დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 25.06.2015
საქმის ნომერი
40აგ.-2015
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
25.06.2015

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№40აგ-15 25 ივნისი 2015 წელი

ბ-ი ლ, 40აგ-15 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მაია ოშხარელი (თავმჯდომარე)

გიორგი შავლიაშვილი, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ლ. ბ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ძ-ს საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 27 აპრილის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 20 აპრილის განაჩენით ლ. ბ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ–ის 239–ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მესამე ნაწილით - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, 260–ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, 236–ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის თანახმად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა ნაწილობრივ და საბოლოოდ მას განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ–ის 63–64–ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით მსჯავრად, იმავე გამოსაცდელი ვადით. მასვე, სსკ–ის 42–ე მუხლის შესაბამისად, დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნა ჯარიმა - 5000 ლარი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 25 სექტემბრის განაჩენით ლ. ბ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 273–ე მუხლით და მიესაჯა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, სსკ–ის 42–ე მუხლის შესაბამისად, დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნა ჯარიმა – 3000 ლარი, რასაც სსკ–ის 59–ე მუხლის თანახმად, დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ განესაზღვრა 4 წლით, 7 თვითა და 26 დღით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა - 3000 ლარი.

საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 23 ნოემბერის № განკარგულების საფუძველზე ლ. ბ-ი გათავისუფლდა ძირითადი სასჯელის შემდგომი მოხდისაგან.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 21 ივნისის განაჩენით ლ. ბ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ–ის 273–ე მუხლით (2008 წლის 11 იანვრის ეპიზოდი) - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ 2008 წლის 21 ნოემბრის საქართველოს კანონის მეორე მუხლის თანახმად, გაუნახევრდა და განესაზღვრა 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ–ის 63–ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით; 273–ე მუხლით (2008 წლის 14 ივნისის ეპიზოდი) - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ 2008 წლის 21 ნოემბრის საქართველოს კანონის მეორე მუხლის თანახმად, გაუნახევრდა და განესაზღვრა 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ–ის 63–ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით; 273–ე მუხლით (2008 წლის 17 სექტემბრის ეპიზოდი) - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ 2008 წლის 21 ნოემბრის საქართველოს კანონის მეორე მუხლის თანახმად, გაუნახევრდა და განესაზღვრა 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ–ის 63–ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით; 273–ე მუხლით (2008 წლის 19 სექტემბრის ეპიზოდი) - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ 2008 წლის 21 ნოემბრის საქართველოს კანონის მეორე მუხლის თანახმად, გაუნახევრდა და განესაზღვრა 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ–ის 63–ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით; 273–ე მუხლით (2009 წლის 21 თებერვლის ეპიზოდი) - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ–ის 63–ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით; 2381-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - ჯარიმა 3000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ; 260–ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ–ის 50–ე მუხლის გამოყენებით 4 წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 2 წელი, სსკ–ის 63–ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით. სსკ–ის 59–ე მუხლის საფუძველზე დანიშნული სასჯელები შეიკრიბა მთლიანად და საბოლოოდ ლ. ბ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დარჩენილი 5 წელი სსკ–ის 63–64–ე მუხლების გამოყენებით ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 6 წელი და დაეკისრა ჯარიმა - 3000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. ლ. ბ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2010 წლის 8 მარტის 10.40 საათიდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის პერიოდი - 2009 წლის 7 დეკემბრიდან 2010 წლის 11 თებერვლის ჩათვლით, სულ - 2 თვე და 4 დღე.

ლ. ბ-ს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის, საექიმო, საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში _ საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.

