გაუქმდა და დაუბრუნდა სასამართლოს
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
¹ 3კ/724-01 29 აგვისტო, 2001 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლსო სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. ხიმშიაშვილი (თავმჯდომარე),მ. ცისკაძე, თ. კობახიძე
დავის საგანი: სამუშაოზე აღდგენა.
აღწერილობითი ნაწილი:
კ. კ-შვილი მუშაობდა სახაზინო საწარმო ...-ის მთავარ ექიმად. სამცხე-ჯავახეთის სამხარეო დეპარტამენტმა ჩაატარა ...-ში სამეურნეო-საფინანსო საქმიანობის შემოწმება და გამოავლინა მთელი რიგი დარღვევები. ამ დარღვევების გამო ...-ის რაიონის გამგეობის 1999 წლის 8 აპრილის ¹3/21 დადგენილებით კ. კ-შვილი გათავისუფლდა ...-ის მთავარი ექიმის თანამდებობიდან. მის სამუშაოდან დათხოვნას საფუძვლად დაედო ისიც, რომ იგი ერთდროულად მუშაობდა ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო ხარისხის კონტროლის ინსპექტორის თანამდებობაზე, რაც ეწინააღმდეგებოდა “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 64-ე მუხლს. ...-ის მთავარი ექიმის თანამდებობიდან განთავისუფლების შემდეგ კ. კ-შვილი იმავე ...-ში მუშაობდა ექიმ მეან-გინეკოლოგად.
...-ის მთავარი ექიმი მ. ვ-იჩის 1999 წლის 30 აპრილის ¹10 ბრძანებით გაუქმდა ექიმ მეან-გინეკოლოგ კ. კ-შვილთან გაფორმებული ხელშეკრულება პაციენტების სიმცირის გამო და მასზე დარიცხული ხელფასი ჩაითვალა არასწორად. ყოველივე აღნიშნულის გამო, კ. კ-შვილმა სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხეების: ...-ის გამგეობის და ...-ის მთავარი ექიმის მიმართ და მოითხოვა ...-ის მთავარი ექიმის თანამდებობაზე აღდგენა, ასევე, იმავე ...-ში ექიმ-გინეკოლოგის თანამდებობაზე აღდგენა. მისი სასარჩელო განცხადება ემყარება შემდეგ საფუძვლებს: მოქმედი კანონმდებლობით საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის დოკუმენტური რევიზიის ჩატარების უფლება აქვთ მხოლოდ კონტროლის პალატას და საგადასახადო ინსპექციას, ხოლო სამცხე-ჯავახეთის ჯანდაცვის მართვის დეპარტამენტს არ ჰქონდა უფლება ჩაეტარებინა ასეთი რევიზია; რევიზია ჩატარებულია ტენდენციურად, არ დაწერილა შემოწმების აქტი და ა.შ. ასევე, უკანონოდ გაათავისუფლეს იგი მეან-გინეკოლოგის თანამდებობიდან.
ახალციხის რაიონულმა სასამართლომ 2000 წლის 11 აგვისტოს გადაწყვეტილებით დააკმაყოფილა კ. კ-შვილის სარჩელი; გააუქმა ...-ის რაიონის გამგეობის 1999 წლის 8 აპრილის ¹3/21 დადგენილება, კ. კ-შვილის ...-ის მთავარი ექიმის თანამდებობიდან განთავისუფლების შესახებ, როგორც უსაფუძვლო და იგი დაუყოვნებლივ იქნა აღდგენილი ...-ის მთავარი ექიმის თანამდებობაზე; გააუქმა ...-ის მთავარი ექიმის მ. ვ-იჩის 1999 წლის 30 აპრილის ბრძანება, როგორც უსაფუძვლო, კ. კ-შვილის ექიმი მეან-გინეკოლოგის თანამდებობიდან განთავისუფლების შესახებ; კ. კ-შვილი დაუყოვნებლივ აღდგენილი იქნა ...-ის რაიონის ...-ში ექიმ მეან-გინეკოლოგის თანამდებობაზე.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება დასაბუთებულია იმით, რომ ...-ში, 1999 წლის 10-12 თებერვალს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო დეპარტამენტმა უკანონოდ ჩაატარა რევიზია. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ექსპერტიზისა და სპეციალური გამოკვლევათა ცენტრის ექსპერტიზის დასკვნით არ დადასტურდა ...-ში საფინანსო-სამეურნეო ხასიათის დარღვევები; ექსპერტიზის დასკვნა გაიზიარა სასამართლომ. რაიონულმა სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ მოსარჩელე აღარ მუშაობდა საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს სამედიცინო დახმარების ხარისხის კონტროლის ინსპექციის წამყვან სპეციალისტად. იგი ამ თანამდებობიდან გათავისუფლდა 1999 წლის 1 აპრილს. კ. კ-შვილი ...-ის ექიმი მეან-გინეკოლოგის თანამდებობიდან გაათავისუფლეს შრომის კანონთა კოდექსის 34-ე მუხლის დარღვევით, რადგან ამ მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი მისი სამუშაოდან დათხოვნისას არ არსებობდა. პირველი ინსტანციის სასამართლომ შრომის კანონთა კოდექსის 206-ე მუხლის პირველი ნაწილით და 208-ე მუხლის საფუძველზე კ. კ-შვილი დაუყოვნებლივ აღადგინა ადრინდელ თანამდებობაზე.
