დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №17აგ-19 5 ოქტომბერი, 2020 წელი
კ. ი., 17აგ-19 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ი. კ-ის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 13 თებერვლის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1996 წლის 24 მაისის განაჩენით:
1.1. ი. კ. - - - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 238-ე მუხლის პირველი, მე-2 ნაწილებით, სსკ-ის 19.190-ე მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 104-ე მუხლის პირველი, მე-4, მე-6 და მე-7 პუნქტებით (2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა: საქართველოს სსკ-ის 238-ე მუხლის პირველი ნაწილით - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სსკ-ის 19,190-ე მუხლის მე-2 ნაწილით - 15 წლით თავისუფლების აღკვეთა, ქონების კონფისკაციით, გადასახლების გარეშე; საქართველოს სსკ-ის 104-ე მუხლის პირველი, მე-4, მე-6 და მე-7 პუნქტებით - სასჯელის განსაკუთრებული ღონისძიება - დახვრეტა (ქონების კონფისკაციით); საქართველოს სსკ-ის მე-40 მუხლის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა მსუბუქი სასჯელები და საბოლოოდ ი. კ-ეს მიესაჯა სასჯელის განსაკუთრებული ღონისძიება - დახვრეტა.
1.2. ამავე განაჩენით ე. ჩ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 205-ე მუხლის მე-3 ნაწილით (2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. მსჯავრდებულ ე. ჩ-ეს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო 1995 წლის 24 აგვისტოდან.
2. საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 25 ივლისის N387 ბრძანებულებით, სასჯელის განსაკუთრებული ზომის - სიკვდილით დასჯის გაუქმების გამო, ი. კ-ეს შეეცვალა სასჯელი და განესაზღვრა 20 წლით თავისუფლების აღკვეთა.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 12 აპრილის განაჩენით ი. კ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 361-ე მუხლითა და სსკ-ის 19,379-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა,” ,,ბ“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა: საქართველოს სსკ-ის 361-ე მუხლით - ჯარიმა 500 ლარი; საქართველოს სსკ-ის 19,379-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა,“ ,,ბ“ ქვეპუნქტებით - 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და ი. კ-ეს განესაზღვრა 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რასაც ნაწილობრივ დაემატა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 1996 წლის 24 მაისის განაჩენით განსაზღვრული სასჯელის მოუხდელი ნაწილი ნაწილობრივ - 9 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ი. კ-ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 13 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მსჯავრდებულ ი. კ-ეს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო დანაშაულის ჩადენის დღიდან - 2002 წლის 29 მარტიდან და სასჯელის მოხდის დასასრულად განესაზღვრა 2016 წლის 29 სექტემბერი.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 15 მაისის დადგენილებით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 12 აპრილის განაჩენში აღმოიფხვრა უზუსტობა და ი. კ-ეს სასჯელის მოხდის დასასრულად განესაზღვრა 2015 წლის 29 სექტემბერი.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 20 აპრილის განჩინებით:
5.1. მსჯავრდებულ ი. კ-ის საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და ცვლილება შევიდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1996 წლის 24 მაისის განაჩენში, კერძოდ: ი. კ-ის ქმედება საქართველოს 2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი რედაქციის სსკ-ის 19,190-ე მუხლის მე-2 ნაწილიდან გადაკვალიფიცირდა 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი სსკ-ის 24-ე, 339-ე მუხლის პირველ ნაწილზე, ხოლო სსკ-ის 104-ე მუხლის მე-7 პუნქტიდან - საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტზე და მსჯავრდებულ ი. კ-ეს საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა.
5.2. მსჯავრდებულ ე. ჩ-ის მსჯავრდების ნაწილში განაჩენი გაუქმდა და მის მიმართ საქმე შეწყდა.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 30 იანვარს შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულმა ი. კ-ემ, რომელმაც საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მოითხოვა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1996 წლის 24 მაისის განაჩენის გადასინჯვა, მისი გაუქმება და მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 13 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ ი. კ-ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე დაუშვებლად იქნა ცნობილი.
8. კასატორი - მსჯავრდებული ი. კ. საკასაციო საჩივრებში უთითებს: მიუხედავად იმისა, რომ 1996 წლის 24 მაისის განაჩენის გამომტანი სასამართლო ვერ გამოიყენებდა და იხელმძღვანელებდა იმ ნორმით, რომელიც განაჩენის გამოტანის დროს კანონით არ არსებობდა, მაგრამ მოსამართლე ვალდებული იყო, დაყრდნობოდა და ეხელმძღვანელა იმ დროისათვის ძალაში მყოფი საქართველოს კონსტიტუციის იმ ნორმით, რომელიც ე. ჩ-ეს (ი. კ-ის დედას) ათავისუფლებდა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან (საკუთარი შვილის დანაშაულის დაფარვისათვის).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საჩივრის საფუძვლიანობა და დაასკვნა, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ გარემოებები, რომლებზეც კასატორი საჩივარში აპელირებს, საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლით განსაზღვრულ ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის არცერთი საფუძვლის მოთხოვნას არ მიესადაგება.
3. ამასთან, საკასაციო პალატა სრულად ეთანხმება და იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 20 აპრილის განჩინებით მოსამართლის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი არ დადგენილა.
4. ამდენად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება მსჯავრდებულ ი. კ-ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ კანონიერია, მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ი. კ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 13 თებერვლის განჩინება დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
მ. ვასაძე