დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 05.11.2015
საქმის ნომერი
45აგ.-2015
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
05.11.2015

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №45აგ-15 5 ნოემბერი, 2015 წელი

დ-ე ი, 45აგ-15 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ზაზა მეიშვილი (თავმჯდომარე),პაატა სილაგაძე, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ი. დ-სა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის - დ. კ-ის საკასაციო საჩივრები ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 8 მაისის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 16 იანვრის განაჩენით ი. დ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“, „ე“ ქვეპუნქტებით - 18 წლით, ხოლო სსკ-ის 19,109-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით - 18 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, საბოლოოდ ი. დ-ეს დანაშაულთა ერთობლიობით შეეფარდა 30 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2009 წლის 26 აპრილიდან.

2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 15 დეკემბრის განაჩენით ი. დ-ის მიმართ დარჩა უცვლელად.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 29 აპრილის განჩინებით მსჯავრდებულ ი. დ-სა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის - დ. კ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 15 დეკემბრის განაჩენზე დაუშვებლად იქნა ცნობილი.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 8 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ ი. დ-ის მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ: მსჯავრდებულ ი. დ-ეს ერთი მეოთხედით შეუმცირდა საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი - 18 წლით თავისუფლების აღკვეთა და განესაზღვრა 13 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მასვე ერთი მეოთხედით შეუმცირდა საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი - 18 წლით თავისუფლების აღკვეთა და განესაზღვრა 13 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და საბოლოოდ ი. დ-ეს მოსახდელად განესაზღვრა 27 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2009 წლის 26 აპრილიდან.

5. 2015 წლის 24 აპრილს მსჯავრდებულ ი. დ-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა დ. კ-მა შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე შემდეგი სამართლებრივი საფუძვლებით: სააპელაციო სასამართლოში სისხლის სამართლის საქმეს არ ერთვოდა, ანუ საქმეში არ არსებობდა ის ნივთიერი მტკიცებულება (ი. დ-ის ფეხსაცმელი), რომლისგან აღებულ ნიმუშებზე ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნა წარმოადგენს ი. დ-ის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის მთავარ საფუძველს. აქედან გამომდინარე, ვინაიდან საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულება, რომელსაც ეფუძნება სხვა მტკიცებულებები, ასევე უარყოფილი არ არის გონივრული ეჭვი ნივთმტკიცების შესაძლო გამოცვლის, ნიშან-თვისებათა არსებითი შეცვლის ან მასზე დარჩენილი კვალის არსებითი გაქრობის შესახებ, საქართველოს სსსკ-ის 72-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების საფუძველზე ზემოაღნიშნული მტკიცებულება თავისი არსით წარმოადგენს დაუშვებელ მტკიცებულებას, რაც არ იყო ცნობილი საქმის განმხილველი სასამართლოსთვის; დ. კ-მა ასევე მიუთითა, რომ ი. დ-ის მიმართ გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედო დაზარალებულ გ. კ-ის ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებები, რომელთა შინაარსი დანაშაულის ჩადენის მიზნისა და მოტივის თაობაზე ცილისმწამებლურად არის ცნობილი კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებებით. აღნიშნული ინფორმაცია თავად გ. კ-მაც დაადასტურა სოციალური ქსელის ,,Facebook”-ის მეშვეობით.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 8 მაისის განჩინებით მსჯავრდებულ ი. დ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. კ-ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე ცნობილ იქნა დაუშვებლად.

7. მსჯავრდებული ი. დ-ე და მისი ინტერესების დამცველი, ადვოკატი დ. კ-ი საკასაციო საჩივრებით ითხოვენ თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმებას და შუამდგომლობის დასაშვებად ცნობას იმავე სამართლებრივი საფუძვლებით, რაზეც მითითებული ჰქონდათ შუამდგომლობაში. ამასთან, დამატებით აღნიშნავენ, რომ გამოძიება და სასამართლო განხილვა წარიმართა საპროცესო ნორმების უხეში დარღვევით; მსჯავრდება ეფუძნება გაყალბებულ მტკიცებულებებს და შეილახა ი.დ-ის უფლებები; ასევე ახლად გამოვლენილი გარემოებაა დაზარალებულ გ. კ-ის დების ჩვენებები და განცხადება, რომლებშიც ისინი აღნიშნავენ, რომ ე. გ-ი მათი მეშვეობით შემთხვევით გადაურჩა სიკვდილს და პირდაპირ უთითებენ გ. კ-სა და ი. გ-ე, როგორც ამ დანაშაულის ჩამდენებზე და დღესაც ითხოვენ ი. დ-ის უკანონო სასჯელისგან გათავისუფლებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლში მითითებულია ის საფუძვლები, თუ რა შემთხვევაშია შესაძლებელი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვა, კერძოდ:

განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ:

ა) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ ყალბია მტკიცებულება, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;

ბ) არსებობს გარემოება, რომელიც მოწმობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის დამდგენი სასამართლოს უკანონო შემადგენლობას ან იმ მტკიცებულების დაუშვებლობას, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;

გ) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ მოსამართლემ, პროკურორმა, გამომძიებელმა, ნაფიცმა მსაჯულმა ან ნაფიცი მსაჯულის მიმართ სხვა პირმა ამ საქმესთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული;

დ) არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი;

ე) არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება), რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის ან მისი ოქმების დარღვევა ამ საქმესთან დაკავშირებით, და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება;

ვ) ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო;

ზ) წარმოდგენილია ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და თავისთავად, თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო, აგრეთვე ამტკიცებს გამართლებულის ბრალეულობას ან დანაშაულის იმ პირის მიერ ჩადენას, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვეტილი იყო;

თ) არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინება, რომელმაც უკანონოდ ცნო ის ფარული საგამოძიებო მოქმედება, რომლის შედეგად მოპოვებული მტკიცებულება საფუძვლად დაედო განაჩენს.

3. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმის გარემოებები საქმეში არსებული მასალების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე სამართლებრივად სწორად შეაფასა, ხოლო კასატორის მიერ საჩივარში მითითებული გარემოებები არ წარმოადგენენ საპროცესო კანონით გათვალისწინებულ ისეთ გარემოებებს, რომლებიც შეიძლება გახდეს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვის საფუძველი.

4. ამასთან, საკასაციო პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ შეესაბამება სსსკ-ის 310-ე მუხლით გათვალისწინებულ საფუძვლებს. საქმის მასალებით დგინდება, რომ ეს გარემოებები ცნობილი იყო საქმის განხილვის დროსაც, რაც მათ უკარგავს ახალი ფაქტებისა და მტკიცებულებების მნიშვნელობას, რომლებიც ვერ დაედება საფუძვლად სსსკ-ის 310-ე მუხლის ,,ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით ი. დ-ის განაჩენის გადასინჯვას.

5. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მსჯავრდებულ ი. დ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატის - დ. კ-ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე კანონიერი და დასაბუთებულია, რომლის გაუქმების ან შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ ი. დ-სა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის - დ. კ-ის საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 8 მაისის განჩინება მსჯავრდებულ ი. დ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატის - დ. კ-ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე დარჩეს უცვლელად.

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. მეიშვილი

მოსამართლეები: პ. სილაგაძე

გ. შავლიაშვილი