მოთხოვნა უზრუნველყოფს დამატებით მნიშვნელოვან გარანტიას (იხ. პულარი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Pullar v. the United Kingdom), 10 ივნისი, 1996, § 32, გადაწყვეტილებებისა და განჩინებების კრებული 1996-III, ასევე, მორისი (Morice), § 75).
რაც შეეხება ობიექტურ ტესტს, უნდა განისაზღვროს, მოსამართლის ქცევის გარდა, არსებობს თუ არა დადასტურებადი ფაქტები, რომლებსაც შეუძლიათ მოსამართლის მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით ეჭვების აღძვრა, რაც გულისხმობს, რომ იმის გადაწყვეტისას, მოცემულ საქმეში არსებობს თუ არა ლეგიტიმური მიზეზი ვარაუდისა, რომ კონკრეტული მოსამართლე ან სასამართლოს შემადგენლობა არ არის სრულად მიუკერძოებელი, დაინტერესებული პირის პოზიცია არის მნიშვნელოვანი, თუმცა არა გადამწყვეტი. გადამწყვეტია ის, შესაძლებელია თუ არა, რომ აღნიშნული ვარაუდი იყოს ობიექტურად გამართლებული (იხ. მიკალეფი (Micallef), § 96).
ობიექტურობის ტესტი ძირითადად ეხება იერარქიულ ან სხვაგვარ კავშირებს მოსამართლესა სამართალწარმოების სხვა მონაწილეებს შორის. მაშასადამე, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა გადაწყდეს, არის თუ არა სადავო ურთიერთობა ისეთი ბუნებისა და ხარისხის, რომ მიანიშნებდეს სასამართლოს მიუკერძოებლობის ნაკლებობაზე (იხ. Morice, § 77).
ამასთან დაკავშირებით, გარეგნულ გამოვლინებასაც შესაძლოა ჰქონდეს გარკვეული მნიშვნელობა ან, სხვაგვარად რომ ითქვას, „სამართლიანობა არა მხოლოდ უნდა აღსრულდეს, არამედ ის, ასევე, უნდა ჩანდეს აღსრულებულად“ (იხ. დე კუბერი (De Cubber), § 26). სასწორზე დგას ნდობა, რომელიც სასამართლოებმა უნდა აღძრან დემოკრატიულ საზოგადოებაში. ამდენად, ნებისმიერი მოსამართლე, რომელთან დაკავშირებითაც არსებობს სრულად მიუკერძოებლობის შესახებ ეჭვის ლეგიტიმური საფუძველი, უნდა ჩამოსცილდეს საქმის განხილვას. (იხ. კასტილო ალგარი ესპანეთის წინააღმდეგ (Castillo Algar v. Spain), 28 ოქტომბერი, 1998, § 45, სასამართლო გადაწყვეტილებებისა და განჩინებების კრებული, 1998-VIII; მიკალეფი (Micallef), § 98; ასევე, მორისი (Morice), § 78).
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, მიუკერძოებლობის განმამტკიცებელი ეროვნული პროცედურები, კერძოდ კი, მოსამართლის აცილების მარეგულირებელი წესები უზრუნველყოფენ ფაქტობრივი მიკერძოების არარსებობას. ასევე, ისინი მიმართულია მიკერძოების ნებისმიერი გამოვლინების აღმოფხვრისაკენ და შესაბამისად, ემსახურება იმ ნდობის გაძლიერებას, რომელიც სასამართლოებმა უნდა გააჩინონ დემოკრატიულ საზოგადოებაში. სასამართლო ასეთ წესებს მიიღებს მხედველობაში მის მიერ იმ გარემოების შეფასებისას, იყო თუ არა სასამართლო მიუკერძოებელი და, კონკრეტულად, შეიძლება თუ არა აპლიკანტის ვარაუდი იყოს ობიექტურად გამართლებული (იხ. მიკალეფი (Micallef), § 99).
