დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 27.07.2015
საქმის ნომერი
8აგ.-2015
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
27.07.2015

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №8აგ-15 27 ივლისი, 2015 წელი

კ-ი ე., 8აგ-15 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ე. კ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ტ-ს საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 9 იანვრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 26 მარტის განაჩენით ე. კ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 28 აპრილამდე მოქმედი რედაქცია) – 6 წლით, 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2006 წლის 28 აპრილამდე მოქმედი რედაქცია) – 3 წლით, 218-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2004 წლის 29 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2000 წლის 30 ივნისის კანონის რედაქცია) – სასჯელის დაუნიშნავად, 214-ე მუხლის მე-2 ნაწილით, ამავე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2004 წლის 1 იანვრამდე მოქმედი რედაქცია) – სასჯელის დაუნიშნავად; საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე ე. კ-ს საბოლოოდ განესაზღვრა 14 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2006 წლის 8 სექტემბრიდან.

აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 18 დეკემბრის განაჩენით შეიცვალა: ე. კ-ს ამნისტიის აქტის გამოყენებით გაუნახევრდა საქართველოს სსკ-ის 218-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2004 წლის 29 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) დანიშნული სასჯელი და ამ მუხლით განესაზღვრა 2 წლითა და 6 თვით, ხოლო სასჯელის საბოლოო ზომად – 11 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2008 წლის 28 მაისის განჩინებით საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი.

საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 24 ნოემბრის №-- განკარგულებით ე. კ-ს გაუნახევრდა მოსახდელად დარჩენილი საპატიმრო სასჯელი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის დადგენილებით მსჯავრდებულ ე. კ-ს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის დარჩენილი ნაწილის მოხდა გადაუვადდა გამოჯანმრთელებამდე ან ჯანმრთელობის მდგომარეობის არსებითად გაუმჯობესებამდე და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან. მსჯავრდებულ ე. კ-ს ყოველი წლის აპრილის თვეში დაეკისრა, ჯანმრთელობის მდგომარეობის კონტროლის მიზნით ჩაიტაროს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა სსიპ სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში.

2014 წლის 26 დეკემბერს მსჯავრდებულმა ე. კ-მა და მისმა ადვოკატმა გ. ტ-მა შუამდგომლობით მიმართეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს და ითხოვეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 26 მარტის განაჩენის გადასინჯვა საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის „ე“, „ვ“ და „ზ“ პუნქტების საფუძველზე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 9 იანვრის განჩინებით მსჯავრდებულ ე. კ-სა და ადვოკატ გ. ტ-ს შუამდგომლობა დაუშვებლად იქნა ცნობილი.

კასატორი – მსჯავრდებულ ე. კ-ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი გ. ტ-ი საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ სასამართლომ ე. კ-ს მიმართ სასჯელის სახით არ გამოიყენა ჯარიმა, მან მსჯავრდებულს, როგორც სამოქალაქო მოპასუხეს, დააკისრა მხოლოდ 167 887 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ; მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 329-ე მუხლით ახალი კოდექსის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად იქნა მიჩნეული საქართველოს 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი; გარდა ამისა, არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება), ასევე – „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, რომელიც ამსუბუქებს ან აუქმებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას; მიუხედავად დაცვის მხარის მიმართვისა, სააპელაციო სასამართლოს არ უმსჯელია დაკისრებული თანხის ნაწილში აღსრულების შეჩერების შესახებ.

კასატორის განმარტებით, ე. კ-მა შექმნა შპს „---“; 2005 წლის ზაფხულში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელმა მას მოსთხოვა თანხის გადახდა ან ბიზნესისა და სხვა ქონების გადაფორმება მათ მიერ შერჩეულ მოქალაქეზე, რაზეც ე. კ-მა უარი განაცხადა, ამიტომ ყადაღა დაადეს ე. კ-ს პირად საკუთრებაში არსებულ ქონებას, ასევე მის პირად ანგარიშებს და არა – სამეწარმეო სუბიექტს; 2006 წელს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დაიწყო შპს „--“ თვითნებური ფინანსური შემოწმება, 2006 წლის 6 სექტემბერს კი ე. კ-ი დააპატიმრეს; თავისუფლების აღკვეთის პერიოდში მასთან მიმდინარეობდა პროკურორ ნ. ს-სა და გამომძიებელ ნ. ბ-ს „მუშაობა“, რათა ნებაყოფლობით დაეთმო ქონება; ფსიქოლოგიური და ფიზიკური ზემოქმედების შედეგად მნიშვნელოვნად და სასიცოცხლოდ შეირყა ე. კ-ს ჯანმრთელობა.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2014 წლის 9 სექტემბერს გამოიტანა განჩინება საქმეზე – „ე. კ-ი საქართველოს წინააღმდეგ“; სამართლებრივი დავის შედეგად მიღწეულ იქნა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დანიშნული სასჯელის გადავადება; განაჩენით დაკისრებული თანხა მიაქციეს აღსასრულებლად, თუმცა რეალური პროცესის წამოწყება ვერ გაბედეს, რადგან ზემოთ დასახელებული მოხელეების მხრიდან განხორციელებული ქმედებები შეიცავს რამდენიმე მძიმე დანაშაულის ნიშნებს; ამჟამად ე. კ-მა მიიღო შეტყობინება აღსრულების ეროვნული ბიუროდან 167 887 ლარის გადახდის შესახებ; ე. კ-ი დაავადებულია ციროზის მძიმე ფორმით და მისი ჯანმრთელობა უარესდება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ადვოკატი გ. ტ-ი ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 9 იანვრის განჩინების გაუქმებას და შუამდგომლობის განსახილველად დაშვებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლში მითითებულია ის საფუძვლები, რომელთა შემთხვევაშიც შესაძლებელია ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვა, კერძოდ:

განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ:

ა) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ ყალბია მტკიცებულება, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;

ბ) არსებობს გარემოება, რომელიც მოწმობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის დამდგენი სასამართლოს უკანონო შემადგენლობას ან იმ მტკიცებულების დაუშვებლობას, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;

გ) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ მოსამართლემ, პროკურორმა, გამომძიებელმა, ნაფიცმა მსაჯულმა ან ნაფიცი მსაჯულის მიმართ სხვა პირმა ამ საქმესთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული;

დ) არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი;

ე) არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება), რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის ან მისი ოქმების დარღვევა ამ საქმესთან დაკავშირებით და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება;

ვ) ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო;

ზ) წარმოდგენილია ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და თავისთავად, თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო, აგრეთვე ამტკიცებს გამართლებულის ბრალეულობას ან დანაშაულის იმ პირის მიერ ჩადენას, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვეტილი იყო.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არც ერთ ზემოთ ჩამოთვლილ საფუძველს არ აკმაყოფილებს. პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივებს შუამდგომლობასთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული მასალების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმის გარემოებებს.

ამდენად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება მსჯავრდებულ ე. კ-სა და ადვოკატ გ. ტ-ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე კანონიერი და დასაბუთებულია, რომლის გაუქმების ან შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ ე. კ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ტ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 9 იანვრის განჩინება მსჯავრდებულ ე. კ-სა და ადვოკატ გ. ტ-ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ დარჩეს უცვლელად.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: მ. ოშხარელი

პ. სილაგაძე