საკასაციო საჩივარი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 020100119002825188
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №1068აპ-21 ქ. თბილისი
მ. გ.1068აპ-21 21 ივნისი, 2022 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 28 ოქტომბრის განაჩენზე მსჯავრდებულ გ. მ–ს და ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ მაია ჯაბუას საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით გ. მ–ს, - დაბადებულს 19.. წელს, - ბრალად ედებოდა:
- ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ, დიდი ოდენობით, დანაშაული, გათვალისწინებული - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში - საქართველოს სსკ-ის) 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ’’ და მე-4 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტებით;
- ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, დანაშაული, გათვალისწინებული - საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილი.
2. ბრალდებულის მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
2.1. 2017 წლის 13 აგვისტოს, ზუგდიდის რაიონის სოფელ გ–ში, გ. მ–ე მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა ა. დ–ს კ–ის კუთვნილ „კ–ოს“ მარკის (სახელმწიფო სანომრე ნიშნით ..) ავტომანქანას, რითაც დაზარალებულს მიადგა 32000 ლარის ზიანი.
2.2. 2017 წლის 27 სექტემბერს, დღის საათებში, ქ. ზ–ში, კ–ს ქუჩაზე ყოფნისას, ძველი წყენიდან გამომდინარე, გ. მ–ე ა. დ–ს კ–ს დაემუქრა ჯანმრთელობის დაზიანებით, კერძოდ, უთხრა, რომ მას და მისი ოჯახის წევრებს გაუსწორდებოდა ფიზიკურად, რა დროსაც ა. დ–ს კ–ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
3. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 2 თებერვლის განაჩენით:
გ. მ–ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 360-ე მუხლის პირველ ნაწილზე;
გ. მ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით - შინაპატიმრობა 1 წლით;
საქართველოს სსკ-ის 360-ე მუხლის პირველი ნაწილით - ჯარიმა 15000 ლარი;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა (საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნულმა) სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ გ. მ–ს განესაზღვრა შინაპატიმრობა 1 წლით, რომლის ფარგლებშიც დაეკისრა დღე-ღამის 19:00 საათიდან 09:00 საათამდე თავის საცხოვრებელ ადგილას ყოფნის ვალდებულება;
ნივთმტკიცებები: ხელმოწერისა და ხელნაწერის ნიმუშები, ფურცლები უცხოენოვანი წარწერითა და ბეჭდით დაერთოს საქმეს მისი შენახვის ვადით; ავტომანქანისა და მისი სარეგისტრაციო მოწმობის ასლი უნდა დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
4. სასამართლომ დაადგინა, რომ გ. მ–ე და ა. დ–ს კ–ი შეთანხმდნენ, ზ-ს რაიონის სოფელ გ–ში, 2018 წლის ივლის-აგვისტოში, „............ მუსიკის“ ფესტივალის ე.წ. ,,.......ს“ ჩატარების დროს ერთობლივი სამეწარმეო საქმიანობა განეხორციელებინათ, რესტორნის ამუშავების სახით. გ. მ–ს დიდი ხნის წინ დაებადა იდეა ა–ი სტილის ბარ-რესტორნის ამუშავების შესახებ, სადაც დეკორატიულ-სარეკლამო მიზნით დაიდგმებოდა რეტროს სტილის, ძველი, ამერიკული პოპულარული ავტომობილი, თუმცა ამ იდეის განხორციელების სახსრები არ გააჩნდა. ,,ჯ–ზე“ რესტორნის გახსნის იდეის განხილვისას გ. მ–მ გადაწყვიტა, შეესრულებინა დიდი ხნის ჩანაფიქრი და შექმნა ა–ი სტილის, ჰოთ-დოგებისა და მსგავსი საკვების რესტორნის პროექტი, რომელიც ითვალისწინებდა რესტორნის წინ რეტროს სტილის ავტომობილისა და მოტოციკლის დაყენებას. აღნიშნული პროექტი შეათანხმა უფლებამოსილ პირებთან, ასევე - ა. დ–ს კ-თან. ძველი სტილის ავტომობილის შეძენაში დახმარება სთხოვა ა. დ–ს კ–ს, რომელმაც პ–ში შეიძინა 1972 წელს გამოშვებული ,,კადილაკ ელდორადო“, რომელიც პ–ში აღიარებული იყო კულტურის ძეგლად და ვიზუალურად კარგად გამოიყურებოდა. ა. დ–ს კ–მ უზრუნველყო ევაკუატორის მეშვეობით მისი პ-დან უ-ში, გ. მ–სთან ჩაყვანა, რომელმაც, მის სახელზე გაცემული მინდობილობის საფუძველზე, ბორნით, განუბაჟებლად და დაურეგისტრირებლად, შემოიყვანა ის ს–ში და უზრუნველყო სოფელ გ–ში, ახლად გახსნილი რესტორნის წინ განთავსება. სხვადასხვა მიზეზის გამო საქმიანობა არ წარიმართა ისე, როგორც