საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 02.10.2017
საქმის ნომერი
2კ-202აპ.-17
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
02.10.2017

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ

საქმე №202აპ-17 ქ. თბილისი

ჭ-ე ვ, 202აპ-17 2 ოქტომბერი, 2017 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საქართველოს მთავარი პროკურატურის პროკურორ გიორგი დოლაკიძის, მსჯავრდებულ ვ. ჭ-ა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ძ-ს საკასაციო საჩივრები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 6 თებერვლის განაჩენზე.

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. საბრალდებო დასკვნის თანახმად, ვ. ჭ-ს ბრალი დაედო შემდეგი დანაშაულების ჩადენაში:

· სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისებასა და გაფლანგვაში, როცა ეს ნივთი იმყოფებოდა მიმთვისებლის მართლზომიერ მფლობელობაში, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, არაერთგზის, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია;

· სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებით, სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისებასა და გაფლანგვაში, როცა ეს ნივთი იმყოფებოდა მიმთვისებლის მართლზომიერ მფლობელობაში, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით;

· მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში საჯარო ინტერესების საწინააღმდეგოდ, თავისთვის რაიმე გამორჩენისა და უპირატესობის მისაღებად, რამაც ფიზიკური ან იურიდიული პირის უფლების, სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია;

· მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში, ჩადენილი არაერთგზის, საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ, თავისთვის რაიმე გამორჩენისა და უპირატესობის მისაღებად, რამაც ფიზიკური ან იურიდიული პირის უფლების, სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია;

· სამხედრო ქონების განზრახ დაზიანებასა და განადგურებაში, რამაც გამოიწვია სხვა მძიმე შედეგი;

· სამსახურებრივ სიყალბეში, ესე იგი მოხელის მიერ ყალბი დოკუმენტების შედგენასა და გაცემაში; ყალბი ცნობის, ჩანაწერის შეტანაში ოფიციალურ დოკუმენტებში, ჩადენილი ანგარებითა და სხვა პირადი მოტივით;

· მოხელის მიერ სამსახურებრივი სარგებლობისათვის მინდობილი იარაღისა და სხვა სამხედრო ქონების შენახვის წესის დარღვევაში, რამაც მისი დაკარგვა გამოიწვია.

2. მსჯავრდებულ ვ. ჭ-ს ბრალად შერაცხული დანაშაულები გამოიხატა შემდეგში:

- საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანებით 1998 წლიდან 2004 წლის 13 აგვისტომდე ქ. ფ-ი დისლოცირებული სამხედრო-საზღვაო ძალების სარდლად მუშაობდა გ. ი-ე. ამავე საზღვაო ძალების სარდლის მოადგილედ ლოგისტიკისა და ინფრასტრუქტურის დარგში 2000 წლის 22 მარტიდან 2005 წლის 18 აგვისტომდე მუშაობდა ვ. ჭ-ე. ამ პერიოდში, 2002 წლის 26 თებერვლიდან 2002 წლის 9 დეკემბრამდე, ასრულებდა სამხედრო-საზღვაო ძალების ლოგისტიკისა და მატერიალური უზრუნველყოფის სამხედრო ნაწილი №12120-ის, იმავე №51444-ის უფროსის მოვალეობას. 1999 წლიდან 2002 წლის 26 თებერვლამდე, 2002 წლის 9 დეკემბრიდან 2006 წლის 7 მარტამდე ამავე საზღვაო ძალების ლოგისტიკისა და მატერიალური უზრუნველყოფის სამხედრო ნაწილი №12120-ის, იმავე №51444-ის უფროსად მუშაობდა ა. ო-ი. 2003 წლის 23 მაისიდან 2006 წლის 31 მაისამდე სამხედრო-საზღვაო ძალების საფინანსო განყოფილების უფროსად მუშაობდა ბ. ჯ-ი, ხოლო 2005 წლის 2 აპრილიდან 2006 წლის 28 აგვისტომდე საზღვაო ძალების მთავარი შტაბის საფინანსო განყოფილების ბიუჯეტის მართვის დაგეგმარების ოფიცრად მუშაობდა ვ. მ-ი. ეს უკანასკნელი 2006 წლის 31 მაისიდან 2006 წლის 26 აგვისტომდე ასრულებდა საზღვაო ძალების საფინანსო განყოფილების უფროსის მოვალეობას.