საგულისხმოა, რომ კასატორი მოსამართლე გ. დ-ას აცილების ერთ-ერთ საფუძვლად ასახელებს მისი კვალიფიკაციის ნაკლებობას და ადმინისტრაციული დავების განხილვის გამოცდილების არქონას. აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე არსებულ, გ. დ-ას საჯაროდ ხელმისაწვდომ ავტობიოგრაფიაზე, რომლითაც დასტურდება, რომ გ. დ-ამ 2005 წელს ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციით. ამასთან, მითითებული გამოცდა მან კიდევ ერთხელ ჩააბარა 2013 წელს, ხოლო 2013-2014 წლებში იგი იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი. საბჭოს ოფიციალურ ვებგვერდზე საჯაროდ ხელმისაწვდომი ინფორმაციით დასტურდება, რომ იგი მოსამართლედ გამწესდა 2016 წელს.
საკასაციო პალატა მიუთითებს „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის გ. დ-ას მოსამართლედ გამწესების დროისათვის მოქმედი რედაქციის 34-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, მოსამართლედ შეიძლება დაინიშნოს (აირჩეს) საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 30 წლის ასაკიდან, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება არანაკლებ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხით/უმაღლესი განათლების დიპლომით, სპეციალობით მუშაობის სულ ცოტა 5 წლის გამოცდილება, ფლობს სახელმწიფო ენას, ჩაბარებული აქვს მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა, გავლილი აქვს იუსტიციის უმაღლესი სკოლის სრული სასწავლო კურსი და შეყვანილია იუსტიციის მსმენელთა საკვალიფიკაციო სიაში. ნიშანდობლივია, რომ თითქმის იდენტური შინაარსის დათქმას ითვალისწინებს ზემოაღნიშნული ნორმის დღეს მოქმედი რედაქციაც.
ამასთან, ამავე ორგანული კანონის დღეს მოქმედი რედაქციის 351 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, მოსამართლეობის კანდიდატი და რაიონული (საქალაქო) ან სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე 3 წლის ვადით განწესებული მოსამართლე ფასდებიან 2 ძირითადი კრიტერიუმით − კეთილსინდისიერებისა და კომპეტენტურობის კრიტერიუმებით.
ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, კეთილსინდისიერების კრიტერიუმის მახასიათებლებია: ა) პიროვნული კეთილსინდისიერება და პროფესიული სინდისი; ბ) დამოუკიდებლობა, მიუკერძოებლობა და სამართლიანობა; გ) პიროვნული და პროფესიული ქცევა; დ) პიროვნული და პროფესიული რეპუტაცია; ე) ფინანსური ვალდებულება − მხოლოდ სამოსამართლო გამოცდილების მქონე მოსამართლეობის კანდიდატის ან რაიონული (საქალაქო) ან სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე 3 წლის ვადით განწესებული მოსამართლის შეფასების შემთხვევაში.
ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად კი, კომპეტენტურობის კრიტერიუმის მახასიათებლებია: ა) სამართლის ნორმების ცოდნა; ბ) სამართლებრივი დასაბუთების უნარი და კომპეტენცია; გ) წერისა და ზეპირი კომუნიკაციის უნარები − მხოლოდ სამოსამართლო გამოცდილების არმქონე მოსამართლეობის კანდიდატის შეფასების შემთხვევაში; დ) წერის უნარი − მხოლოდ სამოსამართლო გამოცდილების მქონე მოსამართლეობის კანდიდატის ან რაიონული (საქალაქო) ან სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე 3 წლის ვადით განწესებული მოსამართლის შეფასების შემთხვევაში; ე) ზეპირი კომუნიკაციის უნარი − მხოლოდ სამოსამართლო გამოცდილების მქონე მოსამართლეობის კანდიდატის ან რაიონული (საქალაქო) ან სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე 3 წლის ვადით განწესებული მოსამართლის შეფასების შემთხვევაში; ვ) პროფესიული თვისებები − მხოლოდ სამოსამართლო გამოცდილების არმქონე მოსამართლეობის კანდიდატის შეფასების შემთხვევაში; ზ) პროფესიული თვისებები (მათ შორის, ქცევა სასამართლო დარბაზში) − მხოლოდ სამოსამართლო გამოცდილების მქონე მოსამართლეობის კანდიდატის ან რაიონული (საქალაქო) ან სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე 3 წლის ვადით განწესებული მოსამართლის შეფასების შემთხვევაში; თ) აკადემიური მიღწევები და პროფესიული წვრთნა; ი) პროფესიული აქტივობა.
ამავე კოდექსის 394-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ საქმე განიხილა სასამართლოს არაკანონიერმა შემადგენლობამ.
