დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100117002146727
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
საქმე №862აპ-19 ქ. თბილისი
ა. გ., 862აპ-19 11 მაისი, 2020 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. ა-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. ბ-სა და ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორ თამარ პაპავას საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 3 ოქტომბრის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ბრალდების შესახებ დადგენილებით გ. ა-ს, - - - ბრალად ედებოდა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ესე იგი სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის, ჩადენილი ხულიგნური ქვენაგრძნობით, ჯგუფურად, რაც გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის 24 სექტემბერს, დაახლოებით 23:50 საათზე, არასრულწლოვანი გ. ა. მეგობრებთან - ლ. დ-სა და თ. გ-თან ერთად იმყოფებოდა ქ. თ. არსებულ რესტორან ,,მ.“, სადაც იქ მყოფ მ. ო-ს უმნიშვნელო საბაბით დაუწყეს ჩხუბი, რაც გაგრძელდა რესტორნის მიმდებარე ტერიტორიაზე. დანებით შეიარაღებულმა გ. ა-მ, ლ. დ-მ და თ. გ-მა, ჯგუფურად, ხულიგნური ქვენა გრძნობით განიზრახეს ჯანმრთელობის დაზიანება მიეყენებინათ მ. ო-სა და მისი მეგობრებისთვის: ნ. ყ-სთვის, გ. ბ-სა და ზ. რ-სთვის, რა დროსაც გ. ა-მ ხელთნაქონი დანა მუცლის არეში ორჯერ დაარტყა ნ. ყ-ს, რითაც მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანებები, კერძოდ: ნაკვეთ - ნაჩხვლეტი ჭრილობა მუცლის ზედა მესამედში (ეპიგასტრიუმში) მახვილისებური მორჩიდან მარჯვნივ, მკერდის ძვლის გვერდით ხაზზე, შემავალი მუცლის ღრუში ღვიძლის დაზიანებით, ასევე ნაკვეთ- ნაჩხვლეტი ჭრილობა მარჯვნივ მუცლის ქვედა მესამედში (ჰიპოგასტრიუმში) - ძუძუს (მამილარულ) ხაზზე, შემავალი მუცლის ღრუში, კუჭის, ნაწლავებისა და ჯორჯლის დაზიანებით.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 25 სექტემბრის განაჩენით:
გ. ა. საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.
გ. ა. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით და მიესაჯა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე შეუმცირდა ¼-ით და მიესაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე ამ განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა - თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 18 დეკემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გ. ა-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა.
გ. ა-ს სასჯელის მოხდა დაეწყო განაჩენის მიღების დღიდან - 2018 წლის 25 სექტემბრიდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის პერიოდი - 2017წლის 25 სექტემბრიდან იმავე წლის 30 ნოემბრის ჩათვლით; ასევე წინა - თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 18 დეკემბრის განაჩენით მოხდილი სასჯელი - 2017 წლის 18 დეკემბრიდან 2018 წლის 25 სექტემბრამდე; 2017 წლის 27 ოქტომბრიდან იმავე წლის 18 დეკემბრამდე, აგრეთვე დაკავების პერიოდი - 2017 წლის 19 აგვისტო.
3. განაჩენით გ. ა-ს მსჯავრი დაედო ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში, ესე იგი სხეულის დაზიანებაში, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის, ჩადენილი ხულიგნური ქვენაგრძნობით, რაც გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის 24 სექტემბერს, დაახლოებით 23:50 საათზე, არასრულწლოვანი გ. ა. მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა ქ. თ. არსებულ რესტორან ,,მ.“ მიმდებარედ, რა დროსაც რესტორანში მყოფ მ. ო-სთან უმნიშვნელო საბაბით დაწყებული ჩხუბი გაგრძელდა რესტორნის მიმდებარე ტერიტორიაზე. დანით შეიარაღებულმა გ. ა-მ ხულიგნური ქვენა გრძნობით განიზრახა, ჯანმრთელობის დაზიანება მიეყენებინა მ. ო-ს მეგობარ ნ. ყ-სთვის და ხელთნაქონი დანა მუცლის არეში ორჯერ დაარტყა მას, რითაც მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანებები, კერძოდ: ნაკვეთ - ნაჩხვლეტი ჭრილობა მუცლის ზედა მესამედში (ეპიგასტრიუმში) მახვილისებური მორჩიდან მარჯვნივ, მკერდის ძვლის გვერდით ხაზზე, შემავალი მუცლის ღრუში ღვიძლის დაზიანებით, ასევე ნაკვეთ - ნაჩხვლეტი ჭრილობა მარჯვნივ მუცლის ქვედა მესამედში (ჰიპოგასტრიუმში), ძუძუს (მამილარულ) ხაზზე, შემავალი მუცლის ღრუში, კუჭის, ნაწლავების და ჯორჯლის დაზიანებით.
4. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 3 ოქტომბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.
5. ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორი თამარ პაპავა საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ: გ. ა-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,გ“, ,,ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სამართლიანი სასჯელის შეფარდებას.
მსჯავრდებულ გ. ა-ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი ი. ბ. საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ: გ. ა-ს ქმედების გადაკვალიფიცირებას საქართველოს სსკ-ის 122-ე მუხლზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო სასამართლომ განიხილა საკასაციო საჩივრები, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრების საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორ თამარ პაპავასა და მსჯავრდებულ გ. ა-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. ბ-ს საკასაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
2. სასამართლო მიუთითებს: ის ფაქტობრივი გარემოება, რომ 2017 წლის 24 სექტემბერს სწორედ გ. ა-მ მიაყენა დანით ჭრილობები დაზარალებულ ნ. ყ-ს მხარეთა მიერ არ არის სადავოდ გამხდარი. მხარეები სადავოდ ხდიან მხოლოდ ამ ფაქტობრივი გარემოების სამართლებრივ შეფასებას, კერძოდ: გასაჩივრებული განაჩენით დადგენილია, რომ გ. ა-მ ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ესე იგი სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის, ჩადენილი ხულიგნური ქვენაგრძნობით; ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ საქმეზე ჩატარდა ყოველმხრივი და სრულყოფილი გამოძიება, რა დროსას ეტაპობრივად გამოიკვეთა მსჯავრდებულის ყველა ქმედება, მათ შორის მისი ჯგუფური ხასიათი, ჩადენილი ხულიგნური ქვენაგრძნობით; ხოლო დაცვის მხარე მიიჩნევს, რომ აგრესია და ფიზიკური შეურაცხყოფა მოდიდოდა თავად დაზარალებულების მხრიდან და შესაბამისად, გ. ა-მ გადაამეტა აუცილებელი მოგერიების ფარგლებს და მიაყენა დაზიანებები ნ. ყ-ს.
3. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს არც ბრალდების და არც დაცვის მხარის არგუმენტებს, სრულად იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას და მიაჩნია, რომ გ. ა-მ ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ესე იგი სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის, ჩადენილი ხულიგნური ქვენაგრძნობით, კერძოდ:
4. დაზარალებულმა ნ. ყ-მა განმარტა, რომ 2017 წლის 24 სექტემბერს, იმყოფებოდა მისი დის ქორწილში თ. მდებარე რესტორან ,,მ.“. იყო ნასვამი. დ. კ-სთან და ზ. ქ-თან ერთად იყო ქუჩაში, აპირებდა ტაქსის გაჩერებას და სახლში წასვლას, რა დროსაც შენიშნა გ. ბ., მ. ო., ზ. რ. და მისთვის უცნობი სამი პირი, რომლებიც ერთმანეთში დაძაბულად საუბრობდნენ (კამათობდნენ). იგი მივიდა სიტუაციის გასარკვევად. მოულოდნელად, მისთვის გაუგებარი მიზეზით დაიწყო ჩხუბი, რომელიც მალევე, დაახლოებით 10-15 წამში, დასრულდა. ჩხუბის დროს მას ვინმეს ხელში დანა არ დაუნახავს. იგი მეგობრებთან ერთად გადაადგილდებოდა რესტორნის მხარეს, რა დროსაც კვლავ განახლდა ჩხუბი. იგი დაიჭირა ერთმა პირმა თავით, რა დროსაც დანით დაჭრა მეორემ, რომელსაც ეცვა ვარდისფერი მაისური და ჰქონდა მოგრძო, ტალღოვანი თმა, რომელმაც დანა დაარტყა ზედიზედ ორჯერ მუცლის, კერძოდ, კუჭის და გულმკერდის მიდამოში, ისე რომ მისთვის არაფერი უთქვამს და არც მასთან კონფლიქტი უძღვოდა წინ. მან დამნაშავის ხელში დანა დაინახა - როგორც მისი დაჭრის მომენტში, ასევე მისი დაჭრის შემდეგ. მან იგრძნო დარტყმა, დაინახა დანა თავდამსხმელის ხელში და რომ დაიხედა იყო დაჭრილი. დაჭრის შემდეგ, მასთან მივიდა დ. კ. და ჩხუბს გაარიდა. ჩხუბის დროს მას სხვა არავის დაჭრა დაუნახავს. მეორე დღეს გაიგო, რომ მისი მეგობრებიც იყვნენ დაჭრილნი. მისთვის კონფლიქტის უშუალო მიზეზი უცნობია. მიყენებული ჭრილობების შედეგად მას დაუზიანდა კუჭი და ღვიძლი, ჩაუტარდა გადაუდებელი ოპერაცია, რის შემდეგ გადიოდა სტაციონარულ მკურნალობას.
5. მოწმე დ. კ-მ განმარტა, რომ 2017 წლის 24 სექტემბერს იყო ქ.თ. მდებარე რესტორანში, მისი მეგობრის ნ. ყ-ს დის ქორწილში. იგი იყო ნასვამი, მთვრალი არ ყოფილა. გვიან ღამით, დაახლოებით 23:50 საათზე, ნ. ყ-თან და ზ. ქ-თან ერთად ელოდებოდა ტაქსის, რა დროსაც შენიშნა მ. ო., რომელიც ორ უცნობთან ერთად მოძრაობდა, რომლებსაც მიუახლოვდა ზ. ქ-ი, რათა გაერკვია, რა ხდებოდა. მათთან მივიდნენ გ. ბ. და ზ. რ.. მალევე დაიწყო ჩხუბი. მოჩხუბრებს შორის იყვნენ ნ. ყ. და გ. ა.. მან დაინახა როგორ დაჭრა ნ. ყ. გ. ა-მ. ნ. ყ-ს დაარტყა გ. ა-მ, მისი შემობრუნებისას დაინახა, რომ ხელში ეკავა დანა. ნ. ყ-თან სხვა პირი, გარდა გ. ა-სა, მას არ დაუნახავს. მანამდე ნ. ყ-ს ვინმე ეჩხუბებოდა თუ არა, მას არ დაუნახავს. სხვა პირის ხელში მას დანა არ დაუნახავს. დ. კ-მ ჩხუბს გამოარიდა ნ. ყ., რომელიც იყო დაჭრილი. ჩხუბი გრძელდებოდა სულ 5 წუთს. ჩხუბის მიზეზი მისთვის უცნობია. ჩხუბის დროს ასევე დაიჭრა გ. ბ., მ. ო. და ზ. რ., თუმცა მათი დაჭრა არ დაუნახავს. მოგვიანებით დ. კ-მ მონაწილეობა მიიღო ამოცნობაში, რა დროსაც ამოიცნო გ. ა. - პირი რომელმაც დაჭრა ნ. ყ.. ასევე ამოიცნო ლ. დ. და თ. გ-ი, რომლებიც მონაწილეობდნენ ჩხუბში. ჩხუბის დროს გ. ა-ს ეცვა ვარდისფერი მაისური, თ. გ-ს -ნაცრისფერი მაისური, ლ. დ-ს - შავი.
6. მოწმე ზ. ქ-მა განმარტა, რომ 2017 წლის 24 სექტემბერს იყო ქ.თ. მდებარე რესტორანში, მისი მეგობრის ნ. ყ-ს დის - ქ. ყ-ს ქორწილში. დაახლოებით ღამის 00:00 საათისთვის დ. კ-სთან და ნ. ყ-თან ერთად გამოვიდა რესტორნიდან ქუჩაში. იგი და დ. კ. მაღაზია ,,ზ-ს“ წინ ბორდიურზე ჩამოსხდნენ. მალევე დაინახა მ. ო., რომელიც ესაუბრებოდა თ. გ-ს (როგორც მოგვიანებით გაიგო). იგი მივიდა, რათა გაერკვია, რამე გაუგებრობას ხომ არ ჰქონდა ადგილი, რაზეც მ. ო-მ უპასუხა, რომ საგანგაშო არაფერი ხდებოდა. მალევე დაიწყო ჩხუბი (გაუგებრობა), რომელიც გაგრძელდა რამდენიმე წამს. მან დაინახა, როგორ დაჭრა ნ. ყ. გ. ა-მ, რომელსაც ეცვა ვარდისფერი მაისური და ხელში ეკავა დანა. გ. ა-მ დაიჭირა ნ. ყ. (წელში მოხარა) და ორჯერ ამოარტყა დანა მუცლის არეში. მან ასევე დაინახა, როგორ დაარტყა დანა მის მეგობარ გ. ბ-ს მუცელში ლ. დ-მ, რის შემდეგ გ. ბ. დაეცა. ასევე დაინახა შეხლა-შემოხლა თ. გ-სა და მ. ო-ს შორის, რომლის დაჭრა არ დაუნახავს. იგი დაედევნა გ. ა-ს, თ. გ-ს და ლ. დ-ს, რომლებიც შემთხვევის ადგილიდან გაიქცნენ თავისუფლების მოედნის მიმართულებით, თუმცა მალევე შეეშვა. გამოძიების მსვლელობისას ზ. ქ-მა მონაწილეობა მიიღო ამოცნობაში და ამოიცნო გ. ა.. ასევე ამოიცნო ლ. დ. და თ. გ-ი. კონფლიქტის მიზეზი მისთვის უცნობია. ჩხუბი მთლიანად გრძელდებოდა მაქსიმუმ 5წუთს.
