დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№19აგ-15 30 ივლისი, 2015 წელი
ი-ი ზ, 19აგ-15 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)
მაია ოშხარელი, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ზ. ი-ის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 6 თებერვლის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მცხეთის რაიონული სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 8 ივლისის განაჩენით ზ. ი-ი, ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ–ის 25,144–ე მუხლის მეორე ნაწილის „ვ“, „ი“ ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - 14 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ–ის 25,143–ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტითა და მეოთხე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით – 8 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ–ის 25,179–ე მუხლის მეოთხე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით – 10 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ–ის 353–ე მუხლის პირველი ნაწილით – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ–ის 236–ე მუხლის პირველი ნაწილით – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის 11 - ლი ნაწილის შესაბამისად, ზ. ი-ის მიმართ დანიშნული სასჯელებიდან ყველაზე მძიმე სასჯელს დაემატა ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული, თითოეული ნაკლებად მძიმე სასჯელის ნახევარი და საბოლოოდ განესაზღვრა 25 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მსჯავრდებულ ზ. ი-ს დანიშნული სასჯელის მოხდა დაეწყო დაკავების დღიდან - 2009 წლის 20 დეკემბრიდან.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 27 აპრილის განაჩენით მსჯავრდებულ ზ. ი-ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა და მის მიმართ მცხეთის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 8 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 21 სექტემბრის განჩინებით მსჯავრდებულ ზ. ი-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ. გ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 27 აპრილის განაჩენზე არ იქნა დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.
4. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 20 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებული ზ. ი-ი „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე–3 მუხლის საფუძველზე გათავისუფლდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 27 აპრილის განაჩენით საქართველოს სსკ–ის 353–ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და დანიშნული სასჯელისაგან.
მსჯავრდებული ზ. ი-ი „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე–3 მუხლის საფუძველზე გათავისუფლდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 27 აპრილის განაჩენით საქართველოს სსკ–ის 236–ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და დანიშნული სასჯელისაგან.
მსჯავრდებულ ზ. ი-ს „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე–16 მუხლის შესაბამისად, ერთი მეოთხედთ შეუმცირდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 27 აპრილის განაჩენით საქართველოს სსკ–ის 25,144–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ვ“, „ი“ ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი - 14 წლით თავისუფლების აღკვეთა და განესაზღვრა 10 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
მსჯავრდებულ ზ. ი-ს „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე–16 მუხლის შესაბამისად, ერთი მეოთხედით შეუმცირდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 27 აპრილის განაჩენით საქართველოს სსკ–ის 25,143–ე მუხლის მე–2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე–3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტითა და მე–4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა და განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა.
მსჯავრდებულ ზ. ი-ს „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე–16 მუხლის შესაბამისად, ერთი მეოთხედით შეუმცირდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 27 აპრილის განაჩენით საქართველოს სსკ–ის 25,179–ე მუხლის მე–4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი - 10 წლით თავისუფლების აღკვეთა და განესაზღვრა 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის 11 - ლი ნაწილის შესაბამისად, ზ. ი-ის მიმართ დანიშნული სასჯელებიდან ყველაზე მძიმე სასჯელს დაემატა ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული, თითოეული ნაკლებად მძიმე სასჯელის ნახევარი და საბოლოოდ განესაზღვრა 17 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა.
მსჯავრდებულ ზ. ი-ს სასჯელის მოხდა დაეწყო დაკავების დღიდან - 2009 წლის 20 დეკემბრიდან.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 24 ივნისის განჩინებით თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 27 აპრილის განაჩენში შევიდა ცვლილება, კერძოდ: მცხეთის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 20 თებერვლის განჩინებით შემცირებული სასჯელებიდან, საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, ზ. ი-ის მიმართ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 27 აპრილის განაჩენით სსკ–ის 25,144–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ვ“, „ი“ ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნულმა სასჯელმა - 10 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთამ - შთანთქა საქართველოს სსკ–ის 25,143–ე მუხლის მე–2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე–3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტითა და მე–4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ასევე სსკ–ის 25,179–ე მუხლის მე–4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელები და საბოლოოდ ზ. ი-ს მოსახდელად დარჩა - 10 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მსჯავრდებულ ზ. ი-ს სასჯელის მოხდა დაეწყო დაკავების დღიდან - 2009 წლის 20 დეკემბრიდან.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 7 ოქტომბრის განაჩენით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 24 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 21 მაისის განჩინებით მსჯავრდებულ ზ. ი-ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 27 აპრილის განაჩენის გადასინჯვის თაობაზე ცნობილ იქნა დაუშვებლად.
8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 1 ივლისის განჩინებით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 21 მაისის განჩინება მსჯავრდებულ ზ. ი-ის შაუამდგომლობის დაუშვებლობის შესახებ დარჩა უცვლელად.
9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 6 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ ზ. ი-ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე დაუშვებლად იქნა ცნობილი.
10. მსჯავრდებული ზ. ი-ი საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 6 თებერვლის განჩინების გაუქმებასა და საქმის არსებითად განსახილველად დაბრუნებას, ან სასჯელის შემცირებასა და პირობითი მსჯავრით შეცვლას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლში მითითებულია ის საფუძვლები, თუ რა შემთხვევაშია შესაძლებელი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვა, კერძოდ:
განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ:
ა) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ ყალბია მტკიცებულება, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;
ბ) არსებობს გარემოება, რომელიც მოწმობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის დამდგენი სასამართლოს უკანონო შემადგენლობას ან იმ მტკიცებულების დაუშვებლობას, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;
გ) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ მოსამართლემ, პროკურორმა, გამომძიებელმა, ნაფიცმა მსაჯულმა ან ნაფიცი მსაჯულის მიმართ სხვა პირმა ამ საქმესთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული;
დ) არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი;
ე) არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება), რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის ან მისი ოქმების დარღვევა ამ საქმესთან დაკავშირებით, და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება;
ვ) ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო;
ზ) წარმოდგენილია ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და თავისთავად, თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო, აგრეთვე ამტკიცებს გამართლებულის ბრალეულობას ან დანაშაულის იმ პირის მიერ ჩადენას, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვეტილი იყო;
თ) არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინება, რომელმაც უკანონოდ ცნო ის ფარული საგამოძიებო მოქმედება, რომლის შედეგად მოპოვებული მტკიცებულება საფუძვლად დაედო განაჩენს.
3. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმის გარემოებები საქმეში არსებული მასალების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე სამართლებრივად სწორად შეაფასა, ხოლო კასატორის მიერ საჩივარში მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს საპროცესო კანონით გათვალისწინებულ ისეთ გარემოებებს, რომლებიც შეიძლება გახდეს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის (განჩინების) გადასინჯვის საფუძველი. ასევე გასაჩივრებულ განჩინებაში მითითებულია ის სამართლებრივი საფუძვლები, თუ რატომ არ წარმოადგენს მსჯავრდებულის მიერ მითითებული გარემოებები სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებულ ახლად გამოვლენილ გარემოებას.
4. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ზ. ი-ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე კანონიერი და დასაბუთებულია, რომლის გაუქმების ან შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ზ. ი-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 6 თებერვლის განჩინება მსჯავრდებულ ზ. ი-ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ დარჩეს უცვლელად.
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: მ. ოშხარელი
გ. შავლიაშვილი