შესაბამისად, ზემოაღნიშნულ სამართლებრივ საფუძვლებზე დაყრდნობით, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოსამართლის თანამდებობის დასაკავებლად საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარებისა და იუსტიციის უმაღლესი სკოლის სრული სასწავლო კურსის გავლის, როგორც მოსამართლის თანამდებობის დაკავების სავალდებულო წინაპირობათა შემოღება სწორედ მოსამართლის მხრიდან კვალიფიციური მართლმსაჯულების განხორციელების მზაობის შემოწმებას ემსახურება. როგორც გ. დ-ას ავტობიოგრაფია მოწმობს, მას ორჯერ აქვს ჩაბარებული მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციით, ასევე, გავლილი აქვს შესაბამისი სასწავლო კურსი და ჩარიცხულია იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელთა სიაში. ამდენად, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მისი მოსამართლედ დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილების მიღება ადასტურებს მის კვალიფიციურობას, მათ შორის, ადმინისტრაციული სამართლის დარგშიც.
ამასთან, ნიშანდობლივია, რომ მოსამართლე გ. დ-ას არაკვალიფიციურობის სამტკიცებლად კასატორი ძირითადად მიუთითებს ადმინისტრაციული დავების განხილვის პრაქტიკის არქონას. კერძოდ, კასატორი აღნიშნავს, რომ მოსამართლე გ. დ-ას აქვს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში/პალატაში მუშაობის გამოცდილება. მისი ადმინისტრაციული დავების მიმართ არაკვალიფიციურობის დასასაბუთებლად კი მოსარჩელე ძირითადად საქმეში არსებულ საპროცესო ხარვეზებზე ამახვილებს ყურადღებას. საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, ეს კოდექსი განსაზღვრავს საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ ადმინისტრაციული საქმეების განხილვისა და გადაწყვეტის საპროცესო წესებს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით კი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
შესაბამისად, საკასაციო პალატა ხაზგასმით განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობა განამტკიცებს ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში, მათ შორის, სამოქალაქო საპროცესო-სამართლებრივი ნორმების გამოყენების აუცილებლობას. ის პროცესუალური ღონისძიებები კი, რომელთა დარღვევით წარმართვის მტკიცებასაც კასატორი ცდილობს და რომლის არსებობის საფუძვლითაც იგი თვლის, რომ მოსამართლე გ. დ-ას არ გააჩნია ადმინისტრაციული დავების განხილვის სათანადო კვალიფიკაცია, სრულად გამომდინარეობს სწორედ სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობიდან. ამდენად, კასატორის მსჯელობა, ამ თვალსაზრისით, წინააღმდეგობრივია, რამდენადაც იგი, ერთი მხრივ, თავადვე ადასტურებს, რომ გ. დ-ას აქვს სამოქალაქო საქმეთა განხილვის მრავალწლიანი გამოცდილება, ხოლო მეორე მხრივ, ადმინისტრაციული სამართალწარმოების მიმართ მისი არაკვალიფიციურობის დადასტურებას სწორედ სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული პროცესუალური ღონისძიებების გარკვეული ხარვეზებით წარმართვის მტკიცებით ცდილობს.
რაც შეეხება კასატორის მითითებას როგორც მოსამართლე ი. თ-ას, ასევე, ზოგადად სააპელაციო სასამართლოს პალატის მთელი შემადგენლობის აცილების საფუძვლების არსებობასთან დაკავშირებით, პირველ რიგში, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კასატორის მიმართ მიმდინარე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვაში მონაწილეობა არ ქმნის იმავე მოსამართლის განსახილველ საქმეზე აცილების თვითკმარ საფუძველს. მით უფრო, გაურკვეველია, თუ რა კავშირი აქვს მ. ჭ-ეის მიერ მოხმობილ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს განსახილველ საქმესთან, კერძოდ, აღნიშნულ საქმეზე დამდგარი შედეგი რა გავლენას ახდენს მოცემული დავის გადაწყვეტაზე. საკასაციო პალატა ხაზგასმით განმარტავს, რომ რომელიმე პირის მონაწილეობით მიმდინარე ერთი საქმის განხილვა მოსამართლეს არ უკრძალავს ამავე პირთან დაკავშირებით მიმდინარე სხვა, პირველ საქმესთან შემხებლობაში არმყოფი საქმის განხილვაში მონაწილეობას. ამავდროულად, ნიშანდობლივია, რომ ამა თუ იმ მოსამართლის მონაწილეობით განხილულ რომელიმე დავაზე მხარისათვის არასასურველი შედეგის დადგომა იმთავითვე არ ქმნის იმავე მხარის მონაწილეობით მიმდინარე სხვა საქმეზე ამ მოსამართლის აცილების უპირობო საფუძველს.
