საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 18.06.2025
საქმის ნომერი
2კ-207აპ.-25
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
18.06.2025

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №207აპ-25 თბილისი

ვ-ი მ., 207აპ-25 18 ივნისი, 2025 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),ლევან თევზაძე, ნინო სანდოძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 21 იანვრის განაჩენზე მსჯავრდებულ მ. ვ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ. დ-ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 7 თებერვლის განაჩენით მ. ვ-ი, -- ნასამართლევი, ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით – 11 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 10 ოქტომბრის განაჩენით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 10 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული ძირითადი სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა – და მ. ვ-ს, საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 11 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც აეთვალა დაკავების დღიდან – 2023 წლის 12 სექტემბრიდან.

„ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მ. ვ-ს 5 წლით ჩამოერთვას: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, 15 (თხუთმეტი) წლით ჩამოერთვას საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 20 (ოცი) წლით – საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.

2. განაჩენით დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ მ. ვ-მა ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და გასაღება. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგით:

· 2023 წლის 26 ივლისს, დღის საათებში, თ-ში, სოფელ ფ-ში, --ის პირველი ჩიხის მიმდებარე ტერიტორიაზე, მ. ვ-მა ფულადი თანხის სანაცვლოდ გ. ჯ-აზე უკანონოდ გაასაღა მის მიერ მანამდე უკანონოდ შეძენილი და შენახული ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, წონით – 0.088 გრამი, რაც ამოღებულ იქნა გ. ჯ-ასგან.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 7 თებერვლის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 21 იანვრის განაჩენით შეიცვალა: მ. ვ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდისაგან გათავისუფლდა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 27 სექტემბრის 4435-XVIმს-Xმპ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე; საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით – 11 წლით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლების თანახმად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 10 ოქტომბრის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-3 ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტებით, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (ორი ეპიზოდი) და 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით დანიშნული პირობითი მსჯავრი, რაც, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 27 სექტემბრის 4435-XVIმს-Xმპ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, შეუმცირდა 1/6-ით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა – 11 წლით თავისუფლების აღკვეთამ – შთანთქა 2022 წლის 10 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული და „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონით შემცირებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა – და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, მ. ვ-ს მოსახდელად განესაზღვროს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც აეთვალა დაკავების დღიდან – 2023 წლის 12 სექტემბრიდან.

„ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მ. ვ-ს 5 წლით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, 15 წლით – საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 20 წლით – საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე – აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.

4. მსჯავრდებულის ინტერესების დამცველი, ადვოკატი ზ. დ-ა საკასაციო საჩივრით ითხოვს მ. ვ-ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და გამამართლებელი განაჩენის დადგენას.

5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა დაიშვას განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დასაშვებად მიიჩნევა, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება რომელიმე ზემოაღნიშნული საფუძველი.

7. საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება დაცვის მხარის მიერ გასაჩივრებული განაჩენის შესახებ წარმოდგენილ მოტივებსა და დასაბუთებას მ. ვ-ის გამართლების თაობაზე უსაფუძვლობის გამო. საკასაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო პალატამ ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და სასამართლოზე სხდომაზე გამოკვლეული, ასევე – მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი მტკიცებულებები, მათ შორის – საქართველოს სსსკ-ის 243-ე მუხლის 1-ელი ნაწილის საფუძველზე გამოქვეყნებული მოწმე გ. ჯ-ას გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენება, 2023 წლის 26 ივლისის ფულადი თანხის გადაცემისა და ჩაბარების შესახებ ოქმები, 2023 წლის 26 ივლისის ამოღების ოქმი, 2023 წლის 27 ივლისის ქიმიური ექსპერტიზის №-- დასკვნა, ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მასალები, 2023 წლის 29 სექტემბრის ჰაბიტოსკოპიური და ფოტო-ვიდეო ტექნიკური ექსპერტიზის - დასკვნა, ნარკოლოგიური შემოწმების 2023 წლის 12 სექტემბრის - დასკვნა, მოწმეების: გ. ლე-ის, ვ. ს-ის, მ. ჯ-ისა და სხვათა გამოკითხვის ოქმები, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 10 ოქტომბრის განაჩენი და საქმეში არსებული სხვა მასალები, რომლებითაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია მ. ვ-ის მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა და გ. ჯ-აზე ასევე უკანონო გასაღება, კერძოდ:

