საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 11.10.2018
საქმის ნომერი
2კ-230აპ.-18
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
11.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010141318700058345

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №230აპ-18 ქ. თბილისი

დ.გ. 230აპ-18 11 ოქტომბერი, 2018 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),გიორგი შავლიაშვილი, პაატა ქათამაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 27 თებერვლის განაჩენზე საქართველოს მთავარი პროკურატურის საპროკურორო ზედამხედველობის სამმართველოს უფროსი პროკურორის - ამირან გულუაშვილისა და მსჯავრდებულ გ. დ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატების - დ. ა-ს და დ. კ-ს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად:

გ. დ-ს ბრალი დაედო ჯგუფურად, ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობაში.

მანვე ჩაიდინა ძალადობითა და იარაღის გამოყენებით, მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც ფიზიკური პირის უფლების, საზოგადოებისა და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია.

დ. ა-ს ბრალი დაედო ჯგუფურად, ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობაში.

მანვე ჩაიდინა: მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც საზოგადოებისა და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია; ძალადობითა და იარაღის გამოყენებით, მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც ფიზიკური პირის უფლების, საზოგადოების და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია; განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შესახებ სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულების ფალსიფიკაცია, რამაც გამოიწვია მძიმე შედეგი.

მათ მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2...... ბრძანებით დ. ა. დაინიშნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობაზე და ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის თანახმად, წარმოადგენდა მოხელეს.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2... ბრძანებით გ. დ. დაინიშნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მეორე სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე და „საჯარო სამსახურის შესახებ” 1997 წლის 31 ოქტომბრის საქართველოს კანონის მე-6 მუხლის თანახმად, წარმოადგენდა მოხელეს.

2006 წლის იანვრის დასაწყისში, იმ დროისათვის სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარემ, ბ. ა-მ მიიღო ინფორმაცია სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №1 დაწესებულებიდან პატიმართა შესაძლო გაქცევის შესახებ. ბ. ა-მ აღნიშნულის თაობაზე ამცნო თავის ძმას, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორს, დ. ა-ს. ბ. ა-სადმი სასჯელაღსრულების დაწესებულებებში პატიმართა შორის შიშისა და სისასტიკის სინდრომის დანერგვისათვის, ასევე სახელმწიფოში ძმებ ა-ს თანამდებობრივი ავტორიტეტისა და ძალაუფლების გასამყარებლად, დ.ა-მ დაგეგმა, ორგანიზება გაუკეთა და სისრულეში მოიყვანა შემდეგი:

2006 წლის 12 იანვარს ბ. ა-მ თავის ძმას, დ. ა-ს №... წერილით აცნობა, რომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №1 დაწესებულებიდან მზადდებოდა პატიმრების მასობრივი გაქცევა და ამავე წერილით ითხოვა რეაგირება. მიუხედავად იმისა, რომ დ. ა. იყო კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორი და ჰქონდა გამოძიების უმალ დაწყების უზრუნველყოფის შესაბამისი ვალდებულება, გადაამეტა თავის უფლებამოსილებას და არ უზრუნველყო გამოძიების დაწყება.

გარდა ამისა, ბ. ა-მ, თავის მხრივ, დაიყოლია იმ დროს სად-ის №.. დაწესებულებაში მოთავსებული პატიმარი გ.გ., რომ თითქოსდა გაქცევის ორგანიზებაში ჩაერთო თავისი ძმა - შ.(მ.) გ-ც. ამ უკანასკნელისათვის გასაქცევად საჭირო იარაღის გადაცემას კი უზრუნველყოფდა თავად ბ. ა. მან ასევე უზრუნველყო ძმებ გ-ებს შორის კავშირი, რის შედეგადაც მისთვის ცნობილი გახდა, რომ 12 იანვარს, დაახლოებით 2100 საათზე, შ. (მ.) გ., მეგობრებთან, რ. ს-ს და მ. ა-სთან ერთად მივიდოდა თ. მიმდებარე ტერიტორიაზე, რომელთა ხსენებულ ადგილზე უშუალო მიყვანას, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მეორე სამმართველოს უფროსის გ. დ-ს დავალებით, უზრუნველყოფდა იმავე დეპარტამენტის თანამშრომელი ა. ს.

პარალელურ რეჟიმში, ბ. ა-მ აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა დ. ა-ს. თავის მხრივ, დ. ა-მ, სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან განსაკუთრებული სისასტიკის წარმოჩენის, საკუთარი და ძმის ძალაუფლების დემონსტრირებისა და პატიმრებს შორის შიშის სინდრომის დასანერგად დაგეგმა, ორგანიზება გაუკეთა და სისრულეში მოიყვანა მ. გ-ს, რ. ს-ს და მ. ა-ს მკვლელობა, კერძოდ:

2006 წლის 12 იანვარს დ. ა., კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მეორე სამმართველოს უფროსი გ. დ., კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მეორე სამმართველოს უფროსის მოადგილე ლ. ქ., კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აქტიურ ღონისძიებათა სამმართველოს (სპეცდანიშნულების რაზმი) უფროსის მოადგილე შ. თ., კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის პირველი სამმართველოს მე-2 განყოფილების უფროსი ოპერატიული თანამშრომელი გ. მ., კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის სხვა თანამშრომლებთან და სპეცდანიშნულების რაზმის წევრებთან ერთად, მივიდნენ ავტოსადგურ ნავთლუღის მიმდებარე ტერიტორიაზე. დ. ა-ს ორგანიზებით, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლები განლაგდნენ იმგვარად, რომ ნავთლუღის ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორია ჩაკეტილიყო სამი მხრიდან, ხოლო მეოთხე მხრიდან მისულ პირებს არ ჰქონოდათ გაქცევის არანაირი შესაძლებლობა. მათ აღნიშნულ ტერიტორიაზე უზრუნველყვეს შ-. (მ.) გ-ს, რ. ს-ს და მ. ა-ს მისვლა. დაახლოებით 2115 საათზე, მითითებული პირების ხსენებულ ტერიტორიაზე მისვლისთანავე, დ. ა., გ. მ., ლ.ქ., გ. დ. და რამდენიმე ნიღბიანი პირი გადმოვიდნენ ავტომანქანებიდან, შეჰყვნენ წინასწარ მომზადებულ, ხსენებულ ადგილას და ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე დაიწყეს მიზანმიმართული ინტენსიური სროლა უიარაღო შ. გ-ს, რ. ს-ს და მ. ა-ს მიმართულებით. ხსენებული პირები შეეცადნენ სხვადასხვა მიმართულებით გაქცევას, თუმცა სროლების შედეგად მიყენებული დაზიანებების გამო, სამივე მათგანი დაეცა მიწაზე. ცეცხლსასროლი ავტომატური იარაღით შეიარაღებული დ. ა. მივიდა ძირს დაცემულ შ. (მ.) გ--სთან და მისი მიმართულებით მოახდინა ერთი საკონტროლო გასროლა თავის არეში, ხოლო გ. მ-მ მ. ა-ს მიმართულებით ასევე მოახდინა საკონტროლო გასროლა თავის არეში. აღნიშნულის შემდგომ გ. დ-მ განახორციელა საკონტროლო გასროლა რ.ს-ს მიმართულებით, რის შემდგომაც, შ.გ-ს, რ.ს-ს და მ.ა-ს მხრიდან წინააღმდეგობის გაწევის ინსცენირების მიზნით, მოახდინეს მტკიცებულებათა ფალსიფიკაცია, კერძოდ: დ. ა-ს მითითებით, გამოძიებით მოცემულ ეტაპზე დაუდგენელმა პირმა სათითაოდ დაალაგა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღები შ.გ-ს, რ. ს-სა და მ.ა-ს გვამებთან.

ე. წ. „სპეცოპერაციის“ დასრულების შემდგომ, საზოგადოების არასწორი ინფორმირების მიზნით, სპეცოპერაციის მიმდინარეობა გაყალბდა და ვიდეო ფირზე აისახა ისეთი ფორმით, რომ თითქოსდა კუდ-ის თანამშრომლები დაედევნენ შეიარაღებულ დამნაშავეებს, რომლებმაც, თავის მხრივ, ცეცხლი გაუხსნეს პოლიციის თანამშრომლებს და მათი ლიკვიდაცია მოხდა საპასუხო სროლის დროს, რაც წარმოადგენდა შემთხვევის განმეორებით არასწორ ინსცენირებას. კერძოდ, სპეცოპერაციის მიმდინარეობის მისთვის ხელსაყრელი ფორმით ვიდეოფირზე დაფიქსირების მიზნით, დ. ა-ს მითითებითა და მისი უშუალო მონაწილეობით, კუდ-ის თანამშრომლებმა - დ.კ-მ, გ. მ-მ, გ. ა-მ და გამოძიებით დაუდგენელმა პირმა, ცეცხლსასროლი ავტომატური იარაღიდან გასროლებით, ვიდეოკამერის წინ, მოაწყვეს დამნაშავე პირთა დევნის ინსცენირება, რითაც არა მარტო ყალბად ასახეს სპეცოპერაციის მიმდინარეობა, არამედ სროლების შედეგად გასროლილი ტყვიის მასრების შემთხვევის ადგილზე დაყრით, სპეცოპერაციის მიმდინარეობის ცრუ ვერსიის გასამყარებლად მოახდინეს მტკიცებულებათა ფალსიფიკაცია.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 21 დეკემბრის განაჩენით:

გ. დ-ს მიმართ წარდგენილი ბრალდება - ქმედება, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის ,,ა’’, ,,თ” ქვეპუნქტებითა (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით) და საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით), გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 25,109-ე მუხლის ,,ა’’, ,,თ” ქვეპუნქტებსა (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით) და საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის 1-ლ ნაწილზე (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით).

გ. დ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 25,109-ე მუხლის ,,ა’’, ,,თ” ქვეპუნქტებითა (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით) და საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში.

მას საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე, საქართველოს სსკ-ის 41-43-ე მუხლების გამოყენებით, დამატებითი სასჯელის სახით 2 (ორი) წლით ჩამოერთვა სახელმწიფო სამსახურში, ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება.

,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-16 მუხლის თანახმად, გ. დ-ს ¼-ით შეუმცირდა თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული ძირითადი სასჯელი და დამატებითი სასჯელის ვადა და საბოლოოდ გ. დ-ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა. მასვე დამატებითი სასჯელის სახით 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით ჩამოერთვა სახელმწიფო სამსახურში, ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება.

გ. დ-ს საქართველოს სსკ-ის 25,109-ე მუხლის ,,ა“, ,,თ“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 12 (თორმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე, საქართველოს სსკ-ის 41-43-ე მუხლების გამოყენებით, დამატებითი სასჯელის სახით 2 (ორი) წლითა და 8 (რვა) თვით ჩამოერთვა სახელმწიფო სამსახურში, ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება.

