საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 11.03.2022
საქმის ნომერი
2კ-738აპ.-21
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
11.03.2022

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100120003898035

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №738აპ-21 ქ. თბილისი

გ. შ. 738აპ-21 11 მარტი, 2022 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 23 ივნისის განაჩენზე მსჯავრდებულ შ. გ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის - ა. ხ–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით შ. გ–ს, - დაბადებულს 1... წელს, - ბრალად ედებოდა მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლა, რაც გამოიხატა მოწმის მიერ ცრუ ჩვენების მიცემით, სისხლის სამართლის საქმეზე, რომელშიც ბრალდებულს ბრალი ედება მძიმე დანაშაულის ჩადენაში, დანაშაული, გათვალისწინებული - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში - საქართველოს სსკ-ის) 370-ე მუხლის მე-3 ნაწილით.

2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

2.1. 2019 წლის 22 და 23 ოქტომბერს შ. გ–ი მოწმის სახით გამოიკითხა სისხლის სამართლის N....... საქმეზე, რომელზეც ბრალდებულს ბრალი წარედგინა მძიმე დანაშაულის ჩადენაში. შ. გ–მ მიუთითა, რომ მან და ი. მ–მ გადაწყვიტეს საერთო ბიზნესის წარმოება, კერძოდ, მდინარე მტკვარზე მცურავი საშუალებით ტურისტების მომსახურება. აღნიშნული ბიზნესის დასაწყებად ი. მ–ს მეუღლის სახელზე, შ. გ–ს თავდებობით, ბანკიდან გამოიტანეს სესხი - 30 000 ლარი, რომლითაც შეიძინეს მცურავი საშუალება, კატერი. 2018 წლის ივნისიდან დაიწყეს მუშაობა. 2 თვის შემდეგ ი. მ–სა და შ. გ–ს შორის, მოგების განაწილებასთან დაკავშირებით, წარმოიშვა დავა, რომლის გადასაწყვეტად ი. მ–ს მეგობრის - ზ. გ–ს სახლში მოწყობილ შეხვედრაზე შ. გ–ი დაადანაშაულეს მოგების თანხის არაკეთილსინდისიერ განაწილებაში, რის გამოც სცემეს და დაავალდებულეს ბანკიდან აღებული სესხის დარჩენილი ნაწილის - 20 000 ლარის დამოუკიდებლად გადახდა. აღნიშნული გადაწყვეტილებით უკმაყოფილო და მოსალოდნელი ანგარიშსწორებით შეშინებული შ. გ–ი დაუკავშირდა საზღვარგარეთ მყოფ კანონიერ ქურდს გ. ხ–ს, მეტსახელად „ჯ–ს“, რომელმაც სიტუაციაში გარკვევა და დავის მოგვარება დაავალა კრიმინალურ ავტორიტეტს, კ. ა–ს, მეტსახელად „კ–ს“.

2.2. 2018 წლის ოქტომბრის ბოლოს შ. გ–ს დაუკავშირდა ს. წ–ე, რომელმაც უთხრა, რომ კანონიერი ქურდის - ო. კ–ს დავალებით მოქმედებდა და სისრულეში უნდა მოეყვანა შ. გ–სა და ი. მ–ს შორის არსებული დავის შესახებ ო. კ–ს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, კერძოდ, შ. გ–ს დაავალა, მისი შპს „ი–ს“ ბალანსზე არსებული სადავო მცურავი საშუალება - კატერი გადაეფორმებინა კანონიერი ქურდის - ო. კ–ს ნათესავის - ცოლისძმის, ზ. მ–ს სახელზე. შ. გ–მ ს. წ–ს მითითების საფუძველზე 2018 წლის 30 ოქტომბერს მისი შპს-ს ბალანსზე არსებული მცურავი საშუალება გადაუფორმა ზ. მ–ს. მოწმის მიერ აღწერილი ფაქტობრივი გარემოებები დასტურდება სისხლის სამართლის N......... საქმეზე მოპოვებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით.

