დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №68აგ-15 9 დეკემბერი, 2015 წელი ჩ-ი ს 68აგ-15 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მაია ოშხარელი (თავმჯდომარე),გიორგი შავლიაშვილი, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ს. ჩ-ს საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 10 ივნისის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ლენტეხის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 23 სექტემბრის განაჩენით ს. ჩ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციის სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებით – 7 წლით, 109-ე მუხლის „გ“, „ზ“ პუნქტებით – 13 წლით, მე-19,109-ე მუხლის „გ“ პუნქტით – 8 წლით, 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით – 4 წლით, 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – 1 წლით, ხოლო 344-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე და 50-ე მუხლების საფუძველზე დანაშაულთა ერთობლიობით მას განესაზღვრა 30 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2008 წლის 21 თებერვლიდან.
ლენტეხის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 28 ნოემბრის დადგენილებით „ამნისტიის შესახებ“ 2008 წლის 21 ნოემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე ს. ჩ-ი გათავისუფლდა საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელის მოხდისაგან, ხოლო 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელი გაუნახევრდა და დანაშაულთა ერთობლიობით საბოლოოდ განესაზღვრა 25 წლით, 9 თვითა და 3 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2008 წლის 28 ნოემბრიდან.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 7 აპრილის განაჩენით ლენტეხის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 23 სექტემბრის განაჩენი შეიცვალა: ს. ჩ-ს საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის „გ“ პუნქტითა და მე-19,109-ე მუხლის „ა“, „გ“ პუნქტებით განესაზღვრა 20 წლით, 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებით – 7 წლით, 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – 1 წლით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით – 3 წლით, 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ამნისტიის აქტის გამოყენებით) – 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო სსკ-ის 344-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელისაგან გათავისუფლდა; დანაშაულთა ერთობლიობით მას საბოლოოდ მიესაჯა 25 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2008 წლის 21 თებერვლიდან.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2009 წლის 21 სექტემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი.
ცაგერის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 29 იანვრის განჩინებით „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე ს. ჩ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა დანიშნული სასჯელები და საბოლოოდ განესაზღვრა 19 წლით, 1 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2008 წლის 21 თებერვლიდან.
2013 წლის 24 მაისს მსჯავრდებულმა ს. ჩ-ა შუამდგომლობით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო მის მიმართ გამოტანილი განაჩენის გადასინჯვის შესახებ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლში 2013 წლის 17 აპრილს შესული ცვლილების გათვალისწინებით.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 17 ივლისის განაჩენით მსჯავრდებულის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა: საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის „გ“ პუნქტითა და მე-19,109-ე მუხლის „ა“, „გ“ პუნქტებით დანიშნულ და ამნისტიის საფუძველზე შემცირებულ სასჯელს – 15 წლით თავისუფლების აღკვეთას – დაემატა სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებით დანიშნული და ასევე ამნისტიის აქტის საფუძველზე შემცირებული სასჯელიდან – 2 წელი, 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელიდან – 4 თვე, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნული სასჯელიდან – 1 წელი, 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელიდან – 2 თვე და ს. ჩ-ს საბოლოოდ განესაზღვრა 18 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 7 აპრილის განაჩენი და ცაგერის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 29 იანვრის განჩინება სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 21 მარტის განაჩენით მსჯავრდებულ ს. ჩ-ს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 17 ივლისის განაჩენი შეიცვალა მსჯავრდებულის სასიკეთოდ:
საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის „გ“ პუნქტითა და მე-19,109-ე მუხლის „ა“, „გ“ პუნქტებით დანიშნულმა და ამნისტიის აქტის საფუძველზე შემცირებული სასჯელის პროპორციულმა წილმა - 11 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთამ - შთანთქა 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებითა და 236-ე მუხლის 1-ლი, მე-2 ნაწილებით განსაზღვრული სასჯელები და ს. ჩ-ს განესაზღვრა 11 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, რასაც, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დაემატა სსკ-ის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული და ამნისტიით შემცირებული სასჯელი - 4 თვე, 15 დღე და საბოლოოდ ს. ჩ-ს სასჯელის სახით განესაზღვრა 11 წლით, 7 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა. მსჯავრდებულ ს. ჩ-ს სასჯელის ათვლა დაეწყოს 2008 წლის 21 თებერვლიდან. გასაჩივრებული განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 1 ივლისის განჩინებით მსჯავრდებულ ს. ჩ-ს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.