7. მოწმე მ. ო-მ განმარტა, რომ 2017 წლის 24 სექტემბერს იყო ქ.თ. მდებარე რესტორან ,,მ.“, მეგობრის ქორწილში. იყო ნასვამი. ფანჯარასთან ეწეოდა სიგარეტს, რა დროსაც ქუჩიდან რაღაც ჰკითხეს, რაზეც ხუმრობით უპასუხა, თუმცა საუბრის შინაარსი ზუსტად არ ახსოვს. ჩავიდა ქუჩაში. გ. ბ. და ზ. რ-ც უკან გაყვნენ. ქუჩაში მოუვიდა შელაპარაკება მისთვის უცნობ სამ პირთან, თუმცა კონფლიქტის მიზეზი არ ახსოვს. მისთვის უცნობ პირთან ერთად, რომელსაც ეცვა გრძელმკლავიანი მაისური, გვერდით გავიდა და საუბარი განაგრძო. მალევე იგრძნო ძლიერი დარტყმა და ტკივილი მუცლის არეში, რა დროსაც დანა მოხვდა მუცელში. მას ჰქონდა ორი ჭრილობა, თუმცა მხოლოდ ერთი დარტყმის მომენტი აღიქვა. დანის დარტყმის მომენტში მან დაინახა დამნაშავის სახე, რომელსაც სახეზე, მარცხენა მხარეს შუბლიდან ლოყამდე ჰქონდა ნაიარევი. მისთვის სხვა პირს არაფერი დაურტყამს. იგი რესტორანთან დაბრუნდა და ნახა გ. ბ., რომელიც იყო დაჭრილი, ძირს იწვა და სისხლი სდიოდა. იგი რესტორანში შევიდა და სთხოვა მიმტანს სასწრაფოში დაერეკა, რის შემდეგ გონება დაკარგა. კონფლიქტის დროს მას ვინმეს ხელში დანა არ დაუნახავს. გ. ა. არც კონფლიქტის დასაწყისში და არც შემდგომ უნახავს. მეორე დღეს გაიგო, რომ ნ. ყ. და ზ. რ-ც იყვნენ დაჭრილები.
8. მოწმე გ. ბ-მა განმარტა, რომ 2017 წლის 24 სექტემბერს იყო ქ.თ. მდებარე რესტორან ,,მ.“, მეგობრების ქორწილში. გვიან ღამით, დაახლოებით 23:30 საათისთვის, დაინახა მ. ო., რომელიც იდგა ფანჯარასთან და მოწყვეტით გაიქცა გარეთ. იგი, ზ. რ-სთან ერთად გაყვა უკან მ. ო-ს. ქუჩაში ნახა მ. ო., რომელიც დაძაბულად ესაუბრებოდა მისთვის უცნობ პირს, იყო გაწევ-გამოწევა. ქუჩაში ასევე იყვნენ ნ. ყ., დ. კ. და ზაქრია ქ-ი. იგი, ზ. რ-სთან ერთად მიუახლოვდა მ. ო-ს, თუმცა საუბრის შინაარსი არ ახსოვს. ყველაფერი ერთ წუთში მოხდა. ჩხუბი და ხელის დარტყმა არც ყოფილა. მას დანით აქვს ორი ჭრილობა მუცლის არეში, ღვიძლის არეში (პლევრის დაზიანებით), ხელზე და კისერში, თუმცა ვინ მიაყენა დაზიანებები არ იცის. მისი ვარაუდით ჭრილობები შესაძლოა მიაყენა პირმა, რომელსაც ეცვა რუხი მაისური. აქტიურად მათ სამი პირი ეჩხუბებოდა. მას დანა არ დაუნახავს, ამიტომ ვერ გააცნობიერა, რომ დაჭრილი იყო, თუმცა დარტყმა და უხერხული ტკივილი იგრძნო და წაიქცა რესტორნის კართან. ესმოდა ზ. რ-ს ხმა, რომელიც ითხოვდა სასწრაფოს გამოძახებას, ასევე ამბობდა, რომ თავადაც იყო დაჭრილი. იგი იყო ძალიან ნასვამი, რის გამოც ვერავის ამოცნობა ვერ შეძლო. მას დანა არავის ხელში დაუნახავს. მეორე დღეს გაიგო, რომ ნ. ყ. და მ. ო. ასევე იყვნენ დაჭრილები. ის პირები, ვინც მათ მიაყენა დაზიანებები, გაიქცნენ თავისუფლების მოედნის მიმართულებით. ჩხუბის მიზეზი მისთვის უცნობია.
9. მოწმე ზ. რ-მ განმარტა, რომ 2017 წლის 24 სექტემბერს იყო ქ.თ. მდებარე რესტორან ,,მ.“, მეგობრის ქორწილში. გვიან, დაახლოებით 00:00 საათისთვის იდგა ფანჯარასთან და დაინახა, მ. ო. ვიღაცას ესაუბრებოდა მეორე სართულის ფანჯრიდან. დიალოგი გაგრძელდა რამდენიმე წამს, თუმცა შინაარსი არ გაუგია. მ. ო. უსიტყვოდ გაიქცა ქუჩისკენ. იგი, გ. ბ-თან ერთად უკან დაედევნა, რადგან მიხვდა, რაღაც ხდებოდა. მ. ო. ქუჩაში, რესტორნის მარჯვენა მხარეს მისთვის უცნობ პირებს ესაუბრებოდა, რომელთაგან სამი პირი აქტიურობდა, რომელთა ამოცნობა არ შეუძლია. მათგან ერთ პირს ეცვა ვარდისფერი მაისური, მეორეს - შავი, მესამეს - მუქი ფერის. ჩოჩქოლი გაგრძელდა რამდენიმე წამს და დაპირისპირებული მხარის წარმომადგენლები გაიქცნენ თავისუფლების მოედნის მიმართულებით. მან მიიღო ჭრილობები ზურგში და გულმკერდის არეში. მან დარტყმა იგრძნო, თუმცა დაჭრილი რომ იყო არ იცოდა. მის მიმართ დარტყმებს ახორციელებდა პირი, რომელსაც ეცვა მუქი მაისური, თუმცა მის ხელში დანა არ დაუნახავს. დანა არავის ხელში დაუნახავს. მან ასევე დაინახა გ. ბ., რომელსაც დაარტყა პირმა, რომელსაც ეცვა მუქი მაისური და მოგვიანებით დაინახა, რომ იყო დაჭრილი და სისხლი სდიოდა. ასევე დაჭრილები აღმოჩნდნენ მ. ო. და ნ. ყ.. ჩხუბის მიზეზი არც იმ დროს და არც მოგვიანებით გაუგია.