7.1. საქართველოს სსსკ-ის 243-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო სხდომაზე საჯაროდ გამოქვეყნებული გ. ჯ-ას გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენების თანახმად (წარმოდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით დადგინდა, რომ იგი გარდაიცვალა), წარსულში მოიხმარდა ნარკოტიკულ ნივთიერებებს, რაც ცნობილი იყო ნაცნობებ-მეგობრებისთვის, მათ შორის – მ. ვ-ისთვისაც. რამდენიმე დღის წინ მ. ვ-ი შეხვდა თ-ში და შესთავაზა, რომ, საჭიროების შემთხვევაში, მიჰყიდდა ნარკოტიკულ საშუალება „ჰეროინს“, კერძოდ, ერთ პატარა წონაკად დაფასოებულ აღნიშნულ ნარკოტიკულ საშუალებას მიჰყიდდა 100 ლარად, ხოლო იმავე ნარკოტიკულ საშუალებას, დაფასოებულს შედარებით დიდ წონაკად, მიჰყიდდა 600 ლარის სანაცვლოდ. მ. ვ-თან შეხვედრის შემდეგ გააცნობიერა, რომ იგი დანაშაულებრივი საქმიანობისკენ უბიძგებდა, რის გამოც, საკუთარი სურვილით, ნებაყოფლობით მიიღო გადაწყვეტილება, მიემართა სამართალდამცავი ორგანოებისათვის, რათა მ. ვ-ი ემხილებინა დანაშაულებრივ საქმიანობაში. მან ნებაყოფლობით გამოხატა სურვილი, მ. ვ-თან შეხვედრის დროს გამოეყენებინა ტექნიკური საშუალებები შეხვედრის ფარული ვიდეო- და აუდიოჩაწერისა და მისი მხრიდან ნარკოტიკული საშუალების გასაღების ფაქტის დასაფიქსირებლად. 2023 წლის 26 ივლისს მ. ვ-ისგან ნარკოტიკული საშუალების შესაძენად გადაეცა ფულადი თანხა – 300 ლარი. აღნიშნულის შემდეგ, ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების უზრუნველყოფის მიზნით, მის სარგებლობაში არსებული ავტომანქანა აღჭურვეს ტექნიკური საშუალებებით, რომელთა გამოყენებითაც შესაძლებელი იქნებოდა მისი და მ. ვ-ის შეხვედრის ვიდეო-აუდიოჩაწერა. ავტომანქანის ტექნიკური საშუალებებით აღჭურვის შემდეგ შეხვედრის შესათანხმებლად იგი დაუკავშირდა მ. ვ-ს და უთხრა, რომ მისი ნახვა უნდოდა და, ფულადი თანხის სანაცვლოდ, შეიძენდა ნარკოტიკულ საშუალებას. შეთანხმების შემდეგ მის სარგებლობაში არსებული ავტომანქანით მივიდა თ-ში, სოფელ ფ-ში, ც. დ-ის პირველი ჩიხის შესასვლელთან არსებულ საავტომობილო გზაზე. სწორედ იქ რამდენიმე წუთში მივიდა მ. ვ-ი, რომელიც დაჯდა ავტომანქანაში და ხელზე გადასცა ნარკოტიკული საშუალების შეძენისათვის განკუთვნილი ფულადი თანხა – 300 ლარი, რის შემდეგაც მ. ვ-მა უთხრა, რომ დალოდებოდა და მალევე მივიდოდა. აღნიშნულის შემდეგ მ. ვ-ი გადავიდა ავტომანქანიდან და უკან დაბრუნდა, დაახლოებით, 15-20 წუთში. ავტომანქანაში ჩაჯდომის შემდეგ მ. ვ-მა თავისი ხელით მიაწოდა ერთ ცალ თავმომწვარ პაკეტში მოთავსებული ნივთიერება. ამის შემდეგ მოწმემ მოატრიალა მანქანა და დაემშვიდობა მ. ვ-ს, რომელიც ჩავიდა ავტომანქანიდან. გაემართა თ-ში, თ----ის დამაკავშირებელ საავტომობილო გზატკეცილზე არსებულ მ-ის გადასახვევთან მყოფ გამომძიებელს წარუდგინა მ. ვ-ისგან 300 ლარის სანაცვლოდ შეძენილი ნივთიერება.