,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-16 მუხლის თანახმად, გ. დ-ს ¼-ით შეუმცირდა თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული ძირითადი სასჯელი და დამატებითი სასჯელის ვადა და საბოლოოდ ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 9 (ცხრა) წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე დამატებითი სასჯელის სახით 2 (ორი) წლით ჩამოერთვა სახელმწიფო სამსახურში, ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა ძირითადმა და დამატებითმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი ძირითადი და დამატებითი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, გ. დ-ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 9 (ცხრა) წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დამატებითი სასჯელის სახით 2 (ორი) წლით ჩამოერთვა სახელმწიფო სამსახურში, ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება.

გ. დ-ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო 2016 წლის 22 მარტიდან, მასვე მოხდილ სასჯელში ჩაეთვალა საექსტრადიციო პატიმრობაში ყოფნის დრო - 2014 წლის 19 ივნისიდან 2016 წლის 21 მარტის ჩათვლით.

დ. ა. საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით) წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა.

დ. ა. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის „ა” , „თ” ქვეპუნქტებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით), საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით) და საქართველოს სსკ-ის 369-ე მუხლის მე-3 ნაწილით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში.

დ. ა-ს საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის ,,ა”, ,,თ” ქვეპუნქტებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 16 (თექვსმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე, საქართველოს სსკ-ის 41-43-ე მუხლების გამოყენებით, დამატებითი სასჯელის სახით 2 (ორი) წლითა და 8 (რვა) თვით ჩამოერთვა სახელმწიფო სამსახურში, ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება.

„ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-16 მუხლის თანახმად, დ. ა-ს ¼-ით შეუმცირდა თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული ძირითადი სასჯელი და დამატებითი სასჯელის ვადა და საბოლოოდ დ. ა-ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 12 (თორმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე დამატებითი სასჯელის სახით 2 (ორი) წლით ჩამოერთვა სახელმწიფო სამსახურში, ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება.

საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დ. ა-ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე, საქართველოს სსკ-ის 41-43-ე მუხლების გამოყენებით, დამატებითი სასჯელის სახით 2 (ორი) წლით ჩამოერთვა სახელმწიფო სამსახურში, ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება.

„ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-16 მუხლის თანახმად, დ.ა-ს ¼-ით შეუმცირდა თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული ძირითადი სასჯელი და დამატებითი სასჯელის ვადა და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა. მასვე დამატებითი სასჯელის სახით 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით ჩამოერთვა სახელმწიფო სამსახურში, ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება.

საქართველოს სსკ-ის 369-ე მუხლის მე-3 ნაწილით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დ.ა-ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა, მასვე, საქართველოს სსკ-ის 41-43-ე მუხლების გამოყენებით, დამატებითი სასჯელის სახით 2 (ორი) წლით ჩამოერთვა სახელმწიფო სამსახურში, ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება.

„ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-16 მუხლის თანახმად, დ.ა-ს ¼-ით შეუმცირდა თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული ძირითადი სასჯელი და დამატებითი სასჯელის ვადა და საბოლოოდ დ.ა-ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით. მასვე დამატებითი სასჯელის სახით 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით ჩამოერთვა სახელმწიფო სამსახურში, ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა ძირითადმა და დამატებითმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი ძირითადი და დამატებითი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, დ. ა-ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 12 (თორმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დამატებითი სასჯელის სახით 2 (ორი) წლით ჩამოერთვა სახელმწიფო სამსახურში, ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება.

3. აღნიშნული განაჩენით გ. დ-ს მსჯავრი დაედო: ჯგუფურად, ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობაში დახმარებაში; მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში, რამაც საზოგადოებისა და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია.

დ. ა-ს მსჯავრი დაედო: ჯგუფურად, ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობაში; მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში, რამაც საზოგადოებისა და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია; განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შესახებ სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულების ფალსიფიკაციაში, რამაც გამოიწვია მძიმე შედეგი.

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2... ბრძანებით დ. ა. დაინიშნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობაზე და ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის თანახმად, წარმოადგენდა მოხელეს.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2... ბრძანებით გ. დ. დაინიშნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მეორე სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე და „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს 1997 წლის 31 ოქტომბრის კანონის მე-6 მუხლის თანახმად, წარმოადგენდა მოხელეს.

2006 წლის იანვრის დასაწყისში, იმ დროისათვის სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარემ, ბ. ა-მ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №1 დაწესებულების ადმინისტრაციის ხელმძღვანელობისა და ამავე დაწესებულების პატიმარ გ.გ-საგან, რომელიც თავის მხრივ თანამშრომლობდა ციხის ადმინისტრაციასთან, მიიღო ინფორმაცია დაწესებულებიდან პატიმართა შესაძლო გაქცევის მომზადების თაობაზე.

2006 წლის 12 იანვარს ბ. ა-მ თავის ძმას, დ. ა-ს №... ოფიციალური წერილით აცნობა, რომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №... დაწესებულებიდან მზადდებოდა პატიმრების შესაძლო მასობრივი გაქცევა და ამავე წერილით ითხოვა რეაგირება. მიუხედავად იმისა, რომ დ. ა... იყო კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორი და ჰქონდა გამოძიების უმალ დაწყების უზრუნველყოფის შესაბამისი კანონისმიერი ვალდებულება, არ უზრუნველყო გამოძიების დაწყება კანონით დადგენილი წესით.

გარდა ამისა, ბ. ა-სთვის პატიმარ გ. გ-სგან შემთხვევამდე (2006 წლის 12 იანვარი) ორი-სამი დღით ადრე ცნობილი გახდა პატიმართა შესაძლო გაქცევის გეგმის დეტალების, მათ შორის, ერთ-ერთი ვერსიით, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით გაქცევის თაობაზე. გ. გ-მ ბ. ა-ს დამატებით აცნობა, რომ იარაღის შოვნა გაქცევის მსურველმა პატიმარმა ზედმეტ სახელით ,,ქ.’’ (დ. ლ-მ) თავად გ-ს სთხოვა, რაზეც ბ. ა-მ გ-ს დახმარება აღუთქვა. ამასთან, გ. გ-მ ბ. ა-ს, პატიმრების ნდობის მოსაპოვებლად და ეჭვების გაქარწყლების მოტივით, თავად შესთავაზა ამ საქმეში საკუთარი ძმის - შ. გ-ს ჩართვა, რომელიც უზრუნველყოფდა ,,ქ- ს“ ახლობლებისათვის იარაღის გადაცემას. შეთანხმებისამებრ, შ. გ-სათვის გასაქცევად საჭირო იარაღის გადაცემას უზრუნველყოფდა თავად ბ. ა.

ბ. ა-მ ასევე უზრუნველყო ძმებ გ-ებს შორის სატელეფონო კავშირი, რა დროსაც გ.. გ-მ შ. გ-ს შეატყობინა, რომ წ-დან თ. დაბრუნების შემდგომ მას გ.გ-ს ახლობლები გადასცემდნენ ჩანთას, რომელსაც მოგვიანებით თავად შ. გ. გადასცემდა დ. ლ-ს ძმას, თუმცა შესაძლო შეხვედრის რეალური მიზეზი და იარაღის გადაცემის შესახებ ინფორმაცია ძმას არ გაუმხილა.

ძმებ გ-ების სატელეფონო საუბრებიდან ბ ა-სათვის ასევე ცნობილი გახდა, რომ 12 იანვარს შ. გ. მეგობრებთან - მ. ა-სა და რ. ს-სთან ერთად წ-დან სამარშრუტო ტაქსით ბრუნდებოდა თ. პარალელურ რეჟიმში, ბ. ა-მ აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა დ. ა-ს, რომელმაც თანამდებობრივი ავტორიტეტისა და ძალაუფლების გასამყარებლად, ორგანიზება გაუკეთა და სისრულეში მოიყვანა შ. (მ.) გ-ს, რ.ს-სა და მ. ა-ს მკვლელობა. ამასთან, შემთხვევამდე რამდენიმე დღით ადრე და უშუალოდ შემთხვევის დღეს დ. ა-ს მითითებითა და კუდ-ის მეორე სამმართველოს უფროსის გ. დ-ს დავალებით, თ., ისევე როგორც წ-ში, განხორციელდა გარკვეული ოპერატიული ღონისძიებები, რომელსაც არ ჰქონდა რაიმე სამართლებრივი საფუძვლები და არ შეესაბამებოდა ოპერატიული ღონისძიების ჩატარებისათვის კანონით გათვალისწინებულ სტანდარტს.

2006 წლის 12 იანვარს დ.ა., კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მეორე სამმართველოს უფროსი გ. დ., კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მეორე სამმართველოს უფროსის მოადგილე ლ.ქ., კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აქტიურ ღონისძიებათა სამმართველოს (სპეცდანიშნულების რაზმი) უფროსის მოადგილე შ. თ., კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის პირველი სამმართველოს მეორე განყოფილების უფროსი ოპერატიული თანამშრომელი გ. მ., კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის სხვა თანამშრომლებსა და აქტიურ ღონისძიებათა სამმართველოს რაზმის წევრებთან ერთად, მივიდნენ ავტოსადგურ ნავთლუღის მიმდებარე ტერიტორიაზე. დ. ა-ს ორგანიზებით, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლები განლაგდნენ იმგვარად, რომ ნავთლუღის ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორია ჩაკეტილიყო სამი მხრიდან, ხოლო მეოთხე მხრიდან მისულ პირებს არ ჰქონოდათ გაქცევის არანაირი შესაძლებლობა. აღნიშნულ ტერიტორიაზე შ. (მ.) გ-ს, რ. ს-სა და მ. ა-ს ავტომანქანით მიყვანა კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორ დ. ა-სთან შეთანხმებით, უშუალოდ კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მეორე სამმართველოს უფროსის გ. დ-ს დავალებით, უზრუნველყო იმავე დეპარტამენტის თანამშრომელმა ა. ს-მ. დაახლოებით 2115 საათზე, მითითებული პირების ხსენებულ ტერიტორიაზე მისვლისთანავე, დ.ა., გ.მ., ლ. ქ., შ. თ. და რამდენიმე ნიღბიანი პირი გადმოვიდნენ ავტომანქანებიდან, შეჰყვნენ წინასწარ მომზადებულ ადგილას და ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე დაიწყეს მიზანმიმართული ინტენსიური სროლა უიარაღო შ.(მ.) გ-ს, რ. ს-სა და მ. ა-ს მიმართულებით. ხსენებული პირები შეეცადნენ სხვადასხვა მიმართულებით გაქცევას, თუმცა სროლების შედეგად მიყენებული დაზიანებების გამო, სამივე მათგანი დაეცა მიწაზე. იმწუთიერად დ. ა-მ და კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ორმა თანამშრომელმა ამ პირთა მიმართულებით ახლო მანძილიდან ისროლეს, ხოლო შ. გ-ს, რ.ს-სა და მ.ა-ს მხრიდან, თითქოსდა შეიარაღებული წინააღმდეგობის გაწევის ინსცენირების მიზნით, დ. ა-ს მითითებით, გამოძიებით მოცემულ ეტაპზე დაუდგენელმა პირმა, სათითაოდ დაალაგა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღები გ-ს, ს-სა და ა-ს გვამებთან.