ვ. ჭ-ე, როგორც სამხედრო-საზღვაო ძალების სარდლის მოადგილე, საქართველოს შეიარაღებული ძალების შინაგანი სამსახურის წესდების საფუძველზე, პასუხისმგებელი იყო საზღვაო ძალების დაქვემდებარებაში მყოფ სამხედრო ნაწილებში საბრძოლო მომზადების ორგანიზებისა და ხარისხიანად ჩატარებისათვის სასწავლო მატერიალური ბაზის შექმნის, მისი მუდმივი სრულყოფისა და მოვლა-პატრონობისათვის შინაგანი წესდების, სამხედრო დისციპლინის, საბრძოლო და სხვა ტექნიკის, საბრძოლო ჭურვების, საწვავისა და სხვა მატერიალურ საშუალებათა რაოდენობასა და მათი მდგომარეობის დაცვაზე. იგი ვალდებული იყო, აღეკვეთა სახელმწიფო საკუთრების უსაფუძვლო ხარჯვის ფაქტები, ორგანიზება გაეწია მათი სწორად გამოყენების, შენახვისა და მომსახურებისათვის, დაეცვა სახელმწიფოს ინტერესები, თანამდებობის მიღებისას და ჩაბარებისას დაენიშნა კომისიები, რომლებიც შეამოწმებდნენ ნაწილის საერთო მდგომარეობას, შეიარაღებისა და სხვა ტექნიკის რაოდენობას, მათ აღრიცხვას, რაზედაც უნდა შეედგინათ მიღება-ჩაბარების აქტი. იგი პასუხს აგებდა შეიარაღებისა და სხვა ტექნიკის, საბრძოლო მასალის, საბუღალტრო დოკუმენტაციისა და სხვა მატერიალური საშუალებების მდგომარეობაზე, მოვლასა და შენახვაზე, მან კი პირიქით, მითითებული წესდების საწინააღმდეგოდ, სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებით, ანგარებითა და პირადი მოტივით, არაერთგზის, დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მითვისების მიზნით, საზღვაო ძალების სარდლის _ აწ/გარდაცვლილი გ. ი-ს, ყოფილი სარდლის _ ლ. ბ-ს, ლოგისტიკისა და მატერიალური უზრუნველყოფის ყოფილი უფროსის _ ა. ო-ს, ამავე სამხედრო-საზღვაო ძალების საფინანსო განყოფილების უფროსის _ ბ. ჯ-ს, საფინანსო განყოფილების ბიუჯეტის მართვისა და დაგეგმარების ოფიცრის _ ვ. მ-ს მონაწილეობით შექმნა ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი.

ავტოსათადარიგო ნაწილების ეპიზოდი:

ამ მიზნით 2002 წლის იანვარში ვ. ჭ-ე და ა. ო-ი წინასწარ შეთანხმდნენ, რომ თავიანთ დაქვემდებარებაში მყოფი სამხედრო ნაწილი №51444-ის ტერიტორიაზე არსებული ავტოსათადარიგო ნაწილები მიეთვისებინათ, რაც 2002 წლის იანვარში მოიყვანეს სისრულეში. კერძოდ, ურთიერთშეთანხმებით, გამოძიებით დაუდგენელ პირებზე გასცეს და მიითვისეს სამხედრო ნაწილ №51444-ზე რიცხული 67 სხვადასხვა დასახელების, 20680 ლარისა და 30 თეთრის ღირებულების ავტოსათადარიგო ნაწილები.

ლოგისტიკისა და მატერიალური უზრუნველყოფის ბაზის ბალანსზე არსებული ადმინისტრაციული შენობა-ნაგებობის ეპიზოდი:

2002 წლის თებერვლიდან 2003 წლის დეკემბრამდე ვ. ჭ-მ და ა. ო-ა ურთიერთშეთანხმებით, სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებით, ლოგისტიკისა და მატერიალური უზრუნველყოფის ბაზის ბალანსზე არსებული ადმინისტრაციული შენობა-ნაგებობანი, ღირებული 22455 ლარად და 43 თეთრად, რომელიც უნდა გადაეცათ სტაციონარული ლოგისტიკური უზრუნველყოფისათვის, არ გასცეს, პირიქით, წინასწარი შეთანხმებით განზრახ დააზიანეს, დახსნეს, გაანადგურეს, გაყიდეს გამოძიებით დაუდგენელ პირებზე, აღებული თანხა კი მიითვისეს. ასევე, ა. ო-ა ზოგიერთი დახსნილი ნაწილი, კერძოდ, 18 ცალი ბეტონის ფილა, ღირებული 360 ლარად, 10 რკინა-ბეტონის სინკარი, ღირებული 250 ლარად, 270 ცალი ბლოკი, ღირებული 75 ლარად, 50 ცალი აგური, ღირებული 5 ლარად, პირადად მიითვისა და გამოიყენა თავისი საცხოვრებელი სახლის, მდებარე ქ.ფ-ი, ე. მ-ს ქ.№...-ში, მშენებლობისათვის.

დიზელგენერატორების გარეთა ჩარჩოების ეპიზოდი:

2002 წლის 22 ივნისს საზღვაო ძალების უფროსმა გ. ი-მ გამოსცა ბრძანება №237 სამხედრო ნაწილი №22684-დან სამხედრო ნაწილ №51444-ზე 2 ცალი დიზელგენერატორის გადაცემის შესახებ, თითოეული- ღირებული 1000 ლარად, ორივე - ღირებული 2000 ლარად. მითითებულ დროს, 2002 წლის 26 თებერვლიდან 2002 წლის 9 დეკემბრამდე, სამხედრო ნაწილის უფროსი იყო ვ. ჭ-ე, რომელმაც ჩაიბარა ორივე დიზელგენერატორი. სამხედრო ნაწილის უფროსის, ვ. ჭ-ს მითითებით, გენერატორის ძრავები ჩადგეს და შეაკეთეს სამხედრო ნაწილზე რიცხული სატვირთო ავტომანქანები, ხოლო გენერატორის გარეთა ჩარჩოები შეინახეს სამხედრო ნაწილის საწყობში, ისე, რომ შემოსავალში არ აუღიათ. 2002 წლის 9 დეკემბრიდან დასახელებული სამხედრო ნაწილის მეთაურად დაინიშნა ა. ო-ი. ვ. ჭ-მ ამ უკანასკნელთან შეთანხმებით, გამოძიებით დაუდგენელი ავტომანქანით გაიტანა ეს ორივე ჩარჩო, რომლებიც გაყიდეს და აღებული თანხა მიითვისეს.

