დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
#1155ap_10 10 Tebervali, 2011 weli
№26აგ-15 30 ივლისი, 2015 წელი
ნ-ე ა, 26აგ-15 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),მაია ოშხარელი, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ა. ნ-ის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 23 თებერვლის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1.ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 15 თებერვლის განაჩენით ა. ნ-ე, –ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ–ის 260–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“, „ე“ ქვეპუნქტებითა და იმავე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით –15 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მასვე დამატებით სასჯელად დაენიშნა ჯარიმა – 5.000 ლარი; სსკ–ის 273–ე მუხლით – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ 2009 წლის 20 ნოემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე გაუნახევრდა და განესაზღვრა 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მასვე დამატებით სასჯელად დაენიშნა ჯარიმა – 1.000 ლარი;
საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის 1-ლი ნაწილით, შეკრების წესით, ა. ნ-ეს სასჯელად განესაზღვრა 16 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე დამატებით სასჯელად დაენიშნა ჯარიმა – 6.000 ლარი.
2. ა. ნ-ს 5 წლით ჩამოერთვა ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე განსაზღვრული უფლებები.
3. საქართველოს სსკ-ის 52-ე მუხლის საფუძველზე ა. ნ-ს სახელმწიფოს სასარგებლოდ, უსასყიდლოდ ჩამოერთვა ავტომანქანა ,,OPEL-ASTRA“, სახელმწიფო ნომრით ,,…“.
4. ა. ნ-ე სასჯელს იხდის დაკავების დღიდან - 2009 წლის 13 აგვისტოდან.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 14 ივლისის განაჩენით ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 15 თებერვლის განაჩენი ა. ნ-ის მიმართ დარჩა უცვლელად.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 7 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულისა და მისი ადვოკატის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი.
7. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 31 იანვრის განჩინებით მსჯავრდებულ ა. ნ-ის მიმართ გამოყენებულ იქნა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი.
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მსჯავრდებული ა. ნ-ე გათავისუფლდა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 15 თებერვლის განაჩენით სსკ–ის 273–ე მუხლით დანიშნული სასჯელის – 1 წლით თავისუფლების აღკვეთის მოხდისაგან.
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, მსჯავრდებულ ა. ნ-ეს 1/4–ით (3 წლით, 10 თვითა და 15 დღით) შეუმცირდა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 15 თებერვლის განაჩენით სსკ–ის 260–ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნული სასჯელი – 15 წელი, 6 თვე და მოსახდელად დარჩა 11 წლით, 7 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა.
განაჩენი სხვა ნაწილში, მათ შორის დაკისრებული ჯარიმის ნაწილში, დარჩა უცვლელად.
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 31 იანვრის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა ა. ნ-მ საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.
მსჯავრდებულმა საჩივრით ითხოვა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის ნაცვლად, იმავე კანონის მე-8 მუხლის გამოყენება და სასჯელისაგან სრულად გათავისუფლება.
8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 22 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ ა. ნ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 31 იანვრის განჩინებაში შევიდა ცვლილება და ნაცვლად ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 15 თებერვლის განაჩენისა, შეიცვალა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 14 ივლისის განაჩენი.
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 31 იანვრის განჩინება სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 22 თებერვლის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა ა. ნ-მ შუამდგომლობით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლში განხორციელებული ცვლილების შესაბამისად, ითხოვა განაჩენის გადასინჯვა და სასჯელის დანიშვნა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით.
9. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 23 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ ა. ნ-ის შუამდგომლობა, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე, დაუშვებლად იქნა ცნობილი.
10. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 23 თებერვლის განჩინების თაობაზე ა. ნ-მ საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. მსჯავრდებულმა საჩივრით ითხოვა ,,საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ 2013 წლის 17 აპრილის საქართველოს კანონის თანახმად, იმავე კანონის 59-ე მუხლში განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, განაჩენის გადასინჯვა და კანონით გათვალისწინებული შეღავათების დაწესება, კერძოდ: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 273-ე მუხლით დანიშნულ დამატებით სასჯელებთან მიმართებით შეკრების პრინციპის ნაცვლად, შთანთქმის პრინციპის გამოყენება და საბოლოოდ დამატებით სასჯელად ჯარიმის - 5.000 ლარის დანიშვნა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლში მითითებულია ის საფუძვლები, თუ რა შემთხვევაშია შესაძლებელი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვა, კერძოდ:
განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ:
ა) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ ყალბია მტკიცებულება, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;
ბ) არსებობს გარემოება, რომელიც მოწმობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის დამდგენი სასამართლოს უკანონო შემადგენლობას ან იმ მტკიცებულების დაუშვებლობას, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;
გ) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ მოსამართლემ, პროკურორმა, გამომძიებელმა, ნაფიცმა მსაჯულმა ან ნაფიცი მსაჯულის მიმართ სხვა პირმა ამ საქმესთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული;
დ) არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი;
ე) არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება), რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის ან მისი ოქმების დარღვევა ამ საქმესთან დაკავშირებით, და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება;
ვ) ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო;
ზ) წარმოდგენილია ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და თავისთავად, თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო, აგრეთვე ამტკიცებს გამართლებულის ბრალეულობას ან დანაშაულის იმ პირის მიერ ჩადენას, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვეტილი იყო;
თ) არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინება, რომელმაც უკანონოდ ცნო ის ფარული საგამოძიებო მოქმედება, რომლის შედეგად მოპოვებული მტკიცებულება საფუძვლად დაედო განაჩენს.
3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 3321-ე მუხლის თანახმად, ამ კოდექსის 310-ე მუხლში ჩამოთვლილ საფუძვლებთან ერთად, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენი გადაისინჯება იმ შემთხვევაშიც, თუ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 414-ე მუხლის მე-8 ნაწილი იწვევს მსჯავრდებულის მდგომარეობის გაუმჯობესებას. სსკ-ის 414-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2013 წლის 17 აპრილის საქართველოს კანონით დადგენილ ამ კოდექსის 59-ე მუხლის რედაქციას აქვს უკუძალა იმ მსჯავრდებულის მიმართ, რომელსაც დანაშაულთა/განაჩენთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელი დაენიშნა აღნიშნული ცვლილების ამოქმედებამდე არსებული რედაქციის შესაბამისად.
4. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ კასატორის მიერ საჩივარში მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს საპროცესო კანონით გათვალისწინებულ ისეთ გარემოებებს, რომლებიც შეიძლება გახდეს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვის საფუძველი.
5. ამასთან, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ამნისტიის გამოყენების შედეგად ა. ნ-ე გათავისუფლდა სსკ-ის 273-ე მუხლით დანიშნული ძირითადი სასჯელისაგან, ხოლო სსკ-ის 260-ე მუხლით დანიშნული სასჯელი შეუმცირდა ერთი მეოთხედით. საბოლოოდ მას ძირითად სასჯელად მოსახდელად დარჩა მხოლოდ სსკ-ის 260-ე მუხლით დანიშნული სასჯელი და სსკ-ის 273-ე და 260-ე მუხლებით განსაზღვრული დამატებითი სასჯელი - ჯარიმა.
სსკ-ის 59-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობის დროს ძირითად სასჯელთან ერთად შეიძლება დაინიშნოს დამატებითი სასჯელი. შეჯამებისას დანიშნული საბოლოო დამატებითი სასჯელის ზომა არ უნდა აღემატებოდეს ამ სასჯელის მოცემული სახისათვის ამ კოდექსის ზოგადი ნაწილით გათვალისწინებულ მაქსიმალურ ზომას. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან დამატებით სასჯელზე არ ვრცელდება სასჯელის შთანთქმის ან ნაწილობრივი შეკრების პრინციპები, ხოლო ა. ნ-ეს მოსახდელი აქვს მხოლოდ ერთი მუხლით დანიშნული ძირითადი სასჯელი, სსკ-ის 59-ე მუხლში შესული ცვლილებები არ იწვევს მისი მდგომარეობის გაუმჯობესებას, შესაბამისად, კასატორის მოთხოვნა შუამდგომლობის დაშვებისა და სასჯელის შთანთქმის პრინციპით განსაზღვრის შესახებ უსაფუძვლოა.
6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ა. ნ-ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ კანონიერი და დასაბუთებულია, რომლის გაუქმების ან შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს ძალაში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ა. ნ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 23 თებერვლის განჩინება მსჯავრდებულ ა. ნ-ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ დარჩეს ძალაში.
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: მ. ოშხარელი
გ. შავლიაშვილი