დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 16.06.2021
საქმის ნომერი
84აგ.-2020
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
16.06.2021

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010142220700126268

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №84აგ-20 თბილისი

ხ. ზ., 84აგ-20 16 ივნისი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),ლალი ფაფიაშვილი, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ზ. ხ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. ხ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 30 ნოემბრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 1 სექტემბრის განაჩენით ზ. ხ ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:

საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - 7 (შვიდი) წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე, სსკ-ის 42-ე მუხლის თანახმად, დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა - 25 000 (ოცდახუთი ათასი) ლარი;

სსკ-ის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - 10 (ათი) წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე, სსკ-ის 42-ე მუხლის თანახმად, დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა - 25 000 (ოცდახუთი ათასი) ლარი.

ზ. ხ-ს, საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის თანახმად, ჩამოერთვა სამეწარმეო საქმიანობის უფლება 3 (სამი) წლით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და ზ. ხ-ს სასჯელის სახედ და ზომად საბოლოოდ განესაზღვრა 17 (ჩვიდმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა, ჯარიმა - 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარი და 3 (სამი) წლით სამეწარმეო საქმიანობის უფლების ჩამორთმევა.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 18 თებერვლის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 1 სექტემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 22 ივნისის განჩინებით მსჯავრდებულ ზ. ხ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. ხ-ის საკასაციო საჩივარი არ იქნა დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.

4. ზ. ხ „პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ და პოლიტიკური ნიშნით დევნილ პირთა შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 5 დეკემბრის დადგენილების თანახმად, მიჩნეულ იქნა პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ პირად და იგი „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის 22-ე მუხლის საფუძველზე 2013 წლის 13 იანვარს გათავისუფლდა თავისუფლების აღკვეთის ადგილიდან.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 4 ივნისის განჩინებით ზ. ხ-ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 18 თებერვლის განაჩენის გადასინჯვის თაობაზე არ იქნა დაშვებული თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.

6. 2020 წლის 16 ნოემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულ ზ. ხ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა დ. ხ-მ. შუამდგომლობის ავტორმა მოითხოვა ზ. ხ-ს მიმართ გამოტანილი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 1 სექტემბრის განაჩენის გადასინჯვა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მოქმედი რედაქციის თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში 2013 წლის 17 აპრილს ცვლილებების შეტანის შესახებ კანონის გამოყენებით სასჯელის განსაზღვრა (დამატებითი სასჯელების - ჯარიმის ნაწილში) სასჯელთა შთანთქმის პრინციპით (დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ხოლო თანაბარი სასჯელების დანიშვნისას ერთი სასჯელი შთანთქავს მეორეს).

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 30 ნოემბრის განჩინებით მსჯავრდებულ ზ. ხ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. ხ-ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე დაუშვებლად იქნა ცნობილი.

8. კასატორი - მსჯავრდებულ ზ. ხ-ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი დ. ხ საკასაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებულ განჩინებაში ცვლილების შეტანას და მსჯავრდებულისათვის დამატებითი სასჯელის სახით შეფარდებული სასჯელის - 50 000 ლარის სასჯელთა შთანთქმის პრინციპით განახევრებას, იმავე საფუძვლით, რაზეც უთითებდა შუამდგომლობაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და დაასკვნა, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო.

3. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმის გარემოებები საქმეში არსებული მასალების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე სამართლებრივად სწორად შეაფასა და მართებულად ცნო დაუშვებლად მსჯავრდებულ ზ. ხ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. ხ-ის შუამდგომლობა, ვინაიდან შუამდგომლობასა და საკასაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ ახლად გამოვლენილ გარემოებას, რაც შეიძლება გახდეს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვის საფუძველი.

4. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 3321-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის 310-ე მუხლში ჩამოთვლილ საფუძვლებთან ერთად, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენი გადაისინჯება იმ შემთხვევაშიც, თუ სისხლის სამართლის კოდექსის 414-ე მუხლის მე-8 ნაწილი იწვევს მსჯავრდებულის მდგომარეობის გაუმჯობესებას. 414-ე მუხლის მე-8 ნაწილის მიხედვით კი, „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2013 წლის 17 აპრილის კანონით დადგენილ ამ კოდექსის 59-ე მუხლის რედაქციას უკუძალა აქვს იმ მსჯავრდებულის მიმართ, რომელსაც დანაშაულთა/განაჩენთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელი შეეფარდა აღნიშნული ცვლილების ამოქმედებამდე არსებული რედაქციის შესაბამისად.

5. დამატებითი სასჯელის დანიშვნის წესთან მიმართებით, საკასაციო სასამართლოს მიერ განმარტებულია (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე - №38აგ-20, №316აგ-13), რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის პირველი - მე-7 ნაწილებით გათვალისწინებული საბოლოო სასჯელის დანიშვნის წესი არ ვრცელდება დამატებით სასჯელებზე, რომელთათვისაც განსხვავებული პრინციპია (მხოლოდ შეჯამების შესაძლებლობა) დადგენილი იმავე მუხლის მე-8 ნაწილით, კერძოდ: „დანაშაულთა ან განაჩენთა ერთობლიობის დროს ძირითად სასჯელთან ერთად შეიძლება დაინიშნოს დამატებითი სასჯელი. შეჯამებისას დანიშნული საბოლოო დამატებითი სასჯელის ზომა არ უნდა აღემატებოდეს ამ სასჯელის მოცემული სახისათვის ამ კოდექსის ზოგადი ნაწილით გათვალისწინებულ მაქსიმალურ ზომას“.

6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს მსჯავრდებულ ზ. ხ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. ხ-ის შუამდგომლობის დასაშვებად ცნობის საფუძველი, რის გამოც სააპელაციო სასამართლოს განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ ზ. ხ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. ხ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 30 ნოემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი

მ. გაბინაშვილი