რეზერვუარ „ზაკ-21 ც-3-ის“ ეპიზოდი:

2003 წლის 9 თებერვალს სამხედრო ნაწილი №51444-ის ლოგისტიკისა და ინფრასტრუქტურის განყოფილებას სამხედრო ნაწილი №22684-ის მიერ გადაეწერა 1 ცალი, 500 ლარად ღირებული რეზერვუარი „ზაკ-21 ც-3“. საქონელი უნდა მიეღო სამხედრო ნაწილი №51444-ის მეთაურს, ა. ო-ს, მაგრამ მასთან წინასწარი შეთანხმებით, იმავე დღეს მიიღო საზღვაო ძალების სარდლის მოადგილემ ვ. ჭ-მ. ა. ო-ა და ვ. ჭ-მ დასახელებული საქონელი არ აიყვანეს შემოსავალში, გაყიდეს და აღებული თანხა მიითვისეს.

სამხედრო გემი, ბორტი 302 „თ-ს“ ფრთის ეპიზოდი:

2003 წლის 11 მარტს ვ. ჭ-ე და ა. ო-ი წინასწარ შეთანხმდნენ, მის დაქვემდებარებაში მყოფი სამხედრო ნაწილი №51444-ის ტერიტორიაზე შესანახად არსებული სამხედრო გემი, ბორტი 302 „თ-ს“ ფრთა, ღირებული 12 600 ლარად, მიეთვისებინათ. აღნიშნულისათვის ა. ო-ი სამუშაო საათების შემდეგ ტელეფონით დაუკავშირდა მითითებული სამხედრო ნაწილის იმ დღის პასუხისმგებელ მორიგე გ. ფ-ს, რომელსაც სიტყვიერად დაავალა, რომ მასთან, ვ. ჭ-ნ შეთანხმებით, მივიდოდა სატვირთო ავტომანქანა ამწეთი და უნდა გაეტანებინა დასახელებული გემის ფრთა. მართლაც, რამდენიმე წუთში მივიდა გ. ფ-ს უცნობი სატვირთო ავტომანქანა ამწეთი, მათ დატვირთეს ავტომანქანაზე ფრთა და გაიტანეს გაურკვეველი მიმართულებით. იქვე მოვიდა საკუთარი ავტომანქანით ვ. ჭ-ე და მათ გაჰყვა. ა. ო-ა და ვ. ჭ-მ მითვისებული გემის ფრთა ჩააბარეს გამოძიებით დაუდგენელ ჯართის პუნქტში და აღებული ფული ურთიერთგაინაწილეს.

ტაბელური პისტოლეტის, წყალქვეშა ფანრებისა და ადაპტორის ეპიზოდი:

2003 წლის 8 ოქტომბრიდან საზღვაო ძალების სარდლის მოადგილე ვ. ჭ-ე გაპიროვნებული იყო ტაბელური №1418 პმ-ის ტიპის პისტოლეტი, ორი მჭიდით, ერთი ღვედით, ერთი ბუდით, ერთი საწმენდით, სულ ღირებული - 700 ლარად; წყალქვეშა გერმანული ტიპის ორი ფანარი, სულ ღირებული - 600 ლარად და ერთი ცალი ადაპტორი, ღირებული - 50 ლარად.

ვ. ჭ-ე 2004 წლის 8 იანვარს იმყოფებოდა ლ-ს რაიონის სოფელ წ-ი, სადაც გაურკვეველ ვითარებაში დაკარგა მასზე გაპიროვნებული პისტოლეტი, რომელიც რამდენიმე დღის შემდეგ იმავე სოფელში, რკინიგზის ლიანდაგთან, აღმოაჩინეს ლ-ს პოლიციის თანამშრომლებმა. მიუხედავად იმისა, რომ ვ. ჭ-ე აგრძელებდა სამსახურებრივ მოვალეობას, აღნიშნულის შესახებ არ განაცხადა კანონის დაცვით საზღვაო ძალების ხელმძღვანელობასთან და სხვა შესაბამის ორგანოებში, მათ შორის, ტერიტორიულად - ლ-ს რაიონის პოლიციაში, რაც გახდა საფუძველი იმისა, რომ თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი მითითებული პისტოლეტი მოხვდა შს სამინისტროს შეიარაღების საწყობში, ისე, რომ ქ.ფ-ს საზღვაო ძალების სარდლობა არ იყო ინფორმირებული ამ იარაღსა და მასალებზე მიღებული გადაწყვეტილების შესახებ. უფრო მეტიც, 2005 წლის 18 აგვისტოს, მისი სამუშაოდან გათავისუფლების შემდეგ, მან შეგნებულად დამალა და არ მიიღო ზომები იარაღისა და სხვა მატერიალურ ფასეულობათა საზღვაო ძალების შეიარაღების საწყობში ჩასაბარებლად. პირიქით, დასახელებული ორი ფანარი და ერთი ადაპტორი მიითვისა.

