საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 09.07.2024
საქმის ნომერი
2კ-209აპ.-24
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
09.07.2024

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 010100122006658154

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №209აპ-24 9 ივლისი, 2024 წელი

მ–ე ვ., №209აპ-24 თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 28 ნოემბრის განაჩენზე აჭარის ა/რ პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ თორნიკე გოგეშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. ვ. მ–ე (პირადი ნომერი: ..........) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 194-ე მუხლის პირველი ნაწილით (უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, ესე იგი უკანონო და დაუსაბუთებული ქონებისათვის კანონიერი სახის მიცემა, მისი უკანონო და დაუსაბუთებელი წარმოშობის დაფარვის, აგრეთვე მისი ნამდვილი ბუნებისა და წარმოშობის წყაროს დამალვის მიზნით), საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, ესე იგი უკანონო და დაუსაბუთებული ქონებისათვის კანონიერი სახის მიცემა, მისი უკანონო და დაუსაბუთებელი წარმოშობის დაფარვის, აგრეთვე მისი ნამდვილი ბუნებისა და წარმოშობის წყაროს დამალვის მიზნით, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება), საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებითა და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თავის მართლზომიერ მფლობელობასა და გამგებლობაში არსებული დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ (სამი ეპიზოდი)), საქართველოს სსკ-ის 341-ე მუხლით (სამსახურებრივი სიყალბე, ესე იგი მოხელის მიერ ყალბი დოკუმენტის შედგენა ჩადენილი ანგარებით ან სხვა პირადი მოტივით (სამი ეპიზოდი)), საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ჯგუფურად ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება გამოყენების მიზნით და გამოყენება (სამი ეპიზოდი)) და საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით (მოხელის მიერ სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ თავისთვის ან სხვისთვის რაიმე გამორჩენის მისაღებად, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია (სამი ეპიზოდი)) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. ბათუმის საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ ვ. მ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდებებით დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისთვის, საკმარისობის თვალსაზრისით, ვერ იქნა წარმოდგენილი გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც მის მიმართ ამ ნაწილით გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველს შექმნიდა.

2.2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 6 ივლისის განაჩენით ვ. მ–ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდებებით.

ვ. მ–ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „დ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (სამი ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 341-ე მუხლით (სამი ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (სამი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამი ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „დ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით – 7 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „დ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით – 7 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „დ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით – 7 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 341-ე მუხლით – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 341-ე მუხლით – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 341-ე მუხლით – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა.

მასვე, დამატებითი სასჯელის სახით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლება 2 წლით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ერთმა თანაბარი ზომის სასჯელმა შთანთქა სხვა თანაბარი და უფრო მსუბუქი ზომის სასჯელები და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით, ვ. მ–ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე, დამატებითი სასჯელის სახით 2 წლით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლება.

2.3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 6 ივლისის განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა აჭარის ა/რ პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა თორნიკე გოგეშვილმა, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანა, ვ. მ–ს წარდგენილი ბრალდებებით სრულად დამნაშავედ ცნობა, ასევე საქართველოს სსკ-ის 52-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახით ქონების ჩამორთმევის დანიშვნა.

2.4. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 6 ივლისის განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ასევე გაასაჩივრა დაცვის მხარემ, რომელმაც მოითხოვა ვ. მ–სათვის საბოლოოდ დანიშნული სასჯელის ¼-ის პირობითად ჩათვლა და ანგარიშებზე დადებული ყადაღის მოხსნა.

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

3.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 28 ნოემბრის განაჩენით აჭარის ა/რ პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ თორნიკე გოგეშვილის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

მსჯავრდებულ ვ. მ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა. წ–ს დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 6 ივლისის განაჩენში შევიდა ცვლილება.

ვ. მ–ე საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდებით ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.

ვ. მ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებითა და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (სამი ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 341-ე მუხლით (სამი ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (სამი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის სასჯელის დაუნიშნავად.

3.2. 2023 წლის 26 დეკემბერს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 28 ნოემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა აჭარის ა/რ პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა თორნიკე გოგეშვილმა, რომელმაც მოითხოვა ვ. მ–ს წარდგენილი ბრალდებებით, დამნაშავედ ცნობა და მისთვის საქართველოს სსკ-ის 52-ე მუხლის მე-3 ნაწილით დამატებითი სასჯელის სახედ ქონების ჩამორთმევა, ასევე საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დანაშაულებრივი გზით მოპოვებული შემოსავლის/ქონების დაზარალებულისათვის გადაცემა.

