გაუქმდა და დაუბრუნდა სასამართლოს

სამოქალაქო 28.07.2009
საქმის ნომერი
ას-136-466-09
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
28.07.2009

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

ას-136-466-09 28 ივლისი, 2009წ.

თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე),ლალი ლაზარაშვილი (მომხსენებელი), ნუნუ კვანტალიანი

სხდომის მდივანი _ ლ. სანიკიძე

კასატორი (მოსარჩელე) _ ლ. ქ-ი, წარმომადგენელი ბ. გ-ი

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ დ. ბ-ე, წარმომადგენელი პ. კ-ე

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 3 დეკემბრის გადაწყვეტილება

დავის საგანი _ ქორწინების რეგისტრაციის ფაქტის დადგენა, მემკვიდრედ ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2008 წლის 5 მაისს ვანის რაიონულ სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა ლ. ქ-მა მოპასუხე დ. ბ-ის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა აწ გარდაცვლილ ა. ბ-თან ქორწინების რეგისტრაციის ფაქტის დადგენა, მათ შორის საქორწინო ურთიერთობის კანონიერად აღიარება და ვანში, ........... ქ. ¹21-ში მდებარე ა. ბ-ის დანაშთ ქონებაზე მემკვიდრედ ცნობა.

სარჩელში აღნიშნულია, რომ ლ. ქ-ი 1989 წლიდან არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა აწ გარდაცვლილ ა. ბ-თან. აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს, 1992 წლის ოქტომბერში, ოჩამჩირის მმაჩის განყოფილებაში, რომელიც მდებარეობდა პოლიციის შენობასთან, მითითებულ პირებს შორის შედგა ქორწინების რეგისტრაცია, რომელსაც ესწრებოდნენ მოსარჩელის მეუღლის თანამებრძოლები: ა. რ-ი და შ. ხ-ე. ქორწინების რეგისტრაციამდე და რეგისტრაციის შემდგომაც ლ. ქ-ი მეუღლესთან ერთად ცხოვრობდა და ეწეოდა ოჯახურ მეურნეობას. ა. ბ-ე გარდაიცვალა 2007 წლის 11 მარტს. მისი გარდაცვალების შემდეგ ამ უკანასკნელის დანაშთ ქონებას _ ვანში, ............. ქ. ¹21-ში მდებარე საცხოვრებელ სახლს ფლობს და განკარგავს მოსარჩელე. მან გაიღო მოპასუხის დაკრძალვის, საფლავის მოწყობის და სხვა აუცილებელი ხარჯები. მასა და ა. ბ-ეს შორის საქორწინო ურთიერთობის რეალურად არსებობის დასადასტურებლად მოსარჩელე მიუთითებდა ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობის 03.09.2007წ. ¹1-2/2510 და 23.04.2008წ. ¹1-2/987 ცნობებზე, აგრეთვე მოწმეთა ჩვენებებზე. სასარჩელო მოთხოვნები სამართლებრივად ეფუძნებოდა სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლს, ამავე კოდექსის 1306-ე, 1307-ე, 1336-ე მუხლებს (ს.ფ. 3-7, 39-49).

მოპასუხე დ. ბ-ემ სარჩელი არ ცნო და მის უარსაყოფად შემდეგ გარემოებებზე მიუთითა:

ლ. ქ-მა განსახილველი სარჩელის აღძვრამდე ვანის რაიონულ სასამართლოში წარდგენილი განცხადებით მოითხოვა იურიდიული მნიშვნელობის ფაქტის დადასტურება იმის შესახებ, რომ იგი და აწ გარდაცვლილი ა. ბ-ე იყვნენ მეუღლეები, ხოლო თავად წარმოადგენს მეუღლის დანაშთ ქონებაზე მემკვიდრეობის მისაღებად უფლებამოსილ პირს. დასახელებულ განცხადებაში ლ. ქ-ი აღნიშნავდა, რომ ა. ბ-თან რეგისტრირებულ ქორწინებაში არ ყოფილა. ვანის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 15 ოქტომბრის განჩინებით ლ. ქ-ის განცხადება დარჩა განუხილველი ამ უკანასკნელის მიერ სარჩელის გამოხმობის გამო.

