საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 140100123007457164
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №1295აპ-24 ქ. თბილისი
მ. რ. 1295აპ-24 23 მაისი, 2025 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),ნინო სანდოძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 18 ოქტომბრის განაჩენზე შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორის – ოთარ ხორგუაშვილის, ასევე – მსჯავრდებულ რ. მ–ის ინტერესების დამცვლი ადვოკატების – გ. ნ–ისა და გ. ტ–ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებებით რ. მ–ის (პირადი ნომერი –N……..) და ვ. ღ–ის (პირადი ნომერი – N……….) მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
1.1. დ. ს–ი დაახლოებით 5 წელია ქ. გ–ში, ფ–ს ქუჩაზე მდებარე ოჯახის საერთო საკუთრებაში არსებულ ავტოსახელოსნოში მუშაობს ავტომანქანების მღებავად. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 22 აპრილის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტითა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 28 ოქტომბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა”, ,,ბ” და მე-3 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტებით ნასამართლევი ვ. ღ–ი, რ. მ–ი და ი. კ–ე 2023 წლის 27 თებერვალს მივიდნენ დ. ს–თან ავტოსახელოსნოში და დ. ს–ს მოსთხოვეს ყოველთვიურად მიეცა მათთვის 500 ლარი, ასევე – უფასოდ გაეწია მომსახურება მათ მიერ მიყვანილ ავტომანქანებზე. რ. მ–ი, ვ. ღ–ი და ი. კ–ე დაემუქრნენ, რომ თუ დ. ს–ი აღნიშნულზე იტყოდა უარს, დაუხოცავდნენ ოჯახის წევრებს და არ მისცემდნენ საშუალებას, კვლავ გაეგრძელებინა ავტოსახელოსნოში მუშაობა. აღნიშნულის შედეგად, დ. ს–ს გაუჩნდა რ. მ–ისა და მისი თანმხლები პირების მხრიდან მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
1.1.1. აღნიშნული ქმედებით რ. მ–მა ჩაიდინა – გამოძალვა, ე.ი. ქონებრივი სარგებლობის მოთხოვნა, რასაც ერთვის დაზარალებულის და მისი ახლო ნათესავის მიმართ ძალადობის გამოყენების მუქარა, ჩადენილი ჯგუფურად, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, ხოლო ვ. ღ–მა – გამოძალვა, ე.ი. ქონებრივი სარგებლობის მოთხოვნა, რასაც ერთვის დაზარალებულის და მისი ახლო ნათესავის მიმართ ძალადობის გამოყენების მუქარა, ჩადენილი ჯგუფურად, არაერთგზის, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით;
1.2. დ. ს–ი დაახლოებით ხუთი წელია ქ. გ–ში, ფ–ს ქუჩაზე მდებარე ოჯახის საერთო საკუთრებაში არსებულ ავტოსახელოსნოში მუშაობს ავტომანქანების მღებავად. 2022 წლის შემოდგომაზე რ. მ–მა დ. ს–ს შეუკვეთა ავტომანქანა ,,BMW E-60-ის“ შეღებვა და მოტყუებით შეჰპირდა, რომ გადაუხდიდა სამუშაოს საფასურს – 600 ლარს. ავტომანქანაზე სამღებრო სამუშაოების შესრულების შემდეგ, რ. მ–მა წინასწარი განზრახვის შესაბამისად, დ. ს–ს არ გადაუხადა აღნიშნული თანხა და მიაყენა მნიშვნელოვანი ზიანი.
1.2.1. აღნიშნული ქმედებით რ. მ–მა ჩაიდინა – ქონებრივი დაზიანება მოტყუებით, ე.ი. ქონების მესაკუთრის ქონებრივი დაზიანება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით.
