გაუქმდა და დაუბრუნდა სასამართლოს
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
¹ას-1018-1212-08 28 მაისი, 2009წ.
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე)
რ. ნადირიანი (მომხსენებელი), თ. თოდრია
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორები : 1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი _ „შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო ინსტიტუტი“
წარმომადგენელი – თ. ხ-ია, გ. გ-ია
2. ვ. ფ-ია, მ. ჯ-ია, მ. გ-უა
წარმომადგენელი _ გ. ფ-ია
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 2 ოქტომბრის გადაწყვეტილება
დავის საგანი _ იძულებითი განაცდურის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2008 წლის 23 იავნისს ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართეს ვ. ფ-იამ, მ. ჯ-იამ და მ. გ-უამ მოპასუხე სსიპ «შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო ინსტიტუტის» მიმართ და მოითხოვეს მოპასუხეზე ხელშეკრულებების ვადაზე ადრე შეწყვეტით გამოწვეული მიუღებელი ხელფასის დაკისრება შემდეგი საფუძვლებით :
მოსარჩელეთა განმარტებით, ვ. ფ-ია და მ. ჯ-ია 2006 წლის 16 ოქტომბრიდან სამწლიანი ვადით დადებული ხელშეკრულებების საფუძველზე, მუშაობდნენ ასოცირებული პროფესორის, ხოლო მ. გ-უა ორწლიანი ვადით ასისტენტ-პროფესორის თანამდებობებზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუგდიდის ფილიალში, რომლის უფლებამონაცვლეც გახდა სსიპ «შოთა მესხიას სახელობის ზუგდიდის სახელმწიფო ინსტიტუტი». 2007 წლის 20 ოქტომბრის სსიპ «ზუგდიდის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების» რექტორის მოვალეობის შემსრულებლის ბრძანებით, მოსარჩელეებთან ცალმხრივად, ვადაზე ადრე შეწყდა შრომითი ხელშეკრულებები და ისინი გათავისუფლდნენ დაკავებული თანამდებობიდან შრომის კანონთა კოდექსის 37-ე მუხლის «დ» ქვეპუნქტის საფუძველზე. ვინაიდან მოსარჩელეებთან დადებული ვადიანი შრომითი ხელშეკრულებები არ ითვალისწინებდა ვადაზე ადრე ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის ისეთ საფუძველს, როგორც ბრძანებაშია მითითებული _ «სპეციალობებისა და მიმართულებების გაუქმება», შესაბამისად, მოსარჩელეებმა აღნიშნეს, რომ ისინი დაკავებული თანამდებობებიდან უკანონოდ გათავისუფლდნენ, რის გამოც დაირღვა მათი შრომითი უფლებები, მიადგათ მატერიალური ზიანი, რაც გამოიხატა შრომის ანაზღაურების იძულებით განაცდურში.
ზემოაღნიშნულისა და მათ თანამდებობათა შესაბამისად, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ანაზღაურების განსაზღვრული ოდენობის გათვალისწინებით, ვ. ფ-იამ, მ. ჯ-იამ და მ. გ-უამ მოითხოვეს სსიპ «შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო ინსტიტუტისათვის» მ. ჯ-იას სასარგებლოდ იძულებითი განაცდურის ანაზღაურება 9461,76 ლარის ოდენობით და იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის დაკისრება _ 150 ლარის ოდენობით, ვ. ფ-იას სასარგებლოდ _ იძულებითი განაცდურის ანაზღაურება 10635,1 ლარის და იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის დაკისრება 150 ლარის ოდენობით, ხოლო მ. გ-უას სასარგებლოდ შესაბამისად, 3548,16 ლარისა და ასევე 150 ლარის დაკისრება.
მოსარჩელე ვ. ფ-იამ ასევე მოითხოვა მის მიერ დეკანის მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით შრომითი ურთიერთობის უკანონო შეწყვეტიდან სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანამდე იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.