მოგვიანებით ლ. ქ-მა ა. ბ-თან ქორწინების რეგისტრაციის ფაქტის დადგენის მოთხოვნით კვლავ მიმართა ვანის რაიონულ სასამართლოს. თავდაპირველად წარდგენილი განცხადებისაგან განსხვავებით, ამ შემთხვევაში განმცხადებელი მიუთითებდა, რომ 1992 წლის ოქტომბერში ოჩამჩირის მმაჩის განყოფილებაში მასა და ა. ბ-ეს შორის მოხდა ქორწინების რეგისტრაცია, რასაც ესწრებოდნენ მისი მეუღლის თანამებრძოლები ა. რ-ი და შ. ხ-ე. ვანის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილებით ლ. ქ-ის მოთხვნა არ დაკმაყოფილდა.

მოპასუხე საგულისხმოდ მიიჩნევდა იმ გარემოებას, რომ სადავო შემთხვევაში სახელმწიფო არქივში არ მოიპოვებოდა ქორწინების რეგისტრაციის სააქტო ჩანაწერის მეორე ეგზემპლარი, რომელიც მისი არსებობის შემთხვევაში იქ დაუყოვნებლივ უნდა გადაგზავნილიყო. გარდა ამისა, ლ. ქ-სა და ა. ბ-ეს შორის ქორწინების რეგისტრაცია ვერ მოხდებოდა, ხოლო წინააღმდეგ შემთხვევაში იგი ბათილად ცნობას ექვემდებარებოდა, რამდენადაც 1992 წელს მოქმედი საქორწინო და საოჯახო კოდექსის 177-ე მუხლიდან გამომდინარე, ქორწინების რეგისტრაცია უნდა მომხდარიყო მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების ჩამწერ ორგანოში ერთ-ერთი დასაქორწინებელი პირის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. რამდენადაც ლ. ქ-ი თელავში, ხოლო ა. ბ-ე ვანში იყო რეგისტრირებული, მათი ოჩამჩირეში რეგისტრაცია გამოირიცხებოდა.

მოპასუხემ ყურადღება გაამახვილა მოსარჩელის მიერ წარდგენილ, ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობის ცნობაზეც, რომლის მიხედვით, ლ. ქ-ი, მცხოვრები ქ. თელავში, ............ ქ. ¹3-ში, ჩაუწერლად ცხოვრობს ქ. ვანში, ........... ქ. ¹21-ში. დ. ბ-ის განმარტებით, მოცემული ცნობა, როგორც არაუფლებამოსილი პირის მიერ შედგენილი დოკუმენტი, საქმის მასალებიდან უნდა ამოღებულიყო. აღნიშნულთან დაკავშირებით მოპასუხემ მიუთითა “საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის შესახებ” კანონის მე-4 მუხლის პირველ ნაწილზე, რომელიც ასეთ უფლებამოსილებას სსიპ .......... სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ სამსახურს ანიჭებდა. ამასთან, დასახელებული კანონის მე-2 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თვით სახელმწიფო ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანო, ნებისმიერი სხვა დაწესებულება, პირის საცხოვრებელი ადგილის დადასტურების მიზნით უფლებამოსილია, მოითხოვოს პირადობის მოწმობის ან მისი ასლის წარდგენა (ს.ფ. 18-20).

რაიონული სასამართლოს 2008 წლის 20 ივნისის სხდომაზე ლ. ქ-მა დამატებით განმარტა, რომ, რამდენადაც ა. ბ-თან ქორწინების რეგისტრაციის დროისათვის _ 1992 წლის ოქტომბრის მდგომარეობით ვითარება იყო დაძაბული, კერძოდ, ადგილი ჰქონდა საომარ მდგომარეობას, ქორწინების რეგისტრაცია მოხდა პოლიციის შენობაში, რასაც ესწრებოდნენ შ. ხ-ე და ა. რ-ი. შემდგომში, როდესაც ლ. ქ-მა მიმართა აფხაზეთის მმაჩის არქივს, მასში ქორწინების რეგისტრაციის ფაქტი ასახული არ აღმოჩნდა. მას აღნიშნული გარემოებისათვის ყურადღება არ მიუქცევია მანამ, ვიდრე ნოტარიუსმა უარი არ უთხრა მემკვიდრეობის მიღებაზე. აფხაზეთში საომარი მოქმედებების დასრულების შემდეგ მოსარჩელე ა. ბ-თან ერთად ცხოვრობდა ვანში, სადაც ცხოვრობს დღემდე. ლ. ქ-ს მეუღლის გარდაცვალების შემდეგ არ მიუტოვებია საცხოვრებელი სახლი, ფლობს და სარგებლობს ა. ბ-ის ქონებით, ამიტომ ფაქტობრივად მიღებული აქვს სამკვიდრო. მოპასუხე (დ. ბ-ე) არის ა. ბ-ის ბიძა, რომელსაც ამ დრომდე სამკვიდროს მიღებაზე პრეტენზია არ განუცხადებია (ს.ფ. 39-49).