7.2. 2023 წლის 26 ივლისის ფულადი თანხის მიღება-ჩაბარების შესახებ ოქმის (უდავო მტკიცებულება) მიხედვით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს ნარკოტიკული საშუალებების და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების, საფოსტო გზავნილებითა და ინტერნეტით გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს I ოპერატიული განყოფილების დეტექტივის – კ. წ-ის – მიერ გამომძიებელ მ. ჯ-ისთვის წარდგენილ იქნა ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩასატარებლად გამოყოფილი ფულადი თანხა – 800 ლარი (8 ცალი 100-ლარიანი კუპიურა).

7.3. 2023 წლის 26 ივლისის ფულადი თანხის გადაცემის და ჩაბარების შესახებ ოქმის (უდავო მტკიცებულება) თანახმად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს ნარკოტიკული საშუალებების და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების, საფოსტო გზავნილებითა და ინტერნეტით გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს საგამოძიებო განყოფილების უფროსმა გამომძიებელმა მ. ჯ-ემ, ნარკოტიკული საშუალების საკონტროლო შესყიდვის მიზნით, გ. ჯ-ას გადასცა ფულადი თანხა – 300 ლარი.

7.4. 2023 წლის 26 ივლისის ამოღების ოქმით (უდავო მტკიცებულება) დადგენილია, რომ თ-ში, რ---სის დამაკავშირებელ საავტომობილო გზატკეცილზე, მ-ის გადასახვევთან, გამომძიებელმა მ. ჯ-ემ გ. ჯ-ასგან ამოიღო ერთი ცალ, მოლურჯო ფერის თავმომწვარ პაკეტში მოთავსებული ნივთიერება.

7.5. ქიმიური ექსპერტიზის 2023 წლის 27 ივლისის №-- დასკვნით (უდავო მტკიცებულება) დადგენილია, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი, ლურჯი ფერის პოლიეთილენის მილღობილთავიან ნაჭერში ერთ ცალად დაფასოებული მოყავისფრო, ფხვნილისებრი ნივთიერება ნოტიო მდგომარეობაში, წონით, ნოტიო მდგომარეობაში – 0.44 გრამი და წონით, გამოშრობის შემდეგ – 0.2530 გრამი, წარმოადგენს კუსტარულად მიღებულ, ნარკოტიკულ საშუალება „ჰეროინის“ შემცველ ნივთიერებას, რომელშიც ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ რაოდენობაა 0.088 გრამი.

7.6. 2023 წლის 29 სექტემბრის ჰაბიტოსკოპიური და ფოტო-ვიდეო ტექნიკური ექსპერტიზის -- დასკვნით (უდავო მტკიცებულება) დადგენილია, რომ: ექსპერტიზაზე წარმოდგენილ დისკზე არსებულ ვიდეოგრამებს არ აღენიშნება რედაქტირების ან მონტაჟის ნიშნები. ექსპერტიზაზე წარმოდგენილ დისკზე არსებული ვიდეოგრამებიდან ამოღებულ ფოტოგამოსახულებებზე დაფიქსირებული, გამოძიებისათვის საინტერესო პიროვნების იერსახის გამოსახულება პიროვნების იდენტიფიკაციისათვის ვარგისია. ექსპერტიზაზე წარმოდგენილ დისკზე არსებული ვიდეოგრამებიდან ამოღებულ ფოტოგამოსახულებებსა და ჰაბიტოსკოპიურ მონაცემთა ერთიან ბაზაში რიცხულ, მ. ჯ-ის ძე ვ-ის -- სახელზე შევსებულ ელექტრონულ ბარათზე არსებულ ფოტოგამოსახულებაზე დაფიქსირებულია ერთი და იმავე პიროვნების იერსახის გამოსახულება.

8. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილია მტკიცებულებათა საკმარისი ერთობლიობა (მოწმე გ. ჯ-ას გამოკითხვის ოქმის გარეშეც) მ. ვ-ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები და მ. ვ-ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისას გაითვალისწინა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული ის მოთხოვნები, რომლებიც უზრუნველყოფენ ყოველ საქმეზე ობიექტური და სამართლიანი განაჩენის დადგენას. პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოების მიერ მ. ვ-ის მიმართ გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენებში ჩამოყალიბებული დასკვნები ინკრიმინირებულ ქმედებებში მისი ბრალეულობის თაობაზე სავსებით აკმაყოფილებს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გათვალისწინებულ კრიტერიუმებს.

9. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ არ ვლინდება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე წინაპირობა. დაცვის მხარემ თბილისის სააპელაციო სასამართლოს საჩივრით მიმართა ანალოგიურ (იდენტურ) არგუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც საკასაციო საჩივარშია ჩამოყალიბებული. სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად და ობიექტურად შეაფასა, გასაჩივრებულ განაჩენში კი მხარის ყველა არგუმენტს დეტალურად და ამომწურავად უპასუხა. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომლის გამეორება მიზანშეუწონლად მიაჩნია. გარდა ამისა, მსგავს სამართლებრივ საკითხებზე არსებობს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა (მაგ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის გადაწყვეტილებები: №599აპ-21, №215აპ-19, №1164აპ-23, №1011აპ-24), რომელსაც შეესაბამება სააპელაციო სასამართლოს განაჩენი და დაცვის მხარემ ვერ მიუთითა იმ გარემოებებზე, რომლებიც დადგენილი პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღებას შესაძლებელს გახდიდა.

10. დაცვის მხარის მოსაზრებას, რომ გ. ჯ-ა არის აგენტ-პროვოკატორი, რომელიც არაერთ გახმაურებულ საქმეში მონაწილეობდა, როგორც მოწმე და რომელმაც მსჯავრდებულს მოუწყო დანაშაულის პროვოკაცია, საკასაციო პალატა არ იზიარებს და მიუთითებს, რომ სააპელაციო პალატა ამ საკითხზე განაჩენში დეტალურად მსჯელობს, კერძოდ: საქმის მასალებით გამოკვეთილია, რომ სამართალდამცავ ორგანოებს ხელი არ შეუწყვიათ დანაშაულის ჩადენაში, ისინი შემოიფარგლებოდნენ მხოლოდ სისხლის სამართლის დანაშაულის პასიური გამოძიებით და ამ გამოძიების პროცესში მტკიცებულებების მოძიებით, ვინაიდან ცალსახად დადასტურებულია ის ფაქტი, რომ გ. ჯ-ამ მას შემდეგ მიმართა კომპეტენტურ ორგანოებს და ნებაყოფლობით გამოთქვა ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებში მონაწილეობის სურვილი, როდესაც დარწმუნდა, რომ მ. ვ-ი ჩართული იყო ნარკოტიკული საშუალების გასაღებაში და მასაც უბიძგებდა დანაშაულებრივი საქმიანობისაკენ. არსებული გარემოებები ცხადყოფს, რომ, მოცემულ შემთხვევაში, არ იკვეთება სამართალდამცავი ორგანოს მიერ დანაშაულებრივი საქმიანობის ინიციირება, რაც, ცხადია, საფუძველს აცლის დანაშაულის პროვოკაციის შესახებ დაცვის მხარის არგუმენტს. ამასთან, საქართველოს კანონმდებლობა არ უკრძალავს პირს, ითანამშრომლოს საგამოძიებო ორგანოებთან და თანამშრომლობა, როგორც წესი, არ წარმოადგენს კანონის დარღვევას. გ. ჯ-ას თანამშროლობა გამოძიებასთან და, ფარული საგამოძიებო მოქმედებების პირობებში, საკონტროლო შესყიდვის განხორციელება სრულად შეესაბამება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით დადგენილ სტანდარტებს.

11. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე, კერძოდ, ევროპულმა სასამართლომ არაერთ საქმეზე აღიარა სპეციალური საგამოძიებო მეთოდების საჭიროება, განსაკუთრებით ნარკოტიკულ დანაშაულსა და კორუფციასთან ბრძოლის ფარგლებში. ამგვარი ღონისძიებების, მათ შორის, ფარული აგენტებისა თუ საკონტროლო შესყიდვების, გამოყენება per se არ არღვევს უფლებას სამართლიან სასამართლოზე. გარკვეული წინაპირობებით, სახელმწიფო ორგანოებს შეუძლიათ, მიმართონ განსაკუთრებულ საგამოძიებო მოქმედებებს ისე, რომ აღნიშნული არ გულისხმობდეს ან იწვევდეს დანაშაულის წაქეზებასა თუ პროვოცირებას (იხ.: Veselov and Others v. Russia, №23200/10, 24009/07 და 556/10, 02.10.2012, §89; Lüdi v. Switzerland, №12433/86, 15.06.1992).