2013 წლის 13 იანვარს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №15 დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ ლ. ბ-ს მიმართ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის გამოყენება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 4 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ ლ. ბ-ს მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ:

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე–8 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მსჯავრდებული ლ. ბ-ი გათავისუფლდა: თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 21 ივნისის განაჩენით საქართველოს სსკ–ის 273–ე მუხლით (2008 წლის 11 იანვრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნული სასჯელის - 6 თვით თავისუფლების აღკვეთის მოხდისაგან, რაც სსკ–ის 63–ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით; სსკ–ის 273–ე მუხლით (2008 წლის 14 ივნისის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნული სასჯელის - 6 თვით თავისუფლების აღკვეთის მოხდისაგან, რაც სსკ–ის 63–ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით; სსკ–ის 273–ე მუხლით (2008 წლის 17 სექტემბრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნული სასჯელის - 6 თვით თავისუფლების აღკვეთის მოხდისაგან, რაც სსკ–ის 63–ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით; სსკ–ის 273–ე მუხლით (2008 წლის 19 სექტემბრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნული სასჯელის - 6 თვით თავისუფლების აღკვეთის მოხდისაგან, რაც სსკ–ის 63–ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით; სსკ–ის 273–ე მუხლით (2009 წლის 21 თებერვლის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნული სასჯელის - 1 წლით თავისუფლების აღკვეთის მოხდისაგან, რაც სსკ–ის 63–ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით.

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე–16 და მე–18 მუხლების თანახმად, მსჯავრდებულ ლ. ბ-ს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 21 ივნისის განაჩენით საქართველოს სსკ–ის 260–ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელი - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის გამოყენებით 4 წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 2 წელი სსკ–ის 63–ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, ერთნაირად და პროპორციულად, როგორც თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული რეალური სასჯელის, ისე პირობითი მსჯავრისა და გამოსაცდელი ვადის ნაწილში შეუმცირდა ერთი მეოთხედით და განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, 1 წელი და 6 თვე - პირობითი მსჯავრი, 2 წლისა და 3 თვის გამოსაცდელი ვადით. ლ. ბ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2010 წლის 8 მარტიდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის პერიოდი - 2009 წლის 7 დეკემბრიდან 2010 წლის 11 თებერვლის ჩათვლით, სულ - 2 თვე და 4 დღე. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 11 მარტის განჩინებით მსჯავრდებულ ლ. ბ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ძ-ს საჩივარი არ დაკმაყოფილდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 4 თებერვლის განჩინება დარჩა უცვლელად.

2015 წლის 16 აპრილს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულ ლ. ბ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა გ. ძ-მ, რომელმაც ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 4 თებერვლის განჩინებისა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 11 მარტის განჩინების გაუქმება.

შუამდგომლობის ავტორი აღნიშნავს, რომ 2015 წლის 15 აპრილს სასამართლოს არქივიდან და ბანკიდან მოპოვებულია მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებს, რომ ლ. ბ-ა სრულად დაფარა 2007 წელს და 2010 წელს სსკ–ის 2381–ე მუხლით მისთვის დაკისრებული ჯარიმები. ჯარიმის გადახდიდან 1 წლის გასვლის შემდეგ კი ამ ნაწილში, სსკ–ის 79–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ლ. ბ-ი ითვლება ნასამართლობის არმქონედ. შესაბამისად, ლ. ბ-ი საქართველოს პრეზიდენტის შეწყალებით 2007 წლის 23 ნოემბერს ძირითადი სასჯელისგან გათავისუფლებულია, რის გამოც იგი ითვლება ამ ნაწილში ნასამართლობის არმქონედ, ხოლო თავისუფლების აღკვეთაზე უფრო მსუბუქი სასჯელის მოხდიდან (ჯარიმის გადახდიდან) 2007 და 2010 წლის 21 ივნისის ნასამართლობები აქვს გაქარწყლებული. „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მიღების დროს ლ. ბ-ი ითვლებოდა სსკ–ის 239–ე მუხლის მე–3 ნაწილითა და 236–ე მუხლის პირველი ნაწილით განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლობის არმქონედ და „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე–8 მუხლით უნდა გათავისუფლებულიყო სასჯელის მოხდისაგან, ამასთანავე უნდა აღდგენოდა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით ჩამორთმეული უფლებები.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტი ითხოვს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 4 თებერვლის განჩინებაში ცვლილების შეტანას და „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–8 მუხლის საფუძველზე ლ. ბ-ს სრულად გათავისუფლებას თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 21 ივნისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოხდისაგან.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 27 აპრილის განჩინებით მსჯავრდებულ ლ. ბ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ძ-ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე დაუშვებლად იქნა ცნობილი.