ვანის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილებითYლ. ქ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა: დადგინდა 1992 წლის ოქტომბრის თვეში, ქ. ოჩამჩირეში, ლ. ქ-სა და ა. ბ-ეს შორის ქორწინების რეგისტრაციის ფაქტი; მათ შორის საქორწინო ურთიერთობა აღიარებულ იქნა კანონიერად; ლ. ქ-ი, როგორც მეუღლე, ცნობილ იქნა აწ გარდაცვლილი ა. ბ-ის დანაშთ ქონებაზე მემკვიდრედ.

რაიონულმა სასამართლომ მოწმეთა ჩვენებების საფუძველზე საქმეზე დადასტურებულად ცნო, რომ ლ. ქ-სა და ა. ბ-ეს შორის ქორწინების რეგისტრაცია მოხდა საქართველოში არსებული საგანგებო მდგომარეობის პერიოდში, კერძოდ, აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს. მოწმეები პირდაპირ მიუთითებდნენ სათანადოდ უფლებამოსილი პირის მიერ ქორწინების რეგისტრაციასა და მის გაფორმებაზე, წელსა და თარიღზე. ქორწინების რეგისტრაციის შესახებ ინფორმაცია არ მოიპოვებოდა აფხაზეთის არქივის უქონლობის გამო. მოპასუხემ აღნიშნული ფაქტის საწინააღმდეგო მტკიცებულება ვერ წარადგინა.

რაიონულმა სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის მსჯელობა იმის შესახებ, რომ რეგისტრაცია უნდა მომხდარიყო ერთ-ერთი მეუღლის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ვინაიდან საქართველოში იმ დროს არსებული საომარი მოქმედებები და საგანგებო მდგომარეობა წარმოადგენდა მიზეზს, რომ ქორწინების რეგისტრაცია სწრაფად განხორციელებულიყო. იმ დროისათვის, როგორც მხარე განმარტავდა, ნებისმიერ დროს იყო შესაძლებელი თითოეული მათგანის დაღუპვა და რეგისტრაციის აუცილებლობა სწორედ ამით იყო გამოწვეული.

რაიონულმა სასამართლომ ასევე არ გაიზიარა მოპასუხის პრეტენზია იმის შესახებ, რომ რეგისტრაციის რეალურად არსებობის შემთხვევაში მისი ერთ-ერთი ეგზემპლარი უნდა გაეგზავნათ იმ დროისათვის არსებულ მმაჩის ცენტრალურ არქივში. სასამართლოს მოსაზრებით, რეგისტრაციის განმახორციელებელი უფლებამოსილი პირის სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო შეუსრულებლობა არ შეიძლებოდა გამხდარიყო მოსარჩელის მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის საფუძველი.

საქმეზე წარდგენილ, ვანის მუნიციპალიტეტის ცნობასთან მიმართებით, რომელიც შეიცავდა ინფორმაციას ლ. ქ-ის საცხოვრებელი ადგილის შესახებ, სასამართლომ განმარტა, რომ მოპასუხის პრეტენზია აღნიშნული ცნობის თაობაზე არ უნდა გამხდარიყო მსჯელობის საგანი, რამდენადაც ცნობის გამცემი პირის უფლებამოსილების გამორკვევა არ შედიოდა განსახილველი დავის ფარგლებში.