2. გორის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 27 ნოემბრის განაჩენით:
2.1. რ. მ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 2 წლით;
2.1.1. რ. მ–ის მიმართ წარდგენილი ბრალდება, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, გადაკვალიფიცირდა და იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 3 წლით;
2.1.2. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, რ. მ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 3 წლით;
2.1.3. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 14 ივნისის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ მიემატოს წინა – გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 14 ივნისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან – თავისუფლების აღკვეთა 1 წლით და ჯარიმა 3 000 ლარი და საბოლოოდ, რ. მ–ს განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 4 წლით და ჯარიმა 3 000 ლარი.
2.1.4. რ. მ–ს სასჯელის ვადა აეთვალა დაკავებიდან – 2023 წლის 2 მარტიდან;
2.2. ვ. ღ–ი საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა;
2.2.1. ვ. ღ–ი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
3. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა, კერძოდ:
3.1. შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა – ოთარ ხორგუაშვილმა მოითხოვა რ. მ–ის და ვ. ღ–ის დამნაშავედ ცნობა მათთვის ბრალად წარდგენილი კვალიფიკაციით და მათ მიმართ სამართლიანი სასჯელის განსაზღვრა;
3.2. რ. მ–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა გ. ნ–მა და გ. ტ–მა მოითხოვეს რ. მ–ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
3.2.1. პროკურორის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი წარმოადგინეს რ. მ–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა გ. ნ–მა და გ. ტ–მა და მოითხოვეს, არ დაკმაყოფილდეს პროკურორის სააპელაციო საჩივარი.
3.3. პროკურორის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი წარმოადგინა ვ. ღ–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ნ. შ–მა და მოითხოვა ვ. ღ–ის მიმართ გორის რაიონული სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვება.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 18 ოქტომბრის განაჩენით ბრალდების მხარის და მსჯავრდებულ რ. მ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატების სააპელაციო საჩივრების მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა; გორის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 27 ნოემბრის განაჩენში შევიდა ცვლილება:
4.1. ვ. ღ–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდა;
4.1.1. საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლის თანახმად, ვ. ღ–ს განემარტა ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.
4.2. რ. მ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ:
4.2.1. საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 2 წლით;
4.2.1.1. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, რ. მ–ს დანიშნული სასჯელი შეუმცირდა 1/6-ით და სასჯელის ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 8 თვით;
4.2.2. რ. მ–ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის პირველ ნაწილზე;
4.2.2.1. რ. მ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 3 წლით;
4.2.2.2. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, რ. მ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 3 წლით;
4.2.2.3. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდა გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 14 ივნისის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა 3 000 ლარი. საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, რ. მ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 4 წლით და ჯარიმა 3 000 ლარი;
4.2.2.4. მსჯავრდებულ რ. მ–ს სასჯელის ვადა აეთვალა დაკავების დღიდან – 2023 წლის 2 მარტიდან.
5. აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა, კერძოდ:
5.1. შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორი – ოთარ ხორგუაშვილი ითხოვს რ. მ–ის და ვ. ღ–ის დამნაშავედ ცნობას მათთვის ბრალად წარდგენილი კვალიფიკაციით და სამართლიანი სასჯელის განსაზღვრას;
5.2. მსჯავრდებულ რ. მ–ის ინტერესების დამცვლი ადვოკატები – გ. ნ–ი და გ. ტ–ი – ითხოვენ რ. მ–ის უდანაშაულოდ ცნობას;
5.3. ბრალდების მხარის საკასაციო საჩივარზე შესაგებელი წარმოადგინეს მსჯავრდებულ რ. მ–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა გ. ნ–მა და გ. ტ–მა, ასევე გამართლებულ ვ. ღ–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ნ. შ–მა და მოითხოვეს, არ დაკმაყოფილდეს ბრალდების მხარის საკასაციო საჩივარი.
5.4. მსჯავრდებულ რ. მ–ის ინტერესების დამცვლი ადვოკატების – გ. ნ–ისა და გ. ტ–ის – საკასაციო საჩივარზე შესაგებელი წარმოადგინა პროკურორმა ოთარ ხორგუაშვილმა და მოითხოვა დაცვის მხარის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა.
6. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და mutatis mutandis – საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში –საქართველოს სსსკ-ის) 192-ე მუხლის 11-ელ ნაწილის; ასევე – ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001); იმ გარემოებას, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, § 31, ECtHR,11/11/2011) და ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ., Gorou v. Greece (No.2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).
7. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში.
8. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორი ბრალდების მხარის მტკიცებას გამართლებული ვ. ღ–ის საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით დამნაშავედ ცნობის თაობაზე და ითვალისწინებს, რომ ბრალდების მხარე ვ. ღ–ის მსჯავრდებას ცდილობს დაზარალებულის – დ. ს–ის – ჩვენებით (მისი და რ. მ–ის საუბრის (რომელიც შეეხებოდა მსჯავრდებულის მიერ ყოველთვიურად თანხის მოთხოვნას) დასრულების დროს, მათ მიუახლოვდნენ ვ. ღ–ი და ი. კ–ე ისე, რომ ვერ გაიგო მათი მიახლოება – უკნიდან მივიდა ორივე. ი. კ–ეს და ვ. ღ–ს საუბარში მონაწილეობა არ მიუღიათ, თუმცა რ. მ–მა მათი თანდასწრებით ჰკითხა, თუ იყო გასაგები, რომ 500 ლარი უნდა მიეტანა, ან არადა მუქარას შეასრულებდა. შიშის გამო, დ. ს–ი მოთხოვნას დაეთანხმა). სასამართლო ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას, რომ დაზარალებულის ჩვენებით ვერ დასტურდება ის გარემოება, რომ ვ. ღ–ი ინფორმირებული იყო რ. მ–ის მიერ დ. ს–ისათვის თანხის გამოძალვის შესახებ და ი. კ–ესთან ერთად მიუახლოვდა მსჯავრდებულსა და დაზარალებულს, როგორც დანაშაულის ერთ-ერთი თანაამსრულებელი. აღნიშნული არ დასტურდება არც სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი ვიდეოჩანაწერებით, რომელთა თანახმადაც, ვ. ღ–ი და ი. კ–ე საუბრის დასასრულს უახლოვდებიან რ. მ–სა და დ. ს–ს და დაზარალებულთან ფაქტობრივად არანაირ კომუნიკაციას არ ამყარებენ (რაც, თავის მხრივ, დასტურდება დაზარალებულის ჩვენებით: ი. კ–ეს და ვ. ღ–ს საუბარში მონაწილეობა არ მიუღიათ). ამ პირობებში მოწმეთა ირიბი ჩვენებები, რომ დ. ს–ს ფული მოსთხოვეს „ბიჭებმა“, დანაშაულის ჯგუფურად ჩადენის ნაწილში საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის იმპერატიული დანაწესის, საქართველოს სსსკ-ის 269-ე, 82-ე მუხლებისა და მე-3 მუხლის მე-13 ნაწილით დადგენილი მოთხოვნებიდან გამომდინარე ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ით გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისათვის განსაზღვრულ მტკიცებით სტანდარტს და გონივრულ ეჭვს მიღმა არ ადასტურებს რ. მ–ისა და ვ. ღ–ის მიერ დ. ს–ისათვის ფულადი თანხის ჯგუფურად გამოძალვას.
8.1. უტყუარობის კონსტიტუციური პრინციპი მოითხოვს არა მხოლოდ იმას, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უტყუარ (სანდო, გაუყალბებელ) მტკიცებულებებს ეფუძნებოდეს, არამედ იმასაც, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ეჭვგარეშე დასტურდებოდეს პირის ბრალეულობა დანაშაულის ჩადენაში (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება N 2/2/1276 საქმეზე „გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-77). ამასთან, მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით უნდა დასტურდებოდეს დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა ქმედებაში (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-41-43).