მსჯავრდებულ ლ. ბ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა გ. ძ-მ საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას და ითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 27 აპრილის განჩინებისა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 11 მარტის განჩინების სრულად გაუქმება; თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 4 თებერვლის განჩინებით დადგენილი განაჩენის ნაწილობრივ გაუქმება; „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე–8 მუხლის საფუძველზე მსჯავრდებულ ლ. ბ-ს სრულად გათავისუფლება თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 21 ივნისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოხდისაგან.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლში მითითებულია ის საფუძვლები, რომელთა შემთხვევაშიც შესაძლებელია ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვა, კერძოდ:

განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ:

ა) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ ყალბია მტკიცებულება, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;

ბ) არსებობს გარემოება, რომელიც მოწმობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის დამდგენი სასამართლოს უკანონო შემადგენლობას ან იმ მტკიცებულების დაუშვებლობას, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;

გ) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ მოსამართლემ, პროკურორმა, გამომძიებელმა, ნაფიცმა მსაჯულმა ან ნაფიცი მსაჯულის მიმართ სხვა პირმა ამ საქმესთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული;

დ) არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი;

ე) არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება), რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის ან მისი ოქმების დარღვევა ამ საქმესთან დაკავშირებით და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება;

ვ) ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო;

ზ) წარმოდგენილია ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და თავისთავად, თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო, აგრეთვე ამტკიცებს გამართლებულის ბრალეულობას ან დანაშაულის იმ პირის მიერ ჩადენას, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვეტილი იყო.

საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას და მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ლ. ბ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ძ-ს მიერ საკასაციო საჩივარში მითითებული განაჩენის გადასინჯვის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ვინაიდან არ აკმაყოფილებს ზემოაღნიშნულ, კანონის მოთხოვნებს.

რაც შეეხება საკასაციო საჩივრის ავტორის განმარტებას ლ. ბ-ს მიმართ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე–8 მუხლის თანახმად თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 21 ივნისის განაჩენით სსკ–ის 260–ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული სასჯელისაგან გათავისუფლების შესახებ, საკასაციო პალატა ამასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ ლ. ბ-ს მიმართ ვერ გავრცელდებოდა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შეღავათი, ვინაიდან თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 21 ივნისის განაჩენით დადგენილი დანაშაულების ჩადენის დროს იგი ითვლებოდა ნასამართლობის მქონედ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 25 სექტემბრის განაჩენით საქართველოს სსკ–ის 239–ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მესამე ნაწილით, ასევე 236–ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 260–ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულებისათვის. საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 23 ნოემბრის განკარგულებით მსჯავრდებული ლ. ბ-ი შეწყალებულ იქნა მხოლოდ საქართველოს სსკ–ის 273–ე მუხლით და გათავისუფლდა ამ მუხლით დანიშნული ძირითადი სასჯელის შემდგომი მოხდისაგან, მაგრამ დარჩა ამავე მუხლით დამატებითი სასჯელის სახით – 3000 ლარი ჯარიმა. მართალია, იმ მომენტისათვის ის მთლიანად გათავისუფლდა საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მესამე ნაწილით, სსკ-ის 236–ე მუხლის პირველი ნაწილითა და 260–ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელის შემდგომი მოხდისგანაც, მაგრამ საკასაციო პალატა მოკლებულია შესაძლებლობას, შეაფასოს აღნიშნული გარემოება.

