საკასაციო საჩივარი

სამოქალაქო 27.05.2003
საქმის ნომერი
ას-25-728-03
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
27.05.2003

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

¹ას-25-728-03 27 მაისი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ნ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),მ. წიქვაძე,ლ. გოჩელაშვილი

დავის საგანი: სესხის დაბრუნება.

აღწერილობითი ნაწილი:

2002წ. 22 აპრილს რ. ა-ამ მ. ლ-ის წინააღმდეგ სარჩელით მიმართა ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოს.

მოსარჩელემ მოითხოვა სესხის სახით გაცემული თანხის – 600 აშშ დოლარისა და შესაბამისი პროცენტის დაბრუნება. ამავე სარჩელით მოსარჩელემ სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ასევე მოითხოვა მოპასუხის სახელზე რიცხულ ბინაზე ყადაღის დადება.

2002წ. 5 ივნისს მოსარჩელემ დაზუსტებული სარჩელით სესხის მთლიანი თანხისა და მისი პროცენტის დაბრუნებასთან ერთად სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით მოითხოვა მოპასუხისათვის მის სახელზე არსებული ბინის პრივატიზების დავალდებულება და ამ ბინაზე ყადაღის დადება.

რაიონული სასამართლოს 2002წ. 10 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე რაიონულ სასამართლოს არ უმსჯელია.

მოსარჩელემ დაუსაბუთებლად მიიჩნია რა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, სააპელაციო საჩივრით მოითხოვა როგორც სესხის და მისი პროცენტის დაბრუნება, ისე – სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით მოსარჩელისათვის მასზე რიცხული ბინის პრივატიზების დავალდებულება.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 27 სექტემბრის განჩინებით რ. ა-ას შუამდგომლობა, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების შესახებ, არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ მიუთითა, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით მოპასუხისათვის მის სახელზე რიცხული ბინის იძულებითი პრივატიზების დავალებას სსკ-ს 198-ე მუხლი არ ითვალისწინებდა.

2003წ. 11 თებერვალს რ. ა-ამ კერძო საჩივრით მიმართა სააპელაციო სასამართლოს. მან მოითხოვა სარჩელის უზუნველყოფის ღონისძიების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის განჩინების გაუქმება და მისი მოთხოვნის დაკმაყოფილება.

2003წ. 2 აპრილის განჩინებით კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და იგი საქმის მასალებთან ერთად გადაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს (ამავე დღეს მიღებული გადაწყვეტილებით გაუქმდა მოცემულ საქმეზე რაიონული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხეს დაეკისრა 295,6 აშშ დოლარის გადახდა, რაც არ გასაჩივრებულა).

სააპელაციო სასამართლომ თავის განჩინებაში მიუთითა, რომ სსკ-ს 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ სასამართლოს განჩინების გასაჩივრების ვადა შეადგენს ხუთ დღეს. ამ ვადის გაგრძელება არ შეიძლება და მისი დენა იწყება უზრუნველყოფის შესახებ განჩინების მოპასუხისათვის გადაცემის მომენტიდან. მოცემულ დავაში რ. ა-ა წარმოადგენს არა მოპასუხეს, არამედ – მოსარჩელეს. ამასთან, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით მოპასუხის იძულებას მის სახელზე რიცხული ბინის პრივატიზების შესახებ კანონი არ ითვალისწინებდა.

ამ განჩინების სარეზოლუციო ნაწილში სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ რ. ა-ას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და იგი საქმის მასალებთან ერთად გადაეგზავნოს საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებდა, რომ სსკ-ს 198-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის სახით შეუძლია გამოიყენოს სხვა ღონისძიებები, გარდა ამ მუხლით გათვალისწინებული ღონისძიებებისა, თუ ეს აუცილებელია სარჩელის უზრუნველყოფისათვის. მოპასუხისათვის მის სახელზე რიცხულ ბინის პრივატიზების დავალების განხორციელება სწორედ ასეთ ღონისძიებას წარმოადგენდა, რაც შემდგომში ამ ბინაზე ყადაღის დადებას შესაძლებელს გახდიდა, რითაც უზრუნველყოფილი იქნებოდა სარჩელი.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის ზეპირი განხილვის გარეშე კერძო საჩივრის ფარგლებში გაეცნო საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ს 198-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებად არ შეიძლება სასამართლომ გამოიყენოს მოპასუხის დავალდებულება მის სახელზე რიცხული ბინის პრივატიზების შესახებ, ვინაიდან ამ მუხლში ჩამოთვლილ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებებში მხარის დავალდებულება თავის სახელზე რიცხული ბინის პრივატიზების შესახებ მითითებული არ არის.