...-ის რაიონის გამგეობამ სააპელაციო საჩივარი შეიტანა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე.
...-ის მთავარმა ექიმმა მ. ვ-იჩმა სააპელაციო საჩივარი შეიტანა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ 2000 წლის 27 დეკემბრის განჩინებით არ დააკმაყოფილა მოცემულ საქმეზე ...-ის რაიონის გამგეობის და ...-ის სააპელაციო საჩივრები უსაფუძვლობის გამო. უცვლელი დარჩა მოცემულ საქმეზე გამოტანილი რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატის განჩინება ეფუძნება შემდეგ მოტივებს: ჯანდაცვის მართვის სამხარეო დეპარტამენტი წარმოადგენს მხარეში საქართველოს პრეზიდენტის რწმუნებულის აპარატის სტრუქტურულ ერთეულს. მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე არ აქვს უფლება ჩაატაროს საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის დოკუმენტური რევიზია სამედიცინო დაწესებულებაში, როგორც ეს მითითებულია საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო დახმარების ხარისხის კონტროლის ინსპექციის წერილში. საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის 1998 წლის 4 ივლისის ¹269/ო ბრძანების ამონაწერიდან ირკვევა, რომ ჯანდაცვის სამინისტროს სამხარეო დეპარტამენტს დავალებული ჰქონდა სამედიცინო დაწესებულებების მიერ მიღებული სახსრების ხარჯვის კონტროლი მხოლოდ იმ მიზნით, რომ არ ყოფილიყო დაშვებული უპირველესი მიმართულებების დავალიანებების (ხელფასი, მედიკამენტების შეძენა, ბიუჯეტის გადასახადები, არასაბიუჯეტო გადასახადები) დაფარვის გარეშე სახსრების სხვა მიზნით გამოყენება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ დაადგინა, რომ რევიზიის ჩამტარებელმა ორგანომ გადააჭარბა კომპეტენციას და მისი შემოწმების შედეგები არ შეიძლება გაზიარებულ იქნეს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 103-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, კანონის დარღვევით მოპოვებულ მტკიცებულებებს არ აქვთ იურიდიული ძალა. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ექსპერტიზისა და სპეციალურ გამოკვლევათა ცენტრის მიერ ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნით კი ...-ში საფინანსო-სამეურნეო ხასიათის დარღვევების ფაქტი არ დადასტურდა. სააპელაციო სასამართლომ კ. კ-შვილის მთავარი ექიმის თანამდებობიდან განთავისუფლების მეორე საფუძველი _ სამსახურებრივი შეუთავსებლობაც უკანონოდ ჩათვალა. “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 64-ე მუხლი ითვალისწინებს, რომ სახელმწიფო მოსამსახურეს არ აქვს უფლება, ეკავოს სხვა თანამდებობა ან ასრულებდეს ანაზღაურებად სამუშაოს შეთავსებით სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო დაწესებულებაში. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ კ. კ-შვილის მეორე თანამდებობა – ...-ის მთავარი ექიმი _ არ წარმოადგენს საჯარო თანამდებობას.