ამდენად, რაიონულმა სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ ლ. ქ-სა და აწ გარდაცვლილ ა. ბ-ეს შორის ქორწინების რეგისტრაცია განხორციელდა 1992 წლის ოქტომბრის თვეში, ქ. ოჩამჩირეში, ქორწინების მარეგისტრირებელ ორგანოში. აქედან გამომდინარე, საფუძვლიანი იყო მოსარჩელის მოთხოვნა მემკვიდრედ ცნობის თაობაზეც, ვინაიდან ქორწინების ფაქტი წარმოშობს გარკვეულ სამართლებრივ შედეგებს, მათ შორის, მემკვიდრეობის მიღების უფლებას. ამასთან, საქმეში არსებული მტკიცებულებებით დგინდებოდა, რომ ლ. ქ-ი მეუღლის გარდაცვალებიდან ამ დრომდე იმყოფებოდა ვანში, ....... ქ. ¹21-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ფლობდა და განაგებდა მეუღლის დანაშთ ქონებას, რის გამოც ცნობილი უნდა ყოფილიყო მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მემკვიდრედ (ს.ფ. 56-58).

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა დ. ბ-ემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

აპელანტის მითითებით, ლ. ქ-მა განსახილველი სარჩელის აღძვრამდე _ 2007 წლის 4 სექტემბერს ვანის რაიონულ სასამართლოში წარდგენილი განცხადებით მოითხოვა იურიდიული მნიშვნელობის ფაქტის დადასტურება იმის შესახებ, რომ იგი და აწ გარდაცვლილი ა. ბ-ე იყვნენ მეუღლეები, ხოლო თავად წარმოადგენდა მეუღლის დანაშთ ქონებაზე მემკვიდრეობის მიღებაზე უფლებამოსილ პირს. დასახელებულ განცხადებაში ლ. ქ-ი აღნიშნავდა, რომ ა. ბ-თან რეგისტრირებულ ქორწინებაში არ ყოფილა. ვანის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 15 ოქტომბრის განჩინებით ლ. ქ-ის განცხადება დარჩა განუხილველი ამ უკანასკნელის მიერ სარჩელის გამოხმობის გამო.

მოგვიანებით ლ. ქ-მა ა. ბ-თან ქორწინების რეგისტრაციის ფაქტის დადგენის მოთხოვნით კვლავ მიმართა ვანის რაიონულ სასამართლოს. თავდაპირველად წარდგენილი განცხადებისაგან განსხვავებით, ამ შემთხვევაში განმცხადებელი მიუთითებდა, რომ 1992 წლის ოქტომბერში, მასა და ა. ბ-ეს შორის მოხდა ქორწინების რეგისტრაცია, რასაც ესწრებოდნენ მისი მეუღლის თანამებრძოლები: ა. რ-ი და შ. ხ-ე. ვანის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილებით ლ. ქ-ის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, რასაც საფუძვლად დაედო სასამართლოს განმარტება იმის შესახებ, რომ სადავო შემთხვევაში მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით ქორწინების რეგისტრაციის ფაქტის დადგენა შეუძლებელი იყო.

აპელანტის განმარტებით, განსახილველ საქმეზე სახეზე იყო ლ. ქ-ის იგივე მოთხოვნები, რომლებიც იმავე მოტივებს ეფუძნებოდა. მისი აზრით, ამ შემთხვევაში სასამართლომ უგულებელყო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის იმპერატიული მოთხოვნა, ფაქტობრივი გარემოების დასადგენად მტკიცებულებად მიიჩნია მხოლოდ მოწმეთა ჩვენებები და შედეგად სარჩელი დააკმაყოფილა, რაც არასწორია. სასამართლომ საერთოდ არ იმსჯელა მოპასუხის მიერ წარდგენილ ლ. ქ-ის განცხადებაზე, სადაც იგი აღიარებდა, რომ მასა და აწ გარდაცვლილ ა. ბ-ეს შორის ქორწინება არ ყოფილა რეგისტრირებული. ამასთან, სასამართლომ არ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის “ბ” ქვეპუნქტით და მხედველობაში არ მიიღო ის გარემოება, რომ არსებობდა სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება იმავე მხარეებს შორის, იმავე საფუძვლით, რაც განსახილველ საქმეზე წარმოების შეწყვეტას განაპირობებდა (ს.ფ. 61-70).