ელოდნენ და ვერ მიიღეს მოსალოდნელი შემოსავალი, რამაც ა. დ–ს კ–სა და გ. მ–ს შორის დაძაბა ურთიერთობა. დავა შეეხო ზარალის გაყოფის საკითხს, რაზეც ვერ შეთანხმდნენ. ამის შემდეგ, ვინაიდან ,,ჯ–ი“ სრულდებოდა და ასევე სრულდებოდა მინდობილობის ვადა, ხოლო ა. დ–ს კ–ი არ აპირებდა მინდობილობის ვადის გაგრძელებას, მეორე მხრივ კი, გ. მ–ე ა. დ–ს კ–ისგან ითხოვდა, რომ ზარალის ნაწილი მასაც აეღო საკუთარ თავზე, რაზეც ა. დ–ს კ–ი არ თანხმდებოდა, გ. მ–ემ გადაწყვიტა, ა. დ–ს კ–თან შეუთანხმებლად, ,,კადილაკ ელდორადოს“ მარკის ავტომობილი ევაკუატორის მეშვეობით წაეყვანა, რაც განახორციელა კიდეც, რათა, ერთი მხრივ, არ დაეკარგა ავტომობილი, ხოლო, მეორე მხრივ, ზარალის მთელი სიმძიმე მხოლოდ მას არ დასწოლოდა.
5. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს დაცვისა და ბრალდების მხარეებმა. მსჯავრდებულმა გ. მ–მ მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და გამართლება; პროკურორმა მაია ჯაბუამ მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა, გ. მ–ს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ’’ და მე-4 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტებით დამნაშავედ ცნობა და მისთვის სამართლიანი - შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული ყველაზე მკაცრი სასჯელის - თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა.
6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 28 ოქტომბრის განაჩენით ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 2 თებერვლის განაჩენი დარჩა უცვლელად.
7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 28 ოქტომბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა. მსჯავრდებული გ. მ–ე საჩივრით ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებას, გამართლებასა და „კადილაკ ელდორადოს“ ფირმის ავტომანქანის დაბრუნებას; პროკურორი მაია ჯაბუა ითხოვს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას: გ. მ–ს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ’’ და მე-4 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტებით დამნაშავედ ცნობასა და მისთვის სამართლიანი - შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული ყველაზე მკაცრი სასჯელის - თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრას. ამასთან, „კადილაკ ელდორადოს“ ფირმის ავტომანქანის კანონიერი მესაკუთრისათვის - დაზარალებულ ა. დ–ს კ–ისათვის დაბრუნებას.
8. 2022 წლის 7 მარტს საქართველოს უზენაეს სასამართლოს განცხადებით მომართა მსჯავრდებულმა გ. მ–ემ, რომელმაც მიუთითა, რომ მოცემულ საქმეში ფიგურირებს ორი ავტომანქანა, ორივე მათგანი მსგავსია მხოლოდ მოდელით, ამ მსგავსების გამო კი მის მიმართ არ უნდა დადგენილიყო გამამტყუნებელი განაჩენი. მსჯავრდებულმა განცხადებას დაურთო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 28 ოქტომბრის განჩინება, რომლის თანახმად, გ. მ–ს საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 5 მარტის განჩინება. ამავე განჩინებაში პალატამ მიუთითა, რომ 2021 წლის 5 მარტის განჩინება კანონიერი და დასაბუთებულია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძვლები. ის გარემოება, რომ მოგვიანებით (26.03.2021წ. განჩინებით), მოსარჩელის მიერ სარჩელის გამოხმობის გამო, სარჩელი განუხილველი დარჩა და გაუქმდა 2017 წლის 7 სექტემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს 2021 წლის 5 მარტის განჩინების უკანონოდ და დაუსაბუთებლად ცნობის საფუძვლად სხვა დასაბუთებული არგუმენტების არარსებობის პირობებში (ა. დ–ს კ–ის და გ. მ–ს საჩივრები ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 12 თებერვლის (2020 წლის 10 თებერვალს ა. დ–ს კ–ის წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა 2020 წლის 17 ივლისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმება, რაც დაკმაყოფილდა სასამართლოს 2021 წლის 12 თებერვლის განჩინებით) განჩინების გაუქმების თაობაზე დაკმაყოფილდა).
9. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, ECtHR, no.36755/06, §31, 11/11/2011). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No. 2), no. 12686/03, §§37, 41, ECtHR, 20/03/2009).
10. საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარე ითხოვს გ. მ–ს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ’’ და მე-4 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტებით მსჯავრდებას და მისთვის სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრას, ხოლო დაცვის მხარე - სრულად გამართლებას. ამასთან, ბრალდების მხარე ითხოვს საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი - „კადილაკ ელდორადოს“ ფირმის ავტომანქანის კანონიერი მესაკუთრისათვის - დაზარალებულ ა. დ–ს კ–ისათვის დაბრუნებას, ხოლო დაცვის მხარე - იმავე ნივთმტკიცების მისთვის დაბრუნებას.
11. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს არგუმენტებს გ. მ–ს საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით მსჯავრდებისა და სასჯელის ნაწილში და მიაჩნია, რომ კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეულ, ურთიერთშეჯერებულ და საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობით (მათ შორის: დაზარალებულ ა. დ–ს კ–ისა და მოწმე ბ. შ–ს ჩვენებებით) დასტურდება, რომ 2017 წლის 27 სექტემბერს, დღის საათებში, ქ. ზ–ში, კ–ს ქუჩაზე ყოფნისას, გ. მ–ე ა. დ–ს კ–ს დაემუქრა ჯანმრთელობის დაზიანებით, კერძოდ, უთხრა, რომ მას და მისი ოჯახის წევრებს გაუსწორდებოდა ფიზიკურად, რა დროსაც ა. დ–ს კ–ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ამასთან, გასაჩივრებულ განაჩენში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც გ. მ–ს მსჯავრდება და შესაბამისი სასჯელი განაპირობა. სასამართლოს კი მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტების გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.
12. რაც შეეხება საქართველოს სსკ-ის 360-ე მუხლით მსჯავრდებას, სასამართლო ითვალისწინებს, რომ მხარეებს შორის დავის საგანია, შემდეგი საკითხების გარკვევა: სადავო ავტომანქანის შეძენისას დაზარალებულმა საკუთარი თუ გ. მ–ს მიერ გადაცემული ფული გადაიხადა; ფესტივალის ტერიტორიიდან გ. მ–მ წაიყვანა თუ არა სადავო ავტომანქანა; საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი „კადილაკ ელდორადოს“ ფირმის ავტომანქანა არის მსჯავრდებულ - გ. მ–ს თუ დაზარალებულ - ა. დ–ს კ–ის საკუთრება; ჩაიდინა თუ არა გ. მ–ემ დანაშაული და ჩადენის შემთხვევაში რა კვალიფიკაცია უნდა მიეცეს მის ქმედებას.
13. საქმის არსებითი განხილვისას ცალსახად დადგინდა და აღნიშნულ გარემოებებს მხარეებიც არ ხდიან სადავოდ, რომ დაზარალებულ ა. დ–ს კ–მ პ–ში შეიძინა (ნასყიდობის პროცედურების განხორციელება - იმისგან დამოუკიდებლად, საკუთარი თუ მსჯავრდებულის მიერ გადაცემული ფული გადაიხადა) სადავო ავტომანქანა და ჩაიყვანა უ–ში, საიდანაც, სათანადო მინდობილობის საფუძველზე, გ. მ–ემ ბორნით გადაიყვანა საქართველოში და დააყენა ფესტივალის ტერიტორიაზე.
14. მოწმე ა. დ–ს კ–მ განმარტა, რომ მეუღლესთან ერთად დაახლოებით 4000-5000 აშშ დოლარად იყიდა პ–ს კულტურის ძეგლი - ოქროსფერი, 1972 წლის ,,კადილაკ ელდორადო“ თეთრი, დაზიანებული სავარძლებით, რათა შეესრულებინა გ. მ–სთან ნაკისრი ვალდებულება. ავტომანქანას ჰქონდა ვინკოდი (სატრანსპორტო საშუალების საიდენტიფიკაციო ნომერი - ვინკოდი - VIN Code), ნომერი - ....., წინა მინაზე მიკრული ჰქონდა ჰოლოგრამა. მოწმემ განმარტა, რომ ფესტივალის დასასრულს გ. მ–მ უთხრა, რომ ავტომანქანას წაიყვანდა, რადგან ბევრი ხარჯი ჰქონდა გაწეული. მიღებულ ზარალს მსჯავრდებული მას აბრალებდა. მათ შორის, იურისტის თანდასწრებით უთხრა, რომ ავტომანქანას არ დაუბრუნებდა. მოწმემ განმარტა, რომ მას გ. მ–ს ვალი არ ჰქონდა.