8.2. ბრალდების მხარემ გორის რაიონული სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა იმავე არგუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც საკასაციო საჩივარშია ჩამოყალიბებული. თბილისის სააპელაციო განაჩენში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც განაპირობა ვ. ღ–ის საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში გამართლება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.
8.3. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს პროკურორის საკასაციო საჩივარს და ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას ვ. ღ–ის საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით გამართლების, ხოლო რ. მ–ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდების საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის პირველ ნაწილზე გადაკვალიფიცირების თაობაზე.
9. რაც შეეხება მსჯავრდებულ რ. მ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატების – გ. ნ–ისა და გ. ტ–ის – მოთხოვნას რ. მ–ის უდანაშაულოდ ცნობის თაობაზე, საკასაციო სასამართლო ეთანხმება თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას რ. მ–ის საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის პირველი ნაწილით მსჯავრდების ნაწილში და ითვალისწინებს სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს (დაზარალებულის დ. ს–ის, მოწმეების, მათ შორის – შ. მ–ს, გ. ს–ს, ნ. ს–ს ჩვენებებს, ვიდეოჩანაწერსა და სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებებს), რომლებითაც გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება რ. მ–ის მიერ მსჯავრადშერაცხილი დანაშაულების ჩადენა.
10. ბრალდების მხარე პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, რ. მ–ს ედავება გამოძალვას (რ. მ–მა დ. ს–ს ყოველთვიურად 500 ლარის მიცემა, ასევე ავტოსახელოსნოში უფასო მომსახურების გაწევა მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში, დაემუქრა ოჯახის წევრების დახოცვით, ასევე – ავტოსახელოსნოში მუშაობის საშუალების არმიცემით) და ქონებრივი დაზიანება მოტყუებით (2022 წლის შემოდგომაზე, რ. მ–მა დ. ს–ს შეუკვეთა ავტომანქანა ,,BMW E-60-ის“ შეღებვა და მოტყუებით შეჰპირდა, რომ გადაუხდიდა სამუშაოს საფასურს – 600 ლარს. ავტომანქანაზე სამღებრო სამუშაოების შესრულების შემდეგ. რ. მ–მა წინასწარი განზრახვის შესაბამისად, დ. ს–ს არ გადაუხადა აღნიშნული თანხა და მიაყენა მნიშვნელოვანი ზიანი).
11. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მტკიცებას, რომ რ. მ–ის მსჯავრდება ემყარება ერთადერთ მტკიცებულებას – დაზარალებულის ჩვენებას და ითვალისწინებს, რომ:
11.1. რ. მ–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, გარდა დაზარალებულის ჩვენებისა, დასტურდება ასევე მოწმე გ. ს–ს ჩვენებით, რომელმაც დაადასტურა, რომ რ. მ–ი 2-3-ჯერ დაინახა სახელოსნოში, მათ შორის, ერთხელ მის შვილს – დ. ს–ს – მსუბუქი ავტომანქანა მიუყვანა შესაღებად (14:24:19). ავტომანქანის შეღებვასთან დაკავშირებით, დ. ს–ისა და რ. მ–ის საუბარში არ ჩარეულა, თუმცა, როგორც შვილისგან იცის, აღნიშნული მომსახურებისთვის მსჯავრდებულს მოსთხოვა 800 ლარი, საბოლოოდ კი 600 ლარად მორიგდნენ. მსჯავრდებულს თანხა ამ დრომდე არ გადაუხდია, მიუხედავად იმისა, რომ დ. ს–მა შეთანხმების შესაბამისად, შეუღება ავტომანქანა (14:25:13). მომსახურების გაწევის შემდეგ პირადად შეესწრო დაზარალებულსა და მსჯავრდებულს შორის არასასიამოვნო საუბარს, კერძოდ, რ. მ–ი ,,ცუდად“ ესაუბრებოდა მის შვილს, ეუბნებოდა: ,,– შენ რა ფულს ითხოვ, შენ კიდევ ვერ მიხვდი, მე ვინ ვარ?!“ (14:25:53). შვილს უსაყვედურა, რომ ურთიერთობდა ისეთ ხალხთან, ვინც ფულს ჰპირდებოდა და შემდეგ არ უხდიდა (14:27:36).
