დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №48აგ-15 27 ნოემბერი , 2015 წელი
ც-ე კ., 48აგ-15 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ კ. ც-ს საკასაციო საჩივრები ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 30 აპრილის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 20 ივნისის განაჩენით კ. ც-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის „ა“, მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით და განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა; მასვე დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა – 4000 ლარი.
აღნიშნული გადაწყვეტილება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 14 ივნისის განაჩენით შეიცვალა: განაჩენიდან ამოირიცხა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტები; განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 1 მაისის განაჩენით კ. ც-ს საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიესაჯა 3 წლითა 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2012 წლის 29 მარტიდან.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 21 აგვისტოს განჩინებით კ. ც-სათვის ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 14 ივნისის განაჩენით დანიშნულ სასჯელს – 8 წლით თავისუფლების აღკვეთას – დაემატა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 1 მაისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 3 წელი, 1 თვე, 7 დღე და საბოლოოდ განესაზღვრა 11 წლით, 1 თვითა და 7 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2012 წლის 21 აგვისტოდან.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 28 თებერვლის განჩინებით „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე კ. ც-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა დანიშნული სასჯელები და განაჩენთა ერთობლიობით საბოლოოდ განესაზღვრა 8 წლით, 2 თვითა და 22 დღით თავისუფლების აღკვეთა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 10 სექტემბრის განაჩენით ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 21 აგვისტოსა და 2013 წლის 28 თებერვლის განჩინებები შეიცვალა: კ. ც-სათვის საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნულ და ამნისტიის აქტის საფუძველზე შემცირებულ სასჯელს –2 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთას – დაემატა სსკ-ის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული და ასევე ამნისტიის აქტის საფუძველზე შემცირებული სასჯელიდან ნაწილი – 1 თვით თავისუფლების აღკვეთა და განესაზღვრა 2 წლითა და 4 თვით თავისუფლების აღკვეთა, რასაც ასევე დაემატა სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული და ამნისტიით შემცირებული სასჯელის ნაწილი – 3 წელი და განაჩენთა ერთობლიობით კ. ც-ს საბოლოოდ მიესაჯა 5 წლითა და 4 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2012 წლის 29 მარტიდან. განჩინებები სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 27 ნოემბრის განაჩენით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 10 სექტემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
2015 წლის 20 აპრილს მსჯავრდებულმა კ. ც-მ შუამდგომლობით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 1 მაისის განაჩენის გადასინჯვის შესახებ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 30 აპრილის განჩინებით მსჯავრდებულ კ. ც-ს შუამდგომლობა დაუშვებლად იქნა ცნობილი.
მსჯავრდებული კ. ც-ე საკასაციო საჩივრებში აღნიშნავს, რომ თურქეთში მუშაობის დროს წაართვეს პასპორტი; სტამბოლში დაკავების დროს, რეკვიზიტების შევსებისას, უნებლიეთ მიუთითა თავისი ძმის სახელი; თურქეთის პოლიციამ სხვა პირებთან ერთად ისიც დეპორტით გადმოსცა საქართველოს პოლიციას; მას საბუთები ხელშიც არ სჭერია, ამიტომ გაუგებარია, რატომ გაასამართლეს საბუთის გაყალბების ან საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 30 აპრილის განჩინების გაუქმებას და შუამდგომლობის განხილვას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლში მითითებულია ის საფუძვლები, რომელთა შემთხვევაშიც შესაძლებელია ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვა, კერძოდ:
განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ:
ა) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ ყალბია მტკიცებულება, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;
ბ) არსებობს გარემოება, რომელიც მოწმობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის დამდგენი სასამართლოს უკანონო შემადგენლობას ან იმ მტკიცებულების დაუშვებლობას, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;
გ) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ მოსამართლემ, პროკურორმა, გამომძიებელმა, ნაფიცმა მსაჯულმა ან ნაფიცი მსაჯულის მიმართ სხვა პირმა ამ საქმესთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული;
დ) არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი;
ე) არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება), რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის ან მისი ოქმების დარღვევა ამ საქმესთან დაკავშირებით, და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება;
ვ) ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო;
ზ) წარდგენილია ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და თავისთავად თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო, აგრეთვე ამტკიცებს გამართლებულის ბრალეულობას ან დანაშაულის იმ პირის მიერ ჩადენას, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვეტილი იყო.
თ) არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინება, რომელმაც უკანონოდ ცნო ის ფარული საგამოძიებო მოქმედება, რომლის შედეგად მოპოვებული მტკიცებულება საფუძვლად დაედო განაჩენს.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არც ერთ ზემოთ ჩამოთვლილ საფუძველს არ აკმაყოფილებს. პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივებს შუამდგომლობასთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული მასალების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმის გარემოებებს.
ამდენად, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება მსჯავრდებულ კ. ც-ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე კანონიერი და დასაბუთებულია, რომლის გაუქმების ან შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ კ. ც-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 30 აპრილის განჩინება მსჯავრდებულ კ. ც-ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ დარჩეს უცვლელად.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: მ. ოშხარელი
პ. სილაგაძე