კ. კ-შვილის ...-ის ექიმ მეან-გინეკოლოგის თანამდებობიდან განთავისუფლებას ის დაედო საფუძვლად, რომ მას არ ჰქონდა დატვირთვა. “ჯანმრთელობის დაცვის შესახებ” კანონის 59-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად კი, თუ სამედიცინო პერსონალი ნებისმიერი 6 თვის განმავლობაში ორჯერ ვერ შეძლებს ქვეყანაში დაწესებული თვიური დაუბეგრავი ხელფასის ოდენობის გამომუშავებას, მასთან კონტრაქტი ავტომატურად წყდება. ...-მ კი ვერ წარმოადგინა იმის მტკიცებულება (ხელფასის უწყისი), რომ მოსარჩელეს არ ჰქონდა კანონით დადგენილი დატვირთვა.
...-ის რაიონის გამგებელმა ი. გ.-მა საკასაციო საჩივარი შეიტანა სააპელაციო პალატის განჩინებაზე, მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი მოტივებით: კ. კ-შვილი მთავარი ექიმის თანამდებობიდან გათავისუფლების დროისათვის (1999 წლის 8 აპრილისათვის) იყო საჯარო მოსამსახურე, მუშაობდა საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამედიცინო დახმარების ხარისხის კონტროლის ინსპექციის წამყვან სპეციალისტად სამცხე-ჯავახეთის მხარეში. მოსარჩელემ არასწორად მიუთითა, რომ ამ თანამდებობიდან გათავისუფლდა 1999 წლის 1 აპრილს. სინამდვილეში იგი აღნიშნული თანამდებობიდან გათავისუფლდა 1999 წლის 3 მაისს, რითაც მან შეცდომაში შეიყვანა რაიონული სასამართლო. სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 21-ე, 219-ე და 225-ე მუხლები და ყალბ მტკიცებულებაზე დაყრდნობით მიიღო გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიიჩნია საბუღალტრო-სამეურნეო რევიზიის შედეგები უკანონოდ. ...-ა არსებობს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების სახით, ჰყავს თავისი დირექტორი, ამიტომ გაუგებარია, როგორ შეიძლება მოსარჩელე წარდგენილ იქნეს შპს-ს დირექტორად, როცა იგი სულ სხვა თანამდებობიდან, კერძოდ, მთავარი ექიმის თანამდებობიდან იქნა გათავისუფლებული.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, კ. კ-შვილის და მისი ადვოკატი ნ. ამბოკაძის განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ ...-ის რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
დადგენილია, რომ კ. კ-შვილი მუშაობდა ...-ის მთავარ ექიმად. სამცხე-ჯავახეთის სამხარეო დეპარტამენტმა ჩაატარა ...-ში სამეურნეო-საფინანსო საქმიანობის შემოწმება და გამოვლინა მთელი რიგი დარღვევები. ამ დარღვევების გამო, ...-ის რაიონის გამგეობის 1999 წლის 8 აპრილის ¹3/21 დადგენილებით კ. კ-შვილი გათავისუფლდა ...-ის მთავარი ექიმის თანამდებობიდან.
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს სააპელაციო პალატის მითითებას იმის შესახებ, რომ ჯანდაცვის მართვის სამხარეო დეპარტამენტი წარმოადგენს მხარეში საქართველოს პრეზიდენტის რწმუნებულის აპარატის სტრუქტურულ ერთეულს და მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე არა აქვს უფლება ჩაატაროს საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის დოკუმენტური რევიზია სამედიცინო დაწესებულებაში. საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის 1998 წლის 4 ივლისის ¹269/ო ბრძანების ამონაწერიდან ირკვევა, რომ ჯანდაცვის სამინისტროს სამხარეო დეპარტამენტს დავალებული ჰქონდა სამედიცინო დაწესებულებების მიერ მიღებული სახსრების ხარჯვის კონტროლი, მაგრამ მხოლოდ იმაზე, რომ უპირველესი მიმართულებების დავალიანებების (ხელფასი, მედიკამენტების შეძენა, ბიუჯეტის გადასახადები, არასაბიუჯეტო გადასახადები) დაფარვის გარეშე არ მომხდარიყო სახსრების სხვა მიზნით გამოყენება. აღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაადგინა რევიზიის ჩამტარებელი ორგანოს მიერ კომპეტენციის გადაჭარბება, მაგრამ სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ექსპერტიზისა და სპეციალურ გამოკვლევათა ცენტრის მიერ ჩატარებული ექსპერტიზის 2000 წლის 17 თებერვლის დასკვნის საფუძველზე ...-ში საფინანსო-სამეურნეო ხასიათის დარღვევების ფაქტი არ დადასტურდა. საკასაციო პალატა თვლის, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის II ნაწილის თანახმად, საოლქო სასამართლოს პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. ...-ის რაიონის გამგებელს კი ასეთი დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია არ წარმოუდგენია.