2.3. 2020 წლის 2 ივნისს შ. გ–მ ზემოაღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში მოწმედ დაკითხვისას განაცხადა, რომ ი. მ–სა და მას შორის დავა არ გადაწყვეტილა ქურდული წესების შესაბამისად და ს. წ–ს „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირთან მიმართებით არანაირი ინფორმაცია არ გააჩნია; მისი წარმოდგენით, იგი იყო ი. მ–ს მეგობარი და არა - კანონიერი ქურდების მიერ გამოგზავნილი მათი ნდობით აღჭურვილი პირი.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 23 მარტის განაჩენით შ. გ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 370-ე მუხლის მე-3 ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლით;

მსჯავრდებულ შ. გ–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო 2020 წლის 13 ივლისიდან.

4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ შ. გ–ს ადვოკატმა ა. ხ–მ, რომელმაც ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და შ. გ–ს გამართლება.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 23 ივნისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 23 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 23 ივნისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ შ. გ–ს ადვოკატმა ა. ხ–მ, რომელიც ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გაუქმებასა და შ. გ–ს გამართლებას.

7. სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ ის არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდგომში - საქართველოს სსსკ-ის) 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

8. საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. დაცვის მხარე საკასაციო საჩივრით ითხოვს შ. გ–ს გამართლებას, შემდეგ გარემოებათა გამო:

8.1. ბრალდების მხარე შ. გ–ს ედავება სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე ცრუ ჩვენების მიცემას, რითაც ხელი შეუშალა მართლმსაჯულების განხორციელებას, მაშინ, როცა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 21 ივლისის განაჩენით (ს. წ–ს მიმართ) დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები არათუ ეწინააღმდეგება შ. გ–ს მიერ სასამართლოში მიცემულ ჩვენებას, არამედ სრულად შეესაბამება მას.

8.2. შ. გ–ს სისხლის სამართლის საქმეზე არ მომხდარა მისი დაკითხვა, ასევე არ გამოქვეყნებულა მის მიერ ს. წ–ს სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენება, შესაბამისად, მითითებულ გამოკითხვის ოქმში ასახული ინფორმაცია არ წარმოადგენს მოწმის ჩვენებას და სასამართლოს არ ჰქონდა მისი მტკიცებულებად გამოყენების უფლება;

8.3. თუკი სასამართლო დაადგენს, რომ შ. გ–მ ნამდვილად მიმართა კანონიერ ქურდს დავის გადაწყვეტის მიზნით, გამოვა, რომ მან ჩაიდინა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაული. საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტიდან გამომდინარე მოწმის სახით დაკითხვისას თვითინკრიმინირებაზე უარის თქმა კი არ შეიძლება ჩაითვალოს საქართველოს სსკ-ის 370-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულად.

9. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No. 2) no 12686/03, §§37, 41, ECtHR, 20/03/2009).

10. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს არგუმენტებს შ. გ–ს საქართველოს სსკ-ის 370-ე მუხლის მე-3 ნაწილით მსჯავრდების ნაწილში და მიაჩნია, რომ კანონის მოთხოვნათა დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეულ, ურთიერთშეჯერებულ და საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობით (მათ შორის: ს. წ–ს სისხლის სამართლის საქმეში შ. გ–ს გამოკითხვის ოქმებით, ამავე საქმეზე საქმის არსებითი განხილვის დროს მიცემული ჩვენებით) დასტურდება შ. გ–ს მიერ მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლა, რაც გამოიხატა მოწმის მიერ ცრუ ჩვენების მიცემაში, სისხლის სამართლის საქმეზე, რომელშიც ბრალდებულს ბრალი ედება მძიმე დანაშაულის ჩადენაში.