მოპასუხემ – სსიპ «შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო ინსტიტუტის» რექტორის შემსრულებელმა შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 26 ივლისის გადაწყვეტილებით ვ. ფ-იას, მ. ჯ-იასა და მ. გ-უას სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხე სსიპ «შოთა მესხიას სახელობის ზუგდიდის სახელმწიფო ინსტიტუტს» ვ. ფ-იას სასარგებლოდ დაეკისრა 8008,5 ლარის გადახდა, ასევე 150 ლარი _ ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯისათვის, მ. ჯ-იას სასარგებლოდ _ 8008,5 ლარი და ასევე 150 ლარი, ხოლო მ. გ-უას სასარგებლოდ _ 1982 ლარისა და ასევე 100 ლარის გადახდა, ვ. ფ-იას უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე მოპასუხე სსიპ «შოთა მესხიას სახელობის ზუგდიდის სახელმწიფო ინსტიტუტის» ჰუმანიტარული ფაკულტეტის დეკანის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლების გამო მიუღებელი ხელფასის მოპასუხეზე დაკისრების თაობაზე, უსაფუძვლობის გამო.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ.
ვ. ფ-იას, მ. ჯ-იას და მ. გ-უას წარმომადგენელმა გ. ფ-იამ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით ვ. ფ-იას სასარგებლოდ მოპასუხისათვის დამატებით 2626,6 ლარის დაკისრება, მ. ჯ-იას სასარგებლოდ _ 1453,3 ლარის, ხოლო მ. გ-უას სასარგებლოდ _ 1566,2 ლარის დაკისრება.
მოპასუხე სსიპ «შოთა მესხიას სახელობის ზუგდიდის სახელმწიფო ინსტიტუტმა» თავის მხრივ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და აღნიშულ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 2 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სსიპ «შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო ინსტიტუტის» სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ვ. ფ-იას, მ. ჯ-იასა და მ. გ-უას საპელაციო საჩივარი, გაუქმდა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 26 ივლისის გადაწყვეტიელბა მოსარჩელეების სასარგებლოდ თანხების დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ვ. ფ-იას, მ. ჯ-იასა და მ. გ-უას სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სსიპ «შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო ინსტიტუტს» ვ. ფ-იას სასარგებლოდ დაეკისრა _ 7664 ლარისა და 5 თეთრის გადახდა, ადვოკატის მომსახურების – 150 ლარი, მ. ჯ-იას სასარგებლოდ _ 7664 ლარისა და 5 თეთრის, ადვოკატის მომსახურებისათვის _ 150 ლარის, ხოლო მ. გ-უას სასარგებლოდ 1730 ლარისა და ადვოკატის მომსახურებისათვის 100 ლარის გადახდა, დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები :
2006 წლის 3 ნოემბრის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის ¹01/02/579 ბრძანებით, 2006 წლის 16 ოქტომბრის ¹01/02/541 ბრძანებაში შევიდა ცვლილება და ვ. ფ-ია დაინიშნა სასწავლო დაწესებულების ზუგდიდის სოციალურ-პოლიტიკურ მეცნიერებათა მიმართულების ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე, 2006 წლის 16 ოქტომბრიდან 2009 წლის 16 ოქტომბრამდე, მ. ჯ-ია დაინიშნა გეოგრაფიის მიმართულების ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე იმავე ვადით, ხოლო მ. გ-უა _ სოციალურ-პოლიტიკურ მაცნიერებათა მიმართულების ასისტენტ-პროფესორად 2006 წლის 20 ოქტომბრიდან 2008 წლის 16 ოქტომბრამდე. აღნიშნული ბრძანებების საფუძველზე, მხარეებს შორის შრომითი ხელშეკრულებები ინდივიდუალურად გაფორმდა და შრომის ანაზღაურების ოდენობა ვ. ფ-იასათვის განისაზღვრა 336 ლარით, მ. ჯ-იასათვის _ 336 ლარით, ხოლო მ. გ-უასთვის _ 353 ლარით;
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუგდიდის ფილიალის დირექტორის 2005 წლის 13 სექტემბრის ¹3/87 ბრძანებით მოსარჩელე ვ. ფ-ია დაინიშნა ჰუმანიტარული ფაკულტეტის დეკანის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლად და ხელფასის ოდენობა განესაზღვრა თვეში _ 80 ლართ;
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 13 ივლისის ¹45 დადგენილებით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუგდიდის ფილიალის ბაზაზე დაფუძნდა საჯარო სამართლის იურიდიული პირი «ზუგდიდის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება» ;