ასევე, სააპელაციო სასამართლოს პალატის მთელი შემადგენლობის აცილების საფუძვლად კასატორის მიერ მოხმობილ არგუმენტებს, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმის მასალებში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომელიც დაადასტურებდა მ. ჭ-ეის დევნას ან მის მიმართ რაიმე ფორმით ორგანიზებული თავდასხმის განხორციელებას. ამასთან, მოსარჩელე ვერ მიუთითებს იმ გარემოებებსა თუ მტკიცებულებებზე, რომლებიც დაადასტურებდა სააპელაციო სასამართლოში მოცემული საქმის განმხილველი რომელიმე მოსამართლის პირად დაინტერესებას დავის მ. ჭ-ეის საწინააღმდეგოდ გადაწყვეტისადმი. შესაბამისად, საქმეში წარმოდგენილი მასალები ვერ უზრუნველყოფს სუბიექტური ტესტის ფარგლებში განმტკიცებული მოსამართლის მიუკერძოებლობის პრეზუმფციის დამსხვრევას და შესაბამისად, საქმის გადაწყვეტის შედეგისადმი რომელიმე მოსამართლის პირადი დაინტერესების დადასტურებას.
ამავდროულად, ნიშანდობლივია, რომ კასატორის მიერ დასახელებული გარემოებები არ არის სათანადო მტკიცებულებებით დადასტურებული და მეტწილად ეფუძნება ამა თუ იმ ფაქტის მისეულ სუბიექტურ აღქმასა და ინტერპრეტაციას. სუბიექტური ხედვიდან მომდინარე, სათანადო მტკიცებულებებით დაუდასტურებელი გარემოებები კი, მით უფრო, საფუძვლად ვერ დაედება ობიექტური დამკვირვებლის თვალში სასამართლოს მიკერძოებულობასთან დაკავშირებით ლეგიტიმური ეჭვების წარმოშობას (ობიექტური ტესტი). უფრო კონკრეტულად, სასამართლო კორპუსის ამა თუ იმ წევრთა მონაწილეობით სავარაუდო სისტემურ დევნასა თუ ორგანიზებულ დანაშაულზე მარტოოდენ მითითება, შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენისა თუ რელევანტური გარემოებების ერთობლიობის დასახელების გარეშე, ვერ განაპირობებს ობიექტური დამკვირვებლის თვალში საფუძვლიანი, ლეგიტიმური ეჭვების წარმოშობას მოსამართლის მიუკერძოებლობასა თუ დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით.
ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორმა ვერ შეძლო წარმოედგინა სააპელაციო სასამართლოს პალატის მოსამართლეთა სუბიექტური მიკერძოების დამადასტურებელი მტკიცებულებები, ასევე, საქმის განმხილველი სასამართლოს შემადგენლობის მიკერძოებულობასთან დაკავშირებით ობიექტური ეჭვების წარმოშობისათვის საჭირო ფაქტების ერთობლიობა, რომელიც ობიექტური დამკვირვებლის თვალში აღძრავდა ლეგიტიმურ, საფუძვლიან ეჭვს წარმოდგენილი საქმის განმხილველი შემადგენლობის ან მისი რომელიმე წევრის პირადი დაინტერესებისა თუ მიკერძოების თაობაზე.
საკასაციო პალატა, ასევე, ყურადღებას ამახვილებს კასატორის მითითებაზე, რომ საადვოკატო უფლებამოსილების შეჩერების თაობაზე მ. ჭ-ეის განცხადება არ ასახავდა თავისუფალი ნების გამოვლენას, წარმოადგენდა იძულებით ნაბიჯს და ემსახურებოდა განხორციელებული ზეწოლისგან თავდაცვის ღონისძიებას. კასატორის მოსაზრებით, აღნიშნულს ადასტურებს საადვოკატო საქმიანობის შეჩერების მოთხოვნის თაობაზე მ. ჭ-ეის 2021 წლის 12 ივლისის განცხადების მე-2 აბზაცი, სადაც იგი აღნიშნავს, რომ „სამომავლოდ სათანადო პირობების დადგომის გათვალისწინებით და წერილობითი განცხადების წარმოდგენით, მივიღებ გადაწყვეტილებას საქმიანობის უფლებამოსილების აღდგენასთან დაკავშირებით“.