მ. ჯ-ა და ს. ტ-ს ეპიზოდი:

2000-2002 წლებში ქ.ფ-ს სამხედრო-საზღვაო ძალების თანამშრომლები: მ. ჯ-ა, ს. ტ-ი და ი. დ-ე სამსახურებრივად მიავლინეს უ-ს რესპუბლიკის ქ. ბ-ი, რაზედაც მათთვის უნდა გამოეყოთ მივლინების თანხა, შესაბამისად: 5821 ლარი, 9979 ლარი და 4950 ლარი, სულ - 20 750 ლარი, მაგრამ აღნიშნული თანხა იმ პერიოდში მისი უქონლობის გამო ვერ გამოყვეს და საზღვაო ძალებს წარმოეშვა ამ პირების დავალიანება. მიუხედავად იმისა, რომ მ. ჯ-ა, ს. ტ-ი და ი. დ-ე სისტემატურად სიტყვიერად მიმართავდნენ საზღვაო ძალების ხელმძღვანელობას, მათ შორის, სარდლის მოვალეობის შემსრულებელ ლ. ბ-ს, მის პირველ მოადგილეს ვ. ჭ-ს, საფინანსო განყოფილების უფროსს ბ. ჯ-ს და ამავე განყოფილების ბიუჯეტის მართვის დაგეგმარების ოფიცერ ვ. მ-ს, მათ მაინც არ გადაუხადეს დავალიანების თანხა. პირიქით, ლ. ბ-ე, ვ. ჭ-ე, ვ. მ-ი და ბ. ჯ-ი წინასწარ შეთანხმდნენ, რომ მ. ჯ-ს, ს. ტ-ა და ი. დ-ს კუთვნილი თანხები მიეთვისებინათ. ამიტომ ვ. ჭ-ე შვებულებაში ყოფნის პერიოდში სპეციალურად ჩავიდა ქ. ბ-ი, სადაც მოტყუებით, თარიღის ჩვენების გარეშე დააწერინა მ. ჯ-ს და ს. ტ-ს ხელწერილი იმის შესახებ, რომ ისინი თანახმანი იყვნენ მათი კუთვნილი თანხა გაცემულიყო და აეღო ვ. ჭ-ს. ამ უკანასკნელმა აღნიშნული ხელწერილი წარუდგინა ლ. ბ-ს, რომელიც, ნოტარიული მინდობილობისა და სხვა დოკუმენტაციის მოთხოვნის გარეშე, დაეთანხმა და სათანადო რეზოლუცია დაადო ხელწერილებს. აღნიშნულის შემდეგ, ბ. ჯ-ი, ლ. ბ-ე, ვ. მ-ი და ვ. ჭ-ე ურთიერთშეთანხმებით, თანხის მითვისების მიზნით, უკანონოდ შეთანხმდნენ, რომ 2005 წლის 29 აპრილს „ბლექსიფორის“ სწავლებიდან გ. ე-ს მიერ დაბრუნებული თანხა - 53 960 აშშ დოლარი არ შეეტანათ კანონის შესაბამისად საზღვაო ძალების სალაროში და ქ.ფ-ი მდებარე ე-ს ფილიალში არსებულ საზღვაო ძალების №.... ანგარიშზე. ამ მიზნის შესასრულებლად, მიუხედავად იმისა, რომ საზღვაო ძალებს ჰყავდა მოლარე-ხაზინადარი ნ. თ-ა, საფინანსო განყოფილების უფროსი ბ. ჯ-ი, „ბლექსიფორის“ სწავლებიდან დაბრუნებული 53 690 აშშ დოლარის ანგარიშვალდებულ პირად ლ. ბ-მ გამოყო ვ. მ-ი და 2005 წლის 29 აპრილს, დაახლოებით 15 საათზე, ჩააბარა ეს თანხა. იგი თანხას 29 აპრილის 15 საათიდან 30 აპრილის 11 საათამდე უკანონოდ ინახავდა სახლში, მაშინ, როდესაც საზღვაო ძალებს გააჩნდა სალაროს სათანადო ოთახი რკინის სეიფით, რასაც იცავდა ოპერატიული ჯგუფი. ვ. მ-ა, შეთანხმებისამებრ, თანხა საზღვაო ძალების სალაროში და მის ანგარიშზე არ შეიტანა, პირიქით, მან და ბ. ჯ-ა 2005 წლის 3 მაისს მოლარე-ხაზინადარ ნ. თ-ს მოტყუებით გამოაწერინეს სალაროს ყალბი ქვითარი, რაშიც 53960 აშშ დოლარის ნაცვლად ჩაწერეს 98293 ლარი, თითქოსდა, მითითებული თანხა საზღვაო ძალების სალაროში იყო შეტანილი. ვ. მ-ა კი პირიქით, 2005 წლის 30 აპრილს თანხა შეიტანა ს-ი, პირად ანგარიშზე, საიდანაც გამოიტანა 4 მაისს და იმავე დღეს შეიტანა „თ-ი“ ბანკში პირად ანგარიშზე. ამ დროს ბანკში შეტანილი 53960 აშშ დოლარი