15. მოწმე ბ. შ–ამ განმარტა, რომ, როგორც დაზარალებულისაგან იცის, ბიზნესმა, რომელიც დაიწყო მსჯავრდებულთან ერთად, არ გაამართლა. მოგვიანებით ადგილზე არ დახვდა მისი ,,კადილაკის“ ფირმის ავტომანქანა . გ. მ–ს თანამშრომლებმა კი უთხრეს, რომ ის წაიყვანა მსჯავრდებულმა. მოწმემ ასევე დაადასტურა, რომ მას გ. მ–ემ უთხრა, რომ ა. დ–ს კ–ს ჰქონდა მისი ფინანსური ვალდებულება და ავტომანქანას დაუბრუნებდა იმ შემთხვევაში, თუ თანხას მისცემდა. მოგვიანებით ავტომანქანა აღმოაჩინეს მსჯავრდებულის თანამშრომლის - ნ. ხ–ს სახლის ეზოში. ავტომანქანის საქარე მინაზე იყო ჰოლოგრამა - ...... მოწმემ განმარტა, რომ ჰოლოგრამა არის ერთჯერადი და იკვრება ავტომანქანაზე ერთხელ, მისი აძრობა და სხვა ავტომანქანაზე დაკვრა არ ხდება, რადგან აძრობისას ზიანდება.
16. მსჯავრდებულმა გ. მ–მ განმარტა, რომ ა. დ–ს კ–მ ,,კადილაკის“ ფირმის ავტომანქანის შეძენის საკითხის განხილვისას უთხრა, რომ ფული არ ჰქონდა, რის გამოც 2017 წლის მაისში გ. მ–ე ჩავიდა პ–ში, დაზარალებულთან და ჩაუტანა 15000 აშშ დოლარი. ა. დ–ს კ–მ 5000 აშშ დოლარად იყიდა ავტომანქანა, რომელიც მიიყვანეს ,,ჯემფესტის“ ტერიტორიაზე. მსჯავრდებულმა დაადასტურა, რომ დაზარალებულთან მოლაპარაკების თანახმად, 25 აგვისტომდე ის ან მისცემდა 15000 აშშ დოლარს ან დაუტოვებდა ავტომანქანას. აღნიშნულთან დაკავშირებით გააფორმეს ვალის აღიარების შეთანხმებაც. ევაკუატორი დაიქირავა მისი და ა–ს კომპანიამ, თუმცა საბოლოოდ სადავო ავტომანქანა ვერ იპოვა. აღნიშნულ ავტომანქანას საქარე მინაზე ამოტვიფრული ჰქონდა ვინკოდი. ნივთმტკიცებად ცნობილ ავტომანქანას კი ჰოლოგრამა დააწება იმან, ვინც პირველი ჰოლოგრამა ააძრო. მსჯავრდებულმა ასევე განმარტა, რომ მას ჰყავდა იდენტური მოდელის ავტომანქანა და ფიქრობდა, რომ მათგან ერთი სრულყოფილი ავტომანქანა აეწყო.
17. ამდენად, ის გარემოება, რომ გ. მ–ე და ა. დ–ს კ–ი ერთობლივად ახორციელებდნენ სამეწარმეო საქმიანობას და ამ საქმიანობის უფრო წარმატებულად წარმართვისათვის ს–ს ტერიტორიაზე შემოიყვანეს ავტომანქანა „კადილაკ ელდორადო“, სადავო არ არის მხარებს შორის და დასტურდება, მათ შორის, როგორც გ. მ–ს და დაზარალებულ დ–ს კ–ის ჩვენებებით, აგრეთვე - საბაჟო დეპარტამენტის 2018 წლის 25 ივლისის №..... წერილით, მიუხედავად იმისა, რომ მსჯავრდებულმა და დაზარალებულმა განსხვავებული შინაარსის ჩვენებები მისცეს სასამართლოს, თუ რომელს ეკუთვნოდა ავტომანქანაში გადახდილი თანხა.
18. სასამართლო ითვალისწინებს მოწმეთა ჩვენებებს, კერძოდ: დაზარალებულ ა. დ–ს კ–ის ჩვენების თანახმად, ფესტივალის დასასრულს გ. მ–მ უთხრა, რომ ავტომანქანას წაიყვანდა, რადგან ბევრი ხარჯი ჰქონდა გაწეული. მიღებულ ზარალს მსჯავრდებული მას აბრალებდა. მათ შორის, იურისტის თანდასწრებით უთხრა, რომ ავტომანქანას არ დაუბრუნებდა; ბ. შ–ს ჩვენების თანახმად კი, გ. მ–ემ უთხრა, რომ ა. დ–ს კ–ს ჰქონდა მისი ფინანსური ვალდებულება და ავტომანქანას დაუბრუნებდა იმ შემთხვევაში თუ თანხას მისცემდა; თავად, მსჯავრდებულ გ. მ–ს ჩვენების თანახმად, ავტომანქანის შესაძენად თანხა მან ჩაუტანა დაზარალებულს პ–ში; დაზარალებულთან მოლაპარაკების თანახმად, 25 აგვისტომდე ის ან მისცემდა 15000 აშშ დოლარს ან დაუტოვებდა ავტომანქანას; აღნიშნულთან დაკავშირებით გააფორმეს ვალის აღიარების შეთანხმებაც.
19. მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებული არ ადასტურებს გ. მ–ს მიმართ რაიმე სახის ვალის არსებობას, იმავდროულად, ა. დ–ს კ–ი და ბ. შ–ა ადასტურებენ გ. მ–ს პოზიციას, რომ დაზარალებულს ჰქონდა მსჯავრდებულის ვალი და ავტომანქანას დაუბრუნებდა მისი გადახდის შემთხვევაში. ამასთან, საქმეში დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტით დასტურდება, რომ 2017 წლის 12 მაისს ა. დ–ს კ–მ მიიღო ,,კადილაკისა“ და მაცივრისთვის 15000 აშშ დოლარი. შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, აღნიშნულ დოკუმენტზე ხელმოწერა ნამდვილად დაზარალებულ ა. დ–ს კ–ის მიერ არის შესრულებული და მასზე ნამდვილად მისი ბეჭედია დასმული, სასამართლო ვერ გაიზიარებს დაზარალებულის მტკიცებას მითითებული დოკუმენტის სიყალბესთან დაკავშირებით, რადგან საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, რაც მის პოზიციას დაადასტურებდა.
20. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს მსჯავრდებულის მტკიცებას მისი უდანაშაულობის შესახებ, ასევე პროკურორის მტკიცებას გ. მ–ს მიერ ჩადენილი ქმედების ქურდობად და არა - თვითნებობად დაკვალიფიცირების შესახებ, იმაზე მითითებით, რომ მსჯავრდებულს კარგად ჰქონდა გაცნობიერებული, რომ ავტომანქანა დაზარალებულის საკუთრება იყო, ხოლო იმისათვის, რომ არსებობდეს თვითნებობის შემადგენლობა, აუცილებელია მსჯავრდებულს ჰქონოდა სადავო ავტომანქანასთან მიმართებით რაიმე სახის უფლებამოსილება, რათა მას გასჩენოდა რწმენა, რომ ჰქონდა მისი დაუფლების რაიმე უფლება. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსკ-ის 360-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული - თვითნებობა - გულისხმობს, ნამდვილად თავისი ან თავისად დაგულებული უფლების დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ განხორციელებას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. ამასთან, თავისად დაგულებული უფლება ისეთი უფლებაა, როცა პირი შეცდომით ფიქრობს, რომ მას ესა თუ ის უფლება აქვს, თუმცა სინამდვილეში მას ასეთი რამ არ აქვს ან/და ეს უფლება მას შეიძლება მიენიჭოს, მაგრამ მხოლოდ დადგენილი წესით. დადგენილი წესის დარღვევად ითვლება მოქმედება, რომელიც არღვევს უფლების შეძენის ან განხორციელების კანონმდებლობით დადგენილ წესს. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მსჯელობას, რომ გ. მ–ემ იცოდა, რომ ავტომანქანა „კადილაკ ელდორადო“ რეგისტრირებული იყო დაზარალებულ ა. დ–ს კ–ისა და მისი მეუღლის სახელზე, თუმცა, იმის გამო, რომ: მსჯავრდებულს გააჩნდა პრეტენზიები იმასთან დაკავშირებით, რომ ნივთი მისი თანხით იყო შეძენილი, ხოლო საერთო ბიზნესში ნანახი ზარალის განაწილებას არ აპირებდა დაზარალებული და მასთან გაფორმებული ჰქონდა ვალის აღიარების შეთანხმება, სადავო ავტომანქანას არ აღიქვამდა დაზარალებულის კუთვნილ ნივთად და მიაჩნდა, რომ მასზე გარკვეული უფლებები თავად გააჩნდა. სწორედ მისი აღქმიდან, რომ გარკვეული უფლებები გააჩნდა ,,კადილაკის“ ფირმის ავტომანქანაზე, თვითნებურად, დადგენილი წესის უგულებელყოფით წაიყვანა ავტომანქანა, მაშინ, როცა ავტომანქანის თვითნებურად წაყვანის ნაცვლად, თავის დარღვეულ უფლებაზე უნდა ედავა კანონით დადგენილი წესით - სასამართლოსათვის შესაბამისი სარჩელის წარდგენით.