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 3 დეკემბრის გადაწყვეტილებით დ. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ვანის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ლ. ქ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, ამავე კოდექსის 103-ე მუხლზე და განმარტა, რომ საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით; მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. სასამართლოს შეუძლია შესთავაზოს მხარეებს, წარმოადგინონ დამატებითი მტკიცებულებები.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორად დაადგინა ქორწინების რეგისტრაციის ფაქტი, ვინაიდან ლ. ქ-ის მიერ არ ყოფილა კანონით დადგენილი წესით (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 312-ე, 102 და 103-ე მუხლების თანახმად) წარდგენილი უტყუარი მტკიცებულება რეგისტრაციის ფაქტის არსებობის თაობაზე. სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნული ფაქტი არ შეიძლებოდა დადგენილიყო მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით და უნდა დადასტურებულიყო მხოლოდ კანონით გათვალისწინებული მტკიცებულებებით.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა აგრეთვე სამოქალაქო კოდექსის 1151-ე მუხლზე, რომლის მიხედვით, მეუღლეთა უფლება-მოვალეობებს წარმოშობს მხოლოდ სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში რეგისტრირებული ქორწინება.

რამდენადაც სააპელაციო სასამართლომ ლ. ქ-ისა და ა. ბ-ის ქორწინების რეგისტრაციის ფაქტი დადასტურებულად არ მიიჩნია, აღნიშნა, რომ ლ. ქ-ი ვერ იქნებოდა ა. ბ-ის ქონების მემკვიდრე.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის “ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძვლის არსებობის თაობაზე და აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტა, რომ იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენა ხდება სასარჩელო და უდავო წარმოების (რასაც ადგილი ჰქონდა წინა შემთხვევებში) გზით. სასარჩელო წარმოებაში ფაქტების დადგენა წარმოებს მხარეთა უფლებებისა და მოვალეობების განსაზღვრის მიზნით, რაც უფლების შესახებ მხარეთა შორის წამოჭრილი დავის გადაწყვეტის წინაპირობაა. უდავო წარმოებაში კი იურიდიული ფაქტების დადგენა სასამართლო განხილვის საბოლოო მიზანია.

სააპელაციო სასამართლომ ასევე მიუთითა საქართველოს სსრკ საქორწინო და საოჯახო კოდექსის 177-ე მუხლზე, რომლის თანახმად, ქორწინების რეგისტრაცია ხდებოდა მოქალაქეობრივი აქტების ჩამწერ ორგანოში ერთ-ერთი დასაქორწინებელი პირის ან მათი მშობლების საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

ზემოთ დასახელებული სამართლებრივი და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმებას ექვემდებარებოდა (ს.ფ. 136-145).

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ლ. ქ-მა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება, შემდეგი საფუძვლებით:

არასწორია სააპელაციო სასამართლოს მიერ სარჩელის უარსაყოფად იმ გარემოებაზე მითითება, რომ მოსარჩელემ ქორწინების რეგისტრაციის ფაქტი ვერ დაადასტურა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე და 103-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებით. აღნიშნული ფაქტის დასადასტურებლად ლ. ქ-მა სასამართლოში წარადგინა მოწმეთა, მათ შორის, იმ პირთა ჩვენებები, რომლებიც უშუალოდ ესწრებოდნენ ქორწინების რეგისტრაციას.

სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე, 103-ე მუხლები. მითითებული 102-ე მუხლიდან გამომდინარეობს, რომ იმ გარემოებათა დამტკიცება, რომლებსაც ემყარება მხარის მოთხოვნა ან შესაგებელი, შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. ყველა დასახელებულ მტკიცებულებას გააჩნია თანაბარი იურიდიული ძალა და რაიმე კონკრეტული გარემოების დასადასტურებლად არ არის აუცილებელი მათი ერთობლიობაში არსებობა. მართალია, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით, მაგრამ სამოქალაქო კანონმდებლობა არ იცნობს და ვერც სასამართლო მიუთითებს ნორმას, რომლითაც ქორწინების ფაქტის დადგენისათვის არ არის საკმარისი მხოლოდ მოწმეთა ჩვენებები.

კასატორის განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში არ არსებობდა ქორწინების რეგისტრაციისათვის სადავო პერიოდში მოქმედი საოჯახო კოდექსის 177-ე მუხლით გათვალისწინებული ხელისშემშლელი გარემოება. ერთ-ერთ დასაქორწინებელი პირის _ ლ. ქ-ის მამა (გ. ქ-ი) 1962 წლიდან ცხოვრობდა აფხაზეთში, მათ შორის, გარკვეული წლების მანძილზე ოჩამჩირეში, რაც შესაძლებელს ხდიდა ოჩამჩირის მმაჩის განყოფილებაში მითითებულ პირებს შორის ქორწინების რეგისტრაციას.