ე. წ. ,,სპეცოპერაციის“ დასრულების შემდგომ, საზოგადოების არასწორი ინფორმირების მიზნით, სპეცოპერაციის მიმდინარეობა გაყალბდა და ვიდეო ფირზე აისახა ისეთი ფორმით, რომ თითქოსდა კუდ-ის თანამშრომლები დაედევნენ შეიარაღებულ დამნაშავეებს, რომ აღნიშნული პირები აპირებდნენ სასჯელაღსრულების რუსთავის №... დაწესებულებაზე თავდასხმას პატიმრების გაქცევის მიზნით, რომლებმაც თავის მხრივ, ცეცხლი გაუხსნეს პოლიციის თანამშრომლებს და მათი ლიკვიდაცია მოხდა სპეცრაზმის მიერ საპასუხო სროლის დროს, რაც წარმოადგენდა შემთხვევის განმეორებით არასწორ ინსცენირებას.

4. აპელანტის მოთხოვნა:

აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს მთავარი პროკურატურის პროკურორებმა - დავით ნეფარიძემ და ნინო აღლემაშვილმა; ასევე მსჯავრდებულ გ.დ-ს ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა - ი.გ-მ, დ.ა-მ და დ. კ-მ.

საქართველოს მთავარი პროკურატურის პროკურორებმა - დავით ნეფარიძემ და ნინო აღლემაშვილმა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 21 დეკემბრის განაჩენში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულ გ.დ-ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის ,,ა“, ,,თ“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია), ნაცვლად სსკ-ის 25,109-ე მუხლის ,,ა“ და ,,თ“ ქვეპუნქტებისა (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით); ასევე - დ.ა-სა და გ. დ-ს მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა, შემდეგ გარემოებათა გამო:

სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილი არაერთი თვითმხილველი მოწმის ჩვენებით დადასტურდა გ. დ-ს შემთხვევის ადგილზე არა უბრალოდ ყოფნის ფაქტი, არამედ ხაზი გაესვა მის აქტიურ მონაწილეობას და მნიშვნელოვან როლს ერთიან დანაშაულებრივ ქმედებაში - სამი უდანაშაულო პირის ჯგუფურად განზრახ მკვლელობაში. მოწმეთა ჩვენებებით ერთიანი კონტექსტით დადასტურდა გ. დ-ს უშუალო მონაწილეობა სროლებში. კერძოდ, მოწმე გ. ჯ-ს ჩვენებით, ყველა პირი, რომელიც ავტომატმომარჯვებული მისდევდა სამ უიარაღო ახალგაზრდას, ისროდა მათი მიმართულებით. მოწმეების - შ. თ-ს, ტ. წ-ს და ჯ. ჯ-ს ჩვენებებით თავდაპირველი სროლების განმახორციელებელი ჯგუფის არცერთი წევრი სპეცრაზმის მისვლამდე არ გასულა ავტოსადგურის მოედნის ტერიტორიიდან, ხოლო ადგილზე მისულმა სპეცრაზმელებმა აღნიშნეს, რომ ავტოსადგურის ტერიტორიაზე შევიდნენ ინტენსიური და ერთჯერადი სროლების დასრულებისთანავე და მათ ადგილზე მისულებს გვამების სიახლოვეს დახვდათ გ.დ., გ.მ., დ.ა., ლ. ქ. და შ.თ., რაც ხაზს უსვამს, რომ გ.დ-მ არა მხოლოდ პირობები შექმნა დანაშაულის ჩასადენად, არამედ უშუალოდ მონაწილეობდა და იგი წარმოადგენს დანაშაულის ამსრულებელს.

სასამართლომ სასჯელის შეფარდებისას სათანადოდ არ შეაფასა დანაშაულის მოტივი და მიზანი, მსჯავრდებულების მიერ ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება და მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი. იმ ვითარებაში, როდესაც არ არსებობს პასუხისმგებლობის არცერთი შემამსუბუქებელი გარემოება და გამოკვეთილია არაერთი დამამძიმებელი გარემოება, მიზანშეუწონელია მსჯავრდებულთა მიმართ სასჯელის მინიმალურ ზომასთან მიახლოებული სანქციის გამოყენება. სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება სასჯელის ნაწილში არის უსამართლო და იმისათვის, რომ მიღწეულ იქნეს სასჯელის მიზნები, მსჯავრდებულებს უნდა განესაზღვროთ უფრო მკაცრი სასჯელი.

მსჯავრდებულ გ.დ-ს ადვოკატებმა სააპელაციო საჩივრით ითხოვეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის 2016 წლის 21 დეკემბრის განაჩენის გაუქმება და მსჯავრდებულ გ. დ-ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა შემდეგი მოტივებით:

განაჩენის გამოტანისას სასამართლომ დაარღვია ბრალდებულის მნიშვნელოვანი საპროცესო უფლებები და საერთაშორისო გარანტიები, უდანაშაულობის პრეზუმფცია, სამართლიანი სასამართლოს სხვადასხვა უფლება, მათ შორის - მხარეთა თანასწორობა და შეჯიბრებითობა, განაჩენის მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობაზე დაფუძნების კონსტიტუციური სტანდარტი, საქართველოს საექსრტადიციო კანონმდებლობა და კონვენციები ამ სფეროში; სასამართლომ მნიშვნელოვნად შეცვალა გ. დ-ს ქმედების კვალიფიკაცია, კერძოდ, მისი ქმედებიდან ამორიცხა მკვლელობის აღწერილობა და მსჯავრი დასდო მკვლელობაში დახმარებაში, რითაც შეცვალა დანაშულის ობიექტური მხარის ელემენტები; სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება კი დაადგინა სრულიად ახალი ორი ეპიზოდის წარდგენით, რომელიც მანამდე გ. დ-ს მიმართ ბრალდების დადგენილებაში არ ყოფილა გამოკვეთილი; ასევე, სასამართლომ, საქართველოს კონსტიტუციისა და ყველა შესაბამისი კანონისა და კონვენციიის დარღვევით, მკვლელობის ნაწილში ქმედების სუბიექტური მხარის აუცილებელი ნიშანი - განზრახვის არსებობა დაასაბუთა მხოლოდ ვარაუდებსა და დაშვებებზე დაყრდნობით; გარდა აღნიშნულისა, სასამართლო არ დაინტერესებულა საკითხით, ნიდერლანდების სახელმწიფო უშვებს თუ არა ამ ახალი ბრალდებით პირის ექსტრადიციას, რისი ვალდებულებაც ჰქონდა მოსამართლეს ზემოაღნიშნული კონვენციისა და ,,სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად; თუ აღმოჩნდება, რომ ნიდერლანდების სახელმწიფო არ უშვებს ექსტრადიციას იმ მუხლებით, რომლებითაც მსჯავრი დაედო გ. დ-ს, მისი მსჯავრდება იქნება უკანონო აქტი; გ. დ-ს მიმართ მსჯავრდება ეფუძნება მხოლოდ ვარაუდებს, მიკერძოებულ, სამართლებრივ ლოგიკას მოკლებულ დაშვებებს და საქმეში არ არსებობს არცერთი მტკიცებულება (არათუ უტყუარი მტკიცებულება და მათი ერთობლიობა), რაც გ. დ-ს მიერ მკვლელობაში დახმარების განზრახვაზე, ან უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაზე მიუთითებდა.

5. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 27 თებერვლის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 21 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. გასაჩივრებული განაჩენის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა, რომლის მიხედვითაც, წარმოდგენილი უტყუარი და სარწმუნო მტკიცებულებებით ცალსახად დადასტურდა, რომ 2006 წლის 12 იანვარს ნავთლუღის ავტოსადგურის ტერიტორიაზე კუდ-ის თანამშრომლებმა, ჯგუფურად, სამი უიარაღო ახალგაზრდა მოკლეს. ეს არ იყო ორმხრივი სროლების შედეგად კუდ-ის სპეცრაზმელების მიერ სამი დამნაშავის ლიკვიდაცია, რასაც ორგანიზება გაუწია და განახორციელა კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მაშინდელმა დირექტორმა დ.ა-მ. ჩადენილი მკვლელობის დაგეგმვისა და მომზადების პროცესში დ. ა-მ, სხვა პირებთან ერთად, გამოიყენა სახელმწიფო რესურსი, რამაც მნიშვნელოვნად გაუადვილა დანაშაულის ჩადენა მათ, გადაამეტეს სამსახურებრივ უფლებამოსილებას და სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლის გარეშე ჩაატარეს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები; შემდეგ კი, იმისათვის, რომ ჩადენილი დანაშაული სპეცოპერაციად მონათლულიყო, განხორციელდა მტკიცებულებების ფალსიფიკაცია დ. ა-ს ხელმძღვანელობით, კერძოდ: შემთხვევის ადგილზე სინამდვილეში უიარაღო პირების გვამებს გვერდით დაუდეს ცეცხლსასროლი იარაღები.

მსჯავრდებულ გ. დ-სთან მიმართებით დაცვის მხარემ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ იკისრა ბრალდების მხარის ფუნქცია და გ.დ-ს უკანონოდ გაუზარდა ბრალდების ფაქტობრივი ფაბულა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ნაწილში. დაცვის მხარის აზრით, ბრალდების მხარე გ.დ-ს არ ედავებოდა წ-სა და თ. განხორციელებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების გამო უფლებამოსილების გადამეტებაში. სასამართლო კი გასცდა ბრალდების თავდაპირველ ფაქტობრივ ფაბულას და გ. დ. დაადანაშაულა წ. განხორციელებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების კანონის დარღვევით ჩატარებაში.

სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა დაცვის მხარის აღნიშნული არგუმენტები შემდეგ გარემოებათა გამო:

გ. დ.სასამართლომ ბრალდებულად ცნო სწორედ იმიტომ, რომ მისი უშუალო დავალებითა და მითითებებით განხორციელდა წ-დან თ. წამოსული შ.(მ.) გ-სა და მისი მეგობრების ნ-ს ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე მიყვანის ორგანიზება. ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები წ. ჩაატარეს რ.შ-მ და გ. დ-მ, ხოლო თ-ში ა.ს-მ. თუმცა აღნიშნული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები გ. დ-ს დავალებით ჩატარდა იმ ვითარებაში, როდესაც არ არსებობდა ღონისძიებების ჩატარებისათვის აუცილებლად საჭირო წინაპირობები, კერძოდ: არ არსებობდა სისხლის სამართლის საქმე, გამოტანილი არ იყო პროკურორის დადგენილება ან მოსამართლის განჩინება. შესაბამისად, ეს სამძებრო ღონისძიებები ჩატარდა „პოლიციის შესახებ“ და ,,ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს კანონების მოთხოვნათა დარღვევით. გ. დ-ს მითითებით, წ-ს და თ. ჩატარებული ღონისძიება წარმოადგენს ერთიან დანაშაულებრივ ქმედებას და გამოიხატა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში. ამ ფონზე უსაფუძვლოა დაცვის მხარის განმარტება, რომ წ-ს ეპიზოდში გ. დ-ს ბრალდების მხარე არ ედავებოდა და სასამართლომ იკისრა ბრალდების მხარის ფუნქცია. იბადება კითხვა: მაშინ რატომ დაკითხა ბრალდების მხარემ მოწმის სახით რ. შ. და გ.დ. და რატომ მოიძია გამოძიებამ წ. განხორციელებული ღონისძიების თაობაზე მასალები? ეს მოხდა სწორედ იმიტომ, რომ წ-შიც და თ-იც გ.დ-ს მითითებით ჩატარდა უკანონო სამძებრო ღონისძიებები, რამაც ერთიანი დანაშაულებრივი უმართლობა - სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება გამოიწვია.

დაცვის მხარემ ასევე განმარტა, რომ გ.დ. წინასწარ ვერ განჭვრეტდა ხელმძღვანელობისაგან მომდინარე უკანონო ბრძანების შინაარსს, ვინაიდან მიღებულ დავალებას მასში არ გამოუწვევია უკანონობის განცდა. გარდა ამისა, დაცვის მხარის განმარტებით, ა. ს-სათვის დავალების საკითხზე მითითების მიცემას ესწრებოდნენ ზედამხედველი პროკურორი რ. კ. და საგამოძიებო სამსახურის უფროსი დ. ჩ.. ამ ვითარებაში კი უფროსის ბრძანების კანონიერებაში გ. დ. ეჭვს ვერ შეიტანდა. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ დაცვის მხარის აღნიშნული არგუმენტაცია უსაფუძვლოა, ვინაიდან იმ პირობებში, როდესაც გ.დ.იყო სახელმწიფო მოხელე და ევალებოდა კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვა, ასევე - ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების, იურიდიული პირის უფლებების პატივისცემა, მან შეასრულა დ. ა-სგან მიღებული სამართლებრივად გაუმართლებელი დავალება, რითაც გადაამეტა სამსახურებრივ უფლებამოსილებას და გამოიწვია ფიზიკური პირების კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა. ბუნებრივია, როდესაც პირის მიმართ ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ხორციელდება რაიმე სახის სამძებრო (ან საგამოძიებო) მოქმედება, აღნიშნული მისი კანონიერი ინტერესის არსებით შელახვად უნდა შეფასდეს. პალატამ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა და მიიჩნია, რომ უსაფუძვლოა მსჯავრდებულ გ.დ-ს განმარტება, რომლის მიხედვითაც, იგი ასრულებდა დავალებას და უფროსს დამატებით კითხვებს ვერ დაუსვამდა - (,,შეკითხვის დასმა უფროსისთვის არ მოსულა“). გ.დ-სათვის კარგად იყო ცნობილი, რომ დ.ა-ს მიერ მისთვის მიცემული დავალება იყო უკანონო, რომლის შესრულებით გადაამეტა სამსახურებრივ უფლებამოსილებას, მაგრამ შეეძლო ემოქმედა ,,ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-3 ნაწილით და კანონსაწინააღმდეგო მითითების მიღების შემდეგ შეეტყობინებინა ზემდგომი ორგანოსთვის ან პროკურორისთვის, რაც მას არ გაუკეთებია. რაც შეეხება იმ გარემოებას, რომ დავალების მიცემას ესწრებოდნენ პროკურორი და საგამოძიებო ნაწილის უფროსი, ქმედების დანაშაულებრივ ხასიათზე არსებით გავლენას ვერ მოახდენს, ვინაიდან სისხლის სამართლის საქმის არარსებობის პირობებში პროკურორს არ გაუცია არანაირი წერილობითი სახის სამართლებრივი დოკუმენტი. მხოლოდ ის გარემოება, რომ პროკურორი ესწრებოდა დაქვემდებარებული პირისთვის დავალების მიცემას, უკანონო ღონისძიებას ლეგიტიმურ სახეს ვერ მისცემდა.

ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი გ.დ-ს მიმართ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ნაწილში დასაბუთებული, კანონიერია და მისი გაუქმების საფუძველი არ არსებობს.

დაცვის მხარის მოსაზრებით, პირის მსჯავრდება მკვლელობის დახმარებაში შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მან იცის, რომ ხელი შეუწყო და დაეხმარა მკვლელობის ამსრულებელს. სასამართლომ კი მტკიცებულებებზე დაყრდნობით ვერ დაადგინა განზრახვის საკითხი და „გასაქანი მისცა“ ვარაუდებს და ალოგიკურ დაშვებებს. საქმის მასალებში არ მოიპოვება მტკიცებულება, რაც გ. დ-ს დანაშაულებრივ განზრახვასა და ვინმესთან მკვლელობის განხორციელებაში წინასწარ შეთანხმებაზე მიუთითებდა.

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ გ. დ-ს ქმედებაში გამოკვეთილია დანაშაული - ჯგუფურად, ორი ან მეტი პირის მკვლელობაში დახმარება.

სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა, კერძოდ: ,,მიუხედავად იმისა, რომ სასამართლო სხდომაზე უტყუარად არ დადასტურდა უშუალოდ გ.დ-ს მიერ სროლის ფაქტი, ყველა მისი მოქმედება - დ.ა-სგან დავალებების მიღება და ამ დავალებების შესრულება, როგორც ცალ-ცალკე, ისე ერთობლიობაში, მათ შორის დავალების მიცემა ს-ზე, შ-ზე და მის მიერ განხორციელებული აქტივობები, როგორც ე.წ. სპეცოპერაციამდე, ისე უშუალოდ სპეცოპერაციის დროს და მის შემდგომ, პირდაპირ მიზეზობრივ კავშირშია დამდგარ დანაშაულებრივ შედეგთან - სამი უიარაღო პირის ჯგუფურად განზრახ მკვლელობასთან“. სასამართლომ ასევე განმარტა, რომ დანაშაულებრივი ქმედების ერთობლივად განხორციელებაზე წინასწარი შეთანხმების საკითხი უნდა შეფასდეს დამდგარ შედეგთან კონკრეტული პირების ქმედების მიზეზობრივი კავშირით და იმ ფაქტორების გათვალისწინებით, რაც შემთხვევამდე და მის შემდგომ მოხდა და არა ბრალდებულის განმარტებით, რომ იგი გაუცნობიერებლად მოქმედებდა და მისთვის უცნობი იყო ქმედების მოტივი და მიზანი.

სააპელაციო პალატის მოსაზრებით, მსჯავრდებულ გ. დ-ს განმარტება, რომ მას წინასწარი შეთანხმება არავისთან არ ჰქონდა და სპეცოპერაციასთან დაკავშირებული დეტალები მისთვის უცნობი იყო, არასარწმუნო და მტკიცებულებებთან შეუსაბამოა. საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების ანალიზით დგინდება, რომ დ. ა-მ საკუთარი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, თანამდებობრივი ავტორიტეტისა და ძალაუფლების გამყარების მოტივით, ორგანიზება გაუკეთა და სისრულეში მოიყვანა შ.გ-ს, რ.ს-ს და მ. ა-ს მკვლელობა; შეკრიბა პირთა გარკვეული წრე, რომელიც მისი განსაკუთრებული ნდობით სარგებლობდა, მათ შორის - გ.დ-ც, რომლებსაც მისცა გარკვეული დავალებები. დავალებებს შორის ერთ-ერთი იყო თანამშრომლების შეკრება და ნავთლუღის ტერიტორიაზე გასვლა ღონისძიების ჩასატარებლად, კერძოდ:

კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტმა პატიმრების ციხიდან გაქცევის მზადების შესახებ ინფორმაცია მიიღო 2006 წლის 12 იანვარს, რაც დასტურდება სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის - ბ. ა-ს მიერ დ. ა-სადმი გაგზავნილი წერილით. როგორც მოწმე რ. შ-ს ჩვენებით ირკვევა, სპეცოპერაციამდე 2-3 დღით ადრე, გ.დ-ს დავალებით, მან და გ. დ-მ წ-ში ჩაატარეს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიება, კერძოდ ვიდეოკამერით უნდა გადაეღოთ დიდი მოცულობის ჩანთის გადაცემის პროცესი. აღნიშნულიდან გამომდინარე, ფაქტია, რომ ჯერ არმიღებული ინფორმაციის საფუძველზე, იმ პირობებში, როცა არ არსებობს სისხლის სამართლის საქმე, გ. დ-ს დავალებით ტარდება ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიება. აღნიშნული გარემოება არადამაჯერებელს ხდის გ.დ-ს განმარტებას, რომ თითქოსდა მისთვის უცნობი იყო ღონისძიების დეტალები და არავისთან შეთანხმება არ ჰქონია. ღონისძიებაში კუდ-ის თანამშრომელ ა.ს-ს ჩანერგვასთან დაკავშირებული გარემოებები კიდევ უფრო აძლიერებს გ. დ-ს ჩვენების არასარწმუნოობას. როგორც თავად აცხადებს, მას ჰქონდა ინფორმაცია წ-დან თ. მომავალი სამი შეიარაღებული პირის შესახებ, თუმცა ამ ინფორმაციას არ აწვდის მათ დასახვედრად გაგზავნილ ა. ს-ს, არ ეუბნება, როგორც ,,ჩანერგილმა“ პირმა, სამი საათის განმავლობაში ქუჩებში მოძრაობისას რაზე უნდა ესაუბროს მათ და არც იმით ინტერესდება, ს-სგან გაარკვიოს - მართლა ჰქონდათ თუ არა აღნიშნულ პირებს ცეცხლსასროლი იარაღი.

