დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 11.06.2021
საქმის ნომერი
13აგ.-2021
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
11.06.2021

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010142221700134057

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განაჩენი

საქართველოს სახელით

საქმე №13აგ-21 11 ივნისი, 2021 წელი

ს–ი დ., 13აგ-21 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ დ. ს–ს საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 1 აპრილის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 24 მაისის განაჩენით დ. ს–ი, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და სსკ-ის 55-ე მუხლის საფუძველზე მიესაჯა 2 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის საფუძველზე 9 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი 2 წელი სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 3 წელი. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2013 წლის 29 აპრილიდან.

დ. ს–ს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, 3 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის, საექიმო საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო დაწესებულებაში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 14 აპრილის განაჩენით დ. ს–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით, სასჯელის ნაწილი - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა უნდა მოიხადოს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - 1 წელი, სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალა პირობითად.

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის თანახმად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 24 მაისის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 24 მაისის განაჩენით დანიშნული სასჯელიდან - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, დ. ს–ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით, სასჯელის ნაწილი - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა უნდა მოიხადოს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - 1 წელი, სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 წელი. დ. ს–ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2014 წლის 31 აგვისტოდან.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 13 სექტემბრის განაჩენით დ. ს–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 3782-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის შესაბამისად, 1 წელი და 6 თვე უნდა მოიხადოს რეალურად სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო დარჩენილი 3 წელი სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 14 აპრილის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩათვლილი აქვს პირობით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, დ. ს–ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 5 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის შესაბამისად, 1 წელი და 6 თვე უნდა მოიხადოს რეალურად სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო დარჩენილი 4 წელი სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 4 წელი. მას სასჯელის მოხდა დაეწყო განჩინების მიღების მომენტიდან - 2016 წლის 23 თებერვლიდან.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 13 დეკემბრის განაჩენით დ. ს–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“, „დ“ ქვეპუნქტებით – 6 წლით, ხოლო 2381-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 13 სექტემბრის განაჩენითა და 2018 წლის 1 აგვისტოს განჩინებით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა და დ. ს–ს განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2018 წლის 17 მარტიდან.

მასვე 15 წლით ჩამოერთვა საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები, 5 წლით - სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, ხოლო 10 წლით - „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ჩამოთვლილი დანარჩენი უფლებები.

5. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 26 მარტის განაჩენით დარჩა უცვლელად.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 6 ნოემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი არ იქნა დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.

7. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 22 იანვრის განჩინებით მსჯავრდებულ დ. ს–ს მიმართ არ გავრცელდა ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი.

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 1 მარტის განჩინებით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 22 იანვრის განჩინება დარჩა უცვლელად.

9. 2021 წლის 25 თებერვალს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულმა დ. ს–მ, რომელმაც ითხოვა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო მის მიმართ გამოტანილი განაჩენის გადასინჯვა, როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების, ასევე კანონში შესული ცვლილებების გამო.

10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 1 აპრილის განაჩენით თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 26 მარტის განაჩენში, რომლითაც უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 13 დეკემბრის განაჩენი, შევიდა ცვლილება, კერძოდ:

დ. ს–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ბრალდების ნაწილში.

მასვე აღუდგა ამავე განაჩენით „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები.

მსჯავრდებულ დ. ს–ს მოსახდელად დარჩა საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით დანიშნული სასჯელი - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, დ. ს–ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2018 წლის 17 მარტიდან. ნივთიერი მტკიცებულებების განკარგვის ნაწილში განაჩენი დარჩა უცვლელად.

11. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 1 აპრილის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა დ. ს–მ, რომელიც ითხოვს სასჯელის მოხდისაგან სრულად გათავისუფლებას იმ საფუძვლით, რომ მას უკვე მოხდილი აქვს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 13 დეკემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით დანიშნული სასჯელი - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საკასაციო სასამართლომ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენი გადაისინჯება, თუ არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი; ხოლო ამავე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო.

3. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ მსჯავრდებულ დ. ს–ს უდანაშაულოდ ცნობა და გამართლება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ბრალდების ნაწილში კანონიერია.

4. კანონიერია ასევე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მსჯავრდებულ დ. ს–სათვის შეფარდებულ საბოლოო სასჯელთან მიმართებით, კერძოდ:

5. მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 13 დეკემბრის განაჩენის გამოტანისას, დ. ს–ი ნასამართლევი იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 13 სექტემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 3782-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 1 წელი და 6 თვე განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 3 წელი ჩაეთვალა პირობით. ამავე განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 14 აპრილის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, დ. ს–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 5 წლითა 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 1 წელი და 6 თვე განესაზღვრა რეალურად სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი 4 წელი ჩაეთვალა პირობით, გამოსაცდელ ვადად კი დაუდგინდა 4 წელი.

6. ამდენად, მიუხედავად იმისა, რომ გასაჩივრებული განაჩენით დ. ს–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით, მას მოსახდელად დარჩა საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით დანიშნული სასჯელი - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, დ. ს–ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 17 მარტიდან და მას დანიშნული სასჯელი ჯერ არ მოუხდია.

7. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლება აქვთ, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, N49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ - ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება, არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No. 2) N 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).

8. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერი და დასაბუთებულია, რომლის შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ დ. ს–ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 1 აპრილის განაჩენი დარჩეს უცვლელად;

3. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

მ. ვასაძე