დავის გადაწყვეტის დროს სასამართლომ არასწორად გაანაწილა მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი. იმ პირობებში, როდესაც აპელანტს ა. ბ-თან მოსარჩელის ქორწინების ფაქტის უარმყოფელი მტკიცებულება არ გააჩნდა, სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილებულიყო.

აღნიშნული საქმის განხილვისას სასამართლომ ერთ-ერთ მტკიცებულებად მიუთითა ლ. ქ-ის 4.09.2007წ. განცხადებაზე, რაც არასწორია. აღნიშნული განცხადების დაწერის განმაპირობებელი მიზეზების შესახებ მოსარჩელემ განუმარტა სასამართლოს, ხოლო მისი გაზიარების ან პირიქით, გაუზარებლობის შესახებ გასაჩივრებული გადაწყვეტილება მსჯელობას არ შეიცავს. რეალურად, განცხადების დაწერა გამოიწვია იმან, რომ ლ. ქ-ი, როგორც მას განუმარტეს, ქორწინების დამადასტურებელი საბუთების მოძიებით არ უნდა დაყოვნებულიყო.

კასატორის აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების პირობებში მისი, როგორც კანონისმიერი მემკვიდრის უფლებები არსებითად შეილახება, რამდენადაც იგი სამკვიდროს გარეშე, ფაქტობრივად, ქუჩაში აღმოჩნდება (ს.ფ. 151-159).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების გამოკვლევის შედეგად მიიჩნევს, რომ საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადგინდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. სააპელაციო სასამართლომ ასევე არასწორად განმარტა, რომ ქორწინების რეგისტრაციის ფაქტის დადგენა მოწმეთა ჩვენებების საფუძველზე დაუშვებელია. სამართლებრივ ურთიერთობას, რომელიც უნდა დადასტურდეს კანონით პირდაპირ განსაზღვრული გარკვეული სახის მტკიცებულებებით და რომ მისი დადგენა მოწმეთა ჩვენებებით, თუნდაც მხოლოდ მათ საფუძველზე, დაუშვებელია, ქორწინების რეგისტრაციის ფაქტის დადგენა არ განეკუთვნება. ასეთ ამკრძალავ ნორმას მოქმედი კანონმდებლობა არ შეიცავს.

რაც შეეხება საქმეში არსებულ მოწმეთა ჩვენებებს, სააპელაციო სასამართლოს ისინი არ შეუფასებია და სასარჩელო მოთხოვნის მართლზომიერების შესახებ მათ საფუძველზე არსებითად არ უმსჯელია, რის გამოც საკასაციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, საქმეზე გამოიტანოს საბოლოო გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქართველოს სსრკ საქორწინო და საოჯახო კოდექსის 177-ე მუხლზე მითითება ამ შემთხვევაში ასევე დაუსაბუთებელია. აღნიშნული ნორმა, მართალია, ითვალისწინებდა ქორწინების რეგისტრაციას მოქალაქეობრივი აქტების ჩამწერ ორგანოში ერთ-ერთი დასაქორწინებელი პირის ან მათი მშობლების საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, მაგრამ ამ წესის დარღვევას აღნიშნული კოდექსი არ განიხილავდა ქორწინების ბათილობისა და არშემდგარად ცნობის საფუძვლად. ამდენად, აღნიშნული ნორმა არ წარმოადგენს სასარჩელო მოთხოვნაზე უარის თქმის საფუძველს.

რაც შეეხება ვანის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 15 ოქტომბრის განჩინებასა და ამავე სასამართლოს 2007 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილებას, მათ ვერ ექნებათ პრეიუდიციული მნიშვნელობა მოცემული საქმის მიმართ, რამდენადაც საქმეთა განხილვაში ყველა იგივე მხარის მონაწილეობის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის “ბ” ქვეპუნქტით დადგენილი პირობა სახეზე არ არის. ისინი, ისევე როგორც ამ გადაწყვეტილებებით დამთავრებულ საქმეთა მასალები, შეიძლება განხილულ იქნეს როგორც მტკიცებულება საქმეზე, რომლებიც უნდა შეფასდეს საქმის დანარჩენ მასალებთან, მათ შორის, მოწმის ჩვენებებთან ერთობლიობაში.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის საფუძველზე აუქმებს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად უბრუნებს სააპელაციო სასამართლოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

A

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 3 დეკემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.