4. კასატორის არგუმენტები:

4.1. კასატორის, აჭარის ა/რ პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ – თორნიკე გოგეშვილის განმარტებით, გასაჩივრებული განაჩენი ვ. მ–ს საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გამართლების ნაწილში უკანონოა. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულად ადასტურებს ვ. მ–ს მიერ ბრალად წარდგენილი დანაშაულების ჩადენას. საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის დისპოზიციაში ჩამოთვლილია ალტერნატიული ქმედებები და მიზანი, რა მიზნითაც უნდა მოქმედებდეს ამ დანაშაულის ამსრულებელი, რათა მას ბრალად შეერაცხოს კონკრეტული ქმედება. დასახელებული ნორმის შინაარსში ერთ-ერთ ალტერნატიულ ქმედებად ასევე მითითებულია სხვა მოქმედება. შესაბამისად, კანონმდებელმა ამომწურავად არ ჩამოთვალა ის ქმედებები რაც შეიძლება პირმა განახორციელოს ამავე მუხლის დისპოზიციაში მითითებული მიზნით, ვინაიდან, დანაშაულის ამსრულებლის ნებისმიერი მოქმედების წინასწარ პროგნოზირება შეუძლებელია. მოცემულ შემთხვევაში ცალსახაა, რომ ვ. მ–ე უკანონო ქონებისათვის კანონიერი სახის მიცემისა და მისი უკანონო წარმოშობის დაფარვის მიზნით მოქმედებდა.

ამასთან, სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულის გარდაცვალების გამო ვ. მ–ს ვერ დაუნიშნა ძირითადი სასჯელი და ამ საფუძვლით საქართველოს სსკ-ის 41-ე მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესიდან გამომდინარე, დამატებით სასჯელად არ დაუნიშნა ქონების ჩამორთმევა. მოცემული შემთხვევა წარმოადგენს განსაკუთრებულ გარემოებას და საჭიროებს ინდივიდუალურ შეფასებას. საქართველოს სსკ-ის 52-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების ჩამორთმევა ნიშნავს მსჯავრდებულისთვის დანაშაულებრივი გზით მიღებული ქონების (ყველა ნივთი და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, ასევე იურიდიული დოკუმენტები, რომლებიც იძლევა უფლებას ქონებაზე), აგრეთვე ამ ქონებიდან მიღებული ნებისმიერი ფორმის შემოსავლების ან მათი ღირებულების ეკვივალენტური ქონების სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამორთმევას. დამატებითი სასჯელის დანიშვნის გარეშე გამოდის, რომ მსჯავრდებულის მემკვიდრეებს ეძლევათ შესაძლებლობა განკარგონ დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონება. მოცემულ შემთხვევაში ქონების ჩამორთმევა სამართლიანობის აღდგენის მიზანს და დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურებას ემსახურება. ალტერნატივის სახით, პროკურორმა ასევე მოითხოვა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის ,,დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, აღნიშნული თანხების დაზარალებულისათვის – შპს ,,ხელვაჩაურის წყლისათვის“ დაბრუნება. მისი პოზიციით, მნიშვნელობა არ აქვს თანხა ამოღებულია და ინახება საგამოძიებო ორგანოში, თუ განთავსებულია საბანკო ანგარიშზე და ადევს ყადაღა, მთავარია დადგინდეს ამ თანხის დანაშაულებრივი წარმომავლობა, რაც ცალსახაა.

5. საკასაციო საჩივრის დასაშვებობა:

5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ მიუთითებს და ვერც ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

5.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსსკ-ის) მე-300 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მიერ გამოტანილი განაჩენი, რომელიც, კასატორის აზრით, უკანონოა. განაჩენი უკანონოა, თუ: ა) არსებითად დაირღვა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, რაც არ გამოუვლენია პირველი ინსტანციის ან სააპელაციო სასამართლოს ან რაც მან დაუშვა საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს; ბ) მსჯავრდებულის ქმედებას არასწორი კვალიფიკაცია მიეცა; გ) გამოყენებულია სასჯელის ისეთი სახე ან ზომა, რომელიც აშკარად არ შეესაბამება მსჯავრდებულის ქმედების ხასიათსა და პიროვნებას. საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში.