11.2. რაც შეეხება გამოძალვის (საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის პირველი ნაწილი) ეპიზოდს, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი ვიდეოჩანაწერი სრულად შეესაბამება დაზარალებულ დ. ს–ის ჩვენებას. დ. ს–ის ჩვენების (2023 წლის 27 თებერვალს ავტოსახელოსნოში მასთან მივიდა რ. მ–ი და სასაუბროდ გარეთ გაყოლა სთხოვა. თავდაპირველად საუბარი ზოგადი მოკითხვით და ვ. ღ–ის ავტომობილის დროულ შეკეთებასთან დაკავშირებით დაიწყო, თუმცა შემდეგ რ. მ–მა ასევე ჰკითხა, ბოლო პერიოდში, წინა შემთხვევის მსგავსად (ადრე ავტოსახელოსნოში მოხდა ქურდობა), რამე ხომ არ დაკარგულა ან ვინმეს ხომ არ გაუქურდავს სახელოსნო. საუბრის დროს მათი მიმართულებით დაიძრა ამავე სახელოსნოს ერთ-ერთი კლიენტი – მ. მ–ი, რის გამოც, რ. მ–მა ადგილის შეცვლა და სახელოსნოს მოპირდაპირე მხარეს მდებარე ტროტუარზე გადასვლა სთხოვა. დაზარალებულმა განმარტა, რომ ადგილზე შეცვლის მიზეზი ავტოსახელოსნოში არსებული ხმაური არ იყო, ხმაური რომ ყოფილიყო, თავიდანვე არ დადგებოდნენ იქ (ხმაურიან ადგილას) სასაუბროდ) გათვალისწინებით ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მტკიცებას, რომ მსჯავრდებულისა და დაზარალებულის საუბრისას (მსჯავრდებულის მხრიდან თანხის მოთხოვნასთან დაკავშირებულ საუბრისას) მესამე პირის გამოჩენა არ იყო ეზოდან გასვლის მიზეზი, ვინაიდან (დაცვის მხარის მტკიცებითვე) ვიდეოჩანაწერით დგინდება, რომ რ. მ–ი ვერ ხედავს და ვერც დაინახავდა მ. მ–ს. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, ვიდეოჩანაწერით დასტურდება, რომ კადრში ჩნდებიან მსჯავრდებული და დაზარალებული, რომლებიც ჩერდებიან ერთმანეთის პირისპირ და საუბრობენ (15:17:50 საათზე, ვიდეოჩანაწერზე დაფიქსირებული დრო); საუბრისას მსჯავრდებული იყურება მისგან ხელმარცხნივ, საითაც დაზარალებულის ზურგსუკან კადრში ჩნდება 2 პირი, რომელთაგან ერთ-ერთი მოძრაობს მოსაუბრეების მიმართულებით (15:18:00); აღნიშნულის პარალელურად, მსჯავრდებული იწყებს მოძრაობას იმ მხარეს, საიდანაც აღნიშნულ ტერიტორიაზე შევიდნენ, მას მიჰყვება დაზარალებული, ხოლო მათ უკან მიდის ზემოდასახელებული პირი (15:18:04). შესაბამისად, სადავო ვიდეოჩანაწერით უტყუარად დასტურდება, რომ საუბრისას დაზარალებულის ზურგსუკან მოძრავი პირი, არამხოლოდ ექცეოდა მსჯავრდებულის მხედველობის არეალში, არამედ მან აღნიშნული მიმართულებით გაიხედა კიდეც, რის შემდეგაც დაუყონებლივ დაიწყო მოძრაობა ეზოდან გასასვლელად. შესაბამისად, არ არსებობს დაზარალებულის ჩვენების (რომ საუბრის დროს მათი მიმართულებით დაიძრა ამავე სახელოსნოს ერთ-ერთი კლიენტი, რის გამოც, რ. მ–მა ადგილის შეცვლა და სახელოსნოს მოპირდაპირე მხარეს მდებარე ტროტუარზე გადასვლა სთხოვა) არ გაზიარების საფუძველი.