ზემოხსენებულ გარემოებასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მ. ჭ-ეის მიერ სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში საადვოკატო საქმიანობის შეჩერების მოთხოვნით წარდგენილი განცხადების შინაარსი, კერძოდ, მასში დაფიქსირებული მზაობა, რომ სამომავლოდ იგი მიიღებდა გადაწყვეტილებას უფლებამოსილების აღდგენასთან დაკავშირებით, არა მხოლოდ არ ადასტურებს მის მიმართ რაიმე იძულების განხორციელებას, არამედ არ ქმნის რაიმე ზეწოლის არსებობის საფუძვლიან ვარაუდსაც კი. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ადვოკატთა ასოციაციის წევრობის შეჩერება, თავის თავში, მოიაზრებს სამომავლოდ წევრის სტატუსის აღდგენის შესაძლებლობას, მათ შორის, პირადი განცხადების საფუძველზე. შესაბამისად, ამგვარი მოთხოვნით წარდგენილ განცხადებაში საადვოკატო საქმიანობის სამომავლოდ გაგრძელების ინტერესის წინსწრებით დაფიქსირება თავსებადია ასოციაციის წევრობის შეჩერების არსთან და არ წარმოადგენს განცხადების საერთო სულისკვეთებიდან სრულიად მოწყვეტილ განაცხადს. ამ თვალსაზრისით, საკასაციო პალატა განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონი ითვალისწინებს არა მხოლოდ ადვოკატთა ასოციაციის წევრობის შეჩერების, არამედ - შეწყვეტის შემთხვევასაც, კერძოდ, 213 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, ადვოკატს ადვოკატთა ასოციაციის წევრობა შეუწყდება პირადი განცხადების საფუძველზე.
ამასთან, საკასაციო პალატა ხაზგასმით მიუთითებს, რომ მ. ჭ-ეს არ წარმოუდგენია იმგვარი მტკიცებულებები, რომელიც დაადასტურებდა მის მიმართ რაიმე ფორმის ზეწოლის ფაქტის არსებობას და, შესაბამისად, ადვოკატთა ასოციაციის წევრობის შეჩერების ნების გამოვლენის მიმართ იძულებას.
საკასაციო სასამართლო, ასევე, ყურადღებას მიაქცევს კასატორის მიერ სავარაუდო საპროცესო დარღვევებზე მითითებას. კერძოდ, საქმეში ჩართულ მესამე პირთა სათანადო წესით ინფორმირებულობასა და საქმის სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის მონაწილეობის გარეშე განხილვასთან დაკავშირებით, პალატა აღნიშნავს, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუკი კასატორის მიერ დასახელებულ ზემოაღნიშნულ გარემოებებს მიეცემა პროცესუალური დარღვევის კვალიფიკაცია და დადასტურდება მათი არსებობა, გაურკვეველია, რა სამართლებრივ გავლენას ახდენს ასეთი პროცესუალური ხარვეზები უშუალოდ მ. ჭ-ეის, როგორც მოსარჩელის, სამართლებრივ მდგომარეობაზე. კასატორი მიუთითებს ისეთი პროცესუალური ღონისძიებების არასათანადოდ განხორციელებაზე, რომლის დადასტურების შემთხვევაშიც კი, დარღვევებიდან მომდინარე უარყოფითი პროცესუალურ-სამართლებრივი შედეგები სწორედ მოპასუხესა და მესამე პირებზე უნდა ასახულიყო. შესაბამისად, მ. ჭ-ეის მიერ სააპელაციო პალატის განჩინების უკანონობის ამგვარ დარღვევებზე მითითებით მტკიცებას არ აქვს ობიექტური, გონივრული ახსნა, რამდენადაც, ასეთი დარღვევების დადასტურებაც კი ვერ უზრუნველყოფს საქმის შედეგის ცვლილებას და მოსარჩელის სასარგებლო გადაწყვეტილების მიღებას.