თავად მსჯავრდებულმა გ. დ-მაც არ უარყო დ. ა-სგან გარკვეული სახის დავალებების მიღების ფაქტი და განმარტა, რომ 2006 წლის 12 იანვარს ,,მოდულის” შენობაში, დაახლოებით 1200 საათის შემდეგ, გ. ა-ს თანდასწრებით დ. ა-მ დაავალა რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დაგეგმილი თავდასხმის ერთ-ერთი ორგანიზატორის - გ.გ-ს და მისი ძმის - მ. გ-ს შესახებ ინფორმაციის შეგროვება. დაახლოებით 2-3 საათში დ. ა-მ მოადგილის - დ. ჩ-სა და ზედამხედველ პროკურორ რ. კ-ს თანდასწრებით უთხრა, რომ საჭირო იყო მეორე სამმართველოს ოპერატიული მუშაობის გამოცდილების მქონე ავტომანქანიანი თანამშრომლის გამოყოფა, რომელიც წ. მაგისტრალზე დახვდებოდა მ. გ-ს და მის ორ მეგობარს, რომლებიც შესაძლოა, შეიარაღებულნი ყოფილიყვნენ. გ. დ-ს განმარტებით, დ. ა-მ აცნობა, რომ მ.გ. თანმხლებ პირებთან ერთად სხვა პირთა ჯგუფს უნდა შეხვედროდა ნავთლუღის სადგურის ტერიტორიაზე და საჭირო იყო თანამშრომლების მობილიზება. ასევე, უთხრა მისულიყო დ.ჩ-თან და გაერკვია დეტალები, ხოლო ამ უკანასკნელმა რ. კ-ს თანდასწრებით უთხრა, რომ შეხვედრა ნავთლუღში უნდა მომხდარიყო 2100 საათზე. ავტოსადგურთან მიახლოებისას გ. დ-ს დაურეკა დ.ა-მ და იკითხა მდგომარეობა, 2100 საათამდე რამდენიმე წუთით ადრე კვლავ დაურეკა და უთხრა, რომ იმ ტერიტორიაზე, სადაც სავარაუდოდ ა.ს, ჩამოსვამდა მგზავრებს, რომელიმე თანამშრომლისათვის დაევალებინა ვიზუალური კონტროლი. გ. დ-მ საპასუხისმგებლო დავალება საკუთარ თავზე აიღო.

თავის მხრივ, ა. ს-მ დაადასტურა, რომ უშუალოდ გ. დ-ს დავალებით 2006 წლის 12 იანვარს ფ-ს გზაზე ჩაისვა სწორედ ის სამი უიარაღო ახალგაზრდა მამაკაცი, რომლებიც გ. დ-ს დავალებისამებრ, ჯერ სამი საათი ატარა თბილისის ქუჩებში, ხოლო შემდეგ (მას შემდეგ, რაც საქართველოს შსს კუდ-ის თანამშრომლები ნავთლუღის ავტოსადგურის მიმდებარედ სამ სხვადასხვა ადგილზე განლაგდნენ), გ. დ-ს მითითებითვე, დატოვა ნავთლუღის ავტოსადგურთან; რამდენიმე წუთში სროლების ხმაზე მიბრუნებულმა კი უკვე ის პირები გარდაცვლილები ნახა. ა. ს-მ დაადასტურა, რომ ტერიტორიაზე მგზავრების მიყვანისას, ასევე მოგვიანებით შემთხვევის ადგილზე ნახა გ.დ..

გარდა ამისა, გ. დ-ს აქტიურ მონაწილეობას ერთიან დანაშაულებრივ უმართლობაში - სამი უდანაშაულო პირის ჯგუფურად განზრახ მკვლელობაში განხორციელებაში დახმარების კუთხით, ცხადყოფს სპეცოპერაციის შემდგომი მისი ქმედებები, კერძოდ, ვითომდა სპეცოპერაციის თვითმხილველი მოწმეების მოძიება და მათგან სასურველი ჩვენებების მიცემის ორგანიზება; შ.თ-სადმი დ. ა-სგან მომდინარე დავალების გადაცემა - რამდენიმე სპეცრაზმელი მიეყვანა გამომძიებელთან ყალბი ჩვენების მისაცემად.

გ. დ-ს განმარტებას, რომ, მართალია, ესწრებოდა კუდ-ის ხელმძღვანელ პირთა თათბირს, თუმცა მხოლოდ მიღებულ დავალებებს ასრულებდა, ხოლო რეალური მიზეზი მისთვის უცნობი იყო, იმთავითვე საეჭვოს ხდის მისი ქცევა სპეცოპერაციის შემდეგ, კერძოდ, ერთ-ერთ ვიდეოკადრში იგი აღბეჭდილია თეთრი ხელთათმანებით, რაზეც განაცხადა, რომ ეხმარებოდა ექსპერტ-კრიმინალისტებს დიპლომატში არსებული ნივთების დათვალიერებაში, თუმცა ვერ ახსნა, თუ რა სტატუსით, ან ვისი დავალებით მონაწილეობდა აღნიშნულ საგამოძიებო მოქმედებაში.

მტკიცებულებებთან შეუსაბამოა ასევე გ. დ-ს განმარტება, რომ 2006 წლის 12 იანვარს ნავთლუღის ავტოსადგურში ჩატარებულ სპეცოპერაციასა და სამი პირის ლიკვიდაციაში რაიმე ფორმით მონაწილეობა არ მიუღია, რომ სპეცოპერაცია ჩაატარა სპეცრაზმმა და თავად ხეს ამოფარებული ელოდა ოპერაციის დასრულებას. სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა სპეცრაზმელებმა კი განმარტეს, რომ ბრძანების შესაბამისად, ავტომობილით მივიდნენ ნავთლუღის ავტოსადგურთან და გაჩერდნენ გარკვეულ დისტანციაზე. მათ შ. თ-სგან მიიღეს დირექტივა, რომ რაც არ უნდა მომხდარიყო, ბრძანების გარეშე არ გადმოსულიყვნენ ავტომობილიდან. სროლების დასრულების შემდეგ ისინი თვითნებურად გადავიდნენ მანქანიდან და მათ არ უსვრიათ. მათი მონაწილეობა სპეცოპერაციაში შემოიფარგლა მხოლოდ სროლების დასრულების შემდეგ პერიმეტრის გამაგრებაში, რათა შიდა ტერიტორიაზე უცხო არავინ შესულიყო. მათვე განმარტეს, რომ შემთხვევის ადგილზე ნახეს კუდ-ის ხელმძღვანელი პირები, მათ შორის - დ. ა. და გ. დ..

დადგენილია, რომ 2006 წლის 12 იანვარს ნავთლუღის ავტოსადგურში სამი პირის - შ.(მ.) გ-ს, მ.ა-სა და რ. ს-ს მკვლელობას იმავე ღამით ბ. ა-ს და მეგის ქ-ს მიერ რუსთავის ს/ა დაწესებულებაში ექვსი პატიმრის წამება მოჰყვა, რისი მიზანიც იყო ციხეზე თავდასხმისა და პატიმრების გაქცევის შესახებ გამოგონილი ამბის დამაჯერებლად წარმოსაჩენად გაქცევის მსურველი პატიმრებისგან აღიარებითი ჩვენების მიღება. პატიმრების წამებას შედეგად მოჰყვა მხოლოდ დ. ლ-ს აღიარებითი ჩვენება, რაც გადაიღეს და გაავრცელეს მედიასაშუალებით. პატიმრების წამებასთან დაკავშირებული გარემოებები დადასტურდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 22 ოქტომბრის განაჩენით.

სააპელაციო პალატამ ასევე ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მოწმეთა ჩვენებებით უტყუარად ვერ დადასტურდა სპეცოპერაციის მიმდინარეობისას შემთხვევის ადგილზე გ. დ-ს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით ყოფნის ფაქტი. ამ გარემოებასთან დაკავშირებით ბრალდების მხარემ ყურადღება მიაპყრო მოწმეების - შ. თ-ს და ტ. წ-ს მიერ მიცემულ ჩვენებებზე და განმარტა, რომ სასამართლომ დაუსაბუთებლად არ გაიზიარა აღნიშნულ მოწმეთა ჩვენებები, რომლებიც ცალსახად ადასტურებდნენ სამი პირის მკვლელობაში გ.დ-ს მონაწილეობის ფაქტს.

მოცემულ სისხლის სამართის საქმეზე შ. თ. დაიკითხა გამოძიების ეტაპზე, რომელმაც განმარტა, რომ სპეცფორმით, სამსახურებრივი ავტომატური იარაღით - ,,აკსუ-თი“, ავტომანქანა ,,ნივით“ წავიდა ნავთლუღის მიმართულებით. ავტოსადგურის მოედანზე შეხვდა შეიარაღებული და ნიღბიანი დ. ა., ლ.ქ., გ.მ., ო.მ. და გ. დ.. დ. ა-ს განკარგულებით განაწილდნენ ტერიტორიაზე, თავად დადგა ავტოსადგურის ტერიტორიისა და რკინიგზის ლიანდაგის გამყოფ კედელთან. დაახლოებით 20-30 წუთში ავტოსადგურის ტერიტორიიდან გაიგო ფეხის და ყვირილის ხმები, კერძოდ, შეძახილები - „არ გვესროლოთ... გვიშველეთ“, ავტოსადგურის მოედანზე, აფთიაქ „ავერსის“ მხრიდან შევარდა სამი უიარაღო ბიჭი, რომელთაც მისდევდნენ დ. ა., გ.დ., ლ.ქ., გ. მ., კიდევ ერთი თუ ორი პირი. მითითებულმა პირებმა მიზანმიმართულად დაიწყეს ავტომატებიდან სროლა სამი უიარაღო ბიჭის მიმართულებით. რადგან დ.ა. და მასთან ერთად მყოფი პირები ესროდნენ მათ, შ.თ-მ მიიღო საბრძოლო მდგომარეობა, ოდნავ ჩაიმუხლა და დაახლოებით 5-6-ჯერ გაისროლა იმ ორი პირის მიმართულებით, რომლებიც მისკენ მირბოდნენ. დ. ა. და მისი თანმხლები პირები დამიზნებით ესროდნენ, სროლების შეწყვეტის შემდეგ სადგურის სიღრმისკენ, დაახლოებით სამ მეტრში დაინახა, რომ დ.ა. შეჩერდა ძირს გაუნძრევლად დაგდებულ ერთ-ერთ პირთან, თავზე დაადო იარაღი და მოახდინა საკონტროლო გასროლა, რის შემდეგაც მოიხსნა ნიღაბი. ძირს დაგდებულ მეორე ბიჭს თავის არეში ესროლა გ. დ-მ, რის შემდგომაც მანაც მოიხსნა ნიღაბი. გარდაცვლილებთან იდო სპორტული ჩანთა, სადაც ეწყო ავტომატის მჭიდი და რამდენიმე ვაზნა, ერთ-ერთმა იქ მყოფმა ავტომატები დაულაგა გვამებს. ოპერაციას ხელმძღვანელობდა დ. ა. სამი პირის ლიკვიდაციის შემდეგ დ. ა-მ თქვა, რომ უნდა გადაეღოთ კადრები, რისთვისაც მან წაიყვანა გ. მ., დ. კ., გ. ა. და მცირე პაუზის შემდეგ გადაიღეს ჰაერში სროლები, რითაც ხელოვნურად ქმნიდნენ სპეცოპერაციის ეფექტს. აღნიშნულიდან რამდენიმე ხანში გ. დ-მ უთხრა, რომ დ. ა-ს ბრძანებით 4-5 სპეცრაზმელი უნდა წაეყვანა ქ. თბილისის პროკურატურაში ჩვენების მისაცემად, რომ თითქოს 2006 წლის 12 იანვარს ჩაატარა სპეცოპერაცია და სამი პირის ლიკვიდაცია მოახდინა სპეცრაზმმა. უთხრა ასევე, რომ საკითხი შეთანხმებული იყო პროკურატურასთან. იგი სპეცრაზმელებთან - ლ.გ-სთან, ა. პ-თან, დ.უ-ს და კიდევ რამდენიმესთან ერთად წავიდა ქ. თბილისის პროკურატურაში. გამომძიებელმა ჩვენებები დაწერა საკუთარი ხელით, თან თქვა, რომ იკითხებოდნენ ფსევდონიმებით და ვერ გაიგებდნენ მათ ნამდვილ ვინაობას, მათ მოაწერეს ხელი აღნიშნულ ოქმებს.

