დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 23.07.2026
საქმის ნომერი
2აგ.-2026
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
23.07.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №010142225702275764

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №2აგ-26 ქ. თბილისი

ს–ე გ., 2აგ-26 23 ივლისი, 2026 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),მამუკა ვასაძე, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. ს–ის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2026 წლის 14 იანვრის განჩინებაზე.

I. ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 11 იანვრის განაჩენით:

1.1. გ. ს–ე (დაბადებული ....) ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის ,,დ“, ,,ვ“, ,,თ“ და ,,ლ“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა უვადო თავისუფლების აღკვეთა;

1.2. გ. ს–ეს სასჯელის მოხდის ვადა აეთვალა ფაქტობრივი დაკავებიდან – 2005 წლის 16 აპრილიდან.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 12 მაისის განაჩენით ცვლილება შევიდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 11 იანვრის განაჩენში, კერძოდ:

2.1. გ. ს–ეს მოეხსნა ბრალდება, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისის მოქმედი რედაქცია);

2.2. გ. ს–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის ,,დ“, ,,ვ“, ,,თ“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – უვადო თავისუფლების აღკვეთა;

2.3. გ. ს–ეს სასჯელის მოხდის ვადა აეთვალა ფაქტობრივი დაკავებიდან – 2005 წლის 16 აპრილიდან.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 18 იანვრის განჩინებით, გ. ს–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 6 თებერვლის განჩინებით: ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე, გ. ს–ის მიმართ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 12 მაისის განაჩენით განსაზღვრული სასჯელი – უვადო თავისუფლების აღკვეთა – დარჩა უცვლელად.

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 4 მარტის განაჩენით:

5.1. გ. ს–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 3782-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა;

5.2. გ. ს–ეს ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-16 მუხლის თანახმად, დანიშნული სასჯელი შეუმცირდა ¼-ით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;

5.3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე დანიშნულ სასჯელს დაემატა წინა განაჩენით განსაზღვრული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გ. ს–ეს დაენიშნა უვადო თავისუფლების აღკვეთა;

5.4. გ. ს–ეს სასჯელის მოხდის ვადა აეთვალა განაჩენის გამოტანის დღიდან.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 26 ივნისის განაჩენით უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 4 მარტის განაჩენი.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 22 ოქტომბრის განჩინებით გ. ს–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი.

8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 3 სექტემბრის განაჩენით: არ დაკმაყოფილდა გ. ს–ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე და უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 12 მაისის განაჩენი, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 6 თებერვლის განჩინება და თბილისის სააპელაციო სასანართლოს 2013 წლის 26 ივნისის განაჩენი.

9. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 2 ივნისის განჩინებით არ დაკმაყოფილდა გ. ს–ის შუამდგომლობა, უვადო თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ან შინაპატიმრობით შეცვლის შესახებ.

10. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 16 ივნისის განჩინებით არ დაკმაყოფილდა გ. ს–ის შუამდგომლობა, უვადო თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ან შინაპატიმრობით შეცვლის შესახებ.

11. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 28 ივნისის განჩინებით არ დაკმაყოფილდა გ. ს–ის შუამდგომლობა, უვადო თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ან შინაპატიმრობით შეცვლის შესახებ;

12. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 1 აგვისტოს განჩინებით უცვლელად დარჩა გ. ს–ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 28 ივნისის განჩინება.

13. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 19 თებერვლის განჩინებით:

13.1. არ დაკმაყოფილდა მსჯავრდებულ გ. ს–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის თ. ლ–ის საჩივარი;

13.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 31 იანვრის განჩინება გ. ს–ის მიმართ, დარჩა უცვლელად;

13.3. მსჯავრდებულ გ. ს–ის მიმართ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 26 ივნისის განაჩენით განსაზღვრული საბოლოო სასჯელი – უვადო თავისუფლების აღკვეთა, დარჩა უცვლელი.