5.3. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარის მიერ საკასაციო საჩივარი წარმოდგენილია ვ. მ–ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გამართლების და სასჯელის ნაწილში, შესაბამისად, სასამართლო იმსჯელებს და შეაფასებს ბრალდების მხარის მიერ საკასაციო საჩივარში მითითებულ სადავო ასპექტებს და დამატებით აღარ იმსჯელებს ვ. მ–ეის მსჯავრდების სხვა ეპიზოდებზე.

5.4. საკასაციო სასამართლო ქრონოლოგიურად მიჰყვება ბრალდების მხარის მიერ საკასაციო საჩივარში წარმოდგენილ მოთხოვნებს და მიუთითებს, თუ რატომ არ აკმაყოფილებს მის მიერ წარმოდგენილი საჩივარი საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კერძოდ:

5.5. ბრალდების მხარის პოზიციით, საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა ვ. მ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის პირველი ნაწილითა და ამავე კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა, ასევე უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ნაწილში მსჯავრდებულის გამართლება არ წარმოადგენს ხელისშემშლელ გარემოებას სასამართლოს ემსჯელა დანაშაულებრივი გზით მიღებული ქონების ჩამორთმევაზე.

5.6. საკასაციო სასამართლო თავდაპირველად აღნიშნავს, რომ სასამართლომ პირველ რიგში ყურადღება უნდა გაამახვილოს პროკურორის მიერ პირის ბრალდების შესახებ დადგენილებაში ჩამოყალიბებულ ბრალდების ფორმულირებაზე, ვინაიდან საქართველოს სსსკ-ის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, პირის ბრალდება მხოლოდ პროკურორის უფლებამოსილებაა და სასამართლო სისხლის სამართლის საქმეს განიხილავს წარდგენილი ბრალდების ფარგლებში, რომელშიც საქართველოს სსსკ-ის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, უნდა აღინიშნოს: ბრალდების ფორმულირება – ინკრიმინირებული ქმედების აღწერა, მისი ჩადენის ადგილის, დროის, ხერხის, საშუალების, იარაღის, აგრეთვე ამ ქმედებით გამოწვეული შედეგის მითითებით.

5.7. ამდენად, საკასაციო სასამართლო კვლავ აღნიშნავს, რომ წარდგენილი ბრალდების ფარგლებში მოიაზრება სწორედ პროკურორის მიერ ბრალდების შესახებ დადგენილებაში ჩამოყალიბებული ბრალდების ფორმულირება, რომელშიც მკაფიოდ უნდა იყოს ჩამოყალიბებული იმ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების აღწერა (როგორ გამოიხატა), რომელსაც ბრალდების მხარე ედავება ბრალდებულს, მისი ჩადენის ადგილის, დროის, ხერხის, საშუალების, იარაღის, აგრეთვე ამ ქმედებით გამოწვეული შედეგის მითითებით (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 24 ივნისის №230აპ-13 განაჩენი, პუნქტი 4.1.2.).

5.8. სასამართლო აღნიშნავს, რომ ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, მსჯავრდებულის მიერ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია გამოიხატა შემდეგში, კერძოდ, ვ. მ–მ უკანონოდ დაუფლებული თანხის კანონიერი სახის მიცემის მიზნით, 2019 წლის 24 თებერვალს, თავისი შვილის – თ. მ–ს სახელზე სს „......... ბანკში“ გახსნილ საანაბრე ანგარიშზე განათავსა ზემოხსენებული, უკანონოდ მითვისებული და დაუსაბუთებელი თანხა – 19000 ლარი, რითაც დაფარა მისი უკანონო და დაუსაბუთებელი წარმოშობა. მანვე უკანონოდ დაუფლებული თანხის კანონიერი სახის მიცემის მიზნით, 2021 წლის 8 სექტემბერს, სს „....... ბანკთან“ გააფორმა ხელშეკრულება და გახსნა საანაბრე ანგარიში, რომელზეც განათავსა შპს “......... წყალკანალიდან„ მითვისებული 60000 ლარი, რასაც ხელშეკრულების თანახმად, სარგებლის სახით ერიცხებოდა პროცენტი. 2021 წლის სექტემბრის თვიდან 2022 წლის ოქტომბრის თვის ჩათვლით პერიოდში, დახურა ძველი და გახსნა ახალი საანაბრე ანგარიშები, ასევე ეტაპობრივად გამოიტანა (გაანაღდა) მითვისებული თანხა და სარგებლის სახით დარიცხული პროცენტი, რის შემდეგაც ანგარიშზე ნაშთად დარჩა 6513,43 ლარი. აღნიშნული ქმედებებით ვ. მ–ეემ დაფარა მითვისებული თანხის ნამდვილი ბუნება და მისი უკანონო და დაუსაბუთებელი წარმოშობა. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ვ. მ–ს მიმართ წარდგენილი ქმედებები დაყოფილია მითვისებად – პრედიკატ დანაშაულად და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციად.