სააპელაციო პალატამ ყურადღება მიაქცია დაცვის მხარის განმარტებაზე, რომ 2007 წლის 18 აპრილიდან გ. დ. გათავისუფლებული იყო დაკავებული თანამდებობიდან და გადაყვანილი იყო კადრების განკარგულებაში. სპეცრაზმელები კი დაიკითხნენ 2007 წლის 21 აპრილს. შესაბამისად, სამსახურის არქონისა და სამსახურში არყოფნის გამო, იგი ვერანაირად ვერ გადასცემდა შ.თ-ს რაიმე სახის მითითებას. პალატამ არ გაიზიარა დაცვის მხარის მითითებული არგუმენტაცია, ვინაიდან ლოგიკურად აუხსნელია, კადრების განკარგულებაში გადაყვანილი გ. დ-სათვის რატომ იყო შეუძლებელი დ.ა-ს მითითების შ. თ-სათვის გადაცემა და ამისათვის მას აუცილებლად უნდა ჰქონოდა ოფიციალური სამსახური. შესაბამისად, ამ ნაწილში მოწმე შ. თ-ს ჩვენების საეჭვოდ მიჩნევის საფუძველი არ არსებობს.

ამასთან, შ. თ-ს ჩვენების შეფასებისას სასამართლომ იხელმძღვანელა ,,ერთადერთი მტკიცებულების“ პრინციპით; გაითვალისწინა ის გარემოებაც, რომ გარდაცვალების გამო შ. თ. სასამართლო სხდომაზე არ დაკითხულა; მხოლოდ გამოძიებაში მიცემული ჩვენება კი საკმარისობის თვალსაზრისით, ვერ აკმაყოფილებს გონივრულ ეჭვს მიღმა პირის დამნაშავედ ცნობისათვის დაწესებულ მაღალ სტანდარტს. პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა და მიიჩნია, რომ არ არსებობდა გ. დ-ს მიმართ სამი პირის ჯგუფურად, განზრახ მკვლელობის ნაწილში შ.თ-ს მიერ გამოძიებაში მიცემული ჩვენების გაზიარების სამართლებრივი საფუძველი.

დაცვის მხარემ სააპელაციო საჩივარში მიუთითა, რომ სასამართლომ, მართალია, ნაწილობრივ გაიზიარა შ. თ-ს ჩვენება (გარდა გ. დ-ს მკვლელობაში ამსრულებლობისა), თუმცა დანარჩენ ნაწილშიც სათანადოდ არ შეაფასა მისი ჩვენების წინააღმდეგობრივი ხასიათი და შეუსაბამობა სხვა მტკიცებულებებთან, მათ შორის - ექსპერტიზის დასკვნასთან. დაცვის მხარის განმარტებით, ჩასაფრების დროს მის გვერდით იყო და ისროდა კიდევ ერთი სპეცრაზმელი, ასევე დაინახა იმ სამ ბიჭზე ადევნებული 5-6 მსროლელი, რომელთაგან ოთხი უპირობოდ ამოიცნო, მათ შორის იყო გ. დ-ც. შესაბამისად, გამოდის, რომ ადგილზე ისროდნენ 7-8 ავტომატური იარაღიდან. ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად კი, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული მასრების და ტყვიების შემოწმებით დადგენილია, რომ გარდა გარდაცვლილ პირებთან არსებული ორი ავტომატისა, ისინი გასროლილია კიდევ ხუთი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან. შესაბამისად, 7-8 პირი ავტომატური იარაღიდან ვერ გაისროდა.

სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ დაცვის მხარის აღნიშნული არგუმენტაცია უსაფუძვლოა, ვინაიდან სასამართლოს შ.თ-ს ჩვენებიდან გამომდინარე დადგენილად არ მიუჩნევია, რომ შემთხვევის ადგილზე 7-8 ავტომატიდან ისროდნენ და მათ შორის ისროდა გ. დ-ც. კვალიფიკაციაც სწორედ იმიტომ შეიცვალა, რომ უტყუარად ვერ დადგინდა ის, რომ სპეცოპერაციის დროს გ. დ-ს ჰქონდა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და ისიც ისროდა.

პალატამ დაცვის მხარის ეჭვთან, კერძოდ, შ. თ-ზე შესაძლო ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლის შედეგად ჩვენების იძულებით მიცემასთან დაკავშირებით, მიუთითა, რომ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებიდან გამომდინარე, არ არსებობს მოწმის სახით დაკითხული ქ. კ-ს ჩვენებისა და დაცვის მხარის მიერ გამოთქმული ეჭვის გაზიარების არანაირი საფუძველი, მითუმეტეს, რომ შ. თ-ს ჩვენებაში აღწერილი ფაქტობრივი გარემოებები დასტურდება სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული სხვა მტკიცებულებებითაც.

რაც შეეხება მოწმის სახით დაკითხული ტ. წ-ს ჩვენებას, პალატამ არ გაიზიარა ამ მტკიცებულებასთან დაკავშირებით ბრალდების მხარის მიერ სააპელაციო საჩივარში განვითარებული მსჯელობა, კერძოდ, პროკურორის მოსაზრებით, სასამართლოს დასკვნა, რომ თითქოს ტ. წ-ს ამოძრავებდა სუბიექტური მოტივები, მოკლებულია დასაბუთებას და რეალობას, ვინაიდან მას ბრალდებულებთან არ ჰქონია არც პირადი ნაცნობობა და არც სამსახურებრივი შეხება. სააპელაციო პალატამ მოწმეების - ტ.- წ–სა და დ. ჩ-ს ჩვენებების შეფასებისას სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს საკმაოდ დასაბუთებული და არგუმენტირებული მსჯელობა, რომ ტ. წ-ს საჯარო განცხადებები მართლაც აჩენს გარკვეული სუბიექტივიზმის ნიშნებს; ამასთან, გვერდს ვერ ავუვლით კუდ-ის თანამშრომლებისა და სპეცრაზმელების ჩვენებებს, რომლებიც კატეგორიულად უარყოფენ პერიმეტრზე სპეცრაზმელების განლაგების შემდეგ დასაცავ ტერიტორიაზე უცხო პირის შეშვების ფაქტს. შესაბამისად, უტყუარი მტკიცებულებებით ვერ დასტურდება მოწმე ტ. წ-ს ჩვენება, რომ იგი ნამდვილად შევიდა ტერიტორიაზე და ესაუბრა დ. ა-ს.

სააპელაციო პალატა ასევე სრულად დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას დაცვის მხარის მოწმეების ჩვენებების გაუზიარებლობის ნაწილში და მიიჩნია, რომ მათი ჩვენებები ეწინააღმდეგება როგორც ბრალდების მხარის მოწმეთა ჩვენებებს, ისე სხვა, მათ შორის - ვიდეო-აუდიო მტკიცებულებებს. შესაბამისად, მათი გაზიარების საფუძველი არ არსებობს.

ამდენად, წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე პალატამ დადასტურებულად მიიჩნია, რომ გ.დ-მ ჩაიდინა ჯგუფურად, ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობაში დახმარება; ასევე, მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც საზოგადოებისა და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია.

დაცვის მხარემ სააპელაციო საჩივარში ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზეც, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ გ. დ-ს მიმართ წარდგენილი ორივე ბრალდების ნაწილში შეცვალა ქმედების კვალიფიკაცია, კერძოდ, მსჯავრდება დაადგინა უფრო მსუბუქი კვალიფიკაციით, რითაც დაირღვა მსჯავრდებულის უფლება, რადგან დაცვის მხარეს არ ჰქონდა შესაძლებლობა და დრო - მოემზადებინა დაცვის სტრატეგია და პასუხი გაეცა ახალი ბრალდების ირგვლივ. სააპელაციო პალატამ ადვოკატების მსჯელობა უსაფუძვლოდ მიიჩნია, შემდეგ გარემოებათა გამო:

პირველი ინსტანციის სასამართლომ აღნიშნა, რომ გამოკვლეული მტკიცებულებების ანალიზიდან გამომდინარე, გ.დ. დამნაშავედ უნდა ყოფილიყო ცნობილი სწორედ იმ ქმედებისთვის, რაც მან რეალურად ჩაიდინა და რამაც განაპირობა კვალიფიკაციის შეცვლა.

აღნიშნული გადაწყვეტილების ფორმალური კანონიერების ჭრილში სასამართლო, უპირველეს ყოვლისა, აღნიშნავს, რომ კვალიფიკაციის შეცვლა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული საპროცესო მოქმედებაა - როგორც შემაჯამებელი გადაწყვეტილების ნაწილი, რომლის განხორციელებაც ყველა ინსტანციის სასამართლოს უფლებამოსილებას განეკუთვნება. აღნიშნულზე მიუთითებს როგორც კანონი, ისე სასამართლო პრაქტიკა.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 273-ე მუხლში, რომელიც გამამტყუნებელი განაჩენის აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილის ფორმირებას ეხება, მითითებულია: ,,ამასთანავე, განაჩენში აღნიშნული უნდა იყოს [...], ხოლო თუ ბრალდების ნაწილი უსაფუძვლოდაა მიჩნეული ან დანაშაულის კვალიფიკაცია არასწორია – ბრალდებულის სასარგებლოდ ბრალდების შეცვლის საფუძველი და მოტივები“. იმავე კოდექსის მე-300 მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი განაჩენის კანონიერების კონტექსტში მოიაზრებს მსჯავრდებულის ქმედებისთვის არასწორი კვალიფიკაციის მიცემას. გარდა ამისა, იმავე კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტი, რომელიც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სახეებს ჩამოთვლის, ერთ-ერთ სახედ მოიაზრებს განაჩენს, რომლითაც სააპელაციო სასამართლოს „ცვლილება შეაქვს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში”, რაც, ბუნებრივია, კვალიფიკაციის ცვლილებასაც გულისხმობს და არამარტო მას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, უდავოა, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ითვალისწინებს როგორც მატერიალურ, ისე საპროცესო დებულებებს კვალიფიკაციის შეცვლასთან დაკავშირებით.