ცაგერის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 29 იანვრის განჩინებაში შევიდა ცვლილება:
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, მსჯავრდებული ს. ჩ-ი გათავისუფლდა საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით დანიშნული სასჯელებისგან.
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, მსჯავრდებულ ს. ჩ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის „გ“ პუნქტითა და მე-19,109-ე მუხლის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელის პროპორციული წილი და განესაზღვრა 11 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა;
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, მსჯავრდებულ ს. ჩ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელის პროპორციული წილი და განესაზღვრა 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, მსჯავრდებულ ს. ჩ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელი და განესაზღვრა 4 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა;
მსჯავრდებულ ს. ჩ-ს საბოლოოდ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 21 მარტის განაჩენის გათვალისწინებით, სასჯელის სახით განესაზღვრა 11 წლით, 7 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა.
მსჯავრდებულ ს. ჩ-ს სასჯელის ათვლა დაეწყო 2008 წლის 21 თებერვლიდან.
2015 წლის 29 მაისს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულმა ს. ჩ-ა განაჩენის გადასინჯვის მოთხოვნით, საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის „ვ“ პუნქტზე მითითებით და იმ მოტივით, რომ მისი ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე, მისივე სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, 2009 წლის 7 აპრილს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენით მისი მდგომარეობა საუარესოდ შეიცვალა, რაც გამოვლინდა მის მიმართ გავრცელებული 2012 წლის 28 დეკემბრის ამნისტიის აქტითა და სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლში განხორციელებული ცვლილებების შემდეგ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 10 ივნისის განჩინებით მსჯავრდებულ ს. ჩ-ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე დაუშვებლად იქნა ცნობილი.
მსჯავრდებულმა ს. ჩ-ა საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას და ითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 10 ივნისის განჩინების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოსათვის იმის მითითება, რომ მან განსახილველად დაუშვას ზემოაღნიშნული შუამდგომლობა იმავე მოტივებით, რაზეც მას მითითებული ჰქონდა შუამდგომლობაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლში მითითებულია ის საფუძვლები, რომელთა შემთხვევაშიც შესაძლებელია ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვა, კერძოდ:
განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ:
ა) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ ყალბია მტკიცებულება, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;
ბ) არსებობს გარემოება, რომელიც მოწმობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის დამდგენი სასამართლოს უკანონო შემადგენლობას ან იმ მტკიცებულების დაუშვებლობას, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;
გ) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ მოსამართლემ, პროკურორმა, გამომძიებელმა, ნაფიცმა მსაჯულმა ან ნაფიცი მსაჯულის მიმართ სხვა პირმა ამ საქმესთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული;
დ) არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი;
ე) არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება), რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის ან მისი ოქმების დარღვევა ამ საქმესთან დაკავშირებით და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება;
ვ) ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო;
ზ) წარმოდგენილია ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და თავისთავად, თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო, აგრეთვე ამტკიცებს გამართლებულის ბრალეულობას ან დანაშაულის იმ პირის მიერ ჩადენას, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვეტილი იყო.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არც ერთ ზემოთ ჩამოთვლილ საფუძველს არ აკმაყოფილებს.
ამდენად, საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას შუამდგომლობასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული მასალების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმის გარემოებებს, ხოლო კასატორის მიერ თავის საჩივარში მითითებული სხვა გარემოებები არ წარმოადგენს საპროცესო კანონით გათვალისწინებულ ისეთ გარემოებას, რომელიც შეიძლება გახდეს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენის გადასინჯვის საფუძველი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მსჯავრდებულ ს. ჩ-ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე კანონიერი და დასაბუთებულია, რომლის გაუქმების ან შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ ს. ჩ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 10 ივნისის განჩინება მსჯავრდებულ ს. ჩ-ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ოშხარელი
მოსამართლეები: გ. შავლიაშვილი
პ. სილაგაძე