21. საკასაციო საჩივარში მსჯავრდებული უთითებს, რომ მისთვის გაუგებარია, როგორ შეიძლება დაედოს მსჯავრი იმ პირობებში, როდესაც ნივთმტკიცებად ცნობილი ავტომანქანა შესაძლოა იყოს, მათ შორის, ორი ავტომანქანის შერწყმის შედეგი. სასამართლო ითვალისწინებს მოწმე ო. ლ–ს ჩვენებას, რომლის თანახმად, ის სამუშაოდ ჩავიდა ა–ში, კერძოდ, ,,ჯემფესტზე“. დაზარალებულს ჰყავდა რამდენიმე ავტომანქანა, მათ შორის, ყვითელი (მდოგვისფერი) ,,კადილაკის“ ფირმის, ორკარიანი ავტომანქანა, რომელიც იყო კვების ობიექტის დეკორაცია და იდგა მის სიახლოვეს (00:37:33; 00:57:45). მოწმემ განმარტა, რომ ის ო. ბ–სთან ერთად იმყოფებოდა, როდესაც დაინახეს, რომ ევაკუატორს მიჰყავდა მითითებული ავტომანქანა, თუმცა მისთვის უცნობია, სად და ვინ წაიყვანა (00:41:40; 00:43:03). ა. დ–ს კ–ს უთხრეს, რომ ,,კადილაკი“ წაიყვანეს, ის მსჯავრდებულთან წავიდა გასარკვევად, დაბრუნებულმა კი თქვა, რომ ,,კადილაკი“ გატაცებულია (00:50:38). მოგვიანებით მოწმემ განმარტა, რომ მას არ ახსოვს, კონკრეტულად ვისგან გაიგო ავტომანქანის გატაცების შესახებ, არ ახსოვს, იმ დღეს დაზარალებულმა მსჯავრდებულთან ისაუბრა თუ არა და საერთოდ, იქ იმყოფებოდა თუ არა გ. მ–ე (01:01:33); ასევე მოწმე ო. ბ–მ დაადასტურა, რომ ავტომანქანა ევაკუატორს მიჰყავდა, ამ დროს სად იყვნენ დაზარალებული და მსჯავრდებული, მისთვის უცნობია (12:57:02). მოწმეს არ დაუნახავს, ვინ წაიყვანა ავტომანქანა (13:00:40). დაახლოებით 15 წუთში ნახა ა. დ–ს კ–ი, რომელსაც ჰკითხეს ავტომანქანის გაყვანის თაობაზე, რაც მან უარყო და გაკვირვებული წავიდა საკითხის გასარკვევად, თუმცა მისთვის უცნობია, სად (13:03:49). აღნიშნულის მიუხედავად, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს დაზარალებულისა და მოწმე ბ. შ–ს ჩვენებებზე, რომელთა თანახმადაც, მსჯავრდებული მათ ეუბნებოდა, რომ ავტომანქანას იმ შემთხვევაში დაუბრუნებდა ა. დ–ს კ–ს, თუ დაზარალებული თანხას გადაუხდიდა. ამ პირობებში კი სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ სადავო ავტომანქანა სწორედ გ. მ–ემ წაიყვანა.
22. კასატორის საჩივარში უთითებს, რომ ბრალდების მხარეს სიმართლის დასადგენად გამოძიების ეტაპზე: 1. უნდა ჩაეტარებინა ავტომანქანის ამოცნობა - ო. ბ–სთან, ო. ლ–სთან, ტ. მ–სთან (2017 წლის აგვისტოში, შეკვეთის საფუძველზე, განმუხურიდან თ–ში გადაიყვანა ტრანზიტული უცხოური ნომრით, ოქროსფერი კადილაკი), ნ. ხ–თან (მის ეზოში ინახებოდა ავტომანქანა, რომლიც გ. მ–ემ ევაკუატორით მიიყვანა), პ. ი–სთან (მოწმე ბ. შ–ს ჩვენებით: პ. ი–მ, რომელსაც ვებგვერდ ,,.....დან“ ამობეჭდილი სურათები აჩვენა, უთხრა, რომ ახსოვს აღნიშნული ავტომანქანა - ,,მე ჩამოვაყვანინე ის ერთ-ერთ მძღოლს ევაკუატორით, ა–ნ დ–ში“), ფ. ე–სთან; 2. უნდა ჩაეტარებინა იმ პირების ამოცნობა ვინც შეუკვეთა ავტომანქანისათვის ევაკუატორი და ვინც გადაიხადა აღნიშნული მომსახურების საფასური; 3. სასამართლომ არ იმსჯელა გ–დან თ–ში შემკვეთი-ჩამომტანი პირების ვინაობის დადგენაზე; 4. დაცვის მხარის მოთხოვნის მიუხედავად მოწმის სახით არ დაკითხვა ავტომანქანის მეორე მეპატრონე - ზ. უ–ა კ–ი, მისი მონაწილეობით არ ჩატარებულა ამოცნობა და ზოგადად მისი საქმეში ჩართვა.