10. სასამართლოში გამოკვლეული მოწმე ტ. ბ-ს გამოძიებაში მიცემული ჩვენების თანახმად, 2017 წლის 24 სექტემბერს დაახლოებით 23:45 საათზე იმყოფებოდა თ. მდებარე რესტორან ,,მ.“. იჯდა გარეთ და ელოდებოდა შეკვეთას, რა დროსაც შენიშნა მაღაზია ,,ზ-ს“ მხრიდან მომავალი შვიდი ბიჭი, რომლებიც ერთმანეთში ხმამაღლა საუბრობდნენ. საუბრის მანერით მიხვდა, რომ ისინი კამათობდნენ. იგი მიხვდა, რომ ერთ მხარეს იყო სამი ახალგაზრდა, მეორე მხარეს - ოთხი. მან დაინახა, როგორ გადაეფარა კიკინიანი ახალგაზრდა მის მეგობარს, რის შემდეგ შავმაისურიანმა ახალგაზრდამ უკნიდან დაარტყა კიკინიანს, რომელსაც წამოუვიდა სისხლი. მას არ დაუნახავს, ეკავა თუ არა ხელში შავმაისურიანს რამე ნივთი, თუმცა კიკინიან ბიჭს სხვა არავინ მიკარებია. იგი ხედავდა, როგორ დაეცა ყველა ახალგაზრდა მას შემდეგ, რაც მათ შავმაისურიანი ახალგაზრდა მიეკარათ. მოგვიანებით გაიგო, რომ ისინი დაჭრილები იყვნენ. შავმაისურიან ახალგაზრდასთან ერთად ჩხუბობდნენ ვარდისფერ მაისურიანი და ნაცრისფერ მაისურიანი ახალგაზრდები, რომლებიც თავს ესხმოდნენ დანარჩენ ოთხს, რომლებიც ცდილობდნენ თავის დაღწევას. მან დაინახა, როგორ გაიქცა სამი ახალგაზრდა თავისუფლების მოედნის მიმართულებით, ხოლო ის ოთხი ახალგაზრდა, ვისაც ისინი ეჩხუბებოდნენ აღმოჩნდნენ დაჭრილები.
11. 2017 წლის 24 სექტემბერის რ. მდებარე სავაჭრო ცენტრ „ს-ს“ სათვალთვალო ვიდეოკამერების ჩანაწერში ნათლად ჩანს ახალგაზრდებს შორის არსებული დაპირისპირება. ასევე ნათლად ჩანს, რომ სწორედ გ. ა. ურტყამს ხელს ნ. ყ-ს და მას ხელში უჭირავს მოგრძო ფორმის საგანი.
12. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტის N-- დასკვნით (20.10.2017), ნ. ყ. შპს -- კლინიკაში სტაციონარულ მკურნალობას გადიოდა 25.09.2017 წლიდან 02.10.2017 წლამდე. ნ. ყ-ს აღენიშნებოდა ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა მუცლის ზედა მესამედში (ეპიგასტრიუმში) მახვლისებური მორჩიდან მარჯვნივ, მკერდის ძვლის გვერდით ხაზზე, შემავალი მუცლის ღრუში ღვიძლის დაზიანებით, ასევე ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა მარჯვნივ მუცლის ქვედა მესამედში (ჰიპოგასტრიუმში) ძუძუს (მამილარულ) ხაზზე, შემავალი მუცლის ღრუში, კუჭის, ნაწლავების და ჯორჯლის დაზიანებით. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის მოქმედებით, თითოეული ცალცალკე და ერთად აღებული მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათო და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ ტრავმის მიღების 24.09.2017 წლის თარიღს. დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ს. ბელქანიამ.
13. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტის N-- დასკვნით (05.10.2017), პაკეტში წარწერით ,,გ. ა-ს ტანსაცმელი...“, მოთავსებულ მაისურზე (ობ. N25) არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომლის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის გ. ბ-ს. პაკეტში წარწერით ,,... ნ.ყ-ს ტანსაცმელი...“ მოთავსებულ ჯინსის შარვალზე (ობ. N37), პერანგზე (ობ. N39-40), ქამარზე (ობ. N41) და წყვილ ფეხსაცმელზე (ობ. N43) არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები და დანაშრევები წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომლის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ნ. ყ-ს, ხოლო ჯინსის შარვალზე (ობ. N38) და წყვილ ფეხსაცმელზე (ობ. N42) არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები და დანაშრევები წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომლის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის გ. ბ-ს. დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ნ. კ-მ.
14. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტის N--- დასკვნით (07.12.2017), ,,ნ. ყ-ს“ წარმოდგენილი ტანსაცმლიდან (პერანგი, შარვალი, ქამარი, ერთი წყვილი წინდა, ერთი წყვილი ფეხსაცმელი) პერანგზე არსებული ხევით და ღილების ამოგლეჯვით განვითარებული დაზიანებების წარმოშობის შესაძლებლობა არ გამოირიცხება ფიზიკური ძალის მოქმედებით (მოქაჩვით) და ასევე იკვეთება სავარაუდოდ წვეროს მქონე, რაიმე მყარი საგნის (გამოშვერილობის) მოქმედებისათვის დამახასიათებელი ხევით განვითარებული კუთხოვანი ფორმის დაზიანება. ზემოაღნიშნული ექსპერტის დასკვნა დაადასტურა სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ნ. ო----მ.
15. მსჯავრდებულმა გ. ა-მ განმარტა, რომ 2017 წლის 24სექტემბერს იყო ქ.თ., რესტორან ,,მ.“ მიმდებარედ, მის მეგობრებთან თ. გ-თან და ლ. დ-სთან ერთად. რესტორნის მეორე სართულიდან შემოესმათ კლუბური მუსიკის ხმა. დაინტერესდნენ, თუ რა ხდებოდა, რაზეც მეორე სართულზე მყოფი უცნობისგან მიიღეს ცინიკური და შეურაცხმყოფელი პასუხი. მათ მიუთითეს უცნობს, რომ იყო უზრდელი და განაგრძეს სვლა. რესტორნის დაცვის სამსახურის თანამშომლებმა განუმარტეს, რომ რესტორანში იყო ქორწილი და ვერ შეუშვებდნენ. განაგრძეს გზა თავისუფლების მოედნის მიმართულებით, როდესაც რესტორნიდან გამოსულმა პირებმა, რომლებიც იყვნენ უზომოდ ნასვამები, შეაჩერეს. იგი გზის გაგრძელებას აპირებდა, რა დროსაც დაპირისპირებული მხრიდან ხელი დაარტყეს. მანაც ჰკრა ხელი უცნობს. დაიწყო ჩხუბი. მას ჰქონდა დანა, რომელიც მოწინააღმდეგეების განეიტრალების მიზნით გამოიყენა და რამდენი პირიც მიუახლოვდებოდა, ყველას ურტყამდა, სანამ თავი არ დაანებეს. მან დანით ჭრილობები მიაყენა სულ ოთხ პირს. ამ საქმეში ყველა დაზარალებული მან დაჭრა. მის მეგობრებს თ. გ-ს და ლ. დ-ს დანები არ ჰქონიათ. მას თავს დაესხა ბევრი, ათამდე ადამიანი, რის გამოც გამოიყენა თანნაქონი დანა. დაპირისპირებული პირების მხრიდან დანა არავის უხმარია. მისი დანა იყო პატარა, რომელიც შემთხვევის ადგილიდან გაქცევისას გზაში გადააგდო. საქმეზე ამოღებული ორივე ე.წ. ,,ბენდენა“ მას ეკუთვნოდა. ჩხუბის შემდეგ წითელი ე.წ. ,,ბენდენით“ შეიხვია თითზე ჭრლობა, ხოლო თეთრი ე.წ. ,,ბენდენა“ მისცა თ. გ-ს, რომელიც მოგვიანებით ამოიღეს. ვიდეოჩანაწერში ჩხუბის დიდი ნაწილი არ ჩანს. ჩანაწერის დაწყებისას მას ორი პირი უკვე დაჭრილი ჰყავდა. იგი შემთხვევის ადგილიდან წავიდა გრიბოედოვის ქუჩის მიმართულებით, სადაც მალევე, დაახლოებით ნახევარ საათში, დააკავეს პოლიციელებმა. მას ჯგუფურად დანაშაული არ ჩაუდენია, მან მარტომ დაჭრა ოთხი პირი თავდაცვის მიზნით, რათა გაენეიტრალებინა მათი თავდასხმა.
16. საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში მხარეებს სადავოდ არ მიუჩნევიათ: შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, ბრალდებულის დაკავების და პირადი ჩხრეკის ოქმი, პირის ამოცნობის ოქმები, ფოტოსურათებით ამოცნობის ოქმი.
17. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მოსაზრებას, რომ კონკრეტული დანაშაულის ჩადენის მიზეზი გახდა დაზარალებულების მხრიდან წამოსული აგრესია, ფიზიკური შეურაცხყოფა და მსჯავრდებულმა ნ. ყ. დაჭრა აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებით. სასამართლო აღნიშნავს შემდეგს:
18. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 28-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, მართლსაწინააღმდეგოდ არ მოქმედებს ის, ვინც ამ კოდექსით გათვალისწინებულ ქმედებას ჩაიდენს აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში, ე.ი. ვინც მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისას დააზიანებს ხელმყოფს თავისი ან სხვისი სამართლებრივი სიკეთის დასაცავად. იმავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილება ნიშნავს მომგერიებლის მიერ თავდაცვის აშკარა შეუსაბამობას მასზე თავდასხმის ხასიათთან და საშიშროებასთან.
19. აუცილებელი მოგერიების მდგომარეობა შედგება შემდეგი სამი ელემენტისგან: უკიდურესი მდგომარეობა, უკიდურესობით გამოწვეული მოქმედება და თავდაცვის სურვილი. თავის მხრივ, უკიდურესი მდგომარეობის არსებობის დასადგენად საჭიროა შემდეგი სამი კრიტერიუმის არსებობა: სამართლებრივი სიკეთის ხელყოფა, ხელყოფის იმწუთიერობა და ხელყოფის მართლწინააღმდეგობა, რაც, შესაბამისად, გულისხმობს ხელყოფის რეალურ (ობიექტურ) ხასიათს. აუცილებელი მოგერიების დროს ობიექტურად უნდა არსებობდეს თავდასხმა და სუბიექტურად პირს უნდა ჰქონდეს თავდაცვის მიზანი. ამასთან, აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილების ფაქტის არსებობისა თუ არარსებობის თაობაზე მსჯელობის საფუძველი ჩნდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც სარწმუნოდ დგინდება, რომ მომგერიებელი ფარგლების გადაცილებამდე ნამდვილად იმყოფებოდა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში, რა დროსაც მის მიმართ რეალურად ხორციელდებოდა მისი სიცოცხლის ან ჯანმრთელობისათვის საშიში მართლსაწინააღმდეგო ხელყოფა.
20. საკასაციო სასამართლო სრულად ეთანხმება სააპელაციო პალატის მოტივაციას იმის თაობაზე, რომ გ. ა. არ იმყოფებოდა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში და დამატებით აღნიშნავს შემდეგს: დაზარალებულმა ნ. ყ-მა დაადასტურა, რომ მას ზედიზედ ორი ჭრილობა დანით მუცლის არეში მიაყენა ვარდისფერ მაისურიანმა პირმა (გ. ა.), რომელსაც ჰქონდა მოგრძო თმა. სასამართლო აღნიშნავს - უტყუარად არის დადგენილი ის ფაქტობრივი გარემოება, რომ შემთხვევის დღეს მხოლოდ გ. ა-ს ეცვა ვარდისფერი მაისური. მოწმე დ. კ-მ დაადასტურა, რომ 2017 წლის 24 სექტემბერს ნ. ყ. დაჭრა გ. ა-მ, რომელსაც მარჯვენა ხელში ეკავა დანა. მოწმე ზ. ქ-მა დაადასტურა, რომ ნ. ყ-ს ორჯერ ამოარტყა მუცელში დანა სწორედ გ. ა-მ, რომელსაც ეცვა ვარდისფერი მაისური. პირის ამოცნობის ოქმების (25.09.2017) თანახმად, დ. კ-მ და ზ. ქ-მა ამოიცნეს გ. ა., რომელმაც ორჯერ დაარტყა დანა მუცელში ნ. ყ-ს. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტის N---- დასკვნით (20.10.2017), დადასტურდა, რომ ნ. ყ-ს აღენიშნებოდა 1) ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა მუცლის ზედა მესამედში (ეპიგასტრიუმში) მახვლისებური მორჩიდან მარჯვნივ, მკერდის ძვლის გვერდით ხაზზე, შემავალი მუცლის ღრუში ღვიძლის დაზიანებით, ასევე 2) ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა მარჯვნივ მუცლის ქვედა მესამედში (ჰიპოგასტრიუმში) ძუძუს (მამილარულ) ხაზზე, შემავალი მუცლის ღრუში, კუჭის, ნაწლავების და ჯორჯლის დაზიანებით. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის მოქმედებით, თითოეული ცალ-ცალკე და ერთად აღებული მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათოს.
21. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს შემდეგ გარემოებაზე: არც დაზარალებულ ნ. ყ-ს, არც მომხდარი შემთხვევის თვითმხილველი მოწმეების ჩვენებებიდან და არც თვით მსჯავრდებულ გ. ა-ს მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენებიდან გამომდინარეობს, რომ მხარეებს შორის კონფლიქტის დაწყების შემდეგ, მასთან დაპირისპირებული რომელიმე პირი, მათ შორის დაზარალებული ნ. ყ., მის მიმართ ახორციელებდა ისეთ ქმედებას, რომელიც რეალურ საფრთხეს უქმნიდა მის სიცოხლეს ან ჯანმრთელობას. მართალია, მსჯავრდებულის ჩვენება აშკარა წინააღმდეგობაშია დაზარალებულისა და მოწმეების ჩვენებებთან, მაგრამ მიუხედავად ამისა, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მის ჩვენებას ნაწილობრივ მაინც მივიჩნევთ სარწმუნოდ, არ დგინდება, რომ ხსენებული კონფლიქტის დროს ის იმყოფებოდა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში. მსჯავრდებული გ. ა. თავის ჩვენებაში აღნიშნავს: მან და მისმა მეგობრებმა განაგრძეს გზა თავისუფლების მოედნის მიმართულებით, როდესაც რესტორნიდან გამოსულმა პირებმა, რომლებიც იყვნენ ნასვამები, შეაჩერეს ისინი. თვითონ ის გზის გაგრძელებას აპირებდა, რა დროსაც მას დაპირისპირებული მხრიდან ხელი დაარტყეს. მანაც ჰკრა ხელი უცნობს. დაიწყო ჩხუბი. მას ჰქონდა დანა, რომელიც მოწინააღმდეგეების განეიტრალების მიზნით გამოიყენა, რამდენი პირიც მიუახლოვდებოდა, ყველას უტყამდა, სანამ თავი არ დაანებეს. კონფლიქტის დროს მას თავს დაესხა ბევრი, ათამდე ადამიანი, რის გამოც გამოიყენა დანა. დაპირისპირებული პირების მხრიდან დანა არავის უხმარია.