12. ევროპულმა სასამართლომ არაერთ საქმეში განმარტა, რომ ფარული აგენტის გამოყენება საგამოძიებო პროცესში თავისთავად არ ხელყოფს ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველ პუნქტში დადგენილ გარანტიას (სამართლიანი სასამართლოს უფლება). მნიშვნელოვანია იმის გარკვევა, თუ რა როლი ჰქონდა ფარულ თანამშრომელს. საგამოძიებო ორგანოს თანამშრომლებმა/კონფიდენტებმა არ უნდა განახორციელონ პირებზე იმგვარი გავლენა, რომ შემდგომი პასუხისმგებლობის მიზნით, წააქეზონ მათ მიერ დანაშაულის ჩადენა. კონვენცია ირღვევა, როდესაც აგენტები უბიძგებენ პირს დანაშაულის ჩადენისკენ და სახეზე არ არის არგუმენტი, რომ მოცემული დანაშაული მათი მონაწილეობის გარეშეც იქნებოდა ჩადენილი (იხ. Malininas v. Lithuania, №10071/04, 01.07.2008). ფარულ თანამშრომელთა მონაწილეობა სისხლის სამართლის პროცესში უნდა განხორციელდეს მხოლოდ პასიურად და მათ არ უნდა ჰქონდეთ როლი ბრალდებულთა განზრახვის ფორმირების პროცესში (იხ. Ramanauskas v. Lithuania, №74420/01, 5.02.2008). თუ ფარული აგენტი აქტიურად არის ჩართული და არსებითად უღვივებს პირს დანაშაულის ჩადენის სურვილს, სახეზეა დანაშაულის პროვოკაცია, ხოლო როცა მიმდინარე/დაწყებული დანაშაულებრივი ქმედების ფარგლებში ხდება ფარული თანამშრომლის ჩართვა, ეს ითვლება პასიურ მოქმედებად და, შესაბამისად, მისი ქმედება არ არის მაპროვოცირებელი.

13. საკასაციო პალატა ითვალისწინებს იმასაც, რომ ნარკოტიკული საშუალების გადაცემა ავტომატურად არ ნიშნავს ნარკოტიკული საშუალების გასაღებას (სუსგ №817აპ-23); თუმცა, მოცემულ სისხლის სამართლის საქმის მასალებში ასახული ყველა მტკიცებულების დეტალური ანალიზით, მ. ვ-ის ქმედებაში აშკარად გამოკვეთილია ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ გასაღების ნიშნები, აგრეთვე, არ იკვეთება ნარკოტიკული საშუალების გაყოფის ან/და ერთად მოხმარების ფაქტები. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, მ. ვ-ის მიერ გ. ჯ-ასათვის ნარკოტიკული საშუალებების გადაცემა უტყუარად დადასტურებულია, რაც უდავოდ ნიშნავს, რომ აღნიშნული ქმედება დანაშაულია, იმის მიუხედავად, სასყიდლით განხორციელდა, თუ – უსასყიდლოდ. დასახელებული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულის მოცემული ქმედება წარმოადგენს გასაღებას, ხოლო საპირისპიროს მტკიცება არ გამომდინარეობს ამავე საქმის მასალებიდან.

14. რაც შეეხება კასატორის მითითებას გ. ჯ-ას არაერთ გახმაურებულ საქმეში მოწმედ ყოფნასა და სატელევიზიო გადაცემისათვის ნარკოტიკების გაყიდვის სცენის გადაღებასთან დაკავშირებით, აღნიშნული არარელევანტურია მოცემულ საქმესთან მიმართებით და ემსახურება მსჯავრდებულისათვის პასუხისმგებლობის თავიდან არიდებას.

15. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ ამომწურავად იმსჯელა ყველა იმ საკითხზე, რაზეც საკასაციო საჩივარში ამახვილებს ყურადღებას კასატორი. ამდენად, საკასაციო პალატის მოსაზრებით, არ არის მიზანშეწონილი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა დაცვის მხარის იმ არგუმენტების ხელახლა შესაფასებლად, რომლებზეც სააპელაციო პალატამ უკვე იმსჯელა და რასაც საკასაციო პალატაც ეთანხმება.

16. დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხების გაცემას. აღნიშნული ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: ჰირვისაარი ფინეთის წინააღმდეგ (Hirvisaari v. Finland, ECtHR, N49684/99, §30, 25/12/2001)). მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ – ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: გოროუ საბერძნეთის წინააღმდეგ (Gorou v. Greece (No. 2) ECtHR, N 12686/03, §37, §41, 20/03/2009)).

17. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

18. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ მ. ვ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ. დ-ას საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნას ცნობილი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: ლ. თევზაძე

ნ. სანდოძე