22.1. სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-9 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე. სასამართლო ითვალისწინებს საქართველოს სსსკ-ის 25-ე მუხლის დანაწესს, რომ მტკიცებულებათა მოპოვება და წარდგენა მხარეების კომპეტენციაა და საქართველოს სსსკ-ის 83-ე მუხლის თანახმად, მხარე თავად განსაზღვრავს იმ მტკიცებულებათა წრეს, რომელთა წარდგენაც სასამართლოში საკუთარი პოზიციის დასასაბუთებლად მიაჩნია საჭიროდ. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ დაცვის მხარეს ენიჭება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით, როგორც წარმოდგენილი მტკიცებულების გამოკვლევის, ასევე მტკიცებულების დამოუკიდებლად ან სასამართლოს მეშვეობით მოპოვებისა და წარმოდგენის უფლება (იხ. უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 8 იანვრის N951აპ-20 განჩინება; 2021 წლის 4 იანვრის N925აპ-20 განჩინება; 2020 წლის 17 ივლისის N30აპ-20 განჩინება; 2021 წლის 9 ივლისის განაჩენი N669აპ-20, II-56). სასამართლო იმავდროულად ითვალისწინებს საქართველოს სსსკ-ის 113-ე (ნებისმიერი პირი, რომელიც შესაძლებელია ფლობდეს საქმისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას, ნებაყოფლობით შეიძლება გამოკითხულ იქნეს მხარეთა მიერ), 39-ე მუხლის (თუ მტკიცებულების მოპოვებისათვის საჭიროა ისეთი საგამოძიებო ან სხვა საპროცესო მოქმედების ჩატარება, რომელსაც ბრალდებული ან მისი ადვოკატი დამოუკიდებლად ვერ ატარებს, იგი უფლებამოსილია შესაბამისი განჩინების გამოტანის შუამდგომლობით მიმართოს მოსამართლეს გამოძიების ადგილის მიხედვით. მოსამართლე ვალდებულია მიიღოს ყველა ზომა, რათა ბრალდების მხარისათვის ცნობილი არ გახდეს დაცვის მხარის მიერ მტკიცებულების მოპოვება) და 219-ე (განიხილავს მხარეთა შუამდგომლობებს მტკიცებულებათა დასაშვებობის თაობაზე; ასევე, განიხილავს მხარეთა სხვა შუამდგომლობებს) მუხლების დანაწესებს, და ვინაიდან არ დასტურდება, რომ დაცვის მხარეს არ მიეცა საკასაციო საჩვარში მითითებული საკითხების გამორკვევისა და საკასაციო საჩივარში დასმული პოზიციის დასაბუთებისათვის საქართველოს სსსკ-ის დაცვის მხარისათვის მინიჭებული უფლებების გამოყენების შესაძლებლობა - სასამართლო მოკლებულია დაცვის მხარის ზემოთ აღნიშნული პოზიციის გაზიარების შესაძლებლობას.
23. ამდენად, მიუხედავად ამოღებული ავტომანქანის - „კადილაკ ელდორადოს“ კუთვნილებისა, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ დაზარალებულის კუთვნილი ავტომანქანა ,,ჯ–ს“ ტერიტორიიდან თვითნებურად წაიყვანა მსჯავრდებულმა, შესაბამისად, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ გ. მ–ემ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 360-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულები.
24. რაც შეეხება მსჯავრდებულისა და ბრალდების მხარი პოზიციას საქმეში ნივთმტკიცებად ცნობილი - „კადილაკ ელდორადოს“ ფირმის ავტომანქანის დაბრუნების საკითხს, სასამართლო ითვალისწინებს, რომ განსახილველ საქმეში მოწმეთა ჩვენებების თანახმად, მართალია ფიგურირებს დაზარალებულისა და მსჯავრდებულის ორი ავტომანქანა, თუმცა წარმოდგენილი მტკიცებულებებით შეუძლებელია დადგინდეს საქმის ფარგლებში ამოღებული „კადილაკ ელდორადოს“ მარკის ავტომანქანა, რომელი მათგანია; დაცვის მხარე საკასაციო საჩივარში თავად უთითებს, რომ ჩატარებული საექსპერტო კვლევით არ დადგინდა ის ფაქტი, თუ რა განსხვავებაა მითითებულ ორ ავტომანქანას შორის, შეცვლილია თუ არა წარმოდგენილ ავტომანქანაზე ნაწილები, ვის ან რის საფუძველზე მოხდა ორი ავტომანქანის შერწყმა, ასეთის არსებობის შემთხვევაში, ვისი ხელის ანაბეჭდია ამოღებული ავტომანქანის საქარე მინაზე გაკრულ ჰოლოგრამაზე და ა.შ; იმავდროულად დაცვის მხარის პოზიციით, ნივთმტკიცებად ცნობილ ავტომანქანას ჰოლოგრამა დააწება იმან, ვინც პირველი ააძრო, თუმცა საქმის მასალებით უტყუარად არ დასტურდება შესაძლებელია თუ არა დაკრული ჰოლოგრამის აძრობა და მეორედ დაკვრა ან/და მისი ხელახლა - დამატებით გაცემა, ასეთის შესაძლებლობის შემთხვევაში, მოხდა თუ არა აღნიშნული და სხვა. მოცემულ შემთხვევაში მხარეებს, მათ შორის, დაცვის მხარეს საქართველოს სსსკ-ის 25-ე და 144-ე მუხლების დანაწესების გათვალისწინებით, არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, მათ შორის, ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც სასამართლოს მისცემდა საშუალებას ეჭვგარეშე გადაეწყვიტა მითითებული საკითხი. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავა ნივთიერი მტკიცებულების გამო წყდება სამოქალაქო სამართალწარმოების წესით. ასეთი დავის შემთხვევაში ნივთიერი მტკიცებულება სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე ინახება სისხლის სამართლის საქმესთან ერთად.