22. როგორც ვხედავთ, მსჯავრდებული მხოლოდ ზოგადად აღნიშნავს, რომ მას თავს დაესხა ერთდროულად ათამდე ადამიანი, რაც სხვა მტკიცებულებებით არ დასტურდება. ამასთან, ის არ ამბობს მის მიმართ თავდასხმა რაში გამოიხატა ანუ კონკრეტულად რა ხასიათის მოქმედებები ხორციელდებოდა მის მიმართ, რაც შესაძლებლობას შექმნიდა იმის განსაზღვრისათვის ნამდვილად არსებობდა თუ არა ისეთი ხელყოფა ან თუნდაც ისეთი ხელყოფის დაწყების საშიშროება, რომელიც ობიექტური შეფასებით, იქნებოდა რეალური საფრთხის შემცველი მისი სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის. გარდა ამისა, თავის ჩვენებაში გ. ა. იმაზეც მიუთითებს, რომ დაპირისპირებული მხარის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ ძლიერი სიმთვრალის მდგომარეობაში, ამასთან, ისინი არ ყოფილან შეიარაღებულნი, რაც კიდევ უფრო ასუსტებს დაცვის მხარის ვერსიას აუცილებელი მოგერიების მდგომარეობის არსებობის შესახებ. მსჯავრდებული თავის ჩვენებაში დაპირისპირებული მხარის მხოლოდ ერთი წარმომადგენლის მიერ მისთვის ხელის ერთ დარტყმაზე საუბრობს და არაფერს ამბობს - ამ დროს დანარჩენები რა მოქმედებებს ახორციელებდნენ მის მიმართ. გარდა ამისა, საქმეში არსებული მტკიცებულებებიდან, მათ შორის მსჯავრდებულის მეგობრების ჩვენებებიდანაც, არ იკვეთება, რომ კონფლიქტის დროს ადგილი ჰქონდა ადამიანთა დიდი ჯგუფის თავდასხმას ერთ ადამიანზე ანუ გ. ა-ზე. ამდენად, არ არსებობს დასაბუთებული საფუძველი დასკვნისათვის, რომ განხილული კონფლიქტის დროს მსჯავრდებული გ. ა. იმყოფებოდა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში, რაც, თავის მხრივ, გამორიცხავს იმ ვერსიის საფუძვლიანობას, რომლის მიხედვით მან დაზარალებულ ნ. ყ-ს ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიაყენა აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, დაცვის მხარის საკასაციო საჩივრის მოთხოვნა მსჯავრდებულ გ. ა-ს მიერ ჩადენილი ქმედების საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტიდან სსკ-ის 122-ე მუხლზე გადაკვალიფიცირების თაობაზე არის უსაფუძვლო, რის გამოც არ უნდა დაკმაყოფილდეს.
23. რაც შეეხება მსჯავრდებულ გ. ა-ს მიერ ჩადენილი ქმედების სუბიექტურ მხარეს, ამასთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს შემდეგ გარემოებებზე: დაზარალებულმა ნ. ყ-მა დაადასტურა, რომ კონფლიქტის უშუალო მიზეზი, რა დროსაც გ. ა-მ მიაყენა მას ჭრილობები, მისთვის უცნობია. მან ქუჩაში შენიშნა გ. ბ., მ. ო., ზ. რ. და მისთვის უცნობი სამი პირი, რომლებიც ერთმანეთში დაძაბულად საუბრობდნენ (კამათობდნენ). იგი მივიდა სიტუაციის გასარკვევად. მოულოდნელად, მისთვის გაუგებარი მიზეზით დაიწყო ჩხუბი, რა დროსაც მას მუცლის არეში ორი ჭრილობა მიაყენა გ. ა-მ. ამდენად, არც თავად გ. ა. უარყოფს იმ ფაქტს, რომ მ. ყ-ს დაჭრამდე, მასთან უშუალოდ რაიმე შელაპარაკება, კამათი ან სხვა სახის დაპირისპირება, რასაც შესაძლოა მასში შურისძიების სურვილი აღეძრა, არ ჰქონია. მოწმე მ. ო-მ დაადასტურა, რომ რესტორნის ფანჯარასთან ეწეოდა სიგარეტს, რა დროსაც ქუჩიდან რაღაც ჰკითხეს, რაზეც ხუმრობით უპასუხა, თუმცა საუბრის შინაარსი ზუსტად არ ახსოვს. ჩავიდა ქუჩაში, სადაც მოუვიდა შელაპარაკება მისთვის უცნობ სამ პირთან, თუმცა კონფლიქტის მიზეზი არ ახსოვს. ამდენად, მ. ო. არის ის ერთადერთი პირი, ვისთანაც უშუალო ვერბალური კონტაქტი ჰქონდა გ. ა-ს და მის თანამოაზრეებს ინციდენტამდე, თუმცა მათ შორის კონფლიქტის მიზეზი არც მ. ო-ს ახსოვს. აღნიშნული გარემოება სასამართლოს უძლიერებს რწმენას, რომ კონფლიქტის მიზეზი იყო ძალიან მცირე, რის გამოც მასში მონაწილე პირებმა ან არ იციან ან გულწრფელად არ ახსოვთ ის, რაც ორივე შემთხვევაში მიუთითებს მის უმნიშვნელო ხასიათზე. საყურადღებოა ასევე სხვა თვითმხილველი მოწმეების - დ. კ-სა და ზ. ქ-ის ჩვენებები, ვინც უშუალოდ ხედავდა, როგორ დაჭრა გ. ა-მ ნ. ყ., თუმცა კონფლიქტის მიზეზი მათთვისაც გაუგებარი დარჩა. ეს კი ცხადყოფს იმ მოცემულობას, რომ მოტივი, რის გამოც გ. ა-მ ორი ჭრილობა მიაყენა დანით ნ. ყ-ს, იყო უმნიშვნელო არა მხოლოდ სუბიექტურად თავად დაზარალებულისათვის, არამედ ობიექტურად კონფლიქტის თვითმხილველი ყველა სხვა პირისათვის, ვისთვისაც აუხსნელი და გაუგებარი დარჩა, თუ რის გამო შეიძლებოდა გასჩენოდა გ. ა-ს ნ. ყ-ს დაჭრის სურვილი (დანაშაულის მოტივი). ამდენად, სასამართლოს უტყუარად დადასტურებულად მიაჩნია ის გარემოება, რომ გ. ა-მ სწორედ ხულიგნური ქვენაგრძნობით (უმნიშვნელო საბაბით) მიაყენა სხეულის დაზიანება ნ. ყ-ს.
24. საკასაციო სასამართლო ასევე არ იზიარებს ბრალდების მხარის მსჯელობას, რომ გ. ა-მ ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ესე იგი სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის, ჯგუფურად, შემდეგი საფუძვლებით:
25. გ. ა-ს პირის ბრალდების შესახებ დადგენილებაში აღნიშნულია: ,,დანებით შეიარაღებულმა გ. ა-მ, ლ. დ-მ და თ. გ-მა, ჯგუფურად, ხულიგნური ქვენა გრძნობით განიზრახეს ჯანმრთელობის დაზიანება მიეყენებინათ მ. ო-სთვის და მისი მეგობრებისთვის“.
26. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 27-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად: ,,დანაშაული ჯგუფის მიერაა ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში წინასწარ შეუთანხმებლად ერთობლივად მონაწილეობდა ორი ან მეტი ამსრულებელი“. აღნიშნული საკანონმდებლო ჩანაწერში კანონმდებელმა ნათლად განმარტა, თუ ვინ არიან დანაშაულის ჩადენაში მონაწილე პირები - ესენი არიან ამსრულებლები. იმისათვის, რომ ქმედება დაკვალიფიცირდეს ჯგუფურად ჩადენილად, ქმედების ობიექტური შემადგენლობის ნაწილს მაინც უნდა აღასრულებდეს სულ მცირე ორი პირი და ორივე უნდა იყოს ამსრულებელი, თუმცა სავალდებულო არ არის მათ შორის წინასწარი შეთანხმების არსებობა. თანაამსრულებლობა ნიშნავს ორი ან მეტი ბრალუნარიანი პირის მიერ ქმედების ობიექტური შემადგენლობის მთლიანად ან ნაწილობრივ ერთობლივად და უშუალოდ განხორციელებას.
27. მოცემულ შემთხვევაში, ბრალდება გ. ა-ს დანაშაულის ჯგუფურად ჩადენას ედავება იმ პირობებში, როდესაც გ. ა-ს პირის ბრალდების შესახებ დადგენილებაში ისიც კი არ არის მითითებული კონკრეტული ქმედების ობიექტური შემადგენლობის რომელი ნაწილი იქნა განხორციელებული ჯგუფის წევრების (თანაამსრულებლების) მიერ. საქმესთან დაკავშირებით დაკითხული დაზარალებულისა და მოწმეთა ჩვენებებით, გამოკვლეული ვიდეოჩანაწერით და საქმის სხვა ერთობლივი მასალებით ბრალდების მხარემ ვერ შეძლო უტყუარად დაედასტურებინა ის გარემოება, რომ კონკრეტული დანაშაულის ჩადენის მომენტში გ. ა. მოქმედებდა სხვა ამსრულებელ(ებ)თან ერთად. მით უფრო იმ გარემოების მხედველობაში მიღებით, რომ მსჯავრდებულ გ. ა-ს განმარტებით, ყველა დაზარალებული მან დაჭრა, მის მეგობრებს - თ. გ-სა და ლ. დ-ს კი დანები არ ჰქონიათ.
28. სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებასაც, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 23 ივნისის განაჩენით (რაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 7 მარტის განაჩენით დარჩა უცვლელად) ლ. დ. და თ. გ-ი ცნობილ იქნენ უდანაშაულოებად და გამართლდნენ საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის „გ“, „ე“ ქვეპუნქტებით, ხოლო თ. გ-ი ასევე - სსკ-ის 120-ე მუხლით (ზ. რ-სა და გ. ბ-ს ეპიზოდები) წარდგენილ ბრალდებებში. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 8 ნოემბრის განჩინებით სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული განაჩენის თაობაზე პროკურორის მიერ შეტანილი საკასაციო საჩივარი არ იქნა დაშვებული განსახილველად.
29. ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ საქმეში არ მოიპოვება ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც დაადასტურებდა, რომ გ. ა-მ მისთვის მსჯავრად შერაცხული დანაშაული ჩაიდინა ჯგუფურად, რის გამოც ბრალდების მხარის წარმომადგენლის, პროკურორ თამარ პაპავას საკასაციო საჩივრის მოთხოვნა მსჯავრდებულ გ. ა-ს ქმედების საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით დაკვალიფიცირების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს.
30. მსჯავრდებულ გ. ა-სათვის დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებმა სრულად გაითვალისწინეს მსჯავრდებულის პიროვნული მახასიათებლები, ჩადენილი დანაშაულის ხასიათი და სიმძიმე, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები, იხელმძღვანელეს როგორც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით დადგენილი, ასევე საერთაშორისო ხელშეკრულებებით განსაზღვრული პრინციპებით და ინდივიდუალური შეფასების ანგარიშით. სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ინდივიდუალური შეფასების ანგარიშში ასახულ დადებით და უარყოფით ფაქტორებს, კერძოდ:
· გ-ს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები არ აღენიშნება, მისი ფიზიკური განვითარება ასაკის შესაბამისია. რაც შეეხება არასრულწლოვნის ფსიქო-ემოციური მდგომარეობის განვითარებას, აღნიშნული მიმართულებით რისკ-ფაქტორს წარმოადგენს მისი იმპულსურობა, თუმცა ასევე, იკვეთება, რომ მას აქვს საკუთარი ემოციების პოზიტიურად მართვის გამოცდილებაც.
· ოჯახური მდგომარეობის შესახებ დამცავი ფაქტორი არის, საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი, რომელიც კეთილმოწყობილია და არ იკვეთება საცხოვრებლად საშიში გარემოება, დაცულია სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობა, მოწესრიგებულია კომუნალური პირობები. ოჯახის შემოსავალი არის დევნილების შემწეობა და ახლო ნათესავების დახმარება. თუმცა უარყოფითი ფაქტორი არის განქორწინებული მშობლები, რომლებსაც ერთმანეთთან არ აქვთ პოზიტიური ურთიერთობა და როგორც მშობლები, ასევე თავად გ. აღნიშნავენ, რომ გ-სთვის მშობლების განქორწინება განსაკუთრებით სტრესული იყო, გარდა ამისა, იგი წარსულში იყო მოწმე მშობლებს შორის არსებული მწვავე კონფლიქტის, მშობლების განქორწინების შემდგომ, კი გ-მ მამასთან გადაწყვიტა ცხოვრება, რომელიც დედის თქმით, არ არის პროსოციალური ქცევების მოდელი, არამედ იგი მუდმივად მოიხმარს ალკოჰოლს და არ იჩენს შვილის მიმართ სათანადო ყურადღებას. მიუხედავად მშობლებს შორის არსებული კონფლიქტისა, ყურადსაღებია, რომ არასრულწლოვანს ორივე მშობელთან პოზიტიური ურთიერთობა აქვს, იჩენს მათ მიმართ პატივისცემას და სიყვარულით საუბრობს მათზე, აღნიშნავს, რომ მამას განიხილავს მეგობრად და მხარდამჭერად.
· გ-ს ქორწინებაში იკვეთება როგორც დამცავი, ასევე რისკის შემცველი ფაქტორები. გ-ს დამოკიდებულება მის მიერ შექმნილი ოჯახის მიმართ გაურკვეველია, იგი საუბრობს მასსა და მის მეუღლეს შორის არსებულ პოზიტიურ ურთიერთობაზე, მეუღლეს მოიხსენიებს, როგორც ერთგვარ პოზიტიურ სტიმულს მის ცხოვრებაში, ამბობს, რომ სწორედ განმეორებითი დანაშაულის პრევენციის მიზნით შექმნა ოჯახი და ოჯახის შექმნის შემდეგ, მან საგრძნობლად შეამცირა ქუჩაში გვიანობამდე ყოფნა, თუმცა აცნობიერებს, რომ მისი ქორწინება საკუთარი და მეუღლის არასრულწლოვანობის გამო, არის რისკის შემცველი. გარდა ამისა, მას სწორედ ქორწინებაში ყოფნის დროს კვლავ შეექმნა კანონთან კონფლიქტი, რის გამოც იმყოფება პენიტენციურ დაწესებულებაში. გ-ს გადმოცემით, ამჟამად იშვიათად ურეკავს მეუღლეს, მისი თქმით გაურკვეველია, როგორ წარიმართება მათი ურთიერთობა მომავალში, ვინაიდან არ იცის, თუ რამდენი ხნით მოუწევს დაწესებულებაში ყოფნა. თავად მეუღლის ინფორმაციით, მას შენარჩუნებული აქვს მეუღლესთან ახლო ემოციური კავშირი და მისი სამომავალო გეგმები უკავშირდება გ-სთან ერთად თანაცხოვრებას დაწესებულების დატოვების შემდგომ.