14. 2025 წლის 31 დეკემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულმა გ. ს–ემ და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსსკ-ის) 310-ე მუხლის თანახმად, ითხოვა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვა იმ გარემოებებზე მითითებით, რომ 2006 წლის 28 აპრილს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში განხორციელებული ცვლილების თანახმად, საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლი დაიყო ნაწილებად და საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის ,,დ“ ქვეპუნქტი (განზრახ მკვლელობა დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის ან უმწეო მდგომარეობაში მყოფისა) „გადავიდა“ საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტში, ხოლო საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის ,,თ“ ქვეპუნქტი (განზრახ მკვლელობა ჯგუფურად) - საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტში, რომლისთვისაც მაქსიმალურ სასჯელად გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა 17 წლამდე ვადით, ნაცვლად უვადო თავისუფლების აღკვეთისა.

15. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2026 წლის 14 იანვრის განჩინებით მსჯავრდებულ გ. ს–ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე არ იქნა დაშვებული თბილისის სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე განსახილველად.

16. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა გ. ს–ემ. კასატორის შეფასებით, 2006 წლის 28 აპრილს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში განხორციელებული ცვლილების თანახმად საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლი დაიყო ნაწილებად და საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტი (განზრახ მკვლელობა დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის ან უმწეო მდგომარეობაში მყოფისა) „გადავიდა“ საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტში, ხოლო საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის „თ“ ქვეპუნქტი (განზრახ მკვლელობა ჯგუფურად) - საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტში, რომლისთვისაც მაქსიმალურ სასჯელად გათვალისწინებულია 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთა. შესაბამისად, კასატორის მტკიცებით, უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2026 წლის 14 იანვრის განჩინება და საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, გადაისინჯოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 12 მაისის განაჩენი.

II. ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. „კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების შედეგების შეუქცევადობა სამართლებრივი უსაფრთხოების უმნიშვნელოვანეს გარანტიას წარმოადგენს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქეები - თამაზ ჯანაშვილი, ნანა ჯანაშვილი და ირმა ჯანაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-25). “დაუშვებელია კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების მუდმივად ეჭვქვეშ დაყენება” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2003 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილება №1/3/161 „საქართველოს მოქალაქეები - ოლღა სუმბათაშვილი და იგორ ხაპროვი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-25).

2. „მართლმსაჯულების საბოლოო შედეგები მხოლოდ განსაკუთრებულ, იშვიათ შემთხვევაში შეიძლება დადგეს ეჭვის ქვეშ და მხოლოდ მაშინ შეიძლება გაბათილდეს, თუ ეს აუცილებელი გზაა სავარაუდოდ დარღვეული უფლების აღდგენის, მისი დაცვისთვის ( იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - თამაზ ჯანაშვილი, ნანა ჯანაშვილი და ირმა ჯანაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-39)

3. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს სსსკ-ი ამომწურავად და მკაფიოდ განსაზღვრავს კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს განაჩენის ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადასინჯვის საფუძვლებს და იმპერატიულად ადგენს, რომ კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს განაჩენის გადასინჯვა დაიშვება მხოლოდ საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლში პირდაპირ და სახელდებით მითითებული რომელიმე ერთი ან რამოდენიმე საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, საქართველოს სსსკ-ის 3321-ე მუხლში ანდა სპეციალურ კანონში სახელდებით მითითებულ შემთხვევებში და წესით.

4. მოცემულ შემთხვევაში, კასატორი ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 12 მაისის განაჩენის გადასინჯვას საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის ,,ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე – „განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ: ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო”.

5. სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ კანონიერ ძალაში შესული განაჩენის, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, გადასინჯვის საფუძვლები ამომწურავად არის განსაზღვრული საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლში. შესაბამისად, დაუშვებელია აღნიშნული საფუძვლების არარსებობისას, კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვა იმ საკითხების ხელახალი შეფასების მიზნით, რომლებიც საქართველოს სსსკ-ის თანახმად, ფასდება შესაბამისად - საქმეზე არსებითი განხილვის დროს, სააპელაციო ან/და საკასაციო წარმოების ფარგლებში (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 12 ივნისის განჩინება N46აგ-19, II-10).

6. სისხლის სამართლის კოდექსში განხორციელებული ცვლილებები, რომელზეც უთითებს კასატორი, განხორციელდა „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ 2006 წლის 28 აპრილის კანონით და ამავე კანონის მე-2 მუხლის თანახმად, ამოქმედდა 2006 წლის 31 მაისიდან.