სააპელაციო სასამართლომ კ. კ-შვილის მთავარი ექიმის თანამდებობიდან გათავისუფლების მეორე საფუძველი, სამსახურებრივი შეუთავსებლობაც სწორად მიიჩნია უკანონოდ. “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 64-ე მუხლი ითვალისწინებს, რომ სახელმწიფო მოსამსახურეს არ აქვს უფლება ეკავოს სხვა თანამდებობა ან ასრულებდეს ანაზღაურებად სამუშაოს შეთავსებით სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო დაწესებულებაში. ...-ის მთავარი ექიმი კი არ წარმოადგენს საჯარო მოხელეს.
როგორც საქმის მასალებით ირკვევა, ...-ის რაიონის გამგეობის 1999 წლის 8 აპრილის ¹3/21 დადგენილებით კ. კ-შვილი გათავისუფლდა...-ის მთავარი ექიმის თანამდებობიდან. ამდენად, იმ დროისათვის არსებობდა ...-ის მთავარი ექიმის თანამდებობა.
ახალციხის რაიონის სასამართლომ 2000 წლის 8 თებერვლის დადგენილებით კი რეგისტრაციაში გაატარა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება “...-ა”, როგორც ყოფილი სახაზინო საწარმო, ...-ის რაიონული ...-ის უფლებამონაცვლე და სამართალმემკვიდრე. ამ დადგენილების თანახმად, საზოგადოებას ჰყავს დირექტორი, კერძოდ მ. ვ-იჩი. საკასაციო პალატა იზიარებს საკასაციო საჩივრის მოტივს იმის შესახებ, რომ სააპელაციო სასამართლომ მოსარჩელე ისე აღადგინა ...-ის მთავარი ექიმის თანამდებობაზე, რომ საერთოდ არ იმსჯელა ...-ის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის შეცვლაზე.
სააპელაციო პალატამ სწორი სამართლებრივი შეფასება არ მისცა იმ ფაქტობრივ გარემოებებს, რომ სახაზინო საწარმო ...-ის მთავარი ექიმის თანამდებობა, საიდანაც დათხოვნილი იქნა მოსარჩელე, დღეისათვის აღარ არსებობს, არც ...-ის გამგეობაა დღეისათვის იურიდიულად იმ სტატუსის მქონე, რომელსაც უფლება აქვს დანიშნოს ან გაათავისუფლოს შპს ,,...-ის” დირექტორი.
შპს-ს დირექტორის დანიშვნისა და გამოწვევის წესი დარეგულირებულია არა შრომის კანონთა კოდექსით, არამედ ,,მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის 47.3 მუხლის ,,ა” პუნქტით. ამ საკითხებზე კი სააპელაციო პალატას საერთოდ არ უმსჯელია. ამდენად, სააპელაციო პალატის განჩინება არ არის იურიდიულად დასაბუთებული და იგი უნდა გაუქმდეს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის ,,ე” პუნქტის თანახმად.
საქმის ხელახალი განხილვისას სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება უნდა მისცეს მოსარჩელე კ. კ-შვილის სამუშაოდან დათხოვნის სამართლებრივ საფუძვლებს, შეამოწმოს, შესაძლებელია თუ არა მოსარჩელის იმ თანამდებობაზე აღდგენა, საიდანაც დათხოვნილ იქნა იგი და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე, 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
...-ის რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 27 დეკემბრის განჩინება კ. კ-შვილის ...-ის მთავარი ექიმის თანამდებობაზე აღდგენის ნაწილში გაუქმდეს და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე პალატას. დანარჩენ ნაწილში სააპელაციო პალატის განჩინება დარჩეს უცვლელად.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.