დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№29აგ-15 6 ივლისი, 2015 წელი
ა-ი გ-ი, 29აგ-15 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მაია ოშხარელი (თავმჯდომარე)
გიორგი შავლიაშვილი, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. ა-ს საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 11 მარტის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 10 დეკემბრის განაჩენით გ. ა-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 109–ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ და ამავე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“, „ე“ ქვეპუნქტებით, სსკ–ის 237–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“ , სსკ–ის 179–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“, ამავე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით და მოსახდელად განესაზღვრა:
სსკ–ის 109–ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ და ამავე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“, „ე“ ქვეპუნქტებით –14 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ–ის 237–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - 9 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ–ის 179–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით - 9 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის გამოყენებით დანიშნული სასჯელები შეიკრიბა მთლიანად და გ. ა-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 32 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ–ის 50–ე მუხლის თანახმად, შემცირდა გ. ა-ს მიმართ დანაშაულთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 30 წლით თავისუფლების აღკვეთა.
გ. ა-ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2009 წლის 3 მაისიდან.
აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულ გ. ა-ს ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 14 მაისის განაჩენით არ დაკმაყოფილდა მსჯავრდებულ გ. ა-ს ადვოკატების სააპელაციო საჩივარი და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 10 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა გ. ა-ა და მისმა ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა - ბ. მ-ა და ლ. ქ-მ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 15 ნოემბრის განჩინებით მსჯავრდებულ გ. ა-ა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების - ბ. მ-ა და ლ. ქას საკასაციო საჩივარი არ იქნა დაშვებული განსახილველად.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 5 თებერვლის განჩინებით „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე–16 მუხლის საფუძველზე, მსჯავრდებულ გ. ა-ს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 10 დეკემბრის განაჩენით სსკ–ის 109–ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“, ამავე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“, „ე“ ქვეპუნქტებით, სსკ–ის 237–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, სსკ–ის 179–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი შეუმცირდა ერთი მეოთხედით და დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ განესაზღვრა 24 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2009 წლის 3 მაისიდან.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 12 ივნისის განაჩენით მსჯავრდებულ გ. ა-ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შესახებ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 10 დეკემბრის განაჩენსა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 5 თებერვლის განჩინებაში გ. ა-ს მიმართ შევიდა ცვლილება, რომლის თანახმადაც:
გ. ა-ს სსკ–ის 109–ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“, „ე“ ქვეპუნქტებით დანიშნული და „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად ერთი მეოთხედით შემცირებული სასჯელიდან - 10 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთიდან, ნაწილს – 10 წლით თავისუფლების აღკვეთას დაემატა სსკ–ის 237–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული და „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად ერთი მეოთხედით შემცირებული სასჯელიდან - 6 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთიდან, ნაწილი - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, სსკ–ის 179–ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, ამავე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით დანიშნული და „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად ერთი მეოთხედით შემცირებული სასჯელიდან - 6 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთიდან, ნაწილი - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ გ. ა-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 22 წლით თავისუფლების აღკვეთა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 10 დეკემბრის განაჩენი და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 5 თებერვლის განჩინება გ. ა-ს მიმართ სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა გ. ა-ა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 25 დეკემბრის განაჩენით მსჯავრდებულ გ. ა-ს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 12 ივნისის განაჩენი შეიცვალა მსჯავრდებულის სასიკეთოდ, კერძოდ:
გ. ა-ს მიმართ სსკ–ის 109–ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით დანიშნულმა და ამნისტიის საფუძველზე შემცირებულმა სასჯელმა - 10 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთამ - შთანთქა სხვა მუხლებით განსაზღვრული სასჯელები და საბოლოოდ, გ. ა-ს სასჯელის სახით განესაზღვრა 10 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2009 წლის 3 მაისიდან. გასაჩივრებული განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
2015 წლის 6 მარტს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულმა გ. ა-ა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო მის მიმართ გამოტანილი განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.
შუამდგომლობის ავტორი წარმოდგენილ განცხადებაში უთითებს, რომ მის მიმართ გამოტანილი განაჩენი არის უსამართლო, ვინაიდან ჩვენებები დაწერილია არა მის მიერ, არამედ იმ თანამშრომლების მიერ, რომლებიც მასზე ახორციელებდნენ ზეწოლას და რომ მას წამებითა და მუქარით მოაწერინეს ხელი დაწერილ ჩვენებებზე. მისი განმარტებით, დანაშაულის ჩადენის ადგილას ის და ა. ხ-ი იყვნენ ნიღბებით, რაც გამოძიებაში არ არის აღნიშნული. ასევე მსჯავრდებული მიუთითებს წებოვან ლენტზე და განმარტავს, რომ მათ ლენტი თან არ ჰქონიათ და ის მათ გამოძიებაში ჩაუდეს. შუამდგომლობის ავტორის განმარტებით, ნ. გ-ე მოკლა ა. ხ-ა და ის ოთახში მკვლელობის დროს არ იმყოფებოდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 11 მარტის განჩინებით მსჯავრდებულ გ. ა-ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე დაუშვებლად იქნა ცნობილი.
მსჯავრდებულმა გ. ა-ა საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას და ითხოვა განაჩენის გადასინჯვა, მის მიმართ არსებული სისხლის სამართლის საქმის ხელახლა გამოძიება და მკვლელობაში გამართლება შემდეგ გარემოებათა გამო: იგი საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ მკვლელობის დროს ის ოთახში არ იმყოფებოდა; ნ. გ-ე მოკლა მისმა თანამზრახველმა, რომელიც აღიარებს დანაშაულს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლში მითითებულია ის საფუძვლები, რომელთა შემთხვევაშიც შესაძლებელია ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვა, კერძოდ:
განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ:
ა) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ ყალბია მტკიცებულება, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;
ბ) არსებობს გარემოება, რომელიც მოწმობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის დამდგენი სასამართლოს უკანონო შემადგენლობას ან იმ მტკიცებულების დაუშვებლობას, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;
გ) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ მოსამართლემ, პროკურორმა, გამომძიებელმა, ნაფიცმა მსაჯულმა ან ნაფიცი მსაჯულის მიმართ სხვა პირმა ამ საქმესთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული;
დ) არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი;
ე) არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება), რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის ან მისი ოქმების დარღვევა ამ საქმესთან დაკავშირებით და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება;
ვ) ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო;
ზ) წარმოდგენილია ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და თავისთავად, თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო, აგრეთვე ამტკიცებს გამართლებულის ბრალეულობას ან დანაშაულის იმ პირის მიერ ჩადენას, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვეტილი იყო.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოება არც ერთ ზემოთ ჩამოთვლილ საფუძველს არ აკმაყოფილებს. კასატორის მიერ საჩივარში მითითებული არც ერთი გარემოება არ წარმოადგენს საპროცესო კანონით გათვალისწინებულ ისეთ ახალ გარემოებებს, რომლებიც შეიძლება გახდეს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვის საფუძველი.
ამდენად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება მსჯავრდებულ გ. ა-ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე კანონიერი და დასაბუთებულია, რომლის გაუქმების ან შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ გ. ა-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 11 მარტის განჩინება მსჯავრდებულ გ. ა-ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ დარჩეს უცვლელად.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ოშხარელი
მოსამართლეები: გ. შავლიაშვილი
პ. სილაგაძე