7. გ. ს–ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლომ განაჩენი დაადგინა 2007 წლის 11 იანვარს, თბილისის სააპელაციო სასამართლომ - 2007 წლის 12 მაისს, ხოლო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 18 იანვრის განჩინებით გ. ს–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი.

7.1. შესაბამისად, გ. ს–ის მიმართ განსახილველ სისხლის სამართლის საქმეზე სამივე ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება (განაჩენი/განჩინება) მიღებულია სისხლის სამართლის კოდექსში კასატორის მიერ მითითებული ზემოაღნიშნული ცვლილებების მიღების და ამოქმედების შემდეგ, რის გამოც საკასაციო საჩივარში კასატორის მიერ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 12 მაისის განაჩენის გადასინჯვის საფუძვლად მითითებული გარემოება („საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ 2006 წლის 28 აპრილის კანონით განხორციელებული ცვლილებები) არ წარმოადგენს საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ გარემოებას, - ცნობილი იყო როგორც პირველი ინსტანციის, ასევე სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას და საქართველოს უზენაეს სასამართლოში საჩივრის დაუშვებლად ცნობისას.

8. იმავდროულად, სასამართლო ითვალისწინებს, რომ გ. ს–ის მიერ დანაშაულის ჩადენისას მოქმედი რედაქციით, საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის „დ“, „ვ“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის სახედ და ზომად გათვალისწინებული იყო – ათიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ში 2006 წლის 28 აპრილს განხორციელებული ცვლილებებით საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლი დაიყო ნაწილებად. გ. ს–ისათვის მსჯავრადშერაცხილი დანაშაული, „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონით განხორციელებული ცვლილებებით, შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“(დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ) და „ე“ (ჯგუფურად) ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის „ბ“ (განსაკუთრებული სისასტიკე) ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულებს. საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილი ( მოქმედი/ 2006 წლის 31 მაისის შემდეგი რედაქცია) სასჯელის სახედ და ზომად ადგენს - 13-იდან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, ხოლო მე-3 ნაწილი – 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას.

8.1. ამდენად, მართალია, საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის ახალი რედაქციით შემსუბუქდა მე-2 ნაწილის სანქციით განსაზღვრული სასჯელი, თუმცა სასჯელი გამკაცრდა მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის.

8.2. გ. ს–ეს, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობისათვის (დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, ჯგუფურად და განსაკუთრებული სისასტიკით), სასჯელი განსაზღვრული აქვს დანაშაულთა იდეალური ერთობლიობის წესით. შესაბამისად, საქართველოს სსკ-ში განხორციელებული ზემოაღნიშნული ცვლილება გავლენას არ ახდენს გ. ს–ის მიმართ განსაზღვრულ სასჯელზე – უვადო თავისუფლების აღკვეთაზე.

8.3. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ გ. ს–ეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 11 იანვრის განაჩენით, სასჯელად განსაზღვრული ჰქონდა 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის მაქსიმუმი - უვადო თავისუფლების აღკვეთა.

9. კასატორის მიერ მითითებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2007 წლის 30 ივლისის განჩინება, მოცემული საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებათაგან განსხვავებულია და შესაბამისად, არარელევანტურია.

10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორის მიერ სასამართლოში არ წარმოდგენილა ახალი ფაქტი/გარემოება/მტკიცებულება, რაც გახდებოდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 12 მაისის განაჩენის გადასინჯვის საფუძველი; საქმეში წარმოდგენილი მასალებით არ დასტურდება სსსკ-ის 310-ე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე გარემოების არსებობა.

11. კასატორი ასევე არ უთითებს რაიმე ისეთ ახალ ფაქტზე/გარემოებაზე, რომელიც საქართველოს სსსკ-ის 310-ე ან/და 3321-ე მუხლების საფუძველზე ქმნის კანონიერ ძალაში შესული განაჩენის (თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 12 მაისის) გადასინჯვის სამართლებრივ საფუძველს, რის გამოც სასამართლო მოკლებულია კასატორის მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძველს.

12. საკასაციო სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 311-ე მუხლის თანახმად, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის ვადა შეუზღუდავია, გარდა ამ კოდექსის 310-ე მუხლის „ე“ და „ე1“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

III. ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ გ. ს–ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2026 წლის 14 იანვრის განჩინება მსჯავრდებულ გ. ს–ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. ვასაძე

ლ. თევზაძე