მართალია, სსკ-ს 198-ე მუხლის მესამე ნაწილში მითითებულია, რომ სასამართლოს შეუძლია გამოიყენოს სხვა ღონისძიებებიც, თუ ეს აუცილებელია სარჩელის უზრუნველყოფისათვის, მაგრამ ეს როდი ნიშნავს იმას, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებად შეიძლება გამოყენებულ იქნეს მოპასუხის დავალდებულება მის სახელზე რიცხული ბინის პრივატიზების შესახებ.

საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება.

სკ-ს 50-ე მუხლის შესაბამისად გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.

ამავე კოდექსის 85-ე მუხლის შესაბამისად გარიგების დადების მიზნით იმ პირის იძულება, რომელმაც დადო გარიგება, ანიჭებს ამ პირს გარიგების ბათილობის მოთხოვნის უფლებას მაშინაც, როცა იძულება მიმდინარეობს მესამე პირისაგან.

“საქართველოს რესპუბლიკაში ბინების პრივატიზების (უსასყიდლოდ გადაცემის) შესახებ” საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992წ. 1 თებერვლის ¹107 დადგენილების პრეამბულასა და პირველ პუნქტში მითითებულია შემდეგი: საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეთა ბინის კონსტიტუციური უფლების რეალიზაციის დაჩქარების, სახელმწიფო და საზოგადოებრივი საბინაო ფონდის მოქალაქეთათვის საკუთრებაში გადაცემის, საბინაო ფონდის მოვლა პატრონობისათვის მოქალაქეთა დაინტერესების გაზრდის მიზნით საქართველოს მინისტრთა კაბინეტმა დაადგინა, რომ საქართველოს რესპუბლიკაში ბინების პრივატიზება წარმოადგენს მოქალაქისათვის სახელმწიფო და საზოგადოებრივ საბინაო ფონდში მათ მიერ დაკავებული საცხოვრებელი სახლის (ბინის) ნებაყოფლობითი, შეღავათიანი პირობებით საკუთრებაში უსასყიდლო გადაცემას.

ამ ნორმის შესაბამისად ბინების პრივატიზება წარმოადგენს სახელმწიფოს მზადყოფნას მოქალაქის ნების არსებობისას მის სახელზე რიცხული ბინის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის შესახებ.

სკ-ს 524-ე მუხლის შესაბამისად ჩუქების ხელშეკრულებით მჩუქებელი უსასყიდლოდ გადასცემს დასაჩუქრებულს ქონებას საკუთრებად მისი თანხმობით.

ჩუქება ისეთი გარიგებაა, რომელიც ეფუძნება ურთიერთთანხმობას და არა მხოლოდ მჩუქებლის ნებას. დასაჩუქრებულის მიერ საჩუქრის მიღებამდე ჩუქება ძალაში შესულად არ ჩაითვლება, რადგან სამართლებრივი ურთიერთობა ორი ურთიერთგანპირობებული ნების საფუძველზე წარმოიშობა, ამიტომაც ჩუქება ხელშეკრულების ერთერთი ნაირსახეობაა.

ამ სახის ხელშეკრულების დადების იძულება თავისთავად იძულებით დადებული გარიგება იქნება, თუნდაც იგი მესამე პირისგან მომდინარეობდეს. მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიერ მოპასუხის დავალდებულება მისი ბინის პრივატიზების განხორციელების თაობაზე ანტიკონსტიტუციური, კანონსაწინააღმდეგო იქნებოდა და ხელყოფდა მხარის უფლებას ნაჩუქარი ნივთის მიღებაზე თანხმობის არსებობის აუცილებლობის თაობაზე.

აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ 2002წ. 27 სექტემბრის განჩინებით სწორად არ დააკმაყოფილა მოსარჩელის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით მოპასუხის სახელზე რიცხული ბინის პრივატიზების დავალდებულების თაობაზე.

ამავე საკითხთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ თავის 2003წ. 2 აპრილს განჩინებაშიც სწორად მიუთითა, რომ სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით მოპასუხის იძულებას მის სახელზე რიცხული ბინის პრივატიზების შესახებ სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს, მაგრამ როგორც პირველ, ისე მეორე შემთხვევაში არ დაასაბუთა, თუ რატომ არ შეიძლებოდა სარჩელის უზრუნველყოფის სახით ამ ღონისძიების გამოყენება.

ზემოთაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ რ. ა-ას კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია და ამიტომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

საკასაციო სასამართლო, ამასთან ერთად, ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებებს, რომ სააპელაციო სასამართლოს 2003წ. 2 აპრილის განჩინების სამოტივაციო და სარეზოლუციო ნაწილში (თუმცა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 285-ე მუხლის “ვ” პუნქტის შესაბამისად განჩინებას აქვს დადგენილებითი ნაწილი და არა სარეზოლუციო ნაწილი) მითითებულია ზოგიერთი უზუსტობანი, რომელიც, თუმცა არ შეიძლება ამ განჩინების გაუქმების საფუძველი გახდეს, მაგრამ მაინც უნდა აღინიშნოს.

განჩინების სამოტივაციო ნაწილში მითითებულია, რომ სსკ-ს 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ სასამართლოს განჩინების გასაჩივრების ვადა შეადგენს 5 დღეს. ამ ვადის გაგრძელება არ შეიძლება და მისი დენა იწყება მოპასუხისათვის უზრუნველყოფის შესახებ განჩინების გადაცემის მომენტიდან. მოცემულ დავაში კი რ. ა-ა წარმოადგენს არა მოპასუხეს, არამედ მოსარჩელეს. მართალია, კანონის ამ ნორმის მოყვანის შემდეგ სასამართლო არ აკეთებს დასკვნას, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე უარის თქმის განჩინებაზე მოსარჩელეს არა აქვს უფლება შეიტანოს კერძო საჩივარი, მაგრამ სსკ-ს 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის ციტირებით სააპელაციო სასამართლო სწორედ ამ გარემოებას გულისხმობს.

მოცემულ საკითხთან დაკავშირებით სკასაციო სასამართლო განმარტავს შემდეგს:

მართალია, სსკ-ს 194-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი წინადადებით სარჩელის უზრუნველსაყოფად გამოტანილ განჩინებაზე მოპასუხეს შეუძლია შეიტანოს კერძო საჩივარი; ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ სასამართლო განჩინების შესახებ სასამართლო განჩინების გასაჩივრების ვადა შეადგენს 5 დღეს, ამ ვადის გაგრძელება არ შეიძლება და მისი დენა იწყება უზრუნველყოფის შესახებ განჩინების მოპასუხისათვის გადაცემის მომენტიდან, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება არ შეიძლება გაასაჩივროს მოსარჩელემ.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ სახის განჩინების გასაჩივრების უფლება აქვს მოსარჩელესაც.

სსკ-ს მე-4 მუხლის პირველი ნაწილის მეორე წინადადების შესაბამისად მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები და მტკიცებულებები.

მხარეთა ანალოგიური უფლებები განმტკიცებულია იმავე კოდექსის 83-ე მუხლის პირველი ნაწილითაც. სხვა საკითხებთან ერთად მხარეები სარგებლობენ სასამართლოს განჩინებათა გასაჩივრების უფლებით.