ამასთან, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ წესდება სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაციის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირად განსაზღვრავს მხოლოდ ამავე ასოციაციის თავმჯდომარეს, დელეგირებით უფლებამოსილების გადაცემის შესაძლებლობის გარეშე. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 93-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, მოქალაქეებს შეუძლიათ საქმე აწარმოონ სასამართლოში პირადად, ხოლო იურიდიულ პირებს ან სხვა ორგანიზაციებს - იმ თანამდებობის პირის მეშვეობით, რომელსაც წესდებით ან დებულებით შეუძლია ამ იურიდიული პირისა თუ ორგანიზაციის სახელით იმოქმედოს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ აგრეთვე საქმე აწარმოონ სასამართლოში წარმომადგენლის მეშვეობით. ამავე კოდექსის 96-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით კი, მინდობილობას ორგანიზაციის სახელით გასცემს შესაბამისი ორგანიზაციის ხელმძღვანელი ან სხვა უფლებამოსილი პირი.
საკასაციო პალატის მოსაზრებით, მითითებული სამართლებრივი ნორმების ერთობლივი ანალიზი ცხადყოფს სააპელაციო სასამართლოს დასკვნის მართებულობას, რომ ასოციაციის წესდებით ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარისათვის სასამართლოში წარმომადგენლობის უფლებამოსილების მინიჭება ცალსახად არ გულისხმობს მის პირადად მონაწილეობას სასამართლოში საქმის წარმოების პროცესში. ამდენად, ასოაციაციის თავმჯდომარის მიერ ასოციაციის წარმომადგენლობის უფლებამოსილების სხვა პირისათვის მინიჭება სრულ შესაბამოსობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან.
ამასთან, სხვა პროცესუალური ხარვეზების არსებობის შესახებ კასატორის არგუმენტაციასთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევა მხოლოდ მაშინ შეიძლება გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თუ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი. შესაბამისად, საკასაციო პალატა განმეორებით აღნიშნავს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებების დადასტურებისა და მათი საპროცესო დარღვევად დაკვალიფიცირების შემთხვევაშიც კი, მათი არარსებობა ვერ უზრუნველყოფდა საქმის საბოლოო შედეგის შეცვლასა და შესაბამისად, საქმეზე განსხვავებული, მოსარჩელის სასარგებლო გადაწყვეტილების მიღებას.
რაც შეეხება დავის შინაარსობრივ მხარეს, განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით, კერძოდ, სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს 2021 წლის 16 ივლისის №301 სხდომის ოქმიდან ამონაწერით დადგენილია, რომ „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის 212 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მ. ჭ-ეის მოთხოვნა ასოციაციის წევრობის შეჩერების შესახებ დაკმაყოფილდა.
სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს 2023 წლის 15 დეკემბრის №366 სხდომის ოქმიდან ამონაწერით დადგენილია, რომ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წესდების 131 მუხლის 131.3 პუნქტისა და „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, აღმასრულებელი საბჭოს წევრობის მსურველს - მ. ჭ-ეს, უარი ეთქვა კანდიდატად რეგისტრაციაზე.
ამდენად, საკასაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ მ. ჭ-ეს სსიპ ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრად ნომინირებისას შეჩერებული ჰქონდა ასოციაციის წევრობა პირადი განცხადების საფუძველზე.
„ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველ და მე-2 პუნქტების თანახმად, საქართველოში საადვოკატო საქმიანობას ახორციელებს ადვოკატი. ადვოკატი არის თავისუფალი პროფესიის პირი, რომელიც ემორჩილება მხოლოდ კანონსა და პროფესიული ეთიკის ნორმებს და გაწევრიანებულია საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში.
ამავე კანონის 212 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ადვოკატს ადვოკატთა ასოციაციის წევრობა შეუჩერდება ამ კანონის 213 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით, ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს გადაწყვეტილებით პირადი განცხადების საფუძველზე. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი, ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად წევრობის შეჩერების შემთხვევაში ადვოკატი თავისუფლდება ადვოკატთა ასოციაციის საწევრო გადასახადის გადახდისგან და ეკრძალება ასოციაციის საქმიანობაში მონაწილეობა. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ადვოკატს წევრობა აღუდგება შესაბამისი განცხადების შეტანის ანდა ამ კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდეგ ან ამ კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლების აღმოფხვრის შემთხვევაში. მითითებული კანონის მე-5 პუნქტის თანახმად კი, პირს, რომელსაც შეჩერებული აქვს ადვოკატთა ასოციაციის წევრობა, ეკრძალება საადვოკატო საქმიანობის განხორციელება.
„ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად, ადვოკატი არ შეიძლება არჩეულ იქნეს აღმასრულებელი საბჭოს, ეთიკის კომისიის ან სარევიზიო კომისიის წევრად, თუ: ა) შეუსრულებელი აქვს სასამართლო წესით დაკისრებული ქონებრივი ვალდებულება; ბ) ბრალდებულის სახით მიცემულია სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში; გ) უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში დადებული ჰქონდა დისციპლინური სახდელი ან უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში შეჩერებული ჰქონდა ასოციაციის წევრობა.
ამავე კანონის 31-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად, ადვოკატს აღმასრულებელი საბჭოს, ეთიკის კომისიის ან სარევიზიო კომისიის წევრის უფლებამოსილება უწყდება: ა) პირადი განცხადების საფუძველზე; ბ) საადვოკატო საქმიანობის უფლების შეჩერების შემთხვევაში.
საკასაციო სასამართლო, ასევე, მიუთითებს სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წესდების მე-11 მუხლზე, რომლის თანახმად, ასოციაციის მართვის ორგანოა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭო.
ამავე წესდების 131 მუხლის 131.1. პუნქტის თანახმად, საერთო კრების თარიღის გამოქვეყნებიდან შვიდი დღის ვადაში ასოციაციის თავმჯდომარის, აღმასრულებელი საბჭოს, ეთიკის კომისიის ან სარევიზიო კომისიის წევრობის მსურველი კანდიდატი ვალდებულია აღნიშნულის თაობაზე წარუდგინოს განცხადება ასოციაციის აპარატს. განცხადება უნდა შეიცავდეს კანდიდატის სახელს და გვარს, ასოციაციის წევრის სიით ნომერს, ინფორმაციას საადვოკატო ბიუროში საქმიანობის, პროფესიული გამოცდილების, ადვოკატად მუშაობის სტაჟის და ფაქტობრივ მისამართს, საკონტაქტო ტელეფონს.
წესდების 131 მუხლის 131.3. პუნქტის თანახმად, ადვოკატთა ასოციაცია უზრუნველყოფს კანდიდატის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის სავალდებულო მოთხოვნებთან შესაბამისობის გადამოწმებას განცხადების მიღებიდან სამი დღის ვადაში. თუ კანდიდატის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია აკმაყოფილებს კანონმდებლობისა და ამ წესდების მოთხოვნებს, ასოციაციის აღმასრულებელი საბჭო უზრუნველყოფს მსურველის რეგისტრაციას კანდიდატად და შეაქვს საარჩევნო ბიულეტენში.
საკასაციო პალატა ხაზგასმით მიუთითებს, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოთა მიერ დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ მოპასუხის მიერ კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით გადამოწმდა სსიპ ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრობის მსურველი კანდიდატების მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის სავალდებულო მოთხოვნებთან შესაბამისობა, რის შედეგადაც მოსარჩელის მიმართ გამოვლინდა „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, აღმასრულებელი საბჭო შედგება 12 წევრისაგან, რომელთაგან 11 წევრს 4 წლის ვადით ირჩევს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრება საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სიითი შემადგენლობიდან, ასოციაციის წესდებით დადგენილი წესით.
საკასაციო პალატა განმეორებით მიუთითებს ამავე კანონის 212 მუხლის მე-2 და მე-5 პუნქტებზე, რომლის თანახმად, ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად წევრობის შეჩერების შემთხვევაში ადვოკატი თავისუფლდება ადვოკატთა ასოციაციის საწევრო გადასახადის გადახდისგან და ეკრძალება ასოციაციის საქმიანობაში მონაწილეობა. პირს, რომელსაც შეჩერებული აქვს ადვოკატთა ასოციაციის წევრობა, ეკრძალება საადვოკატო საქმიანობის განხორციელება.
„ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, ადვოკატთა ასოციაციაში აღმასრულებელი საბჭო იქმნება ამ კანონით განსაზღვრულ ფუნქციათა შესასრულებლად.