სააპელაციო პალატამ ყურადღება მიაქცია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალსაც, რომელიც, გარკვეული პირობების დაცვის შემთხვევაში, განაჩენში ცვლილების შეტანას არ მიიჩნევს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა კონვენციის მე-6 მუხლის (სამართლიანი განხილვის უფლება) საწინააღმდეგოდ. კერძოდ, ევროპული სასამართლოს აზრით, იმის შეფასებისას სამართალწარმოება მთლიანობაში იყო თუ არა სამართლიანი, დანაშაულის კვალიფიკაციის შეცვლა არ არღვევს დაცვის მხარის უფლებებს, თუ საქმის ზემდგომ ინსტანციაში განხილვისას მას მიეცემა თავის დაცვის საკმარისი საშუალებები. პირველ რიგში, ამისათვის მას უნდა მიეცეს საქმის გასაჩივრების უფლება და ახალი კვალიფიკაციის კანონიერებისა და დასაბუთებულობის შემოწმების საშუალება. გარდა ამისა, ევროპული სასამართლო დიდ ყურადღებას აქცევს იმ გარემოებას, თუ რამდენად შეიცვალა დანაშაულის მაფუძნებელი ნიშნები (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: ,,დალოსი უნგრეთის წინააღმდეგ“ (DALLOS v. HUNGARY), (no. 29082/95), 2001 წლის 1 მარტი, პარ. 47-53; „სიპავიჩიუსი ლიტვის წინააღმდეგ“, (SIPAVIČIUS v. LITHUANIA), (no. 49093/99), 2002 წლის 21 თებერვალი, პარ. 23-34; „იუჰა ნუუტინენი ფინეთის წინააღმდეგ“ (JUHA NUUTINEN v. FINLAND), (no. 45830/99), 2007 წლის 24 აპრილი, პარ. 33).

სასამართლომ ყურადღება მიაქცია იმ მნიშვნელოვან ასპექტზე, რაც უკავშირდება სასამართლოს მიერ ახალი, უფრო მსუბუქი კვალიფიკაციით ბრალეულობის დადგენას და მიუთითა, რომ ამ მიმართებით სასამართლოს არაფერი დაუმატებია იმ ფაქტებისათვის (ან ბრალდებულის ქმედებებისთვის), რაც ბრალდების დადგენილებაში არ იყო ასახული. პალატამ კიდევ ერთხელ განმარტა, რომ გადაწყვეტილება შეეხება მსჯავრდებულისთვის კარგად ცნობილი ფაქტების განსხვავებულ სამართლებრივ შეფასებას და არა ისეთ ახალ დანაშაულში მის მსჯავრდებას, რომელიც მოწყვეტილია ბრალდების ფორმულირებაში ასახული ფაქტებისა და ბრალდებულის მიერ განხორციელებული ქმედებებისგან. მოცემულ საქმეში ფაქტების შეფასების უარყოფა იწვევს სამართლებრივი შეფასების კორექტირებას და არა - პირიქით, რაც არ ეწინააღმდეგება კანონს.

რაც შეეხება იმ გარემოებას, რომ დაცვის მხარეს არ მიეცა შესაძლებლობა - წინასწარ სცოდნოდა მოსალოდნელი ბრალდება და მისცემოდა შესაბამისი დრო დაცვის სტრატეგიის მოსამზადებლად, რითაც დაირღვა ბრალდებულის სამართლიანი სასამართლოს უფლება, უსაფუძვლოა და გაზიარებული ვერ იქნება თუნდაც იმ გარემოების გამო, რომ სასამართლო მხარეებს წინასწარ ვერ შეატყობინებდა, სათათბირო ოთახში გასვლის შემდეგ, რა გადაწყვეტილებას გამოიტანდა. ამასთან, მსჯავრდებულს არ წართმევია უფლება, ზემდგომ სასამართლო ინსტანციებში იდავოს მის მიერ ჩადენილი ქმედების სამართლებრივი შეფასებისთვის.

დაცვის მხარე სააპელაციო საჩივარში ყურადღებას ამახვილებს ასევე იმ გარემოებაზე, რომ გ. დ-ს მიმართ სასამართლოს განაჩენით დაირღვა ექსტრადიციის მომწესრიგებელი კანონმდებლობა, კერძოდ კი ,,ევროპული კონვენცია ექსტრადიციის შესახებ“ და ,,სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტი. დაცვის მხარე მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მნიშვნელოვნად შეცვალა გ. დ-ს მიერ თითქოსდა ჩადენილი დანაშაულის აღწერილობა; ამასთან, სასამართლო არ დაინტერესდა, უშვებს თუ არა ნიდერლანდების სახელმწიფო ახალი ბრალდებით პირის ექსტრადიციას.

სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა დაცვის მხარის მსჯელობა, ვინაიდან სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული ექსტრადიციის მასალებით დგინდება, რომ გ. დ-ს საქართველოში ექსტრადიცია განხორციელდა საქართველოსა და საერთაშორისო კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით. საქმის მასალებში მოთავსებულია ნიდერლანდების უსაფრთხოებისა და იუსტიციის მინისტრის ბრძანება, რომლის თანახმად, მინისტრი იძლევა ნებართვას, რომ მოხდეს გ. დ-ს ექსტრადიცია საქართველოში, რათა განხორციელდეს მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა, ბრძანების 1.2.1 პუნქტში დასახელებული ბრალდებების საფუძველზე. ნიდერლანდების კანონმდებლობით დასჯადი ქმედებაა - წამება, თავისუფლების უკანონო აღკვეთა და მკვლელობა.

რაც შეეხება ,,სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის დარღვევას, დაცვის მხარის განმარტება ამ შემთხვევაშიც უსაფუძვლოა, ვინაიდან აღნიშნულ ნორმაში მითითებულია, რომ: ,,დაუშვებელია საქართველოში ექსტრადირებული პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის წარმოება ან პირის მსჯავრდება მის გადმოცემამდე რაიმე სხვა დანაშაულის ჩადენისათვის, გარდა იმ დანაშაულისა, რომლის ჩადენისათვისაც იგი საქართველოში იქნა ექსტრადირებული“. პირველი ინსტანციის სასამართლომ გ. დ-ს მსჯავრი დასდო სწორედ იმ დანაშაულის ჩადენისათვის, რის გამოც მოითხოვეს მისი საქართველოში ექსტრადიცია. რაც შეეხება სასამართლოს მიერ ქმედების განსხვავებულ სამართლებრივ შეფასებას და უფრო მსუბუქი კვალიფიკაციით მსჯავრდებას, პალატამ კიდევ ერთხელ განმარტა, რომ აღნიშნული არ წარმოადგენს ახალ დანაშაულში მის მსჯავრდებას, რომელიც მოწყვეტილია ბრალდების ფორმულირებაში ასახული ფაქტებისგან.

დაცვის მხარემ სააპელაციო საჩივარში ასევე მიუთითა, რომ ექსტრადიციის განხორციელების შემდეგ, გ. დ. 48 საათის განმავლობაში არ წარადგინეს სასამართლოში აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვის მიზნით, რითიც დაირღვა საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნები. პალატამ არც მითითებული პოზიცია გაიზიარა, ვინაიდან საქართველოს სსსკ-ის 206-ე მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად: - ,,ძებნილი ბრალდებულის უცხოეთში დაკავების შემთხვევაში, საქართველოში გამოძიების ადგილზე, ჩამოყვანიდან არა უგვიანეს 48 საათისა, იგი უნდა წარედგინოს შესაბამის სასამართლოს“. ანუ, აღნიშნული ნორმა აწესრიგებს ისეთ შემთხვევას, როდესაც გამოძიების მიმდინარეობის პროცესში ხდება ძებნილი ბრალდებულის დაკავება. მოცემულ შემთხვევაში კი გ. დ-ს საქართველოში ექსტრადიციის მომენტისათვის (2016 წლის 22 მარტი), გ. დ-ს მიმართ წარმოებული სისხლის სამართლის საქმე გაგზავნილი იყო სასამართლოში არსებითად განსახილველად (საქმე სასამართლოში გაიგზავნა 2014 წლის 23 მაისს). შესაბამისად, არ არსებობდა მისი 48 საათის განმავლობაში მოსამართლესთან წარდგენის საკანონმდებლო ვალდებულება.

სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ პოლიციის თანამშრომელი ვალდებულია, პრევენციული ღონისძიების დროს, გაითვალისწინოს უპირველესი მიზანი - ადამიანის უფლებების დაცვა. ,,პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის თანახმად, პოლიციის საქმიანობის განხორციელების ფორმები, მეთოდები და საშუალებები არ უნდა ხელყოფდეს ადამიანის პატივსა და ღირსებას, არ უნდა არღვევდეს ადამიანის სიცოცხლის, ფიზიკური ხელშეუხებლობისა და საკუთრების უფლებებს. ამავე კანონის მე-10 მუხლის თანახმად, პოლიციელების მიერ განხორციელებული საპოლიციო ღონისძიება უნდა გამომდინარეობდეს კანონის უზენაესობისა და კანონისმიერი დათქმის პრინციპებიდან. შერჩეული საპოლიციო ღონისძიება უნდა იყოს გამოსადეგი, აუცილებელი და პროპორციული.

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ ბრალდების მხარემ წარმოადგინა ერთმანეთთან შეთანხმებულ, უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც იძლევა შემდეგი დასკვნის საფუძველს: საქართველოს შსს კუდ-ის დირექტორმა დ. ა-მ ჩაიდინა ჯგუფურად, ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობა; ასევე მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც საზოგადოებისა და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია; მანვე ჩაიდინა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულების ფალსიფიკაცია, რამაც გამოიწვია მძიმე შედეგი. საქართველოს შსს კუდ-ის მე-2 სამმართველოს უფროსმა გ. დ-მ ჩაიდინა ჯგუფურად, ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობაში დახმარება და მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც საზოგადოებისა და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია. შესაბამისად, გამოკვეთილია საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლით დადგენილი დანაწესი - პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

რაც შეეხება მსჯავრდებულთა მიმართ შეფარდებულ სასჯელებს, პალატამ არ გაიზიარა პროკურორის საჩივარში მითითებული არგუმენტები შემდეგ გარემოებათა გამო:

სასამართლომ სასჯელთან დაკავშირებული საკითხი განსაკუთრებული ყურადღებით უნდა განიხილოს იმ შემთხვევაში, როდესაც ჩადენილი დანაშაულით ხელყოფილია ადამიანის სიცოცხლე, ვინაიდან სიცოცხლის უფლება, როგორც უმნიშვნელოვანესი, არის ის პირველადი მატერიალურსამართლებრივი უფლება, რომელსაც განსაკუთრებით მაღალი სტანდარტით იცავს როგორც საქართველოს კონსტიტუცია და კანონმდებლობა, ასევე ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენცია. სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთხელ აღნიშნა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მეორე მუხლი წარმოადგენს კონვენციის ერთ-ერთ ყველაზე ფუძემდებლურ დებულებას და ევროპის საბჭოში შემავალი დემოკრატიული ქვეყნების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფასეულობას. ამიტომაც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო განსაკუთრებული ყურადღებით იხილავს სიცოცხლის ხელყოფის საქმეებს.