12. ირიბი ჩვენებების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის „შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015, II-52). საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ ,,სასამართლომ ინდივიდუალურად უნდა შეაფასოს ყველა მტკიცებულება და ერთმანეთისგან გამიჯნოს რომელი ჩვენება, ან ჩვენების ნაწილი წარმოადგენს ირიბს“ (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 14 ივლისის განაჩენი N97აპ-20). შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს მოწმეების ჩვენებებს მხოლოდ იმ ნაწილში, რაც არ წარმოადგენს ირიბ ჩვენებებს. მოწმეებმა – შ. მ–მა, გ. ს–მა, ნ. ს–მა, ნ. ხ–მ, ნ. ნ–მა დაადასტურეს მსჯავრდებულთან კომუნიკაციის შემდეგ დაზარალებულის ემოციური მდგომარეობა.
13. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, კი გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მოცემულ შემთხვევაში, სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებს შორის არ არის არსებითი წინააღმდეგობა, ცალ-ცალკეც და ერთობლიობაშიც ერთგვაროვნად აღწერენ განვითარებულ მოვლენებს (მოვლენათა ნაწილს).
13.1. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ რ. მ–მა ჩაიდინა, როგორც საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, ისე – საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულები.
14. რაც შეეხება დაცვის მხარის მტკიცებას რ. მ–ის დაკავების უკანონობასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ:
14.1. გამოძიების დაწყების აღრიცხვის 2023 წლის 28 თებერვლის ბარათის თანახმად, გამოძიება დაიწყო საქართველოს სსკ-ის 108-ე და 19,109-ე მუხლის ,,ქ” ქვეპუნქტით, ხოლო სისხლის სამართლის საქმის გამოყოფის შესახებ 2023 წლის 1 მარტის დადგენილების თანახმად, აღნიშნული სისხლის სამართლის საქმიდან ცალკე წარმოებად გამოიყო სისხლის სამართლის საქმე რ. მ–ის მიერ ჩადენილი გამოძალვის ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული – საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის პირველი ნაწილით;
14.2. დეტექტივ ზ. დ–ს 2023 წლის 2 მარტის პატაკის თანახმად, ოპერატიული ინფორმაციის თანახმად, რ. მ–ი, როგორც პირადად, ისე – საცხოვრებელ სახლსა და ავტომანქანაში ინახავს ცეცხლსასროლ იარაღსა და საბრძოლო მასალას, რომლითაც გადაადგილდება გ–ს მიმართულებით და აპირებს მათ გადამალვას (ტ. N1; ს.ფ. 217);
14.3. გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში პირადი ჩხრეკის წარმოების შესახებ 2023 წლის 2 მარტის დადგენილების თანახმად, უნდა ჩატარდეს რ. მ–ის პირადი ჩხრეკა, საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის აღმოსაჩენად/ამოსაღებად (ტ. N1; ს.ფ. 222).
14.4. ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის 2023 წლის 2 მარტის ოქმის თანახმად, ჩხრეკის შედეგად, რ. მ–ისგან კანონსაწინააღმდეგო ნივთი ან ნივთიერება ნანახი და ამოღებული არ იქნა. რ. მ–ი დააკავეს, ვინაიდან – ,,იგი, შესაძლოა, მიიმალოს” (ტ. N1; 223-230).
