დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010142220700108768
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №23აგ-20 16 მარტი, 2021 წელი
ა-ი გ 23აგ-20 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. ა-ს საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 13 მარტის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 12 თებერვლის განაჩენით გ. ა-ი, - დაბადებული ... წლის .... მარტს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 16 წლით. საქართველოს სსკ-ის 52-ე მუხლის საფუძველზე, გ. ა-ს სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამოერთვა დანაშაულებრივი გზით მოპოვებული თანხა და დანაშაულის ჩასადენად გამოყენებული საგანი.
„ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, თავისუფლების აღკვეთის ადგილიდან გათავისუფლების შემდეგ, გ. ა-ს ხუთი წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, ხოლო 15 წლით: საექიმო საქმიანობის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შენახვისა და ტარების უფლებები.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 11 მაისის განაჩენით მსჯავრდებულ გ. ა-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 16 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 52-ე მუხლის საფუძველზე, გ. ა-ს სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამოერთვა დანაშაულებრივი გზით მოპოვებული თანხა და დანაშაულის ჩასადენად გამიზნული საგანი.
„ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, თავისუფლების აღკვეთის ადგილიდან გათავისუფლების შემდეგ, გ. ა-ს ხუთი წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, ხოლო 15 წლით: საექიმო საქმიანობის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შენახვისა და ტარების უფლებები.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 25 იანვრის განჩინებით „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, გ. ა-ს ¼-ით შეუმცირდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 12 თებერვლის განაჩენით დანიშნული სასჯელი და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 12 წლით.
4. საქართველოს პრეზიდენტის 01.03.2017 წლის №01/03/01 განკარგულებით გ. ა-ს სასჯელი შეუმცირდა 1/3-ით და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 წლით, 9 თვითა და 24 დღით.
5. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს გადაწყვეტილებით გ. ა-ი 1 წლით, 8 თვითა და 6 დღით პირობით ვადამდე ადრე გათავისუფლდა.
6. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 1 მაისის განაჩენით გ. ა-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:
საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით (2018 წლის 29 იანვრის ეპიზოდი) - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით (2018 წლის 29 იანვრის ეპიზოდი) - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით (2018 წლის 31 იანვრის ეპიზოდი) - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით (2018 წლის 31 იანვრის ეპიზოდი) - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 59 მუხლის თანახმად, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით (2018 წლის 29 იანვრის ეპიზოდი) დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა სხვა, ნაკლებად მკაცრი და თანაბარი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით, გ. ა-ს მიესაჯა - თავისუფლების აღკვეთა 8 წლით.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის საფუძველზე გაუქმდა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს მე-2 ადგილობრივი საბჭოს გადაწყვეტილებით გ. ა-ს განსაზღვრული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატა ხსენებული გადაწყვეტილებით განსაზღვრული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 1 წლით, 8 თვითა და 6 დღით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გ. ა-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 წლით, 8 თვითა და 6 დღით. გ. ა-ს სასჯელის მოხდა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 12 თებერვლიდან.
გ. ა-ს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე 5 წლით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 15 წლით - საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; ცეცხლსასროლი იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები, ხოლო 20 წლით - საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 2 ნოემბრის განჩინებით მსჯავრდებულ გ. ა-ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე დაუშვებლად იქნა ცნობილი.
8. 2020 წლის 28 თებერვალს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულმა გ. ა-ა, რომელმაც ითხოვა მის მიმართ გამოტანილი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 1 მაისის განაჩენის გადასინჯვა და კანონთან შესაბამისობაში მოყვანა. პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის გაუქმება სასჯელის ნაწილში, კერძოდ, 67-ე მუხლის გამოყენებით შეკრებილი 1 წლის, 8 თვისა და 6 დღის ბათილად ცნობა.
9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 13 მარტის განჩინებით მსჯავრდებულ გ. ა-ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე დაუშვებლად იქნა ცნობილი.
10. კასატორი ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 13 მარტის განჩინების ბათილად ცნობასა და საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლით შეკრების პრინციპის საფუძველზე დანიშნული სასჯელის გაუქმებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საჩივრის საფუძვლიანობა და დაასკვნა, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. შუამდგომლობასა და საკასაციო საჩივარში მითითებულ გარემოებასთან (საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის საფუძველზე დანიშნულ სასჯელთან) დაკავშირებით, პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, კერძოდ, ამ შემთხვევაში მსჯავრდებულ გ. ა-ს მიერ დასახელებული გარემოება საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლით განსაზღვრულ, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის არცერთი საფუძვლის მოთხოვნას არ მიესადაგება.
3. ამდენად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება მსჯავრდებულ გ. ა-ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ კანონიერია, მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ გ. ა-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 13 მარტის განჩინება დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
მ. ვასაძე