დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 30.07.2015
საქმის ნომერი
18აგ.-2015
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
30.07.2015

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №18აგ-15 30 ივლისი, 2015 წელი

კ-ი მ, 18აგ-15 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),მაია ოშხარელი, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ მ. კ-ის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 27 იანვრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 2 დეკემბრის განაჩენით მ. კ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით - 10 წლით; სსკ-ის 273-ე მუხლით -1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ 2008 წლის 21 ნოემბრის საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, გაუნახევრდა და განესაზღვრა 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის საფუძველზე დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და მ. კ-ს განესაზღვრა 10 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატა წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2007 წლის 28 თებერვლის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 6 წელი და მ. კ-ს საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 16 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მ. კ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2008 წლის 11 ოქტომბრიდან. მასვე „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, 3 წლით ჩამოერთვა ამ კანონით გათვალისწინებული უფლებები.

იმავე განაჩენით ცნობილ იქნა დამნაშავედ ნ. კ-ა.

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 23 თებერვლის განაჩენით სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 2 დეკემბრის განაჩენში შევიდა შემდეგი ცვლილება: მ. კ-ს გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილიდან ამოერიცხა საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე მითითება. მ. კ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით - 8 წლითა და 6 თვით; სსკ-ის 273-ე მუხლით -1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ 2008 წლის 21 ნოემბრის საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, გაუნახევრდა და განესაზღვრა 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის საფუძველზე დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და მ. კ-ს განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატა წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2007 წლის 28 თებერვლის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 6 წელი და მ. კ-ს საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა. მ. კ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2008 წლის 11 ოქტომბრიდან. მასვე „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, 3 წლით ჩამოერთვა ამ კანონით გათვალისწინებული უფლებები.

3. სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 9 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებული მ. კ-ი „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე გათავისუფლდა წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2007 წლის 28 თებერვლისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 23 თებერვლის განაჩენებით საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და 397-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელის - 6 წლით თავისუფლების აღკვეთის მოხდისგან, ასევე გათავისუფლდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 23 თებერვლის განაჩენით სსკ-ის 273-ე მუხლით დანიშნული 6 თვით თავისუფლების აღკვეთის მოხდისგან, ხოლო ერთი მეოთხედით შეუმცირდა სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი - 8 წელი, 6 თვე და მ. კ-ს საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 6 წლით, 4 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა.

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 27 იანვრის განჩინებით მ. კ-ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე ცნობილ იქნა დაუშვებლად.

5. მსჯავრდებულმა მ. კ-მა საკასაციო საჩივრით ითხოვა მის მიმართ გამოტანილი უკანონო, დაუსაბუთებელი განაჩენის გადასინჯვა და შესაბამისად, კანონიერი და ობიექტური გადაწყვეტილების მიღება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლში მითითებულია ის საფუძვლები, თუ რა შემთხვევაშია შესაძლებელი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვა, კერძოდ:

განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ:

ა) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ ყალბია მტკიცებულება, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;

ბ) არსებობს გარემოება, რომელიც მოწმობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის დამდგენი სასამართლოს უკანონო შემადგენლობას ან იმ მტკიცებულების დაუშვებლობას, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;

გ) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ მოსამართლემ, პროკურორმა, გამომძიებელმა, ნაფიცმა მსაჯულმა ან ნაფიცი მსაჯულის მიმართ სხვა პირმა ამ საქმესთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული;

დ) არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი;

ე) არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება), რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის ან მისი ოქმების დარღვევა ამ საქმესთან დაკავშირებით, და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება;

ვ) ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო;

ზ) წარმოდგენილია ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და თავისთავად, თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო, აგრეთვე ამტკიცებს გამართლებულის ბრალეულობას ან დანაშაულის იმ პირის მიერ ჩადენას, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვეტილი იყო;

თ) არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინება, რომელმაც უკანონოდ ცნო ის ფარული საგამოძიებო მოქმედება, რომლის შედეგად მოპოვებული მტკიცებულება საფუძვლად დაედო განაჩენს.

3. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმის გარემოებები საქმეში არსებული მასალების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე სამართლებრივად სწორად შეაფასა, ხოლო კასატორის მიერ საჩივარში მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს საპროცესო კანონით გათვალისწინებულ ისეთ გარემოებებს, რომლებიც შეიძლება გახდეს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის (განჩინების) გადასინჯვის საფუძველი. ასევე გასაჩივრებულ განჩინებაში მითითებულია ის სამართლებრივი საფუძვლები, თუ რატომ არ წარმოადგენს მსჯავრდებულის მიერ მითითებული გარემოებები სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებულ ახლად გამოვლენილ გარემოებას.

4. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მ. კ-ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე კანონიერი და დასაბუთებულია, რომლის გაუქმების ან შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ მ. კ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 27 იანვრის განჩინება მსჯავრდებულ მ. კ-ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ დარჩეს უცვლელად.

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: მ. ოშხარელი

გ. შავლიაშვილი