14.5. ბრალდებულის სასამართლოში პირველი წარდგენისა და აღკვეთის ღონისძიების გამოყენების თაობაზე 2023 წლის 5 მარტის განჩინებით შემოწმდა დაკავების მართლზომიერება და საპროცესო ნორმათა დაცულობა. სასამართლომ მიიჩნია, რომ დაცული იყო საქართველოს სსსკ-ის 171-ე მუხლის მოთხოვნები.
14.6. ამდენად, გარდა იმისა, რომ ბრალდებულის სასამართლოში პირველი წარდგენისა და აღკვეთის ღონისძიების გამოყენების თაობაზე სასამართლო სხდომაზე, შემოწმდა რ. მ–ის დაკავების კანონიერება, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ დაკავებისას სისხლის სამართლის საპროცესო კანონის არსებითად დარღვევა, ასეთის არსებობის შემთხვევაშიც, იწვევს დაკავებულის (დაკავებიდან) გათავისუფლებას და მოცემულ შემთხვევაში, არ წარმოადგენს მისთვის ბრალადწარდგენილ/მსჯავრადშერაცხილ დანაშაულში გამართლების უპირობო საფუძველს.
15. მსჯავრდებულის მიმართ შეფარდებულ სასჯელთან დაკავშირებით, სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „აუცილებელია, სასჯელი ადეკვატურად შეესატყვისებოდეს საზოგადოებრივი საშიშროების შემცველი ქმედების სიმძიმეს. იმ პირობებში, როდესაც სასჯელის სიმკაცრე აშკარად აჭარბებს ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხს, ეჭვქვეშ დგება დაწესებული სასჯელისა და მისი ლეგიტიმური მიზნების პროპორციული დამოკიდებულება. აშკარად მკაცრი და არაგონივრული სასჯელი ზედმეტად შორდება სასჯელის ლეგიტიმურ მიზნებს, ხდება თვითმიზანი და ადამიანის ობიექტივიზაციის საფუძველი“(საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 2 აგვისტოს №1/6/770 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-13).
15.1. სააპელაციო სასამართლომ ჩადენილი დანაშაულებისათვის მსჯავრდებულს განუსაზღვრა შესაბამისი მუხლით განსაზღვრული ალტერნატიული სასჯელებიდან ერთ-ერთი – თავისუფლების აღკვეთა; რეციდივის (გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 14 ივნისის განაჩენის თანახმად, რ. მ–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 3531-ე მუხლის პირველი ნაწილით(ტ. N1; ს.ფ.262-271)) გათვალისწინებით სასჯელი განუსაზღვრა იმ ხანგრძლივობით, რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებს, სასჯელის მიზნებს (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია) და შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებშია. იმავდროულად, სისხლის სამართლის საქმეში არ არის წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა სასჯელის უსამართლობას, პრევენციის ან რესოციალიზაციის მიზნებთან შეუსაბამობას, რის საფუძველზეც, შესაძლებელი იქნებოდა მსჯავრდებულისათვის სასჯელის დამძიმება/შემსუბუქება.
15.2. ბრალდების მხარის მიერ არ წარმოდგენილა რაიმე მტკიცებულება, რომელიც მიუთითებდა სასჯელის გამკაცრების საჭიროებაზე.
15.3. საკასაციო სასამართლო ასევე ეთანხმება გასაჩივრებულ განაჩენს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის გავრცელების ნაწილში.
16. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო დაუშვებლად ცნობს საქმეს სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის გამო, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები (იხ. Jaczkó v. Hungary, no. 40109/03, par. 29, ECtHR 18/07/2006; Kuparadze v. Georgia, no. 30743/09, par. 76, ECtHR, 21/09/2017).
17. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
18. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 18 ოქტომბრის განაჩენზე შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორის – ოთარ ხორგუაშვილის, ასევე – მსჯავრდებულ რ. მ–ის ინტერესების დამცვლი ადვოკატების – გ. ნ–ისა და გ. ტ–ის საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: ნ. სანდოძე
მ. გაბინაშვილი