შეადგენდა 98 611 ლარს და არა - სალაროს ქვითარში აღნიშნულ 98 293 ლარს, რითაც 318 ლარის ზიანი მიაყენა სახელმწიფოს. ვ. მ-ა მითითებული თანხიდან 2005 წლის 7 მაისს 5689 აშშ დოლარი „თ-ი“ ბანკიდან გაიტანა და დაიტოვა პირადად, ხოლო დარჩენილი 48271 აშშ დოლარი „თ-ი“ ბანკიდან გაიტანა 2005 წლის 13 მაისს, იქვე ბანკის სალაროში მოახდინა ლარში კონვერტაცია და ხელზე მიიღო 87804,95 ლარი. ამ თანხიდან, ზემდგომის თანხმობის გარეშე, ზემოთ მითითებულმა ორგანიზებულმა ჯგუფმა გამოწერა დავალიანების თანხა მ. ჯ-ა და ს. ტ-ე გასაცემად, მაშინ, როდესაც „ბლექსიფორის“ სწავლების თანხის გაცემა ამ დანიშნულებით არ შეიძლებოდა და უკანონო იყო. ბ. ჯ-ა, შეთანხმებისამებრ, 2005 წლის 5 მაისს შეადგინა უნომრო უწყისი 15800 ლარზე, მათ შორის, მ. ჯ-ე - 5821 ლარზე და ს. ტ-ე - 9879 ლარზე. თანხა გასცა და მიღებაზე ხელი მოაწერა ვ. ჭ-მ. აღნიშნული თანხა ვ. ჭ-მ, ლ. ბ-მ, ვ. მ-ა და ბ. ჯ-ა ურთიერთგაინაწილეს და მიითვისეს. ყოველივე აღნიშნული არ იყო ცნობილი ქ. ბ-ნ ჩამოსული და რამდენიმე დღეში ამავე ქალაქში უკან მიმავალი მ. ჯ-ა და ს. ტ-ს, რის გამოც მათ სიტყვიერად მიმართეს საზღვაო ძალების სარდლის მოვალეობის შემსრულებელს ლ. ბ-ს, საფინანსო განყოფილების უფროსს ბ. ჯ-ს და ამავე განყოფილების ბიუჯეტის მართვის დაგეგმარების ოფიცერს ვ. მ-ს და მოითხოვეს მათი კუთვნილი დავალიანების თანხის გაცემა. აღნიშნულზე 2005 წლის 12 აგვისტოს და 7 სექტემბერს, ამ პირების დამაჯერებლად დარწმუნების მიზნით, რათა არ წასულიყვნენ ზემდგომ ორგანოებში საჩივრის დასაწერად, გასცეს ყალბი ცნობები №201 და №221, რითაც უდასტურებდნენ, რომ მათ ამ პერიოდისათვის ერგებოდათ 5831 და 9979 ლარი. აღნიშნული ქმედებით ბ. ჯ-ა, ლ. ბ-მ, ვ. ჭ-მ და ვ. მ-ა შეგნებულად დაფარეს მათი მხრიდან მ. ჯ-ა და ს. ტ-ს კუთვნილი თანხის მითვისება. 2005 წლის იანვარში ი. დ-მ მიმართა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობას, რის საფუძველზეც მან 2005 წლის 21 იანვარს ქ. თ-ი თავდაცვის სამინისტროს საფინანსო სამსახურიდან მიიღო მისი კუთვნილი დავალიანების თანხა - 4950 ლარი, რაც ქ.ფ-ი დაბრუნების შემდეგ, 2005 წლის მარტ-აპრილის თვეებში განუცხადა ლ. ბ-ს, ვ. მ-ა და ბ. ჯ-ს, აუხსნა, რომ მან საფინანსო სამსახურში მიიღო 4950 ლარი და დავალიანება არ გააჩნდა. აღნიშნული ცნობილი გახდა ლ. ბ-ს, ვ. მ-ა და ბ. ჯ-ს, რომლებმაც 2005 წლის ივნისში, ურთიერთშეთანხმებით, თანხის არაერთგზის მართლსაწინააღმდეგოდ მითვისების მიზნით, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ყალბად, უკანონოდ, ზემდგომის ნებართვის გარეშე გამოწერეს ცალკე უწყისი „ბლექსიფორის“ სწავლებიდან დარჩენილი თანხიდან ი. დ-ს სახელზე 4950 ლარის გაცემაზე. თანხის გაცემაზე ბ. ჯ-ა პირადად მოაწერა ხელი, თანხა კი ურთიერთგაინაწილეს და მიითვისეს. დარჩენილი 72054,95 ლარი ვ. მ-ა ბანკიდან გამოტანის დღეს – 2005 წლის 13 მაისს გადასცა ბ. ჯ-ს, რომელმაც ეს თანხა იმავე დღეს შეიტანა საზღვაო ძალების ანგარიშზე.