25. სასამართლო გ. მ–ს მტკიცებასთან მიმართებით, რომ დაზარალებულმა ბათუმის საქალაქო სასამართლოდან, სადაც მიმდინარეობდა სამოქალაქო დავა ნივთმტკიცებად ცნობილ ავტომანქანასთან დაკავშირებით, საერთოდ გამოიხმო სარჩელი და შეწყვიტა საქმის წარმოება ითვალისწინებს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 26 მარტის განჩინებას, რომლის თანახმად, 2021 წლის 26 მარტს მოცემულ საქმეზე დანიშნული იყო სასამართლოს მოსამზადებელი სხდომა, მოსარჩელე ა. დ–ს კ–ის წარმომადგენლებმა - ბ. შ–მ და ქ. ჩ–მ 2021 წლის 26 მარტს, სასამართლოს მოსამზადებელი სხდომის ჩატარებამდე, სასამართლოს მიმართეს განცხადებით და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831-ე მუხლის თანახმად გამოიხმეს სარჩელი ისე, რომ უარი არ უთქვამთ მოთხოვნაზე. იმავდროულად სასამართლო ითვალისწინებს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 28 ოქტომბრის განჩინების თანახმად: გ. მ–ს საჩივრები (როგორც 2021 წლის 22 თებერვალს, ასევე, 2021 წლის 30 მარტს წარდგენილი) სამოქალაქო დავის არსებით საკითხებზე მითითებებსა და მოთხოვნებს შეიცავდა, რაც შეუძლებელი იყო სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენების ეტაპზე შეფასების ობიექტი გამხდარიყო. ვინაიდან, სადავო ავტომობილზე საკუთრების დადგენა, ავტომანქანის დაბრუნება თუ სხვა არსებითი საკითხები მხოლოდ საქმის არსებითი განხილვის შედეგად შეიძლება გადაწყდეს. შესაბამისად, ა. დ–ს კ–ის საჩივართან ერთად, პირველი ინსტანციის სასამართლომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების შესახებ განჩინების გაუქმების მოთხოვნით წარდგენილი გ. მ–ს საჩივარიც დააკმაყოფილა. სასამართლომ მოპასუხეს განუმარტა, რომ საკითხები, რომელზეც საჩივრის ავტორი უთითებს, უნდა შემოწმდეს საქმის არსებითი განხილვისა და შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღების დროს. სარჩელის უზრუნველყოფის საკითხის გადაწყვეტის ეტაპზე მომჩივანის მიერ მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საფუძველს; უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საპროცესო ეტაპზე სასამართლო შემოიფარგლება, მხოლოდ იმის გარკვევით, რამდენად არსებობს ასეთი ღონისძიების გამოყენების საფუძველი.
26. სასამართლო ითვალისწინებს, რომ გასაჩივრებულ განაჩენში დეტალურადაა გაანალიზებული, ერთი მხრივ, ის მტკიცებულებები და არგუმენტები, რომელთა საფუძველზეც სასამართლომ არ გაიზიარა დაცვის მხარის პოზიცია მსჯავრდებულის უდანაშაულობის შესახებ და, მეორე მხრივ, ის არგუმენტები, თუ რატომ არ გაიზიარა ბრალდების მხარის პოზიცია გ. მ–ს მიერ ქურდობის ჩადენის შესახებ.
27. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020). ასევე, იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივნის რელევანტური არგუმენტები განიხილა ქვედა ორი ინსტანციის სასამართლომ, მომჩივნის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა ვერ იქნება მიჩნეული სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებაზე დაწესებულ არაპროპორციულ შეზღუდვად (Tortladze v. Georgia; no.42371/08, §77, ECtHR, 18/03/2021).
28. მოცემულ შემთხვევაში საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
29. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
30. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის არცერთი საფუძვლის არსებობა, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
31. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 28 ოქტომბრის განაჩენზე მსჯავრდებულ გ. მ–ს და ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ მაია ჯაბუას საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. გაბინაშვილი