დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№46აგ-15 8 ოქტომბერი, 2015 წელი
ს-ი ვ, 46აგ-15 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მაია ოშხარელი, (თავმჯდომარე),გიორგი შავლიაშვილი, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ვ. ს-ს საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 23 აპრილის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 7 ივლისის განაჩენით ვ. ს-ს მოეხსნა საბრალდებო დასკვნით წარდგენილი ბრალდება საქართველოს სსკ–ის 260–ე მუხლის მე–2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, როგორც ზედმეტად შერაცხული. იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ–ის 260–ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „ე“ ქვეპუნქტებით - 12 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ–ის 273–ე მუხლით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და ვ. ს-ს საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა 13 წლით თავისუფლების აღკევთა.
,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, ვ. ს-ს 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის, ხოლო 15 წლით - საექიმო, საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო დაწესებულებებში _ საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.
მას სასჯელის მოხდაში ჩაეთვალა წინასწარ გამოძიებაში ეჭვმიტანილის სახით დაკავებისა და განაჩენის გამოტანამდე პატიმრობაში ყოფნის დრო და თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდის ვადა დაეწყო დაკავების დღიდან - 2008 წლის 16 დეკემბრიდან. ვ. ს-ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - დაპატიმრება გაუქმდა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 4 დეკემბრის განაჩენით გ. მ-ს, ვ. და გ. ს-ს ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 7 ივლისის განაჩენში შევიდა ცვლილება, კერძოდ, ვ. ს-ს მოეხსნა საბრალდებო დასკვნით წარდგენილი ბრალდება სსკ–ის 260–ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, როგორც ზედმეტად შერაცხული. იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: სსკ–ის 260–ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „ე“ ქვეპუნქტებით –12 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ–ის 273–ე მუხლით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2009 წლის 20 ნოემბრის კანონის შესაბამისად, გაუნახევრდა და მოსახდელად დარჩა 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და ვ. ს-ს საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა 12 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 24 მაისის განჩინებით საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 4 დეკემბრის განაჩენში, ნივთმტკიცების ნაწილში შევიდა შემდეგი ცვლილება: საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი ავტომანქანა „დაიჰაცუ–შერეიდი“, სახელმწიფო ნომრით ...., საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 124–ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, უსასყიდლოდ გადაეცა სახელმწიფოს. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 5 თებერვლის განჩინებით, მსჯავრდებულ ვ. ს-ს მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, რის საფუძველზეც იგი გათავისუფლდა სსკ-ის 273–ე მუხლით დანიშნული სასჯელის შემდგომი მოხდისაგან, ხოლო სსკ–ის 260–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“, „ბ“, „ე“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი –12 წლით თავისუფლების აღკვეთა - შეუმცირდა ერთი მეოთხედით და მოსახდელად განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2008 წლის 16 დეკემბრიდან.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 26 მარტის განჩინებით მსჯავრდებულ ვ. ს-ს საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 5 თებერვლის განჩინება დარჩა უცვლელად.
2015 წლის 16 აპრილს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულმა ვ. ს-ა, რომელმაც ითხოვა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯა.
შუამდგომლობის ავტორი მიუთითებს, რომ იგი მსჯავრდებულია ნარკოტიკული საშუალების გასაღებისათვის; მისი ბრალდების საქმეში წარმოდგენილია რამდენიმე ტელეფონის ნომერი, რომლებიდანაც თითქოსდა, ხორციელდებოდა სატელეფონო საუბრები ნარკოტიკის ყიდვა–გაყიდვაზე. ამის გამო, მან სასამართლოში მოითხოვა, მოეყვანათ და დაეკითხათ აღნიშნული სატელეფონო ნომრების პატრონები ან წარმოედგინათ სატელეფონო ჩანაწერები, რაც არ მომხდარა; ბრალდება ეყრდნობა მხოლოდ პოლიციის თანამშრომლების ჩვენებებს, რომლებიც ადასტურებენ ნარკოტიკის ამოღების ფაქტს; ვ. ს-ი აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარემ მისი ბრალეულობის დასადასტურებლად ვერ წარმოადგინა მოწმეები და ფოტო–ვიდეომასალა; მასთან ერთად დაკავებული პირები არ ადასტურებენ ნარკოტიკული საშუალების გასაღების ფაქტს, ხოლო სხვა მოწმე არ არსებობს; შუამდგომლობის ავტორი ითხოვს, დადგინდეს ზემოთ მითითებული სატელეფონო ნომრების პატრონების ვინაობა, რომლებიც დაადასტურებენ, რომ მას ნარკოტიკული საშუალების ყიდვა–გაყიდვის თაობაზე მათთან საუბარი არ ჰქონია.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 23 აპრილის განჩინებით მსჯავრდებულ ვ. ს-ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე დაუშვებლად იქნა ცნობილი.
მსჯავრდებულმა ვ. ს-ა საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას და ითხოვა განაჩენის გადასინჯვა და გამართლება შემდეგ გარემოებათა გამო: იგი საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ არ არსებობს მოწმე ან ფოტო-ვიდეომასალა, რომელიც დაადასტურებს მის მიერ ნარკოტიკის გასაღების ფაქტს. ამდენად, ყოველგვარი ეჭვი და ვარაუდი უნდა გადაწყდეს მის სასარგებლოდ. შესაბამისად, ვ. ს-ი ითხოვს, საქმე განხილულ იქნეს ზეპირი მოსმენით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ წარმოდგენილია ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და თავისთავად, თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო, აგრეთვე ამტკიცებს გამართლებულის ბრალეულობას ან დანაშაულის იმ პირის მიერ ჩადენას, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვეტილი იყო.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში რაიმე ახალი არსებითი გარემოება, რაც თავისთავად, თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო, გამოვლენილი არ ყოფილა.
ამდენად, საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას შუამდგომლობასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული მასალების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმის გარემოებებს, ხოლო კასატორის მიერ თავის საჩივარში მითითებული სხვა გარემოებები არ წარმოადგენს საპროცესო კანონით გათვალისწინებულ ისეთ გარემოებას, რომელიც შეიძლება გახდეს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენის გადასინჯვის საფუძველი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მსჯავრდებულ ვ. ს-ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე კანონიერი და დასაბუთებულია, რომლის გაუქმების ან შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ ვ. ს-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 23 აპრილის განჩინება მსჯავრდებულ ვ. ს-ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ოშხარელი
მოსამართლეები: გ. შავლიაშვილი
პ. სილაგაძე