11. გასაჩივრებული განაჩენის თანახმად, ს. წ–ს ბრალდების სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ეტაპზე შ. გ–მ განაცხადა, რომ მასსა და ი. მ–ს შორის არსებული დავა გადაწყდა კანონიერი ქურდების ჩარევით და ს. წ–ს უშუალო მონაწილეობით, ხოლო იმავე საქმის არსებითი განხილვის დროს, მოწმის სახით დაკითხვისას შ. გ–მ არსებითად განსხვავებული შინაარსის ჩვენება მისცა სასამართლოს, კერძოდ, მან უარყო საქმესთან დაკავშირებით მანამდე გაცხადებული ფაქტები და აღნიშნა, რომ ი. მ–სა და მას შორის დავა არ გადაწყვეტილა ქურდული წესების შესაბამისად და ს. წ–ს „ქურდულ სამყაროსთან“ შემხებლობასთან დაკავშირებით არანაირი ინფორმაცია არ გააჩნია, მისი წარმოდგენით იგი იყო ი. მ–ს მეგობარი და არა კანონიერი ქურდების მიერ გამოგზავნილი მათი ნდობით აღჭურვილი პირი. შესაბამისად, შ. გ–მ ჯერ დაადასტურა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე კონკრეტული ფაქტები, შემდეგ კი ისინი კატეგორიულად უარყო, მიუხედავად იმისა, რომ ორივე შემთხვევაში კანონმდებლობით დადგენილი წესით განემარტა უფლება-მოვალეობები და გაფრთხილებული იქნა ცრუ ინფორმაციის/ჩვენების მიცემის შემთხვევაში მოსალოდნელი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ, კერძოდ:

11.1. ს. წ–ს ბრალდების სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვისას მოწმე შ. გ–ს განემარტა, რომ ის იკითხება მოწმის სახით და განზრახ არასწორის ჩვენების მიცემის გამო დაეკისრება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა; უფლება - არ მისცეს ჩვენება საკუთარი თავისა და ახლო ნათესავის წინააღმდეგ; მოწმემ დადო არარელიგიური ფიცი, რომ იტყვის სიმართლეს და არაფერს დამალავს.

11.2. ს. წ–ს ბრალდების სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში მოწმე შ. გ–ი გამოიკითხა 2019 წლის 22 და 23 ოქტომბერს. გამოკითხვის ოქმებით დგინდება, რომ მას განემარტა უფლებები (მათ შორის: გამოკითხვის ნებაყოფლობითი ხასიათი; საკუთარი თავისა და ახლო ნათესავის მამხილებელი ჩვენების მიცემაზე უარის თქმის უფლება), გაფრთხილებული იქნა ცრუ ინფორმაციის მიწოდებისათვის მოსალოდნელი პასუხისმგებლობის შესახებ; მან ნებაყოფლობით მიაწოდა ინფორმაცია მისთვის ცნობილი გარემოებების შესახებ; ოქმში მითითებული ინფორმაციის სისწორე დადასტურებულია მისი ხელმოწერით.

12. სასამართლო ითვალისწინებს, რომ მითითებული გამოკითხვის ოქმების თანახმად, ოქმები შეადგინა და შ. გ–ს მიერ მიწოდებული ინფორმაცია ოქმში ასახა გამომძიებელმა ი. ფ–მ, ხოლო ოქმში მითითებული ინფორმაციის სისწორე ხელმოწერით დაადასტურა შ. გ–მ.

13. საქართველოს სსსკ-ის 78-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, სასამართლო სხდომაზე გამომძიებელმა ი. ფ–მ (პირმა, რომელმაც გამოკითხა შ. გ–ი და შეადგინა ორივე სადავო გამოკითხვის ოქმი) დაადასტურა სადავო გამოკითხვის ოქმებში მითითებული ინფორმაციის მოწმე შ. გ–სგან მიღების ფაქტი, დეტალურად აღწერა გამოკითხვის მიმდინარეობა და გამოკითხვასთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები. დაცვის მხარეს ჰქონდა მოწმის დაკითხვის და პროტესტის დაყენების შესაძლებლობა.

14. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ შ. გ–მ ( მონაწილეობდა სასამართლო განხილვაში) ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლით მინიჭებული უფლებით; დაცვის მხარეს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რაც სასამართლოს მისცემდა შ. გ–ს გამოკითხვის სადავო ოქმებში მიწოდებული ინფორმაციის სისწორეში ეჭვის შეტანის საფუძველს, ამასთან, სადავო არ არის არც გამოკითხვის ოქმზე შ. გ–ს ხელმოწერა.

15. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტში და საქართველოს სსსკ-ის 113-ე მუხლის მე-2 ნაწილში მითითებულ დანაწესს, ასევე - საქართველოს სსკ-ის 370-ე მუხლით დაწესებულ პასუხისმგებლობას გამოსაკითხი პირის ან მოწმის მიერ ცრუ ინფორმაციის მიწოდებით ან ცრუ ჩვენების მიცემით მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლისათვის. მართალია გამოსაკითხ პირს/მოწმეს უფლება აქვს არ მისცეს საკუთარი თავის მამხილებელი ინფორმაცია, თუმცა აღნიშნული არ გულისხმობს მოწმის/გამოსაკითხი პირის მიერ შეგნებულად ცრუ ინფორმაციის მიცემის უფლებას. მოცემულ შემთხვევაში, მიღებული გაფრთხილებებისა და უფლებების განმარტების მიუხედავად, შ. გ–მ ჯერ (გამოძიების ეტაპზე) დაადასტურა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე კონკრეტული ფაქტები, შემდეგ კი (სასამართლო სხდომაზე) ისინი კატეგორიულად უარყო (მიუხედავად იმისა, რომ ორივე შემთხვევაში კანონმდებლობით დადგენილი წესით განემარტა უფლება-მოვალეობები და გაფრთხილებულ იქნა ცრუ ინფორმაციის/ჩვენების მიცემის შემთხვევაში მოსალოდნელი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ).

16. სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ „შეჯიბრებითი პროცესი დაფუძნებულია რწმენაზე, რომ სათანადოდ მომზადებული და დაინტერესებული მხარეები სასამართლოს წარუდგენენ საკმარის ინფორმაციასა და არგუმენტებს, ხოლო მოსამართლის ძირითად ამოცანას მხარეთათვის ასეთი შესაძლებლობის უზრუნველყოფა წარმოადგენს....მხარეები წყვეტენ, რა მტკიცებულებებს და არგუმენტებს წარუდგენენ სასამართლოს და რა საკითხებზე იდავებენ. (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილება N3/1/608,609 საქართველოს უზენაესი სასამართლოს კონსტიტუციურ წარდგინებაზე, II-15). მოცემულ შემთხვევაში არ დგინდება, რომ დაცვის მხარეს არ მიეცა საკუთარი მტკიცებულების წარმოდგენის ან/და გამოკვლევის, შედავების, დაცვის უფლების განხორციელების შესაძლებლობა.

17. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში არ დგინდება, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მათ შორის საპროცესო სამართლის ნორმების ისეთი მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

18. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო უსაფუძვლობის გამო ვერ გაიზიარებს ადვოკატის არგუმენტებს, რომ შ. გ–ს არ ჩაუდენია საქართველოს სსკ-ის 370-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული და ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას როგორც მსჯავრდების, ისე სასჯელის განსაზღვრის ნაწილში. სასამართლომ სრულყოფილად შეაფასა ჩადენილი ქმედების სახე, სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო გარემოებები, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებანი, პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და მსჯავრდებულს განუსაზღვრა ისეთი სასჯელი, რომელიც საქართველოს სსკ-ის 370-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებშია და არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას.

19. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მომჩივნების მიერ წარმოდგენილ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, §31, ECtHR,11/11/2011). იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივნის რელევანტური არგუმენტები განიხილა ქვედა ორი ინსტანციის სასამართლომ, მომჩივნის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა ვერ იქნება მიჩნეული სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებაზე დაწესებულ არაპროპორციულ შეზღუდვად (Tortladze v. Georgia; no.42371/08, §77, ECtHR, 18/03/2021).

20. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

21. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

22. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 23 ივნისის განაჩენზე მსჯავრდებულ შ. გ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის - ა. ხ–ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

მ. ვასაძე