დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №6აგ-15 10 ივლისი, 2015 წელი
ყ-ი დ.- 6აგ-15 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),მაია ოშხარელი, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ დ. ყ-ის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 24 დეკემბრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 22 ოქტომბრის განაჩენით დ. ყ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ–ის 19,177–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ–ის 50–ე მუხლის მე–5 ნაწილის საფუძველზე სასჯელის ნაწილი – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მოსახდელად განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - 2 წელი სსკ–ის 63–ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით; 177–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ და მე–3 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით (დ. გ-ის ეპიზოდი), სსკ–ის 55–ე მუხლის გამოყენებით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა; 177–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ და მე–3 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით (ს. კ-ის ეპიზოდი), სსკ–ის 55–ე მუხლის გამოყენებით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა; 177–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ბ“, „გ“ და მე–4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით, სსკ–ის 55–ე მუხლის გამოყენებით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა; 2381–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ–ის 50–ე მუხლის მე–5 ნაწილის საფუძველზე სასჯელის ნაწილი - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა მოსახდელად განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - 1 წელი სსკ–ის 63–ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით. საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის საფუძველზე დანიშნული სასჯელები შეიკრიბა მთლიანად და დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ, მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ–ის 50–ე მუხლის მე–5 ნაწილის საფუძველზე სასჯელის ნაწილი - 9 წლით თავისუფლების აღკვეთა - მოსახდელად განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - 3 წელი სსკ–ის 63–64–ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 4 წელი. დ. ყ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2012 წლის 6 აგვისტოდან.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 4 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ დ. ყ-ს „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე ზემოაღნიშნული განაჩენით: საქართველოს სსკ–ის 19,177–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით განესაზღვრა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო 1 წელი და 6 თვე ჩაეთვალა პირობით მსჯავრად; 177–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ და მე–3 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; 177–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ და მე–3 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 177–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ბ“, „გ“ და მე–4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; 2381–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - 9 თვით თავისუფლების აღკვეთა და პირობითი მსჯავრი - 9 თვე. საბოლოოდ მას თავისუფლების აღკვეთის სახით სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად განესაზღვრა 6 წელი და 9 თვე, ხოლო პირობითი მსჯავრი - 2 წლითა და 3 თვით, 3 წლის გამოსაცდელი ვადით. დ. ყ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2012 წლის 6 აგვისტოდან.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 18 ივლისის განაჩენით მსჯავრდებულ დ. ყ-ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 22 ოქტომბრის განაჩენი და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 4 თებერვლის განჩინება დარჩა უცვლელად.
4. აღნიშნული განაჩენი საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 20 დეკემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 14 ნოემბრის განაჩენით ცვლილება შევიდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 22 ოქტომბრის განაჩენსა და ამავე სასამართლოს 2012 წლის 4 თებერვლის განჩინებაში, კერძოდ: მსჯავრდებულ დ. ყ-ს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 22 ოქტომბრის განაჩენიდან და ამავე სასამართლოს 2012 წლის 4 თებერვლის განჩინებიდან ამოერიცხა სსკ-ის 2381–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი და ამ მუხლით დანიშნული სასჯელი. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 22 ოქტომბრის განაჩენით (ამნისტიის გათვალისწინებით) საქართველოს სსკ–ის 19,177–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით, 177–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ და მე–3 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით (ორი ეპიზოდი), 177–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ბ“, „გ“ და მე–4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და დ. ყ-ს საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის თანახმად, 6 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 1 წელი და 6 თვე - ჩაეთვალა პირობით, 2 წლისა და 6 თვის გამოსაცდელი ვადით.
6. მსჯავრდებულმა დ. ყ-მა შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე და ითხოვა სასჯელის შემცირება სსკ-ის 414-ე მუხლის მე-8 ნაწილიდან გამომდინარე, სსკ-ის 59-ე მუხლის ახალი რედაქციის შესაბამისად.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 24 დეკემბრის განჩინებით დ. ყ-ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე ცნობილ იქნა დაუშვებლად.
8. მსჯავრდებულმა დ. ყ-მა საკასაციო საჩივრით ითხოვა მისი ოჯახური მდგომარეობის გათვალისწინებით, სსკ-ის 59-ე მუხლის ახალი რედაქციის შესაბამისად, სასჯელის შემცირება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლში მითითებულია ის საფუძვლები, თუ რა შემთხვევაშია შესაძლებელი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვა, კერძოდ:
განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ:
ა) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ ყალბია მტკიცებულება, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;
ბ) არსებობს გარემოება, რომელიც მოწმობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის დამდგენი სასამართლოს უკანონო შემადგენლობას ან იმ მტკიცებულების დაუშვებლობას, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;
გ) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ მოსამართლემ, პროკურორმა, გამომძიებელმა, ნაფიცმა მსაჯულმა ან ნაფიცი მსაჯულის მიმართ სხვა პირმა ამ საქმესთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული;
დ) არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი;
ე) არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება), რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის ან მისი ოქმების დარღვევა ამ საქმესთან დაკავშირებით, და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება;
ვ) ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო;
ზ) წარმოდგენილია ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და თავისთავად, თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო, აგრეთვე ამტკიცებს გამართლებულის ბრალეულობას ან დანაშაულის იმ პირის მიერ ჩადენას, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვეტილი იყო;
თ) არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინება, რომელმაც უკანონოდ ცნო ის ფარული საგამოძიებო მოქმედება, რომლის შედეგად მოპოვებული მტკიცებულება საფუძვლად დაედო განაჩენს.
3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 3321-ე მუხლის თანახმად, ამ კოდექსის 310-ე მუხლში ჩამოთვლილ საფუძვლებთან ერთად, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენი გადაისინჯება იმ შემთხვევაშიც, თუ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 414-ე მუხლის მე-8 ნაწილი იწვევს მსჯავრდებულის მდგომარეობის გაუმჯობესებას. სსკ-ის 414-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2013 წლის 17 აპრილის საქართველოს კანონით დადგენილ ამ კოდექსის 59-ე მუხლის რედაქციას აქვს უკუძალა იმ მსჯავრდებულის მიმართ, რომელსაც დანაშაულთა/განაჩენთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელი დაენიშნა აღნიშნული ცვლილების ამოქმედებამდე არსებული რედაქციის შესაბამისად.
4. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმის გარემოებები საქმეში არსებული მასალების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე სამართლებრივად სწორად შეაფასა, ხოლო კასატორის მიერ საჩივარში მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს საპროცესო კანონით გათვალისწინებულ ისეთ გარემოებებს, რომლებიც შეიძლება გახდეს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვის საფუძველი.
5. ამასთან, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 18 ივლისისა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 20 დეკემბრის განაჩენებით სასამართლოებმა ერთხელ უკვე იმსჯელეს დ. ყ-ის მიმართ სსკ-ის 59-ე მუხლის ახალი რედაქციის შესაბამისად სასჯელის განსაზღვრის საკითხზე, რის გამოც იმავე საკითხზე მსჯელობის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება დ. ყ-ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე კანონიერი და დასაბუთებულია, რომლის გაუქმების ან შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ დ. ყ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2.თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 24 დეკემბრის განჩინება მსჯავრდებულ დ. ყ-ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ დარჩეს უცვლელად.
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: მ. ოშხარელი
გ. შავლიაშვილი