„გაზ-66“ მარკის ავტომანქანის ძარისა და კაბინის ეპიზოდი:

2002 წელს ვ. ჭ-მ და აწ/გარდაცვლილმა გ. ი-მ ურთიერთშეთანხმებით გაფლანგეს საზღვაო ძალების კუთვნილი ქონება, კერძოდ, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის ყოფილ უფროსს, გ.თ-ს სიტყვიერად დაავალეს, რომ ამავე ბაზაზე რიცხული ავტომანქანა „გაზ-66-ის“ ძარა და კაბინა, ღირებული 3000 ლარად, გაეცათ მოქალაქე ო.ფ-ე, რაც მან შეასრულა.

საბრალდებო დასკვნის თანახმად, ვ. ჭ-ა და ბ. ჯ-ის ქმედებით სახელმწიფოს მიადგა - 84 445,73 ლარის ზარალი (60 685,73+20 760+3 000) და მთლიანობაში მან ჩაიდინა დანაშაულები, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით, 182-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით, 182-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, 332-ე მუხლის პირველი ნაწილითა და მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 341-ე მუხლით, 397-ე მუხლის მეორე ნაწილითა და 399-ე მუხლით.

3. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 17 აგვისტოს განაჩენით:

ვ. ჭ-ს მოეხსნა საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და 332-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება.

ვ. ჭ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „გ“, „დ“ ქვეპუნქტებით - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით - 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, 332-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, 341-ე მუხლით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, 397-ე მუხლის მე-2 ნაწილით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, 399-ე მუხლით - არ დაენიშნა სასჯელი სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო. საქართველოს სსკ-ის (ახალი რედაქცია) 59-ე მუხლის თანახმად, მთლიანად შეიკრიბა ამ დანაშაულთათვის გათვალისწინებული სასჯელები და ვ. ჭ-ს საბოლოოდ სასჯელის ზომად განესაზღვრა 20 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა უნდა დაეწყოს დაპატიმრების დღიდან.

საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ვ. ჭ-ს დამატებითი სასჯელის სახით შეეფარდა ჯარიმა - 5000 ლარი.

მასვე საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის შესაბამისად, აეკრძალა თანამდებობის დაკავების უფლება 3 წლით.

იმავე განაჩენით მსჯავრი დაედოთ ბ. ჯ-ს, ვ. მ-ა და ლ. ბ-ს.

სამოქალაქო მოსარჩელეების - მ. ჯ-ა და ს. ტ-ს სარჩელი დარჩა ღიად და მათ მიეცათ უფლება, იდაონ სამოქალაქო სამართალწარმოების წესით.

4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ვ. ჭ-მ და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ჯ. ზ-მ. აპელანტებმა ითხოვეს ფოთის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 17 აგვისტოს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის გამოტანა იმ საფუძვლით, რომ საქმეში არ მოიპოვებოდა ვ. ჭ-ს ბრალეულობის დამადასტურებელი მტკიცებულებები და გასაჩივრებული განაჩენი აგებული იყო მხოლოდ ვარაუდებზე.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 6 თებერვლის განაჩენით ფოთის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 17 აგვისტოს განაჩენში შევიდა შემდეგი ცვლილება, კერძოდ:

განაჩენიდან ამოირიცხა ვ. ჭ-ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 399-ე მუხლით შერაცხული მსჯავრი და ბრალდების ამ ეპიზოდში მის მიმართ შეწყდა სისხლისსამართლებრივი დევნა, თანახმად საქართველოს 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 28-ე მუხლის მე-3 ნაწილისა.

ვ. ჭ-ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „გ“, „დ“ ქვეპუნქტებით, 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“ ქვეპუნქტებით, 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 332-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 397-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ავტოსათადარიგო ნაწილების, ლოგისტიკისა და მატერიალური უზრუნველყოფის ბაზის ბალანსზე არსებული ადმინისტრაციული შენობა-ნაგებობის, დიზელგენერატორების გარეთა ჩარჩოების, რეზერვუარ „ზაკ-21 ც-3-ის“, სამხედრო გემის ბორტი 302 „თ-ს“ ფრთის, წყალქვეშა ფანრებისა და ადაპტორის, „გაზ-66“ მარკის ავტომანქანის ძარისა და კაბინის ეპიზოდები) და 341-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და გამართლდა.

ვ. ჭ-ს ბრალდებიდან ამოერიცხა საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა”, „ბ“, „გ“ ქვეპუნქტები (მ. ჯ-ა და ს. ტ-ს ეპიზოდი), როგორც ზედმეტად წარდგენილი

ვ. ჭ-ს ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (მ. ჯ-ა და ს. ტ-ს ეპიზოდი), გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტსა (2006 წლის 30 მაისამდე მოქმედი რედაქცია) და 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე (ამჟამად მოქმედი რედაქცია), რისთვისაც სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 20000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ

საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ვ. ჭ-ს 2010 წლის 8 ნოემბრიდან 2011 წლის 23 აგვისტომდე და 2015 წლის 13 იანვრიდან იმავე წლის 30 იანვრის ჩათვლით - საექსტრადიციო პატიმრობაში ყოფნის, ასევე საქართველოში ექსტრადიციის შემდეგ - 2015 წლის 31 იანვრიდან 2017 წლის 6 თებერვლამდე პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, შეუმსუბუქდა შეფარდებული სასჯელი და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 5000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. განაჩენი ვ. ჭ-ს საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და 332-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდებების მოხსნის ნაწილში დარჩა უცვლელად.