საქართველოს მთავრობის 2008 წლის 17 აპრილის ¹106 დადგენილებით, მოხდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რეორგანიზაცია, გამოეყო ზუგდიდის ფილიალი და მის ბაზაზე დაფუძნდა საჯარო სამართლის იურიდიული პირი _ «შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო ინსტიტუტი»;
ინსტიტუტის ხელმძღვანელის 2007 წლის 19 ოქტომბრის ბრძანებით გაუქმდა ფიზიკის, სოციალურ-პოლიტიკური, ფილოსოფიის, ფსიქოლოგიისა და გეოგრაფიის მიმართულებები, ხოლო 2007 წლის 17 ოქტომბრის ბრძანებით, საზოგადოებრივ მეცნიერებათა ფაკულტეტზე გაერთიანდა იურიდიული და საბუნებისმეტყველო მეცნიერების, ჰუმანიტარული და ეკონომიკის ფაკულეტეტები; რექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2007 წლის 29 სექტემბრის ბრძანებით ვ. ფ-ია გათავისუფლდა ჰუმანიტარული ფაკულტეტის დეკანის მოადგილის თანამდებობიდან. 2007 წლის 20 ოქტომბრის ბრძანებით კი სპეციალობებისა და მიმართულებების გაუქმებასთნ დაკავშირებით, მოსარჩლეები გათავისუფლდნენ დაკავებული თანამდებობებიდან;
მხარეთა განმარტებების საფუძველზე, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელეებს შრომითი ხელშეკრულებების პირობები არ დაურღვევიათ და მათი სამუშაოდან გათავისუფლება გამოწვეული იყო სასწავლო დაწესებულებაში განხორციელებული ცვლილებებით;
სამსახურიდან გათავისუფლების შედეგ, მოსარჩელეებს მიეცათ კომპენსაცია ერთი თვის ხელფასის ოდენობით;
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მათი სამართლებრივი შეფასებები სამოქალაქო კოდექსის 51-ე, 411-ე და 412-ე მუხლებსა და შრომის კანონთა კოდექსის 37-ე და 38-ე მუხლებზე მითითებით გათავისუფლების ბრძანებების უსაფუძვლოდ მიჩნევისა და მიუღებელი ხელფასის ანაზღაურების თაობაზე და განმარტა, რომ სახელშეკრულებო ურთიერთობის დროს მხარეები შებოჭილნი არიან ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადისა და პირობების ფარგლებში;
ამასთან, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მხარეთა შორის გაფორმებულ ვადიან ხელშეკრულებაში მითითებულ ვადაზე ადრე შეწყვეტის საფუძველს განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია, ვინაიდან მოსარჩელეებს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები არ დაურღვევიათ;
იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელეებს გთავისუფლების შემდეგ ერთი თვის ხელფასის ოდენობით კომპენსაცია მიღებული ჰქონდათ, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება თანხების დაკისრების ნაწილში უნდა შეცვლილიყო, კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მოსარჩელეების სასარგებლოდ სასწავლო დაწესებულებისათვის დაკისრებულ თანხას უნდა გამოჰკლებოდა შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული შრომის ანაზღაურების ერთი თვის სარგო, რომელიც მოსარჩელეებს უკვე აღებული ჰქონდათ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 2 ოქტომბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ.
ვ. ფ-იას, მ. ჯ-იასა და მ. გ-უას წარმომადგენელმა გ. ფ-იამ საკასაციო საჩივრით მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სსიპ «შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო ინსტიტუტისათვის» ვ. ფ-იას სასარგებლოდ დამატებით _ 2970,6 ლარის, მ. ჯ-იას სასარგებლოდ დამატებით _ 1797,3 ლარისა და მ. გ-უას სასარგებლოდ _ 1705,3 ლარის დაკისრება შემდეგი საფუძვლებით :
კასატორის განმარტებით, როგორც პირველი ინსტანციის ისე სააპელაციო სასამართლოებმა გადაწყვეტილების გამოტანისას გამოიყენეს კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინათ, კერძოდ, საგადასახადო კოდექსის 167-ე მუხლი, რომლითაც საშემოსავლო გადასახადი 25%-ით განისაზღვრა და 168-ე მუხლი, რომლის მიხედვით საშემოსავლო გადასახადიდან არ თავისუფლდება სასამართლოს მიერ დასაქმებულისათვის მიკუთვნებული მიუღებელი შემოსავალი. სასამართლოებმა არ გაითვალისწინეს, რომ 2008 წლის პირველი იანვრიდან საგადასახადო კოდექსის 167-ე მუხლის ცვლილებასთან დაკავშირებით, მოსარჩლეთა შრომის ანაზღაურება უნდა განსაზღვრულიყო ისე, რომ საშემოსავლო გადასახადის 25%-ის დაკავების შემდეგ მოსარჩელეებს იგივე თანხა მიეღოთ.