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე–8 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად კი უნდა გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სსკ–ის 260–ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, თუ ჩადენილი ქმედება კვალიფიცირდება ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის გასაღების ნიშნით. ამასთანავე, ის არ არის ადრე განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირი, გარდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 33–ე თავით გათვალისწინებული ნარკოტიკული დანაშაულისა. აღნიშნულის შესახებ მითითებულია თბილისის საქალაქო და უზენაესი სასამართლოების განჩინებებში ამნისტიის გამოყენების თაობაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 25 სექტემბრის განაჩენის სარეზოლუციო ნაწილში აღნიშნულია, რომ მსჯავრდებულ ლ. ბ-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და გირაოს სახით შეტანილი თანხა განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში დაუბრუნდეს მის შემტანს.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქმის მასალების მიხედვით, დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილია გადახდის ქვითარი (ს.ფ 9), საიდანაც ირკვევა, რომ 2007 წლის 11 ივნისს მსჯავრდებულმა გადაიხადა გირაოს თანხა, რაც დადგენილია ზემოაღნიშნული განაჩენით. აღსრულების ეროვნული ბიუროდან წარმოდგენილი წერილით დგინდება, რომ გირაოს თანხის სახელმწიფო ბიუჯეტში გადარიცხვის ნაწილში აღსრულებულ იქნა საქმე №, კერძოდ, 2010 წლის 21 ივნისის განაჩენით ლ. ბ-ს მიმართ 2010 წლის 11 თებერვლის დადგენილებით შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო - 3000 ლარი გაუქმდა და გირაოს თანხა, გირაოს პირობების დარღვევის გამო, გადაირიცხა სახელმწიფო ბიუჯეტში. საქმის მასალების მიხედვით, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 25 სექტემბრის განაჩენით დამატებითი სასჯელის სახით დანიშნული ჯარიმის თანხის გადახდა არ არის დადასტურებული.

იმ შემთხვევაშიც, თუ საკასაციო პალატა აღნიშნულ გარემოებას შეაფასებს მსჯავრდებულის სასარგებლოდ და ჩათვლის, რომ მას გადახდილად უნდა ჩაეთვალოს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 25 სექტემბრის განაჩენით დამატებითი სასჯელის სახით დანიშნული ჯარიმის თანხის გადახდა და შესაბამისად, ამ მუხლისათვის ჩაითვალოს ის ნასამართლობის არმქონედ ან თუნდაც მისი ნასამართლობა სსკ-ის 273-ე მუხლით დამატებითი სასჯელის სახით დანიშნული ჯარიმის გადაუხდელობის გამო, ისევე როგორც თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 25 სექტემბრის განაჩენით მისი ნასამართლობა სსკ-ის 260-ე მუხლით, არ იყო ხელისშემშლელი, რომ იგი გათავისუფლებულიყო „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის 1-ლი ნაწილის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 21 ივნისის განაჩენით სსკ–ის 260–ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული სასჯელისაგან, მაგრამ როგორც აღვნიშნეთ, ლ. ბ-ი თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2010 წლის 21 ივნისს განაჩენის გამოტანისას ასევე ითვლებოდა ნასამართლობის მქონედ საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მესამე ნაწილითა და 236–ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის. მას აღნიშნული მძიმე კატეგორიის დანაშაულებისათვის ნასამართლობის გაქარწყლების ვადის ათვლა დაეწყო 2007 წლის 23 ნოემბრიდან - სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ. ნასამართლობის გაქარწყლების ვადა კი მძიმე კატეგორიის დანაშაულისათვის არის 6 წელი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 21 ივნისის განაჩენით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის მომენტისათვის ეს ვადა არ იყო გასული და, შესაბამისად, ლ. ბ-ი ითვლებოდა ნასამართლობის მქონედ განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული მასალების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმის გარემოებებს.

ამდენად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება მსჯავრდებულ ლ. ბ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ძ-ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე კანონიერი და დასაბუთებულია, რომლის გაუქმების ან შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ ლ. ბ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ძ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 27 აპრილის განჩინება მსჯავრდებულ ლ. ბ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ძ-ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ დარჩეს უცვლელად.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ოშხარელი

მოსამართლეები: გ. შავლიაშვილი

პ. სილაგაძე