ვ. ჭ-ე დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

6. გასაჩივრებული განაჩენის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა დაცვის მხარის მოსაზრებები საქმეში ვ. ჭ-ს ბრალეულობის დამადასტურებელ მტკიცებულებათა არარსებობისა და ბრალდების ყველა ეპიზოდში მისი უდანაშაულობის შესახებ, ვინაიდან მიიჩნია, რომ საქმეზე შეკრებილ და სასამართლოში გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით უტყუარად დადასტურდა ვ. ჭ-ს მიერ მ. ჯ-ა და ს. ტ-ს კუთვნილი დავალიანების თანხების მართლსაწინააღმდეგო დაუფლების ფაქტი, თუმცა მისი ქმედება ბრალდების მითითებულ ეპიზოდში, დაკვალიფიცირებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, გადააკვალიფიცირა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტსა (2006 წლის 30 მაისამდე მოქმედი რედაქცია) და 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე (ამჟამად მოქმედი რედაქცია).

ბრალდების იმავე ეპიზოდში სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დადასტურდა ვ. ჭ-ს მიერ საქართველოს სსკ-ის 341-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, რის გამოც მითითებულ ნაწილში იგი უდანაშაულოდ ცნო და გაამართლა, ხოლო საქართველოს სსკ-ის 399-ე მუხლით (სამსახურებრივი სარგებლობისათვის მინდობილი იარაღისა და სხვა სამხედრო ქონების შენახვის წესის დარღვევისათვის, რამაც მისი დაკარგვა გამოიწვია) წარდგენილი ბრალდების ნაწილში, საქართველოს 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 28-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვიტა.

რაც შეეხება ბრალდების დანარჩენ ეპიზოდებს, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ბრალდების მხარემ ვერ წარადგინა ეჭვის გამომრიცხავ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც უტყუარად დაადასტურებდა ავტოსათადარიგო ნაწილების, ლოგისტიკისა და მატერიალური უზრუნველყოფის ბაზის ბალანსზე არსებული ადმინისტრაციული შენობა-ნაგებობის, დიზელგენერატორების გარეთა ჩარჩოების, რეზერვუარ „ზაკ-21 ც-3-ის“, სამხედრო გემი ბორტი 302 „თ-ს“ ფრთის, წყალქვეშა ფანრებისა და ადაპტორის, „გაზ-66“ მარკის ავტომანქანის ძარისა და კაბინის ეპიზოდებში ვ. ჭ-ს მიმართ ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედებების ჩადენას. სააპელაციო პალატის აზრით, პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა აღნიშნული დანაშაულების ჩადენაში ვ. ჭ-ს ბრალეულობის თაობაზე დაფუძნებული იყო მხოლოდ დაუსაბუთებელ ვარაუდებზე და გაუგებარია, რომელ მტკიცებულებებზე დაყრდნობით მივიდა სასამართლო ასეთ დასკვნამდე. საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენისას და მათი შეფასებისას საქმეში არსებული მტკიცებულებები ერთობლივად არ იყო განხილული და შეფასებული, მათი საკმარისობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. განაჩენში არ იყო მოცემული საქმის გარემოებათა ყოველმხრივი, სრული და ობიექტური ანალიზი, რამაც საბოლოოდ განაპირობა სამართლებრივად არასწორი დასკვნების გამოტანა.

სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა სახელმწიფო ბრალმდებლის მითითება, რომ სხვა პირთა მიმართ გამოტანილი კანონიერ ძალაში შესული განაჩენებით დადგენილია ვ. ჭ-ს მონაწილეობა ზემოაღნიშნული დანაშაულების ჩადენაში და მათ ენიჭებათ პრეიუდიციული ძალა. პალატამ ჩათვალა, რომ ეს გარემოება არ შეიძლება გახდეს ვ. ჭ-ს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი, ვინაიდან, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 113-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა” ქვეპუნქტის თანახმად, მტკიცებულებათა წარმოდგენის გარეშე არსებულად ითვლება პრეიუდიციები, რომლებიდანაც გამომდინარეობს, რომ სხვა სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მათი სამართლებრივი შეფასება სავალდებულოა სასამართლოს, პროკურორის, გამომძიებლისა და მოსამართლისათვის, თუ პროცესის არც ერთი მონაწილე საეჭვოდ არ ხდის ამ განაჩენის კანონიერებას; ამავე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად კი, პრეიუდიციულად დადგენილი ფაქტი შეიძლება უარყოს მხარემ, სასამართლოს განაჩენმა, სხვა შემაჯამებელმა გადაწყვეტილებამ ან დადგენილებამ, თუ ეს ფაქტი ეწინააღმდეგება სასამართლოში მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგებსა და მოსამართლეთა შინაგან რწმენას, ხოლო მეოთხე ნაწილის მიხედვით, სასამართლოს, რომელიც შინაგანი რწმენით შეაფასებს მტკიცებულებებს, უფლება აქვს, გამოიტანოს განაჩენი ან სხვა გადაწყვეტილება პრეიუდიციის მიუხედავად.