კასატორის აზრით, გადაწყვეტილების მიღებისას სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები, არ დაასაბუთა თავისი გადაწყვეტილება ვ. ფ-იას მოთხოვნის არდაკმაყოფილების ნაწილში და გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა;
სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ კასატორებისათვის მიკუთვნებული თანხების შემცირება იმით დაასაბუთა, რომ მოსარჩელეებს მიეცათ კომპანესაცია ერთი თვის ხელფასის ოდენობით, რითაც დაარღვია საპროცესო კანონი, კერძოდ, სსკ-ის 384-ე მუხლი, გასცდა მხარეთა მოთხოვნის ფარგლებს, ვინაიდან მოწინააღმდეგე მხარეს თანხების შემცირება არ მოუთხოვია, თავისი ინიციატივით შეამცირა თანხები, რითაც დაარღვია საპროცესო ნორმები და საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება მიიღო.
ამასთან, კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე მ. გ-უამ იშუამდგომლა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დაშვებული გამოთვლითი ხასიათის შეცდომის გასწორებაზე, რაზეც გადაწყვეტილებაში სააპელაციო სასამართლოს საერთოდ არ უმსჯელია;
თავის მხრივ სსიპ «შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო ინსტიტუტმა » საკასაციო საჩივრით მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 2 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმება მოსარჩელეების სასარგებლოდ თანხების დაკისრების ნაწილში და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევების შედეგად მიიღო, რომლებმაც განვლენა იქონიეს საქმის განხილვის შედეგზე. სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის პირველი მუხლი, «უმაღლესი განათლების შესახებ» საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის «ვ» ქვეპუნქტი, მე-14 მუხლის პირველი პუნქტი, 27-ე მუხლის პირველი პუნქტი, «საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორის მოვალეობის შემსრულებლისა და ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებლის უფლებამოსილების განსაზღვრისა და საქართველოს პრეზიდენტის ზოგიერთი ბრძანებულების ნაწილობრივ ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ» საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 8 ივნისის ¹473 ბრძანებულების მე-2 პუნქტის «ე» ქვეპუნქტი. გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, კრძოდ სამოქალაქო კოდექსის 411-ე და 412-ე მუხლები და არასწორად განმარტა კანონი (საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 37-ე და 38-ე მუხლები).
კასატორის აზრით, აღნიშნულმა დარღვევებმა განაპირობა საქმეზე არასწორი გადაწყვეტილების გამოტანა, ამასთან გადაწყვეტილება არ არის იურიდიულად საკმარისად დასაბუთებული, რაც მისი გაუქმების საფუძველია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და თვლის, რომ ვ. ფ-იას, მ. ჯ-იას, მ. გ-უას, ასევე სსიპ „შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო ინსტიტუტის“ საკასაციო საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო :
საქართველოს შრომის კოდექსის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ეს კოდექსი აწესრიგებს საქართველოს ტერიტორიაზე შრომით და მის თანმდევ ურთიერთობებს, თუ ისინი გნსხვავებულად არ რეგულირდება სხვა სპეციალური კანონით ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით.
შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საკითხი მოწესრიგებულია შრომის კოდექსის 37-ე და 38-ე მუხლებით. 37-ე მუხლის „გ“ პუნქტის თანახმად, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძველია ერთ-ერთი მხარის მიერ შრომითი ხელშეკრულების პირობების დარღვევა, ხოლო ამავე მუხლის „დ“ პუნქტის თანახმად შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძველია შრომითი ხელშეკრულების მოშლა.
