შეიცვალა სასჯელი

სისხლის სამართლის 20.10.2015
საქმის ნომერი
2კ-439აპ.-15
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
20.10.2015

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №439აპ-15. ქ. თბილისი

ჭ-ი დ., 439აპ–15 20 ოქტომბერი, 2015 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე

სხდომის მდივან – გიორგი შალამბერიძის

პროკურორ _ ე. ყ-ს

ადვოკატ – მ. კ-ს

მსჯავრდებულ _ დ. ჭ-ს

მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ დ. ჭ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. კ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 29 ივნისის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 15 აპრილის განაჩენით დ. ჭ-ი, _ ნასამართლევი, _ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის მე-19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რამაც შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და განაჩენთა ერთობლიობით საბოლოოდ განესაზღვრა 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2014 წლის 26 ივლისიდან.

2. განაჩენით დ. ჭ-ს მსჯავრი დაედო ქურდობის მცდელობისათვის საცავში უკანონო შეღწევით, ჩადენილი არაერთგზის, რაც გამოიხატა შემდეგში:

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 3 ოქტომბრის განაჩენით დ. ჭ-ს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიესაჯა 5 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 25 თებერვლის განაჩენით სსკ-ის 273-ე მუხლით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 1 წელი და განაჩენთა ერთობლიობით საბოლოოდ განესაზღვრა 6 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; მასვე დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა – 4000 ლარი.

4. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 6 თებერვლის განაჩენით დარჩა უცვლელად.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 20 აპრილის განჩინებით საკასაციო საჩივარი მოცემულ საქმეზე დაუშვებლად იქნა ცნობილი.

6. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 6 თებერვლის განჩინებით „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე დ. ჭ-ი გათავისუფლდა საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით დანიშნული სასჯელის მოხდისაგან, ხოლო სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი შეუმცირდა ერთი მეოთხედით და საბოლოოდ განესაზღვრა 4 წლით, 1 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა; მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო – 2011 წლის 18 მაისიდან იმავე წლის 3 ოქტომბრის ჩათვლით.

7. საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მუდმივმოქმედი კომისიის 2013 წლის --- გადაწყვეტილებით დ. ჭ-ს სასჯელის მოუხდელი ნაწილი შეეცვალა უფრო მსუბუქი სახის სასჯელით – საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით 3080 საათის ოდენობით.

8. ქურდობისათვის ნასამართლევმა დ. ჭ-მა განიზრახა, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, არაერთგზის ფარულად დაუფლებოდა მ. ჭ-ს კუთვნილი სასურსათო მაღაზიიდან სხვადასხვა პროდუქტს. განზრახვის სისრულში მოსაყვანად 2014 წლის 26 ივლისს, დაახლოებით 2.00 საათზე, იგი მივიდა თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირის №---ში მდებარე სასურსათო მაღაზიასთან, შეამტვრია კარის მინა და უკანონოდ შეაღწია მაღაზიაში, სადაც ფარულად დაეუფლა სხვადასხვა პროდუქტს, კერძოდ: ერთ ბოთლ „ნემიროვის“ ფირმის არაყს, ხუთ შეკვრა მიწისთხილს, ორ ერთლიტრიან „კამპას“ ფირმის და ერთ „სოკოვიტას“ ფირმის ნატურალურ წვენებს, ორ ცალ შოკოლადის შეკვრას, სამ „ჟელიბონს“, ჩვიდმეტ ქადას და სამ ორცხობილას, ე.წ. „სუხარს“. დ. ჭ-მა გამოიტანა ზემოჩამოთვლილი პროდუქტი გარეთ და შეეცადა მათ მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრებას, რა დროსაც დააკავეს პოლიციის თანამშრომლებმა. დ. ჭ-ს მიერ განზრახვის სისრულეში მოყვანის შემთხვევაში მ. ჭ-ს მიადგებოდა 54 ლარის მატერიალური ზიანი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა დ. ჭ-მა და ითხოვა სასჯელის შემსუბუქება.

9. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორმა ი. ც-მ შესაგებლით ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.

10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 29 ივნისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 15 აპრილის განაჩენი დ. ჭ-ს მიმართ დარჩა უცვლელად.

11. სააპელაციო სასამართლოს განაჩენის თაობაზე მსჯავრდებულ დ. ჭ-ს ადვოკატმა მ. კ-მ საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. კასატორმა აღნიშნა, რომ განაჩენი უსამართლოა, ვინაიდან დანიშნული სასჯელი არ შეესაბამება მსჯავრდებულ დ. ჭ-ს პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი ქმედების სიმძიმეს; მსჯავრდებულმა აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული; ხელი შეუწყო საქმეზე ჭეშმარიტების დადგენას და სწრაფ და ეფექტურ გამოძიებას; მას არ ჩაუდენია ძალადობრივი და საზოგადოებისათვის მომეტებული საფრთხის შემცველი დანაშაული; გასათვალისწინებელია ისიც, რომ სახეზეა მცდელობა და არა – დამთავრებული დანაშაული.

12. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 29 ივნისის განაჩენში ცვლილების შეტანას და დ. ჭ-სათვის ჰუმანური და სამართლიანი სასჯელის დანიშვნას.