მოცემულ შემთხვევაში პალატამ მიიჩნია, რომ შეფარდებული სასჯელები თანაზომიერი და პროპორციულია მსჯავრდებულთა პიროვნებებისა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმისა. სასჯელის განსაზღვრისას სასამართლომ გაითვალისწინა დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავეთა წარსული ცხოვრება, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები. სასამართლომ მხედველობაში მიიღო ისიც, რომ დ. ა-სდა გ.დ-ს მიმართ ბრალად შერაცხული და სასამართლოს მიერ დადგენილად მიჩნეული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებები მაღალი სოციალური საშიშროებისაა და ამ ტიპის დანაშაულების შემდგომი პრევენციაც საჭიროებს განსაკუთრებულ კონტროლს და საზოგადოდ სახელმწიფოს მხრიდან მკაცრ მიდგომებს, მათ შორის - სასჯელთან მიმართებაშიც.

ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, პალატამ მიიჩნია, რომ სასამართლომ მათ შეუფარდა სამართლიანი სასჯელები, რაც სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორებიცაა: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავეთა რესოციალიზაცია. შესაბამისად, სასჯელთა ნაწილში დამძიმების კუთხით ცვლილების შეტანის საფუძველი არ არსებობს.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 21 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

7. კასატორის მოთხოვნა:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 27 თებერვლის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს მთავარი პროკურატურის საპროკურორო ზედამხედველობის სამმართველოს უფროსმა პროკურორმა ამირან გულუაშვილმა და მსჯავრდებულ გ. დ-ს ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა - დ. ა-მ და დ.კ-მ.

· პროკურორმა ამირან გულუაშვილმა საკასაციო საჩივრით ითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულ გ. დ-ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის ,,ა“, ,,თ“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია), ნაცვლად სსკ-ის 25, 109-ე მუხლის ,,ა“, ,,თ“ ქვეპუნქტებისა (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით); ასევე დ.ა-ს და გ. დ-ს მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა სააპელაციო საჩივარში მითითებული საფუძვლებით.

· მსჯავრდებულ გ.დ-ს ადვოკატებმა საკასაციო საჩივრით ითხოვეს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და მსჯავრდებულ გ. დ-ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა სააპელაციო საჩივარში მითითებული საფუძვლებით.

8. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

9. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

10. ბრალდებისა და დაცვის მხარეთა საკასაციო საჩივრებისა და საქმის შესწავლის შედეგად საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს გარემოება, რომლის გამოც საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

11. დაცვის მხარე ვერ უთითებს ისეთ სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო პალატის განმარტებას. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და კასატორს არ მიუთითებია გარემოებაზე, რომელიც დადგენილი პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღებას მიზანშეწონილს გახდიდა. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას მსჯავრდებულ გ.დ-ს უდანაშაულობასთან დაკავშირებით და მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განაჩენით ნათლად არის დასაბუთებული ის მოტივები, რომელთა საფუძველზეც სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული განაჩენი უცვლელად დატოვა. შესაბამისად, საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო პალატის მოტივებს, რომ საქმეში არსებული, დამაჯერებელი და უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება, რომ გ. დ-მ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 25, 109-ე მუხლის ,,ა’’, ,,თ” ქვეპუნქტებითა (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) და საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია). გათვალისწინებული დანაშაულები. ამასთან, წარმოდგენილი სისხლის სამართლის მასალებიდან გამომდინარე, არ დგინდება, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

12. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მოსაზრებას, რომ მსჯავრდებულ გ. დ-ს მიერ ჩადენილი ქმედების კვალიფიკაციის შეცვლით სასამართლომ დაარღვია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები (დაცვის მხარე უპირველესად აპელირებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საქმეზე - „პელისიერი და საასი საფრანგეთის წინააღმდეგ“ (Pélissier and Sassi v. France) (დიდი პალატა) N 25444/94; 25.03.1999), ვინაიდან სასამართლომ გ.დ-ს მსჯავრი დასდო ისეთი ქმედების ჩადენაში, რომელიც არსებითად განსხვავდება მისთვის წარდგენილი ბრალდებისაგან და, ამასთანავე, სააპელაციო პალატამ დაცვის მხარეს არ მისცა ახალი მტკიცებულებების წარდგენისა და გამოკვლევის უფლება შეცვლილ კვალიფიკაციასთან დაკავშირებით, შემდეგი საფუძვლებით:

13. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დანაშაულის კვალიფიკაციის შეცვლისას ყურადღებას ამახვილებს შემდეგ გარემოებებზე: იყო თუ არა პირი დეტალურად ინფორმირებული ბრალდების არსისა და საფუძვლის შესახებ და ჰქონდა თუ არა მას ადეკვატური დრო და საშუალება დაცვის მოსამზადებლად (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: „პელისიერი და საასი საფრანგეთის წინააღმდეგ“ (Pélissier and Sassi v. France) (დიდი პალატა) N 25444/94; §56, §62, 25.03.1999), „ბლოკი უნგრეთის წინააღმდეგ“ (Block v. Hungary), N 56282/09, §24, §25, 25.04.2011); რამდენად განსხვავებულია პირვანდელი და შეცვლილი ბრალის ელემენტები ერთმანეთისგან (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: „აბრამიანი რუსეთის წინააღმდეგ“ (Abramyan v. Russia), N 10709/02, §36, 09.01.2009), „დე სალვადორ ტორესი ესპანეთის წინააღმდეგ“ (De Salvador Torres v. Spain), N 21525/93, § 33, 24.10.1996), „იუჰა ნუუტინენი ფინეთის წინააღმდეგ“ (Juha Nuutinen v. Finland), N 45830/99, §32, 24.07.2007) და ჰქონდა თუ არა პირს ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში შეცვლილ ბრალდებასთან დაკავშირებით სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა და პოზიციის წარდგენის შესაძლებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „სიპავიჩიუსი ლიტვის წინააღმდეგ“ (Sipavicius v. Lithuania), N 49093/99, § 31, 10.07.2002).

14. აღნიშნულ საკითხთან მიმართებით, საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განაჩენში მოცემულ განმარტებას, რომლის თანახმად, სასამართლოს არაფერი დაუმატებია იმ ფაქტებისათვის (ან ბრალდებულის ქმედებებისთვის), რაც მსჯავრდებულ გ.დ-ს ბრალდების შესახებ დადგენილებაში არ იყო ასახული. ის ფაქტი, რომ მისი ქმედება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 25,109-ე მუხლის ,,ა’’ და ,,თ” ქვეპუნქტებზე (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) (ჯგუფურად, ორი ან მეტი პირის მკვლელობაში დახმარება) არ ნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში გ. დ-ს ბრალი დაფუძნებულია რაიმე ახალ, განსხვავებულ ფაქტობრივ გარემოებებზე. გადაწყვეტილება შეეხება მსჯავრდებულისთვის კარგად ცნობილი ფაქტების განსხვავებულ სამართლებრივ შეფასებას და არა ისეთ ახალ დანაშაულში მის მსჯავრდებას, რომელიც მოწყვეტილია ბრალდების ფორმულირებაში ასახული ფაქტებისა და ბრალდებულის მიერ განხორციელებული ქმედებებისგან.

15. გარდა ამისა, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ დაცვის მხარე სრულად არის ინფორმირებული ბრალდების არსისა და საფუძვლის შესახებ, ასევე - მას ჰქონდა ადეკვატური დრო და საშუალება დაცვის მოსამზადებლად. ამასთანავე, დაცვის მხარემ გადაწყვეტილება გაასაჩივრა როგორც სააპელაციო, ისე საკასაციო წესით და, შესაბამისად, ასევე სრულად ისარგებლა ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში შეცვლილ ბრალდებასთან დაკავშირებით სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა და პოზიციის წარდგენის შესაძლებლობით. თავის მხრივ, საკასაციო პალატამ გულდასმით შეისწავლა დაცვის მხარის საკასაციო საჩივარში წარმოდგენილი მოსაზრებები, საქმეში არსებული მტკიცებულებები და მიაჩნია, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნები არ დარღვეულა.

16. რაც შეეხება დაცვის მხარის კიდევ ერთ მოსაზრებას გ.დ-ს მიმართ საექსტრადიციო პროცედურების დარღვევის შესახებ, მოცემულ საკითხზე სააპელაციო პალატა განაჩენში დეტალურად მსჯელობს, რასაც საკასაციო პალატაც ეთანხმება.

17. საკასაციო პალატა ასევე ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის საკასაციო საჩივარში წარმოდგენილ პოზიციას, რომლითაც კასატორი ითხოვს მსჯავრდებულ გ. დ-ს ქმედების კვლავ საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის ,,ა’’, ,,თ” ქვეპუნქტებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) დაკვალიფიცირებას და აგრეთვე, გ.დ-ს და დ. ა-სათვის უფრო მკაცრი სასჯელების შეფარდებას, პალატა მოცემულ შემთხვევაშიც სრულად ეთანხმება სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს არგუმენტებს, რომლებზეც დეტალურადაა მსჯელობა განაჩენში.

18. რაც შეეხება სასჯელებს, საკასაციო პალატა სასჯელის სამართლიანობასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მსჯავრდებულების - გ.დ-ს და დ. ა-სათვის განსაზღვრული საბოლოო სასჯელების ზომა შეესაბამება სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს. სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნის როგორც ზოგადსავალდებულო გარემოებები და პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, ისე - საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და მსჯავრდებულებს განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელები, რომელთა დამძიმების საფუძველი არ არსებობს.

19. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

20. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს მთავარი პროკურატურის საპროკურორო ზედამხედველობის სამმართველოს უფროსი პროკურორის - ამირან გულუაშვილისა და მსჯავრდებულ გ. დ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატების - დ. ა-ს და დ. კ-ს საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: გ. შავლიაშვილი

პ. ქათამაძე