5.9. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ვინაიდან აღნიშნული დანაშაულის ჩასადენად აუცილებელია პრედიკატი დანაშაულის არსებობა, ამ დანაშაულის კონსტრუქციიდან გამომდინარე მნიშვნელოვანია ერთმანეთისგან განვასხვავოთ დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების გამოყენება და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, ვინაიდან რეალურად რასაც ბრალდების მხარე ვ. მ–ს ედავება წარმოადგენს არა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას, არამედ დანაშაულებრივი გზით (მითვისების შედეგად) მიღებული ფულის გამოყენებას. ერთიანობაში, აღნიშნული ქმედებები, კერძოდ: ბანკებში სხვადასხვა ანგარიშების გახსნა და ფულის განთავსება პრედიკატი დანაშაულის გაგრძელებაა და არა ახალი დანაშაული.

5.10. ერთი შეხედვით შესაძლოა სახეზე იყოს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის სავალდებულო რამდენიმე ნიშანი, მაგრამ არა ყველა. მართალია ვ. მ–მ დანაშაულებრივი გზით მიღებული ქონების ლეგალურ ფინანსურ ინსტიტუციებში ინტეგრაცია მოახდინა, კერძოდ, ბანკის ანგარიშებზე განათავსა თანხა (განთავსება) და შემდგომში ხელახალი ანაბარი გახსნა, თუმცა მას არ განუხორციელებია მნიშვნელოვანი ფინანსური ტრანზაქცია (ფენების გაჩენა) რის შემდეგაც, არ მომხდარა ამ თანხების – გადარიცხვების შედეგად გაწმენდილი ფულის (წარმომავლობაშეცვლილი) დაბრუნება (დაბრუნება). თანხა მხოლოდ განთავსებული იყო მისი და მისი შვილის სახელზე.

5.11. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა ეთანხმება ქვედა ინსტანციის სასამართლოების მსჯელობას, რომ მხოლოდ საბანკო ანგარიშებზე თანხის განთავსებით შეუძლებელია შემოსავლისათვის კანონიერი სახის მიცემა და მისი უკანონო ან/და დაუსაბუთებელი წარმოშობის დაფარვა, ამასთან, ფულის გამოყენება, თუნდაც მისი საბანკო დაწესებულებაში გახსნილ ანგარიშებზე განთავსების გზით სარგებლის მიღების მიზნით, ავტომატურად არ გულისხმობს მის ლეგალიზაციას (გათეთრებას) და რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ გამოკვეთილა საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენის ფაქტი. ბრალდების ფორმულირება ამ ნაწილში არის ბუნდოვანი და არ იძლევა ვ. მ–ს ქმედების აღნიშნული მუხლით კვალიფიკაციის შესაძლებლობას, რის გამოც სააპელაციო სასამართლომ სწორი სამართლებრივი კვალიფიკაცია მიანიჭა ვ. მ–ს ქმედებებს.

5.12. საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ვ. მ–ეის საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გამართლების შესახებ, ასევე მის მიმართ ბრალადწარდგენილ სხვა ეპიზოდებში გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას სასჯელის დაუნიშნავად.

5.13. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ მსჯავრდებული ვ. მ–ე 2023 წლის 11 სექტემბერს გარდაიცვალა, შესაბამისად სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „დ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (სამი ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 341-ე მუხლით (სამი ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (სამი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამი ეპიზოდი) წარდგენილი ბრალდებებით დამნაშავედ სცნო სასჯელის დაუნიშნავად.