შესაბამისად, ზემოაღნიშნულ სამართლებრივ საფუძვლებზე დაყრდნობით, საკასაციო პალატა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ადვოკატთა ასოციაციის წევრობაშეჩერებულ პირს ეკრძალება ასოციაციის საქმიანობაში მონაწილეობა, რაც გულისხმობს, მათ შორის, აღმასრულებელი საბჭოს წევრობის გზით ასოციაციის მართვის პროცესში ჩართულობის შეზღუდვას. აღნიშნულის გამოვლინებას წარმოადგენს სწორედ „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი, რომლის მიხედვითაც, ადვოკატს აღმასრულებელი საბჭოს, ეთიკის კომისიის ან სარევიზიო კომისიის წევრის უფლებამოსილება უწყდება საადვოკატო საქმიანობის უფლების შეჩერების შემთხვევაში. ამდენად, ზემოაღნიშნულ ნორმათა ერთობლიობა ცხადყოფს, რომ საადვოკატო საქმიანობის უფლების შეჩერება გამორიცხავს არა მხოლოდ პირის აღმასრულებელი საბჭოს წევრობის კანდიდატად რეგისტრაციის შესაძლებლობას, არამედ, უფრო მეტიც, იწვევს უკვე საბჭოს წევრად არჩეული წევრის უფლებამოსილების შეწყვეტასაც, რაც ცხადად მეტყველებს იმაზე, რომ საადვოკატო საქმიანობის უფლებაშეჩერებული პირის აღმასრულებელი საბჭოს წევრად ყოფნა დაუშვებელია.
საკასაციო პალატა, ასევე, ყურადღებას ამახვილებს „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე, რომელიც კიდევ უფრო აფართოვებს აღმასრულებელი საბჭოს წევრად არჩევის აკრძალვას საადვოკატო საქმიანობის უფლებაშეჩერებულ პირთან მიმართებით, კერძოდ, აღნიშნული ნორმა დაუშვებლად აცხადებს აღმასრულებელი საბჭოს წევრად, ასევე, იმ პირის არჩევას, რომელსაც უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში შეჩერებული ჰქონდა ასოციაციის წევრობა. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლობა გამორიცხავს არა მხოლოდ მოქმედი მდგომარეობით ადვოკატთა ასოციაციის წევრობაშეჩერებული, არამედ, უფრო მეტიც, იმ პირის აღმასრულებელი საბჭოს წევრად არჩევასაც, რომელსაც საადვოკატო საქმიანობის უფლებამოსილება შეჩერებული ჰქონდა ბოლო 3 წლის განმავლობაში.
ამდენად, კასატორის არგუმენტების საწინააღდეგოდ, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მ. ჭ-ეის აღმასრულებელი საბჭოს წევრობის კანდიდატად რეგისტრაციას გამორიცხავდა არა მხოლოდ „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი, არამედ, ასევე, ამავე კანონის 212 მუხლის მე-2 პუნქტი და მე-5 პუნქტები.
ამავდროულად, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მტკიცებას კანონის 30-ე მუხლის სამართლებრივ ბუნებასთან დაკავშირებით და მის საწინააღმდეგოდ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ კანონის 30-ე მუხლის დანაწესი იმპერატიული ხასიათისაა და ადმინისტრაციულ ორგანოს არ აძლევს აღნიშნული ნორმისაგან გადახვევის უფლებამოსილებას. შესაბამისად, სსიპ ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭო, იმ პირობებში, როდესაც კანონმდებლობა იმპერატიულად კრძალავს აღმასრულებელი საბჭოს წევრად ასოციაციის წევრობაშეჩერებული ადვოკატის არჩევას, არ იყო უფლებამოსილი კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განეხორციელებინა სხვაგვარი ქმედება, კერძოდ, დაერეგისტრირებინა მ. ჭ-ე აღმასრულებელი საბჭოს წევრობის მსურველ კანდიდატად.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან მ. ჭ-ეს (პ/ნ ...) საკასაციო საჩივარზე 02.05.2025წ. №27086588509 საგადახდო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მ. ჭ-ეს (პ/ნ ...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ. ჭ-ეის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 16 აპრილის განჩინება;
3. მ. ჭ-ეს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 02.05.2025წ. №27086588509 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
ბ. სტურუა