დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 27.11.2015
საქმის ნომერი
60აგ.-2015
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
27.11.2015

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №60აგ-15 27 ნოემბერი, 2015 წელი

ხ-ა ზ.- 60აგ-15 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),მაია ოშხარელი, ზაზა მეიშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ზ. ხ-ას საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 4 ივნისის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 1 სექტემბრის განაჩენით ზ. ხ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა - 25.000 ლარი;

სსკ-ის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით - 10 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა - 25.000 ლარი.

ზ. ხ-ას საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის საფუძველზე 3 წლით ჩამოერთვა სამეწარმეო საქმიანობის უფლება.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლით, შეკრების პრინციპის გამოყენებით, ზ. ხ-ას სასჯელად განესაზღვრა 17 წლით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა - 50.000 ლარი, ხოლო 43-ე მუხლის გამოყენებით 3 წლით ჩამოერთვა სამეწარმეო საქმიანობის უფლება.

ზ. ხ-ას სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო 2009 წლის 11 დეკემბრიდან.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 18 თებერვლის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 1 სექტემბრის განაჩენი ზ. ხ-ას მიმართ დარჩა უცვლელად.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 22 ივნისის განჩინებით ზ. ხ-ას შუამდგომლობა ახალ გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 18 თებერვლის განაჩენის გადასინჯვის თაობაზე დაუშვებლად იქნა ცნობილი.

4. 2015 წლის 21 მაისს მსჯავრდებულმა ზ. ხ-ამ შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და ითხოვა საქართველოს სსსკ–ის 310–ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 1 სექტემბრის განაჩენის გადასინჯვა და განაჩენიდან დამატებითი სასჯელის სახით დანიშნული ჯარიმის - 50.000 ლარის ამორიცხვა იმ საფუძვლით, რომ „პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ და პოლიტიკური ნიშნით დევნილ პირთა შესახებ“ 2012 წლის 5 დეკემბრის დადგენილებით საქართველოს პარლამენტმა მიანიჭა „პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული პირის სტატუსი“. ,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის 22–ე მუხლის შესაბამისად კი იგი გათავისუფლდა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან, ხოლო დამატებითი სასჯელის სახით დაკისრებული ჯარიმის იძულებითი აღსრულება არ შეწყვეტილა.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 4 ივნისის განჩინებით მსჯავრდებულ ზ. ხ-ას შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 18 თებერვლის განაჩენის გადასინჯვის თაობაზე არ იქნა დაშვებული თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 4 ივნისის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა ზ. ხ-ამ საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.

კასატორმა საკასაციო საჩივრით ითხოვა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის საფუძველზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 4 ივნისის უკანონო განჩინების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოსათვის მითითება იმავე საფუძვლებით შუამდგომლობის დასაშვებად ცნობის თაობაზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლში მითითებულია ის საფუძვლები, თუ რა შემთხვევაშია შესაძლებელი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვა, კერძოდ:

განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ:

ა) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ ყალბია მტკიცებულება, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;

ბ) არსებობს გარემოება, რომელიც მოწმობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის დამდგენი სასამართლოს უკანონო შემადგენლობას ან იმ მტკიცებულების დაუშვებლობას, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;

გ) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ მოსამართლემ, პროკურორმა, გამომძიებელმა, ნაფიცმა მსაჯულმა ან ნაფიცი მსაჯულის მიმართ სხვა პირმა ამ საქმესთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული;

დ) არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი;

ე) არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება), რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის ან მისი ოქმების დარღვევა ამ საქმესთან დაკავშირებით, და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება;

ვ) ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო;

ზ) წარმოდგენილია ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და თავისთავად, თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო, აგრეთვე ამტკიცებს გამართლებულის ბრალეულობას ან დანაშაულის იმ პირის მიერ ჩადენას, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვეტილი იყო;

თ) არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინება, რომელმაც უკანონოდ ცნო ის ფარული საგამოძიებო მოქმედება, რომლის შედეგად მოპოვებული მტკიცებულება საფუძვლად დაედო განაჩენს.

3. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას იმასთან დაკავშირებით, რომ ზ. ხ-ას მიერ შუამდგომლობაში მითითებული საფუძველი - „პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ და პოლიტიკური ნიშნით დევნილ პირთა შესახებ“ 2012 წლის 5 დეკემბრის დადგენილებით საქართველოს პარლამენტის მიერ მისთვის მინიჭებული „პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული პირის სტატუსი“, რომლის თანახმადაც იგი ,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის შესაბამისად, უნდა გათავისუფლდეს დამატებითი სასჯელისაგან, არ წარმოადგენს საქართველოს სსსკ–ის 310–ე მუხლის „ზ“ პუნქტით გათვალისწინებული განაჩენის გადასინჯვის საფუძველს, რადგან ის ფაქტი, რომ ,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე ზ. ხ-ა გათავისუფლდა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან, როგორც პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული პირი, იმავე კანონის თანახმად, არ იწვევს მისი დამატებითი სასჯელის სახით დანიშნული ჯარიმისაგან გათავისუფლებას, კერძოდ: ,,ამნისტიის შესახებ“ კანონის მე–18 მუხლის შესაბამისად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლება ან/და სასჯელის შემცირება ერთნაირად და პროპორციულად ვრცელდება თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ რეალურ სასჯელზე, პირობით მსჯავრსა და გამოსაცდელ ვადაზე, როგორც ძირითად, ისე დამატებით სასჯელზე, გარდა ჯარიმისა და ქონების ჩამორთმევისა. იმავე კანონის მე–20 მუხლის თანახმად კი - ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება სასჯელის სახით შეფარდებულ/აღსრულებულ ჯარიმასა და ქონების ჩამორთმევაზე.

4. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმის გარემოებები საქმეში არსებული მასალების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე სამართლებრივად სწორად შეაფასა, ხოლო კასატორის მიერ საჩივარში მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს საპროცესო კანონით გათვალისწინებულ ისეთ გარემოებებს, რომლებიც შეიძლება გახდეს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვის საფუძველი. რაიმე ახალი გარემოება ან მტკიცებულება, რომელიც დააკმაყოფილებდა საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის მოთხოვნებს, მსჯავრდებულს არ წარმოუდგენია.

5. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 4 ივნისის განჩინება მსჯავრდებულ ზ. ხ-ას შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე კანონიერია, რომლის გაუქმების ან შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ ზ. ხ-ას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 4 ივნისის განჩინება მსჯავრდებულ ზ. ხ-ას შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ დარჩეს უცვლელად.

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: მ. ოშხარელი

ზ. მეიშვილი