ამდენად, სააპელაციო პალატამ ბრალდების ამ ეპიზოდებში ვ. ჭ-ე უდანაშაულოდ ცნო და გაამართლა.

სააპელაციო პალატამ ასევე აღნიშნა, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ვ. ჭ-ს მიმართ სამხედრო-საზღვაო ძალების მიერ წარდგენილი სამოქალაქო სარჩელი პირველი ინსტანციის სასამართლომ საერთოდ არ განიხილა, ხოლო მ. ჯ-ა და ს. ტ-ს სამოქალაქო სარჩელები დარჩა ღიად და მოსარჩელეებს მიეცათ უფლება, ედავათ სამოქალაქო სამართალწარმოების წესით, თუმცა ამ ნაწილში განაჩენი სააპელაციო წესით არ გასაჩივრებულა და, შესაბამისად, პალატა მოკლებულია სამართლებრივ შესაძლებლობას, იმსჯელოს ამ ნაწილში ფოთის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 17 აგვისტოს განაჩენის კანონიერებაზე.

6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 6 თებერვლის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს მთავარი პროკურატურის პროკურორმა გიორგი დოლაკიძემ, მსჯავრდებულმა ვ. ჭ-მ და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა გ. ძ-მ.

პროკურორი საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ სააპელაციო პალატამ ავტოსათადარიგო ნაწილების, ლოგისტიკისა და მატერიალური უზრუნველყოფის ბაზის ბალანსზე არსებული ადმინისტრაციული შენობა-ნაგებობის, დიზელგენერატორების გარეთა ჩარჩოების, რეზერვუარ „ზაკ-21 ც-3-ის“, სამხედრო გემი ბორტი 302 „თ-ს“ ფრთის, წყალქვეშა ფანრებისა და ადაპტორის, „გაზ-66“ მარკის ავტომანქანის ძარისა და კაბინის ეპიზოდებში საერთოდ შეფასების გარეშე დატოვა საქმეში წარმოდგენილი მთელი რიგი მტკიცებულებები, ხოლო რაც შეეხება მ. ჯ-ა და ს. ტ-ს ბრალდების ეპიზოდს, სააპელაციო პალატამ ამ ნაწილშიც სამართლებრივად არასწორად შეაფასა და ვ. ჭ-ს ქმედება დააკვალიფიცრა არა როგორც მითვისება და სამსახურებრივი სიყალბე, არამედ - როგორც თაღლითობა, რაც, მისი აზრით, უკანონოა. პროკურორი ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 6 თებერვლის განაჩენის გაუქმებასა და საქმის ახალი სასამართლო განხილვისათვის დაბრუნებას.

მსჯავრდებული ვ. ჭ-ე და მისი ინტერესების დამცველი, ადვოკატი გ. ძ-ა საკასაციო საჩივრით ითხოვენ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 6 თებერვლის განაჩენის გაუქმებასა და გამამართლებელი განაჩენის გამოტანას, ვინაიდან განაჩენი არის დაუსაბუთებელი, უკანონო და ეყრდნობა მხოლოდ ვარაუდებს. დაცვის მხარე ასევე ითხოვს იმავე პალატის 2016 წლის 31 ოქტომბრისა და 2017 წლის 23 იანვრის განჩინებების გაუქმებას.

7. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს, კერძოდ:

ა) საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;

ბ) გადაწყვეტილება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

გ) ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს ისეთი მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა განხილვის შედეგზე.

8. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას და მიუთითებს, რომ ავტოსათადარიგო ნაწილების, ლოგისტიკისა და მატერიალური უზრუნველყოფის ბაზის ბალანსზე არსებული ადმინისტრაციული შენობა-ნაგებობის, დიზელგენერატორების გარეთა ჩარჩოების, რეზერვუარ „ზაკ-21 ც-3-ის“, სამხედრო გემი ბორტი 302 „თ-ს“ ფრთის, წყალქვეშა ფანრებისა და ადაპტორის, „გაზ-66“ მარკის ავტომანქანის ძარისა და კაბინის ბრალდების ეპიზოდებში წარმოდგენილი მტკიცებულებები არასაკმარისია გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, ხოლო რაც შეეხება მ. ჯ-ა და ს. ტ-ს ბრალდების ეპიზოდს, მითითებულ ნაწილში სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ ვ. ჭ-ს ქმედება სამართლებრივად სწორად აქვს შეფასებული და არ არსებობს ამ ნაწილში მსჯავრდებულის როგორც გამართლების, ასევე მისი ქმედების კვალიფიკაციის შეცვლის საფუძველი.

9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.

10. საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს მთავარი პროკურატურის პროკურორ გიორგი დოლაკიძის, მსჯავრდებულ ვ. ჭ-ა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ძ-ს საკასაციო საჩივრები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 6 თებერვლის განაჩენზე არ იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

გ. შავლიაშვილი