13. 2015 წლის 9 ოქტომბერს, პროკურატურამ, მხედველობაში მიიღო რა ჩადენილი დანაშაულისათვის დაწესებული სასჯელის სიმძიმე, ასევე ის გარემოება, რომ მსჯავრდებულმა დ. ჭ-მა აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, ითანამშრომლა გამოძიებასთან, ნებაყოფლობით მიმართა პროკურატურას განცხადებით და თანხმობა განაცხადა საპროცესო შეთანხმების გაფორმების შესახებ, საჯარო ინტერესების დაცვით, სახელმწიფო რესურსების მაქსიმალური ეფექტურობით გამოყენების მიზნით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 209-211-ე მუხლების მოთხოვნათა სრული დაცვით, მსჯავრდებულსა და თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ ქ. ც-ს შორის წერილობით გააფორმა ოქმი საპროცესო შეთანხმების თაობაზე. საპროცესო შეთანხმება კანონით დადგენილი წესით წინასწარ შეთანხმდა ზემდგომ პროკურორთან.

14. 2015 წლის 20 ოქტომბერს სასამართლო სხდომაზე პროკურორმა ე. ყ-მა შუამდგომლობით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას პროკურორ ქ. ც-სა და მსჯავრდებულ დ. ჭ-ს შორის 2015 წლის 9 ოქტომბერს დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ და ითხოვა, რომ მსჯავრდებული დ. ჭ-ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტებით და მიესაჯოს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის საფუძველზე 2 წელი განესაზღვროს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 2 წელი საქართველოს სსკ-ის 63-ე-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, 3 წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვროს ჯარიმა - 2 000 ლარი.; საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ამ განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქას წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ დ. ჭ-ს სასჯელის სახით განესაზღვროს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის საფუძველზე 2 წელი განესაზღვროს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 2 წელი საქართველოს სსკ-ის 63-ე-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, 3 წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვროს ჯარიმა - 2 000 ლარი.

15. სასამართლო სხდომაზე საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას მხარი დაუჭირეს პროცესში მონაწილე მსჯავრდებულმა დ. ჭ-მა და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ. კ-მ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, წარმოდგენილი შუამდგომლობა და მიაჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 29 ივნისის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება, სახელმწიფო ბრალმდებლის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს და დამტკიცდეს საპროცესო შეთანხმება პროკურორ ქ. ც-სა და მსჯავრდებულ დ. ჭ-ს შორის შემდეგ გარემოებათა გამო:

2. სასამართლომ საქმის მასალების საფუძველზე კანონის მოთხოვნათა დაცვით განიხილა შუამდგომლობის დასაბუთებულობა და აღნიშნავს, რომ საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობით - ბრალდებულ დ. ჭ-ს აღიარებით, მოწმეების - მ. ჭ-ს, კ. პ-ს, ბ. კ-ს, ვ. მ-ს ჩვენებებითა და საქმის სხვა მასალებით დ. ჭ-ს მიმართ ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა დადასტურებულია.

3. საკასაციო პალატა დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმების დადებისას მსჯავრდებულ დ. ჭ-ს მიმართ არ განხორციელებულა ძალადობა, დაშინება, მოტყუება, მუქარა; ამასთან, მას არ შეზღუდვია უფლება, მიეღო იურიდიული დახმარება. პალატის სხდომაზე გამოკვლეულ იქნა, რომ მსჯავრდებული სრულად აცნობიერებს საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებულ, კანონით გათვალისწინებულ ყველა მოთხოვნას, აღიარებს ბრალს და ეთანხმება პროკურორს სასჯელის ზომაზე. მსჯავრდებული დ. ჭ-ი ასევე აცნობიერებს, რომ სასამართლო უფლებამოსილია, არ მიიღოს მხედველობაში შეთანხმების საფუძველზე პროკურორის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობა.

4. მსჯავრდებულისათვის ასევე ცნობილია საქართველოს სსსკ-ის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ი“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მისი უფლებები; მისთვის ასევე ცნობილია, რომ საპროცესო შეთანხმება მას არ ათავისუფლებს სამოქალაქო პასუხისმგებლობისაგან.

5. საკასაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ მოთხოვნილი სასჯელი კანონიერი და სამართლიანია, რის გამოც არსებობს სსსკ-ის 213-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით განსაზღვრული, შუამდგომლობის დაკმაყოფილების სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები.

6. ამდენად, თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ ქ. ც-ს შუამდგომლობა მსჯავრდებულ დ. ჭ-ს მიმართ საპროცესო შეთანხმების დამტკიცების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით, 209-215-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სახელმწიფო ბრალმდებლის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 29 ივნისის განაჩენში შევიდეს ცვლილება:

3. დამტკიცდეს საპროცესო შეთანხმება პროკურორ ქ. ც-სა და მსჯავრდებულ დ. ჭ-ს შორის.

4. დ. ჭ-ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტებით და მიესაჯოს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის საფუძველზე 2 (ორი) წელი განესაზღვროს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 2 (ორი) წელი საქართველოს სსკ-ის 63-ე-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, 3 (სამი) წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვროს ჯარიმა - 2 000 (ორი ათასი) ლარი.

5. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ამ განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქას წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ დ. ჭ-ს სასჯელის სახით განესაზღვროს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის საფუძველზე 2 (ორი) წელი განესაზღვროს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 2 (ორი) წელი საქართველოს სსკ-ის 63-ე-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, 3 (სამი) წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვროს ჯარიმა - 2 000 (ორი ათასი) ლარი.

6. მსჯავრდებულ დ. ჭ-ს სასჯელის მოხდა აეთვალოს 2014 წლის 26 ივლისიდან.

7. მსჯავრდებულ დ. ჭ-ს დაევალოს სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ხოლო მის ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება დაევალოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სამსახურის ტერიტორიულ ორგანოს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით .

8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 29 ივნისის განაჩენი ნივთმტკიცებათა ბედის გადაწყვეტის ნაწილში დარჩეს უცვლელად.

9. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევისა.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: მ. ოშხარელი

პ. სილაგაძე