საპელაციო პალატამ დადგენილად ცნო, რომ მოსარჩელეებს შრომითი ხელშეკრულების პირობები არ დაურღვევიათ, შესაბამისად მოსარჩელეთა გათავისუფლების შესახებ ბრძანებები უსაფუძვლოდ მიიჩნია.
სააპელაციო პალატის აღნიშნული დასკვნა დაუსაბუთებელია და არ გამომდინარეობს საქმის მასალებიდან. საქმის მასალებით ირკვევა, რომ მოსარჩელეები სამსახურიდან შრომის კოდექსის 37-ე მუხლის „გ“ პუნქტით კი არ გაუთავისუფლებიათ, არამედ მოსარჩელეები სამსახურიდან გათავისუფლებულნი არიან შრომის კოდექსის 37-ე მუხლის „დ“ პუნქტის, მთავრობის 2007 წლის 13 ივლისის ¹145 დადგენილების, პრეზიდენტის 2005 წლის 8 ივლისის ¹473 ბრძანებულების და ზუგდიდის უმაღდესი საგანმანათლებლო დაწესებულების „სპეციალობებისა და მიმართულებების გაუქმების შესახებ“ ბრძანების საფუძველზე. მოსარჩელეთა სამსახურიდან გათავისუფლების აღნიშნული საფუძვლების კანონიერებაზე კი სააპელაციო სასამართლომ საერთოდ არ უმსჯელია, შესაბამისად შეუძლებელია გასაჩივრებული გადაწყვეტილების საფუძვლიანობის შემოწმება.
საკასაციო სასამართლო ასევე იზიარებს კასატორების ვ.ფ-იას, მ. ჯ-იასა და მ. გ-უას მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა უხეში საპროცესო დარღვევებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 384-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო ინსტანციის სასამართლო უფლებამოსილია შეცვალოს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მხოლოდ იმ ფარგლებში, რასაც მხარეები მოითხოვენ.
მითითებული ნორმა ემყარება დისპოზიციურობის პრინციპს, რომლის თანახმად, სასამართლომ თავისი მსჯელობა უნდა იქონიოს მხარის მოთხოვნის ფარგლებში, ნორმის დანაწესიდან გამომდინარე დაუშვებელია საუარესოდ შებრუნება. საუარესოდ შებრუნების აკრძალვის პრინციპი წარმოადგენს საჩივრის შეტანის უფლების უზრუნველყოფის გარანტიას, რომ გადაწყვეტილება, რომელიც მის სასარგებლოდაა გამოტანილი არ შეიცვლება მის საზიანოდ.
მოცემულ საქმეზე მოსარჩელეები სააპელაციო საჩივარში მიუთითებდნენ, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორად გამოიანგარიშა დაკისრებული თანხის ოდენობა. სააპელაციო სასამართლოს აპელანტების მიერ მთითებულ არგუმენტებზე საერთოდ არ უმსჯელია. ამასთან, ნაწილობრივ დააკმაყოფილა მათი სააპელაციო საჩივარი, გააუქმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება თანხების დაკისრების ნაწილში, რომელიც მოსარჩელეთა მიერ არ ყოფილა გასაჩივრებული და დააკისრა მოპასუხეს იმაზე ნაკლები თანხა, ვიდრე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით იყო დაკისრებული.
მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრებულია ორივე მხარის მიერ. ინსტიტუტის წარმომადგენელი მოითხოვს გადაწყვეტილების გაუქმებას მთლიანად, ხოლო მოსარჩელეები სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში. ორივე მხარე მოითხოვს ახალი გადაწყვეტილების მიღებას. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ საკასაციო საჩივრები ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს. საქმის ხელახლა განმხილველმა სასამართლომ სრულად და ობიექტურად უნდა დაადგნოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები, ასევე უნდა იმსჯელოს მხარეთა მიერ მითითებულ არგუმენტებზე და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
სსიპ „შოთა მესხის ზუგდიდის სახელმწიფო ინსტიტუტის“, ვ. ფ-იას, მ. ჯ-იასა და მ. გ-უას საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
გაუქმდეს ამ საქმეზე ქუთაისის სააპელაციო სასამარლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 2 ოქტომბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.