5.14. მოცემულ შემთხვევაში კასატორისათვის სადავო ფაქტობრივი გარემოებაა თუ რატომ არ დაუნიშნა სააპელაციო სასამართლომ გამონაკლისის სახით დამატებით სასჯელად ქონების ჩამორთმევა გარდაცვლილ მსჯავრდებულს.

5.15. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 41-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ქონების ჩამორთმევა, შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ დამატებით სასჯელად, შესაბამისად, ქონების ჩამორთმევა, როგორც დამატებითი სასჯელი შესაძლოა გამოყენებული იქნეს მხოლოდ სასჯელთან ერთად. ამასთან, საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელ განაჩენს სასჯელის დაუნიშნავად სასამართლო ადგენს, თუ განაჩენის გამოტანის მომენტისათვის ბრალდებული გარდაცვლილია. ამდენად, საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-6 ნაწილის იმპერატიული დანაწესის თანახმად, სასამართლომ უნდა გამოიყენოს ამ ნორმით დადგენილი წესები, კერძოდ კი, გარდაცვლილი მსჯავრდებულის მიმართ მან უნდა გამოიტანოს გამამტყუნებელი განაჩენი სასჯელის დაუნიშნავად, რაც ნიშნავს იმას, რომ გარდაცვლილ პირს ვერც ძირითადი სასჯელი დაენიშნება და ვერც დამატებითი. ამ ნორმიდან არ არსებობს გამონაკლისი, შესაბამისად, სასამართლო მოკლებულია სამართლებრივ შესაძლებლობას გაიზიაროს ბრალდების მხარის პოზიცია საქართველოს სსკ-ის 52-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახით ქონების ჩამორთმევის გამოყენებისა და დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების – ვ. და თ. მ–ების დაყადაღებულ საბანკო ანგარიშებზე არსებული თანხების სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამორთმევის შესახებ.

5.16. საკასაციო სასამართლო ასევე არ იზიარებს პროკურორის ალტერნატიულ მოთხოვნას, საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვ. და თ. მ–ების დაყადაღებულ საბანკო ანგარიშებზე არსებული თანხების დაზარალებულისათვის დაბრუნების შესახებ, შემდეგ გარემოებათა გამო:

5.17. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლი ადგენს თუ როგორ უნდა გადაწყდეს სისხლის სამართლის პროცესის დამთავრებისას ნივთიერი მტკიცებულებების ბედი. კერძოდ, იმ ნივთების საკითხი, რომლებიც ამოღებული/მოპოვებული იქნა მხარეების მიერ და რომელიც სასამართლომ სცნო ნივთიერ მტკიცებულებებად. განსახილველ შემთხვევაში, ვ. და თ. მ–ების დაყადაღებულ საბანკო ანგარიშებზე არსებული თანხა ამოღებული არ ყოფილა გამოძიებისას, ამასთან არც ამ საბანკო ანგარიშების ან/და მათ შესახებ რაიმე დოკუმენტის ნივთიერ მტკიცებულებად დასაშვებად ცნობა მოუთხოვია ბრალდების მხარეს წინასასამართლო სხდომაზე. შესაბამისად, ნათელია, რომ აღნიშნული საბანკო ანგარიშები საქმეზე დართული არ არის, როგორც ნივთიერი მტკიცებულება, რომლის ბედიც წყდება საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის თანახმად. ამდენად, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მოკლებულია სამართლებრივ შესაძლებლობას საქმეში არსებულ რაიმე მტკიცებულებაზე იმსჯელოს ისე, როგორც ნივთიერ მტკიცებულებაზე. ამრიგად, პროკურორის პოზიცია საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე ვ. და თ. მ–ების დაყადაღებულ საბანკო ანგარიშებზე არსებული თანხების დაზარალებულისათვის დაბრუნების შესახებ უსაფუძვლოა.

5.18. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციის გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.

5.19. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ როდესაც საკასაციო სასამართლო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის გამო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

5.20. ამდენად, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი აჭარის ა/რ პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ თორნიკე გოგეშვილის საკასაციო საჩივარი.

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

შალვა თადუმაძე