· რაც შეეხება სამეგობრო წრეს, გ-ს ჰყავს ანტისოციალური სამეგობრო წრე, რომლებიც ჩართულნი არიან კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში, ზოგი მათგანი იმყოფება სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. თუმცა გ-ს თქმით, ასევე ჰყავს მეგობრები, რომლებიც არ იმყოფებიან კანონთან კონფლიქტში. მისი თქმით, მომავალში სწორედ მათთან აპირებს ურთიერთობის გაგრძელებას.
· სხვადასხვა დროს მოპოვებული ინფორმაციით, გ. არ არის კონფლიქტის ინიციატორი, თუმცა აქვს სხვაზე განხორციელებული აგრესიული ქცევის გამოცდილება, გარდა ამისა, თავად გამხდარა ემოციური ძალადობის მსხვერპლი, როდესაც მამა, დედის მიმართ გამოხატავდა ძალადობრივ ქმედებებს. ასევე გ-მ ინტერვიუს დროს ისაუბრა წარსულში უარყოფითი გამოცდილების შესახებ, რომელიც უკავშირდება სამართალდამცავი პირების მიერ, მის მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ შეურაცხყოფას.
· მან გაიხსენა რამდენიმე შემთხვევა დაპატიმრებამდე, რის მიმართაც გამოხატავდა კრიტიკულ დამოკიდებულებას, თუმცა ამბობს, რომ არასოდეს დაწერს საჩივარს, რათა სხვას არ შეუქმნას პრობლემები.
· გ-ს განათლებისა და დასაქმების მდგომარეობის შეფასების შედეგად იკვეთება, რომ მოზარდს არ აქვს გამოკვეთილი აკადემიური ინტერესები, თუმცა დაინტერესებული იყო შრომით. გ-ს მიღებული აქვს არასრული საშუალო განათლება, რაც განაპირობა სწავლისადმი გ-ს დაბალმა ინტერესმა. თუმცა, დაწესებულებაში განთავსების პერიოდისათვის მან განსაკუთრებული ინტერესი გამოხატა მხატვრული ლიტერატურის მიმართ. ცდილობდა ეკითხა ბევრი.
· დამცავ ფაქტორს წარმოადგენს სამუშაო გამოცდილება. ამბობს, რომ იგი დასაქმდა სადისტრიბუციო კომპანიაში, მუშაობდა რამდენიმე თვის განმავლობაში თუმცა დაბალი ანაზღაურების გამო მან სამსახურიდან წამოსვლა და ახალი სამსახურის მოძიება გადაწყვიტა. მისი თქმით, დაწესებულების დატოვების შემდგომ, სურს შეისწავლოს კულინარია და დასაქმდეს აღნიშნული მიმართულებით.
· წყაროების ინფორმაციით, გ. საუბრობს გულწრფელად და მოსაზრებებს გადმოსცემს თანმიმდევრულად. პატივისცემას იჩენს ოჯახის წევრების და გარშემომყოფების მიმართ.
· აღსანიშნავია, რომ პირობითი მსჯავრის მოხდის პროცესში, სოციალურ მუშაკთან მიმართვის საფუძველზე, გ-ს სურვილისამებრ, მოხდა მისი გადამისამართება ტატუს მოცილების პროგრამაში. ასევე, იგი დაპატიმრებამდე ჩართული იყო სარეაბილიტაციო პროგრამაში, იღებდა ფსიქოლოგის მომსახურებას, რაც გარკვეულწილად დამცავ ფაქტორს წარმოადგენდა.
31. ,,ბავშვის უფლებათა’’ კონვენციის მე-3 მუხლი ავალდებულებს სახელმწიფოს, რომ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების აღსრულების პროცესში ნებისმიერი გადაწყვეტილება მიზნად ისახავდეს ბავშვის ჭეშმარიტი და საუკეთესო ინტერესის დაცვას. ამავე კონვენციის 32-ე მუხლის პირველი პუნქტისა და მე-2 პუნქტის ”გ” ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფოს აკისრია ვალდებულება, სასჯელის შესაბამისი სახის გათვალისწინებისას მხედველობაში მიიღოს ბავშვის ჯანმრთელობა, განათლება, ეკონომიკური ექსპლუატაცია, ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, მორალური და სოციალური განვითარების ფაქტორები. არასრულწლოვანთა მიმართ მართლმსაჯულების განხორციელების შესახებ გაეროს მინიმალური სტანდარტული წესების („პეკინური წესები“) მე-5 მუხლის თანახმად, ზემოქმედების ზომები უნდა იყოს თანაზომადი არა მარტო ჩადენილი ქმედების გარემოებებთან, არამედ - არასრულწლოვნის მდგომარეობასა და მოთხოვნილებებთან.
32. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მე-14 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, არასრულწლოვნის მიმართ გადაწყვეტილების მიღებისას გასათვალისწინებელია ისეთი ინდივიდუალური მახასიათებლები, როგორებიც არის: ასაკი, განვითარების დონე, ცხოვრების, აღზრდისა და განვითარების პირობები, განათლება, ჯანმრთელობის მდგომარეობა, ოჯახური ვითარება და სხვა გარემოებები, რომლებიც არასრულწლოვნის ხასიათისა და ქცევის თავისებურებების შეფასებისა და მისი საჭიროებების განსაზღვრის შესაძლებლობას იძლევა.
33. სასამართლო ითვალისწინებს, რომ არასრულწლოვნების მიმართ თავისუფლების აღკვეთის გამოყენება წარმოადგენს ultima racio-ს და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მე-9 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამოყენებული უნდა იქნეს შეძლებისდაგვარად მოკლე ვადით და რეგულარული გადასინჯვის პირობით.
34. გ. ა-ს მიერ ჩადენილი ქმედების მომეტებული საზოგადოებრივი საშიშროებისა და სიმძიმის მიუხედავად, სააპელაციო სასამართლომ მისი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებებისა და ინდივიდუალური შეფასების ანგარიშის გათვალისწინებით, მას განუსაზღვრა ბრალად შერაცხული ქმედების სანქციით გათვალისწინებული ისეთი სასჯელი, რაც საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, სამართლიანია, გ. ა-ს ქმედებისა და მდგომარეობის, მისი მოთხოვნილების თანაზომიერია და წარმოადგენს ადეკვატურ ღონისძიებას მისი რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და ადამიანის ძირითადი უფლებების დაცვისადმი პატივისცემით განწყობისათვის.
35. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებისა და დაცვის მხარეების საკასაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 3 ოქტომბრის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილით, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ გ. ა-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. ბ-სა და ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორ თამარ პაპავას საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 3 ოქტომბრის განაჩენი დარჩეს უცვლელად.
3. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
შ. თადუმაძე