განჩინების გასაჩივრების უფლება მხარის კონსტიტუციური უფლებაა (საქართველოს კონსტიტუციის 85-ე მუხლის მე-3 ნაწილი). მოსარჩელისათვის ამ უფლების შეზღუდვას მას მოპასუხესთან არათანაბარ მდგომარეობაში ჩააყენებს მას მოპასუხესთან. მითუმეტეს ეს მაშინ, როცა სსკ-ს 197-ე მუხლის შესაბამისად, სარჩელის უზრუნველყოფის გაუქმების ან სარჩელის უზრუნველყოფის ერთი სახის მეორით შეცვლის შესახებ გამოტანილ განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა.

მოცემულ შემთხვევაში კანონმდებელი ასეთი სახის განჩინების გასაჩივრების უფლებას ორივე მხარე აძლევს. უფრო მეტიც, იგი ამ სახის განჩინების გასაჩივრების უფლებას საქმეში მონაწილე სხვა პირებსაც აძლევს (კანონში საჩივრის შემტანთა წრე ჩამოთვლილი არ არის და სსკ-ს 414-ე მუხლის მეორე ნაწილით საჩივრის შეტანა შეუძლია სხვა პირებსაც, რომლებსაც უშუალოდ ეხებათ ეს განჩინება). აქედან გამომდინარე, თუ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გაუქმდა მოპასუხის ან სხვა პირის მოთხოვნით და ამ სახის განჩინებაზე კერძო საჩივრის შეტანის უფლება აქვს მოსარჩელეს, ცხადია, მოსარჩელეს გააჩნია უფლება, კერძო საჩივარი შეიტნოს იმ განჩინებაზე, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მისი მოთხოვნა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სსკ-ს 194-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილები კერძო საჩივრის შეტანის თაობაზე მოპასუხის უფლების შესახებ მიუთითებს ამ სახის განჩინებაზე მოპასუხის შესაძლებლობებს და განჩინების გასაჩივრების ვადის გამოთვლის პრინციპს და არანაირად არ ზღუდავს მოსარჩელეს კანონით დადგენილ ვადაში ამ სახის განჩინების გასაჩივრების შესაძლებლობაში.

საკასაციო სასამართლო ასევე აღნიშნავს იმ გარემოებას, რომ არასწორია სააპელაციო სასამართლოს 2003წ. 2 აპრილის განჩინების დადგენილებით ნაწილში მითითება კერძო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შეასახებ.

სსკ-ს 417-ე მუხლის შესაბამისად, თუ სასამართლო კერძო საჩივარს დასაშვებად და დასაბუთებულად მიიჩნევს, მაშინ ის აკმაყოფილებს კერძო საჩივარს. წინააღმდეგ შემთხვევაში კერძო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად ზემდგომ სასამართლოს უნდა გადაეგზავნოს 5 დღის განმავლობაში.

ამ ნორმის შესაბამისად, თუ კერძო საჩივარი დაუშვებელია, გასაჩივრებული განჩინება საჩივრის დაუშვებლობის მოტივით არ გაუქმდება და საჩივრის განუხილველად დატოვების საკითხის გადასაწყვეტად იგზავნება ზემდგომ სასამართლოში, ხოლო თუ კი კერძო საჩივარი დასაშვებია, მაგრამ დაუსაბუთებელი, მაშინ ქვემდგომი სასამართლოს საჩივრის დაუსაბუთებლობის

გამო არ აუქმებს თავის განჩინებას და საჩივარს საქმის მასალებთან ერთად აგზავნის ზემდგომ სასამართლოში. ქვემდგომ სასამართლოს არა აქვს უფლება შეტანილ კერძო საჩივართან დაკავშირებით მიიღოს კერძო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის განჩინება. ასეთი სახის განჩინების მიღების უფლება მხოლოდ ზემდგომ სასამართლოს პრეროგატივას წარმოადგენს.

დადგენილებითი ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ს 419-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

რ. ა-ას კერძო საჩივარი როგორც აშკარად უსაფუძვლო არ დაკმაყოფილდეს.

უცვლელად დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 27 სექტემბრის განჩინება.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.